თამარ მაყაშვილი: „52 წელია, საბურთალოზე ვცხოვრობ და არაფერი შეცვლილა“

მსახიობი თამარ მაყაშვილი პოლიტიკაში მოდის და ის საპარლამენტო არჩევნებში საკანონმდებლო ორგანოს მანდატისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს. ამბობს, რომ წლების მანძილზე ხედავს ერთსა და იმავე ხალხს და უბნისთვის, ქალაქისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება. გადაწყვეტილება ერთი მიზეზით მიიღო – ის შეეცდება, დაამსხვრიოს სტერეოტიპი, „არჩევნებს ფული იგებს“.

„საბურთალოზე, ჩემს უბანში, 61 ნომრით უპარტიოდ, დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს. მჯერა, რომ დავამსხვრევ სტერეოტიპს – თითქოს არჩევნებს ფული იგებს. მე ამის არ მჯერა. ნახავს ყველა, რომ იმით გამოვალ, რითაც შევალ, მთავარი პრინციპულობაა.
მოვდივარ უფულოდ და უპარტიოდ. მოვდივარ გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებიც რეალურად მზად არიან ცვლილებებისთვის. ყოველგვარ დაფინანსებულ საარჩევნო კამპანიაზე უარს ვამბობ. საბურთალოელები აქცენტს ფულზე კი არა, ღირებულებებზე აკეთებენ“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს თამარ მაყაშვილმა.

_ ქალბატონო თამარ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა? თქვენი ეს ნაბიჯი, მგონი, ყველასთვის მოულოდნელი იყო.
_ თითქმის ყველასთვის. სულ ვამბობდი, რომ ადამიანს ბევრი ფიქრის დრო არ უნდა ჰქონდეს. ეს ხუმრობით, მაგრამ 3 თვის მანძილზე ვიწექი, ფეხზე პრობლემა მქონდა და ტელევიზორს იძულებით ვუყურებდი. კითხვა არ შეიძლებოდა, ამიტომ 24 საათი საინფორმაციო მქონდა ჩართული. ამ ყველაფერმა ისე ჩამითრია, რომ პოლიტიკური ამბებით დავინტერესდი. აქამდე თუ არ ვიცოდი, ვინ იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ახლა ვიცი. ერთ მშვენიერ დღეს დაიდო ინფორმაცია, რომ საბურთალოზე არ არის მაჟორიტარი დეპუტატი და ხუმრობით ვთქვი, რომ ხომ არ წავიდე პოლიტიკაში-მეთქი? თუმცა ადგე და წახვიდე, არ არის ასეთი მარტივი. შესაბამისად, დავიწყე კითხვა, გავეცანი კანონებს და ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე. პოლიტიკოსად არავინ იბადება და მით უმეტეს, მაჟორიტარ დეპუტატობას არ სჭირდება დიდი პოლიტიკოსობა. რასაკვირველია, თავისი პოლიტიკური ორიენტაცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ ადამიანი, რომელიც შუამავალია საკანონმდებლო ორგანოსა და ამომრჩეველს შორის, ის შეიძლება იყოს მებრძოლი. მე კიდევ ჩემს თავში ვხედავ, რომ მებრძოლი ადამიანი ვარ, ქვეყანამ იცის, რომ სამართლიანი ვარ და ბევრმა მითხრა, შენ ხარ ისეთი ადამიანი, რომ ამას გაიტანო. 52 წელია, საბურთალოზე ვცხოვრობ, ამ წლების მანძილზე არაფერი შეცვლილა. ადამიანებს, რომლებსაც ვირჩევთ, 3 წელი და 10 თვე ყველას ვავიწყდებით ჩვენი პრობლემებიანად. მერე ისევ ეს კამპანიად წოდებული სირბილი და ფოტოსესიები იწყება.
ხომ შეიძლება, წელიწადში ერთხელ გამოჩნდეს შენი უბნის დეპუტატი და იკითხოს, თუ რა უჭირს ხალხს, რით შეუძლია მისი დახმარება. მსგავსი მიდგომა არავისგან გვიგრძნია. მერე დავჯექი, დავფიქრდი და ვთქვი, _ რატომაც არა-მეთქი! მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ვგიჟდები ჩემს ქვეყანაზე, ჩემს ქალაქზე და მოდი, მოვსინჯავ ამ ყველაფერს-მეთქი. ეს არის ელემენტარული: ჯდები, სწავლობ კანონმდებლობას, საპარლამენტო რეგულაციას და ავტომატურად ხდები ხიდი ხალხსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის. ილიას სიტყვებს გავიხსენებ და ვიტყვი, რომ ხიდჩატეხილობაა დღევანდელ დღეს საკანონმდებლო ორგანოსა და ხალხს შორის. ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ იმას, თუ ვინ როდის რა გააფუჭა, ასე მოვდივართ მთელი ცხოვრება და ხალხისთვის არაფერი კეთდება. არც იმ პოლიტიკოსების მესმის, რომლებიც ამბობენ, _ ჩვენ მოვალთ, ხელფასებს მოგიმატებთ და ამ გაჭირვებიდან გამოხვალთო. ვერანაირად გამოვალთ და არ მჯერა ასეთი სისულელეების, რადგან არ შემიძლია, სახლში მხართეძოზე წამოწოლილი ვიყო და ვიღაცის დაპირების ამარა ვიცხოვრო. რატომ უნდა დამინიშნოს ხელფასი? წადი და გაინძერი. ამიტომ გადავწყვიტე, _ მე ვიქნები ადამიანი, რომელიც გახდება დესპანი და ხმამაღლა ვამბობ, რომ როგორც კი შევალ პირობითად „ცალი კალოშით“ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად, ასევე გამოვალ. ვთქვი, რომ მე ყოველთვის მეცლება ჩემი მოქალაქეებისთვის და ასეც იქნება. მთელი ცხოვრება ისედაც მიჩვეული ვარ, რომ ვიღაცისთვის რაღაცას ვაკეთებ. წყალი ჩამოდის, _ თამარა! რაღაც გაფუჭდა _ თამარა! კოღომ უკბინა, _ თამარა! და რატომაც არა?! მოგეხსენებათ, რომ გარკვეული წლების წინათ ჩემი ქალაქის მეეზოვეობა მინდოდა და ეს იყო აბსოლუტურად გულწრფელი სურვილი, რადგან უმუშევრად ვისხედით მთელი ოჯახი. ეს რომ გაიგეს, სასაცილოდ არ ეყო არავის, შენ არ უნდა დაგავოო. და რატომ არ უნდა დავგავო _ ჩინ-მედლები ჩამომერთმევა, გვარიშვილობას დავკარგავ თუ რა? როდემდე უნდა ვიცხოვროთ იმ აზროვნებით, რომ მე ეს არ მეკადრება? რატომ? ძალიან კარგადაც მეკადრება! ასე რომ, გადავწყვიტე, ყველაფერი თეთრი ფურცლიდან დავიწყო.
_ პირველი ნაბიჯების გადადგმა საიდან დაიწყეთ?
_ დავიწყე ყველაფრის გარკვევა. მივედი ნომერ მესამე საოლქო უბანზე, არაჩვეულებრივი ადამიანი დამხვდა უბნის თავმჯდომარე და მან მითხრა, _ ქალბატონო თამარ, საჭირო არის საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება, რადგან თქვენ პარტიიდან არ მოდიხართ და დამოუკიდებლად იყრით კენჭსო. ზოგადად, პარტიულობის მომხრე არ ვარ. შეიკრიბა ჩემი ხუთი მეგობარი, დაწერა განცხადება, გავიარეთ რამდენიმე ინსტანცია, ჩავაბარეთ და მიიღეს განცხადება. შემდეგ საჭირო იყო ხმების მოგროვება. დღე და ღამე ვიარეთ და საკმარისზე მეტი ხმა მოვაგროვეთ. დიდი გულშემატკივრობა ვიგრძენი ხალხისგან. არ მოვადუნებ არც მოსახლეობას და არც ხელისუფლებას _ საბურთალოელები აქტიურად ჩაერთვებიან უბნისთვის საჭირო საქმეების გაკეთებაში, მთავრობას კი აუცილებლად მოუწევს მათზე ზრუნვა. ჩემს კარს ექნება წარწერა: „სულ მცალია ჩემი მოქალაქეებისთვის“. ამ პრინციპით ვცხოვრობ.
_ რა იქნება თქვენი მთავარი დაპირება?
_ მე ვიქნები ხალხის ხმა, რომელიც ყოველთვის გააჟღერებს მათ პრობლემებს საკანონმდებლო ორგანოში.
_ როგორ აპირებთ ცარიელი ხელებით პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმას? არ გაგიჭირდებათ? მით უმეტეს, უკვე დაწყებულია საარჩევნო კამპანია, ქალაქი აჭრელებულია უამრავი ბანერით, თქვენი კი არ მომხვედრია თვალში. რატომ?
_ მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ სახლში წყნარად ვიჯდე და ბანერები დავბეჭდო, რომ ქუჩაში როცა გამოხვალ, სახეზე აფარებული გქონდეს. ამიტომ ვფიქრობ და ვარღვევ იმ სტერეოტიპს, რომ იქნებ, უფულოდაც შეიძლება საქმის კეთება. ფლაერს იმიტომ არ ვბეჭდავ, როდესაც ქუჩაში დაარიგებ, ვიღაცა აუცილებლად ძირს დააგდებს და ჩემს სახეზე უნდა იარონ, ეს კი ნამდვილად არ მინდა და ის ქუჩა მაინც ჩემი დასალაგებელი იქნება. ამ სტილით არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, უარი ვთქვი ფლაერების დაბეჭდვასა და აქამდე აპრობირებულ აქტივობებზე. მხოლოდ პროტოკოლის გამო მიწევს პლაკატის დაბეჭდვა და სულ რამდენიმეთი შემოვიფარგლები. ვისი ბანერებიცაა გაკრული, არც ერთს არ ვუყურებ, რადგან ძალიან დავიღალე მთელი ცხოვრება ერთი და იგივე სახეების ყურებით. შედეგს ვერ ვხედავ.
_ პარლამენტში დღეს საკმაოდ ბევრი მსახიობი და მომღერალი გვყავს. ამ რეალობიდან გამომდინარე, რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი თამარ მაყაშვილს?
_ პროფესიიდან გამომდინარე მეკითხებით? მაშინ, ის მითხარით, რატომ უნდა ვენდოთ პოლიტიკოსს? ადამიანი პოლიტიკოსად არ იბადება და სწორედ ის მსახიობები, მომღერლები რომ შევიდნენ ამ პარლამენტში, არაფერი გაუკეთებიათ. რისთვის შედიოდნენ, თუ არაფრის თავი არ ჰქონდათ? თავის დასაქნევად? ნუ აქნევ თავს, თუ საქმის გამკეთებელი არ ხარ. გარკვეული წლების წინათ ძალიან ბევრმა პარტიამ შემომთავაზა, რომ მათ გუნდში ვყოფილიყავი და მთელ რიგ დაფინანსებას შემპირდა, მაგრამ უარით გავისტუმრე ყველა. არ მინდა, ვიღაცის მღაღადებელი ვიყო, მე ნეიტრალური ადამიანი ვარ, ყველა მომწონს და ყველას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მიკერძოებულობა არ მახასიათებს. სწორედ ეს სტერეოტიპი უნდა დავარღვიო, _ თუნდაც 100 კაციდან 20 თუ მაინც დაინახავს, რომ საქმის გამკეთებელი ვარ, ეს დიდი ბედნიერებაა.
_ თქვენ გაქვთ სუფთა წარსული და ხალხის ძალიან დიდი სიყვარული, თუმცა არსებობს კონკურენცია და არ გეშინიათ?
_ რისი უნდა მეშინოდეს? ადამიანი უნდა იყო გულწრფელი და ხალხი ყველაფერს ხედავს.
_ რა იმედები გაქვთ?
_ არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და ასეთი კითხვა დამისვა: იმიტომ ხომ არ გინდათ პარლამენტში შესვლა, რომ ეს ფულის შოვნის კარგი საშუალება არისო? ვუპასუხე, _ თქვენ იცით ასეთი კარგი გზები-მეთქი? მე თუ უმუშევარი ვარ, ეს ჩემი პრობლემაა. თქვენ როგორ გგონიათ, არ შემიძლია, თეატრში მივიდე და შტატში ჩავჯდე? მაგრამ არ მაქვს მაგის აღარც დრო და აღარც ნერვი, სიმართლე რომ გითხრათ. ბიჭები მეზრდებიან სახლში, ვიღაცისთვის ძალიან სულ ერთია ეს ყველაფერი, წავლენ, გავარდებიან და მარტოებს ტოვებენ სახლში, მაგრამ მე არ შემიძლია.
_ ამ პერიოდში ძალიან ბევრი „კეთილისმსურველი“ „კრიტიკოსი“ გამოგიჩნდებათ და რამდენად მზად ხართ ამ ორომტრიალში ჩასაბმელად?
_ წერონ და იკითხონ. ადამიანი, რომელიც 24 საათი სოციალურ ქსელში ზის, ე. ი. მან ფუნქცია დაკარგა, არ იცის, რით გაიხალისოს ცხოვრება. ამას წინათ ქუჩაში ერთი ქალბატონი მეუბნება, რა გაცინებსო და მერე ისე მოვეფერე იმ ქალს, რომ მითხრა _ შენ გაიხარე, ქალბატონოო. არა უშავს, ზოგი რას გეტყვის, ზოგიც _ რას და როგორ შეიძლება, ყველას პასუხი გასცე? _ პირიქით, მოეფერე და ისე გაუშვი. მე როცა კარგ ხასიათზე არ ვარ, არც ტელეფონს ვიღებ, არც კარს ვაღებ და ოთახში ვიკეტები, რადგან არავის სჭირდება თამარ მაყაშვილი, რომელსაც ზეთი ჩამოსდის. მოვსინჯავ, გამოვა _ გამოვა, არ გამოვა და ჩინ-მედლებიც არ ჩამომერთმევას.
_ დამარცხების შემთხვევაში გააგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას?
_ აუცილებლად გავაგრძელებ. უფრო მეტს ვიმეცადინებ.
_ რა არის ის, რაც განსაკუთრებით გაწუხებთ?
_ ყველაფერი მაწუხებს: უბნის მოუვლელობა, ყოფითი პრობლემები, მაგრამ ყველაზე მეტად მაწუხებს განათლება და კულტურა. ჩვენ ჩამოვედით განათლების ზღვარს ქვემოთ. ჩვენი ქვეყანა სასწაულად დიდი კულტურის მატარებელი იყო და გარდამავალ პროცესებში ამ ყველაფერს მორგება სჭირდება, არ უნდა ვიცხოვროთ ძველ წლებში, უნდა ავყვეთ თანამედროვეობას, არ შეიძლება ჩავრჩეთ მე-11, მე-12 საუკუნეებში.
_ ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
_ სასაცილოდ არ ეყოთ, მაგრამ ჩემი მეუღლე გია მოვიდა და მითხრა: ნუ უსმენ ნურავის, შენ თუ გინდა, გააკეთეო. მოსინჯე, არავის არაფერს ართმევ და არავინ არაფერს გართმევსო. გაიხაროს გია ყიფშიძემ და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა, რომლებმაც მითხრეს, რომ ჩვენ რაშიც გამოგადგებით, გვერდით დაგიდგებითო.
_ რას ეტყვით თქვენს ამომრჩეველს?
_ ჩემი სახლის კარი ყველა მოქალაქისთვის ღიაა. ართქმას თქმა სჯობს, არკეთებას _ კეთება და არდაჯერებას _ დაჯერება.

გიორგი საკარული