ნანული ტარიელაძე: „შვილი შურისძიების მიზნით მომიკლეს, სამართალს ვეძებ!“

ოზურგეთში, 2017 წელს, ახალგაზრდა მამაკაცი, ირაკლი ტარიელაძე, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ამ ფაქტიდან 3 წლის შემდეგ დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დასჯილან. როგორც გარდაცვლილის დედა „ქრონიკა+“-სთან ყვება, ეს იყო განზრახ მკვლელობა.

ვინ და რატომ ცდილობდა შურისძიებას? რა კითხვები აქვს გარდაცვლილის ოჯახს? რა ეტაპზეა გამოძიება?
„ქრონიკა+“ ნანული ტარიელაძეს ესაუბრა:

_ ოზურგეთში 2016 წელს ოზურგეთის მერიამ ტენდერი გამოაცხადა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. ეს ტენდერი ზვიად ათაბაგმა მოიგო, რომელიც ჩვენი ნათესავი იყო. სწორედ ამის გამო მოსთხოვეს ჩემს შვილს პასუხი, მისგან ტენდერის დაბრუნებას ითხოვდნენ. ჩვენს სახლში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან ერთად მოვარდა ს. მ., რომელიც ჩემს შვილს საქმეს ურჩევდა, რატომ მიიღე ტენდერში მონაწილეობაო. მათ ჩემი შვილი სცემეს და სახლი დაარბიეს. ამის შემდეგ საერთოდ შეაჩერეს ეს ტენდერი. გარდა ამისა, ჩემს შვილს იჯარით ჰქონდა აღებული მიწა, რომელიც შემოღობა და პატარა „ბუტკა“ ჩადგა, ს. მ. ამ ადგილზე „კაი ბიჭებთან“, ბ. გ.-თან და სხვებთან ერთად მივარდა, მათ დაარბიეს იქაურობა. ასევე იმ ადგილას, სადაც თხილის ბაღი გვქონდა გაშენებული, ტრაქტორი მოიყვანეს და თხილი გადათხარეს. იმ პერიოდში ჩემი შვილი ბათუმში მიდიოდა, გზად კვლავ დახვდა ს. მ. თავის შვილთან ერთად, რომელთაც იარაღი და დანა ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც ჩემს შვილზე თავდასხმა სცადეს, ირაკლიმ თავის დაცვის მიზნით გააგდებინა იარაღი და დანა, რა დროსაც თავდაცვის მომენტში მათივე დანით ჭრილობა მიაყენა ს. მ.-ს, შემდეგ კი მათი გაშველება გამვლელებმა მოახერხეს. ამ ინციდენტის შემდეგ ჩემმა შვილმა გზა განაგრძო, გზად კი ს. მ.-მ მას დ. კ., ბ. გ. და მათი მეგობრები დაახვედრა, რომელთა ვინაობა ჩვენთვის უცნობია. ისინი დანით იყვნენ შეიარაღებულები. მათ მძიმე დაზიანებები მიაყენს ჩემს შვილს, მათ შორის, თავის არეში. გულში რომ არ მოხვედროდა დანა, მან ხელებით დაიცვა თავი და ღრმა ჭრილობები ჰქონდა ხელზე. ს. მ.-მ ჩემი შვილის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა.
_ თქვენმა შვილმა მასზე ძალადობის ფაქტზე პოლიციას მიმართა?
_ პოლიციამ ჩემს შვილს არ მისცა საშუალება, საჩივარი დაეწერა. ვეჭვობ, ს. მ.-ს იმჟამინდელი ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე მფარველობდა და სწორედ სიორიძის მითითებით მოქმედებდა პოლიციაც. მათ ჩემს შვილს არ მისცეს განცხადების დაწერის საშუალება. მეტიც: ჩემმა მეორე შვილმა მაშინვე ადვოკატი აიყვანა, თუმცა ადვოკატს ირაკლისთან შესვლის საშუალება არ მისცეს მანამ, სანამ ჩემმა შვილმა განცხადების დაწერაზე უარი არ განაცხადა.
ამის შემდეგ, შურისძიების მიზნით, ს. მ. ჩემს შვილს მუდმივად დასდევდა მოსაკლავად. ვინაიდან მ.-ს სიორიძე მფარველობდა, პოლიციაში მისვლას აზრი არ ჰქონდა. მეტიც: იმ პერიოდში ემიგრაციაში ვიმყოფებოდი. ს. მ.-მ დამირეკა და დამემუქრა: „იცოდე, შვილს მოგიკლავ. პოლიცია ჩემია და არ მეშინიაო“. ამ სატელეფონო ზარიდან მალევე ჩემი შვილი საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს. იარაღის გასროლის ხმა ჩემმა მეორე შვილმა გაიგო. სწორედ მან ნახა გარდაცვლილი ჩემი შვილი. ინფორმაცია მაქვს, თუ სად არის დამალული მკვლელობის იარაღი. ეს ინფორმაცია სამართალდამცველ უწყებებს მივაწოდე, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მკვლელობის დღეს ჩემი შვილი და ბ. კ. ერთად გავიდნენ ლუდის საყიდლად, რა დროსაც ჩემს შვილს ერთ-ერთმა მეზობელმა დაურეკა და მასთან სახლში მისვლა სთხოვა. ბ.-მ მითხრა, რომ რადგან მეზობელმა დაურეკა, აღარ გაჰყვა, თორემ ჩემი შვილის სახლში მარტო გაშვება არ სურდა. მგონია, რომ ჩემმა მეზობელმა შეგნებულად დაურეკა, რომ მარტო გამოეტყუებინა, ვითომ ეძმაკაცებოდა, მაგრამ მან ს. მ.-ს მითითებით დაურეკა ჩემს შვილს. თან მკვლელობის ღამეს მეზობელი, რომელმაც ჩემს შვილს დაურეკა, საერთოდ არ გამოჩენილა. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში იყო, არც შემთხვევის ადგილზე და არც საავადმყოფოში არ მისულა. მისმა ამ საქციელმა ეჭვი გამიჩინა. თან მკვლელობამდე ს. მ. და ბ. კ. ჩემს სახლს უთვალთვალებდნენ. ამის შესახებ მეზობლებმაც იციან. როგორც ჩანს, მათ აინტერესებდათ, ჩემი შვილი როგორ გადაადგილდებოდა.
_ რა მუხლით არის აღძრული თქვენი შვილის მკვლელობის საქმე და ვინ არის ბრალდებული?
_ საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული. ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის, პოლიციამაც, მაგრამ საქმეში მოწმეები არიან, შესაბამისად, დამნაშავეს ვერ აკავებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლელობიდან სამი თვის შემდეგაც კი არ იყო ჩატარებული ტანსაცმლის ექსპერტიზა. მე თვითონ მივედი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და როცა ვიკითხე ჩემი შვილის ტანსაცმლის ექსპერტიზის შესახებ, თუ როდის იქნებოდა პასუხები, მითხრეს: საერთოდ არ იძებნება მსგავსი სახელი და გვარიო. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი დღემდე არავინ არის. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავე ციხეში იჯდეს, კიდევ მემუქრება. როცა ს. მ.-სთან მივედი და ვუთხარი, ეს როგორ გამიკეთე-მეთქი, მიპასუხა: ყველას დაგწყვიტავთო. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ამ მკვლელობამდე გარვეული პერიოდით ადრე ს. მ.-ს მცდელობა ჰქონდა, ჩემი შვილი მოეკლა. გზაზე დახვდა, თუმცა მანქანაში მეზობელი ქალი ეჯდა და ამიტომ აღარ გაისროლეს. ამის შესახებ მე თავად მეზობელმა მიამბო. ასევე მინდა აღვნიშნო: ჩემი შვილის მკვლელობიდან სამი თვის შემდეგ ეზოში ვიმყოფებოდი, რა დროსაც ს. მ.-მ მანქანით გამოიარა და ჩემი მისამართით ისროლა, მან დამიძახა: „წადი აქედან, თორემ შენი შვილის გზას გაგაყოლებო“. ტყვია არ მომხვედრია, თუმცა პოლიციას გამოვუძახე და შემთხვევის ადგილზე მოვიდა. შემდეგ მითხრეს, რომ მას იარაღი ჩამოართვეს.
_ რას გეგმავთ?
_ სიკვდილამდე ვიბრძოლებ, არ გავჩერდები, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან. ეს იყო განზრახ მკვლელობა, ჩემი შვილი შურისძიების მიზნით მომიკლეს და ამისთვის სათანადოდ უნდა დაისაჯონ. სამართალს ვეძებ, არ დავიღლები.

„ქრონიკა+“-მა კონფლიქტის მეორე მხარესთანაც სცადა დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. სურვილის შემთხვევაში, რედაქცია მათ საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალებას მისცემს.

ნენე ინჯგია