დათო გამცემლიძე: „დღევანდელი რეიტინგები ბევრს არაფერს ნიშნავს და მათ დიდ ყურადღებასაც ნუ მივაქცევთ“

საქართველოში და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს ესაუბრა:

_ დათო, მოგესალმები. ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ, ალბათ, ყველაზე განსხვავებული იქნება, რადგან, ერთი შეხედვით, ბევრ სხვადასხვა თემაზე მოგვიწევს საუბარი, მაგრამ ყველა თემას ექნება ერთი საერთო მნიშვნელი _ საქართველო და ქართული სახელმწიფო. მაშ, ასე: დავიწყოთ ზოგადი შეფასებებით _ როგორია საქართველოში არსებული ვითარება, მით უფრო, წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით?
_ გმადლობ. რასაც 30 წელია ვაკვირდები, როგორც ჟურნალისტი და ისტორიკოსი, 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნებით დაწყებული, ჩვენს ქვეყანაში ლამის ყველა არჩევნები „ისტორიულად“, „გადამწყვეტად“ და „საბედისწეროდ“ ითვლებოდა.
ზოგჯერ კომიზმის ელემენტებიც კი გასდევდა ამგვარ მიდგომას, როცა რუტინულ ადგილობრივ არჩევნებსაც კი ასეთივე მნიშვნელობას ანიჭებდა ხელისუფლება თუ პოლიტიკური ელიტა. მაგალითად, შემიძლია გავიხსენო 1998 წლის ან 2002 წლის მუნიციპალური არჩევნები, რომელთა შედეგი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მაინც არა განმსაზღვრელი და „საბედისწერო“.
თუმცა, სინამდვილეში, ამ პერიოდის მანძილზე ჩატარებული ბევრი საარჩევნო კამპანია, გარეგანი, ბობოქარი ვნებების მიუხედავად, არც არაფერს წყვეტდა და ვერც გადაწყვეტდა. ვთქვათ, 1995 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელთა ბედი წინასწარ გადაწყვეტილი იყო, ასევე 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ა. შ.
სულ სხვა ვითარებაა წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლის განსაკუთრებულობას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
_ იქნებ, დააკონკრეტო.
_ პირველ რიგში, ჩვენ უკვე საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და სწორედ პარლამენტი და არა პრეზიდენტი წყვეტს ხელისუფლებისა და ძალაუფლების საკითხს. შესაბამისად, თუ დაპირისპირებულ მხარეთა რესურსებს, მათ შორის, ფინანსებსა და მედიარესურსებს გავითვალისწინებთ, ეს იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ამჟამინდელი რეიტინგები ბევრს არაფერს ნიშნავს და მათ განსაკუთრებულ ყურადღებასაც ნუ მივაქცევთ.
მეორე: საერთაშორისო კონტექსტი. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება. 2003 წელს ამერიკამ, თუნდაც პოსტფაქტუმ, თუმცა მაინც „მწვანე შუქი“ აუნთო „ვარდების რევოლუციას“. ოღონდ მანამდე იმის მსგავსიც კი არაფერი ისმოდა ვაშინგტონიდან ედუარდ შევარდნაძის მიმართ, რაც ახლა ისმის კაპიტოლიუმის ბორცვიდან _ კონგრესიდან მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის შესახებ. პირველად გაიჟღერა განცხადებებმა ფინანსური დახმარების _ თუნდაც ტექნიკური დახმარების _ ნაწილობრივ გაყინვის შესახებ, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც სანქცირების მომზადება. რეგიონულ ფაქტორს უეჭველად ემატება „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებული პრობლემები, სომხეთ-აზერბაიჯან-რუსეთ-თურქეთის მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტი; ასევე ორივე რეგიონულ ზესახელმწიფოში _ თურქეთსა და რუსეთში, ასევე მათ უშუალო სამეზობლოში მიმდინარე სახიფათო პროცესები და სხვ.
და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი: ისტორიაში კანონზომიერება მუდამ სისტემურია, ანუ შეუვალი სოციალური და პოლიტიკური მიზეზებით განპირობებული: საქართველოში არც ერთი ხელისუფლება მესამე ვადით არ დაკანონებულა, _ ვერც ერთ ხელისუფლებას მესამე ვადით „თავი ვერ შეუნარჩუნებია“.
_ მესამე ფაქტორის ირგვლივ ბევრი ოპონენტი გეყოლება.
_ მესმის, მაგრამ ვიმეორებ: ეს ისეთი კანონზომიერებაა, რომლის „გადახედვამ“ შეუძლებელია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური რყევების გარეშე ჩაიაროს. თუმცა „რყევა“ ამ კონტექსტში სულაც არ ნიშნავს ამა თუ იმ მხარის გარანტირებულ გამარჯვებას ან დამარცხებას, გარდაუვალი დაპირისპირების პროცესში.
ერთი სიტყვით, სიტუაცია დაძაბულია. პოლიტიკური აქტორები ითვალისწინებენ, რომ ასევე პირველად ისტორიაში, საარჩევნო ბარიერი სულ 1%-ია. პოლიტიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის შედეგით უკმაყოფილო ძალები _ დიდნი თუ მცირენი _ უეჭველად მეტი ლეგიტიმურობის რესურსით ისარგებლებენ, ვიდრე იმ შემთხვევაში, ბარიერი რომ ვერ გადაელახათ და ქუჩის ოპოზიციად დარჩენილიყვნენ.
_ ცხადია, პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო რეგისტრს ვერ დაუწუნებ _ ლამის ერთ ხმაში აცხადებენ, რომ ყველას დაამარცხებენ, მაგრამ რა რეალობას ხედავ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ფლანგებზე?
_ ელემენტარული პოლიტიკური ტექნოლოგიაა, რომ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, საარჩევნო „კლინჩის“ წინარე პერიოდში, საკუთარ შესაძლებლობათა შეუვალ, ურყევ რწმენას უნდა ასხივებდეს და იოტისოდენი ეჭვიც კი არ უნდა ეტყობოდეს, რომ ყველას ერთპიროვნულად დაამარცხებს.
სხვა საქმეა, რომ მისი ამბიცია სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს, ანუ კომიკური ელფერი არ უნდა დაჰკრავდეს, როცა 2 ან 3-პროცენტიანი პარტია ამბობს, „ჩემი გამარჯვება გადაწყვეტილია და მთავრობას მე დავაკომპლექტებო“.
ჯერჯერობით, საარჩევნო ომის ბედს ორი ძირითადი სუბიექტი წყვეტს ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნების დროს. მხოლოდ უშუალოდ კენჭისყრას არ ვგულისხმობ, ეს პროცესის „დავიწროვება“ იქნებოდა: მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“.
_ დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ქართულ პოლიტიკას და არჩევნებს მუდამ ორი ძირითადი აქტორი ჰყავს.
_ დიახ, ისევე როგორც 1990 წელს ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდა“ და კომუნისტები; 1999 წელს ედუარდ შევარდნაძის „მოქკავშირი“ და ასლან აბაშიძის „აღორძინება“; 2003 წელს მიხეილ სააკაშვილი და პატარკაციშვილ-ვაჟა ლორთქიფანიძის „მოქალაქეთა კავშირი“… მეეჭვება, ეს დისპოზიცია არჩევნებამდე შეიცვალოს, მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებების ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ღიად განაცხადა: სწორედ ის არის მთავარი ალტერნატიული ძალა, ყველა სხვა ოპოზიციური პარტია კი მის ფარვატერში მოძრაობს, სურს ეს თუ არა.
_ უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიის მენეჯმენტს ხელისუფლებამ წარმატებით გაართვა თავი. ცხადად ვხედავთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობა ამ დრომდე ვერ ათვითცნობიერებს იმ საფრთხეს, რომელიც გვქონდა და რაც ჯერაც არსებობს. თუმცა შერჩა კი ხელისუფლებას ეს „ფორმა“, რომელიც მის წარმატებას უზრუნველყოფს არჩევნებზე?
_ ზუსტად შენიშნე, რომ ამ „ფორმას“ შენარჩუნება სჭირდება, რაკი არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიცაა „სოციალური მეხსიერება“. ჩემი შთაბეჭდილებით, მიზეზთა გამო, ეს მეხსიერება, საქართველოში განსაკუთრებით მოკლეა. ანუ, რასაკვირველია, საზარელი პანდემიის დროს მთავრობამ მნიშვნელოვანი რესურსი დააგროვა იმით, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საქართველო, ახალ ზელანდიასთან ერთად, მსოფლიოში საუკეთესოდ და სამაგალითოდ გაუმკლავდა გამოწვევას.
თუმცა ოქტომბრის ბოლომდე ეკონომიკური კრიზისი, სოციალური პრობლემები, პირველ რიგში უმუშევრობა და ახალი პოლიტიკური გამოწვევები, „ფორმის“ დაკარგვასთან ერთად, „პოლიტიკურ ფორას“ უეჭველად შეამცირებენ. შესაბამისად, ხელისუფლება იძულებული გახდება, შეინარჩუნოს „ანტიკოვიდური“ დაძაბულობა და დიდი ცდუნებაც გაუჩნდება, ეს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გააკეთოს, ანუ კარანტინი აღადგინოს, შეზღუდვები განაახლოს და ა. შ.
გარდა ამისა, მეცნიერები და ექიმები, რომელთაც მართლაც დიდებული წვლილი შეიტანეს „გვირგვინას“ მოგერიებაში, უკვე ვიხილეთ მმართველი პარტიის შეკრებაზე და სულაც არაა გამორიცხული, ისინი საარჩევნო სიაში აღმოჩნდნენ, რაც ხსენებული „პოლიტიკური ფორის“ შენარჩუნებას, ასე თუ ისე, შეუწყობს ხელს, მაგრამ… 31 ოქტომბრამდე ბევრი რამ მოხდება. შესაძლოა, სულ სხვა ატმოსფერო ჩამოყალიბდეს, რაც ეპიდემიასთან დაკავშირებულ მოტივაციებს უკანა პლანზე გადასწევს.
_ რა უნდა და რას ერჩის აშშ-ის კონგრესმენ-სენატორების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას, რომელთანაც მიმართებით, ერთი მხრივ, საქებარი სიტყვები მოვისმინეთ აშშ-ის სახელმწიფოს მდივნისგან და მაქსიმალურად დიპლომატიური განცხადება ელჩ დანგანისგან? რამდენად საფუძვლიანია ეს კრიტიკა?
_ ამ თემაზე მსჯელობისას არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები, განურჩევლად პარტიულობისა, საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობისას მუდამ ითვალისწინებენ აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციას მაშინ, როდესაც განცხადებები ეხება ამერიკის ძირეულ ინტერესთა პერიფერიაზე მდებარე სახელმწიფოს. მეზობელი მექსიკის, ინგლისის ან ისრაელის შემთხვევაში შესაძლოა, ასე არ იყოს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ნამდვილად ასეა. სხვა ყველაფერი დიპლომატია და პოლიტტექნოლოგიაა.
_ უფრო გასაგებად რომ ახსნა…
_ სხვაგვარად თუ ვიტყვით, ვაშინგტონს რაღაც განსაკუთრებით აშფოთებს საქართველოს ამჟამინდელ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში!
ამერიკულ „ფრონტერასთან“ დაკავშირებული საკითხები მხოლოდ სიმპტომია და არა შინაგანი მიზეზი.
ამას ხელისუფლება ვერსად წაუვა, რადგან ძალაუფლება გულისხმობს რისკებსა და პრობლემებს არანაკლებ, ვიდრე უფლებებსა და პრივილეგიებს.
ოღონდ მხოლოდ ეს საინვესტიციო უთანხმოებანი ნამდვილად ვერ განსაზღვრავდნენ ვაშინგტონის იმდენად რადიკალურ დამოკიდებულებას, რამდენადაც, ფაქტობრივად, „სანქცირების“ თემას გაეჟღერა პირველად ჩვენს ურთიერთობათა ისტორიაში.
ყურადღებით შევისწავლე ყველა განცხადება, დაწყებული მაიკ პომპეოს რამდენიმე თვის წინანდელი კომენტარით და ჩემი შთაბეჭდილებით, საკვანძო მაინც საქართველოს პორტების თემაა, რაკი ამერიკელებს სურთ, ეს პორტები _ პირველ რიგში ანაკლია, ასევე ფოთი _ ნამდვილად პროამერიკული ჯგუფების ხელში დარჩეს და მათი შემდგომი გასხვისებით ან ტრანსფორმაციით ამერიკის გეოპოლიტიკურმა კონკურენტებმა, ირანმა და ჩინეთმა, არ ისარგებლონ ამერიკისა და მისი რეგიონული მოკავშირეებისათვის მტრული ინტერესების განსახორციელებლად.
_ საკმაოდ გასაგები პასუხია. ბარემ წინა კითხვიდან გამომდინარე გადავიდეთ ოპოზიციაზე, _ რჩება ისეთი შთაბეჭდელება, რომ ოპოზიცია აპირებს, არჩევნები დასავლეთს, კერძოდ, აშშ-ს მოაგებინოს. ამის თქმის უფლებას თავად პარტიებისადმი მოსახლეობაში არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მაძლევს. ანუ რამდენად ემთხვევა ოპოზიციის დასავლური „სურვილები“ და რეალური შესაძლებლობები ერთმანეთს?
_ ტრადიცია უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფაქტორია და ხშირად არა უბრალოდ თვისებრივი, არამედ არსობრივიც ხდება. სწორედ არსობრივია უკვე ის გარემოება, რომ დასავლეთის, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია გადამწყვეტიც კია საქართველოში ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის.
პოლიტიკური ძალები მუდამ იბრძვიან ამ რესურსის მოსაპოვებლად როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ.
აქვე დავაზუსტებ, რომ მხედველობაში მაქვს არა ელექტორალური ან იურიდიული, არამედ პოლიტიკური ლეგიტიმაცია: კენჭისყრის ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგს პოლიტიკური ლეგიტიმურობა აღარ ექნება, თუკი დასავლეთი და მისი სტრუქტურები, ვთქვათ, „ეუთოს“ დამკვირვებელთა მისია ან კონგრესის დელეგაცია, არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ განაცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესიც და თვით კენჭისყრაც წესების დარღვევით ჩატრდა და/ანუ გაყალბდა! იყო „თავისუფალი, თუმცა არ იყო პატიოსანი“ და ა. შ.
დასავლური და ამერიკული „ლეგიტიმურობის“ მოპოვებას არა მხოლოდ ოპოზიცია ცდილობს, არამედ ასეთივე გაფაციცებით ცდილობს ხელისუფლებაც, ანუ მმართველი პარტია. სწორედ ეს გარემოება ადასტურებს: ქართული პოლიტიკური ელიტა მთლიანად პროდასავლურია, რა ურთიერთბრალდებებიც არ უნდა ისმოდეს. იგივე გარემოება ამტკიცებს იმასაც, რომ საქართველოში, საბედნიეროდ, არ არიან ნამდვილად პრორუსული პოლიტიკური ძალები, რაკი არავინ ეძებს მოსკოვურ ლეგიტიმაციას. მარგინალები არ ითვლება, რასაკვირველია. თუმცა იმ მარგინალებმაც მოსკოვს მნიშვნელოვანი შედეგი ვერ აჩვენეს ბოლო არჩევნებში და ამიტომაც დაკარგა კრემლმა მათდამი ინტერესი.
საქართველოს არც ერთი ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლების ჩათვლით, „პრორუსული“ არ ყოფილა. სხვა ყველაფერი, მათ შორის, ბრალდებები, მხოლოდ პოლიტიკური ტექნოლოგია და ინტერპრეტაციებია.
_ ახლა ოპოზიციის შანსები განვიხილოთ შემდეგ კონტექსტში: ერთი ის, რომ პოლიტიკურ სუფრაზე აბსოლუტურად ყველა სახის კერძი დევს, ანუ ყველა გემოვნების ამომრჩევლისთვის. მეორეც ის, რომ აბსოლუტურად მესმის ენმ-ის, რომელმაც არ ისურვა, საკუთარი ხმები ეჩუქებინა და გაენაწილებინა სრული ოპოზიციური სპექტრისთვის. ადრეც ვამბობდი, _ ენმ-ს სულაც არ აწყობდა არც პროპორციული და არც ეს 120/30 სისტემა. ამით პარტია, რეალურად, ხმებს კარგავს. მოკლედ, არსებული ოპოზიციური კონფიგურაციიდან რა მოლოდინები გაქვს?
_ მომავალი არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე სწორედაც ისაა, რომ როგორც თქვი, „სუფრაზე ყველა სახის კერძი დევს“. ერთპროცენტიანმა ბარიერმა ის კერძებიც კი „განაახლა“, რომელსაც დიდი ხანია „მძიმე სურნელი“ უნდა დასტყობოდა. თითქმის ყველა ცნობილ პოლიტიკოსსა და მის პარტიას აქვს შანსი, მოაგროვოს 15-17 ათასი ხმა და გადალახოს ბარიერი, ანუ მოხვდეს პარლამენტში. შესაძლოა მოხდეს ისეც, მომავალი საკანონმდებლო ორგანო ყველაზე მრავალპარტიული და კარგი გაგებით „ჭრელიც“ აღმოჩნდეს 1995 წლის შემდეგ.
პირველ პარლამენტს, რომელიც 1992 წელს ავირჩიეთ, არ ვთვლი, რადგან მაშინ სრულიად უნიკალური საარჩევნო სისტემა მოქმედებდა და ამომრჩეველი ერთდროულად სამ სხვადასხვა პარტიასა თუ ბლოკს აძლევდა ხმას.
ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველაზე დიდი და მადისაღმძვრელი „კერძი“, განსაკუთრებით პროტესტული და ხელისუფლებაზე გაბრაზებული ამომრჩევლისათვის, თავად იყოს ხსენებულ „სუფრაზე“. ამისთვის კი ყოვლად აუცილებელია, მკაფიოდ გაემიჯნოს სხვა სერიოზულ პოლიტიკურ ძალებს, რათა მათში არ „აითქვიფოს“. მიხეილ სააკაშვილის პროგრამა მაქსიმუმი ხელისუფლებაში ენმ-ის დაბრუნებაა, ხოლო მინიმუმი _ ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ფრაქციის შექმნა მომავალ პარლამენტში.
ამასთან, იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს, რომ როგორც „პროგრამა მინიმუმის“, ასევე „პროგრამა მაქსიმუმის“ თვალსაზრისით, „ნაციონალებისთვის“ იდეალური იყო შერეული საარჩევნო სისტემა 73+77. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათაც კი ვერ გაბედეს პოლიტიკურ ელიტაში არსებული კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლა, არადა, მიშა თავიდანვე ამბობდა, რომ „პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით“ მისთვის მიუღებელია, რაკი მეტისმეტად „ჭრელ“ და/ანუ, მისი აზრით, არაქმედუნარიან ხელისუფლებას წარმოშობს.
_ კრიმინალი _ თემა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. რამდენად აქვს ამ თემას და, კერძოდ, შაქარაშვილის მკვლელობას (სხვა კვალიფიკაციის მიცემას აზრი არ აქვს) და თამარ ბაჩალიაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების რეზონანსულ საქმეებს პოლიტიკურ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის უნარი, შესაძლობელობა?
_ ძალიან დიდი მნიშვნელობა და ზეგავლენის უნარი აქვთ ამ საქმეებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კრიმინოგენული ვითარება ადამიანებს ზაფრავს, აშინებს და განაწყობს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც, მოსახლეობის ამ ნაწილის აზრით, მძიმე პრობლემას ვერ უმკლავდება.
კრიმინალის შიშმა ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ჩაანაცვლა რუსეთთან ომის შიში, რომელიც რამდენიმე წლის წინათ განმსაზღვრელი იყო.
გარდა ამისა, ყველა რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, უშუალოდ არჩევნების წინ, მოვლენები შესაძლოა, ისეც განვითარდეს, პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინოს ისევე, როგორც 2012 წლის არჩევნების წინ.
გარანტირებული და გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ არც გამორიცხულია.
_ შენ ისტორიკოსი ხარ და, ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, მინდა შეხედო საკითხს: არის მოსალოდნელი შემოდგომისთვის „ცოცხის“ ახალი ეფექტი? მიმიხვდი, ხომ, რას ვგულისხმობ? ანუ ფაქტს, 2012 წლის ანალოგიით, რომელიც საზოგადოების განწყობებს ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართავს? ან ხომ არ შეიძლება სწორედ ეს დასახელებული ქეისები იქცეს „ცოცხად“?
_ დასახელებულ ქეისებში, ჯერჯერობოთ, ამის პოტენციალი არ ჩანს, თუმცა საერთო ფონს ნამდვილად ქმნიან. ახალი საქმეებიც იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც არასდროს, რელევანტურია სიტყვა-ცნება „გააჩნია“.
_ გვერდს ვერ ავუვლი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარე შეტაკებებს. სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება გასცდა ყარაბახის კონფლიქტს და ის ფორმირდება, როგორც ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება. პირველ დღეებში ქართველმა „პროდასავლელმა“ ექსპერტებმა კონფლიქტის ინსპირაცია რუსეთს შეტენეს, თუმცა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, კონფლიქტი აზერბაიჯანმა დაიწყო. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური და საექსპერტო წრეები სამეზობლოში მიმდინარე პროცესებსაც ვერ აანალიზებენ საფრთხის თვალსაზრისით, ამიტომ საინტერესო იქნებოდა შენი აღქმა ამ საკითხზე.
_ ჩემი აღქმა ისაა, რომ გრძელვადიანი თვალსაზრისით სომხეთს აზერბაიჯანთან საომარი აღარაფერი აქვს, რაკი ყველაფერი მოიპოვა 1990-1994 წლებში, რასაც უმიზნებდა; ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ქვეყანა არასდროს შეურიგდება ტერიტორიულ ხლეჩას;
ოღონდ საქმეც ისაა, რომ მოკლევადიანი, სიტუაციური თვალსაზრისით აზერბაიჯანს ნამდვილად არ სჭირდებოდა საბრძოლო მოქმედებები არა საოკუპაციო ხაზზე, ე. ი. მთიანი ყარაბაღისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, არამედ უშუალოდ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, რაკი ეს გარემოება რუსეთს მისცემს კანონიერ საფუძველს, ჩაერიოს ომში სომხეთის მხარეს: რუსეთს სომხეთთან აკავშირებს ორმხრივი ხელშეკრულება სამხედრო დახმარების შესახებ. მთიან ყარაბაღთან კი მოსკოვს სულ სხვა მიმართება აქვს: ფორმალურად ცნობს მას აზერბაიჯანის ნაწილად.
ანუ კითხვა: „რაღა აქვს საომარი სომხეთს?“ ისევე ლეგიტიმურია, როგორც საპირისპირო კითხვა: „რაღა სახელმწიფო საზღვარზე წამოიწყებდა ბაქო კონფლიქტს და არა _ მთიან ყარაბაღთან“?
ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.
თუ ვარაუდების სფეროდან „რეალ-პოლიტიკაში“ გადავინაცვლებთ, ანუ დავაკვირდებით, ახლა რა ხდება „მიწაზე“, ცხადია, რომ დაპირისპირებული მხარეები, ასე ვთქვათ, „დაამუხრუჭეს“. ვინ? ძნელი მისახვედრი არ არის. ერთი მხრივ, მოსკოვმა _ ერევანი, მეორე მხრივ, ანკარამ _ ბაქო.
როგორც ჩანს, „აქ და ახლა“ არც ერთ ამ რეგიონულ ზესახელმწიფოს კავკასიაში ომი არ აწყობს. ისედაც ეომებიან ერთმანეთს „პროქსი“, ანუ არაპირდაპირ, სირიასა და ლიბიაში.
_ და აქვე, იარაღის თემა: დავიჯერო, კონფლიქტის მხარეების იარაღით მომარაგების საკითხი, თუნდაც საქართველოში ტრანზიტი, არ კონტროლდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ? სხვა თუ არაფერი, ფინანსურ ტრანზაქციებსაც კი აკონტროლებენ და იარაღის საკითხი ქართველი მებაჟის ნებაზეა დამოკიდებული?
_ ძალიან საინტერესო თემაა. უპირველ ყოვლისა, დღეს არ არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს არც ერთი რეზოლუცია, რომელიც აკრძალავდა სომხეთისთვის ან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას.
სხვა საქმეა გეოპოლიტიკური ასპექტი. აქ საქართველო, უკვე თითქმის 30 წელია, ატარებს „თანაბარდაშორების“ პოლიტიკას. ეს ნეიტრალიტეტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც, მარტივად თუ ვიტყვით, ორი „ოფცია“ აქვს: ან არც ერთი მხარისთვის განკუთვნილი იარაღი არ უნდა გაატარო, ან ორივე მიმართულებით უნდა გაატარო იარაღი.
ასე იქცეოდა საქართველოს ყველა მთავრობა, დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან _ დღემდე. საქართველოში წარმოებულ СУ-25 მოიერიშე ბომბდამშენებსაც ორივე მხარეს ვაწვდიდით თითქმის თანაბარი რაოდენობით.
აზერბაიჯანი უხვად იღებს იარაღს მოკავშირე თურქეთისგან და ისრაელიდან საქართველოს ტერიტორიისა და საგარეო სივრცის გავლით. ასევე სომხეთი იღებს იარაღს რუსეთისგან საქართველოს გავლით.
ამერიკის შეერთებული შტატები ამ ვითარებას, ჯერჯერობით, მხოლოდ აკვირდება. ოღონდ არა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვერ მოსთხოვს, არ გაატაროს თურქული იარაღი აზერბაიჯანში ან რუსული იარაღი _ სომეხთში, არამედ უპირატესად იმ მიზეზით, რომ თავადაც იცავს აქ გარკვეულ „ბალანსს“ სომხეთ-აზერბაიჯანს, რუსეთ-თურქეთს შორის და საქართველოს პოზიცია ამ ბალანსის შემადგენლად მიაჩნია.
_ აქვე გვერდს ვერ ავუვლი ბეირუთში მომხდარ ფაქტს, რომელთანაც მიმართებით ბათუმის თემა გაჟღერდა. თუ შეიძლება, ამაზე უფრო მეტად დეტალურად…
_ ამონიუმის გვარჯილა, რომელიც ბეირუთში აფეთქდა, რუსთავის „აზოტშია“ წარმოებული. ეს ქარხანა ამ ნივთიერებას, რომელიც როგორც სასუქად შეიძლება გამოიყენო, ასევე ასაფეთქებელ ნივთიერებად, უკვე 50 წელზე მეტია, ყიდის მსოფლიო ბაზრებზე და ამაში უკანონო ან, მით უმეტეს, კრიმინალური არაფერია.
სხვა საქმეა, რომ იმ გემის მეპატრონემ, რომელსაც ფეთქებადსაშიში ნივთიერება თითქოს მოზამბიკში მიჰქონდა, საბუთების მიხედვით, მოულოდნელად იგი ბეირუთში „ჩაიტანა“, ანუ, შეიძლება ითქვას, კონფლიქტის ზონაში.
ეს, ჯერ კიდევ, 2013 წელს მოხდა. გემის მფლობელი ან დამქირავებელი რუსეთის მოქალაქეა, კაპიტანიც რუსია, ეკიპაჟი რუსულია, თვით გემი ბულგარულია, ხოლო დროშა _ ანუ სტატუსი მოლდოვური ჰქონდა. „აზოტსაც“ დღეს სულ სხვა მფლობელი ჰყავს და ეს საწარმო ბოლო 20 წლის განმავლოაბში ხელიდან ხელში გადადიოდა.
საეჭვო გარემოებები საქმეში აშკარაა, მაგრამ დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თუ კრიმინალურ „კვალზეა“ ლაპარაკი, ამ კვალს სხვა ქალაქებში უფრო მივყავართ, ვიდრე _ ქალაქ რუსთავში.
ვიმეორებ: თავისთავად არაფერი უკანონი ამონიუმის გვარჯილის ექსპორტში არ არის, თუნდაც მიზანი მისგან სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერების წარმოება იყოს. მოზამბიკის ქარხანაში რამდენიმე ქვეყნიდან ჩააქვთ ამონიუმი, რათა მისგან სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერება დაამზადონ. ესეც სრულიად ლეგალური საქმიანობაა. ოღონდ ვიღაცამ, გასარკვევია ვინ, განიზრახა, საშიში ტვირთი იქ აღმოჩენილიყო, სადაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლლა“ მოქმედებს _ უკვე ათეულობით წლის განმავლობაში რომ ეომება მეზობელ პატარა სახელმწიფოს. ეს სახელმწიფოც რომ ამას დიდხანს არ მოითმენდა, ცხადია.
რებუსებით გვიხდება ლაპარაკი, მაგრამ რას ვიზამთ? _ ისიც სიმპტომატური იქნება, დაინიშნება თუ არა საერთაშორისო გამოძიება.
_ პრინციპში, იქ მოვლენები ახლა ისე ვითარდება, რომ სულ მალე გახდება ცხადი ბევრი რამ _ რევოლუციურ პროცესს ვგულისხმობ, რაც უდავოდ ამ აფეთქებას მოყვა ან აფეთქება იყო წინაპირობა. ზემოთ მოყვანილი კითხვები, რაზედაც მოგიწია პასუხის გაცემა, იმისთვის მჭირდებოდა, რომ ახლა დამესვა შემდეგი კითხვა, _ ყველაფერი ეს როგორ მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე? და მეტიც: როგორია ამჟამად ჩვენი საერთაშორისო პოზიციები, თუნდაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში?
_ საქართველო იმყოფება ინტერესთა გარკვეულ „ბალანსში“, რომელსაც ქმნის არა თვით საქართველო, არამედ ის სახელმწიფოები, ის „ძალის ცენტრები“, რომელთა „ძალუმი ველი“ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე, მეტად ან ნაკლებად. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. თუმცა ეს „მეტნაკლებობა“ მაინც ქმნის ბალანსს.
დავასახელოთ ეს „ძალუმი ველები“: მოსკოვი, ანკარა, ბაქო, ერევანი, ვაშინგტონი, ბრიუსელი, ბოლო დროს უკვე პეკინი და თეირანი. ვიმეორებ: ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, თუმცა ამით „ბალანსი“ მაინც იქმნება.
პატარა და სუსტი _ არა უბრალოდ „პატარა“ _ შვეიცარიაც „პატარაა“, არამედ „სუსტი“ ქვეყნის ბედისწერა ასეთია: სცადოს ამ „ქსოვილში“ საკუთარი ინტერესების დაცვა იმ პრიორიტეტების შესაბამისად, რასაც ისახავს კონკრეტულ პერიოდში კონკრეტული მთავრობა.
სხვა საქმეა, რამდენად სწორად განსაზღვრავს ამ პრიორიტეტებს ამჟამინდელი მთავრობა, მაგრამ, როგორც იტყვიან, რაც არის ის არის: დღეს პრიორიტეტად ითვლება იმ „სტატუს-კვოს“ როგორმე შენარჩუნება, რაც ჩამოყალიბდა 2008 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს ბაქო-თბილისი-გორი-ბათუმი-სტამბოლის სტრატეგიული ავტომაგისტრალი.
ამ ბალანსის შენარჩუნება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: რუსეთს იგი აღარ აწყობს და მის დარღვევას „სინჯავს“. ამას ადასტურებს სწორედ გაუთავებელი „მცოცავი ბორდერიზაცია“ _ სულ უფრო ახლოს სტრატეგიულ ავტომაგისტრალთან.
შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად სწორად არის შერჩეული ეს პრიორიტეტი ან რომელი მთავრობა მოახერხებდა უკეთ ამ ინტერესის განხორციელებას, თუმცა ეს სხვა, უფრო „თეორიული“ საკითხია.
_ შესაძლოა, ეს არჩევნებს პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ ჩვენ, ამ თუ სხვა ხელისუფლების პირობებში, მოგვიწევს რაღაც სახის პასუხის გაცემა „აფხაზურ ინიციატივებზე“. კარგი იქნება, თუ ეს პასუხები კვლავ „სასარგებლო იდიოტის“ პოზიციიდან არ გაიცემა. მაგრამ ცხადია, რომ რაღაც სიმპტომები უნდა გამოვავლინოთ. აქ რა პერსპექტივები არსებობს? ეს იმის მიუხედავად, რომ ჩემი და შენი პოზიცია სეპარატისტულ-ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.
_ ისტორიული ფაქტები გავიხსენოთ, რადგან მსჯელობის რა სტილსაც არ უნდა მივმართოთ, ყველაზე რელევანტური მაინც „წყალგაუვალი ფაქტებით“ მსჯელობაა:
1996 წელს თბილისში ჩამოვიდა აფხაზური სეპარატიზმის ისტორიული ლიდერი, კონსტანტინე ოზგანი. ჩამოვიდა მარტო, იმ ცბიერი საბაბით, თითქოს საქართველოს ხელისუფლებასთან _ შევარდნაძესთან _ გაემართა მოლაპარაკება ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ.
სინამდვილეში, რასაკვირველია, ამიტომ კი არ ჩამობრძანდა, არამედ იმ მიზნით, რათა განეხორციელებინა ძალიან ეშმაკური პოლიტიკური „ტექნოლოგია“ მოსკოვის „რბილი შანტაჟისა“.
საქმე ისაა, რომ ზუსტად მაშინ წარმოიშვა კონფლიქტი სოხუმსა და მოსკოვს შორის, რადგან აფხაზმა „ბოევიკებმა“ გუდაუთაში რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რამაც რუსეთში დიდი აღშფოთება გამოწივია და აფხაზეთს დახმარება შეუწყვიტეს.
ოზგანის ვიზიტით აფხაზებმა „რბილად“ გააფრთხილეს მოსკოვი, რომ თუ მეტისმეტად გააძლიერებენ „ზეწოლას“, მაშინ აფხაზეთის ხელისუფლება თბილისთან, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან გამართავდა დიალოგს, რაც მოსკოვისთვის სახიფათო იქნებოდა, რაკი ამით საქართველოზე ზეწოლის „ბერკეტს“ დაკარგავდა. ამ ტექნოლოგიამ „ბრწყინვალე“ შედეგი მაშინვე გამოიღო და მოსკოვმა წნეხი მოხსნა.
მეორედ, უკვე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, როდესაც კვლავ წარმოიშვა უთანხმოება სოხუმსა და მოსკოვს შორის და რუსეთმა აფხაზეთთან საზღვარი ჩაკეტა, შესაბამისად, აფხაზური პროდუქციის შეტანაც აკრძალა, იმავე აფხაზური სეპარატიზმის მეორე ისტორიული ლიდერი, სერგეი შამბა თბილისში ჩამოვიდა, ხოლო NAთO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, რუსეთში ლამის უპირველეს მტრად მიჩნეული ხავიერ სოლანა (ეს ბევრს აღარ ახსოვს), სოხუმში მიიწვიეს.
მაშინ ერთ-ერთი ასეთი „ქართველი სასარგებლო იდიოტი“, ვისაც ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავა, ტელევიზიით „გამოვარდა“ და იყვირა: „ძვირფასო აფხაზებო, რუსეთის ჯინაზე მანდარინს მთლიანად ჩვენ ვიყიდით ბიუჯეტის ხარჯზეო“.
_ მახსოვს…
_ ამის თქმა იყო და მოსკოვმა მაშინვე გახსნა საზღვარი. დღესაც იგივე ხდება. დააკვირდი: მოსკოვი მოითხოვს, აფხაზეთის მთავრობამ ნება დართოს რუსებს იყიდონ ბინები და სახლები აფხაზეთში. აფხაზები ამას არ თანხმდებიან. შესაბამისად, მოსკოვმა შეუწყვიტა ფინანსური დახმარება და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამიტომ ისევ მიმართავენ იგივე გაიძვერულ „ტექნოლოგიას“: გამოდიან ვითომ შემრიგებლური განცხადებებით ქართველი „სასარგებლო იდიოტების“ იმედად, რათა კვლავ „რბილად დააშანტაჟონ“ მოსკოვი და ფინანსური დახმარება განაახლებინონ.
_ ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ ვალდებულნიც კი ვიყავით, ამ გაიძვერული ტექნოლოგიის პრაგმატული პასუხი, ფორმულა მოგვეძებნა…
_ ამ გაიძვერულ „ტექნოლოგიაზე“ არსებობს ერთადერთი „კონტრტექნოლოგია“: „გვიჩვენეთ არა სიტყვით, არამედ საქმით, რომ მართლა გსურთ შერიგება ან მორიგება _ თუნდაც ისეთი „პატარა“ ნაბიჯით, როგორიცაა ენგურის ხიდზე ავტობუსის დანიშვნა, რათა ადამიანები არ იტანჯებოდნენ ან ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის განახლება“. მაგრამ ამას ქართველი „სასარგებლო იდიოტები“, რასაკვირველია, არ ეტყვიან: ოღონდ იქედან რაიმე „კეთილი სიტყვა“ გაიგონონ და…
გარწმუნებ: არც ერთ თუნდაც მცირე ნაბიჯს სეპარატისტები არ გადადგამენ, რაკი ეს აღარც დასჭირდებათ: საუბედუროდ, ქართველ „სასარგებლო იდიოტთა ლეგიონი“ მეტისმეტად მრავალრიცხოვანი და ამოუწურავია.
_ ისევ მომავალ არჩევნებსა და მის სავარაუდო შედეგებს დავუბრუნდეთ. ერთმნიშვნელოვნად არსებობს იმის მოლოდინი, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ჩვენ გვეყოლება ნამდვილად ღირებულებითი კოალიციური მთავრობა? ღირებულებითში არ ვგულულისხმობ „ოცნებასთან“ და ენმ-სთან აფილირებული ერთკაციანი პარტიების კოალიციას, რაც ჩვენთვის თვალში ნაცრის შეყრა იქნება.
_ მე იმაშიც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ „ოცნება“ წააგებს ამ არჩევნებს. კომიკურია, როდესაც პარტიები ჯერ მოუგებელი არჩევნების შედეგად „კუთვნილ“ თანამდებობებს იყოფენ. ეს საშინლად აღიზიანებს ხალხს და განსაკუთრებით იმ „გადაუწყვეტელ“ ამომრჩეველს, რომელიც ამ ქვეყანაში ტრადიციულად მრავალრიცხოვანია.
მაგრამ თუ „ოცნება“ მართლაც დამარცხდა, მაშინ კოალიცია ნამდვილად გარდაუვალია, რადგან არც ერთ პარტიას არ ეყოფა ხმები, დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მთავრობა. ამიტომაც ვამბობ: ერთადერთი ოპოზიციური პარტია, ვისაც აწყობდა „შერეული“ სისტემა 73+77, იყო მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან თუ იგი მოიგებდა „პროპორციულ არჩევნებს“, თითქმის ყველა „მეოცნებე“ მაჟორიტარი მაშინვე „გადახტებოდა“ მის გემზე. დღეს კი მხოლოდ 30 მაჟორიტარია. მაშასადამე, კოალიცია გარდაუვალი იქნება ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.
„ოცნებას“ რაც შეეხება, მას მხოლოდ აბსოლუტური გამარჯვება სჭირდება, რადგან თუ ოდნავ „სათუო“ გახდა, ანუ დაახლოებთ თანაბარი შედეგი იქნა, მაშინვე ატყდება „გემიდან გადამხტომ არსებათა ტყაპა-ტყუპი“. ბოდიში ასეთი მეტაფორისთვის.
_ დაბოლოს, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ: იქნება თუ არა ამ არჩევნების შედეგებისთვის გადამწყვეტი საერთაშორისო ლეგიტიმაციის საკითხი?
_ აუცილებლად! როგორც ყოველთვის. ოღონდ იმ დათქმით, თუ ჩემ მიერ ზემოთ ხსენებული და ძლივსმიღწეული გეოპოლიტიკური „ბალანსის“ დარღვევად არ მიიჩნევენ ამა თუ იმ შედეგს დასავლურ დედაქალაქებში.
_ გმადლობ, საინტერესო ინტერვიუსთვის. წინ მართლაც რთული შემოდგომა გველის და კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს მსჯელობა უამრავ თემაზე.

გეგა სილაგავა