მთავარი ინტერვიუ ნუნუ მიქაძე: „ჩემი შვილი სუს-ის თანამშრომელმა დააჭერინა“

ნუნუ მიქაძე: „ჩემი შვილი სუს-ის თანამშრომელმა დააჭერინა“

308
0
გაზიარება

კახა ლითანიშვილი ქურდობის ბრალდებით 2019 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. სასჯელის საბოლოო ზომად სასამართლომ მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც მსჯავრდადებულის დედა ნუნუ მიქაძე „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, მისი შვილის დაკავება სუს-ის თანამშრომელთან კონფლიქტს უკავშირდება:

_ ჩემი შვილი თბილისში 2019 წლის 29 ნოემბერს დაიჭირეს. იმ დღეს, როცა დაიჭირეს და ამის შესახებ გამომძიებელმა სატელეფონო ზარით მითხრა, ძალიან გამიკვირდა დაჭერის საბაბი, რადგან ჩემს შვილს შეძენილი ჰქონდა მობილური და მისგან მსგავსი საქციელი წარმოუდგენელი იყო. სანამ დაიჭერდნენ, რამდენიმე კვირით ადრე მობილური გადაცვალა და თან ფული დაამატა, ამ ფორმით შეიძინა ახალი ტელეფონი. ტაქსის მძღოლი კი ამბობს, რომ ჩემმა შვილმა ტელეფონი მოჰპარა. ჩემმა შვილმა პოლიციას დაკავებისთანავე უთხრა, _ განახებთ ადგილს, სადაც ტელეფონი შევიძინე და შეგიძლიათ, ვიდეოჩანაწერები ამოიღოთ, ვისგან ვიყიდე მობილურიო. თუმცა ამ დრომდე ეს ვიდეოჩანაწერები არ ამოუღიათ.
_ რას ამბობს ტაქსის მძღოლი?
_ ტაქსის მძღოლი სასამართლოზე აცხადებდა, 100%-ით მახსოვს, რომ კახა იყოო. როგორც ის აცხადებს, ნაძალადევის რაიონში კიკვიძის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამიჯდა მანქანაში და იქვე, მახლობელ ქუჩაზე ჩამოვიდა, სწორედ ამ პერიოდში მომპარა მობილურიო. თუმცა ჩემი შვილი ამბობს, რომ იმ დღეს ტაქსიში საერთოდ არ მჯდარა. თანხა არ მქონდა და ადვოკატი 2-3 კვირის შემდეგ ავიყვანეთ. ადვოკატი ცდილობდა ტაქსის მძღოლთან დაკავშირებას, თუმცა იგი მობილურს არ პასუხობდა. შემდეგ ჩემმა სიძემ გადაწყვიტა მისი ნახვა, რომ გაერკვია, სად ნახა კახა და რა მიმართულებით წაიყვანა, რომ იმ ტერიტორიაზე კამერები ამოგვეღო და გვენახა, ნამდვილად კახამ იმგზავრა თუ არა იმ დღეს მისი მანქანით. ხომ შეიძლებოდა, რომ შეშლოდა ტაქსის მძღოლს? საბოლოოდ, ჩემი სიძე შეხვდა ტაქსის მძღოლს, რომელმაც უთხრა: „შენ ხომ არ გინდა, შენც გაგხვიო შარში კახასთან ერთადო? ბევრი ახლობელი მყავს და შემიძლია, შარში გაგხვიოო“. ტაქსის მძღოლის ეს მუქარა გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
_ რა მტკიცებულებებია თქვენი შვილის წინააღმდეგ?
_ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ჩემი შვილი ტაქსიში იჯდა, მაგრამ კახა არ ცნობს თავს დამნაშავედ და არც იმას ადასტურებს, რომ იმ დღეს ტაქსიში იჯდა. ის, რომ კახას მობილურში ყველანაირი ინფორმაცია წაშლილია, ესეც გარკვეულ ეჭვს ბადებს. ტაქსის მძღოლმა ჩემს სიძესთან საუბრისას თქვა, ეს ტელეფონი ჩემი გარდაცვლილი ძმისგან სახსოვარი იყოო, სასამართლო პროცესზე კი თქვა, რომ ჩემმა შვილმა მიყიდაო. ურთიერთსაწინააღმდეგოდ საუბრობდა. მოსამართლემაც კი აღნიშნა, _ არ მომეწონა ტაქსის მძღოლის საუბარი, თუმცა თქვენ მტკიცებულებები გჭირდებათ, რომ თქვენი შვილი დამნაშავე არ არისო.
_ რას უკავშირებთ თქვენი შვილის დაჭერას?
_ ჩემთვის, როგორც ცნობილია, მას კონფლიქტი ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთან, რომელიც დამუქრებია, _ აი, ნახავ, ციხეში ჩაგაყუდებო. მომხდარს სწორედ ამას ვუკავშირებ. როგორც ჩანს, სუს-ის თანამშრომელმა თავისი სიტყვა შეასრულა და ჩემი შვილი მისი დამსახურებით მოხვდა ციხეში, სწორედ მან დააჭერინა. ჩემთვის უცნობია ამ პიროვნების ვინაობა, გარკვევის პროცესში ვარ. ამის შესახებ ჩემი შვილი, ჯერჯერობით, არ საუბრობს. ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, თვე-ნახევრის განმავლობაში შიმშილობდა და პირი ჰქონდა ამოკერილი. არავინ მიაქცია ყურადღება. კახას სთხოვდნენ, რომ დანაშაული ეღიარებინა, თუმცა რაც არ ჩაუდენია, ის რატომ უნდა აღიაროს?!
_ როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები?
_ სასამართლო რომ უნდა ყოფილიყო, კონკრეტული თარიღი იყო ჩანიშნული, თუმცა ჩემს შვილს უთხრეს, გადაიდოო. როცა ადვოკატი მივიდა მასთან, გაკვირვებულმა ჰკითხა, _ სასამართლო პროცესს რატომ არ დაესწარიო? რაზედაც კახამ უპასუხა, _ მითხრეს, რომ გადაიდოო. მოსამართლისთვის კი უთქვამთ, თითქოს ჩემმა შვილმა პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა. მეორეჯერაც იგივე განმეორდა, რის შემდეგაც ადვოკატმა საჩივარი დაწერა, თუმცა, ჯერჯერობით, რეაგირება არ ყოფილა. საბოლოოდ, სასამართლომ ჩემს შვილს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კახას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ხალი ამოკვეთეს და ყოველ 6 თვეში საჭიროებს კონსულტაციას. ამასთანავე, მას აქვს ფსორიაზის მძიმე ფორმა და სანამ ადვოკატმა არ მოითხოვა მისთვის წამლების შეტანა, ყურადღება არავინ მიაქცია.
_ გეგმავთ თუ არა გასაჩივრებას?
_ უკიდურესად მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში ვარ, შესაბამისად, ადვოკატისთვის თანხის გადახდა ძალიან მიჭირს.

ნენე ინჯგია

დატოვეთ კომენტარი