ანზორ ბიწაძე: „ქართულ ოცნებას“ უნამუსობასა და ფულში ვერ ვაჯობებთ“

არჩევნებამდე სამ თვეზე ცოტა ნაკლები რჩება, თუ პანდემიის მომიზეზებით ხელისუფლებამ მისი გადადება არ მოისურვა. „ქართული ოცნება“ ამაზე რომ ფიქრობს, ეს ერმა ირაკლი კობახიძისგან შეიტყო. იმის მიუხედავად, რომ არჩევნების გადადებასაც გეგმავს, მმართველმა პარტიამ უკვე აქტიურად დაიწყო საარჩევნო კამპანია, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე. ოპოზიციონერები, ჯერჯერობით, ერთმანეთს ექიშპებიან. არადა, ერთხმად აღიარებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალებით შეუძლიათ. მართალია, ერთმანეთს მწვავედ აკრიტიკებენ, მაგრამ ცოცხალი თავით არ აღიარებენ, რომ მათ შორის განხეთქილებაა. ამტკიცებენ, რომ ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი პროცესია.
„ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე, ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს რიგი საკითხების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამის მიუხედავად ის კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციაში რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას.

აგვიანებს თუ არა ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებას? რა ხდება ოპოზიციის კულუარებში? რას ფიქრობენ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებზე? რაში ვერ აჯობებენ ვერასოდეს ბიძინა ივანიშვილის პარტიას? რატომ არ უნდა იყოს ოპოზიციაში ყველა ერთ აზრზე? რა შემთხვევაში მივა ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე? რატომ არის აუცილებელი საქართველოს განვითარებისთვის კოალიციური მთავრობა? _ ამის შესახებ ანზორ ბიწაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ანზორ, საპარლამენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ოპოზიცია თითქოს გაჩერებულია, რასაც ვერ ვიტყვით ხელისუფლებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია, საარჩევნო კამპანია დაიწყო და ყველაფრისგან ცდილობს, ქულები დაიწეროს _ იქნება ეს პანდემია, თუ სტიქიური უბედურებები. ხომ არ დაგაგვიანდათ საარჩევნო კამპანიის დაწყება?
_ თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას არანაირი პანდემიისა თუ სტიქიური უბედურების სათავისოდ გამოყენების არ ერიდება. ეს არის ვაჭრული ხელისუფლების ფსიქოლოგია და „ქართული ოცნების“ იდეოლოგიაც ამას ეფუძნება. ისინი ხომ ერთი ადამიანის ფულის გარშემო არიან გაერთიანებულები. მათ არ გააჩნიათ სხვა ღირებულებები და, შესაბამისად, ყველა უბედურებას გამოიყენებენ სათავისოდ, რაც კი შეიძლება ამ ქვეყანაში მოხდა ან მომავალში მოხდეს.
ოპოზიციის აქტიურობას რაც შეეხება, ჩემი პარტიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ „ერთიან საქართველო _ დემოკრატიულ მოძრაობას“ უკვე დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია. ეს შეიძლება არ ჩანს, მაგრამ აქ გასაკვირი არაფერია, რადგანაც საარჩევნო კამპანიის სტარტი, ძირითადად, არჩევნებამდე ორი თვით ადრე იწყება ხოლმე. მანამდე ყველა პარტია შიდა სამზარეულოს აწესრიგებს.
_ გინდათ თქვათ, რომ ოპოზიცია ძალებს ინახავს და არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყებს სერიოზულ აქტიურობას?
_ ძალებს ნამდვილად არ ვინახავთ და არც თავს ვზოგავთ. 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. ახლა ჩვენც და სხვა პარტიებიც შიდამობილიზებას ვახდენთ. ენერგიული საარჩევნო კამპანია მალე დაიწყება.
_ ისე არ მოხდეს, რომ ოპოზიციას კამპანიის დაწყება დააგვიანდეს. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე სერიოზულად დაიწყო არჩევნებისთვის სამზადისი.
_ ძალიან საინტერესოდ დაიწყეს საარჩევნო კამპანია, როცა „ქართული ოცნების“ მილიარდერმა ლიდერმა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან წარმოადგინა თავისი ფავორიტი მილიონერები და ხალხს მოუწოდა, ამათ დაუდექით გვერდითო. ამასთან დაკავშირებით ერთ კითხვას დავსვამ, _ რა საერთო აქვს დღევანდელი საქართველოს რეალობასთან მილიარდერის მოწოდებას, რომ მაჟორიტარებად მილიონერები ავირჩიოთ? მაინტერესებს, რა ხიდი არსებობს ამ მილიონერებსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის? ეს მილიონერები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, მათ არც ხალხი აინტერესებთ და არც _ ქვეყნის კეთილდღეობა.
მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დღეს ორი საქართველო ვიხილეთ: ერთ არის მილიონერებისა და მილიარდერის, რომელიც პანდემიის დროს ექიმებს ამოეფარა; ხოლო მეორე საქართველო თავის ყოველდღიურ გაჭირვებას ებრძვის.
ასე რომ, არანაირი მუხტი და იდეა „ქართული ოცნების“ მხარეს არ არის. მუხტი და ენერგია, რომელმაც ქვეყანა წინ უნდა წაიყვანოს, არის ოპოზიციაში. „ქართული ოცნების“ დამსახურებით 8 წლის მანძილზე ქვეყანა ჭაობში იყო ჩაფლული. იქიდან საქართველოს ამოყვანა და წინ წაყვანა მხოლოდ ოპოზიციას შეუძლია. ამას ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად გრძნობს და დარწმუნებული ვარ, სათანადო არჩევანს გააკეთებს.
_ სამართლიანად ამბობთ, რომ ხელისუფლება პანდემიასა და სტიქიურ უბედურებებს თავის გასაპიარებლად იყენებს. „ქართულ ოცნებასაც“ აქვს პრეტენზიები ოპოზიციის მიმართ. ისინი აღშფოთებას გამოთქვამენ, რომ თქვენ გახმაურებულ მკვლელობებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ. ამ ბრალდებაზე რას უპასუხებდით იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ გახმაურებული მკვლელობების ხარჯზე მოვიდა და ოპოზიციაში ყოფნის დროს სულ გირგვლიანისა და სხვათა საქმეებზე საუბრობდა?
_ ნამუსი აღარ არის? „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე გირგვლიანისა და სხვათა ტრაგედიებზე აპელირებდა. ივანიშვილის პარტია არის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისა და ჩვენი თანამებრძოლების დაღვრილი სისხლის ხარჯზე მოვიდა. არც ერთხელ არ გახსენებიათ ეს ამბავი, მხოლოდ მაშინ ალაპარაკდნენ 26 მაისზე, როცა ოპოზიცია გაერთიანდა. უნამუსობაში „ქართულ ოცნებასთან“ ჭიდილს არ ვაპირებთ, რადგან ეს არის სფერო, რომელსაც ივანიშვილის პარტიას ვერავინ მოუგებს. უნამუსობასთან ერთად „ქართულ ოცნებას“ ფულშიც ვერ ვაჯობებთ. ბოლო წლებში საქართველოში არაერთი გახმაურებული მკვლელობის მომსწრენი გავმხდარვართ, მაგრამ ორი ახალგაზრდის _ გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულმა სიკვდილმა მთელი საქართველო შეძრა. თქვენი კოლეგები, მათ შორის, თქვენი რედაქტორი ელისო კილაძე რომ არა, ამ ორი ახალგაზრდის ტრაგიკულ სიკვდილზე არაფერი ეცოდინებოდა ხალხს. ხელისუფლება ორივე საქმეს ისე ჩაფარცხავდა და გააფუჭებდა, რომ ვერავინ ვერასდროს ვერაფერს გაიგებდა.
რვა წელია, რაც ხელისუფლებაში არიან. უარი ეთქვათ „მურუსიძეებზე“ და ნორმალური სასამართლო სისტემა შეექმნათ, კვალიფიციური კადრებით დაეკომპლექტებინათ პროკურატურა. ასეთ შემთხვევაში მსგავსი მედიაქტივობა საჭირო აღარ იქნებოდა. როცა ქვეყანაში მურუსიძის სასამართლო გაქვს და არაკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული პროკურატურა გვყავს, მაშინ ჟურნალისტებს გაცილებით მეტის აღება უწევთ საკუთარ თავზე, ვიდრე მათ ევალებათ. ამას წინათ ვნახეთ, რომ სახალხო დამცველმა ის ადგილი მოინახულა სადაც შაქარაშვილი მოკლეს. იქ ხშირად დადიან ჟურნალისტები, ყველაფერს დეტალურად ათვალიერებენ, რომ როგორმე სიმართლეს მიაგნონ. წესით, ეს პროკურატურის საქმეა, მაგრამ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ამას არ აკეთებენ.
როცა სასამართლოს მურუსიზაცია მოხდა და პროკურატურა არაპროფესიონალებით გაივსო, ჩვენ, ოპოზიციამ, რა გავაკეთოთ, _ დავსხდეთ და მედიასთან და საზოგადოებასთან ერთად დაველოდოთ, თუ როდის შეგვაყრიან კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები?! როგორც ზემოთ უკვე გითხარით, ამ პარტიას უნამუსობაში ვერავინ აჯობებს. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. როცა ყველა გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, მაშინ შედეგიც აუცილებლად დადგება.
_ ოპოზიციას რატომ არ აქვს უფლება, რომ გახმაურებული საქმეების გამოძიება მოითხოვოს? თქვენც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ? ცოტა გაუგებარია ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია, როცა ისინი ასეთ თემებზე საუბრის გამო გსაყვედურობენ.
_ რას ჰქვია, ოპოზიციას არ აქვს უფლება, გახმაურებული საქმეების გამოძიება მოითხოვოს?! აბა, რისთვის არსებობს ოპოზიცია?! ან რისთვის არის მედია, თუ ასეთ საქმეებზე არ ილაპარაკა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლება ამ ტრაგედიების ჩაფარცხვას ცდილობს? ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მენტალიტეტზე დაყრდნობილ საზოგადოებას თუ მივიღებთ, იქამდე მივალთ, რომ მედიასაშუალებებს მხოლოდ სპორტული ღონისძიებებისა და ამინდის პროგნოზის გაშუქების უფლება ექნება. „ქართული ოცნება“ თუ კიდევ ერთი ვადით დარჩა ხელისუფლების სათავეში, ნამდვილად ასეთ სურათს მივიღებთ.
საიდან მოიტანეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, რომ ოპოზიციას არ აქვს უფლება, გახმაურებული მკვლელობების გამოძიება მოითხოვოს?! ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა! მადლობა ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან და მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომ ამ საქმეში უკან არ იხევენ. ამ თემაზე საუბარი კიდევ გაგრძელდება, არც მედია და არც ოპოზიცია არ გაჩერდება. აუცილებლად უნდა დადგინდეს სიმართლე და დამნაშავეები დაისაჯონ. სამართლიანობა თუ არ გვექნა, ასე დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ.
ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენს სამართალდამცველ სტრუქტურებს ასეთი გახმაურებული საქმეების გამოძიება არ შეუძლია. ძალიან ბევრი პროფესიონალია საქართველოში, რომელმაც მშვენივრად იცის საგამოძიებო საქმიანობა და ოპერატიულ ღონისძიებებსაც გაატარებენ. სამწუხაროა, რომ ასეთი პროფესიონალები ან ტოვებენ სამსახურებს, ან დემორალიზებულები არიან.
_ დემორალიზებულები რატომ არიან?
_ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველა სტრუქტურა ბიძინა ივანიშვილის 5 მილიარდის დაცვაზე მუშაობს. პროფესიონალებისთვის ვიღაცის 5 მილიარდის დაცვა მიუღებელია, სულ რომ გადასარევი ადამიანი იყოს ამ მილიარდების მფლობელი. ამიტომაც არიან პროფესიონალები დემორალიზებულები. სამართალდამცველი სტრუქტურები დეგრადირებულია. ძალიან ბევრი პროფესიონალი წამოვიდა იქიდან.
_ ხელისუფლებას უნამუსობასა და ფულის რაოდენობაში არ უნდა შევეჯიბროთ, ვერ ვაჯობებთო და ეს ორი რამ არჩევნების მოსაგებად სერიოზული ბერკეტია. მათ ხელში დიდი ფინანსებია და ისინი ყველაფერზე წავლენ. ამ მნიშვნელოვან ფაქტორებს რას დაუპირისპირებს ოპოზიცია?
_ ამას ოპოზიცია პროფესიონალიზმს უპირისპირებს. მოგვწონს თუ არა, დღეს ოპოზიციაში თავმოყრილია ყველა ის პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილება, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდა სახელმწიფომ დააგროვა ბოლო 30 წლის მანძილზე. ამ გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, ენერგიითა და მუხტით აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის პარტიას და მას ოპოზიციაში გავუშვებთ. ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს.
_ როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას გავუშვებთო, ამაზე „ქართული ოცნების“ წევრები იცინიან ხოლმე.
_ არჩევნებამდე ყველა ხელისუფლებას ეცინება, როცა ოპონენტები ეუბნებიან, რომ დამარცხდებიან. არჩევნების შემდეგ მწარე ღიმილი შერჩებათ ხოლმე სახეზე. პოლიტიკაში ყოფნის 20-25-წლიანი სტაჟი არ მაქვს, მაგრამ ბიოგრაფიის სპეციფიკიდან გამომდინარე 20-წლიანი პოლიტიკური მახსოვრობა მაქვს და ბევრი რამ მინახავს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრებზე ბევრად მაგარი და თავდაჯერებული ბიჭები, რომლებიც არჩევნებამდე ოპოზიციის განცხადებებზე იცინოდნენ, არჩევნების შემდეგ კი სიმწრის ღიმილი შერჩათ სახეზე. „ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც ასე მოხდება. მეეჭვება, არჩევნების მეორე დღესაც შეძლონ გაცინება.
ბევრი მიზეზის გამო დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება. ეს გარდაუვალი პროცესია. ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს სანერვიული არაფერი გვაქვს, მაგრამ არც სრულად დამშვიდებული უნდა ვიყოთ. წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ანაქრონიზმია. „ქართული ოცნება“ გახლავთ გასული საუკუნის 90-იანი წლების მზითევი, რომელსაც აუცილებლად დაასრულებს მომავალი. ეს არის ცხოვრებისეული ლოგიკა. არც ნიჰილიზმს უნდა მიეცეს მოსახლეობა და არც დეპრესიაში უნდა ჩავარდეს. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა აქვს. ოპოზიციის გამარჯვება იქნება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის განვითარების საქმეში. „ოცნების“ ხელში ამ ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს.
_ იმისთვის, რომ გამარჯვება მოიპოვოთ, ოპოზიცია ერთად უნდა იყოთ. ამის აუცილებლობაზე არაერთხელ გისაუბრიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს ერთობა რაღაც აღარ ჩანს და რა ხდება?
_ მკაფიოდ განვსაზღვროთ, თუ რა არის ოპოზიციის ერთად ყოფნა ანუ ერთობა: ერთად ყოფნა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველგან ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს მთელ ოპოზიციას. არის ოლქები, სადაც ელექტორალური თვალსაზრისით უფრო კარგი იქნება, თუ ოპოზიციას რამდენიმე კანდიდატი ეყოლება. ეს სუფთა ტაქტიკური საკითხია. ერთად ყოფნა არც იმას ნიშნავს, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკი შევქმნათ და ყველანი ერთიანი საარჩევნო სიით გავიდეთ არჩევნებზე. ოპოზიციის სიძლიერე დღეს მის მრავალფეროვნებაშია, რომელიც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
_ როგორ უნდა გამოიყენოს?
_ ოპოზიციამ თავის ამომრჩეველს მრავალფეროვანი საარჩევნო ბიულეტენი უნდა შესთავაზოს.
_ უნდა მერე ამომრჩეველს ეს მრავალფეროვანი ბიულეტენი?
_ უნდა! მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ამომრჩევლის პოლიტიკური გემოვნება საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რაც ბოლო 30 წელიწადში მივიღეთ. დღეს ჩვენი საზოგადოება ჭრელია, მაგრამ ეს არის ჯანსაღი სიჭრელე, რაც ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია.
ახლა ოპოზიციის ამოცანაა შემდეგი: ერთმანეთს არ უნდა დავესხათ თავს, უნდა იყოს გამოკვეთილი სატელიტური ორგანიზაციები და პიროვნებები. ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიციაში თავისი სატელიტები გააჩინოს, რათა ისინი ოპოზიციის ოპოზიცია გახდნენ. ოპოზიციამ ასევე სრული კოორდინაცია უნდა მოახდინოს საარჩევნო გარემოს გასაჯანსაღებლად. ასევე ერთად უნდა ვიყოთ ამომრჩევლის მოსყიდვებისა და დაშინების აღსაკვეთად. ამ ხერხს ხელისუფლება აუცილებლად მიმართავს. არჩევნების დღეს კი არ უნდა დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ შედეგები გააყალბოს. აი, ეს არის ოპოზიციური ერთობა.
ჩემი აზრით, ოპოზიციამ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა _ საქართველოში აქამდე ორი პარტიაც კი ვერ ელაპარაკებოდა ერთმანეთს, ახლა კი 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ შევძელით ერთი იდეის გარშემო გაერთიანება. ცოტა ხნის წინ ეს წარმოუდგენელი ჩანდა. ეს თუ შევძელით, ჩვენი იდეის განხორციელებაც შეიძლება და აუცილებლად გავუშვებთ ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“.
ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპოზიციის რიგებში არავითარი ტექტონიკური რყევები და ძვრები არ არსებობს. არ არის აუცილებელი, რომ ოპოზიციაში ყველა ერთ პოზიციაზე იდგეს. სიმართლე გითხრათ, არც მე მომეწონებოდა ერთ აზრზე მდგომი ოპოზიცია. წარმოუდგენელია, ყველა ერთ აზრზე იყოს. კომუნისტურ პარტიაშიც კი განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. სხვადასხვა დაჯგუფებას თავისი კადრი უნდოდა ამა თუ იმ რაიონში რაიკომის მდივნად.
მესმის, რომ ამომრჩეველს ერთიანობა სურს, მაგრამ ამის მიუხედავად ნუ მოვთხოვთ ოპოზიციას, რომ ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო პარტიასავით ყველა ერთ აზრზე იყოს. ოპოზიციის მრავალფეროვნება არის ის ძალა, რითაც უნდა დაამარცხო ერთი მდიდარი კაცის ფულის ირგვლივ შეკრული ნაცრისფერი, ქვეყნის ჭაობში ჩამფლობი პოლიტიკური ძალა.
_ ამომრჩეველზეა ყველაფერი დამოკიდებული. ამომრჩეველს კი საარჩევნო უბნებზე მისვლა არ უნდა. როგორ აპირებთ მათ დარწმუნებას, რომ აუცილებლად უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა?
_ ამომრჩეველი აუცილებლად მივა არჩევნებზე, თუ ის დაინახავს, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს ცვლილებები ქვეყანაში.
_ ძირითად ოპოზიციურ ძალებში ვის მოიაზრებთ?
_ ძირითად ოპოზიციურ ძალებში არ მოვიაზრებ იმ ორგანიზაციებსა და პერსონებს, რომლებიც ნელ-ნელა იკვეთებიან როგორც ოპოზიციის ოპოზიცია. მთავარია, მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ძირითად ოპოზიციურ ძალებს ნამდვილად გვინდა „ქართული ოცნების“ გაშვება ხელისუფლებიდან. საზოგადოებას ასევე უნდა დავანახოთ, რომ მზად ვართ შევქმნათ ნორმალური კოალიციური მთავრობა. ამომრჩეველი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის მომავალში არ მიიღებს მახინჯი ფორმის ხელისუფლებას. ასეთ შემთხვევაში მათი მიყვანა აღარ დაგვჭირდება საარჩევნო უბნებთან, მოსახლეობა საკუთარი ინიციატივით წავა არჩევნებზე და გააკეთებს არჩევანს.
_ შეძლებს ოპოზიცია ამომრჩევლის დარწმუნებას?
_ ოპოზიციამ და პოლიტიკოსებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ თავის ამომრჩეველს კარგად აუხსნან, თუ რატომ არის აუცილებელი ხელისუფლებიდან ივანიშვილისა და მისი პარტიის გაშვება. ამომრჩეველს ისიც უნდა გავაგებინოთ, თუ რატომ არის აუცილებელი ქვეყნის განვითარებისთვის ახალი ტიპის, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. დღეს საქართველო ისეთ ეტაპზეა, რომლის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად ჰაერივით აუცილებელია კოალიციური ტიპის მთავრობა.

შორენა მარსაგიშვილი