მიშა კაჭკაჭიშვილი: „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ირაკლი კობახიძემ დაღუპა“

მედიის აქტიურობის წყალობით ხელისუფლებამ „გიორგი შაქარაშვილის საქმის“ ჩაფარცხვა ვერ შეძლო. ყველამ იფიქრა, რომ ეს მათთვის გაკვეთილი იქნებოდა და შემდეგში აღარ შეეცდებოდნენ რომელიმე გახმაურებული საქმის გყალბებას. მოლოდინი არ გამართლდა _ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ხელისუფლება არც ამ საქმეში ჩქარობს სიმართლის დადგენას. იმის მაგივრად, რომ დამნაშავეები იპოვონ, საზოგადოებასა და მედიას ამუნათებენ, ასეთ საქმეებში ნუ ერევითო.
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მიშა კაჭკაჭიშვილი, არ გამორიცხავს, რომ გახმაურებული საქმეების გამოძიების მოთხოვნით სერიოზული აქციები დაიწყოს.

რატომ ამბობს ხელისუფლება უარს გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე? რა პროცესები მიდის „ქართულ ოცნებაში“? ვინ ბლოკავს გამოძიებას? რას ვერ იყოფენ ხელისუფლების წარმომადგენლები? რას უნდა ველოდოთ შემოდგომაზე? რატომ ვეღარ ამოეფარება ივანიშვილის პარტია პანდემიას? ვინ დაღუპა „ქართული ოცნება? _ ამ თემების შესახებ მიშა კაჭკაჭიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვის მცდელობას ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამ საქმეში მედიის აქტიურობამ განცდა გააჩინა, რომ ხელისუფლება სხვა დროს ვეღარ გაბედავდა რამე საქმის ჩაფარცხვას. თუმცა შაქარაშვილის ამბიდან ძალიან მალე თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. აშკარაა, რომ 23 წლის გოგონას სიკვდილი რაღაც სერიოზულ საიდუმლოს მალავს და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ საქმის ჩასაფარცხად. რატომ ბედავს ხელისუფლება ამდენს?
_ მართლა ვერ ვხვდები, რატომ იქცევა ხელისუფლება ასე?! წინასაარჩევნოდ ასეთი ვითარება მას რაში უნდა სჭირდებოდეს? თუ იმის იმედი აქვთ, რომ კორონავირუსის თემას შემოატრიალებენ და ხალხს ყველაფერს დაავიწყებენ, ძალიან ცდებიან. გაუხსნელი საქმეები დამოკლეს მახვილივით კიდია „ქართული ოცნების“ თავზე. ამის მიუხედავად, ეს ხელისუფლება ამ საქმეებს ვერ გახსნის.
_ ვერ გახსნის, თუ არ გახსნის?
_ უკვე არ ვიცი, რა ვთქვა. რომ უნდოდეთ, ალბათ, აქამდე გახსნიდნენ. ეს ხომ არ არის რომელიმე სპეცსამსახურის ჩატარებული ოპერაცია, რომ რაღაცის გაგება გაუჭირდეთ? ამ შემთხვევაში შაქარაშვილის საქმეზე ვსაუბრობ. იმ საწყალი გოგოს სიკვდილის საქმის კონტურები ჯერ გამოკვეთილი არ არის. „შაქარაშვილის საქმის“ გამოძიება არ იყო რთული. ახალგაზრდებმა იჩხუბეს, ამ ჩხუბის დროს მოკლეს 19 წლის ბიჭი. მერე ვიღაცებმა სცადეს თავიანთი შვილებისა და ნათესავების მკვლელობის საქმიდან გამოცლა. შეეცადნენ, რომ დაგვეჯერებინა, თითქოს შაქარაშვილი მდინარე არაგვში დაიხრჩო.
_ ხელისუფლება სხვა ვერსიასაც გვთავაზობდა _ შაქარაშვილს ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა.
_ ამის მცდელობაც იყო. ის სცენარიც განიხილეს, რომ თითქოს 19 წლის ბიჭი ჩხუბის დროს შემოაკვდათ და ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. პირველი დღიდან გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს საქმე არ გახსნილიყო. როგორც წესი, ასეთი საქმეები ცხელ კვალზე და ძალიან სწრაფად იხსნება. იმედი მაქვს, რომ სიმართლეს არჩევნებამდე გავიგებთ. თუ ახლა ამის გაგება ვერ მოხერხდა, არჩევნების მერე აუცილებლად გავიგებთ, როგორ და ვინ მოკლა შაქარაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ საგამოძიებო კომისიას. ეს კომისია შეისწავლის როგორც შაქარაშვილის, ასევე ბაჩალიაშვილის საქმეს.
_ იმედია, მანამდე კიდევ რამე მკვლელობა არ მოხდება. „შაქარაშვილის საქმის“ შემდეგ გვეგონა, რომ ხელისუფლება ვეღარ გარისკავდა საქმეების ჩაფარცხვას, მაგრამ ბაჩალიაშვილის სიკვდილმა კიდევ უარესი ამბები ამოატივტივა.
_ გამორიცხული არაფერია. „ქართული ოცნების“ პირობებში ყველაფერია მოსალოდნელი. ესენი აშკარად აჭრილები არიან _ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. მერე ცდილობენ, ეს შეცდომა რამენაირად გადაფარონ. ამის გარდა არის პრობლემები, რომლებსაც კი არ აგვარებენ, არამედ ცდილობენ, სხვა თემებით გადაფარონ. ერთდღიანი გეგმები აქვთ. ფიქრობენ, რომ 100 და 200-ლარიანი მპოსტავებით გაამართლებენ ამ ამბებს სოციალურ ქსელებში. საქმეში მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებიც ჰყავთ ჩართული.
აქამდე ეს მეთოდი ჭრიდა, მაგრამ ახლა, როგორც ვატყობ, უკვე აღარ მუშაობს. ძალიან ძნელია რამე არგუმენტის მოძებნა, როცა მურუსიძისა და ჩინჩალაძის კლანი მართავს სასამართლოს. ამ სასამართლომ რურუასთან დაკავშირებით რა განაჩენიც გამოიტანა, ყველამ ნახა.
_ ბევრი ელოდა, რომ გიორგი რურუას სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ. თავის დროზე, „ოცნებამ“ ხომ ამ ადამიანის განთავისუფლების პირობაც დადო, მაგრამ მაინც ციხეში ჩატოვეს. ამას რით ხსნით?
_ სიმართლე გითხრათ, ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი. სავარაუდოდ, „ოცნებამ“ თავის მომხრეებს აჩვენა, რომ აი, ჩვენ მაგრად ვდგავართ და დასავლეთის მოთხოვნებს ანგარიშს არ ვუწევთო. რურუა რომ გამოეშვათ, ეს „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფა იქნებოდა _ ხუხულასავით დაინგრეოდნენ. რატომღაც, ასე მგონია, რომ ამ ადამიანის გამოშვება მოუწევთ.
_ როგორ? სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის გიორგი რურუას არ შეიწყალებს.
_ მოუწევს შეწყალება. არ გამოვრიცხავ, რომ ის მარიამობისთვის შეიწყალონ. მანამდეც არის ეს შესაძლებელი. ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, რურუა ციხიდან უნდა გაუშვას. მათ მისი პატიმრობა არაფერში სჭირდებათ. არ მესმის, რატომ უნდა მიიყვანონ საპროტესტო აქციებამდე საქმე.
_ მივა ვითომ საქმე აქციებამდე? კორონის გამო ხალხი მოერიდება ქუჩაში გამოსვლას და აქციაში მონაწილეობას.
_ არა მგონია, კორონამ აქციის მოწყობას შეუშალოს ხელი. დაიღალა უკვე ხალხი ამ ვირუსზე საუბრით. რაც არ უნდა ზარდონ სტატისტიკა და დრამატულად დახატონ სურათი, შეზღუდვებს ვეღარ დააწესებენ. გვინდა თუ არა, აქ აქციის ჩატარება მაინც მოგვიწევს. მოვა სექტემბერი და უკმაყოფილო ხალხი გარეთ გამოვა. აგვისტოშიც შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ აგვისტო ყოველთვის მკვდარი თვეა. პოლიტიკური პროცესები სექტემბრიდან გააქტიურდება.
ის ნარატივი უკვე აღარ მუშაობს, რომ ვინც ხელისუფლებაზე ცუდს ამბობს, „ნაციონალია“. ამაზე საზოგადოებას უკვე ეცინება. იმასაც ხომ გააჩნია, თუ ვინ გვეძახის „ნაციონალებს“. „ნაციონალებს“ ის ხალხი გვეძახის, რომელმაც მიშას 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაუწყო ბრძოლა. უსამართლობის სიმბოლო მურუსიძეს ამათ ჩააბარეს სასამართლო სისტემა და კიდევ ბედავენ ხმის ამოღებას. მურუსიძე რომ გყავს, სხვას „ნაცი“ არ უნდა დაუძახო.
არც ისაა ჩემთვის გასაგები, თუ რატომ აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები მედიის სელექციას. „ოცნების“ წევრები ოპოზიციურ გამოცემებსა და ტელევიზიებს ინტერვიუებს არ აძლევენ.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები არც „ქრონიკა+“-ს ელაპარაკებიან.
_ ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მართალი თუ ხარ, რატომ ერიდები ამა თუ იმ მედიასთან საუბარს? მე, მაგალითად, სიამოვნებით დავჯდებოდი „პოსტ ტვ-სა“ და „იმედის“ ეთერში. ყველა კითხვაზე ვუპასუხებ, რასაც დასვამენ.
_ თავის დროზე, „ნაცებიც“ ასე იქცეოდნენ _ ოპოზიციურ მედიას არ ელაპარაკებოდნენ. „ოცნება“ ამაშიც წინა ხელისუფლებას ბაძავს?
_ ვერ გეტყვით, „ნაციონალებს“ ბაძავენ თუ არა, მაგრამ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. დაამთავრებენ ისე, როგორც „ნაციონალებმა“ დაამთავრეს. ამათ უკვე დაკარგული აქვთ ავტორიტეტი და თავიანთ მომხრეებს ილუზიაში აცხოვრებენ.
_ რა ილუზიაში აცხოვრებენ?
_ აჩვენებენ, ვითომ მყარად დგანან. არადა, ძალიან ცუდად აქვთ საქმე. შიგნიდან მაქვს ინფორმაცია და კარგად ვიცი, რაც ხდება.
_ რა ხდება?
_ ჩვეულებრივი საგიჟეთია. საარჩევნო სიის გამო დახოცეს და დაჟლიტეს ერთმანეთი. იგივე მოხდა მაჟორიტარების შერჩევაზე, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ამაზე საუბარი აღარ მინდა. ვერაფრით ამოვხსენი, თუ რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს მონური ფსიქოლოოგიის ადამიანები.
_ ასეთი ხალხი მარტო ივანიშვილს არ ახვევია გარს. ასეთი ხალხი სააკაშვილსაც მოსწონდა და _ შევარდნაძესაც.
_ მე არ მესმის, თუ რატომ უნდა მოგწონდეს მონური ფსიქოლოოგის მქონე ადამიანები? საღად თუ აზროვნებ, მონა არ მოგეწონება. ივანიშვილს მონები მოსწონს. მოსწონს და მოსწონდეს, რა ვქნა? ღმერთმა შეარგოს ივანიშვილს ეს ბრბო და კიდევ ის ირაკლი კობახიძე.
_ ეგ კობახიძე ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებულ მოვლენად იქცა.
_ მე თუ მკითხავ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მაგან დაღუპა. ეგ რომ არა, ბიძინა ასეთი წაქცეული არ იქნებოდა.
_ 20 ივნისის ღამეს ეგ რომ გადამდგარიყო პარლამენტის სპიკერის პოსტიდან, არც დარბევა იქნებოდა და ბავშვებს თვალებს არ დასთხრიდნენ.
_ ამ აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო კობახიძის გადადგომა. ეგ რომ გადამგარიყო, მოვლენები რუსთაველზე ასე დრამატულად აღარ განვითარდებოდა. კობახიძის სახელს უკავშირდება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდებაც. მან დაარწმუნა ივანიშვილი, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა მიეღოთ. ეგ არის ყველაფრის თავი და თავი.
_ კობახიძე ერთი ჩუმი ბიჭი იყო და ასეთ ინტრიგანად როგორ ჩამოყალიბდა?
_ მე მას არ ვიცნობდი და მაგიტომ ვერაფერს გეტყვით, რანაირი იყო. მამამისს ვიცნობ კარგად. ჩვენ ერთად ვიბრძოდით სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს ირაკლი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო ახლა კი… თავი რაღაც ჰგონია.
_ კიდევ კარგი, შარშან 20 ივნისს ეგ არ იყო შს მინისტრი, თორემ უფრო მეტი ადამიანი დაკარგავდა თვალს. ძალიან აგრესიულია.
_ არა მგონია, კობახიძეს რამე გაეკეთებინა, ისევე როგორც გახარიას არ გაუცია აქციის დარბევის ბრძანება. ამის მიუხედავად, მაგას მუწევს ამაზე პასუხის გაცემა. 20 ივნისს რომ არავინ აპატიებს, ეს ხომ ყველამ ვიცით.
_ ხელისუფლება რომ შეიცვალა გვეგონა, არც 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევა შერჩებოდა ვიღაცებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეპატიათ.
_ ვის ეპატია? მერაბიშვილი 26 მაისის აქციის დარბევის გამო იჯდა ციხეში რამდენიმე წელი. მას გაცილებით მეტი ეკუთვნოდა.
_ თუ მეტი ეკუთვნოდა, ნაკლები რატომ მიუსაჯეს? ეს, ფაქტობრივად, პატიებაა.
_ ნაკლები იმიტომ მიუსაჯეს, რომ სასამართლო სისტემა ჩინჩალაძე-მურუსიძის ხელშია. ნორმალური სასამართლო რომ გვყოლოდა, მერაბიშვილი ციხიდან კიდევ ათი წელი მაინც ვერ გამოვიდოდა. მისთვის 7 წელი ძალიან ცოტა იყო. საზოგადოებისა და „ოცნების“ მომხრეების ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, ესენი ვანოს საერთოდ არ გაუშვებდნენ ციხეში.
_ ბიძინას მართლა ენანებოდა ვანო ციხისთვის. ნათქვამი აქვს, მერაბიშვილი კარგი მენეჯერიაო.
_ ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ, ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი რამე აქვს ნათქვამი.
_ ისევ იმ თემაზე გადავიდეთ, რითიც საუბარი დავიწყეთ: როცა ოპოზიცია შაქარაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვთ, ხელისუფლება ამბობს, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა გინდათ.
_ კეთილი ინებონ და აგვიხსნან, თუ როგორ ვიყენებთ ამ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის? საარჩევნო კამპანიას კი არ ვატარებთ, მკვლელების დასჯას ვითხოვთ. დაესაჯათ მკვლელები და არავინ ისაუბრებდა ამაზე. ჩვენი მოწოდების გარეშეც უნდა პოულობდეს ხელისუფლება დამნაშავეებს და უდანაშაულო ხალხს ციხეში არ უნდა ყრიდეს. თუ ამ საქმეებში ყველაფერი ნორმალურად მიდის, რატომ მისცა გახარიამ გომელაურს შენიშვნა? ეს შენიშვნა სამართლიანი იყო!
_ შენიშვნის მიცემის მეორე დღეს პრემიერმა გახარიამ თავისი სიტყვები უკან წაიღო. ეს რაღა იყო?
_ გახარიამ თავისი სიტყვები უკან წაიღო იმიტომ, რომ იგი დატუქსეს. მეორე დღეს თავისი პოზიციები ძალიან შეარბილა, თორემ წინა დღეს სწორი შენიშვნა მისცა შს მინისტრს. ისიც ვთქვათ, რომ რეალურად გახარიას არაფერი ეკითხება. ის ვერც სუსს, ვერც შსს-სა და ვერც პროკურატურას ვერ აკონტროლებს. ერთი ცქიტიშვილსა და თურნავას აკონტროლებს და ეგაა. ისე ჰყავთ დასმული პრემიერად და მაგასაც თავი ტალეირანი ჰგონია. მაგის სხარტულებიც ამოვიდა ყელში.
_ ამბობთ, რომ პრემიერს არაფერი ეკითხებაო. ბიძინას გარდა „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს რამე ეკითხება, საერთოდ?
_ ბიძინას გარდა „ქართულ ოცნებაში“ კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს.
_ ზემოთ თქვით, რომ ვერ ვხვდები, წინასაარჩევნოდ რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ამ გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობაო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მათ ვიღაც რაღაცას უჩალიჩებს. ან წასვლა უნდათ და ასეთი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხმა ისინი გადახაზოს?
_ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს. ამის მიუხედავად ვიტყვი, რომ პარტიის შიგნით არიან ადამიანები, რომლებსაც ამ საქმეების გახსნა უნდათ. ახალგაზრდა ხალხია და არ სურთ, რომ ამის გამო პოლიტიკური კარიერა ნაადრევად დაასრულონ. არ უნდათ, რომ მომავალში გარეთ გასვლის შერცხვეთ.
_ ასეთი ხალხი თუ არის „ოცნებაში“, რატომ არ ახორციელებს ზეწოლას, რომ ეს საქმეები პირუთვნელად გამოიძიონ?
_ ზეწოლასაც განახორციელებდნენ, მაგრამ მათ ამისთვის ბერკეტები არ გააჩნიათ. თანაც არც ბევრნი არიან. „ქართულ ცონებაში“ არის რამდენიმე დაჯგუფება, რომელიც შეხვდება და დიდი ხნის მანძილზე დაელაპარაკება ბიძინას. ის რჩება იმ მომენტში გამარჯვებული. შემდეგ სხვა დაჯგუფებას ეძლევა ივანიშვილთან საუბრის შანსი და დროებითი გამარჯვება მას რჩება. ასე გრძელდება გაუთავებლად. ამათ ხომ არანაირი სამოქმედო გეგმა არ აქვთ. რაღაც მესიჯბოქსი წამოვა და იმას ატრიალებენ სოციალურ ქსელში. ასე ცდილობენ, ხალხის უკმაყოფილება გადაფარონ. ფაქტობრივად, მოგერიების რეჟიმში არიან.
_ შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებს ვერაფრით მოიგერიებენ.
_ ამის მოგერიება გამორიცხულია. მმართველ პარტიას ჰგონია, რომ ოპოზიცია სუსტია და ამაზე ღადაობს, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ რომ სუსტები ვყოფილიყავით, ამდენი ხალხი საერთო ენას ვერ გამოვნახავდით და ერთ მაგიდასთან ვერ დავსხდებოდით. ჩვენ ხომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვართ. წლების მანძილზე პოლიტიკურად ვემტერებოდით ერთმანეთს. ამ მაგიდასთან იჯდა ხალხი, ვინც მე პირადად მემტერებოდა. ხომ უნდა მოახერხო, რომ მე ამ ხალხთან ერთად დამსვა.
_ ყველაფრის მიუხედავად, თქვენი და ვანო მერაბიშვილის ერთ მაგიდასთან დასხდომა წარმოუდგენელი ამბავია.
_ მერაბიშვილი ჩემთვის ისეთი წითელი ხაზია, რომ იმ მაგიდასთან არ მივიდოდი, სადაც ეგ დაჯდებოდა. არ დავმალავ და მასთან ჩხუბი მომივიდოდა. მის მიმართ სხვებსაც აქვთ ასეთი დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულებას მერაბიშვილიც გრძნობდა და ამიტომ არ დადიოდა მოლაპარაკებებზე. მან შეიძლება, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზეც. მეტს არაფერს ვიტყვი მაგ ადამიანზე, მერე ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა რომ არ დამაბრალონ
_ იქ, სადაც „ოცნებამ“ ამდენი განსხვავებული ადამიანი დაგსვათ ერთად, იმასაც მოახერხებს, რომ არჩევნები წააგოს.
_ არჩევნებს არ აგებს ხელისუფლება, არჩევნებს ნებისმიერ შემთხვევაში იგებს ხალხი. „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ ეს არჩევნები ცეცხლითა და მახვილით ჩაატაროს. არ მჯერა, რომ მოსყიდვა და ძალადობა არ იქნება. ხელისუფლება ყველა მეთოდს გამოიყენებს. ოღონდ ერთი რამეც იცოდეთ, რომ ამ ძალადობასა და გაყალბებას აღარ გაატარებენ.
_ ვინ არ გაატარებს?
_ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას აღარ გაატარებენ და აქ რაოდენობა არ იქნება გადამწყვეტი. სულ რომ ათას კაცს მოგვიწიოს ბრძოლა, ბოლომდე ვიბრძოლებთ. 24-საათიან რეჟიმში რომ მოგვიწიოს „ოცნებასთან“ ჭიდაობა, ვიჭიდავებთ.
_ 2003 წელსაც თავიდან ძალიან ცოტა ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ხმების დასაცავად, მაგრამ ბოლოს ისე განვითარდა მოვლენები, რომ „ვარდების რევოლუცია“ მივიღეთ და ხელისუფლების გადაბარებაც ვიხილეთ.
_ ასეთი ამბები საქართველოში ხშირად ხდება ხოლმე. ამ სცენარებს ორი დასასრული აქვს: ვინც თმობს ძალაუფლებას, მშვიდად ლაგდება და მიდის; ვინც არ თმობს, მას აგდებენ. ამ შემთხვევაში ივანიშვილს არჩევანი აქვს ცუდსა და უარესს შორის. ცუდი არის ის, რომ ისეთი გადაწყვეტიელბა მიიღოს, რომელიც მხოლოდ მას დააზიანებს; უარესი არჩევანი ასეთია _ თავადაც დაზიანდება და ქვეყანასაც დააზიანებს, მაგრამ მაინც მოუწევს წასვლა და რა მნიშვნელობა აქვს, თუ როდის წავა? 31 ოქტომბერს 51%-ს დაწერს და ქვეყანა დაზიანდება. ვთქვათ, 35%-ს დაწერს და მხოლოდ თავად დაზიანდება და ქვეყანას რყევებს აარიდებს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აღიქვამენ ტრაგედიად იმას, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება? ადრე თუ გვიან, ყველა მიდის ხელისუფლებიდან.

შორენა მარსაგიშვილი