„ჯანდაცვის მინისტრი თქვენზე ძალიან გაბრაზებულია!“

2015 წელს მთავრობის დადგენილებით „საპარტნიორო ფონდს“ სამი სახელმწიფო კლინიკა გადაეცა: „რესპუბლიკური საავადმყოფო“; „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ყოფილი „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“).

დღიდან გადაცემისა, ონკოლოგიურ კლინიკაში დაიწყო სახელფასო დავალინების ტოტალური პრობლემა. 4 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნული კლასტერი ცხელ წერტილად იქცა და ექიმები აქციას აქციაზე მართავდნენ, ჯანდაცვის სამინიტრომ „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“, იგივე ონკოლოგიური (დანარჩენ ორ კლინიკასთან ერთად) „საპარტნიორო ფონდისგან“ გადმოიბარა და მედპერსონალს სახელფასო დავალიანების სრულ დაფარვას შეჰპირდა… მაქსიმუმ 2020 წლის თებერვლისთვის.
თებერვალი გავიდა, გაზაფხულიც და ივნისში კლინიკის 240 თანამშრომელს საგანგებოდ შედგენილ მემორანდუმზე ხელის მოწერა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არა მარტო ვერ აიღებდნენ ხელფასს, არამედ მათ სამსახურიდანაც დაითხოვდნენ.
აღნიშნულ მემორანდუმს ყველამ მოაწერა ხელი 3 ადამიანის გარდა. სამსახურიდან სამივე გაათავისუფლეს.

„ქრონიკა+“ ორივე მხარეს ესაუბრა _ ვინც მემორანდუმზე მოაწერა ხელი და ვინც არ მოაწერა

მზია მეჭურჭლიშვილი _ „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ რადიო ფიზიკოსი:
_ ქალბატონო მზია, მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ, როგორც ვიცი, სასამართლოში ვეღარ იჩივლებთ?
_ არა მგონია, რომ გაგვიშვან, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩატარდება კონკურსი და იმ კონკურსში მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ. რემონტის დასრულებისა და კლინიკის გახსნის შემდეგ ჩვენც გამოგვიძახებენ და ნებისმიერ სხვა ადამიანს, ვინც გამოთქვამს ამ ცენტრში მუშაობის სურვილს.
_ რა გარანტია გაქვთ იმის, რომ კლინიკას პროფილს შეუნარჩუნებენ?
_ ასე გვითხრეს, რომ აქ იქნება ონკოლოგიაო. მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მთელ მსოფლიოში ყველგან არსებობს ერთი მუნიციპალური კლინიკა. აქედან გამომდინარე, ამას ვერ იზამს საქართველოს მთავრობა, რომ სახელმწიფო დაქვემდებარების ქვეშ არ დარჩეს ეს კლინიკა.
_ რატომ, სინდისი შეაწუხებთ? 300-ზე მეტ ადამიანს სახლში უშვებენ და სად გაქვთ იმის გარანტია, რომ უკან დაგაბრუნებენ?
_ ხელშეკრულებაში წერია, რომ საავადმყოფოს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის შემდეგ ყველას გვექნება დაბრუნების უფლება. ეს კონკურსის სახით იქნება თუ სხვა მეთოდით, მომავალი გვიჩვენებს.
_ კონკურსის შესახებ ვინ გითხრათ?
_ არავინ.
_ როგორ არავინ?
_ ეს მე გამიჩნდა ასეთი აზრი, რომ ალბათ კონკურსს გამოაცხადებენ. ჩვენც მივიღებთ კონკურსში მონაწილეობას… ალბათ.
_ ქალბატონო მზია, ფაქტებით მელაპარაკეთ და არა ვარაუდებით.
_ ხელმძღვანელობისგან ვიცით მხოლოდ ის, რომ აქ მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მრავალპროფილური კლინიკა და თავისთავად შენარჩუნებული გვექნება სამსახური. ეს გვითხრა ჩვენი კლინიკის დირექტორმა გიორგი ენუქიძემ.
_ ონკოლოგიურის თემაზე, მგონი, მინიმუმ, სამჯერ მყავხართ ჩაწერილი და ყველგან გიორგი უნუქიძეზე არასანდო და სიტყვის გამტეხი არავინ იყო. დღეს კი კარგი ავტორიტეტივით მისახელებთ. ე. ი. მისი გჯერათ?
_ იგივე გაგვიმეორა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა. ჩვენ ვადებიც გვითხრეს _ 6 თვიდან ერთ წლამდე. რომ ათთვიანი დავალიანება, ის რაც გვქონდა, ივნისის ბოლომდე დაგვეფარება.
_ ცარიელი დაპირებებით ენუქიძეს არ დაუჯერებდით. ფული ჩაგერიცხათ, როგორც ვიცი…
_ დიახ, ნახევარი და კლინიკა ოფიციალურად ჩაიკეტა პირველ ივნისს. ივნისის ხელფასი სრულად მოგვეცემა ოქტომბერში და იმ ორი თვის კომპენსაცია მოგვეცემა აგვისტოსა და სექტემბერში. ამიტომ მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი. ჩვენ კი ჩავდეთ მემორანდუმში შესწორებები და გადავაგზვნეთ ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ მერე ვინაიდან ლიცენზია ჩამოართვეს კლინიკას, ამ შესწორებებზე აღარ ვიბრძოლეთ.
_ მოიცადეთ… კლინიკას ლიცენზია ჩამოართვეს?
_ დიახ. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, იმიტომ რომ ძალიან დავიღალეთ ბრძოლით. თქვენც ხომ კარგად გესმით, რა რთულია, 240 ადამიანის ერთ რამეზე შეთანხმება. ამიტომ გადავწყვიტე, რომ არაფერს ვკარგავდი, რომ მემორანდუმზე ხელი მომეწერა. სხვათა შორის, არ ვნანობ, იმიტომ რომ იმაზე უარესი არაფერი მოხდება, რაც ჩვენ აქ გამოვიარეთ.
_ ქალბატონო მზია, იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც მემორანდუმს ხელი არ მოაწერა, ჩვეულებრივად ჩაერიცხათ ხელფასი დავალიანებითურთ. ანუ მემორანდუმს მოაწერდით თუ არა ხელს, თანხის ჩარიცხვაზე გავლენა არ მოუხდენია. სამაგიეროდ, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ თქვენგან განსხვავებით, სამსახურში თუ არ დააბრუნებენ.
_ ალეკო მინდაძემ არ მოაწერა ხელი მემორანდუმს, იმიტომ რომ გიორგი ენუქიძესთან დაპირისპირებული იყო.
_ და თქვენ?! თქვენ არ იყავით დაპირისპირებული?
_ მეც ვიყავი დაპირისპირებული, მაგრამ ბატონი ალეკო განყოფილების გამგე იყო და ძალიან ბევრი ქარტეხილი გადაიარა. იცით რა, თუ კლინიკა იმ პირობებს არ შეასრულებს, რაც ხელშეკრულებაში ჩაგვიწერა, ნამდვილად ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის. ყოველ შემთხვევაში, შესრულდა ის პირობა, რომ გვითხრეს, ნახევარ თანხას ჩაგვირიცხავდნენ.
_ ეს ნახევარიც რომ არ ჩაერიცხათ, ამ 240 ადამიანს კლინიკიდან მხოლოდ პოლიციის კორდონის დახმარებით თუ გაიყვანდნენ.
_ მგონია, რომ დაარღვევენ ამ პირობას. სამსახურში დაბრუნების იმედით წამოვედით კლინიკიდან. გზადაგზა ხომ გამოჩნდება, რა ფორმას მიიღებს ეს, რისთვის არემონტებენ კლინიკას და ა. შ.

„ქრონიკა+“ „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე ალეკო მინდაძეს ესაუბრა:
_ ბატონო ალეკო, თქვენ, როგორც ვიცი, ერთ-ერთი იმათგანი ბრძანდებით, ვინც მემორანდუმს ხელი არ მოაწერა.
_ მემორანდუმს ყველამ მოაწერა ხელი 3-4 ადამიანის გარდა. დანარჩენ, 200 თანამშრომელზე მეტს, როგორც მითხრეს, საშინელი ტერორი მოუწყვეს. ღამე ურეკავდნენ სახლში, თუ არ მოაწერთ ხელს, მინისტრია ძალიან გაბრაზებულიო. რომ აი, კლინიკის ხელმძღვანელობამ კეთილი ნება გამოიჩინა და იმიტომ გიფარავდათ დავალიანებას, თუ არადა, არ მოაწერთ ხელს და საერთოდ ვერ მიიღებთ ვერაფერსო. არადა, ამ მემორანდუმზე ხელის მოწერა ნიშნავს სამსახურიდან განთავისუფლებაზე ხელის მოწერას.
_ ისინი ასე არ ფიქრობენ. სჯერათ, რომ სამსახურში დააბრუნებენ?
_ მე სასწრაფოდ ავიყვანე ადვოკატი, რომელმაც მითხრა, რომ ამაზე ხელს თუ მოაწერ, მერე ვერც გაასაჩივრებ და ვერაფერს იზამო. ხომ გეუბნებით, ხალხი ჰყავდათ საშინელ ტერორში.
_ მემორანდუმზე ხელის არმოწერის მიუხედავად, დავალიანება მაინც ჩაგერიცხათ?
_ სამაგიეროდ, დირექტორმა ბრძანება დაწერა ჩემი განთავისუფლების შესახებ და შემიწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
_ ამიტომ ჩივიხართ?
_ დიახ. და კიდევ ქვეყნის დარღვევები აქვს კლინიკას ჩემთან მიმართებით. მაგალითად, ახლა რომ ჩარიცხეს დავალინების ნაწილი, რამდენიმე ათასი ლარით ნაკლები ავიღე.
_ ბრძანებაში რა წერია, რის საფუძველზე გაგათავისუფლეს?
_ კლინიკისთვის ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველზე.
_ ლიცენზია რატომ ჩამოართვეს კლინიკას?
_ როდესაც მემორანდუმის ტექსტი გადმოგვიგზავნეს ხელმოსაწერად, ჩვენ ჩვენი შენიშვნები მივწერეთ, რომ შეეცვალათ ხელშეკრულება, ასევე დამატებითი პუნქტები შევიტანეთ ვადების დაკონკრეტების მიზნით. სწორედ ამ ჩვენი წერილის შემდეგ გამოყვეს სასწრაფოდ კომისია და იმ კომისიამ შეუწყვიტა კლინიკას ლიცენზია. სპეციალურად გააკეთეს.
_ თქვენთან ერთად რამდენ კაცზე დაიწერა განთავისუფლების ბრძანება?
_ როგორც ვიცი, კიდევ ორზე. სულ სამნი ვართ, ვინც მემორანდუმს ხელი მოაწერა და სამივეზე განთავისუფლების ბრძანება დაიწერა.
_ შენობას რას უპირებენ?
_ მანამდე მე სისტემატურად ვთხოვდი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურს, რომ შეხვედროდა ჩვენს საინიციატივო ჯგუფს და კლინიკის დირექტორს. წოწკოლაური მოვიდა ერთი-ორჯერ და მხოლოდ განყოფილების ხელმძღვანელებს შეხვდა. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ უკვე ივნისში უნდა დაწყებულიყო რემონტი და წლის ბოლომდე დაამთავრებდნენ. საუბარი იყო ასევე ჩვენს სხვაგან დასაქმებაზე ან რემონტის პარალელურად მუშაობაზე. დღეს ყველაფერს უარყოფენ. ხელშეკრულებაში არ წერია, რომ იქ ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება.
_ თუ კლინიკას ლიცენზია შეუჩერდა, გიორგი ენუქიძე რის დირექტორად რჩება _ ლიცენზია შეჩერებული დაწესებულების?
_ ასე გამოდის.

„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.

თამარ როსტიაშვილი