პაატა დავითაია: „კრემლი აფხაზებს სჯის და ფულს აღარ აძლევს“

აფხაზეთში ვითარება მძიმდება. მოსკოვი სოხუმისთვის ფულის გამოყოფას არ ჩქარობს. „დამოუკიდებელ“ აფხაზეთს წლებია, რუსეთი ინახავს. კრემლი აქამდე სეპარატისტული რეგიონებისთვის ფულს არ იშურებდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მოსკოვი აფხაზების არჩევანმა გააღიზიანა. მათ გაბედეს და პრეზიდენტად ის კაცი აირჩიეს, რომლის პერსონასაც რუსები ეწინააღმდეგებოდნენ. ასლან ბჟანია მოსკოვისთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ გასულ წელს ის მოწამლეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიეღო მონაწილეობა. ბჟანია სიკვდილს ძლივს გადაურჩა და არჩევნების მიღმა დარჩა. კრემლმა ყველაფერი გააკეთა, რომ პრეზიდენტად მისთვის სასურველი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა გაეყვანა. მართალია, აფხაზები თავიდან ბოლომდე რუსებზე არიან დამოკიდებულები, მაგრამ ზოგჯერ რაც კრემლს უნდა, ეს მათთვის მიუღებელია.

სოხუმში საპროტესტო აქციები დაიწყო და კრემლის ფავორიტი ხაჯიმბა იძულებული გახდა, გადამდგარიყო. დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები და ის კრემლის მიერ მოწამლულმა და სიკვდილსგადარჩენილმა ასლან ბჟანიამ მოიგო. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც სოხუმი მოსკოვისთვის მიუღებელ კაცს ირჩევს პრეზიდენტად. კრემლი, თავის დროზე, სერგეი ბაღაფშისა და ალექსანდრე ანქვაბის არჩევის წინააღმდეგიც იყო.
მოსკოვი აფხაზებს მორიგ ურჩობას რომ არ აპატიებდა, ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ, ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ განაცხადა „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში. მისი თქმით, მოსკოვისთვის ყველაზე მიუღებელი ალექსანდრე ანქვაბია. ეს კაცი ბჟანიამ პრემიერად დანიშნა, მაგრამ რესპუბლიკის რეალური მმართველი ისაა. ეს რუსებმაც კარგად იციან. 2011 წელს აფხაზებმა ანქვაბი პრეზიდენტადაც აირჩიეს, რუსებმა ის ხაჯიმბას კლანის დახმარებით ჩამოაგდეს. რამდენიმე წელი ჩამოგდებული ანქვაბი მოსკოვში ცხოვრობდა, მერე აფხაზეთში დაბრუნდა და ხაჯიმბა პრეზიდენტის პოსტიდან გაუშვა.

რატომ არიან ბჟანია და ანქვაბი რუსებისთვის მიუღებელი ფიგურები? რატომ დააბრუნეს ხელისუფლებაში აფხაზური სეპარატიზმის ფუძემდებელი შამბა? რას ნიშნავს სოხუმიდან წამოსული მესიჯები დიალოგზე? რატომ გააქტიურდა აფხაზეთში სომხური დიასპორა? რატომ მოუხშირეს სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალში სიარულს? რატომ არაფერს სთავაზობს თბილისი სოხუმს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს პაატა დავითაია ესაუბრება:

_ ბატონო პაატა, აფხაზეთი ეკონომიკური კოლაფსის პირასაა _ მოსკოვი სოხუმს საკმარისი რაოდენობის ფულს აღარ აძლევს. აფხაზთა ახლად არჩეული პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოთხჯერ მაინც ჩავიდა მოსოვში, მაგრამ ოთხჯერვე ცარიელი ხელებით დაბრუნდა. რა ხდება, რატომ აღარ უნდა კრემლს აფხაზების დაფინანსება?
_ ფულის გამოყოფაზე თავს იმიტომ იკავებენ, რომ მათთვის ასლან ბჟანიას პრეზიდენტად არჩევა მიუღებელი იყო. ამის გარდა კრემლს ძალიან კარგად მოეხსენება, თუ როგორ ხარჯავენ და სად მიაქვთ აფხაზებს ის ფულები, რომელსაც მათ რუსეთი აძლევს.
_ აფხაზები რუსებს ფულს უტეხავენ და ამიტომ არ უნდათ ფულის გამოყოფა? ადრეც ხომ ტეხავდნენ ამ ფულს სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები?
_ აფხაზები ადრეც უტეხავდნენ მოსკოვს ფულებს, მაგრამ მაშინ ხელისუფლებაში ის ხალხი იჯდა, ვინც რუსეთისთვის მისაღები იყო. მათთვის ფული არ ენანებოდათ. ახლა ამ მხრივ ვითარება შეიცვალა და რუსებს არ უნდათ, რომ ის კლანი გაამდიდრონ, რომელიც მათ არ აწყობთ. ამ ქმედებით კრემლი აფხაზეთის მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციას აძლიერებს. ძალიან მალე აყვირდებიან ვიღაცები, რომ ხელისუფლებაში ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს, ვინც მოსკოვთან ურთიერთობას დაალაგებს.
_ რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ აფხაზეთის ხელისუფლებაში სერგეი შამბა დაბრუნდა. ბჟანიამ ის უშიშროების საბჭოში დაასაქმა. შამბა ისევ საქართველოსთან დიალოგზე ალაპარაკდა. მისი თქმით, დიალოგის გზით ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. შამბას განცხადებას ქართული საზოგადოება დადებითად შეხვდა. თქვენ რას იტყვით?
_ სერგეი შამბა იმიტომ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, რომ ის ბჟანიას ღიად უჭერდა მხარს. რაც შეეხება დიალოგის თემას, ეს არის ბლეფი და ზღაპარი. აფხაზებთან დიალოგი ადვილი არ იქნება, შამბასთან კი ეს წარმოუდგენლად მეჩვენება. ის თავის ძმებთან ერთად აფხაზური სეპარატიზმის ფუძემდებელი და იდეოლოგია. მის შეთავაზებაში ახალი და სასიხარულო არაფერია, ის წლებია, საუბრობს თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე. შამბა მიიჩნევს, რომ თბილისი სოხუმს, როგორც თანასწორ სუბიექტსა და დამოუკიდებელ ქვეყანას, ისე უნდა დაელაპარაკოს. ასეთ პირობას ქართული მხარე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასთანხმდეს.
_ ბჟანიამ დანიშნა შამბა უშიშროების მდივნადო და როგორ დაეთანხმა ამას ანქვაბი? ანქვაბი და შამბა ერთმანეთს სერიოზულად მტრობდნენ. 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისინი კონკურენტები იყვნენ. მაშინ სერგეი შამბამ თენგიზ კიტოვანს გააკეთებინა განცხადება, რომ ანქვაბი ომის დროს ქართველებს ეხმარებოდაო. კიტოვანის ვიდეო სოხუმში დიდ ეკრანზე აჩვენეს.
_ ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ანქვაბი შამბას დანიშვნის წინააღმდეგი არ წასულა, რადგან დრო შეიცვალა. არჩევნები, რომელიც მარტში ჩატარდა, გადამწყვეტი იყო. ამ არჩევნებზე შამბა ღიად და დაუფარავად უტევდა ხაჯიმბას ხალხს. ხაჯიმბას კლანი რუსეთში აფხაზეთის შესვლის მომხრე იყო, შამბა კი ბჟანია-ანქვაბის მსგავსად მიიჩნევს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი უნდა იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ შამბა თავის ძმებთან ერთად აფხაზური სეპარატიზმის ფუძემდებელია. ვიმეორებ: შამბა როდესაც თბილისთან დიალოგზე საუბრობს, ეს არაფრის მომცემი არაა.
_ ასლან ბჟანიამ ძალიან მოუხშირა გალში სიარულს. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის ოთხჯერ თუ ხუთჯერ ჩავიდა ოკუპირებულ გალის რაიონში და იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. რას უნდა მივაწეროთ მისი ასეთი საქციელი?
_ ეს არჩევნები მოიგო არა ასლან ბჟანიამ, არამედ ალექსანდრე ანქვაბმა. ანქვაბმა კი არჩევნები, თავის მხრივ, გალის ქართული მოსახლეობის ხარჯზე მოიგო. აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის გალი ერთგვარი პლაცდარმია. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ იქ მცხოვრები ქართველები არ შევიწროვდნენ.
რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა გალის მოსახლეობის მიმართ რაულ ხაჯიმბას და მის ხელისუფლებას. ისინი ქართულ მოსახლეობას ავიწროებდნენ. ამიტომაც მისცეს ხმა გალელმა ქართველებმა ბჟანიას.
_ რამდენი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს დღეს გალის რაიონში?
_ 60.000-მდე ქართველი ცხოვრობს დღეს გალის რაიონში. 20.00-მდე გადადის და გადმოდის, 40.000 იქ მუდმივად ცხოვრობს.
_ ქართველებს რატომ უყვართ ანქვაბი, რახან ხაჯიმბასავით არ იქცევა, თუ 1992-1993 წლების ომის დროინდელი ამბების გამო? როგორც ამბობენ, მაშინ ანქვაბმა, რომელსაც ვლადისლავ არძინბას მთავრობის შს მინისტრის პოსტი ეკავა, ბევრი ქართველი გადაარჩინა.
_ ნამდვილად ასე იყო. ამის გამოც სცემენ პატივს მას გალში. ამის გარდა, როცა ანქვაბი პრეზიდენტი გახდა, გალის ქართველებს აფხაზეთის „მოქალაქეობა“ მისცა.
_ ბოლო პერიოდში აფხაზეთში სომხური დიასპორის გააქტიურება შეინიშნება. მათ საომარი მოქმედებების დროს ძალიან დიდი როლი შეასრულეს და ახლა რუსეთი მათ ანქვაბის წინააღმდეგ ხომ არ გამოიყენებს, როგორც, თავის დროზე, ქართველების წინააღმდეგ გამოიყენა?
_ აფხაზეთში მცხოვრები სომხები მართლაც შეეცადნენ პოზიციების ხელში აღებას, მაგრამ აფხაზებმა ნაციონალური მიდგომით მათი ამბიციები ჩაახშეს. თან აფხაზეთის სომხურ დიასპორას ხაჯიმბა დიდად არასდროს მოსწონდა. მათთვის ანქვაბი უფრო მისაღებია.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ კრემლი სოხუმში სომხურ კარტს ვერ გაათამაშებს?
_ ვერა. სომხური კარტის გათამაშება შეუძლებელია.
_ დღეს აფხაზები რუსებზე გაბრაზებულები არიან და ეს ჩვენთვის ხელსაყრელი სიტუაციაა. რისი შეთავაზება შეგვიძლია სოხუმისთვის?
_ ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, თუ როგორ შეიძლება აფხაზებთან ვიმუშაოთ, მაგრამ ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. თავი დავანებოთ იმას, რომ ასეთ რამეებზე მედიაში არ ლაპარაკობენ. აქ მთავარი სხვა რამეა _ საქართველოს ხელისუფლებისთვის აფხაზეთი საინტერესო არ არის.
_ როგორ შეიძლება, დაკარგული ტერიტორიები ხელისუფლებისთვის საინტერესო არ იყოს?
_ საინტერესო იმიტომ არაა, რომ აფხაზეთი ყველა ხელისუფლებისთვის თავის ტკივილია და შიგ ჩახედვა არავის უნდა.
_ ოპოზიციას თუ აინტერესებს აფხაზეთის თემა? რომელიმე პარტიას საარჩევნო პროგრამაში უწერია, თუ როგორ აპირებენ ოკუპირებული რეგიონების პრობლემის მოგვარებას?
_ საარჩევნო პროგრამაში ამის ჩაწერა აუცილებელი არაა, აქ საქმის გაკეთებაა მთავარი. ვაღიაროთ, რომ დღეს აფხაზეთზე ბევრი აღარ საუბრობს. ფაქტობრივად, მე მახსოვს ეს თემა მხოლოდ. აფხაზეთი ჩემი დიდი ტკივილია. ზოგიერთისთვის აფხაზეთი მხოლოდ სადღეგრძელოს თემაა და მორჩა.
როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, ძალიან ბევრს ვსაუბრობდი აფხაზეთზე. აფხაზეთთან დაკავშირებული 18 რეზოლუციის ავტორი ვარ. რამდენი წელია, რაც პარლამენტიდან წამოვედი და აფხაზეთზე ერთი რეზოლუციაც კი არ მიუღიათ.
_ ამ რეზოლუციებს ხომ ჰქონდა შედეგი?
_ რა თქმა უნდა, აფხაზები ასე ვერ თავხედობდნენ. პარლამენტში თუ შევედი, ჩემი მთავარი სალაპარაკო თემა აფხაზეთი იქნება.
_ იმედია, ცხინვალის რეგიონზეც ისაუბრებთ, ისიც ჩვენი ტერიტორიაა და ისიც ოკუპირებულია.
_ ცხინვალზე როგორ არ ვისაუბრებ. როცა აფხაზეთს ვახსენებ, იქ, ბუნებრივია, ცხინვალის რეგიონსაც ვგულისხმობ.
_ ამ დღეებში აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდება და აუცილებლად დაიწყება საუბრები იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. თქვენ ხელმძღვანელობდით იმ საპარლამენტო კომისიას, რომელმაც აგვისტოს ომი შეისწავლა. ძალიან ბევრი რამე იცით. ვინ დაიწყო ომი?
_ გაუმართლებლად მიმაჩნია საუბრები იმაზე, თუ ვინ დაიწყო ცხინვალში ომი. მინდა, ყველამ გააცნობიეროს, რომ რუსეთთან ომი 2008 წლის 8 აგვისტოს არ დაწყებულა. ეს ომი დაიწყო ბევრად ადრე. მაშინ დაიწყო, როცა საქართველომ სუვერენიტეტზე გააკეთა განაცხადი. 1990 წელს დაწყებული ომს რუსეთი დღემდე აგრძელებს.
_ 2008 წლის აგვისტო რა იყო?
_ ეს იყო ერთ-ერთი ბრძოლა რუსეთთან. ასეთი ბრძოლები მომავალშიც იქნება. კომისიის დასკვნაში, რომლის თავმჯდომარეც მე ვიყავი, პირდაპირ წერია, რომ ცხინვალში შევედით ჩვენ.
_ სწორედ მაგაზე მიდის მოთქმა და გოდება, რატომ შევედით ცხინვალშიო.
_ ცხინვალში შევედით იმიტომ, რომ იქიდან შემოდიოდა რუსული ჯარები.
_ არ უნდა შევსულიყავით ცხინვალში?
_ სამართლებრივად არავის შეუტანია იმ დასკვნაში ეჭვი, რომელიც ჩვენ დავწერეთ. იქ კი შავით თეთრზე წერია, რომ ჩვენ შევედით ცხინვალში. დიდი ბოდიში და საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას საუბრობს ამ ომზე ფინჯან ყავასთან. დასხდნენ და ისევ ფინჯან ყავაზე გაარძელონ საუბარი. ერთი ადგილი თუ აქვთ, სამართლებრივად ისაუბრონ ამ თემაზე. ვიმეორებ, რომ აქამდე კომისიის დასკვნაში ეჭვიც კი არავის შეუტანია.
_ კომისიის დასკვნას საერთოდ არ ახსენებენ, მხოლოდ იმაზე იქნება საუბარი, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი.
_ იჭორაონ და იყვნენ. 8 აგვისტოს დაიწყებენ და 10 აგვისტოს დილით ცხინვალი უკვე არავის ემახსოვრება.
_ ახლა შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებსაც მივხედოთ. რაღაც პასიური ჩანს ოპოზიცია და რა ხდება?
_ ოპოზიციურ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ კონსულტაციები თითქმის დასრულებულია. ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას ერთიანი საარჩევნო ბლოკით მივიღებთ. გვექნება ერთიანი საარჩევნო სია.
_ ვაშაძე და მისი პარტია ხომ გამოეთიშა ამ გაერთიანებას? ამან რაღაც გაუგებრობა ხომ არ შეიტანა თქვენს რიგებში?
_ 10-სუბიექტიანი გაერთიანებიდან ერთი პარტია გავიდა მხოლოდ. ეს გაუგებრობას ვერ მოიტანდა.
_ სამომავლოდ ითანამშრომლებთ ერთობიდან გასულ გიორგი ვაშაძესთან?
_ რა თქმა უნდა. მე მთლიანი ოპოზიციური ერთობის კოორდინატორი ვარ და ყველასთან ვთანამშრომლობ, ყველას ვეკონტაქტები. მომავალშიც ასე იქნება. ოპოზიცია ერთად უნდა იდგეს. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს.
_ გაზაფხულზე ოპოზიცია უფრო მხნედ გამოიყურებოდა. ბევრს საუბრობდით ხელისუფლების დამარცხებაზე. ახლა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გაჩერდით და ბედს შეეგუეთ.
_ არ გავჩერებულვართ. საარჩევნო კამპანია ძალიან მალე დაიწყება და ეს იქნება მოკლევადიანი კამპანია, ფაქტობრივად, ბლიც-კრიგი. ყველანი ნახავთ, როგორ იმოქმედებს ოპოზიცია.
_ როგორ?
_ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებისგან კატეგორიულად ითხოვენ, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მწვავე საარჩევნო კამპანია გვექნება. ეს არჩევნები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. ამ არჩევნებზე გადამწყვეტი იქნება ოპოზიციის ერთობა. ერთობა თუ იქნა, გამარჯვებასაც მივაღწევთ და „ოცნებასაც“ გავუშვებთ ხელისუფლებიდან. ერთობის შენარჩუნებას თუ ვერ მოვახერხებთ, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება.
_ შეძლებთ ამ ერთობის შენარჩუნებას?
_ პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ერთობა შენარჩუნდეს. ოპოზიციაში ბევრია ასე განწყობილი. ეს ერთობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
_ იმის არ გეშინიათ, რომ ოპოზიციური ერთობიდან ივანიშვილი ვიღაცების გადაბირებას შეძლებს?
_ თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დაველოდოთ და ვნახავთ, რა მოხდება. წინ საინტერესო მოვლენები გველოდება.
_ მოსალოდნელი რისკები უკვე გათვლილი გაქვთ, თუ ახლა იწყებს ოპოზიცია ამაზე მუშაობას?
_ ჯერ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებაზე ვმუშაობთ. ბლოკი როცა ჩამოყალიბდება, მერე ბლოკის წევრები მოსალოდნელ რისკებსაც განვიხილავთ და იმაზეც ვიფიქრებთ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ რისკებს.
_ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებზე მაინტერესებს თქვენი აზრი. ხელისუფლების მომხრეებიც აღიარებენ, რომ სუსტი კანდიდატები არიან, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ოპოზიცია ისეთ დღეშია, მმართველმა პარტიამ ჯოხიც რომ დააყენოს კანდიდატად, ისიც მოიგებს არჩევნებსო.
_ საქმე ასე ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ დიდი ფული აქვს და ჩვენ _ არაფერი, ივანიშვილი ასე მარტივად ვერ მოიგებს არჩევნებს. ეს საპრეზიდენტო არჩევნებმაც ნათლად აჩვენა. ხელისუფლებამ 200 მილიონი დახარჯა, ჩვენ _ 2 მილიონი და ერთნაირი შედეგი დავდეთ. ფული ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ გადამწყვეტი არაა. ამ სიტუაციაში მთავარია ერთობა. ერთობა რაც უფრო დიდი იქნება, მით უფრო დიდია მოგების შანსი.
_ რაც უფრო დიდია ერთობა, მით უფრო ჭრელია ის და, შესაბამისად, მისი დაშლა უფრო ადვილია.
_ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. ოპოზიციაში მყარად უნდა იყოს განსაზღვრული, რა გვინდა _ შევცვალოთ ხელისუფლება, თუ ჩვენი მიზანი პარლამენტში მოხვედრაა?
_ რა უნდა ოპოზიციას? _ ეს მყარად გამოკვეთილია?
_ ჩემთვის და გაერთიანებისთვის „ძალა ერთობაშია“ მიზანი ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლაა. ჩვენი მიზანია ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ოპოზიცია არ წყვეტს არაფერს. გადაწყვეტილებას იღებს ხალხი.
_ ხალხი არჩევნებზე რომ არ დადის?
_ უნდა წავიდეს. მათ უნდა გააკეთონ არჩევანი და მერე ამ არჩევანს სცენ პატივი. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ 4 წელიწადში ერთხელ ერთი დღე ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და ის ერთი დღე წყვეტს შემდეგ იმას, თუ როგორ იცხოვრებს ხალხი და ქვეყანა.
_ იმისთვის, რომ ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთოს, ამოსარჩევი სუბიექტები ხომ უნდა იყვნენ?
_ როცა გინდა, რომ არჩევნებზე წასვლას თავი აარიდო, მიზეზს ყოველთვის მოიგონებ. ასე არ გამოვა, ამომრჩეველი აუცილებლად უნდა წავიდეს საარჩევნო უბანზე და არჩევანი გააკეთოს.

შორენა მარსაგიშვილი