მთავარი ინტერვიუ კახა კუკავა: „თუ „ოცნება“ 40%-ში „მოყომარდება“, მაშინ დასავლეთი არჩევნების შედეგებს აღიარებს!“

კახა კუკავა: „თუ „ოცნება“ 40%-ში „მოყომარდება“, მაშინ დასავლეთი არჩევნების შედეგებს აღიარებს!“

527
0
გაზიარება

ძლიერი ოპოზიციური პარტიები დარწმუნებული არიან, რომ შემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. მეტიც: ისეთი პოლიტიკური ძალებიც კი, რომელთა რეიტინგიც ძალიან დაბალია, გამარჯვებისთვის, ანუ ხელისუფლების ხელში ასაღებად ემზადებიან. თუმცა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა, „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ ოქტომბერში ყველა მიწაზე დაეშვება და იქიდან გამომდინარე, რომ ალტერნატივა არ არსებობს, „ოცნება“ პარლამენტში, მინიმუმ, 80-მანდატიან უმრავლესობასაც შექმნის.

მოკლედ, ვინ ვის შეეკვრება ახალ პარლამენტში და რატომ მიიჩნევს, რომ საინტერესო პროცესები უფრო 31 ოქტომბრის შემდეგ დაიწყება? _ ყველაფერ ამის შესახებ ჩვენი გამოცემა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას ესაუბრა:

_ ბატონო კახა, წინასაარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, გახურდა…
_ მთლად აქტიურ ფაზაში არაა, მაგრამ დაიწყო.
_ ჰოდა, „თავისუფალი საქართველო“ რას და როგორ აპირებს?
_ მაჟორიტარების შერჩევა დავიწყეთ და ნახევარ საარჩევნო ოლქებში გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, მეორე ნახევარში კი კანდიდატებთან კონსულტაციები დასკვნით ეტაპზეა და ვიმედოვნებ, აგვისტოს ბოლოს ამ პროცესს მთლიანად დავასრულებთ.
_ თქვენი და გოგი წულაიას გარდა მაჟორიტარობის ამ კანდიდატებში ცნობილი სახეები არიან?
_ საერთოდ, ცნობილ ადამიანებზე აქცენტს ნაკლებად ვაკეთებთ, ამიტომ მაჟორიტარობის კანდიდატები „თავისუფალი საქართველოს“ აქტივიდან და ასევე ეროვნული მოძრაობის ძველი სახეებიდან იქნებიან, ანუ მწერლები, მხატვრები თუ რაგბისტები არ გვეყოლებიან.
_ რაკი მაჟორიტარებად ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს დაასახელებთ, ე. ი., უნდა ვივარაუდოთ, რომ საარჩევნოდ „თავისუფალი საქართველო“ ამომრჩევლის ეროვნულ ემოციებზე ითამაშებს?
_ დიახ, ჩვენი პროგრამის ორი ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთი ნამდვილად ეროვნული თემა იქნება.
_ „ეროვნულ თემაში“ მაინც, რა იგულისხმება?
_ ამას დიდი ისტორია აქვს.
_ ცხადია, მაგრამ უფრო კონკრეტულად?
_ მას შემდეგ, რაც ეროვნული მთავრობა დაამხეს, საქართველოში, რეალურად, კოლონიური ადმინისტრაციაა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო თავის ეროვნულ ძირებს უნდა დაუბრუნდეს.
გარდა ამისა, მიგრანტების ნაკადიც უნდა შეიზღუდოს და უცხოელებზე მიწის გაყიდვაც. ჩვენს პროგრამაში ასევე წარმოდგენილი იქნება, თუ როგორ უნდა დავიცვათ ოჯახური ტრადიციები და შევაკავოთ რელიგიური ექსპანსია, თუმცა მთავარ აქცენტს მაინც ეკონომიკის ეროვნულობაზე გავაკეთებთ, _ ჩვენი ეკონომიკა მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. იმპორტი უნდა შემცირდეს და ადგილობრივ წარმოებას მხარი უნდა დავუჭიროთ.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ, რატომღაც, ვფიქრობდი, რომ თქვენი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება ზვიად გამსახურდიას დღემდე ბურუსით მოცული გარდაცვალების გამოძიება იქნებოდა…
_ ჩვენს პროგრამაში ეს წერია, უფრო სწორად, კონკრეტულად ერთის კი არა, ყველა გახმაურებული საქმის გამოძიებას შევეცდებით.
ზოგადად, როცა სამართლებრივ რეფორმაზე ვსაუბრობთ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ ერთ რომელიმე საქმეზე კი არა, სამართლიან და მიუკერძოებულ გამოძიებაზე, რითაც ყველა გახმაურებულ საქმეს დაესმევა წერტილი.
მხოლოდ ზვიადის კი არა, უამრავი სხვა საქმეც გვაქვს, რომელიც ათეული წელია, გრძელდება. ყველაფერი ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა ღრმა კრიზისშია. მეტიც: ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, თავისი არსით, ძირმომპალია. ამ მხრივ კი ლიდერობს პროკურატურა. ყველაფერ ამის შესაცვლელად მთელი საგამოძიებო სტრუქტურის რეფორმაა საჭირო!
_ ამ კუთხით რეფორმა რომ აუცილებელია, ცხადია, გეთანხმებით, მაგრამ, ბატონო კახა, თქვენი ნებართვით, საუბრის თემას შევცვლი, ანუ როგორც მახსოვს, ელოდებოდით, რომ რომელიმე ე. წ. შუაშისტურ პარტიასთან შესაძლოა, საარჩევნო ბლოკი შეგექმნათ, თუმცა ეს იდეა არ განხორციელდა, არა?
_ დიახ, არ განხორციელდა.
_ რატომ?
_ სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ აქტიური კონსულტაციებიც არ გვქონია. უბრალოდ, გასული წლის ბოლოს მსგავსი იდეა არსებობდა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩვენთვის მისაღები პოლიტიკური ძალებისგან სერიოზული მზადყოფნა ვერ დავინახე. ამიტომ ამ ვარიანტს შევეშვით და არჩევნებზე დამოუკიდებლად გავალთ.
საერთოდ, „არანაც-ქოცურ“ ფლანგზე გაერთიანება აქტუალურია, თუმცა ეს, ალბათ, უფრო პოსტსაარჩევნო პერიოდში მოხდება, რადგან ამ არჩევნებით ცხოვრება არ მთავრდება, პირიქით.
_ პირიქით, ანუ?
_ ძალთა თანაფარდობა შეიცვლება და ახალი გადაჯგუფება დაიწყება. ამით პოლიტიკური ძალების მთელი წონა გამოჩნდება და, ვფიქრობ, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კოალიციას ვიხილავთ!
_ 2021 წლამდე საკითხავი ისაა, ახლანდელ არჩევნებს როგორ „გადავაგორებთ“. ისე, პოლიტიკურ კომპლიმენტად არ ჩამითვალოთ და წვრილი პარტიებიდან ყველაზე კარგი სასტარტო პოზიცია თქვენ გაქვთ. ყოველ შემთხვევაში, „თავისუფალი საქართველო“ უკვე რეიტინგებში ხვდება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ვის მიიჩნევთ კონკურენტად _ „ოცნებას“, „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „ლელოს“ თუ ელისაშვილის პარტიას?
_ ჩვენი კონკურენტები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ყველაზე ნაკლებად არიან.
_ რატომ?
_ სხვათა შორის, ამ საკითხს რეგიონულ შტაბებთნ შეხვედრებზე აქტიურად განვიხილავთ და სულ ვამბობ, რომ ამ ორი პარტიის ელექტორატი ძალიან შემოსაზღვრულია.
_ ეს რას ნიშნავს?
_ ძნელად წარმომიდგენია, რომ ადამიანმა, რომელიც „ნაცებს“ აძლევს ხმას, ჩვენი მხრიდან ისეთი რა არგუმენტი შეიძლება დაინახოს, რომ პოზიცია შეიცვალოს და ხუთიანის ნაცვლად 21 შემოხაზოს?
მოკლედ, ჩვენი მთავარი კონკურენტი „ლელო“, ელისაშვილი და ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტიაა.
საერთოდ, იცით, კონკურენტი რას ნიშნავს?
_ ცხადია, ვიცი.
_ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, არ ვიცი, შენ მოგცე ხმა თუ უსუფაშვილსო? ანუ იმ წუთას ჩემი კონკურენტი უსუფაშვილი იყო. დღეს კი ჩვენი კონკურნტები ისინი იქნებიან, რომლებიც „არანაც-ქოცურ“ ფლანგზე არიან!
ერთი სიტყვით, გარკვეული თვალსაზრისით კონკურენცია, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთანაც“ გვექნება, მაგრამ არა _ ამომრჩევლის გადაბირების თვალსაზრისით!
_ „ძალა ერთობაშიადან“ ვაშაძე-ჩარკვიანის გასვლა ან იგივე „ევროპულ საქართველოში“ არსებული შიდა უთანხმოებები, რომელთა შესახებაც საჯაროდ ჯერ არაფერი თქმულა, „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურ წისქვილზე დაასხამს წყალს თუ ყველაფერ ამას თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს?
_ გულწრფელად რომ გითხრათ, ამის გამო ნამდვილად არ ვწუხვარ და შეიძლება, ღიმილითაც ვუყურებდე და კონკურენტების რიგებში არეულობა მსიამოვნებდეს კიდეც, თუმცა თუ პრაგმატულად მივუდგებით, ეს საკითხი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა.
_ არადა, ასე არ უნდა იყოს, რადგან ძლიერ ოპოზიციურ ფლანგში დაწყებული არეულობით ამომრჩეველს შეიძლება, გული გაუტყდეს და სწორედ ამ გულგატეხილების „გადმობირებაზე“ უნდა იმუშაოთ. ვცდები?
_ მესმის, მაგრამ ვაშაძის „ნაციონალებისგან“ გამოყოფას ჩვენს გეგმებთან პირდაპირ არ ვაკავშირებ, რადგან იგივე „ნაციონალებთან“, წეღანდელი თქმისა არ იყოს, კონკურენციაში, ალბათ, უფრო არჩევნების შემდეგ შევალთ.
საერთოდ, ჩემი გათვლით, პარლამენტში ძალიან ბევრი _ 10-11 ძალა შევა. აქედან სისტემური პარტია „ქოცები“, „ნაცები“ და „ევროპელები“ არიან. ხუთი-ექვსი კი ისეთი პარტია შევა, რომელსაც შანსი ექნება, დიდი კოალიცია შექმნას და ხელისუფლებისთვის იბრძოლოს.
_ ბატონო კახა, ეს თემა უფრო გაშალეთ.
_ ქართული პოლიტიკა პირობითად, შეგვიძლია, სამ ლიგად დავყოთ: სერია „ა“, რომელშიც „ქოცები“ და „ნაცები“ არიან და ეს ორი პარტია ძალაუფლებისთვის იბრძვის; სერია „ბ“-ში ისინი ვართ, რომლებიც გამოკითხვებში ვხვდებით და პარლამენტში შესვლის შანსიც გვაქვს და სერია „ც“, სადაც ის პარტიები არიან, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდებიან ან ამის მიზერული შანსი აქვთ.
გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ სერია „ა“-ში გადასვლა რომელიმემ შეძლოს, თუმცა სერია „ბ“-ში პარტიების ის რაოდენობა გაჩნდება, რომელთაც, კოალიციის შექმნის შემთხვევაში, „ქოცებისა“ და „ნაცებისთვის“ რეალური კონკურენციის გაწევა შეეძლებათ.
პირდაპირ ვიტყვი და ამ ნათქვამში საკუთარ თავსაც ამოიცნობენ: რამდენიც უნდა იჭიჭყინოს, მე მესამე კი არა, პირველი ან მეორე ძალა ვარო, ეს სუფთა აფერისტობაა, რადგან დღეს „ნაცებსა“ და „ქოცებთან“ ელექტორალური კონკურენცია არავის შეუძლია!
_ მოკლედ, იმას ამბობთ, რომ ე. წ. შუაშისტური პარტიები პარლამენტში გაერთიანდებით და კოალიციას შექმნით?
_ არ ვამტკიცებ, რომ აუცილებად ასე იქნება, მაგრამ საამისოდ მეტი შანსი მოგვეცემა.
იცით, დღეს ამ პარტიებს კოალიციის შექმნაში ხელს რა უშლით?
_ რა?
_ უმეტესობას საკუთარ თავზე არარეალისტური წარმოდგენა აქვს. ამ ადამიანებთან კოალიციაში არ ვარ, მაგრამ მეგობრობა არ გამიწყვეტია და ერთი მეუბნება, რომ არჩევნებში 10 პროცენტის აღებას გეგმავს, მეორე _ 12-ის, მესამე კი _ 15-ის, მაგრამ ელექტორატი ამდენი პროცენტი არაა. აქედან გამომდინარე, არჩევნები დიაგნოზს ყველას დაუსვამს და ყველა მიწაზე დაეშვება!
_ ბატონო კახა, რატომ გამორიცხავთ, რომ პარლამენტში გასულმა პატარა პარტიებმა კოალიცია ერთმანეთთან კი არა, „ოცნებასთან“ შექმნან და ამით ივანიშვილის გუნდს მთავრობის დაკომპლექტების შანსი კიდევ ერთხელ მიეცეს?
_ არც ამას გამოვრიცხავ, თუმცა ყურადღებას იმ ფაქტორზე ვამახვილებ, რაც დღეს მესამე ცენტრის შექმნას უშლის ხელს, ანუ დღეს ისეთი სუბიექტები არ არიან, რომლებმაც მესამე ცენტრი უნდა შექმნან. ამჟამად მესამე ცენტრის შექმნაზე პრეტენზია იმ პარტიებს აქვთ, რომელთა რეიტინგიც ერთი პროცენტია. არჩევნების შემდეგ კი ადამიანი, რომელიც ნახავს, რომ 0,3 პროცენტი აიღო, მიწაზე დაეშვება.
_ თქვენი მონაცემებით, არჩევნების შემდეგ „ოცნება“ მთავრობის დაკომპლექტებას დამოუკიდებლად, ანუ საკუთარი ძალებით შეძლებს თუ საამისოდ რომელიმე მსხვილ ან, სულაც, პატარა პარტიასთან გარიგებაზე წავა?
_ „ევროპული საქართველოსთვის“ პროცენტები შეიძლება, ცოტა მომატებულია, რადგან კვლევა მისი დაკვეთით ჩატარდა, მაგრამ ის კვლევები, რომელიც „ედისონ რიჩერსმა“ გამოაქვეყნა, ვფიქრობ, რეალობასთან ახლოსაა.
_ ანუ?
_ ჩემი აზრით, „ოცნების“ რეიტინგი, პროპორციულ ნაწილში, 40-პროცენტის მიდამოებშია. თუ ცხარე კამპანია იქნება, ეს პროცენტი ცოტა დაიწევს, დუნე კამპანიის შემთხვევაში კი, შეიძლება, ცოტა აიწიოს, მაგრამ ყველაფერი ეს პლუს-მინუს ხუთი პროცენტის ფარგლებში იმერყევებს.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, დღევანდელი მონაცემებით, „ოცნებას“, ალბათ, 20 მაჟორიტარის გაყვანის შანსი აქვს. აქედან გამომდინარე, „ოცნებას“ იმის შანსიც აქვს, რომ ერთპარტიული უმრავლესობა ჩამოაყალიბოს, მაგრამ საამისოდ გარანტია არ არსებობს, ანუ შეიძლება, ერთი ან ორი პარტიის ხმები დასჭირდეს, თუმცა მთავარი მაინც სხვა რამეა.
_ რა?
_ „ოცნებას“ მყარი უმრავლესობის შანსი არ აქვს და ეს უფრო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ ვინ იქნება, მაგალითად, პრემიერი. სულ ერთ ადგილას რომ გასკდეს, „ოცნების“ მაქსიმუმი 80 ხმაა პარლამენტში. 80-ხმიანი „ოცნება“ კი უკვე „ოცნება“ აღარაა!
მოკლედ, გახარია არჩევნების შემდეგაც შეიძლება, პრემიერად დარჩეს, მაგრამ „ოცნება“, რომელსაც 80-კაციანი უმრავლესობა ექნება, ბევრად უფრო პროგრესული, კომუნიკაბელური და ზომიერი პოლიტიკური ძალა გახდება. „ოცნების“ ნერვებისმომშლელი ტონალობა იმ პირობებში იყო შესაძლებელი, როცა 2016 წელს 120 მანდატი მიიღო. ამ ოთხი წლის განმავლობაში 30 დეპუტატი გარიცხა, მაგრამ უმრავლესობა მაინც შეინარჩუნა. წლევანდელი არჩევნების შემდეგ კი „ოცნებას“ ეს კომფორტი აღარ ექნება!
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ, თქვენი აზრით, მაგალითად, „ევროპული საქართველო“, იმის სანაცვლოდ, რომ მთავრობაში რამდენიმე მინისტრის პორტფელი მიიღოს, „ოცნებას“ საპარლამენტო კოალიციას შეუქმნის?
_ კი, ამაზე, ჰიპოთეტურად, ყველა წავა.
_ თქვენც?
_ არა!
_ რატომ?
_ მე სისტემური პარტია არ ვარ! საერთოდ, „ოცნებისთვის“ ყველას ერთი ფასი არ აქვს.
_ ანუ?
_ „ოცნების“ მიერ „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციის შექმნა პიროსის გამარჯვება იქნება, ანუ ასეთ შემთხვევაში, ადგილობრივი არჩევნებისთვის „ოცნების“ რეიტინგი განახევრდება.
მოკლედ, ეს ისეთი ადვილი თემა არაა, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია! შეიძლება, ვიღაცას გეგმაშიც აქვს, რომ „ევროპული საქართველო“ სამთავრობო კოალიციაში იხილოს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ლობისტები და ექსპერტები ბჭობდნენ, ამომრჩეველი კი იცინოდაო.
_ დამისაბუთეთ, „თავისუფალი საქართველო“ „ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობას რატომ არ შეუქმნის?
_ ჩვენთვის კოალიციაში ყოფნა თვითმიზანი არაა, თუმცა თემატურ თანამშრომლობას არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გამოვრიცხავთ.
_ ე. ი., თემატურად შეიძლება, „ნაციონალებთანაც“ ითანამშრომლოთ?
_ დიახ და ამის გამოცდილება საარჩევნო კოდექსზე გვაქვს.
ასეთივე თემატური თანამშრომლობისთვის „ოცნებასთანაც“ მზად ვართ, თუმცა ჩვენ მაინც „თეთრ ყვავებად“ ვრჩებით!
_ ამას რატომ ამბობთ?
_ „ნაცებმა“, „გირჩებმა“ თუ „ქოცებმა“ ერთმანეთს რაც არ უნდა აგინონ, ყველას მაინც იდენტური ხედვა აქვს. მთელ ამ მასაში კი „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი „თეთრი ყვავია“. ამიტომ ჩვენთან თანამშრომლობა „ოცნებისთვის“ ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე _ „გირჩთან“, „ნაციონალებთან“, „ევროპულ საქართველოსა“ თუ ელისაშვილთან.
მათ, სკამების გაყოფის გარდა, იდეოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა არ მოუწევთ! იმ შემთხვევაში კი, თუ „ოცნება“ ჩვენი რვაპუნქტიანი გეგმიდან ერთსაც არ დაეთანხმება, მასთან კოალიციაში ვერ შევალთ.
ისე, ვერ წარმომიდგენია, რომ „ოცნება“ რამეში დაგვეთანხმოს. აი, თუ დაგვეთანხმება, რომ ბანკებს გამოსახლება უნდა აეკრძალოთ, მაშინ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, მაგრამ ამის პრაქტიკული შანსიც არ არსებობს.
_ ბანკებისთვის გამოსახლების აკრძალვაზე, „ტრიბუნაზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ, შესაძლოა, გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის „სტარტეგია აღმაშენებელი“ დაგეთანხმოთ.
_ აქ იმაზეა საუბარი, მთავრობა რაზე დაგვეთანხმება, თორემ როცა ოპოზიციაში არიან, ყველანი ყველაფერში გვეთანხმებიან. სხვათა შორის, ამ პოზიციას „ოცნება“ მაშინ ღიად დეკლარირებდა, როცა ოპოზიციაში იყო.
მოკლედ, „ქართული ოცნებისთვის“ „თავისუფალი საქართველო“ ყველაზე რთული პარტნიორი იქნება, რადგან, როგორც გითხარით, სხვა პარტიებთან თანამდებობების გადანაწილება მოუწევს და იდეოლოგიურ-პოლიტიკური სირთულეები არ ექნება!
„თავისუფალ საქართველოს“ სკამებთან დაკავშირებით განსაკუთრებული მადა არ აქვს, თუმცა ჩვენი პროგრამიდან ისეთი საკითხის არჩევა, რომლის რეალიზებაზე შესაძლოა, მთავრობა დასთანხმდეს, რთული იქნება!
_ ბატონო კახა, თქვენი აზრით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად, წლევანდელი საარჩევნო კამპანიაც აგრესიული იქნება?
_ ამას „ოცნებაც“ შეეცდება და „ნაციონალური მოძრაობაც“, თუმცა შუაშისტების წონა გაიზრდება.
_ ანუ?
_ ზოგი ამბობს, შუაშისტების წილი 50 პროცენტი იქნებაო, მაგრამ მე ამდენს არ ველოდები, თუმცა ამ არჩევნებზე შუაშისტების წილი 30 პროცენტიც რომ იყოს, ამით კონფიგურაცია არსებითად შეიცვლება და, შესაბამისად, კამპანიაც აგრესიული აღარ იქნება, რადგან ყველაფერი ორი ცენტრის ირგვლივ არ იტრიალებს და მარათონში სხვა პარტიებიც იქნებიან წარმოდგენილები.
სხვათა შორის, პალესტინაში სიმშვიდე მანამ არ დამყარდება, სანამ „ჰამასისა“ და „ჰათლის“ გარდა მესამე პარტია არ გამოჩნდება. საქართველოშიც ასეა, ანუ ვიდრე „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დომინანტობა შენარჩუნდება, მუდმივად სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობის ზღვარზე ვიქნებით!
_ ბოლოს, იმასაც შევეხოთ, აშშ-ის კონგრესმა საქართველოს დახმარება 15 პროცენტით რომ შეუმცირა. ელოდებით, რომ არჩევნებამდე დასავლური წნეხი „ოცნებაზე“ კიდევ უფრო გაძლიერდეს?
_ პატარა ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდ ქვეყნებს სხვანაირი სტრუქტურა აქვთ.
_ რას გულისხმობთ?
_ ბევრი თუ არა, რამდენიმე ინსტიტუტია, რომელსაც საქართველოს მიმართ თავისი ინტერესი აქვს, ანუ პენტაგონს თავისი ინტერესი აქვს, სახელმწიფო დეპარტამენტს _ თავისი, სენატს კი _ თავისი. ყველას საკმარისი რესურსიც გააჩნია, რომ საკუთარი ინტერესების ლობირება შეძლოს. ამიტომ არ მგონია, რომ აშშ-ში საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებული პოზიცია არსებობდეს, თუმცა ვფიქრობ, არჩევნების შედეგები ერთგვარი ნაპერწკალი და კატალიზატორი იქნება, თუ რომელი პოზიცია გაიმარჯვებს.
პირობითად რომ ვთქვათ, თუ „ოცნება“ 40-პროცენტში „მოყომარდება“, მაშინ დასავლეთი ამ არჩევნების შედეგებს აღიარებს, მაგრამ თუ 40-პროცენტს ასცდება, მაშინ იმის რისკი, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგეს, გაიზრდება.
_ ვერ გავიგე, არჩევნებამდე ივანიშვილისთვის დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებას ელით თუ არა?
_ ეს არარეალისტურია.
_ რატომ?
_ ეს დასავლეთის სტილი არაა. არჩევნებამდე სანქციები რომ დაუწესოს, მაშინ ელჩიც უნდა გაიწვიონ…
_ მოკლედ, ბატონო კახა, ერთმნიშვნელოვნად ვერ ამბობთ, რომ „ოცნება“ ხელისუფლებიდან მიდის, არა?
_ დიახ, ვერ ვამბობ.
ისე, „ოცნებამ“ ხელისუფლებიდან წასვლა თავადაც რომ მოინდომოს, ვერ წავა, რადგან ალტერნატივა არაა. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ძლიერია, მაგრამ ალტერნატივა ნამდვილად არაა. არჩევნების ბედს, როგორც წესი, მერყევი ამომრჩეველი წყვეტს ხოლმე. ამ მერყევი ამომრჩევლიდან კი ერთიც არ ფიქრობს, რომ „ნაცი“ ალტერნატივად განიხილოს.

გიორგი აბაშიძე

დატოვეთ კომენტარი