COVID-19-ისგან გამდიდრებულები და „ქართული ოცნების“ დამფინანსებლები პანდემიის მეორე ტალღას ელოდებიან?!

აბა, რა სარგებლობა მოაქვს COVID-19-ს? მაგალითად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მასობრივი ტრაგედიისა და პანაშვიდების ფონზე გამდიდრდნენ? რატომ? იმიტომ რომ, თითოეულ მათგანს „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილსთვის სოლიდური თანხები აქვს ჩარიცხული შემოწირულობის სახით.

პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინში ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გეგმავს, კვლავ ამ კომპანიებს მოაგებინოს ტენდერი და გაუფორმოს მათ მილიონიანი ხელშეკრულებები, თუმცა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები პირველი ტალღის დროს გათამაშებული კორუფციული სქემის განმეორების შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.
„ქრონიკა+“ ასევე მიიჩნევს, რომ ერი უნდა იცნობდეს თავის „გმირებს“, რომლებიც პანდემიას, სავარაუდოდ, ისე ელოდებიან, როგორც ჩვენს _ ახალ წელს. ამისთვის კი საკუთარ ჯიბეს ფართოდ შლიან სახელისუფლებო კლანის დასაფინანსებლად.
„ქრონიკა+“ ცალკე გამოყოფს იმ შესყიდვებს, რომლებმაც ყურადღება მიიქციეს სხვადასხვა საეჭვო გარემოების გამო. ძირითადად, ეს გარემოებები მმართველი პარტიისა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობასთანაა დაკავშირებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შესწავლილი კონტრაქტებიდან გამოვლინდა, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვის გზით ჯამურად 45 მლნ. ლარამდე ღირებულების 68 კონტრაქტი მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. აღნიშნული 25 კომპანიის მფლობელებმა 2016-2020 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 2,3 მლნ. ლარზე მეტი შესწირეს.
რომელი კომპანიებია ისინი?
შპს „ყვარლის ედემი“, რომლის მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 65 000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277 300-ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. სასტუმროს 2013-2019 წლებში 400 000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76 000 ლარი ჰქონდა მიღებული.
შპს „ყვარლის ედემის“ დირექტორმა, ალექსანდრე მაღრაძემ, 2020 წლის 20 მარტს „ქართულ ოცნებას“ 5 000 ლარი შესწირა. „ქართული ოცნების“ შემომწირველია შპს „ყვარლის ედემის“ 50%-იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“. კომპანიის სახელით 2019 წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შესწირეს. „ქართული ოცნებისთვის“ ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა „ზიმოს“ წილის მფლობელებსაც. კერძოდ, მიმდინარე წლის 20 მარტს შპს „ზიმოს“ დირექტორმა და წილის მფლობელმა ზურაბ კიკნაძემ 25 000 ლარი შესწირა, 2019 წლის მაისში კი _ 60 000 ლარი. კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ილია ქავთარაძემ, 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 13 000 ლარი შესწირა. წილის კიდევ ერთმა მფლობელმა ლევან მარშანიამ 2020 წლის 23 მარტს „ქართულ ოცნებას“ 5 000 ლარი შესწირა. ასევე წილის მფლობელმა გია უროტაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს 17,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ამ უკანასკნელს 2019 წლის მარტში 10 000 ლარი აქვს შეწირული.
„ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში „ქართულ ოცნებისთვის“ სულ 235 000 ლარი აქვთ შეწირული. კომპანია „ზიმოს“ კი 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 19 მლნ. ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული.
აქვე დავძენთ, რომ შპს „ზიმო“ აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებდა. 2013-2017 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა.
შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“ _ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის გზით კომპანია შპს „ბაკურიანი ინნს“ სასტუმროს საკარანტინო სივრცედ გამოყენების მიზნით 21 მარტს 675 740 ლარის, ხოლო 19 მაისს 257 072 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. ჯამურად ამ კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით 932 812 ლარი მიიღო _ თითქმის მილიარდი ლარი.
3 მარტს და 12 მაისს „სასტუმრო ივერია ინმა“ ტურიზმის ადმინისტრაციისგან პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამურად 1,9 მლნ. ლარის ღირებულების ორი კონტრაქტი მიიღო. 25 მარტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან პირდაპირი შესყიდვის გზით შპს „რენესანს კონსტრაქშენმა“ 88 740-ლარიანი კონტრაქტი მიიღო. ასევე 13 მარტს ტურიზმის ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს „სასტუმრო გუდაური ინნს“ სასტუმროს საკარანტინე სივრცედ გამოყენების მიზნით 700 620-ლარიანი, ხოლო 12 მაისს 176 246-ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა. ჯამურად კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებში 876 866 ლარი მიიღო.
აღნიშნულ ოთხ სასტუმროს ერთმანეთთან ის აკავშირებს, რომ ოთხივეში გარკვეული წილის მფლობელია პაატა კოკაია, რომელმაც 2018 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა.
საგანგებო მდგომარეობის დროს პაატა კოკაიას კუთვნილმა სასტუმროებმა ჯამურად 3,8 მლნ. ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს.
სს „თ & რ დისტრიბუშენ“ _ სახელმწიფო შპს-მ „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ პირდაპირი შესყიდვის გზით, სს „თ & რ დისტრიბუშენიდან“ 200 000 ლარამდე ღირებულების სიგარეტი შეიძინა. კონტრაქტები პირველ და 23 აპრილს გაფორმდა. 2015-2020 წლებში აღნიშნულ კომპანიას სულ 875 000 ლარამდე ჯამური ღირებულების 15 კონტრაქტი აქვს მიღებული პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვით. სს „თ & რ დისტრიბუშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რაფიელ სურამელაშვილმა 2016-2017 წლებში „ქართულ ოცნებას“ 105 000 ლარი შესწირა, კომპანიის საბჭოს წევრმა ნიკა ზაუტაშვილმა ამავე პარტიასა და სალომე ზურაბიშვილს 130 000 ლარი შესწირა, კიდევ ერთმა წევრმა და კომპანიის დირექტორმა ზურაბ აღნიაშვილმა კი სხვადასხვა წელს ჯამურად 145 000 ლარი გაიღო იგივე სუბიექტების სასარგებლოდ. კომპანია „თ & რ დისტრიბუშენმა“ საკუთარი სახელით 2016-2017 წლებში „ქართულ ოცნებას“ 115 000 ლარი შესწირა.
ამ კომპანიამ და მასთან დაკავშირებულმა ყველა პირმა ერთად ჯამურად 495 000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს.
შპს „ჯი-თი გრუპი“ _ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომპანია „ჯი-თი გრუპთან“ პირდაპირი შესყიდვის წესით 13 კონტრაქტი გაფორმდა, რომელთა ჯამური ღირებულება 10 მლნ. ლარზე მეტია. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი არის 3 მლნ. ევროს ღირებულების კონტრაქტი, რომელიც „ჯი-თი გრუპთან“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის გააფორმა. გამარტივებული შესყიდვის წინაპირობა 2019 წელს თბილისის მერიისთვის 65 მლნ. ლარის ღირებულების 220 ავტობუსის მიწოდება იყო. კონტრაქტში აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 3 მლნ. ევრო სწორედ აღნიშნული ავტობუსების მომსახურებას მოხმარდა. გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გარდა, საკვლევ პერიოდში „ჯი-თი გრუპმა“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული 1,3 მლნ. ლარიანი ერთი ტენდერიც მოიგო. ამ ტენდერში კომპანიას მხოლოდ ერთი კონკურენტი _ შპს „აზია სერვისი“ ჰყავდა, რომელმაც უფრო დაბალი ფასი შესთავაზა, მაგრამ სატენდერო კომისიამ, ტექნიკური დოკუმენტაციიდან გამომდინარე, დისკვალიფიკაცია მისცა და საბოლოოდ „ჯი-თი გრუპთან“ გააფორმა კონტრაქტი. შპს „ჯი-თი გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან გოგსაძემ 2016 წელს 38 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. კომპანიის მფლობელმა გიორგი გველესიანმა კი 2016-2018 წლებში ჯამურად 120 000 ლარი შესწირა იმავე „ქართულ ოცნებას“.
2020 წლამდე კომპანიასთან 3,5 მლნ. ლარამდე ღირებულების პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტებია გაფორმებული, ხოლო ელექტრონული ტენდერებიდან „ჯი-თი გრუპს“ 100 მლნ. ლარზე მეტი აქვს მიღებული.
შპს „მზიური“ და შპს „ალფა“ _ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 4 232 800 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები გაუფორმა შპს „მზიურსა“ და შპს „ალფას“. შპს „მზიურთან“ გაფორმებული 1 424 400 აშშ დოლარის (4 531 444 ლარი) ხელშეკრულება 1,5 მილიონი ლიტრი ზეთის რუსეთის ფედერაციიდან შესყიდვას, ხოლო შპს „ალფასთან“ დადებული ხელშეკრულება 2 808 400 აშშ დოლარის (8 934 363 ლარი) ღირებულების 5 ათასი ტონა შაქრისა და 400 ტონა მაკარონის რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან შესყიდვას ითვალისწინებდა.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში მსხვილი პირდაპირი შესყიდვის მიღებამდე შპს „მზიურს“ სახელმწიფო შესყიდვების დიდი გამოცდილება არ ჰქონდა – მას არც ერთ ელექტრონულ ტენდერში არ აქვს მონაწილეობა მიღებული და 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ 13 მცირე პირდაპირი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. კომპანია „მზიურის“ დირექტორმა შოთა ბასილაშვილმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ერთი და იგივე ოდენობის თანხა, ფაქტობრივად, ერთდროულად შესწირეს. 2018 წლის 13 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ თითოეულმა 30 000 ლარი გაიღო, ხოლო 2017 წლის 11-12 სექტემბერს თითოეულმა _ 50 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“.
გამარტივებული შესყიდვით შერჩეულმა მეორე კომპანია შპს „ალფამ“ 2016 წელს 120 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. შპს „მზიურის“ მსგავსად, შპს „ალფასაც“ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება არ გააჩნია, კერძოდ, 2014-2019 წლებში მას ოთხი მცირე პირდაპირი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.
შპს „ლოჭინი“ _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის 31 მარტს პირდაპირი შესყიდვის გზით შპს „ლოჭინთან“ 750 000 ლარიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული კომპანიის 33% წილის მფლობელი ავთანდილ ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ შემომწირველია. 2017 წლის სექტემბერში მან პარტიას 10 000 ლარი შესწირა. შპს „ლოჭინს“ 2017-2020 წლებში პირდაპირი შესყიდვის წესით 1,2 მლნ. ლარის ღირებულების 3 კონტრაქტი გაუფორმდა. 2012-2020 წლებში კი მას ელექტრონული ტენდერებიდან 13 მლნ. ლარზე მეტი აქვს მიღებული. კომპანია, ძირითადად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებდა.
შპს „ეი-ბი ემ“ _ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შპს „ეი-ბი ემ“-მა პირდაპირი შესყიდვების გზით 3,1 მლნ. ლარის 5 კონტრაქტი მიიღო, მათ შორის, ყველაზე მაღალი ღირებულების _ 2 867 200 ლარიანი კონტრაქტი 18 მაისს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიას „კორონავირუსისთვის“ საჭირო სადიაგნოსტიკო ნაკრები და რეაქტივები უნდა მიეწოდებინა. 8 აპრილს, პირდაპირი შესყიდვის გზით, ლაბორატორიული რეაქტივების შესაძენად შპს „ეი-ბი ემ“-თან 200 300 ლარიანი კონტრაქტი გააფორმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. 2016 წლის აგვისტოში შპს „იე-ბი ემ“-ის დირექტორმა ალექსანდრე ხეთერელმა „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალური თანხა _ 60 000 ლარი შესწირა. „ეი-ბი ემ“-ს 2014-2020 წლებში პირდაპირი შესყიდვის წესით ჯამურად 8 მლნ. ლარის ღირებულების 162 კონტრაქტი გაუფორმდა. ამავე პერიოდში კომპანიას 4 მლნ. ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები აქვს მოგებული, უმეტესობა _ უკონკურენტოდ.
შპს „ჯეოსტარი“ _ 7 მაისს თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით 110 ათას ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა შპს „ჯეოსტარს“, რომლის ერთ-ერთ მფლობელ არჩილ მაზიაშვილს 2016 წელს 55 000 ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისთვის“. აღნიშნული კონტრაქტის გაფორმებამდე ამ კომპანიას 29 ათას ლარამდე საერთო ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები ჰქონდა მიღებული. კომპანიას ელექტრონული ტენდერი (78 000 ლარის ღირებულების) მხოლოდ ერთხელ, 2018 წელს აქვს მოგებული. შემომწირველის მონაწილეობის გარდა, ეს შემთხვევა იმითაც არის საინტერესო, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში აღნიშნული კონტრაქტი (CMR200066091) აღარ იძებნება.
ახლა მოემზადეთ _ კონტრაქტი წვერის საპარსი მოწყობილობების შესყიდვას უკავშირდებოდა. „ქრონიკა+“ ამ ტენდერს ცალკე დაუბრუნდება.
შპს „ყვარელი პალასი“ _ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 30 მარტს პირდაპირი შესყიდვის გზით სასტუმრო „ყვარელი პალასთან“ 224 440 ლარიანი კონტრაქტი გააფორმა. სასტუმროს მფლობელი შპს „აგროგანვითარებაა“, რომლის ერთ-ერთმა მფლობელმა ივანე ნიკოლაიშვილმა 2016 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა. აღნიშნულ კონტრაქტამდე 2019-2020 წლებში „ყვარელი პალასს“ პირდაპირი შესყიდვის გზით 63 000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულებები ჰქონდა მიღებული.
შპს „გიორგი – 94“ _ მიმდინარე წლის 13 აპრილს და 6 მაისს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფამ“ პირდაპირი შესყიდვის გზით, შპს „გიორგი – 94“-ს ჯამურად 48 060 ლარის ღირებულების ორი კონტრაქტი გაუფორმა. „გიორგი – 94“-ის დირექტორმა და წილის მფლობელმა გოჩა ხიხაძემ და ასევე კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა ლევან კობახიძემ 2018 წლის ნოემბერში სალომე ზურაბიშვილს 5000-5000 ლარი შესწირეს. აღნიშნულ კონტრაქტებამდე კომპანიას პირდაპირი შესყიდვის ან ელექტრონული ტენდერის გზით კონტრაქტები არ მიუღია.
შპს „გზა-მშენებელი-13“ _ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ პირდაპირი შესყიდვის გზით, 30 აპრილს, „გზა-მშენებელი-13“-ს 25 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული კომპანიის მფლობელები დალილა გაბელაია და ნიკოლოზ კვარაცხელია „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. 2018 წლის 5 სექტემბერს მათ პარტიას 5000-5000 ლარი შესწირეს. საგანგებო მდგომარეობამდე, 2012-2019 წლებში, „გზა-მშენებელი-13“-ს პირდაპირი შესყიდვების გზით ჯამურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 42 კონტრაქტი აქვს გაფორმებული. 2012-2019 წლებში კომპანიამ 11 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების ელექტრონული ტენდერი მოიგო, თუმცა უმეტეს ტენდერებში კონკურენტი არ ჰყავდა.
შპს „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ“ _ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპს“ სასტუმროს საკარანტინე სივრცედ გამოყენების მიზნით 21 მარტსა და 20 აპრილს ორი კონტრაქტი გაუფორმა. ჯამურად ამ კომპანიამ 485 290 ლარი მიიღო. „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანია, რომელმაც 2018 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა.
შპს „კ და ქართული სპირტი“ _ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს „კ და ქართული სპირტის“ სასტუმროს, საკარანტინე სივრცედ გამოყენების მიზნით, 16 და 27 მარტს ორი კონტრაქტი გაუფორმა. ჯამურად კომპანიამ 65 000 ლარი მიიღო. „კ და ქართული სპირტის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი ბექაურს 2018-2019 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 90 000 ლარი აქვს შეწირული. ბექაურმა ბოლო, 20 000-ლარიანი შემოწირულება 13 მარტს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაიღო, სამი დღის შემდეგ კი პირდაპირი შესყიდვით პირველი კონტრაქტი მიიღო. ამავე კომპანიის დირექტორმა გიორგი დამენიამ მიმდინარე წლის 15 აპრილს „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა.
შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ _ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ სასტუმროს საკარანტინე სივრცედ გამოყენების მიზნით 3 კონტრაქტი გაუფორმა, რომელთა ჯამური ღირებულება 252 183 ლარი იყო. 2020 წლამდე ამ კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული ყველაზე მსხვილი კონტრაქტი 29 000 ლარის ღირებულების იყო. 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით კომპანიას ჯამურად 260 000 ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. 2016 და 2017 წლებში ამ კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 240 000 ლარი შესწირა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა და ამავე დროს დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ 2018 წლის 19 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა. ზურაბ ჩხაიძეს სახელისუფლებო პარტიისთვის ჯამურად 300 000 ლარი აქვს შეწირული. ზურაბ ჩხაიძე ასევე არის არასამეწარმეო იურიდიულ პირ „ქართული ღვინოს“ გამგეობის წევრი. „ქართულმა ღვინომ“ 2012-2020 წლებში პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვებით 2,5 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების 35 კონტრაქტი მიიღო.
შპს Weekend _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს Weekend -ისგან 6 აპრილს 1 329 680 აშშ დოლარის (დაახლოებით 4,2 მლნ. ლარის) ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა. 7 აპრილს კომპანიამ კიდევ ერთი, 20 617 დოლარიანი (დაახლოებით 68 000 ლარის) კონტრაქტი მიიღო. შპს Weekend პირდაპირი შესყიდვით კონტრაქტებს 2020 წლის აპრილიდან იღებს და ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების გარდა 60 000 ლარამდე ჯამური ღირებულების 23 კონტრაქტი აქვს მიღებული.
შპს „ჯეოფერუმის“ 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ბონდო გოლეთიანმა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 25,000 ლარი შესწირა.
შპს „თბილისი რეფიერ კომპანი“ _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს „თბილისი რეფიერ კომპანის“ შუქნიშნებისა და სხვა საგზაო მოწყობილობების შესაძენად ჯამუეად 3 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების 2 კონტრაქტი გაუფორმა. შესყიდვის საფუძველი ამავე კომპანიასთან 2018 წელს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით გაფორმებული კონტრაქტი იყო. 2018 წლის დეკემბერში კომპანიამ თბილისის მერიის 2,7 მლნ. ლარიანი კონტრაქტი მოიგო. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა, „თბილისი რეფიერ კომპანიმ“ ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა და ფასის მიხედვით სამივე კონკურენტთან დამარცხდა. თუმცა მერიამ სამივე კონკურენტს დისკვალიფიკაცია მიანიჭა ტექნიკურ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამო და კონტრაქტი „თბილისი რეფიერ კომპანისთან“ გააფორმა. სამივე კონკურენტმა კომპანიამ მერიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭომ ერთი კომპანიის საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია, ორის კი _ არ დააკმაყოფილა.
შპს „თბილისი რეფიერ კომპანიმ“ 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. აღნიშნული კონტრაქტის გარდა, 2015-2020 წლებში „თბილისი რეფიერ კომპანიმ“ 8,3 მლნ. ლარის ჯამური ღირებულების 7 ელექტრონული ტენდერი მოიგო, თუმცა არც ერთ ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია. 2020 წლამდე კომპანია მხოლოდ თბილისის მერიის გამოცხადებულ ტენდერებს იგებდა (კონკურენტის გარეშე), სხვა უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში კი _ მარცხდებოდა. 2020 წლის თებერვალში კომპანიამ ქუთგანათების 45 400 ლარიანი ტენდერი მოიგო, ისევ უკონკურენტოდ.
შპს „ლუკა 2005“ _ 15 აპრილს თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს „ლუკა 2005“-ისგან 258 880 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი შეისყიდა. „ლუკა 2005“ 2019 წლის ივლისშია რეგისტრირებული და აღნიშნულ შესყიდვამდე მიმდინარე წლის იანვარსა და მარტში 16 000 ლარამდე ღირებულების 2 კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. შპს „ლუკა 2005“-ს 2019-2020 წლებში ელექტრონული ტენდერებით 5 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 6 ტენდერი აქვს მოგებული. აღნიშნული 6 ტენდერიდან 5-ში მას კონკურენტი არ ჰყავდა. უშუალოდ საგანგებო მდგომარეობის დროს ამ კომპანიას 2,4 მლნ. ლარამდე ჯამური ღირებულების 2 ტენდერი აქვს მოგებული. მის მიერ მოგებული ყველაზე მსხვილი ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერებია, ხოლო შესყიდვის ობიექტი ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი პურ-ფუნთუშეულის მიწოდებაა.
შპს „ლუკა 2005“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა იაშა ჩაჩუამ 2018 წლის 14 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა, ხოლო კომპანიის დირექტორმა ნუკრი მეფარიშვილმა _ 10 000 ლარი. იაშა ჩაჩუას კიდევ ერთ კომპანია შპს „ილი ჯგუფს“ პირდაპირი შესყიდვის გზით 2012-2019 წლებში 1.6 მლნ ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული. ამავე პერიოდში კომპანიას 110 მლნ. ლარის ელექტრონული ტენდერები აქვს მოგებული. მათ შორის, ყველაზე მსხვილი _ 73 მლნ. ლარიანი ტენდერი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული მსჯავრდადებულებისა და თანამშრომლების კვებით მომსახურებაში მოიგო. აღნიშნულ ტენდერში კონკურენტი მას არ ჰყოლია.
შპს „ჯეოფერუმ“ _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს „ჯეოფერუმისგან“ 6 აპრილს 521 700 ლარის ღირებულების სამედიცინო ტანსაცმელი შეისყიდა. შპს „ჯეოფერუმი“ 2019 წლის მაისში არის რეგისტრირებული და აღნიშნულ კონტრაქტამდე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონია. შპს „ჯეოფერუმის“ 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ლევან ლურსმანაშვილმა 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს _ 10 000 ლარი.
შპს „მადაგონი 2“ _ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებმა პირდაპირი შესყიდვის გზით შპს „მადაგონი 2“-თან 723 000 ლარამდე ჯამური ღირებულების 29 კონტრაქტი გააფორმეს. საგანგებო მდგომარეობამდე „მადაგონი 2“ 5000 ლარამდე ღირებულების პირდაპირ კონტრაქტებს იღებდა. კომპანიას ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება არ აქვს. შპს „მადაგონის“ დირექტორმა იური ბედინეიშვილმა 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 60 000
ლარი შესწირა.
შპს „ინ-სი“ _ თბილისის განვითარების ფონდის მიერ 2020 წლის 24 მარტს გამოცხადებულ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 მლნ. ლარი იყო, შპს „ინ-სიმ“ გაიმარჯვა 33,7 მლნ. ლარიანი შეთავაზებით. ტენდერში მას ერთი კონკურენტი _ შპს „ჯავა“ ჰყავდა, რომელმაც უფრო დაბალი ფასი შესთავაზა, მაგრამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. 2012-2020 წლებში, პირდაპირი შესყიდვის გზით, კომპანიას 123 მლნ. ლარის ჯამური ღირებულების 23 კონტრაქტი აქვს მიღებული. ელექტრონულ ტენდერებში აღნიშნულ 34-მლნიან კონტრაქტამდე მას 10 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების ტენდერები ჰქონდა მოგებული.
„ინ-სი“ ძირითადად სამშენებლო სამუშაოების შესრულებითაა დაკავებული. კომპანიის დირექტორ ზვიად თოიძეს 2016 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნებისთვის“ 50 000 ლარი აქვს შეწირული.
შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ _ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 21 მაისს პირდაპირი შესყიდვის გზით 85 000 ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“- ს. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აღნიშნულმა კომპანიამ 864 000 ლარის ჯამური ღირებულების სამი ელექტრონული ტენდერიც მოიგო. სამივე ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო გამოცხადებული და სამივეში მხოლოდ „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ მონაწილეობდა. „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“-ს 50%-იანი წილის მფლობელები ნუკრი და ნუგზარ აბალაკები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. 2017 წლის აგვისტოში და ოქტომბერში პარტიას მათ 60 000-60 000 ლარი შესწირეს. 2012-2020 წლებში ამ კომპანიას პირდაპირი შესყიდვის გზით 8,5 მლნ. ლარის ჯამური ღირებულების 59 კონტრაქტი აქვს მიღებული. ამავე პერიოდში მას 85 მლნ. ლარამდე ჯამური ღირებულების ელექტრონული ტენდერებიც აქვს მოგებული.

თამარ როსტიაშვილი