ანნა ქართლელიშვილი: „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს პარლამენტში ჰეგემონად დარჩენას“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თუმცა წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მდორედ მიედინება. ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს განცდა, რომ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი.
პოლიტიკისა და არჩევნების მიმართ ახალგაზრდებს რომ ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ, ეს ჩვენი ქვეყნის მაგალითზე არახალია. როგორც წესი, ახალგაზრდები პასიურები არიან და მათი საკმაოდ დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებს.

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, 20 ივნისის აქციებმა და პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნამ ახალგაზრდების ჩართულობა გააძლიერა. აღმოჩნდა, რომ მსგავსი საკითხების მიმართ ახალმა თაობამ ინტერესი გამოავლინა.
არსებული პოლიტიკური პარტიები კი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ახალი თაობის ელექტორატს, პარტიების მთავარი ინტერესის სფერო კვლავ უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან და, შესაბამისად, მათი მისამართით გასცემენ გაცვეთილ დაპირებებს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გამონაკლისების სახით არსებობენ რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც გარკვეულწილად ითვალისწინებენ ახალგაზრდების დაკვეთასა და ინტერესებს.

როგორია პოლიტიკური ვითარება არჩევნების მოახლოებისას? რა ფორმით არიან ჩართულები ახალგაზრდები ამ პროცესებში? აქვს თუ არა მმართველ გუნდს მესამედ ხელისუფლების შენარჩუნების შანსი?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ სამოქალაქო აქტივისტ ანნა ქართლელიშვილს ესაუბრა:

_ როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს? საზოგადოების უმრავლესობას აღქმა აქვს, რომ თითქოს არ არის საარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
_ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში არჩევნების გზით პირველად შეიცვალა ხელისუფლება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იყო. 2020-ის არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანია, იგი ტესტი და საზომია საქართველოში დემოკრატიის ხარისხისა. საარჩევნო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა წინა არჩევნებისგან განსხვავებით დღეს რიგი ახალი პრობლემებია დღის წესრიგში, რომლის გათვალისწინებითაც არსებობს სხვადასხვა ხელის შემშლელი პირობა და მას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას. ვერ დაგეთანხმებით წინასაარჩევნო სამზადისის პასიურობაში, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ისტორიული მნიშვნელობის არჩევნებში სამართლიანად გამარჯვებისთვის.
_ ფიქრობთ თუ არა, რომ კორონავირუსს ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს? უკავშირებთ თუ არა გაზრდილ სტატისტიკას არჩევნების მოახლოებას?
_ ორი აზრი არ არის ამ თეზის ფაქტად ქცევაში და იმაში, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველანაირ რესურსს სათავისოდ გამოიყენებს, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორ რედფილდის მიერ წინა წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელმაც წინასწარ გაგვაფრთხილა შემოდგომა-ზამთრის პერიოდის კრიტიკულობაზე, რადგან „კოვიდ-19-ს“ ემატება გრიპის სეზონური ეპიდემიებიც, რაც, ბუნებრივია, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, თუ, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს (რისიც მე სამართლიანად არ მჯერა) წინასწარი ზომები არ ექნება შემუშავებული.
_ ხელისუფლებამ გასულ კვირას პროპორციული სიის ოცეული წარადგინა. რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება „ქართული ოცნების“ სია?
_ ძალიან მარტივი ამბავია. დავიწყოთ ივანიშვილით, რომელსაც კვლავაც კულუარული მმართველობა სურს და არანაირი პირდაპირი პასუხისმგებლობის აღებას არ გეგმავს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პირველ ნომრად გვევლინება გახარია, რომელიც თავიდან ბოლომდე დაქვემდებარებულია ივანიშვილის ერთპიროვნულ მმართველობას დანარჩენ კანდიდატებთან ერთად, რომელთა ერთობლიობაც ქმნის უიდეოლოგიო, პრორუსულ და ანტისახელმწიფოებრივ გაერთიანებას, რამაც ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანა სახელმწიფო და ქართული საზოგადოება. 8 წელია, რაც ხელისუფლება ივანიშვილის არაფორმალურ უზურპაციაშია, განვლილმა წლებმა კი ნათლად დაგვანახა, რომ არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ არის „ქართულ ოცნებაში“ სახელები, გვარები, ახალი თუ ძველი სახეები, პიროვნული თუ პროფესიული მახასიათებლები, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი პირდაპირ პროპორციაშია ბატონის მორჩილებასთან. დანარჩენი, უბრალოდ, მიღებული ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულებას მოიცავს.
_ ამ ყველაფრის პარალელურად კი ოპოზიციამ ვერ შეძლო ერთობის შენარჩუნება, მათ შორის, საერთო მაჟორიტარი კანდიდატების ნაწილში. როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოს ძალიან მრავალფეროვანი ოპოზიცია ჰყავს, რაც თითოეულ მოქალაქეს კომფორტს უქმნის და უადვილებს არჩევანს. თუმცა ზუსტად ამ მრავალფეროვნებიდან, განსხვავებული შეხედულებებიდან თუ პოლიტიკური იდეოლოგიებიდან გამომდინარეობს გარკვეულწილად და რიგ საკითხებში ერთიანობის ვერშენარჩუნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში ოპოზიცია შეჯერებული, შეთანხმებული და ერთიანია _ ივანიშვილმა ვერ უნდა შეძლოს არჩევნებში უმრავლესობის მოპოვება! პროპორციულ ნაწილში კი, ბუნებრივია, უნდა იყოს კონკურენცია, პარტიათაშორისი განსხვავებების აღქმა და პარტიული წინასაარჩევნო პროგრამის დემონსტრაცია.
_ რა როლს ასრულებს სააკაშვილის ფაქტორი წინასაარჩევნოდ და იწვევს თუ არა მისი განცხადებები პოლარიზებას?
_ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა ივანიშვილის მმართველობის. ცალსახად გასათვალისწინებელია მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, თუმცა ვერც ერთი პარტია (ეს იქნება „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა ოპოზიციური გაერთიანება) ვერ შეძლებს სასურველის მიღებას ინდივიდუალური თამაშით.
_ „ევროპულმა საქართველომ“ ბროშურებიც კი დაარიგა იმისთვის, რომ ამომრჩეველს დაენახა, რა განსხვავებაა მათსა და „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ განსხვავებას?
_ „ევროპული საქართველოს“ მთავარი მიზანი თავისუფალი ადამიანების საზოგადოების განვითარებაა საქართველოში, კოალიციური მთავრობის შექმნა და ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფი ინტეგრაცია, რასაც, ვფიქრობ, ღირსეულად და პასუხისმგებლობით გაართმევენ თავს. დღეისთვის ეს ყველაზე მისაღები იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური გაერთიანებაა ჩემთვის.
_ რა შანსები აქვს „ევროპული საქართველოდან“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას?
_ რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, რომლის შტაბშიაც ვარ და წინასაარჩევნოდ ვეხმარები, ობიექტურად ვფიქრობ, რომ დიდი შანსები გვაქვს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების, რადგან ელენე ძალიან ღირსეული, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და პრინციპული კანდიდატია. ვაკესა და საბურთალოს გარკვეულ ნაწილს გაუმართლა.
_ ზოგადად, ახალგაზრდები ნიჰილისტურად არიან განწყობილი არჩევნების მიმართ. რა შეგიძლიათ თქვათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შეცვლილია თუ არა ახალგაზრდების დამოკიდებულება?
_ 2020-ის არჩევნები ისტორიული ხასიათის არჩევნებია. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 20 ივნისის შემდეგ განვითარებული ფაქტები და ის ლომის წილი, რომელიც საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილმა საკუთარი ჯანმრთელობისა და ნერვების ხარჯზე დავდეთ. იმედია, სუბიექტურობაში არ ჩამითვლით თუ ვიტყვი, რომ საარჩევნო ცვლილებებისთვის ბრძოლაში სამოქალაქო სექტორმა (სადაც ახალგაზრდები სხვადასხვა ჯგუფში ერთი მიზნის ირგვლივ გავერთიანდით) პოლიტიკოსებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოიპოვა გამარჯვება. შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის არჩევნებში წარმატება და დიდი ინტერესითა და მონდომებით ვაკვირდებით და ვმონაწილეობთ წინასაარჩევნო საქმიანობაში.
_ რომელი პარტია ითვალისწინებს წინასაარჩევნოდ ახალგაზრდების ინტერესებს?
_ ვფიქრობ, თითოეული პარტიის ინტერესში უნდა შედიოდეს ახლგაზრდებისთვის კარგი მემკვიდრეობის გადაცემა, მათი ხედვების გათვალისწინება, თანამშრომლობა, სწავლება თუ მაგალითის მიცემა, რაც, ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივ ინტერესებშია და თვითონ პარტიებისთვისაც კარგია, როდესაც ღირსეულ და განათლებულ ადამიანებს ზრდი და უშვებ პოლიტიკურ ასპარეზზე. არის რამდენიმე პარტია, რომელიც ცდილობს ახალგაზრდებთან თანამშრობლობას, თუმცა ვის როგორ გამოსდის, საკითხავია. მე კმაყოფილი ვარ.
_ როგორია თქვენი პროგნოზი, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლას?
_ „ქართული ოცნება“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს უმრავლესობის შენარჩუნებას და მესამე ვადით ჰეგემონად დარჩენას პარლამენტში, თუმცა განსხვავებით წინა მოწვევის პარლამენტებისგან, საარჩევნო ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელსაც როგორც ყველაფერს აქვს თავისი ხარვეზი, ივანიშვილის ჩამოცილება არ იქნება ის, რაც აქამდე ხელისუფლების ცვლილებას ნიშნავდა. ეშმაკი დეტალებშია, შესაბამისად, ომის დასრულების შემდეგ მშვიდობის უნდა გვეშინოდეს, რადგან რიგი თავსატეხები ექნებათ ერთმანეთისგან განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიებს ამოსახსნელი და გადასალახი. თუმცა, ამავე დროს, საქართველოში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისთვის ძალიან კარგი პროცესები იწყება, რაც, ბუნებრივია, სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისთვის გარდამტეხ და უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს მოიტანს.

ნენე ინჯგია