ვახტანგ ახვლედიანის პირველი ჩვენება – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

“ქრონიკა _”აგრძელებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის მასალების გამოქვეყნებას, ამჯერად,ვახტანგ ახვლედიანის პირველ ჩვენებას გთავაზობთ რომელიც მან რამდენჯერმე შეცვალა და გადააკეთა.

საქმის გარშემო დასმულ კითხვებზე გიპასუხებთ შემდეგს:
ვცხოვრობ ზემოაღნიშნულ მისამართზე ოჯახთან ერთად. რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა ანა გაბეჩავამ მე და ჩვენი საერთო მეგობარი გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე დაგვპატიჟა 2020 წლის 18 ივნისს თავის დაბადების დღეზე. ანამ გვითხრა, რომ იგი დაბადების დღის სუფრას იხდიდა ქ. მცხეთაში, მდებარე „ლიდერფუდის“ მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში. ანას ჩვენ დავთანხმდით. 2020 წლის 18 ივნისს მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე შევიკრიბეთ ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საიდანაც ჩვენ სამივენი ტაქსით წავედით ანას დაბადების დღის სუფრაზე ქალაქ მცხეთაში მდებარე „ლიდერფუდის“ მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში, სადაც ანა იხდიდა დაბადების დღის სუფრას. სუფრაზე რომ მივედით, უკვე შებინდებული იყო, ზუსტი საათი არ მახსოვს. სუფრაზე რომ მივედით, ჩვენ იქ დაგვხვდა ანა გაბეჩავა და მისი მეგობარი გოგო-ბიჭები, რომლებსაც მე არ ვიცნობ. სუფრაზე ვიქნებოდით, დაახლოებით, 30 ადამიანი. სუფრაზე ყოფნისას მე იქ გავიცანი ანა გაბეჩავას მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. ჩვენ ცოტა დავლიეთ ალკოჰოლური სასმელი და თან ვცეკვავდით და ვერთობოდით. სუფრის მსვლელობისას იქ მყოფ ახალგაზრდებს შორის მოხდა ჩხუბი. ოღონდ თუ რაზე მოხდა მათ შორის ჩხუბი, მე არ ვიცი, რადგანაც როგორც უკვე მოგახსენეთ, მე იქ მყოფებთაგან ვიცნობდი მხოლოდ ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიიბრაძეს და ანა გაბეჩავას, ხოლო იქ სუფრაზე გავიცანი გიორგი შაქარაშვილი. ჩხუბი და გაწევ-გამოწევა მე შევნიშნე კაფე-ბარის გარეთ ეზოში, როდესაც შემთხვევით გამოვედი გარეთ. ჩხუბი შიგნით კაფე-ბარში არ ყოფილა. ამის შემდეგ ჩხუბი მალევე შეწყდა და ყველანი ჩასხდნენ ავტომანქანებში და დაიშალნენ. ჩხუბში ან მოჩხუბართა გაშველებაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, რადგანაც იმ ადგილზე ბნელოდა და არ დამინახავს სახეზე, თუ ვინ ჩხუბობდა ერთმანეთში და ვინ მონაწილეობდა გაშველებაში და არც ის დამინახავს, ვინმეს ჰქონდა თუ არა ჩხუბის შედეგად დაზიანება მიღებული. ამის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში მე ვამშვიდებდი ანა გაბეჩავას და მის მეგობარ გოგონებს, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ იქ სუფრაზე, რის შემდეგაც ზოგიერთი გოგო შევიდა შგნით კაფე-ბარში, ხოლო ზოგიერთი იყო გარეთ ეზოში. ამასობაში გავიდა რამდენიმე წუთი. ამის შემდეგ ადგილზე დავრჩით მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე. სხვა მე იქ ბიჭები არ მინახავს. მე, გიორგი ქათამაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ გადავწყვიტეთ წავსულიყავით სახლში და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სანამ გამოვიდოდით, „ლიდერფუდთან“ არსებულ კიბეებთან შევნიშნეთ სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ანა გაბეჩავას დაბადების დღის სუფრაზე. ამ სამი ახალგაზრდა ბიჭიდან ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი. მათ არანაირი სახის დაზიანების კვალი არ ემჩნეოდათ. ჩვენ ექვსივე ერთად გადავედით მცხეთა-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე მხარეს, ანუ თბილისის მიმართულებით და გავუყევით გზას ფეხით თბილისისკენ და თან ხელს ვუქნევდით ავტომანქანებს, რომ ვინმეს გაეჩერებინა ჩვენთვის და წავეყვანეთ ქალაქ თბილისში, თუმცა არავინ გაგვიჩერა ავტომანქანა. რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ ქალაქ თბილისის მიმართულებით ჩვენ მდინარე არაგვის ხიდზე გადავედით თუ არა, უკანა მხრიდან დაგვეწია მოთეთრო-მოვერცხლისფრო ავტომანქანა, რომლის მარკა, სერია და ნომერი არ მახსოვს. ავტომანქანა უცებ გაჩერდა ჩემ წინ დაახლოებით 10-15 მეტრით წინ მიმავალ ჩემს მეგობრებთან _ გიორგი ქათამაძესთან და კონსტანტინე ღიბრაძესთან. ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ და უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, იმ პირველმა, რომელიც პირველი გამოიქცა ჩემკენ და პირველი მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემკენ ჩემს საცემრად, რის გამოც მე და ჩემ გვერდით მყოფი კიდევ ის სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, გავიქეცით უკანა მიმართულებით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მცხეთის მიმართულებით. რამდენიმე მეტრი რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩასხდნენ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ისევ გავაგრძელეთ ყველამ ერთად გზა ქალაქ თბილისისკენ, ანუ მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი ქათამაძემ და კიდევ იმ სამმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე და რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, ხოლო კონსტანტინე ღიბრაძე ამ დროს იქ არ დამინახავს. მე უნდა მეკითხა გიორგი ქათამაძისთვის, კონსტანტინე ღიბრაძე სად არის-მეთქი, რა დროსაც იმავე ხიდზე როგორც კი გადავედით, უკანა მხრიდან დაგვეწია ავტომანქანა, რომლის ფერი, სერია და ნომერი არ მახსოვს, რადგანაც ვიყავი შეშინებული. აშკარად სხვა ავტომანქანა იყო. ავტომანქანა ჩვენთან გაჩერდა და როგორც კი გაიღო ავტომანქანის კარები და ავტომანქანიდან იქ მსხდომმა პირებმა დააპირეს გადმოსვლა, ჩვენ ყველანი ერთად მოვტრიალდით უკან და გავიქეცით ქალაქ მცხეთის მიმართულებით. ავტომანქანიდან გადმოსულები მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ, _ გაჩერდით, სად გარბიხართო და თან გვაგინებდნენ. ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა და გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები, ჯაგები და გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში. ხოლო სხვები საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგან ღამე იყო. სანამ ბუჩქებისკენ ჩავუხვევდი, დავინახე, რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს, ხოლო შემდეგ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს, მე ჩუმად ვიჯექი და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით ათი წუთი მესმოდა ძახილის ხმა, _ სად გაიქეცით, გამოდითო! და თან გვაგინებდნენ. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ძახილის ხმა შეწყდა, თუმცა მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან, სადაც ვიმალებოდი, დაახლოებით, 35-40 წუთი. ბოლოს როცა დავრწმუნდი, რომ საფრთხემ ჩაიარა, მე გამოვედი ბუჩქებიდან და გამოვედი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. როცა გზაზე გამოვედი, მე დავურეკე ჩემი მობილური ტელეფონიდან, რომლის ნომერია ——— ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს მობილურ ტელეფონზე, რომლის სიმბარათის ნომერი არ მახსოვს და ვკითხე, სად ხარ-მეთქი, რა დროსაც გიორგიც იქვე, საიდანღაც, ბუჩქებიდან გამოვიდა საავტომობილო გზაზე, ხოლო ის სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, თუ სად წავიდნენ და სად იყვნენ, არ ვიცი, რადგანაც იმ დროს ისინი უკვე იქ არ ყოფილან. ამის შემდეგ მე დავურეკე ჩემს მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილს, რომლის ტელეფონის ნომერი არ მახსოვს და ვთხოვე მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანე სახლში. რამდენიმე წუთში ჩვენთან მოვიდა ჩემი მეზობელი კახა, რომლის გვარი არ ვიცი, თავის ავტომანქანით, რომელმაც გვითხრა, რომ ლუკამ გამოგვგზავნა თქვენთანო, რის შემდეგაც ჩვენ, ანუ მე და გიორგი ქათამაძე ჩავსხედით კახას ავტომანქანაში და წავედით სახლში. როცა უბანში მივედით, იქ დაგვხვდა ჩვენი მეგობარი კონსტანტინე ღიბრაძე, რის შემდეგაც დავიშალეთ და წავედით სახლში. მეორე დილით, ანუ დღეს დილის საათებში, მე ანი გაბეჩავამ ინსტაგრამზე მომწერა, რომ გიორგი შაქარაშვილი არ ჩანს და ხომ არ იცი, სად არისო, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. სწორედ მაშინ გავიგე ანასგან, რომ გიორგი შაქარაშვილი დაკარგული იყო.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ:
მე შემიძლია ამოვიცნო ის ორი ბიჭი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იყო, ხოლო იმ ბიჭებს, რომლებიც ჩვენ გამოგვეკიდნენ და გვცემდნენ, ვერ ამოვიცნობ, რადგანაც ისინი კარგად არ მინახავს.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე არ ვიცი, თუ ვისსა და ვის შორის და რა მიზეზით მოხდა ჩხუბი კაფე-ბარში ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მომხდარი ჩხუბის დროს მე სახეში, ცხვირის მიდამოში, მივიღე დაზიანება და თანახმა ვარ, ჩამიტარდეს ექსპერტიზა.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო ის ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა და რომლებთან ერთადაც ჩვენ წავედით ფეხით ქალაქ თბილისისკენ. მე მათი ამოცნობა შემიძლია სახეზე და ფიზიკურად. ერთ-ერთი იყო გრძელი, მუქი ხვეული თმებით საშუალოზე მაღალი და საშუალო აღნაგობის, მეორე ბიჭი კი იყო მოკლედ შეჭრილი მუქი თმებით, საშუალო სიმაღლის სუსტი აღნაგობის.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე როდესაც ჩემს უაბნში მივედი, იქ დამხვდა კონსტანტინე ღიბრაძე, რომელსაც ვკითხე, _ შენ რით წამოხვედი-მეთქი? რაზედაც მან მიპასუხა, რომ გზაზე ხელი დავუქნიე შემთხვევით გამვლელ ავტომანქანას და იმან გამომიყოლა ქალაქ თბილისშიო.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე როდესაც გავიგე ანა გაბეჩავასგან გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ვიფიქრე, რომ ალბათ გამოჩნდება-მეთქი.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო გიორგი შაქარაშვილი, იგი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი სწორი მუქი თმებით.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზიანება მივიღე ცხვირის მიდამოში, იყო ოდნავ გრძელი თმებით, ღია მუქი ფერის თმებით, საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის, რომლის ამოცნობაც მე შემიძლია.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ზემოაღნიშნული ჩხუბის დროს მე მეცვა თეთრი ფერის გრძელსახელოიანი „საროჩკა“ და ლურჯი ფერის ნაჭრის შორტები. როდესაც მე მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგ დროს მე ასევე შემომეხია საროჩკა, რომელიც მეცვა და რადგანაც იგი იყო გახეული, ქალაქ თბილისში ჩასვლისას, ჩემს უბანში მდგარ ურნაში გადავაგდე, ხოლო შორტები გამოვიცვალე ჩემს სახლში და ამჟამად ვინახავ ჩემს საცხოვრებელ სახლში.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში.

ელისო კილაძე