რომან გოცირიძე: „პარტიები, პირველ რიგში, კონკურენტები არიან და მერე _ პარტნიორები“

„ერთად ერთის წინააღმდეგ!“ _ ამ ფორმულით ცდილობდა ოპოზიციური სპექტრი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დასრულებას. ერთის წინააღმდეგ რჩებიან, თუმცა რამდენად მოახერხებენ ერთად ყოფნას, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გასულ კვირას „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვეს და ახალ პოლიტიკურ პლატფორმა _ „სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანდნენ.
გარდა ამისა, დღევანდელი მოცემულობით, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ერთობა, ჯერ კიდევ, ვერ ჩამოყალიბდა დიდუბისა და საბურთალოს ოლქში საერთო კანდიდატზე. ასევე უცნობია, რა ფორმით წარდგებიან ამავე ერთობაში შემავალი პარტიები რეგიონებში?

რატომ დატოვეს პარტია ვაშაძე-ჩარკვიანმა? როგორია მთავარი ოპოზიციური ძალის გეგმები? რა ფორმით ჩაერთვება „ძალა ერთობაშია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და რა ფორმულა აქვს ოპოზიციურ გაერთიანებას ივანიშვილის დასამარცხებლად?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

_ ბატონო რომან, „ძალა ერთობაშია“ გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა დატოვეს. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციური ერთობა ამ მოცემულობით ვერ შედგა. რატომ და რა იყო არშემდგარი თანამშრომლობის მიზეზი?
_ რატომ ვერ შედგა ოპოზიციური ერთობა, _ ეს, ვფიქრობ, სწორად დასმული საკითხი არ არის. თუ გულისხმობთ გიორგი ვაშაძის გასვლას ბლოკიდან „ძალა ერთობაშია“, ეს არ ნიშნავს, რომ თავად „ძალა ერთობაშიას“ ფორმატს საფრთხე ემუქრება, პირიქით, იგი გაფართოვდება და მას შეემატებიან ძალიან ცნობილი, ავტორიტეტული ადამიანები, პარტიები. ეს ყველაფერი სწრაფად მოხდება. რაც შეეხება გიორგი ვაშაძის, როგორც ისნის მაჟორიტარული კანდიდატის მხარდაჭერას, ეს არ გადაისინჯება. პირდაპირ გეტყვით, რომ არშემდგარი თანამშრომლობის მიზეზი იყო გიორგი ვაშაძის მიერ სიასთან დაკავშირებული გადაჭარბებული მოთხოვნა. „ძალა ერთობაშია“ წარმოადგენს 10-მდე პოლიტიკურ გაერთიანებას, გიორგი ვაშაძემ მოინდომა, დაახლოებით, იმდენი, რამდენიც რეალობიდან გამომდინარე ათივე პარტიას ერთად ეკუთვნოდა. ხანდახან ზედმეტი მოთხოვნები შეიძლება საბაბიც კი იყოს წასვლისა და შესაძლოა, მან წინასწარ დაგეგმა ეს, ვინაიდან მთელი ერთი წლის განმავლობაში გიორგი ვაშაძე თავის „სტრატეგია აღმაშენებელს“ აპიარებდა, სხვადასხვა დონეზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში არეკლამებდა კამპანიას. ამიტომაც შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მას თავიდანვე ჰქონდა მსგავსი რამ ჩაფიქრებული… თუმცა დღეს ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, რომ ოპოზიციური ფლანგი უფრო გაძლიერდება. სხვათა შორის, ერთი თვის წინ თქვენთან ინტერვიუში ვამბობდი, რომ ახალმა კონსტიტუციამ აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დააყენა პატარა პარტიები და კონსოლიდაციის პროცესი შეაჩერა.
_ ეს პროცესი შეჩერდა „ძალა ერთობაშიას“ პარტიებს შორისაც?
_ ამ შემთხვევაში ზოგადად ვამბობ, ვინაიდან როდესაც ბარიერი 3%-იანია, 3-4 პარტიას შეუძლია მისი გადალახვა; 5%-იანის შემთხვევაში, წინა არჩევნებზე როგორც ვნახეთ, მხოლოდ სამმა პარტიამ შეძლო გადალახვა; 1%-იანი ბარიერი კი, რომელიც, დაახლოებით, 20 ათასი ხმაა, ერთი მხრივ, მისი დამოუკიდებლად გადალახვის შანსს ბევრ პარტიას უჩენს, მეორე მხრივ კი ბევრსაც ილუზიებს, რომ ეს თითქოს მარტივი საქმეა. 1% არ არის მარტივი ამბავი. აქედან გამომდინარე, ზოგს შეცდომა მოუვა, ზოგიც გადალახავს ბარიერს და პარლამენტში აღარ იქნება 3-4 პარტია, ალბათ, 10-მდე პარტია იქნება ამ საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე და ეს ბუნებრივი პროცესია.
_ „გიორგი ვაშაძის პარტიას ვანო ჩხარტიშვილი ჰყავს დამფინანსებელი. როგორც ჩანს, მასაც საკუთარი ხედვები აქვს“, _ ამის შესახებ თქვენი გუნდის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. იზიარებთ თუ არა მის პოზიციას ამ ნაწილში?
_ პარტიის წევრებმა, შესაძლოა, ცალკეული შეფასებები გააკეთონ, მთავარი პოზიცია კი ის არის, რომ გიორგი ვაშაძეს უფრო მეტი პოლიტიკური მადა გაუჩნდა, ვიდრე ამ გაერთიანებაში იყო მისი წონა. დღეს მთავარია, რომ პოლიტიკური ინტერესების თანხვედრა ვერ შედგა. გამორიცხული იყო, რომ ჩვენ მხარი დაგვეჭირა მისი პრემიერობის კანდიდატობისთვის, გამორიცხული იყო ასევე, მხარი დაგვეჭირა იმ შემოთავაზებისთვის, რაც მას ჰქონდა, _ დაახლოებით, 10-მდე ადგილი სიაში.
_ გიორგი ვაშაძის მხრიდან სიაში ადგილების სანაცვლოდ თანხის შემოთავაზებაზე თუ იყო საუბარი?
_ არ მსურს ჭორებზე კომენტირება.
_ ამის პარალელურად, გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რაზე მიანიშნებს ეს ფაქტი?
_ ხელისუფლება იძულებული გახდა, საერთაშორისო და შიდა ზეწოლის შედეგად კონსტიტუცია შეეცვალა, გამოეშვა ყველა პოლიტიკური პატიმარი: ოქრუაშვილი, თამლიანი და უგულავა. ასევე იძულებული გახდა, შეეჩერებინა პოლიტიკური დევნა ხაზარაძეზე, ჯაფარიძეზე, წერეთელზე, გვარამიაზე. ფაქტობრივად, ხელისუფლება იძულებული გახდა, 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა შეესრულებინა, გარდა რურუას განთავისუფლებისა. მათ რურუა მძევლად შემოინახეს და თავიანთ ამომრჩეველს დაანახეს, რომ მთლად კაპიტულანტურ მდგომარეობაში არ არიან. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტიდან კუბილიუსმა და კონგრესიდან სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა პირდაპირ მოუწოდეს პრეზიდენტ სალომეს, რომ შეწყალების აქტით რურუა გაათავისუფლონ. თუმცა სალომეს ვინ რას ეკითხება?! ივანიშვილმა უგულავა-ოქრუაშვილი გაათავისუფლა, რადგან პერსონალური საფრთხე დაინახა, რომელიც მის ბიზნესს დაემუქრებოდა უცხოეთში. სანამ ის არ იგრძნობს საფრთხეს საკუთარ ჯიბესა და ტყავზე, გადაწყვეტილებებს არ იღებს. ანალოგიური ზეწოლა იქნება ივანიშვილსა და ხელისუფლებაზე რურუასთან დაკავშირებით. არჩევნებამდე სამი თვით ადრე პოლიტიკური პატიმრის ყოლა იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესს არ ენდობიან როგორც ამომრჩევლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. თუ მთელი სამი თვის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ სურს, საგარეო დარტყმები მიიღოს თავსა და ყურებში, ივანიშვილმა კი _ საკუთარ ჯიბეზე, არ მგონია, ეს საფრთხე არ გააცნობიერონ. როგორც უგულავა-ოქრუაშვილთან დაკავშირებით გააცნობიერა ივანიშვილმა და ბოლოს დაავალა მისი შეწყალება ზურაბიშვილს, ალბათ, იგივეს გააკეთებს რურუასთან მიმართებით, _ ეს არის მარტივი გზა. უფრო შორი გზა კი სტრასბურგია.
_ ეს ნაწილი გასაგებია. ამ დრომდე ივანიშვილის დამარცხების ფორმულას ოპოზიცია ასე წარმოგვიდგენდით: „ყველა ერთის წინააღმდეგ“. რატომ გადაუხვია ამ ფორმულირებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“?
_ ეს ლოზუნგი დღესაც არის, თუმცა არასდროს გაჟღერებულა, რომ ყველა ერთი სიით ვიქნებოდით. იყო შეთავაზება ერთ სიაზე, თუმცა ამაზე საბოლოოდ უარი ითქვა. ყველა ერთის წინააღმდეგ კი ნიშნავს, რომ ვინც კი შევა პარლამენტში, დიდი თუ პატარა პარტია, ის ქმნის კოალიციას. დაახლოებით, 60% პროპორციულ ნაწილში მხარს უჭერს ოპოზიციას და ყველა ვიკრიბებით ერთად, ვქმნით ახალ კოალიციურ მთავრობას. ეს არის ყველა ერთად ერთის წინააღმდეგ.
_ რა გარანტია არსებობს, რომ ეს დიდი თუ პატარა პარტიები პარლამენტში შესვლის შემდეგ კოალიციას შექმნიან ოპოზიციურ პარტიებთან და არა _ „ქართულ ოცნებასთან“?
_ დღეს, ვისაც ბარიერის გადალახვა შეუძლია, იმ პარტიებიდან „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთი სატელიტი პარტია _ „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე ზვიად ძიძიგურის პარტია, რომელიც აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ იქნება კოალიციაში, თუმცა არ გამორიცხავს ივანიშვილთან კოალიციას. პანდემიის პერიოდში ქვეყანა ჩაკეტილი, ხოლო პოლიტიკური აქტივობა მკვდარი იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები კი საარჩევნო კამპანიას ეწეოდნენ, გადაადგილებაში ხელი არ ეშლებოდათ, მაშინ როცა ოპოზიციონერი ლიდერები საშვის გარეშე ვერ გადაადგილდებოდნენ, მხოლოდ დეპუტატებს ჰქონდათ ამის უფლება. ასევე ისინი იყენებდნენ ფულს ბიუჯეტიდან და, ბოლოს და ბოლოს, პანდემიამ საარჩევნო კამპანიაში შეგვიშალა ხელი, კარდაკარ ვერ დავდივართ. სულზე მოუსწრო პანდემიამ გაკოტრებულ „ქართულ ოცნებას“, ბოლო გამოკითხვით 39% აქვთ, მაგრამ ეს იყო მათი პიკი, არჩევნებამდე კი სამი თვეა. მათ ეკონომიკაში იოტისოდენა პრობლემაც ვერ გადაჭრეს და ქვეყანაში არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა. 5 მილიარდი, რომელიც სესხის სახით აიღეს, აქედან პირდაპირი დახმარება უნდა ყოფილიყო, დაახლოებით, 530 მილიონი ლარი და ესეც ძალიან ცოტაა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სამუშაო დაკარგეს, ასევე თვითდასაქმებულებისთვის. დღეს მხოლოდ 116 მილიონი ლარია გაცემული, ანუ რასაც შეჰპირდნენ, იმის 10%-ია გაცემული. ამიტომ ხალხი კიდევ კარგად გააცნობიერებს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენისა და კრიზისიდან მისი გამოსვლის შანსი დღევანდელი ხელისუფლების ხელში ნულია. მომავალი სამი თვე კი „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალს არ დაასხამს, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ მათთვის იდეალური სურათი: 40% „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, 5% _ თავისმა სატელიტებმა, ანუ სულ 45%-მა, მეორე მხარეს რჩება 55%, რაც 66 ხმაა. უკვე პროპორციულში გავუსწრებთ 10 ხმით, ამიტომ საკმარისია 30 მაჟორიტარიდან 10-მა გაიმარჯვოს, თან უდიდეს ნაწილში იქნება მეორე ტური. როდესაც პირველ ტურში პროპორციულ ნაწილში იმარჯვებ, ახალ ხელისუფლებას ქმნი და მთავრობაც შეიძლება შეიქმნას მეორე ტურამდე. ასეთ შემთხვევაში გამარჯვების დიდი შანსია. ამიტომ არ არის დრამატიზება საჭირო.
_ პრაგმატული თვალსაზრისით რომ მივუდგეთ, ოპოზიციისთვის რეგიონებში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება უფრო მომგებიანია ამომრჩევლის მობილიზების კუთხით. როგორ უყურებთ ამ პროცესს?
_ არავითარ შემთხვევაში არ არის მომგებიანი, რადგან ვიცით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა დიდ ქალაქში მოუგო სალომე ზურაბიშვილს, მესამე ადგილზე გასულ პარტიას კი 3-4-ჯერ უსწრებდა ხმებით. ამიტომ რუსთავში, ქუთაისსა და თელავში რომ არ დააყენოს „ნაციონალურმა მოძრაობამ “ კანდიდატი და სხვა პოლიტიკურმა პარტიამ დააყენოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ პარტიის კანდიდატსაც შანსი ექნება, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. თან არავინ იცის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმები პირდაპირ წავა თუ არა სხვა ოპოზიციურ კანდიდატთან. რაც არ უნდა მოუწოდოს პარტიამ, ადამიანებს თავიანთი შეხედულება აქვთ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ხმები მთლიანად არ წავა რომელიმე ოპოზიციური საერთო კანდიდატის მიმართულებით. გარდა ამისა, გამარჯვების საწინდარია პროპორციული ხმების 80%, რომელიც ხელისუფლებას შიდა და საგარეო ზეწოლის შედეგად გამოვტაცეთ, რაც დიდი გამარჯვება იყო და ეს არის სწორედ პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები. როდესაც 120 მანდატი ამ კუთხით ნაწილდება, ამას რამე რომ დავაკლოთ, წაგების ფორმულა იქნება. ამიტომ სადაც მაჟორიტარი კანდიდატია, ის ქაჩავს პროპორციულ სიას. დღეს გაქანებული მუშაობაა გლდანში, სადაც ნიკა მელიაა კანდიდატი, 6 ოფისია გახსნილი. საღამოს რომ გაიაროთ, უამრავი ხალხია, მათ შორის ისინი, ვინც წინა არჩევნებზე კობიაშვილის შტაბის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ. ასეთივე სიტუაციაა სამგორში. დანარჩენი ოლქები „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სამწუხაროდ, მკვდარია. ჩვენ ორი თვეა ველოდებით, რა მოხდება დიდუბისა და საბურთალოს ოლქებში.
_ რატომ ვერ შეთანხმდით ამდენი ხნის განმავლობაში დიდუბისა და საბურთალოს ოლქში საერთო კანდიდატზე?
_ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება დღემდე ვერ შეთანხმდა და ერთმანეთს ეკინკლავება.
_ ე. ი. ადასტურებთ, რომ ოპოზიციურ ერთობაში პრობლემებია?
_ არ არის პრობლემები, ეს ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია, კონკურენტული გარემოა, ამიტომ არ უნდა მოვინდომოთ იმაზე მეტი, რაც პოლიტიკური ცხოვრებისთვის ზედა ზღვარია. ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური გაერთიანების მთავარი მიზანი იყო პროპორციულთან მიახლოებული სისტემის მიღება, რაც შესრულდა. უპრეცედენტო გაერთიანება იყო. მეტიც: ერთი ნაბიჯი წინ გადავდგით და თბილისის 6 ოლქში საერთო კანდიდატები გვყავს. იმედია, დარჩენილ ორ ოლქსაც შევათანხმებთ… მაგრამ როდესაც ორი თვის განმავლობაში 2 ოლქი ვერ შეთანხმდა, როგორ შეთანხმდება ოპოზიცია რეგიონებში? ერთი რამ მინდა აღვნიშნო: სრული შეთანხმება თბილისის ოლქებზეც ვერ მოხერხდა, ამ პროცესებში არ მიუღია მონაწილეობა „ლელოს“, ელისაშვილის პარტიას და სხვებს, შესაბამისად, ისინი არც რეგიონებში მიიღებენ საერთო კანდიდატებზე შეთანხმებაში მონაწილეობას, ამიტომ ეს შეთანხმება გამოდის მოქმედ და ყოფილ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ანუ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის საარჩევნო ოლქების ტექნიკური განაწილება გამოვა, რაც სწორი არ იქნება. თუმცა ნუ დავაკნინებთ ოპოზიციის უპრეცედენტო თანამშრომლობის როლს _ მისი შედეგი პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ნაწილობრივი შეთანხმების მიღწევაა. ნუ მოვახდენთ განსხვავებული მიდგომების დრამატიზებას. პარტიები, პირველ რიგში, კონკურენტები არიან და მერე _ პარტნიორები. არჩევნებში ოპოზიცია მთლიანად შეთანხმებული არასდროს იქნება. პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინება მოხერხდა. დავუშვათ, 22-ვე ოლქში ყველა პარტიამ დააყენა თავისი კანდიდატი და ვხედავთ, რომ რომელიღაც პარტია აშკარად გამოკვეთილია და შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება, თუმცა, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი უშლის ხელს. არავითარი პრობლემა არ იქნება, რომ ჩვენი კანდიდატი ჩაეხსნას. ან, თუნდაც, თუ დავინახავთ, რომ წაშველება სჭირდება რომელიმე კანდიდატს, რომელიც გამოიკვეთა, როგორც ლიდერი, არც ეს იქნება პრობლემა. მაინცდამაინც ამ საკითხის დღეს გადაწყვეტა არ გამოდის, რადგან ასეთია პოლიტიკური ცხოვრების ლოგიკა. ჩვენ ვართ კონკურენტები, მაგრამ ერთიანობა ნიშნავს ერთ რამეს, რომ ჩვენ არ ვუქმნით ხელისუფლებას ივანიშვილს და მომავალი მთავრობა ყველა იმ პარტიით დაკომპლექტდება, რომელიც ახლავე აცხადებს, რომ არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების შემქმნელი.
_ მმართველმა გუნდმა 30 მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატები წარადგინა, ე. წ. პატარა პარტიების ნაწილმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამ დროს სად არის მთავარი ოპოზიციური პარტია? ხომ არ ფიქრობთ, რომ დროში ძალიან გაჭიანურდა თქვენი პარტიისთვის კამპანიის დაწყება?
_ შერჩევის პროცესია. სექტემბრისთვის ყველაფერი ცნობილი იქნება. 30 ოლქიდან თბილისის 6 ოლქში კანდიდატს არ ვაყენებთ, თუმცა როგორ გადაწყდება დიდუბე-საბურთალოს საკითხი, ჯერ კიდევ, ბუნდოვანია. რეგიონებში თითქმის ყველგან ვაყენებთ ჩვენს კანდიდატებს, მაგრამ შესაძლოა, რაღაც გამონაკლისებიც იყოს. ამაზე საუბარი არ არის არსებითი. მაჟორიტარებს ეტაპობრივად წარვადგენთ. დღეისთვის ვიცით, რომ კახეთის ორ ოლქში, რუსთავსა და ქუთაისში, თბილისის ორ ოლქში ჩვენი მაჟორიტარული კანდიდატები გვყავს. ოფიციალურად არ არიან წარდგენილები, მაგრამ გაჩაღებული ვმუშაობთ. თითოეულ ოლქში რამდენიმე კანდიდატია, ვაკვირდებით, შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. ასევე მოქალაქეების გამოკითხვისა და რეიტინგების შეფასების პროცესია. შესაძლებელია, 2-3 მაჟორიტარობის კანდიდატი დავასახელოთ. მაჟორიტარებისა და სიის პრეზენტაცია მოგვიანებით იქნება. ვინაიდან ვფართოვდებით, „ძალა ერთობაშია“ იქნება ბლოკი, სადაც სხვადასხვა პარტია შევა, შესაბამისად, ბლოკის ერთიან სიას წარვადგენთ. ჯერ ბლოკი არ ჩამოყალიბებულა, „ძალა ერთობაშიას“ ბლოკად ჩამოყალიბებისა და ტრანსფორმაციის პროცესი მიდის. ახლა ვერავინ მოგვთხოვს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი მზად იყოს. ამას დრო დასჭირდება და არჩევნებამდე 2 თვით ადრე, სადღაც აგვისტოს ბოლომდე, ეს პროცესი დამთავრდება.
_ რეგიონებში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებას გამორიცხავთ?
_ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარული კანდიდატების თითქმის ყველგან არდაყენება ძალიან დააზიანებს მთლიანად ოპოზიციასაც. იქ, სადაც დიდი მხარდაჭერა აქვს „ნაციონალურ მოძრაობა“, რომელიმე ოპოზიციური პარტიის კანდიდატით ტოლფასად ვერ ჩაენაცვლება, რამაც შესაძლებელია სერიოზული მარცხი გამოიწვიოს. ამიტომ იმ ოლქებში, სადაც 4-5-ჯერ მეტი ხმა გვაქვს მიღებული, ვიდრე სხვას, სჯობს, სხვები დაგვეხმარონ, ვიდრე დავაყენოთ კანდიდატი, რომლის პარტიასაც ჩვენზე 4-ჯერ ნაკლები ხმა აქვს მიღებული და შემდეგ მის გასაქაჩად ჩვენი პარტიის წევრებმა იმუშაონ. ასე ძნელია და ამას ვერ გავრისკავთ ორი მიზეზის გამო: ჩვენ მეტი შანსი გვაქვს გამოცდილებიდან გამომდინარე, ასევე როგორც უფრო მეტი რეიტინგის მქონე პარტიას და ამავე დროს ვერ გავრისკავთ პროპორციული სიის ნაწილს, ვინაიდან მაჟორიტარული მუშაობა პარტიული ძალების უფრო სერიოზულ მობილობას ახდენს სიის მიმართულებითაც.
_ როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილის დამარცხების ფორმულა მაშინ, როცა პანდემიამ ხელისუფლების „სასარგებლოდ იმუშავა“ და სხვა ქვეყნების მსგავსად ხელისუფლების რეიტინგი ჩვენთანაც გაზრდილია? თან არავინ ვიცით, წინასწარ რა მდგომარეობა იქნება შემოდგომაზე ამ კუთხით…
_ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კორონის ეფექტი ამოიწურა. მაქსიმალური, რისი გამოდნობაც შეიძლებოდა, გამოდნა. თუნდაც ის, რომ ჩვენ მოსახლეობასთან კარდაკარ ვერ მივდივართ და მასშტაბურ აქციებს ვერ ვაწყობთ. ადრე, როცა წინასაარჩევნოდ დავდიოდი, დაახლოებით, 3 ათასამდე ოჯახში შევედი, ამ პირობებში კი მოსახლეობასთან სიარული გარკვეულ რისკებს შეიცავს, _ არ არის მარტივი, დაუკაკუნო და ხელი ჩამოართვა. სულ სხვა ტიპის საარჩევნო კამპანიაა, რაც ძალიან აზიანებს ოპოზიციის აქტიურობას. მოკლედ, ბევრი პლუსის ეფექტი, რაც ხელისუფლებამ პანდემიით მიიღო, ამოიწურა. დღეს კვლავ დგება მთავარი ამოცანა, _ რა ეშველება ხალხს, რომელიც შიმშილის პირასაა?! ეკონომიკური ვარდნა ძალიან დიდია, 5 მილიარდი გვასესხა უცხოეთმა, თუმცა ეს ფული მომავალ წელს აღარ გვექნება. ბიუჯეტის თითქმის ნახევარი სესხებით, შიდა და საგარეო ვალითაა ფორმირებული. წელს უზარმაზარი შიდა და საგარეო ვალი აიღო მთავრობამ. ამდენს მომავალს წელს არც არავინ მოგვცემს. ხალხი ერთ რამეს მიხვდება, რომ თუკი ეს ხელისუფლება დარჩა და ეკონომიკაში ეს პოლიტიკა გაგრძელდა, ხალხს სიღატაკე ელის. ეს ჩვენს მოქალაქეებს ახლაც ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული. შესაძლებელია, ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდეს ოპოზიციური სიჭრელე იმ თვალსაზრისით, რომ ამომრჩეველს აეჭვებდეს ეს ფაქტი, რომ შესაძლოა, მომავალში ამის გამო არაეფექტიანი იყოს ხელისუფლება, თუმცა მოქმედ ხელისუფლებაზე უარესი რა უნდა იყოს?! მით უმეტეს, ვიცით, რომ არ არსებობს ხელისუფლება, არსებობს ერთი კაცის მმართველობა, რომელმაც ბევრი მიმართულებით დააზიანა ქვეყანა. საერთაშორისო პარტნიორებისგან მუდმივად ვისმენთ კრიტიკულ განცხადებებს, მათ შორის, ევროპარლამენტიდან და კონგრესიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. კონგრესის ოფიციალურ დოკუმენტებში ქვეყანას, ფაქტობრივად, სანქციები დაედო. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა აშშ-ს ბიუჯეტის კანონპროექტი, სადაც საქართველოსთვის $132-მილიონიანი დახმარებაა გათვალისწინებული. აქედან 15 პროცენტი, ანუ 20 მილიონი დოლარი, გაყინულია საკმაოდ მძიმე მოთხოვნების შესრულებამდე. ფაქტობრივად, ეს არის სანქცია. ხელისუფლება დაცინვით უდგებოდა კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას და ირწმუნებოდა, რომ ეს მხოლოდ რომელიღაც ქვეკომიტეტის ინიციატივაა და ამას კონგრესი არ მიიღებს. დაამტკიცეს თუ არა აგერ?! როგორ ჩატარდება არჩევნები, ამაზეა დამოკიდებული ამ ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის ბედი. დროა, რომ ეს კარგად შეიგნონ. დემოკრატიული არჩევნები, სასამართლოს თავისუფლება, უცხოური ინვესტიციების შევიწროების შეწყვეტა, კორუფციისა და ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვა _ ამ საკითხების მოგვარებას ითხოვს ეს კანონი ამიტომ ამ ხელისუფლებას პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან ქვეყანას იმიჯი დაეკარგა. ივანიშვილის წინააღმდეგ კონგრესში გამოთქმული ბრალდებები პირდაპირ აისახება ქვეყანაზე, მის პოლიტიკურ იმიჯსა და ხალხის კეთილდღეობაზე. ამ ხელისუფლების დარჩენა სიღარიბის გაღრმავებას ნიშნავს, რასაც ხალხი ხედავს. ახალი ხელისუფლებით უნდა დამთავრდეს ერთი ფულიანი კაცის მიერ ქვეყნის მიტაცების პროცესი, რომელმაც სიღარიბე მოუტანა ქვეყანას. ამას საზოგადოება აცნობიერებს. ყველა გამოკითხვით, თუმცა დაქსაქსულია, მაგრამ ბევრი პარტიის ჯამური ხმები მეტია „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების ხმებზე. ეს ნიშნავს, რომ ხალხის უმრავლესობას არ უნდა ეს ხელისუფლება.

ნენე ინჯგია