ბიძინიზმის პათოლოგია

ცხრა წლის წინათ ქვეყანაში ბიძინიზმის აპოლოგიამ იფეთქა, რაც 8 წლის წინათ მის მიერ შეკრული ბლოკის არჩევნებში გამარჯვებით დასრულდა. იმ გამარჯვებიდან 8 წელი გავიდა და ახლა უკვე ბევრად მეტი ხედავს, რომ ბიძინიზმი სწორედაც რომ პათოლოგიაა.

იმ რვა წლის წინანდელ გამარჯვებას კი წინ უძღოდა უხვი დაპირება, როგორც წერილობითი (საარჩევნო პროგრამაში ჩაწერილი), ისე ზეპირი _ თავად ბიძინა რომ მეროჭიკე ბერივით დადიოდა სოფელ-სოფელ და უფასო ფულს, 5-5 მილიონს ჰპირდებოდა თითო სოფელს. ამ ნაწილში მას განსაკუთრებით ეხმარებოდნენ მისი ხუაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი _ ნინელი ჭანკვეტაძე და ქეთი დოლიძე.
ქეთი იგი, დოლიძე, სოფელ-სოფელ ქადაგებდა, რომ ბიძინას, თურმე, მილიარდი უძლევია სააკაშვილისთვის ქართული სოფლის ასაღორძინებლად და მიშას ტლინკი უყრია, და რომ ახლა (ანუ მაშინ, 8 წლის წინათ) ბიძინა ივანიშვილი სოფლის განვითარებაში ჩადებდა ერთ მილიარდს და თითო სოფელს შეხვდებოდა 5 მილიონი. ეს რომ ბლეფი იყო, ყველა მიხვდებოდა, ვისაც კი გრამი ტვინი, კალკულატორი და გუგლზე წვდომა ჰქონდა. რას ვგულისხმობ:
თუ ბიძინა ივანიშვილი სოფლის განვითარებაში დებს მილიარდს და თითო სოფელს ხვდება 5 მილიონი, გამოდის, რომ საქართველოში ყოფილა სულ ორასი სოფელი!!! საქართველოში რომ ასე ცოტა სოფელი არაა, ამას გუგლიც არ სჭირდება, კისერზე თავის ქონაა საჭირო, გუგლში შესული კი აღმოაჩენ, რომ საქართველოში ოკუპაციამდე 4500 სოფელი იყო, დღეს კი, ოკუპირებული სოფლების გამოკლებით, 3668 სოფელია და თუკი ივანიშვილი ამ 3668 სოფელს 5-5 მილიონს დაურიგებდა, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს 18 მილიარდ 340 მილიონი დაუჯდებოდა.
ბიძინა ივანიშვილი ხალხს ასევე ჰპირდებოდა, რომ იმ ელიტური კარტოფილის თესლს, რომლის გამოყვანასაც 4 წელი მოანდომა, გაისად უფასოდ დაურიგებდა მთელ საქართველოს. იმის მერე რვა „გაისი“ გავიდა. ეს ორი დაპირება (მუქთა კარტოფილი და 5-5 მილიონი) ჯამურად ერთად 5 კილოგრამი კარტოფილის დარიგებამდე დავიდა _ როგორმე პუტინის საშინაო დავალება რომ შეესრულებინა და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად გაეყვანა და მუთაქასავით დაედო ორბელიანების სასახლეში.
ქართველს რომ ხელში კალკულატორი აეღო, ამქვეყნად ვერც ბიძინა იბოგინებდა და ვერც _ ბიძინიზმი. ფაქტია, რომ ქვეყანა მის მილიარდებს დახარბდა. არადა, მას იმ დროისთვის, „ფორბსის“ მონაცემებით, 6,4 მილიარდი დოლარის ქონება ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილს რომც გადაეწყვიტა მთელი თავისი ქონების ხალხისთვის დარიგება, რა შეხვდებოდა თითოეულ ადამიანს? საქართველოში 2012 წელს 3 739 300 ადამიანი ცხოვრობდა და თუკი ყველას თანაბრად გაგვინაწილებდა, 1711 დოლარი და 55 ცენტი შეგვხვდებოდა ერთჯერადად. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად იმ თეთრი ტრუსის ამარა დარჩებოდა, იმ ფოტოზე რომ მოსავს, რომელმაც სოცქსელები დაიპყრო.
მოკლედ, არა მარტო ბიძინას სურდა ხალხის მოტყუება, არამედ თავად ხალხსაც სწყუროდა თავის მოტყუება და სწორედ ამან აღაზევა ბიძინიზმი ამ ქვეყანაში.
ახლა, ზუსტად 8 წლის თავზე, ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ მოგვევლინა „ოცნების“ პროგრამის პრეზენტაციაზე და ნახევარ საათზე მეტ ხანს ისაუბრა. დროის უმეტესობა „ნაციონალების“ ლანძღვას მოანდომა, არც დარჩენილი დრო დაუთმია მომავალსა და დაპირებებზე საუბრისთვის, იმ დროსაც თავის მიერ „ნაკეთებ“ საქმეზე ისაუბრა. მოკლედ, ნახევარზე მეტი დრო მოანდომა წარსულის ლანძღვას, ნახევარზე ნაკლები, თავისი მმართველობის 8 წლის ქებას (ანუ ისევ წარსულს), არაფერი თქმულა მომავალზე არც მისგან არც მისი მინისტრებისგან, დაპირებითაც კი არც აღარაფერს გვპირდებიან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2020-2024 წლებში დამატებით აშენდება 200 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, დასრულდება რიკოთის მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთები და თბილისიდან ბათუმში სულ სამსაათ-ნახევარში შევძლებთ ჩასვლას, რომ 6 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონების საბაზისო ინფრასტრუქტურაზე; 2024 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგება მიეწოდება მოსახლეობის 77%-ს, გაზიფიცირება 90%-ს გადააჭარბებს, რომ თურმე „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში ასობით ახალი საწარმო დაფინანსდება და, სულ მცირე, 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება; რომ აშენდება მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი, გაფართოვდება ფოთის პორტი, რომ თურმე სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის პორტის განვითარებას(!); რომ თურმე უკვე გაფორმებულია ასზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა სიმძლავრის ჰესების მშენებლობაზე.
აი, სულ ესაა და ამასაც ბიძინა კი არა, მისი მინისტრები გვპირდებიან. თავად ბიძინა ზოგად ლაპარაკს ამჯობინებს _ ენით ჰოკეის თამაშობს.
„ჩვენ ყველას გვახსოვს ბედის ანაბარად მიტოვებული ქართული სოფელი“, _ ამას ამბობს ურცხვად ის კაცი, ვინც 5 მილიონ-ამოგდებული დატოვა ყველა ქართული სოფელი. სარგებლობს რა იმით, რომ ენას ძვალი არ აქვს, დგას და ლაპარაკობს, თუ რა „დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას ცხოვრება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე“; რომ მათ იმ 8 წლის წინათ დაამარცხეს რეჟიმი, „რომელიც მომხდურ მტერზე არანაკლებ დაუნდობლად და სასტიკად ექცეოდა საკუთარ საზოგადოებას“.
ისე ლაპარაკობს, რომ „ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული და დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი სამართლებრივი წყვდიადი, გაუქმებული მართლმსაჯულება და გაუქმებული ადვოკატის პროფესია“-ო, _ გეგონება, ჩვენ დაგვავიწყდა, როგორ გადაისვა თავის კალთაში მურუსიძის სასამართლო ან ის, როგორ აართვეს სულ რამდენიმე დღის წინ ადვოკატ მიშა რამიშვილს ტელეფონი. გველაპარაკება სასამართლოზე, გეგონება, ვინმეს დაავიწყდა ან ახლა ვერ ხედავს, რა დღეშიცაა მის ნებას დამორჩილებული სასამართლო.
ისევ დგას და მტკვარში, რიონში, არაგვში, ალაზანსა და იორში გარეცხილი ნამუსით იმეორებს კრემლის ნარატივს, რომ წინა ხელისუფლებამ, „მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ახლომხედველობის გამოისობით, თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა და გაუაზრებელი მოქმედებებით ქვეყანას ტერიტორიის ოცი პროცენტი დააკარგვინა“.
ჯერ ერთი, რომ ომში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და მეორე ის, რომ წინა ხელისუფლებას სტენის იმის დაკარგვას, რაც იმის წინა ხელისუფლების დროს უკვე დაკარგული იყო.
დგას და ისე ლაპარაკობს „მეხსიერებიდან ვერასდროს ამოიშლება ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გაქცეული მთავარსარდალი“, ფაქტის სიმრუდეს რომ თავი დავანებოთ, გეგონება, თავად მაკედონელი იყოს და კორონის შიშით შუშის სარკოფაგში არ გამომწყვდეულიყოს.
ივანიშვილი იდგა და უსასრულოდ ლაპარაკობდა განვლილ 9 წელიწადზე და გაუთავებლად იშველიებდა ფრაზებს: „ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის“; „ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები“; „ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება“; „ჩვენ ყველას გვახსოვს“; „დავიწყებას ვერ მიეცემა დრო“; „ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება“; „მეხსიერებიდან ვერასდროს ამოიშლება“… და ასე დაუსრულებლად. ეს მას სურს, იმ ცხრა წლის დაუსრულებლად ხსენებით კიდევ გაიხანგრძლივოს ძალაუფლებით ტკბობის წლები. აკი, მოგვახსენეს კიდეც, რომ 8 წელი არ ეყოთ. ცხადია, არ ეყოთ, რადგან ვერ ძღებიან და კიდევ ეგულებათ ამ ქვეყანაში სახრავ-სათქვლეფი.
9 წელიწადზე ლაპარაკით რომ მოიღალა, მერე ადგა და წინა მთავრობებსაც გადაჰკრა შოლტი.
ბიძინას რომ ჰკითხო, თურმე, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს არ ახსოვს სტაბილურობისა და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების ესოდენ ხანგრძლივი პერიოდი; თურმე, „ქართულ ოცნებამდე“ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა არეულობა, ქაოსი და სისხლისღვრა. ამას ამბობს კაცი, რომელიც „კუსოკ-კუსოკ“ აბარებს ოკუპანტს ქართულ მიწას! ცოცვა-ცოცვით მოიწევს მტერი აგერ 8 წელია და ამას თავი მოაქვს! კი, ბატონო ბიძინა, თუ მტერს გაუწვები და კრუტუნსაც დაიწყებ, ის ნამდვილად აღარ დახარჯავს შენზე ტყვია-წამალს!
ლაპარაკობს და თან ზვიადისტურ ელექტორატსაც ეკეკლუცება თავის ჭკუაში, მაგრამ იქვე აილეწება, ზუსტად ისე, როგორც პუტინის ოლიმპიადაზე დიდის ამბით გავარდნილი, სააკაშვილის მიერ ეროვნულ გმირად გამოცხადებული ელენე გედევანიშვილი აილეწა ყინულზე. ინებეთ ზუსტი ციტატა მისი გამოსვლიდან:
„გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე _ სამხედრო გადატრიალება, რასაც ეროვნული ხელისუფლების დამხობა, პირველი პრეზიდენტის მკვლელობა და სამოქალაქო ომი მოყვა“.
ეს კაცი და ის კაცი, ვინც ამას ეს ეპისტოლე დაუწერა, ვერ გარკვეულა და ვერ ჩამოყალიბებულა, რა მოხდა იმ წლებში ჩვენს ქვეყანაში, თან სამხედრო გადატრიალებაზე, ეროვნული ხელისუფლების დამხობაზე ლაპარაკობს, თან _ სამოქალაქო ომზე. ქვეყანაში არანაირი სამოქალაქო ომი არ ყოფილა, მოხდა სამხედრო გადატრიალება რუსეთის სპეცსამსახურების არათუ დახმარებით, უშუალო ხელმძღვანელობით ადგილობრივი წითელი ინტელიგენციისა და კრიმინალური ელემენტების ხელით.
ამ თემას კიდევ ეხება, თან არც მეტი არც ნაკლები, სიღარიბეზე საუბრისას. სიღარიბე ჩვენი ბრალი არაა, მემკვიდრეობით გვერგოო, _ გაიძახის ივანიშვილი და კრინტს არ ძრავს, თვითონ რა გააკეთა ამ მემკვიდრეობით მიღებული სიღარიბის დასაძლევად, გარდა იმისა, რომ ლარი ზუსტად ორმაგად გააფარჩაკა (2012 წელს ერთი დოლარი 1,67 ლარი ღირდა) და საშუალო ფენა გააღარიბა, ღარიბები გააღატაკა.
ამაზე არ საუბრობს. სამაგიეროდ, საუბრობს ისევ წარსულზე და გვამცნობს, რომ თურმე „დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემაა და იმ დროდან იღებს სათავეს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო“. და ამიტომ, თურმე, საყვედურებს ვერც „ნაციონალებისგან“ მიიღებს და ვერც იმათგან, „ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს“.
ამას ისე გაიძახის, გეგონება, გოგა ხაინდრავა მე მყავდეს განებივრებული! აი, ის გოგა ხაინდრავა, რომელიც თანახმად ჯაბა იოსელიანის წიგნისა, მეტეხთან ცხრილავდა ბუნკერიდან გაქცეულ, კორიდორმიცემულ ზვიადისტებს! ისე გაიძახის, გეგონება, მე გავადეპუტატე არაერთი პუტჩისტი რეჟისორი; გეგონება, მე შემოვიკრიბე გვერდით 2012 წელს ისინი, ვინც ახლა სხვის გვერდით არიან; და გეგონება, მე ვკვებე და მე შევინახე მთელი ქართული წითელი ინტელიგენცია, ვინც აქტიურად მონაწილეობდა იმ პუტჩში _ იარაღით თუ უიარაღოდ. დიახ, ბატონო ბიძინა, ვისაც თქვენ უხდიდით ყოველთვიურად და წლობით ათასობით ლარს, ზუსტად ეგენი იდგნენ და იბრძოდნენ იმ ხელისუფლების დასამხობად, რომელსაც ახლა თქვენ დასტირით ნიანგის ცრემლებით _ ზვიადისტების გულის მოსაგებად.
ხედავთ, ბატონო ბიძინა? თქვენც კი ვეღარ გშველით, ვეღარ გყოფნით 9 წელი და უკვე 90-იან წლებს გადასწვდით! წარსულში ხართ ჩარჩენილი და ჩვენც წარსულში გვექაჩებით.
9 წელს ვერ ივიწყებთ და ის კი კარგად დაივიწყეთ, რას ჰპირდებოდით ხალხს 8 წლის წინათ. იძულებული ვარ, შეგახსენოთ:
მაშინ ხალხს ჰპირდებოდით, რომ პენსია მომენტალურად 220 ლარი გახდებოდა. დღეს თავს იწონებთ, რომ პენსია გააორმაგეთ. ბატონო ბიძინა, ამ არითმეტიკით იშოვეთ მილიარდები?
2012 წელს ასაკობრივი პენსია 67 წლამდე პირთათვის 110 ლარი იყო, 67-ზე და ზემოთ _ 125 ლარი. თქვენ ჰპირდებოდით, რომ ეს პენსია მყისიერად გახდებოდა 220 ლარი. 220 ლარი გახდა მხოლოდ 8 წლის შემდეგ! დღეს 70 წლამდე პირებისთვის 220 ლარია და მხოლოდ 70 წელს გადაცილებულებისთვისაა 250 ლარი. ერთი შეხედვით, ვითომ გააორმაგეთ, მაგრამ ორმაგად გააუფასურეთ ლარი და რა გამოდის?
2012 წელს, ვისაც პენსია 110 ლარი ჰქონდა, იმ პენსიით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების წინა დღეებში, „თიბისი ბანკის“ კალკულატორის თანახმად, 66 დოლარისა და 66 ცენტის ყიდვა შეეძლო, ვისაც 125 ლარი ჰქონდა _ 75 დოლარისა და 75 ცენტის. ახლა კი, ბიძინა ივანიშვილის გამობრძანების წინა დღეებში, ვთქვათ, 27 სექტემბერს პენსიონერს, ვისაც 220 ლარი აქვს 64 დოლარისა 80 ცენტის ყიდვა შეეძლო, ვისაც 250 ლარი აქვს _ 73,64 დოლარის. ამას ეძახით გაორმაგებას? ეს დოლართან მიმართებით, ახლა ისიც გაითვალისწინეთ, რა ძალა ჰქონდა იმ 8 წლის წინათ თუნდაც 66 თუ 75 დოლარს და რა ძალა აქვს ახლა ამ 64 და 73 დოლარს.
თქვენ იყურებით წარსულში და ჩვენც გვაიძულებთ გავიხედოთ წარსულში და ჩავხედოთ თქვენი პარტიის 2012 წლის საარჩევნო პროგრამას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, სადაც ეკონომიკური თუ სოციალური უხვი დაპირებაა თავმოყრილი.
თუ ვინმე ჩაიხედავდა, მაშინვე მიხვდებოდა, რა ნიჭიერი ჟონგლიორიც იყავით ციფრებით. თქვენს მაშინდელ საარჩევნო პროგრამას რომ კაცმა დაუჯეროს, შევარდნაძის წლებში განუხრელად იზრდებოდა მშპ, „ნაცების“ მოსვლის მერე კი განახევრებულა. ასე ურცხვად და უტიფრად საუბრობთ „20 წლის განმავლობაში დაუსრულებელ „რეფორმებზე“ და ბრჭყალებს ხმარობთ თქვენ, ვისაც 8 წლის მანძილზე ქვა ქვაზე არ დაგიდევთ და ქვას მხოლოდ მელიაზე სასროლად იღებთ ხელში.
თქვენ, მეოცნებეები, აგდებით საუბრობთ იმ თქვენს პროგრამაში „სინგაპურიზაციაზე“. თურმე, ნუ იტყვით და „სინგაპურიზაციის“ სურვილი ყოფილა სწრაფვა ავტოკრატიისკენ და არა ლიბერალური ეკონომიკური მოდელისკენ. „სინგაპურს, როგორც ქალაქ-სახელმწიფოს, ეკონომიკის სრულიად განსხვავებული სტრუქტურა აქვს და ამიტომ იგი ვერასოდეს გახდება ქართული ეკონომიკის განვითარების სამიზნე მოდელი“, _ აი, ამას გვიწერდით პროგრამაში 2012 წელს თქვენ, ვინც ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის თავზე უზენაეს, სანატრელ მიზნად დაგვისახეთ „საჩხერიზაცია“!
მაშინაც, იმ პროგრამაშიც, სადაც უხვად იყო დაპირება, იმ დაპირებებზე მეტად იმ 9 წელიწადზე ლაპარაკობდით. „ხელისუფლებაში განსაკუთრებული „პოპულარობით“ სარგებლობს საპრივატიზაციო ობიექტების სიმბოლურ ფასად (1 ლარად) გასხვისება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე“, _ აი, ამას წერდით თქვენს პროგრამაში ხელისუფლებაში მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ. თავად არაერთი მიწა მიითვისეთ ლარად. მეტიც: მას შემდეგ, რაც ისტორიულ თბილისს შიგ გულში გასთხარეთ თქვენი გემოვნების მახინჯი სიმბოლო _ პანორამა, პუშკინის სკვერი ლარად დაითრიეთ და შეიწოვეთ!
„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას, უმუშევრობის შემცირებას, სიღარიბის დაძლევასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებას, მრავალრიცხოვანი და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას“, _ დიდის ამბით რომ გვიცხადებდით ამას, სადაა ან შემცირებული უმუშევრობა (რომ აღარაფერი ვთქვათ გაზრდილზე), ან მრავალრიცხოვანი საშუალო ფენა? „ბაზარი განთავისუფლდება ხელოვნური მონოპოლიებისგან“, _ ამას როცა წერდით, თვალწინ დეიდაშვილ უჩას ხატება გედგათ?
მაშინ, იმ 8 წლის წინათ, „საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის დაბრუნების პირობების შექმნაზე“ გველაპარაკებოდით და 8 წლის მერე გერმანიისკენ დაიწყეთ ჩვენი გარეკვა, კორონამ შეგიშალათ ხელი, თორემ კი გაგვრეკავდით კიდეც…
თქვენთვის რომ გვეკითხა, თქვენ მიერ შემუშავებული დასაქმების პოლიტიკის შედეგები თითოეულ ადამიანს უნდა გვეგრძნო _ თქვენი დაპირების მიხედვით ჩვენ მოვძებნიდით ჩვენი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის სამუშაო ადგილს და შევძლებდით საკუთარი ცოდნისა და უნარის რეალიზაციას, გაგვიჩნდებოდა დამატებითი შემოსავლები და გაგვიუმჯობესდებოდა სოციალური მდგომარეობა, რაც მთავარია, შემცირდებოდა მოსახლეობის მასობრივი გასვლა საზღვარგარეთ და შემცირდებოდა სოციალური სიდუხჭირის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულობათა რიცხვი! ახლა თქვენ აირჩიეთ, რომელი სტატისტიკა გირახუნოთ თავში, _ დანაშაულის მატებისა თუ ემიგრაციის?
ან ტარიფებიდან რომელი გილაწუნოთ ამომრჩეველმა?
თქვენ არ ბრძანდებოდით, სოფელ-სოფელ რომ დაძუნძულებდით და ტარიფების განახევრებას ქადაგებდით და იმ 2012 წლის პროგრამაშიც სახეს იხოკავდით, რომ თურმე კომუნალური გადასახადების ტარიფები საქართველოში 2004 წლიდან ყველა მიმართულებით გეგმაზომიერად მკვეთრად იზრდებოდა და 2012 წლისთვის ტარიფების სიდიდით საქართველომ არა მარტო დსთ-ის ქვეყნებს, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანასაც კი გაუსწრო? თქვენ არ წერდით, რომ „ელექტროენერგიის, გაზის, წყლის მიწოდებასა და ნარჩენების გატანას საქართველოში ერთი საერთო რამ აქვს _ თითოეული ამ მომსახურების საფასური არაადეკვატურად მაღალია“.
შეგახსენოთ, კონკრეტულად რას გვპირდებოდით? „უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით; არ დავუშვებთ ტარიფების ზრდას სუბიექტური, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე“…
ახლა ის შეგახსენოთ, რაც ქენით ქვეყანაში 8 წლის მანძილზე ამ ტარიფების მიმართულებით? თუ ბენზინის ფასი გიტკაცუნოთ, ლარი რომ მიშას ჯიბეში მიდიოდა? სოფელ-სოფელ ამას ქადაგებდით, პროგრამაში კი ტაშტებს აბრახუნებდით ნავთობპროდუქტებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ საგანგაშო ვითარებაზე: „რეალურად რამდენიმე მსხვილი მოთამაშე აწესებს ფასებს და ზღუდავს ბაზარზე კონკურენტების შემოსვლას. ეს მოთამაშეები დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან და ზემოგებით მიღებული თანხები არაპირდაპირი გზებით (ბიუჯეტის გვერდის ავლით) მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიასა და ჩინოვნიკების პირადი კეთილდღეობის ზრდას ხმარდება. კარტელური გარიგებების ნათელი მაგალითია საწვავის ფასები და მისი ცვლილების დინამიკა“.
ახლა თქვენი აფთიაქები შეგახსენოთ თუ ბენზინის ფასები სხვადასხვა დროს? თუ ის პირები, ვის ჯიბეებშიც ახლა ეს ყველაფერი ილექება და შემდეგ თქვენი პარტიის შემომწირველებად რომ გვევლინებიან? თუ ის გაგახსენოთ, რა დაპირებებს იძლეოდით სასამართლოზე? რომ, თურმე, საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა არსებობდეს სამართლიანი, დეპოლიტიზებული, დამოუკიდებელი სასამართლო, რომ განთავისუფლდეს სასამართლო სისტემა სახელმწიფო ორგანოების ზეგავლენისგან… ამას გვპირდებოდით და ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო გვიფეშქაშეთ, ხომ? „ელიტარული“ კორუფციის აღმოფხვრას რომ გვპირდებოდით, ამას გულისხმობდით, ქვეყანა საყოველთაო კორუფციის ჭაობში რომ ჩაძირეთ?
კიდევ რამდენი მარგალიტი ამოვყარო თქვენი ზეპირ-ფოლკლორული თუ წერილობით-ეპისტოლარული დაპირებებიდან? ახლა დაპირებებსაც რომ აღარ იძლევით და ისე, წარსულზე ჭორაობით კეკლუცობთ პოლიტიკურ პოდიუმზე ამომრჩევლის წინ? ჭორაობა ხომ თქვენი განუმეორებელი სტილია. ისე, რა ამის პასუხია და კარგა ხანია, არ მოგიყოლიათ ირაკლი ალასანიას პირადზე არაფერი. ასეც არ შეიძლება, ბატონო ბიძინა…

რეზო შატაკიშვილი