„დაგვიბრუნეთ წართმეული ქონება!“

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, უკვე რამდენიმე დღეა, მოსახლეობას კარვები აქვს გაშლილი. ისინი მთავრობისგან წინა ხელისუფლების დროს წართმეულ ქონებას მოითხოვენ.
სანამ კარვებს გაშლიდნენ, მანამდე მათ საპროტესტო აქციები ჰქონდათ მოთხოვნით: „დაგვიბრუნეთ წართმეული ქონება“.

„ქრონიკა+“ ამ საკითხით დაინტერესდა და ოჯახის წევრსა და მისი უფლებების დამცველ იურისტ დავით ანანიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

_ გამარჯობა, ბატონო დავით, რა ხდება, რატომ გაქვთ გაშლილი კარვები მთავრობის სახლის წინ?
_ ჩვენი აქციის მიზანია 2007 წელს წართმეული ქონების დაბრუნება. 1994 წელს ჩემმა ოჯახმა, ჩემმა შვილმა, ძმამ და ძმისშვილმა ჩამოაყალიბეს ფირმა, რომელიც ბაზრის სახით ქალაქ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობდა. ახლა ხალხი მას „ხოფის ბაზრობას“ ეძახის. ამ ბაზრობის 51% ჩვენი ოჯახის იყო. წინა ხელისუფლების დროს წაგვართვეს ქონება და მას შემდეგ ვერ დავიბრუნეთ, ამიტომ იძულებული გავხდით, მთავრობის სახლის წინ კარვები გაგვეშალა.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ბიზნესი წინა ხელისუფლებამ წაგართვათ. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და რატომ გადაწყვიტეთ ახლა აქციების ჩატარება? სად იყავით აქამდე?
_ რამდენიმე წლის წინ იმიტომ არ გადავწყვიტეთ, რომ ვფიქრობდით, სამართლიანობა აღდგებოდა და ჩვენს ქონებას დავიბრუნდებით. ახლა იმიტომ გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ ხელისუფლებას ხმა მივაწვდინოთ.
_ რამდენი ხანია, რაც გრძელდება თქვენი საპროტესტო აქციები და თუ გამოგეხმაურნენ მთავრობის წარმომადგენლები?
_ ჩვენი საპროტესტო აქციები 15 ივლისიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჩვენ შეხვედრა გვქონდა აჭარის მთავრობის აპარატთან და შეგვპირდნენ, რომ ამ საქმეში დაგვეხმარებოდნენ, გაარკვევდნენ ყველაფერს. ქონება იძულებითი წესით არის წართმეული 2012 წელს. ეს საქმე პროკურატურაშია. მას შემდეგ მიდის გამოძიება და ჯერაც არ დამთავრებულა. გვითხრეს, რომ რაც შეიძლება მალე გადაწყვეტდენ ამ საქმეს და დაგვეხმარებიან ქონების დაბრუნებაში.
_ მთავარი მოთხოვნა „ხოფის ბაზრობის“ დაბრუნებაა?
_ ჩვენი წილის და ასევე ტერიტორიის, რომელიც გვეკუთვნის.
_ თუ არ დაგიკმაყოფილეს მოთხოვნა, რას აპირებთ, როგორ გააგრძელებთ პროტესტს?
_ მეტი რა გზა გვაქვს? თუ არ დაგვიკმაყოფილეს მოთხოვნა, პროტესტის მძაფრ ფორმაზე გადავალთ და უფრო მასშტაბურ აქციებს ჩავატარებთ, მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ ჩემს პრობლემას ხელისუფლება გულთან მიიტანს და დაგვეხმარება, რადგან ჩვენ ამ თემაზე უკვე შეგვეხმიანა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბატონი ჯაბა ფუტკარაძე: თვითონ მზად არის, რომ ეს საკითხი გადაწყდეს. გამოთქვამენ მზაობას, რომ პრობლემა არ შეგვექმნას. შინაგანი რწმენა მეუბნება, საქმე კარგად გადაწყდება, თუ არადა, პროტესტი მასშტაბურად გაგრძელდება და მაინც დავიბრუნებთ ჩვენს ქონებას.

ხვიჩა მამულაძე