ვის ეკუთვნის საიდუმლო ნომერი 597 100002 და რას პასუხობს „ქრონიკა+“-ს „ბილაინის“ იურისტი?

თვეზე მეტია, ქართული მედია ეძებს საიდუმლო ტელეფონის ნომერს, რომელიც „გიორგი შაქარაშვილის საქმეში“ ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა აღმოაჩინეს. როგორც შაქარაშვილის მკვლელობის საქმის მასალებიდან ირკვევა, „ბილაინის“ სატელეფონო ნომერი 597 10-00-02 113-ჯერ ფიქსირდება როგორც საბურთალოელების, ისე „ნახალოვკელების“ მხარეს.
არსებულ სატელეფონო ბაზებში აღნიშნული ნომერი ამჟამად აღარ იძებნება. ოპერატორი გვეუბნება, რომ ზარი გადამისამართებულია, უფრო ადრე კი ბაზაში მამა გელას და გიორგი ვაშ. ჩანაწერით ფიქსირდება.
ამ ხნის განმავლობაში გამოძიება არც კი დაინტერესებულა, რა ფუნქციას ასრულებდა ეს ნომერი მკვლელობის ღამეს და შემდგომ დღეებში. ეს ამოცანა კარგა ხნის გამავლობაში იქნებოდა ამოუხსნელი, რომ არა ერთი უცნაური შემთხვევა და უცნობი პირის ვიზიტი „ქრონიკა+“-ის ოფისში, რომელიც ფატი ფილია აღმოჩნდა.
2016 წელს ფატი ფილიას რიგითი საკუთრების დავა ჰქონდა და პოლიციას მიმართა. ამ საქმისთვის მას საკუთარი ტელეფონის ნომრის ამონაწერი აღმოაჩნდა, რომელიც საქმის მასალებს თან ერთვოდა. მას შემდეგ, რაც მან „ფორმულაზე“ „პოლიტმეტრი“ ნახა, სადაც შაქარაშვილის საქმის საიდუმლო ნომერი იყო დაფიქსირებული, გაიხსენა, რომ მსგავსი ნომერი მის ამონაწერშიც ფიქსირდებოდა.
ფატი ფილიას უცნაური ისტორია ასევე უცნაურად გაგრძელდა:
იგი ჩემს ერთ-ერთ წყაროდ დასახელებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ბადრი ფილიას და აღმოჩნდა.
ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმის საიდუმლო ნომერი ჩემთან და ჩემი შვილის დაჭერის სპეცოპერაციასთან იქნებოდა დაკავშირებული.
მოკლე ისტორია ასეთია:
2016 წელს ჟურნალისტური გამოძიება მქონდა დაწყებული უჩა მამაცაშვილზე, სოსო გოგაშვილსა და გიორგი მღებრიშვილზე, მათ კორუფციულ სქემებზე, ნარკორეალიზატორების მფარველობასა და ირანული ფულის გათეთრების ხაზებზე. მთელი წლის განმავლობაში იყო მუქარები, დალაგების შემოთავაზებაც. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა 2016 წლის დეკემბერში. 2017 წლის 7 თებერვალს საჯარო განცხადება გავაკეთე მაშინდელი „რუსთავი 2-ის“ ეთერში, სადაც ვთქვი, რომ უჩა მამაცაშვილთან ჩემი ყოველგვარი მოლაპარაკებები დასრულებულია. 2017 წლის 13 მარტს დააკავეს ჩემი შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების ჩადებით და დაიწყო უბინძურესი შავი პიარი ჩემი, ჩემი ოჯახის, დაკავებული შვილისა და მეგობრების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ჩემგან „ქრონიკა+“-ის დათმობაზე უარი მიიღეს, ბრძოლის წინა ხაზზე სუსის პრეს-სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ნათლიმამა, გიორგი მამაცაშვილი გამოვიდა და პირადად ჩაუდგა სათავეში ჩემი მხილების კამპანიას.
საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი“, რომლის დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე რუსული ბინძური პიარსკოლის ერთ-ერთი „საპატიო“ წარმომადგენელია, როგორც წესი, საჯარო დაპირისპირებას მუდმივად გაურბის და ასე იყო ამჯერადაც, _ მან კულისებში გადაინაცვლა და გიორგი მამაცაშვილმა დაიწყო ყველა იმ ენით აუწერელი სიბინძურის ტირაჟირება, რომელსაც მას სუსის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი ავალებდა. უფრო ადრე ფოფხაძე-მამაცაშვილის ტანდემი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ტირაჟირებაში იყო მხილებული. ჩხრეკა ჩატარდა მათ საცხოვრებელ ბინებსა და ოფისებში. გიორგი მამაცაშვილი ამ „საპატიო“ მისიაში მარტო არ იყო, მას აქტიურად ეხმარებოდა დარეჯან ლიპარტელიანი, ნინო ჯღარკავა, გელა ზედელაშვილი, მალხაზ თოფურია, დავით ახრახაძე, ქეთევან ზარნაძე, ბოტებისა და ტროლების დიდი არმია. ჩემი დისკრედიტაციისთვის დაწერილი ერთი სტატუსი 80 ლარი ღირდა, ყოველთვიურად კი 50.000 ლარზე მეტი იხარჯებოდა ამ სიბინძურეში. თუმცა, ჩემი წყაროს ინფორმაციით, თანხის თითქმის მესამედი „ატკატების“ სახით მიდიოდა ნინო გიორგობიანთან.
ერთ-ერთი ასეთი მორიგი „მხილების“ დროს ჩემს წყაროებს შორის გიორგი მამაცაშვილმა დაასახელა სუსის მაღალჩინოსანი ავთო ბუღაძე, რომელსაც არ ვიცნობ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი ბადრი ფილია, რომელიც ჩემთვის ასევე უცნობი პირი იყო. მათ ბრალად ედებოდათ ჩემი წყაროობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, რომელშიც უჩა მამაცაშვილის სიძე, მინისტრის მოადგილე იურა ნოზაძე იყო ჩართული.
სწორედ ამ ბადრი ფილიას და აღმოჩნდა ფატი ფილია, რომელმაც საკუთარ დეტალურ ამონაწერში აღმოაჩინა „შაქარაშვილის საქმის“ საიდუმლო ნომერიც. ფატი ფილია აცხადებს, რომ იმ წლებში მის ძმას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, დაჰყავდათ სუსში და მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, საბოლოოდ კი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გაათავისუფლეს და სხვა უწყებაში გადაიყვანეს იგივე პოზიციაზე და იგივე ხელფასით.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სატელეფონო ნომერი 597 100002 რეალურად სატელეფონო ზარებისა და ესემეს შეტყობინებების გასაკონტროლებლად გამოიყენებოდა და სწორედ გადამისამართების მეშვეობით ხდებოდა მათი კონტროლი. 2016 წელს ამ მეთოდით ცდილობდნენ იმ ადამიანების ოჯახის წევრების კონტროლს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩემს წყაროობაში იყვნენ ეჭვმიტანილები, 2020 წლის მკვლელობის ღამეს კი „ოტო“ ორივე მხარის მიმოწერასა და ზარებს სწორედ ამ ნომერზე გადამისამართებით აკონტროლებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის პირველივე წუთებიდან იცოდნენ, რა მოხდა რეალურად ნარეკვავში და სწორედ გიორგობიანის ნათესავი ფოტოგრაფის მეშვეობით დაიწყო შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვა.
„ქრონიკა+“ მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას „ბილაინის“ ოფისში შეეცადა. აღმოჩნდა, რომ „ბილაინს“ ორი მიმარულების იურიდიული სამსახური აქვს: ერთი ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობისათვის, მეორე კი ფიზიკურ პირებთან. არც ერთგან და არც მეორეგან ჩვენთან სასაუბროდ არავინ გამოვიდა, ხოლო მოგვიანებით იურისტი კახა მუხაშავრია თავად დაგვიკავშირდა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ნომერი ტექნიკურია და ის ქოლცენტრს ეკუთვნის, სადაც გამორთული მობილური ტელეფონის პირობებში გამოტოვებული ზარები გადამისამართდება და შემდეგ ადრესატს ესემეს შეტყობინების სახით მისდის.
ამ ფუნქციას ასრულებდა იგი და ასრულებს დღემდე. „ქრონიკა+“-ის კითხვაზე, _ მაშინ რას ნიშნავს სატელეფონო ბაზებში ჩანაწერი მამა გელა და გიორგი ვაშ? იურისტმა გვითხრა, რომ მან არ იცის, რომელი სატელეფონო ბაზებით ვსარგებლობთ ჩვენ და თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ ვიგდებთ.
კახა მუხაშავრიას განმარტების პასუხად, საინფორმაციო ცენტრ 118 08-ში დავრეკეთ და „ბილაინის“ ქოლცენტრის ნომერი მოვითხოვეთ. აღმოჩნდა, რომ ქოლცენტრის ნომერია 110101.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს დანაშაულის მონაწილე არც ერთ პირს მობილური ტელეფონი გამორთული არ ჰქონია, ეს მათი ტელეფონების დეტალური ამონაწერებიდანაც დასტურდება. ამდენად, „ბილაინის“ იურისტის განმარტება, რომ სატელეფონო ნომერი 597 100002 გამოტოვებულ ზარებს ადრესატთან ამისამართებდა, კიდევ უფრო აბსურდულად გამოიყურება.
„ქრონიკა+“ მიმართავს გენერალურ პროკურატურას, ჩვენ მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის შემდეგ დაიწყოს გამოძიება და ნომრის ფუნქციის დასადგენად დასახმარებლად მიმართოს გამოძიების ფედერალურ ბიუროს, მით უფრო, რომ ისინი ჩართულები არიან ფეისბუქზე წაშლილი მიმოწერების აღდგენაში.

ელისო კილაძე