რატომ კვდება ლარი?!

2 ოტომბერს ეროვნული ვალუტა 25 წლის გახდა. ამ საიუბილეო თარიღს ლარი, ლამის, ისტორიული გაუფასურებით შეხვდა. მართალია, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები იმაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, რომ ერთი დოლარი ბოლო დროს სამ ლარზე მეტი ღირს და ამბობენ, ლარი ასეთი მყარი არასოდეს ყოფილაო, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ თუ ასე გაგრძელდა, ისედაც დაქცეული ქართული ეკონომიკა კიდევ უფრო დაიქცევა. ამ დაქცევას კი ქვეყანაში სიღარიბის გაზრდა მოჰყვება.
ერთი სიტყვით, თითოეული ჩვენგანის სოციალურ-ეკონომიკური მომავალი გაურკვეველია.

ამ ფონზე დამაიმედებელ პროგნოზებს ვერც ექსპერტები აკეთებენ.
აი, მაგალითად, დემურ გიორხელიძე ამბობს, ერთი დოლარი მალე შესაძლოა, 4 ლარიც გახდესო.
საერთოდ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მხოლოდ ობიექტური კი არა, სუბიექტური მიზეზებიც აქვს, თუმცა სანამ ამ მიზეზებს შევეხებით, ლარის 25-წლიან ისტორიას გადავავლოთ თვალი:
როგორც აღვნიშნეთ, ლარი მიმოქცევაში ზუსტად 25 წლის წინათ, ანუ 1995 წლის 2 ოქტომბერს გაეშვა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ეროვნული ვალუტის კურსი მარტივად განსაზღვრა, ანუ კუპონს ექვსი ნული ჩამოაცილა და დოლარის ფასიც, ავტომატურად, 1.3 ლარს გაუტოლდა.
სიტყვამ მოიტანა და კუპონი საქართველოს დროებითი ვალუტა იყო, რომლის გამოშვებაც დღის წესრიგში აფხაზეთის ომის დროს, ე. ი., 1993 წელს დადგა _ იმდროინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა უმეტესობას კარგად გვახსოვს, ამიტომაც დეტალებს აღარ შევეხებით და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, კრემლმა საქართველოს საბჭოთა ფულის მოწოდება შეუწყვიტა. ოფიციალური თბილისი იძულებული გახდა, დროებითი ვალუტა _ კუპონი გამოეშვა, რომელიც დაბადებისთანავე გაუფასურებისთვის იყო განწირული. მალე გაუფასურებამ ისეთი სახე მიიღო, რომ მაშინდელი მთავრობის ეკონომიკური გუნდი იძულებული გახდა, 1 000 000-იანი ნომინალის კუპონი დაებეჭდა. ასე გახდა თითოეული ჩვენგანი „მილიონერი“, თუმცა ამ მილიონებს ჩალის ფასიც არ ჰქონდა…
აი, სწორედ ამ „მილიონერების“ ქვეყანაში ახალი ეროვნული ვალუტა, ანუ ლარი შემოდის მიმოქცევაში.
3 წლის განმავლობაში გაპარტახებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის ეროვნული ვალუტა კურსს თითქმის უცვლელად ინარჩუნებდა და 1.30-ზე ქვემოთაც იყო ჩამოსული. 1995 წლის 23 დეკემბრიდან 1996 წლის 6 იანვრამდე ლარი არსებობის ისტორიაში ყველაზე მყარი იყო _ ოფიციალური კურსი 1.23-ს შეადგენდა, თუმცა 1998 წელს 19 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ანუ, სულ რაღაც, 3 კვირაში კურსი 1.44-დან 2.15-მდე (49%-ით) გაუფასურდა. ამის მიზეზად აზიის ფინანსური კრიზისი დასახელდა, რომელმაც რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტ ბორის ელცინს დეფოლტის გამოცხადება აიძულა. ლარის მაშინდელ გაუფასურებაში თავისი როლი პანიკამაც შეასრულა და 1996 წლის ბოლოს, როგორც ქართული ბეჭდური მედიის არქივი მოწმობს, ერთი დოლარი უკვე 1.80 ლარი ღირდა.
ლარის გაუფასურება მომავალ, 1999 წელსაც გაგრძელდა და ნაახალწლევს ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 2.4510-მდე გაუფასურდა.
ისე, თავისი არსებობის განმავლობაში ლარი ყველაზე მყარი 2000 წლის მარტში იყო _ ერთი დოლარი 1.93 ღირდა. სხვათა შორის, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა არ გამყარებულა. ის კი არადა, დემურ გიორხელიძე ლარის მაშინდელ მეტ-ნაკლებ სიმყარეს ხელოვნურს უწოდებს, თუმცა ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ…
2008 წლის აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე ერთი დოლარი 1.3960 ლარამდე ღირდა. ეს კურსი, 1998 წლის ოქტომბრის შემდეგ, რეკორდული გახლდათ. უცნაურია, მაგრამ ლარმა სიმყარე აგვისტოს ომის შემდეგაც შეინარჩუნა, თუმცა 2008 წლის ნოემბერში გაუფასურება დაიწყო და ერთი დოლარი 1.65 ლარამდე ავიდა.
აგვისტოს ომს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც მოჰყვა. პარალელურად, ქართული ოპოზიციაც გააქტიურდა _ ყველას გვახსოვს ე. წ. კარვების ქალაქი რუსთაველზე. ამ სამთვიანმა პროტესტმა და, როგორც იტყვიან, გარე ფაქტორებმაც, თავისი ქნა და ჩვენმა ეკონომიკამ უკუსვლა დაიწყო, ანუ 3.7%-ით შემცირდა. თუმცა უცნაურია, რომ ყველაფერ ამის ფონზე ლარი სიმყარეს მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა, კერძოდ, მხოლოდ სამი თეთრით გაუფასურდა. ლარის სიმყარის შესანარჩუნებლად მაშინ ეროვნულ ბანკს ინტერვენციის გაკეთება 53-ჯერ მოუწია, რის გამოც სავალუტო რეზერვები 119 მლნ. დოლარით შემცირდა.
ამასობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში „ოცნებამ“ ჩაანაცვლა და… 2013 წლის ბოლომდე ლარის კურსი 1.67-იან ნიშნულზე მერყეობდა…
2014 წლიდან ლარის დაცემა იწყება. საერთო ჯამში, ეროვნული ვალუტა, თავისი არსებობის განმავლობაში, 121%-ით გაუფასურდა, თუმცა დემურ გიორხელიძე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და ამბობს:
_ ლარის კურსის დიდი ამპლიტუდით თამაში, რაც ძალიან ცუდია, წელიწადში რამდენჯერმე ხდება.
_ შეიძლება, მაგრამ თავისი 25-წლიანი არსებობის განმავლობაში ეროვნული ვალუტა, დამეთანხმეთ, ასეთი გაუფასურებული არასოდეს ყოფილა.
_ დიახ, ამპლიტუდა, ანუ ზევით-ქვევით თამაში, საერთო ჯამში, ძალიან მაღალია, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ამაში განსაკუთრებული არაფერია.
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ ჯერ ობიექტურ მიზეზებზე ვისაუბროთ.
_ ანუ პანდემიაზე?
_ სხვათა შორის, ევროსთან მიმართებით დღეს დოლარიც გაუფასურებულია. მოკლედ, მთელ მსოფლიოში ცუდი გარემოა, ეკონომიკები უმძიმეს მდგომარეობაშია და, პრაქტიკულად, რეცესიაა. ამ სიტუაციის დაძლევა, როგორც ჩანს, რაღაც დოზით, ჯერჯერობით, მხოლოდ ჩინეთმა შეძლო, თუმცა წლის ბოლოს გამოჩნდება, ყველაფერი ეს რამდენად მყარია. აშშ-ში კი სიტუაცია 3 ნოემბრის არჩევნებზეა დამოკიდებული, ანუ ესეც გარკვეულ მოლოდინს ქმნის. ევროპაშიც ძალიან მძიმე ვითარებაა და ამ ფონზე საქართველო, რომელსაც ძალიან სუსტი ეკონომიკა აქვს, კარგ მდგომარეობაში, ცხადია, ვერ იქნება.
_ ხელისუფლება ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად, პანდემიის პარალელურად, არჩევნებსაც ასახელებს. ასეა?
_ არჩევნები საშინაო საქმეა, ამიტომ მას ვერაფერს დავაბრალებთ. საერთოდ, ჩამოუყალიბებელ ქვეყნებში არჩევნები ყოველთვის დესტაბილიზაციის წყაროა. დალაგებულ ქვეყანაში კი არჩევნები მხოლოდ კადრების ცვლილებაა და მეტი არაფერი.
_ ე. ი., არჩევნებს ლარის გაუფასურებასთან კავშირი არ აქვს?
_ დიახ, არ აქვს, მაგრამ არსებობს ერთი რეალური მიზეზი, რასაც ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს. სხვათა შორის, ერთ-ერთი „გარჩევის“ დროს ეს თემა ბატონ ბიძინასთან დავაყენე, მაგრამ ამაზე მისი მომავალი ფინანსური გუნდიც აზრზე არ იყო.
_ ივანიშვილის წინაშე რა საკითხი დააყენეთ, რომლის იგნორირებასაც ხელისუფლება ახდენს?
_ ეს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური პრობლემაა, ანუ ლარის, ე. ი., ფულის მასა და ეკონომიკის მოცულობა, რომელსაც ეს ფული უნდა ემსახურებოდეს, ერთმანეთისგან ხუთჯერ განსხვავდება. მარტივად რომ ვთქვათ, ოჯახის ხუთჯერ მეტ მოთხოვნას ხუთჯერ ნაკლები ფული როგორ უნდა მოემსახუროს? მოკლედ, ლარი ცოტაა და, მაგალითად, გადასახადების დრო რომ მოდის, მოთხოვნა იზრდება და კურსიც იცვლება. ამასთან, მსხვილი იმპორტიორებიდან ზოგს კონტრაქტი გაზზე აქვს, ზოგს _ სხვა რამეზე და ახალი კონტრაქტის დადება რომ დასჭირდათ, დოლარის კურსიც სასწრაფოდ გაიზარდა. მოკლედ, ეს დაუბალანსებელი სიტუაცია ლარის კურსის უზარმაზარ თამაშს განაპირობებს. სხვათა შორის, მსოფლიოს ერთ ქვეყანაშიც კი არაა, რომ ეკონომიკას ხუთჯერ ნაკლები ფული ემსახურებოდეს და ეს თანაფარდობა ყველგან თითქმის ერთი-ერთზეა. ეს პრობლემა ჩვენთან გადაულახავია და მნიშვნელობა არ აქვს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვინ იქნება.
გარდა ამისა, ლარის კურსისთვის უსუსტესი ეკონომიკაც უდიდესი პრობლემაა.
_ ჩვენ უსუსტესი კი არა, ეკონომიკა, მგონი, საერთოდ არ გაგვაჩნია.
_ ეკონომიკა კი გვაქვს, მაგრამ ეს ეკონომიკა სუსტი, არაეფექტიანი და დაბალი შრომისნაყოფიერების მქონეა. ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ე. წ. რესურსების ალოკაციაა, რასაც საქართველოში ყურადღებას არ აქცევენ.
_ „რესურსების ალოკაცია“, მარტივად რომ მითრხათ, რა არის, ბატონო დემურ?
_ როგორც მატერიალური, ასევე ფინანსური და ადამიანური რესურსების დროსა და სივრცეში განაწილება. მოკლედ, ქართულ ეკონომიკას მდგრადობა აქვს დაკარგული და ყველაფერი ერთ ქალაქში, ანუ თბილისში არაეფექტიანადაა კონცენტრირებული. სხვა, მათ შორის, ადამიანური რესურსი არ გამოიყენება. არადა, ამ დროს კერძო ბანკებში, დეპოზიტების სახით, მილიარდობით ფინანსური რესურსი დევს. ეს კერძო სექტორის ფულია, რომელიც ეკონომიკაში არ მიდის და გვესმის ნეოლიბერალური „ტყლაპო“ საუბარი, _ უცხოური ინვესტიციები, უცხოური ინვესტიციებიო, თითქოს ამაზე რამეა დამოკიდებული.
_ თუ კომერციულ ბანკებში მილიონობით ლარი დევს, ეს თანხა ეკონომიკაში რატომ არ მიდის, ბატონო დემურ?
_ ბანკებმა შესანიშნავად იციან, რომ ასეთი მაკროგარემო კარგი არაა, ანუ რისკები დიდია, ამიტომაც იგივე ფულს არავის აძლევენ. საერთოდ, საქართველოში არაფერი არაფერი ღირს.
_ ეს როგორ?
_ აი, მაგალითად, ის მამულები, რაც ჩვენს ფანტასტიკურ სოფლებშია, ევროპასა ან აშშ-ში ასი ათასობით დოლარი ღირს.
_ დიახ, სამწუხაროა, რომ საქართველოში მიწას ფასი არ აქვს.
_ ფასი მხოლოდ მიწას კი არა, არაფერს აქვს და, შესაბამისად, მიწა საგარანტიო რესურსად არ გამოდგება. საქართველოში ფული ბანკების მეტს არავის აქვს, ამიტომ ფული ძვირი და ხელმიუწვდომელია. ბანკი კი ჭკვიანია და სოფლის მეურნეობის განვითარება თუ სოციალური პრობლემები არ აინტერესებს და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე მუშაობს.
_ ბატონო დემურ, ყველა ის ფუნდამენტური პრობლემა, რაზედაც ახლა საუბრობთ, 25 წელია, არსებობს, თუმცა ლარი ასეთი გაუფასურებული არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ ეროვნულ ვალუტას ახლა რა ემართება?
_ ალბათ, გახსოვთ, როცა ლარი ერთ ნიშნულზე იყო და ეს ყველას უხაროდა.
_ დიახ, მახსოვს.
_ როცა საქმეზე ვსაუბრობ, სიმპათია-ანტიპათია არ გამაჩნია, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მაშინ ის კურსი ხელოვნური იყო.
_ ანუ?
_ როგორც გითხარით, საიმისო ეკონომიკა არ გაგვაჩნია, რომ ერთი დოლარი 1,42 ლარი ღირდეს. თუ ასე გვინდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი დოლარი 50 თეთრი ღირს, მაგრამ ეს ქართული ეკონომიკისთვის საბოლოო წერტილის დასმა იქნება.
_ შეიძლება, მაგრამ ეს ხელოვნური კურსი ხალხისთვის მისაღები თუნდაც იმიტომ იყო, რომ პროდუქტი იაფი ღირდა…
_ იაფი არ იყო.
_ აბა?
_ ყველაფერს ფარდობითი ფასი აქვს, ანუ პროდუქტი იაფი არც მაშინ იყო, მაგრამ ხელოვნურად შეჩერებული კურსის გამო ლარი ასე არ თამაშობდა. ამ ხელოვნური პოლიტიკის ერთადერთი დადებითი მომენტი სწორედ ეს გახლდათ და მეტი არაფერი.
სხვათა შორის, 2007 წელს საქართველოში ჩვენთვის რეკორდული _ 2 მილიარდ 173 მილიონამდე ინვესტიცია _ შემოვიდა, მაგრამ არ იცოდნენ, ამ ფულისთვის რა ექნათ და ამოიღეს, რაც შეცდომა იყო.
_ შეცდომა რატომ იყო?
_ როცა ფულის მასა ხელოვნურად ჩერდება, ეს, ერთი მხრივ, სტაბილიზაციას უწყობს ხელს, მაგრამ, მეორე მხრივ, მხოლოდ იმპორტიორს ემსახურება და ბიზნესისთვის აღარ რჩება. ყველაფერ ამან ეკონომიკის განვითარება, ცხადია, შეზღუდა, არადა, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, შეიძლებოდა, დღეს ორჯერ უკეთესი ეკონომიკა გვქონოდა…
რაც შეეხება ლარის ასე სწრაფ გაუფაუსურებას, ერთმანეთს ბევრი რამ დაემთხვა, კერძოდ, მსოფლიო სიტუაციის ცვლილება და განუსაზღვრელობები, ანუ ცუდი მოლოდინები… სხვათა შორის, როცა ტრენდი გარკვეულია, ვალუტის კურსი პროგნოზირებას ექვემდებარება. ამიტომაც ჩემს ძველ ინტერვიუებს თუ გაიხსენებთ, ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, რომ ერთი დოლარი სამი-ოთხი ლარის ფარგლებში იმერყევებდა. ამის გამო ერთი ამბავი ატეხეს, _ რას ამბობო? მაგრამ ეს პროგნოზი ემოციით კი არა, იმის მიხედვით გავაკეთე, როგორიც ეკონომიკის მოძრაობაა.
საერთოდ, არ შეიძლება, ბიზნესს 12, 16 და 18-პროცენტიან სესხს აძლევდე და ამ დროს ეკონომიკის განვითარება გინდოდეს. ლეგალურ ბიზნესს ამხელა პროცენტის გადახდა არ შეუძლია. ბიზნესმა ამხელა პროცენტი რომ გადაიხადოს და სხვა სახელმწიფო ვალდებულებებიც დაფაროს, წარმოგიდგენიათ, რამხდელა მოგება უნდა ჰქონდეს? ასეთი ლეგალური ბიზნესი საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ არსებობს! ამიტომაც საქართველოში ეკონომიკის 75% ჩრდილშია, ანუ აღურიცხავია.
საერთოდ, იცით, ჩრდილოვანი ეკონომიკა რას ნიშნავს?
_ რას?
_ იურიდიული პირი საქმიანობას ეწევა, მაგრამ არ აღრიცხავს.
_ ეს ხომ, მინიმუმ, კანონდარღვევაა?
_ დიახ, ყველაფერი აღურიცხავად კეთდება…
ისე, ჩემს გამოცდილებას თუ ენდობით, ადამიანების ყველა ჯგუფს, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, ერთნაირი სენი ემართება _ სმენადობას, ხილვადობას, რეალობის აღქმას კარგავს და თვითკმაყოფილი ხდება.
_ მოკლედ, ბატონო დემურ, ერთმნიშვნელოვნად ამბობთ, რომ ერთი დოლარი მალე ოთხი ლარი ეღირება?
_ დიახ, ეს გარდაუვალია.
_ ერთი დოლარი ოთხი ლარი არჩევნებამდე გახდება თუ ახალ წლამდე?
_ არჩევნებს, წეღანდელი თქმისა არ იყოს, მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ქვეყნის გარეთ, პირველ რიგში, აშშ-ში მოვლენები როგორ განვითარდება.


ეროვნულ ვალუტას დამაიმედებელ მომავალს, დემურ გიორხელიძის მსგავსად, ვერც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია უწინასწარმეტყველებს. ამასთან, შენგელია სიტუაციის შესაცვლელად აუცილებლად მიიჩნევს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ბიოფარმაცევტიკის განვითარებას. ყველაფერ ამისთვის კი კრედიტია საჭირო, რომლის აღებაც საქართვეოში ძალიან რთულია. კრედიტის აღების სირთულეს ნიკა შენგელია ხელოვნურ პრობლემას უწოდებს:
„დღეს იაფი კრედიტის თემა მთელ მსოფლიოში თითქმის ყველგანაა მოგვარებული: ევროპაში დიდი რაოდენობის კრედიტის აღება კომპანიებს თითქმის ნულთან მიახლოებულ პროცენტში შეუძლიათ. აშშ-ში კი ტრამპმა ფსს (ფედერალური სარეზერვო სისტემა) აიძულა, საპროცენტო განაკვეთი თითქმის ნულამდე დაეყვანა. იაფფასიანი კრედიტის საკითხი ასევე მოგვარებულია იაპონიაში, ჩინეთში, კორეასა და, საერთოდ, ყველგან, სადაც სწორად აქვთ წარმოდგენილ-გააზრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დანიშნულების არსი, როგორც ინვესტირებისა და ეკონომიკური აქტივობის ფინანსირების ინსტრუმენტი.
ჩვენთან ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კი „სპეკულანტებსა“ და მსხვილ საბანკო სექტორზეა მორგებული. ერთნი ვალუტის კურსით მანიპულირებენ, მეორენი კი მაღალი საპროცენტო განაკვეთით ვერ ძღებიან.
თუ ჩვენ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ეკონომიკურ განვითარებაზე ძირეულად არ შემოვაბრუნებთ და მას ეკონომიკის განვითარების ინსტრუმენტად არ ვაქცევთ, არაფერი გვეშველება.
საკვირველია, პანდემიამდე მთავრობის ეკონომიკური გუნდი რომელ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობდა, როდესაც ქვეყნის სოფლის მეურნეობას მოსახლეობის ელემენტარული გამოკვებაც არ შეუძლია და საკვები პროდუქტების 70%-ზე მეტი იმპორტირებულია?!
ამ უბედურებასთან ერთად, ვერაფრით მოვიცილეთ საკადრო პოლიტიკიდან ნეპოტიზმი _ სახელმწიფო უწყებები ყოვლად არაკომპეტენტური კადრებითაა გადაჭედილი და სწორედ მათი თაოსნობით, წლების განმავლობაში, ეკონომიკა და ლარის კურსი, ძირითადად, ტურიზმის სექტორსა და ემიგრანტების შრომის ამარაა მიტოვებული…
ლარის კურსთან დაკავშირებული მოლოდინი კვლავ ნეგატიურია, რაც მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტორი გახლავთ. ეროვნული ვალუტის კურსის ზრდა პირდაპირ მოქმედებს ფასების გაძვირებასა და ინფლაციურ პროცესებზე, ამ მხრივ რეგულატორის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი, პრაქტიკულად, უშედეგოა“, _ აცხადებს ნიკა შენგელია, რომლის ვრცელ წერილს ქართული ანალიტიკური პორტალი „ნაციონ.გე“ აქვეყნებს.


ერთი სიტყვით, ეროვნული ვალუტისა და ქართული ეკონომიკის მომავალი ერთნაირად ბუნდოვანია. ამ ფონზე „ოცნება“ მიღწევებსა და წარმატებებზე საუბრობს და იმაზეც თვალს ხუჭავს, რომ ქვეყანაში ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი კარგავს ისედაც მცირეშემოსავლიან სამსახურს და უფრო და უფრო მეტი ადამიანი რჩება ელემენტარული საკვების გარეშე. ეს „სირაქლემის პოზა“ კარგს რომ არაფერს მოგვიტანს, თავისთავად ცხადია და ისიც ცხადია, რომ 200 ან თუნდაც 300-ლარიანი დახმარება ხალხს ვერ დააპურებს.
ჰოდა, სანამ წინ, წარსულში, ე. ი., 90-იან წლებში დავბრუნებულვართ და პურსა თუ სხვა პროდუქტებზე რიგები გაჩენილა, დროა, გამოსავლის მოძებნა დავიწყოთ. გამოსავალი კი აუცილებლად მოიძებნა, მოიძებნა თუნდაც იმიტომ, რომ აქსიომაა: არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს!

გიორგი აბაშიძე