ამომრჩევლის მოსყიდვის ნაცადი ხერხი

ქობულეთში 5 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა კიტრით, პომიდვრითა და მწვანილით დაასაჩუქრა.
ინფორმაცია ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა ბონდო თედორაძემ გაავრცელა.
„ქრონიკა+“ დეპუტატ ბონდო თედორაძეს დაუკავშირდა:

_ ბატონო ბონდო, შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოხდა ქობულეთში 5 აგვისტოს და შეაფასოთ მომხდარი ფაქტი?
_ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება ყოველდღიურად ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოახერხა, რომ ჯერ საკუთარი მოსახლეობა გაეღარიბებინა და შემდეგ იგი კარტოფილითა და ხახვით მოესყიდა. თუმცა, როგორც ჩანს, წელს მენიუ შეიცვალა და აღნიშნული ბოსტნეული კიტრმა და პომიდორმა ჩაანაცვლა.
_ ვისი ხელმძღვანელობით დარიგდა კიტრი და პომიდორი?
_ სამწუხაროა, რომ ამ მოსყიდვაში საბიუჯეტო სახსრები იხარჯება, რომელიც ყველა მოქალაქის საკუთრებაა და არა _ „ქართული ოცნების“. სამარცხვინოა, სახელისუფლებო პარტიის აქტივისტებს შტაბის ხელმძღვანელი მირიან ქათამაძე ავალებდეს კიტრისა და პომიდვრის (დამპალი) დარიგებას და ამის სანაცვლოდ მშიერ თანამოქალაქეებს სთხოვდეს პირადობისა და ტელეფონის ნომრებს. ისმის კითხვა, _ პირადობისა და ტელეფონის ნომრების მოთხოვნის გარეშე დარიგება (თუ ეს სოციალური პროგრამაა) რატომ არ შეიძლება და ასევე სახელმწიფო პროგრამით განსახორციელებელ პროექტს რატომ არ ახლავს ბენეფიციართა წინასწარ განსაზღვრული წრე? სწორედ აღნიშნული გარემოება და მსგავსი სამარცხვინო ქმედება პირდაპირ ადასტურებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ზაალ მიქელაძისა და „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელ მირიან ქათამაძის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას.
ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამომრჩეველის მოსყიდვაში ბიძინა ივანიშვილის არც ერთი თეთრი არ იხარჯება, არამედ იყვლიფება სახელმწიფოს ბიუჯეტი, რომელიც ყველა პარტიას, ყველა მოქალაქეს თანაბრად ეკუთვნის და ის არ არის „ქართული ოცნების“ საკუთრება.

შეგახსენებთ: ეს შემთხვევა პირველი არ გახლავთ, როცა „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. ხელისუფლებამ 2019 წელს მარნეულში მოქალაქეებს 3 ლიტრი ზეთი, ბრინჯი, ხახვი და კარტოფილი დაურიგა.

ხვიჩა მამულაძე