მთავარი ინტერვიუ ბესო ჩუბინიძე: „ამ ქვეყანაში ყველაფერი ქართული უნდა იყოს პრიორიტეტი!“

ბესო ჩუბინიძე: „ამ ქვეყანაში ყველაფერი ქართული უნდა იყოს პრიორიტეტი!“

347
0
გაზიარება

წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ძალა შეგვემატა, რომელიც აქტიურ კამპანიას სექტემბრიდან დაიწყებს. „ქართული ფესვები“ _ ასე ჰქვია პოლიტიკურ გაერთიანებას, სადაც ყველა წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აპოლიტიკური წარსულითა და ცხოვრების წესით გამოირჩევა.
ადამიანებმა, რომლებსაც პოლიტიკასთან შეხება არასდროს ჰქონიათ, სწორედ დღეს გადაწყვიტეს პოლიტიკაში მოსვლა და საკუთარი ბედის ცდა. „ქართული ფესვების“ წევრებს, სხვებისგან განსხვავებით, არ გააჩნიათ ბინძური პოლიტიკური წარსული, თუმცა სიმღერით და ცეკვით რომ ქვეყნის მართვა ვერ და არ გამოდის, ამაში ყველაზე მეტად ივანიშვილის გარემოცვამ დაგვარწმუნა და კიდევ ერთი: ის, რაც ივანიშვილმა ნამდვილად გვასწავლა, ეს არის ოცნება.

რა გეგმები და მიზნები აქვს ახალ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ფესვებს“? ვინ არიან მისი წევრები და როგორ აპირებენ ისინი ბრძოლას პოლიტიკურ არენაზე? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს პარტიის ერთ-ერთი წევრი, ჟურნალისტი და ახლა უკვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში, ბესო ჩუბინიძე ესაუბრება:

_ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ფესვები“ შექმნა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ბატონმა თენგიზ ოქროპილაშვილმა. იგი სულით ხორცამდე პატრიოტი ადამიანია. მას აქვს თავისი ბიზნესი, მუშაობს, უამრავი ქართველი ჰყავს დასაქმებული ფილადელფიაში. ეს ორი სიტყვა კი ხსნის იმას, თუ რა იდეოლოგიას უნდა ემსახურებოდეს ეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება. პირველი საუბარი ჰქონდათ ბატონ ნუგზარ კვაშალთან. ეს იყო მისი გასტროლების დროს ფილადელფიაში იანვრის ბოლოს. ბატონ თენგიზს უამრავი ხელოვანი ადამიანი მიჰყავს ხოლმე ამერიკაში და ბევრი ღონისძიება აქვთ გამართული საკუთარ რესტორანში. პატრიოტები და გულიანი ხალხი ისე უყურებს პოლიტიკას, თითქოს მარტო გული იყოს საჭირო და არა _ ფული. მოინდომეს ამ ადამიანებმა და გააკეთეს ეს გაერთიანება, თუმცა ძალიან ცუდად დაემთხვა „კოვიდ 19-ის“ პანდემია. მიუხედავად ამისა, შუა პანდემიის დროს, აპრილში, ოფიციალურად დაფუძნდა „ქართული ფესვები“, ყრილობა ფოთში გაიმართა და ასე შეიქმნა იურიდიული თვალსაზრისით ეს გაერთიანება.
_ ფოთში რატომ?
_ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბიძინა ჩაჩიბაია, ფოთელია და ტექნიკური თვალსაზრისით უფრო კომფორტული იყო.
_ ეს არის პოლიტიკური გაერთიანება თუ პარტიის სახელითაც შეგიძლიათ საქმიანობის გაგრძელება?
_ იურიდიულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაა „ქართული ფესვები“ და ცესკო-შიც ამ სახელითაა რეგისტრირებული.
_ ჩატარდა ყრილობა და როგორ მოხვდით გაერთიანებაში?
_ დამფუძნებელთა შეხედულები, ვინც ამ გაერთიანებაში იქნებოდა, ყველას პატრიოტული სულისკვეთების უნდა ყოფილიყო და მეც ერთ-ერთი აღმომაჩინეს. ნუგზარ კვაშალმა წარუდგინა ჩემი თავი. ცხოვრებაში პარტიული არასოდეს ვყოფილვარ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 1989 წელს დიდმა აკაკი ბაქრაძემ „რუსთაველის საზოგადოება“ როცა ჩამოაყალიბა, მან მიმიღო წევრად და მაჩუქა პარტიული მანდატი. ეს იყო ჩემს ღრმა ბავშვობაში, ეროვნული მოძრაობის დაწყების დროს. დღეს პირველი მცდელობაა, რომ „ქართულ ფესვებს“ ოფიციალურად შემოვუერთდი, რადგან ის იდეოლოგია, ლოგიკა, რაც მას აქვს, ჩემთვის ამდენი წლის მანძილზე მისაღებია და რისთვისაც პირდაპირი და ირიბი გაგებით სისხლს ვღვრიდი. ჩავთვალე, რომ მთელ ჩემს რესურსს შევწირავ ამ გაერთიანებას, რომელსაც ჰქვია „ქართული ფესვები“. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. მათ ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდნენ და რაც მთავარია, იციან, თუ როგორ ვაფასებ და გვერდით ვუდგავარ ქართულ ხელოვნებას. სამწუხაროდ, ხელოვანი ხალხის უფლებების დამცველიც კი არ გამოჩდა საკანონმდებლო ორგანოში არავინ, ერთ ლობისტიც კი ვერ მოინახავ, რომელიც უბრალოდ მხარს დაუჭერდა ამ ხალხს. ტურიზმს უამრავი ლობისტი აღმოაჩნდა, სოფლის მეურნეობას, სასტუმრო ბიზნესსაც კი და ხელოვნება, კულტურა, რითიც მთელი ერი ვამაყობთ, მივიწყებული სფეროა.
ღირებულებების სერიოზული დეფიციტია ქვეყანაში. ბოლო გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ ისიც კი არ იცის, არჩევნებში ვინ შემოხაზოს და ვის მისცეს ხმა, იმდენად ნეგატიური გახადეს პოლიტიკა. ლოგიკურია, რომ „ქართულმა ფესვებმა“ წინა ხაზზე გამოიტანოს ის პრიორიტეტები, რასაც ჰქვია ქართული კულტურა და ხელოვნება, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა. ქვეყნის დამცველთა ძალა არის ქართველი ვეტერანები. ადამიანები, რომლებიც ისევ ქვედა ზღვარზე არიან სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ქართველი ხელოვანები და აბა, დაფიქრდით, _ უნდა იყოს თუ არა ეს სამი ძალა პრიორიტეტი? სწორედ ამ პრიორიტეტებით გავაგრძელებ ბრძოლას ჩემი ქვეყნისთვის.
ნატოსკენ რომ მივისწრაფით, ნატოს წევრი ქვეყნის თუნდაც ვეტერანები იცით, რა დაფასებულები არიან? არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით, არამედ სახელმწიფოსგან აქტივობების სუბსიდირების თვალსაზრისითაც კი. ჩვენს ვეტერანებს თუ არ მივაქციეთ ყურადღება, პატივი არ ვეცით, არ დაველაპარაკეთ, სხვა რაზე უნდა ვიზრუნოთ? ჯარში წასვლის სურვილიც კი არ აქვთ ახალგაზრდებს და „გირჩის“ იდეოლოგიაზე გადართეს ვაჟკაცი ბიჭების აზროვნება. ამას წინათ ინფორმაცია მომაწოდეს, რომ მარტო ხაშურიდან 150 წვევამდელიდან 120-მა ამ მავნებლური ორგანიზაციის, „გირჩის მამაოს“ და „ეპისკოპოსის“ ცნობა მიიტანა იმის გამო, რომ ქვეყანას არ ემსახუროს. არ უნდა გახდეს დასაცინი დეზერტირობა და იმ ორგანიზაციის წევრობა, რომელსაც მთელი ქვეყანა დედას აგინებს! რა „გირჩის მამაო“?! რა „ეპისკოპოსობა“?! რა ალტერნატიული რელიგია?! რა დაგემართათ, ჩემო ახალგაზრდა ვაჟკაცო ბიჭებო?! თქვენი ასაკის რომ ვიყავი, მე და ჩემი თაობის ხალხი იარაღით ხელში ვიცავდით სოხუმს. თქვენ რამ შეგაშინათ და რამ დაგაკნინათ ასე?!
_ ამ შემთხვევაში „გირჩს“ ძალით არავინ წაუყვანია და ფაქტია, რომ ამ ახალგაზრდებს არ უნდათ ჯარში მსახურობა.
_ ჰოდა, ესაა სირცხვილი და ამ ქმედების გამართლების საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ეს ორგანიზაცია. ტროლიზმით გამორჩეული ორგანიზაცია, ადამიანები, რომლებიც მასობრივად ანადგურებენ ქართულ ღირებულებებს. ჩემი მიზანი იყო და ყოველთვის იქნება, რომ ახალგაზრდებში შევიტანო პატრიოტული მუხტი, ხელშეუხებელი ქართული ღირებულებების ფასი დავანახო ყველა საშუალებით და ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ისინი არიან ქართული ფესვებიდან წამოსულები.
_ ეს საუბარი შორს წაგვიყვანს და ისევ თქვენს გაერთიანებას დავუბრუნდეთ. ვინ არიან პარტიის წევრები?
_ „ქართული ფესვების“ მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატს გეტყვით: გურიაში ლეგენდარულ ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, მუსიკოსი, ყველა ქართველისთვის საყვარელი ადამიანი, ნუგზარ კვაშალი წარადგენს „ქართულ ფესვებს“; ზემო აჭარაში დიდი ქართველი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე; ქუთაისში უდავო პატრიოტი საკუთარი ქალაქისა, პოეტი და მწერალი ნათია ჯიმშელეიშვილი; რაჭა-ლეჩხუმი _ ქვემო სვანეთში ნოდარ ლიპარტელიანი, სხვათა შორის, ის ზვიად გამსახურდიას მთავრობის დრო რეგიონის პირველი პრეფექტი იყო; მე კი ჩემი მშობლიური რუსთავი და მიმდებარე 10 სოფელი მექნება სამაჟორიტარო ოლქად ჩაბარებული. აქვე, ექსკლუზიურად შემიძლია გითხრათ, რომ თელავის საარჩევნო ოლქში „ქართული ფესვები“ ღირსეულ ქართველ ხელოვან კაცს, ბატონ გეგე სულხანიშვილს წარადგენს.
_ აქტიურ საარჩევნო კამპანიას როდის იწყებთ?
_ პირველი სექტემბრიდან, რადგან ახლა ტექნიკური სამუშაოები და რეგიონული ოფისების გახსნა მიმდინარეობს.
_ „ქართულ ფესვებს“ საფუძველი ჩაუყარა თენგიზ ოქროპილაშვილმა ამერიკაში, რომლის მიზანიც იყო ქართული კულტურის განვითარება, პატრიოტული სულისკვეთების გაღვიძება და ა. შ. რატომ წავიდა პოლიტიკის მიმართულებით, როცა შეიძლებოდა, ისევ ეკეთებინა ის საქმე, რასაც აქამდე აკეთებდა?
_ ეს ადამიანი 20 წელი ემიგრანტია, ძმის ნაჩუქარი 100 დოლარით წავიდა შტატებში და ამდენი წელია, ერთსა და იმავეს უყურებს. ვერავინ წარმოვიგენდით, რომ 2020 წელსაც კი საქართველოში ადამიანი სანაგვე ურნაში დაიწყებდა საჭმლის ძებნას. ამ კაცმა უყურა, რომ ეს გაუსაძლისი პრობლემები ამდენი წელია, გრძელდება და გადაწყვიტა, თუ რამე რესურსი აქვს, ყველაფერი ამ საქმეში ჩადოს და ქართულ საქმეს ემსახუროს.
თუნდაც ჩემი საკუთარი შვილი, ბაჩო ჩუბინიძე, რატომ უნდა გამხდარიყო ემიგრანტი? ადამიანმა, რომელმაც ისწავლა, 6 ენა იცის, საერთაშორისო დონის დიპლომატია, დაამთავრა ევროპის დიპლომატიური აკადემიის მაგისტრატურა და აქ, საკუთარ ქვეყანაში, იმ დონისა და ცოდნის ადეკვატური სამსახური ვერ იპოვა 24 წლის ბიჭმა, რა ცოდნაც აქვს და ემიგრაციაში წავიდა. თუ მე ჩემი შვილი ემიგრანტი გამიხდა, როგორ არ უნდა ვიბრძოლო, რომ სხვასაც იგივე არ დაემართოს? თუ მე ჩემი შვილის საქართველოში დაბრუნებაზე არ ვიომე, როგორ ვიქნები სხვისი შვილების სამშობლოში დაბრუნებაზე ორიენტირებული? ამიტომ არის ჩვენთვის პრიორიტეტი ემიგრანტები, რომ მათი უფლებები დაცული იყოს, დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში შესაბამისი განათლებით და ცოდნით, აქ შეიქმნას სამუშაო ადგილები და არავის მოუწიოს ქვეყნიდან გაქცევა და რაც მთავარია, ღირსეულად დაფასდეს მათი შრომა, საკუთარ ქვეყანაში.
_ წინასაარჩევნოდ ბევრი კარგი, ტკბილი და დამაიმედებელი სიტყვა გვესმის პოლიტიკოსებისგან. რატომ უნდა დაუჯეროს ხალხმა ბესო ჩუბინიძეს?
_ იმიტომ, რომ 1988 წლის ნოემბრიდან დღემდე არასოდეს ტყუილი არ მითქვამს ჩემი ხალხისთვის. იქნება ეს ჩემი ჟურნალისტური, საზოგადოებრივი, თუ აფხაზეთის ომის ვეტერანის, თუ შოუბიზნესური მოღვაწეობა. მეტიც: ჩემი ნათქვამი სიტყვა თავში სარტყმელად გასჩენიათ ადამიანებს და უნანიათ, რატომ არ დავუჯერეთ ამ კაცსო. დაპირებებს არ ვიძლევი, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც სჭირდებოდა ხალხს, საქართველოს და ვერასოდეს ევრავინ მეტყვის, რომ თუნდაც, _ სად იყავი აფხაზეთის ომის დროსო? 2008 წლის ომის დროსო? სად იყავი თბილისის წყალდიდობის დროსო? _ თუ ასეთი მაგარი ხარ, წადი, საოკუპაციო ხაზი დაიცავიო, ვერ მეტყვიან, _ წადი, შენი შვილი აომე, იმიტომ, რომ მე ეს ყველაფერი გამოვიარე. ვერც ერთი რეალური პარტიის წევრი ან ვირტუალური ტროლი ვერ იტყვის იმას, რომ პიროვნულად ბესო ჩუბინიძე რომელიმე ბრძოლაში არ ყოფილიყოს ქართველი ხალხის გვერდით. ამას ვამბობ თავაწეული, ამაყად და ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე
_ 2016 წელს თქვენ დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდით კენჭს ისნის რაიონში, თუმცა ვერ გაიმარჯვეთ. დღეს რა შანსები გაქვთ რუსთავში?
_ 2016 წელს ისნის რაიონში ვიყავი მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი. ძალიან კარგად იცი, რომ მე ჟურნალისტი ვარ და ყველაფერი მაინტერესებს, თუ რა ხდება არა მარტო შოუბიზნესის კულუარებში, არამედ პოლიტიკის კულუარებშიც (ეღიმება), რადგან ადამიანები ვვითარდებით და დროთა განმავლობაში სხვა რაღაცებიც გვაინტერესებს. ის ჩემი სურვილი, რომ გამეგო თუ რა ხდება პოლიტიკურ კულუარებში, მაშინ დავიკმაყოფილე…
_ რომელიც კრახით დამთავრდა.
_ კრახით დაუმთავრდა ყველას, პარტია „ოცნების“ გარდა, რადგან „ოცნებამ“ გაიმარჯვა ყველგან და რატომ გაიმარჯვა „ოცნებამ“? _ იმიტომ, რომ ადმინისტრაციული რესურსი ვისაც უჭირავს, ის იმარჯვებს _ ასეა ნათქვამი პოლიტიკაში და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს ეს იდეოლოგია. იყვნენ „ნაციონალები“ _ იმარჯვებდნენ „ნაციონალები“ მანამ, სანამ ქვეყანა თავზე არ დაემხოთ. მაშინ ისნის ოლქში, ისევე როგორც ყველგან, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მეორე ადგილზე გავიდა და მერე ვიყავი მე. ახლა წარმოიდგინეთ, ორ ვეშაპს შორის ერთი კალმახი რომ დაცურავს, იქ, რა თქმა უნდა, დაიჩაგრები. მაგრამ, აბა, შემომხედეთ, მეტყობა რამე დაჩაგრულის? რუსთავში არ მივდივარ იმ განწყობით, რომ წავაგებ. ეს ომია და ამ ომს კონკრეტული ბრძოლები აქვს, წააგებ ერთ ბრძოლაში? _ მოიგებ მეორეში! მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარო, ლაჩრულად არ გაიქცე არც ერთი ბრძოლიდან და, საბოლოო ჯამში, გამარჯვება მაინც შენი იქნება, რადგან სიმართლე შენკენაა… ამ შემთხვევაში და ამ ბრძოლაში _ ჩემკენ. და ჩემი მთავარი ომის მოგება იქნება მაშინ, როცა საქართველო გაერთიანდება.
_ ამ დიდი კონკურენციის პირობებში რამდენად შეძლებთ გამარჯვებას?
_ ამ კონკურენციის პირობებში უფრო მეტი შანსია გამარჯვების და გეტყვით, რატომ: ეს ახალი კონსტიტუციური ცვლილება რაც მოხდა 1%-იან ბარიერთან დაკავშირებით, ბევრ რამეს გამოაჩენს. ზუსტად ამ კონკურენციის გამო მახსენდება 1995 წლის უზენაესი საბჭო, როცა შევარდნაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. იქ შედიოდა 15-ზე მეტი პარტია. ძალიან კარგად მახსოვს, თუ რა ხდებოდა, რადგან სხდომებსა და სესიებზე ვიჯექი ხოლმე, როგორც აკრედიტებული ჟურნალისტი. იმხელა აზრთა სხვადასხვაობა იყო ხოლმე, რომ იმ ჩხუბში რაღაც ჭეშმარიტებამდე მიდიოდნენ, თუმცა ამას ვერ ვიტყვი დსთ-ს საკითხზე, როცა იქ ყურებით შეათრიეს საქართველო. 1995 წლის პარლამენტს ბევრი კარგი საქმეც აქვს გაკეთებული საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ იმ ერთმა ცუდმა გადაფარა მთელი რიგი კარგი საქმეებისა. ახლა შანსია, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, სადაც აზრთა ჭიდილში, კამათში, დავაში უნდა დაიბადოს ჭეშმარიტება.
_ 100%-იანი შანსიდან რამდენი პროცენტი გაქვთ?
_ პარლამენტში მოხვედრის 100%-იანი შანსი გვაქვს, მთავარია, ამ შანსის გამოყენების საშუალებას რამდენად მოგვცემენ და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, _ მაჟორიტარები აირჩიეთ მათი წარსულით და არა აწმყოში დაპირებული სამომავლო განცხადებებით. მე ამ პათოსით ვცდი ბედს რუსთავში სამაჟორიტარო ოლქში და, შესაბამისად, „ქართული ფესვებიც“.
_ მთელი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობთ. ჟურნალისტი ხართ, ასევე ერთადერთი სახელოვნებო მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალ „მეგას“ დამფუძნებელი. სულ იმას ცდილობთ, ყოველ წელს ტრადიციულად ჩატარდეს ეს დაჯილდოება, მიუხედავად იმისა, რომ არ გაქვთ სახელმწიფო ხელშეწყობა და კონცერტების ორგანიზატორი ხართ. რამდენად კომფორტული იქნება პოლიტიკა თქვენთვის?
_ ჩემი ჰობია ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის. მომეცა საშუალება და ტრამპლინი იმისთვის, რომ ახალი ძალებით დავიწყო საქმიანობა. ახალი ბერკეტები მჭირდება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ისეთი, როგორისთვისაც ვიბრძოდით მე და ჩემი თაობა. ზუსტად ვიცი, რა არის ჩემი მიზანი.
_ რა არის თქვენი მიზანი?
_ ყველა გაგებით ძლიერი საქართველო. ამისთვის ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენო, რაც კი ამ ქვეყნის ღირსების გადასარჩენად იქნება საჭირო. ამ ქვეყანაში ყველაფერი ქართული უნდა იყოს პრიორიტეტი და მერე ყველაფერი _ დანარჩენი.
_ რამდენად კარგად იცნობთ რუსთავის რეგიონს და მის პრობლემებს?
_ დავიბადე ქალაქ ხაშურში და 6 წლიდან გადმოვედით რუსთავში. რუსთავის პირველი გიმნაზია დავამთავრე, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, გიმნაზიამდე ვსწავლობდი 22-ე და 25-ე საშუალო სკოლებში და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება რუსთავში გავატარე. დღესაც კი ჩემი მშობლები რუსთავში ცხოვრობენ და ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს რუსთავთან. მე არ ვპირდები ჩემს ხალხს უტოპიურ რაღაცებს, ერთდერთი რაც ჩემი პირიდან ამოვა, არის ის, რომ ბესო ჩუბინიძე როგორც აქამდე, მომავალშიც ყოველთვის იქნება ნებისმიერი რუსთაველის გვერდით ფიზიკურად და ყოველთვის იქნება ხიდი ხალხსა და მთავრობას შორის.
_ თბილისში ვინ გეყოლებათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი?
_ სავარაუდოდ და დღევანდელი გადმოსახედიდან თბილისში ჩვენ მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დავაყენებთ.
_ რატომ, კონკურენციის გამო?
_ დიდი კონკურენციაა, მაგრამ ჩვენი ძირითადი გათვლა რეგიონებზეა. ამ ეტაპზე სამუშაო რეჟიმია, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავთ.
_ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ფესვები“ იქნება მხოლოდ ერთჯერადი პროექტი, თუ წაგების შემთხვევაშიც გააგრძელებთ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას?
_ „ქართული ფესვები“ პარტიულ ცხოვრებას აპირებს და ეს არ იქნება ერთჯერადი პოლიტიკური პროექტი. მე ამ სურვილით დავუდექი ამ ხალხს გვერდით.

გიორგი საკარული

დატოვეთ კომენტარი