სად ვიხილავთ თათულისა და კახაბერის ახალ ტოქშოუს?!

„თათულისთან და კახაბერთან ერთად“ _ ასე ერქმევა ტოქშოუს, რომელსაც სულ მალე ონლაინ არხზე ვიხილავთ. იქამდე კი მაყურებელს საშუალება აქვს, „სტუდიო პირველის“ ფეისბუქგვერდზე ნახოს არაერთი სახალისო ვიდეო, რომელიც ასევე თათული ედიშერაშვილისა და კახაბერ შარტავას ავტორობითაა.
მსახიობმა და რეჟოსორმა ერთობლივი გადაცემის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ორივე მათგანმა „პოსტივი“ დატოვა, უფრო სწორად, დაატოვებინეს და გაურკვეველი მიზეზებით, ისე რომ არც აუხსნიათ, კახაბერ შარტავა პირდაპირ შვებულებიდან შვებულებაში გაუშვეს, ანუ სახლში. ხოლო რაც შეეხება თათულის, ის დიდი დილემის წინაშე დააყენეს, _ ან გადაცემის წამყვანობა, ან სერიალი „დიდი ოჯახი“, რომელიც „მთავარ არხზე“ გადის.

მსახიობი თათული ედიშერაშვილი და რეჟისორი კახაბერ შარტავა თავისი გეგმებისა და სიახლეების შესახებ „ქრონიკა+“-ის მკითხველს უყვებიან, თუმცა ჩვენი საუბარი მათი მეგობრობით დავიწყეთ.

კახაბერ შარტავა, რეჟისორი:
_ ერთ-ერთ სპექტაკლზე ვმუშაობდი და თათული ედიშერაშვილი ავიყვანე როლზე. როდესაც დავურეკე და ტელეფონზე მიპასუხა, იმ წუთიდან უკვე ვმეგობრობთ. იქამდე უბრალოდ ვიცნობდით ერთმანეთს და სატელეფონო საუბრის შემდეგ დავმეგობრდით. ძალიან სასიამოვნო იყო რეპეტიციები და თათულისთან თანამშრომლობა. შემდეგ თათული ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობდა, სადაც წამყვან მამაკაცს ეძებდნენ, მან კი ჩემი თავი შესთავაზა. სიმართლე გითხრათ, დიდი ინტერესი ტელევიზიის მიმართ არ მქონია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თათული იქ მუშაობდა, დავთანხმდი.

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:
_ პირველ ზარს მინდა, დავუბრუნდე. საერთოდ, ძალიან სასიამოვნოა, როცა სპექტაკლში გაკავებენ, მაგრამ ცოტა გავბრაზდი, თუ რატომ არ შემომთავაზა პრინცესის ან ლამაზი გოგოს როლი. ეს ხუმრობით და რეალურად კუდიანი უნიჭო მსახიობის როლზე დამამტკიცა. ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც რეჟისორთან საერთო ენას გამონახავ. მით უმეტეს, ამ საერთო ენის გამონახვამ პროფესიულად ისეთ მეგობრობამდე მიგვიყვანა, რომელიც ამყარებს ნდობას, სიყვარულს, ლხინის, სიკეთისა თუ მწუხარების გაზიარებას.

კახაბერი:
_ აქვე მინდა აღვნიშო, _ ძალიან დიდი როლი ითამაშა გემოვნების თვალსაზრისით იმ ფაქტორმაც, რომ ჩემი და თათულის პედაგოგი იყო შალვა გაწერელია _ ერთ ენაზე ვმეტყველებდით.

თათული:
_ შალვა გაწერელიას ნასტუდენტარებს თვალებით შეგვიძლია ლაპარაკი, ტანით ვგრძნობთ ერთმანეთს და ბევრი სხვა ისეთი თვისება არსებობს, რასაც უბრალოდ ვერ გადმოგცემთ.
_ თათული, თქვენ როგორც მსახიობს, რამდენად დიდი ნდობის ფაქტორი გქონდათ კახაბერის მიმართ, როგორც რეჟისორის? ბევრი მსახიობია, რომელიც ახალბედა რეჟისორთან ვერ რისკავს თანამშრომლობას, თუმცა არ ვამბობ, რომ კახა დამწყები რეჟისორია, უბრალოდ, ახალბედაა სხვა რეჟისორებთან შედარებით. თქვენთვის რამდენად მისაღები აღმოჩნდა იგი?
_ მიუხედავად იმისა, რომ კახას არაჩვეულებრივი სპექტაკლები ჰქონდა დადგმული, ჩემდა სამწუხაროდ, არ მქონდა ნანახი. რეალურად, კახას, როგორც რეჟისორს, არ ვიცნობდი, მაგრამ მაქვს იმის სითამამე, რომ თუ სამუშაო პროცესში რეჟისორთან ვერ ვთანხმდები, მასთან ყოფნის ვალდებულება არ მაკავებს. გარდა ამისა, მსახიობებს ინტუიცია დიდი დოზით გვაქვს. გარდა ამისა, ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავი კახას მიმართ და ეს თანამშრომლობა მოვსინჯე. რატომაც არა! _ მთავარია, რომ ჩვენმა მუშაობამ გაამართლა. რაც შეეხება ტელევიზიას, როდესაც მამაკაცს ეძებდნენ წამყვანის პოზიციაზე, კახას კანდიდატურა შევთავაზე. ძალიან მინდოდა, რომ კახა ჩემი პარტნიორი ყოფილიყო, რადგან ჩვენ რეალურად ვლაპარაკობთ ერთ ენაზე, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვკამათობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წამყვანს ისეთი თანაწამყვანი პარტნიორი გყავს, ვისთანაც თვალის კომუნიკაცია გამოგდის, მისი გესმის უსიტყვოდ და იუმორი გასაგებია. პარტნიორი უნდა გეიმედებოდეს, ზუსტად უნდა გრძნობდე და მით უმეტეს, როცა ეს არის პირდაპირი ეთერი. სტარტი ავიღეთ ამ გადაცემაში, როგორც პარტნიორებმა და კარგი ამბავი დავუტოვეთ იქ დარჩენილებს.
_ თქვენ მეორე სეზონიდან აღარ გაგირძელებიათ გადაცემის წაყვანა. რატომ?

კახაბერი:
_ თათული ძალიან წარმატებულ სერიალში გადავიდა და დამტოვა, მე კი ამ არხიდან გამომიშვეს. არავინ იცის, რატომ.

თათული:
_ მგონი, თვითონაც არ იციან.
_ სრულიად გაუფრთხილებლად გამოგიშვეს სამსახურიდან?

კახაბერი:
_ შვებულებაში ვიყავი და შემატყობინეს, რომ განთავისუფლებული ვარ.
_ მიზეზი არ უთქვამთ, რატომ ან რისთვის?
_ სიმართლე გითხრათ, არ დავინტერესებულვარ და არც ახლა მაინტერესებს.
_ თათული, თქვენ სერიალის გამო წამოხვედით არხიდან?
_ დიახ. თავიდან სერიალზე ვთქვი უარი, მიუხედავად იმისა, რომ გული მწყდებოდა, რადგან მსახიობი ვარ, ჩემი საქმე ეს არის და ძალიან მინდოდა სერიალში თამაში. უარის მიუხედავად, ორი თვის შემდეგ ისევ შემომთავაზა „დიდი ოჯახის“ რეჟისორმა, რომ იქნებ, დავფიქრებულიყავი და მივსულიყავი სერიალში. მოკლედ, კარგად იმუშავეს იმისთვის, რომ სერიალში დავბრუნუბულიყავი.
_ რატომ ამბობდით უარს, პრობლემა იყო, პარალელურად რომ სხვა არხზე, ოღონდ სერიალში გეთამაშათ?
_ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ „მთავარ არხს“ არასდროს ჰქონია პრობლემა, სხვა არხზე ყოფილიყავი და შუადღის გადაცემა წამეყვანა. მითხრეს, მოდი ჩვენთან, ხელს არ შეგიშლით, არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ სადაც ვმუშაობდი, იმ არხზე მითხრეს უარი, რომ ჩვენთან ასე არ გამოვაო. რეალურად, მე არ წამოვსულვარ ტელევიზიიდან. არჩევანის წინაშე დამაყენეს და ბუნებრივია, ავირჩიე ის, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს _ ჩემი პროფესია, თუმცა წამყვანობაში რომ მოვსინჯე საკუთარი ძალები, ძალიან მომეწონა და შემიყოლია ამ ამბავმა.
_ ხომ არ ნანობთ ამ გადაწყვეტილებას?
_ არ ვნანობ, პირიქით.
_ მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ინტერნეტ სივრცეში გაგეკეთებინათ საკუთარი გადაცემა? მოგვიყევით დაწვრილებით, რას აპირებთ, რა იქნება და ა. შ.

კახაბერი:
_ საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს და ასეთია თათული: თავმდაბალია, ბევრს ფიქრობს იმაზე, რომ ამხელა სიყვარულს გაფრთხილება უნდა. მე უფრო თამამი ვარ. როდესაც სამსახურის გარეშე დავრჩი, თათულის შევთავაზე, რომ ინტერნეტ სივრცეში გაგვეკეთებინა გადაცემა. ვიპოვე ადამიანი, რომელსაც აქვს აპარატურა და გადავწყვიტე, გამეკეთებინა ონლაინგვერდი, სადაც იქნებოდა ჩემი და თათულის ტოქშოუ. ბევრი ფიქრის შემდეგ თათულიმ ძალიან ხმამაღლა მითხრა: დავიწყოთ! იმ დღის მერე ჩვენი მეგობრობა გადაიზარდა ჩვენს საქმეში.

თათული:
_ მართლა მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ აქაც ერთმა ფაქტორმა იმუშავა _ იმედმა და ინტერესმა, თუ რა გამოგვივა. კონკრეტულ ლოკაციებზე მქონდა შინაგანი წინააღმდეგობა, რაც ვერ გავაკეთე, ვერ ვთქვი ან არ მომწონდა, ახლა მომინდა, რომ ეს ყველაფერი ამენაზღაურებინა და მეჩვენებინა საკუთარი თავისთვის.

კახაბერი:
_ თათული მსახიობია: მივიდოდა გადაღებაზე, გრიმს გაუკეთებდნენ და ყველაფერი წესრიგდებოდა. აქ უკვე თათულიმ სხვა რაღაცები უნდა გადალახოს.

თათული:
_ ჩემი პროფესიის იქით გამიჩნდა საქმე, რომელიც არ მიკეთებია, არ ვიცი, ვსწავლობ. ძალიან სწორი დროა იმისთვის, რომ დაგროვილი გამოცდილებები გამოვიყენოთ. ახლა რისი სწავლაც დავიწყე, დროულია.

კახაბერი:
_ თუმანიშვილის თეატრში რომ შემომთავაზეს სპექტაკლის დადგმა, მაშინ მითხრეს, ორი კვირა გაქვსო. თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლის დადგმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სწორედ მაშინ ვთქვი, რომ მე ამას გავაკეთებ! ძალიან დიდი გამოცდის წინაშე ვიდექი, _ ან ტალღა ჩამითრევდა, ან მის კენწეროში მოვექცეოდი და, რა თქმა უნდა, დავდგი ეს სპექტაკლი. მეც და თათულიც მიზანდასახულები ვართ: არ უნდა შეგეშინდეს, სწორად უნდა იარო ამ მიზნისკენ და გაუკეთებელი, მიუღწეველი არაფერია.

თათული:
_ აბსოლუტურად ცარიელი ჯიბეებით და ნული თეთრით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ „ლეგა ფროდაქშენი“, ლევან გაბაძე, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გვიდგას გვერდით, გვეხმარება და ტექნიკურად უზრუნველგვყოფს. ის გვენდო, რადგან დღეს არ არის ის ფუფუნება, რომ ადამიანმა დრო ტყუილად დაკარგო, როცა სანაცვლოდ არაფერს გთავაზობენ. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი, ჩემი და კახაბერის წამოწყების, ონლაინარხის უკან არავინ და არაფერი დგას, მხოლოდ ვართ მე, კახაბერი და ლევან გაბაძე. ჩვენი არხის მთავარი მესიჯია, რომ ის იყოს ყველასთვის, საინტერესო ადამიანებისთვის. ვაპირებთ კონკრეტული პროექტების გაკეთებას, სადაც აქტიურად ჩაერთვება მაყურებელიც.

კახაბერი:
_ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ხალხი დაგვიდგა გვერდით. ფოტოგრაფი იკა თავისი სტუდიით, ვიზაჟისტი ნინო მარტაშვილი.

თათული:
_ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სწორად დავიწყეთ. რეალურად, დღეს ოფისიც არ გაგვაჩნია. გვინდა, ყველას დავანახოთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მიზანი.
_ თქვენი მიზანი რა არის?
_ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გაგვაჩნია და რომელსაც ხან ვიყენებთ, ხან _ არა, ხან კიდევ არასწორად ვიყენებთ. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ ჩემს გადაწყვეტილებებში, ჩემს ტექსტებში, ვიდეოებში, რაც მაბედნიერებს! შემიძლია ვილაპარაკო ის, რაც მაწუხებს, რაც მახარებს და რასაც საჭიროდ მივიჩნევ. ძალიან სწორი დროა ამისთვის. მსახიობების პრიველეგიაა ის, რომ ჩვენს სათქმელს ვამბობთ როლით, კინოში ან სცენაზე, მაგრამ 21-ე საუკუნეში პროფესიებმა ფორმა შეიცვალა, თუნდაც პანდემიიდან გამომდინარე. მრავალი თვეა, თეატრში სცენაზე არ ვმდგარვარ და ბევრი სათქმელი დამიგროვდა. ეს რომ არ გავუშვა, არ შემიძლია, რადგან მე ამით ვცხოვრობ.
_ შემოთავაზების შემთხვევაში ხომ არ გამორიცხვთ, რომ თქვენი ეს ფორმატი სხვა არხზე გადავიდეს?

კახაბერი:
_ თუ თავისუფლება არ დაირღვევა, თუ ურთიერთშეთანხმება იქნება და ჩვენს გემოვნებაში ჩაჯდება ესა თუ ის არხი, რატომაც არა.

თათული:
_ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ნული თეთრი გვაქვს, ჩვენ კონკრეტული შემოთავაზება გვქონდა, სპონსორობის სახით, მაგრამ უარი ვთქვით.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს როცა ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს, იქ უკვე თათულისა და კახაბერს არაფერი ესაქმებათ.
_ თათული, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, რაც დღეს დაგიგროვდათ?
_ ძალიან ბევრი. არ ჩამოვყვები, რა პროცესების გამო, მაგრამ ჩემს სათქმელს გავახმოვანებ, თუმცა კონკრეტული ფაქტების გარეშე. დამიგროვდა ემოციები, რომ არც ისე კარგად გვაქვს საქმე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია. აუცილებლად უნდა გაგიხარდეს სხვისი წარმატება, თუ გინდა, რომ შენ იყო ბედნიერი. აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება შენს გვერდით მყოფ ადამიანს, რომელსაც ძალიან უჭირს სილიერად, ფინანსურად თუ სხვა მხრივ. სათქმელი დამიგროვდა ადამიანურ უსამართლობაზე, რაც, მგონი, კაცობრიობის პრობლემაა. ჩუმად არ უნდა იყო, რადგან სიჩუმე დანაშაულია, კარგიც უნდა თქვა.

კახაბერი:
_ ისედაც ამდენი ნეგატივი ხდება ჩვენ გარშემო და როდესაც რეჟისორები ამა თუ იმ პიესას იღებენ, მივდივარ და ძალიან ნეგატიურ, მძაფრ სიუჟეტებს ვხედავ. ჩემს სპექტაკლში, სადაც თათულიც თამაშობს, ვაჩვენე, თუ რა არის ბედნიერება, ფერადი გარემო და პოზიტივი. ეს გახლავთ სპექტაკლი, სადაც არ არსებობს უარყოფითი გმირი. ადამიანებს მოგვენატრა ფერადოვნება. თუ გინდა, რომ ვაჩვენოთ ომი, დავუპირისპიროთ მას მშვიდობა, ეს არ არის ჩემი სიტყვები და მართლაც, ჩვენ შეგვიძლია, რომ სხვა მხრივ წამოვიღოთ ეს სითბო, სიყვარული, პოზიტივი.

თათული:
_ სამწუხაროდ, საერთო ტენდენციად იქცა სოციალურ ქსელში ვიღაცების ჯვარზე გაკვრა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ჭკუის რიგება, თითქოს მსგავსი რამ მას არ ჩაუდენია ან არ უფიქრია. ჩემთვის ამხელა აგრესია წარმოუდგენელია და მსგავსი პრეცედენტები სათქმელს მიგროვებს. სანამ სხვას გალანძღავ და ჭკუას დაარიგებ, საკუთარი ცხოვრება მოიწესრიგე. არ ვიცი, რატომ ხდება, მაგრამ ვიღაცისთვის თითქოს მოდაში შემოვიდა ეს ლანძღვა. მარტივ მაგალითს გეტყვით: ითამაშე სპექტაკლის პრემიერა, შემოდის შენთან საგრიმიოროში ადამიანი, აგიყვანეს ქება-დიდებით მეცხრე ცაზე და გამოსული არ არის ოთახიდან, რომ ამბობს, _ არ ვარგა! ეს იმდენად მანადგურებს, ვერ წარმოიდგენთ, იმიტომ კი არა, რიმ ვინმეს მოეწონა ან არ მოეწონა სპექტაკლი, _ არა, შენ თუ კოლეგა ხარ, თუ კეთილისმსურველი ხარ და რამე არ მოგეწონა, უფლება გაქვს, რომ ეს მითხრა, ოღონდ თქმის ფორმას გააჩნია. როცა კეთილ რჩევას მისცემ ადამიანს, შეიძლება, ის არ დაგეთანხმოს, მაგრამ მერე დაფიქრდეს, ხოლო როდესაც პირში აქებ და ზურგსუკან ლანძღავ, ამით ხომ სამარდება ის ფასეულებები, რისთვისაც გვიყვარს თეატრი, კინო, ბალეტი თუ ზოგადად ხელოვნება. სამწუხაროდ, ზურგსუკან ადამიანის ლანძღვა ვიღაცებისთვის კარგ ტონად მიიჩნევა, რაც ჩემთვის დიდ სიგოიმესთან ასოცირდება.
_ პანდემიას მინდა შევეხო. რთული პერიოდი გამოვიარეთ და დღესაც გავდივართ, რასაც განიცდის მთელი მსოფლიო, მაგრამ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველო ძალიან დაზარალდა: ჩამოიშალა ეკონომიკა, ყველა სფერო თითქმის გაჩერებულია და განსაკუთრებული ზიანი მიადგა კულტურას. სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ და არ მოიცალა თეატრისთვის, ხელოვნებისთვის. ვერ გამოინახა გზა, რომ თეატრები გახსნილიყო და ჩვეულ რეჟიმში თუ არა, რეგულაციების დაცვით მაინც დაეწყო მუშაობა.

თათული:
_ საშინლად გაბრაზებული ვარ. კარგად არ მახსოვს სახელი და გვარი, მაგრამ ერთმა ადამიანმა თქვა, რომ არასაჭირო სივრცეები დროებით, პირველ ოქტომბრამდე გადაიწევსო და ამაში მოექცა თეატრი. თურმე, თეატრი არასაჭირო სივრცე ყოფილა. არჩევნები მოდის და არც ერთ პოლიტიკოსს, თუნდაც სიტყვიერ დაპირებაში, არ უხსენებია თეატრი და ზოგადად ხელოვნება ან შესაძლოა, მე არ მომისმენია, არ ვიცი. მგონია, რომ საერთოდ არავის აღელვებს, რა ხდება კულტურის სფეროში. „თავისუფალ თეატრში“ პრემიერა უნდა მეთამაშა მაისში და დღემდე არ ვიცი, როდის ვითამაშებ. მე კიდევ სხვა საშუალებები მაქვს, რითაც შეიძლება, რომ ვისაზრდოო, მაგრამ თეატრში არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. მე ვკითხულობ ძალიან ნიჭიერი არტისტების, ჩემი კოლეგების, ჩემი მეგობრების სტატუსებს, რომ ისინი ეძებენ სამსახურებს და ჩემთვის ეს ტრაგიკულია.

კახაბერი:
_ ახლა ვიღაც იტყვის, რომ მსოფლიო ამ მდგომარეობაშია, რაც ჩვენც კარგად ვიცით და რა გვეთეატრებაო, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ვიღაცამ იფიქროს კულტურის სფეროზე, ნახონ რაღაც გამოსავალი, მაგრამ იცით, რა არ მესმის? _ როდესაც ბათუმში კლუბები გადაჭედილი იყო, 2500 კაცი მინიმუმ ერთმანეთს აჯდა კისერზე, თუ ეს არ არის საფრთხის შემცველი, თეატრი რატომ შეიცავას საფრთხეს, სადაც მაყურებელი სკამგამოტოვებით, დისტანციით დასხდებოდა? აშშ-ში ან სხვა ქვეყანაში თუ დაიხაურა თეატრები, სახელმწიფო უხდის ადამიანებს საარსებო მინიმუმს და სპეციალურად ამ სფეროსთვის კონკრეტული თანხა გამოიყო, მაგრამ აქ, სამწუხაროდ, არც განიხილება ის, თუ როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ესა თუ ის სფერო. აიღეს და გადადეს გვერდზე. დამოკიდებულება მწყინს.

თათული:
_ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი არის კულტურა და ამას არ ვაქცევთ ყურადღებას.

კახაბერი:
_ ყველაზე საწყენი ის არის, რომ სახელმწიფო, რომელიც შენ აირჩიე, შენ აჭმევ, იმიტომ, რომ მან შენ ყურადღება მოგაქციოს, არც გისმენს და არც აინტერესებ. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი პრობლემა. რაც თავი მახსოვს, ჩემი სახელმწიფო არ მისმენს. მე ხომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ეს ხომ ჩემი სახლია, როგორ შეიძლება, რაღაც გადაწყვეტილებები მიიღო ასე უხეშად. იქნებ, მე არ მესმის, მაგრამ უნდა გამაგებინო, რომ ეს ასეა. გამოვიდნენ და გვითხრან, რომ ხალხო, ორი თვე უნდა იშიმშილოთ! გამოვიდნენ და გვითხრან, ადამიანებად ჩაგვთვალონ, არაფრად რომ არ მივაჩნივართ საკუთარ ქვეყანაში.
_ სად ხედავთ გამოსავალს?
_ შეცდომა დაშვებულია ძალიან ღრმა წარსულში. გამოსავალი მოქალაქეებმა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და აქედან უნდა დავიწყოთ პრობლემის მოგვარება. სანამ ქაღალდს დაკუჭავ და გადააგდებ აივნიდან, სანამ მანქანის მინას ჩამოწევ და სიგარეტს გადააგდებ, სახელმწიფო ვერ აშენდება. სახელმწიფო თითოეული ჩვენგანისგან შედგება, ჩვენგან იწყება და თავის დროზე რომ სათანადოდ დავმდგარიყავით, ამას დღეს ვეღარავინ გაგვიბედავდა. ახლა ძალიან მარტივად ბედავენ რაღაცებს. დღეს რომ არ გვისმენენ, ეს დავთესეთ თავის დროზე. შენ უნდა იყო კანონმორჩილი, რადგან პატრულმა ვერ გაგიბედოს კანონის იქით ვერაფერი. ძალიან მარტივად შეიზღუდა ჩემი უფლებები, როდესაც შვებულებიდან ყოველგვარი ახსნის გარეშე გამათავისუფლეს.

თათული:
_ გამოსავალი არის განათლება, საკუთარ თავთან და ერთმანეთთან პასუხისმგებლობა, კანონის მორჩილება და არა შიში და ერთმანეთის უპატივცემულობა. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კრიმინალს გაგებით მოვეკიდოთ და გეტყვით, რატომ: დედაჩემის საფლავიდან მოიპარეს მარმარილოს დიდი ლამაზი ჯვარი და ამ ფაქტს ვერ მოვეკიდები გაგებით! ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. არ მჯერა, რომ იქ ვინმე მშიერი დედა მივიდა და შვილისთვის მოიპარა ეს კონკრეტული წმ. ნინოს ჯვარი, რომ შვილისთვის გაეკეთებინა სახლში ბულიონი, არ მჯერა ამის. სანამ კრიმინალი იქნება და სანამ კანონის არ შეგვეშინდება, ვერ გავალთ ნაპირზე. გაუნათლებელი ადამიანი საშიშია.

გიორგი საკარული