კახი კალაძისა და „ენცო ბატუმსკის“ კავშირები

ვინ და რატომ შესთავაზა ფირუზ წულუკიძეს ზონდერობა? კონკრეტულად ვისგან განხორციელდა თბილისიდან ზარი? რა კავშირშია ამ საქმესთან თბილისის მერი კახა კალაძე? რა ინტერესები აქვს მას წულუკიძისა და ანთაძის გახმაურებულ საქმესთან მიმართებით?
ფირუზ წულუკიძის განცახდებით, უაშუალოდ ამ საქმესთან თბილისის მერი კახი კალაძე ფიგურირებს. მისი თქმით, ბათუმში კალაძის დავალებას ასრულებენ და არ აწყობთ დაკავებული წულუკიძისა და ანთაძის გარეთ გამოსვლა.

„ქრონიკა+“ ამ თემის შესახებ დაკავებულის ძმას, ფირუზ წულუკიძეს ესაუბრა და მასთან ვრცელი, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

_ ბატონო ფირუზ, „მთავარ არხზე“ გადაცემა „დღის სტუმართან“ ინტერვიუში თბილისის მერი კახი კალაძე ახსენეთ. შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვითხრათ, რატომ ფიგურირებს ამ საქმეში კახი კალაძე?
_ დადასტურებით ვიცი, რომ თბილისიდან დარეკეს ბათუმში. შეხვედრა გვქონდა კოტე ანანიაშვილთან და დავით რიჟვაძესთან. ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენი კეთილგანწყობა მოეპოვებინათ და ჩვენს დაჭერას არც განიხილავდნენ იქამდე, სანამ თბილისიდან არ დაირეკა. უტყუარი ინფორმაციით ვიცი, თბილისიდან დარეკა კახი კალაძემ. აჭარის სამმართველოში პოლიციის უფროსმა პირადად მიიღო ეს გადაწყვეტილება, უშუალოდ კახი კალაძის მითითებით. სამმართველოდან მაღალი თანამდებობის პირმა გვითხრა, რომლის სახელსა და გვარს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ, რომ ასეთი ზარი განხორციელდა თბილისიდან, რომ ეს საქმე ერთი ზარით გადაწყდა და იგი ეკუთვნოდა კახი კალაძეს.
_ ვინ არის ეს „კანონიერი ქურდი“ და სად ცხოვრობს იგი?
_ „კანონიერი ქურდი“ თურქეთში მყოფი დავით ტუღუშია, მეტსახელად „ენცო ბატუმსკი“, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არის. ამ ადამიანის თხოვნა დააკმაყოფილა კალაძემ, გადმორეკეს ბათუმში და დაჭრილი, დაზარალებულები ბიჭები აიყვანეს. შეხვედრები გვქონდა რიჟვაძესთანაც, ანანიაშვილთანაც და ისინი პირიქით აპირებდნენ, რომ ის ადამიანები დაეჭირათ, ვინც ეს გააკეთა. მხარდაჭერას გვიცხადებდნენ. ორი დღის შემდეგ კი, ჩვენდა მოულოდნელად, ეს ბიჭები დაიჭირეს. ამის შემდეგ კოტე ანანიაშვილს პირადად შევხვდი დაკავების დღეს და უკვე სხვა ადამიანი იდგა ჩემ წინაშე _ მანამდე სხვანირი საუბრები გვქონდა.
წულუკიძეს ვკითხეთ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა „ოცნების სასარგებლოდ“. მან გვიპასუხა, რომ შეგვეძლო ხალხის მობილიზება არჩევნებზე. ხელისუფლებამ იცოდა, რომ ჩვენ ირგვლივ დიდი საზოგადოება დგას და ფართო სამეგობრო წრე გვყავს. აქედან გამომდინარე დაგვიკავშირდნენ. ჩვენი გამოყენება მარტივი ეგონათ, რომ შეიძლებოდა გავეწირეთ, რადგან ჩემი ძმა და ელდარ ანთაძე დაკავებულები ჰყავდათ. აქედანაც გვიდგებოდნენ, ფინანსურ დახმარებასაც გვთავაზობდნენ, ბიზნესსაც გვპირდებოდნენ.
_ რა თანხაზე იყო საუბარი?
_ კონკრეტულ თანხას ვერ დავასახელებ, რადგან ორნაირი შემოთავაზება იყო, _ რომელიც გინდათ, აირჩიეთო.
_ ანუ „ქართულმა ოცნებამ“ ფული შემოგთავაზათ? და სანაცვლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათ სასარგებლოდ ხალხის მობილიზებას გთხოვდათ?
_ კონკრეტულად ფული არ შემოუთავაზებიათ, მაგრამ შემოგვთავაზეს საქმე, რომელიც იგივე ფულია, რა მნიშვნელობა აქვს.
_ რომელ საქმეზეა საუბარი?
_ მიწის ნაკვეთი იყო, რომელსაც ერთ ლარად გვთავაზობდნენ აეროპორტის ტრასაზე. ეს დიდი რაოდენობით მიწაა. 100 ათასებზე და 200 ათასებზეა საუბარი. იყო ბიზნესმენი, ვინც კორპუსს აშენებდა, სადაც რამდენიმე პიროვნებას გვთავაზობდნენ ბინებს, ანუ ჩვენ დავეხმარებოდით ბიზნესმენს კორპუსის აშენებაში, ნებართვის აღებაში, რადგან ხელისუფლება ნებართვას არ აძლევდა, სამაგიეროდ ბიზნესმენი ჩვენ მოგვცემდა ბინებს, უფრო სწორად, ერთ მთლიან სართულს. კონკრეტული ბიზნესმენია, სახელს ვერ დავასახელებ.
_ ამ შემოთავაზების შემდეგ ხელისუფლებას უარი უთხარით? ან რის საფუძველზე დაიწყო დაპირისპირება თქვენსა და ხელისუფლებას შორის?
_ უარი არ გვითქვამს და არც თანხმობა მიგვიცია, რადგან ჩვენ არავის მონები არ ვიქნებით, ფულზე არ ვიყიდებით. პირდაპირ უარი რომ გვეთქვა, შევიწროებას დაგვიწყებდნენ და დაიწყო კიდეც. სასამართლო პროცესი მქონდა და ამით აერაერთხელ დამემუქრნენ, რომ არ იყო დასრულებული პროცესი და შესაძლებელი გახლდათ, სასჯელი გაეხანგრძლივებინათ. აქედან გამომდინარე, თავი შევიკავეთ პასუხის მიცემაზე. გვითხრეს, რომ მეორე შეხვედრა იქნებოდა და სხვა შემოთავაზებაც. ჩვენ უბრალოდ მოვუსმინეთ. უშუალოდ კოტე ანანიაშვილთან და დავით რიჟვაძესთან გვქონდა კონტაქტი. დაახლოებით სამი თვის წინ შევხვდით ანანიაშვილის კაბინეტში, სანამ დაჭერები დაიწყებოდა ერთ თვით ადრე.
_ რაზე ისაუბრეთ კაბინეტში კოტე ანანიაშვილთან და აჭარის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის მამასთან, დავით რიჟვაძესთან, შეგიძლიათ გვითხრათ?
_ კონკრეტულად, საუბარი იყო, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა არჩევნებზე. ზოგადად გვითხრეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და როცა საარჩევნო კამპანია დაიწყება, ისინი ჩაერთვებიან თქვენთან კომუნიკაციაში და დაგაკვალიანებენ, რა, როგორ, როდის უნდა გააკეთოთო. არაფერი გვიპასუხია, დავტოვეთ და ნორმალურად წამოვედით, რომ შემდეგი შეხვედრაც იქნებოდა. ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ მარტო სამი-ოთხი ადამიანი არ ვართ, ერთი დიდი სამეგობრო წრე ვართ და გვაინტერესებდა _ იმ დღესაც ბიჭები გარეთ გველოდებოდნენ, როცა ჩვენ შეხვედრაზე ვიყავით შესულები. ჩვენი ბიჭების აზრსაც ვითვალისწინებთ, ზოგადად ასე ვიქცევით და მერე ვიღებთ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, რასაც შემოგვთავაზებდნენ, კონსულტაციას გავივლიდით და ამის შემდეგ გავცემდით პასუხს შეხვედრაზე. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: პანდემიის დროს სოფელში სურსათი დავარიგეთ ჩვენი პირადი სახსრებით. მანქანა უნდა გვეყიდა და აღარ ვიყიდეთ _ იმ ფულით გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარეთ. ეს ჩვენც გვჭირდებოდა და _ ხალხსაც.
_ თქვენ რაში გჭირდებოდათ?
_ ხალხს ჩვენ მიმართ ცოტა სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა და გვინდოდა, მათთვის უბრალოდ გვეჩვენებინა, რომ არ ვართ ის ადამიანები, როგორადაც აღგვიქვამდნენ. ნებისმიერის კეთილგანწყობა ჩემთვის ფულსა და ფუფუნებაზე მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ადამიანს ყოველთვის სჭირდება გვერდით მდგომის კეთილგანწყობა. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დამნაშავეს პასუხი არ ვაგებინო, მაგრამ ვინც უშუალოდ გებრძვის, ჩემი შესაძლებლობით პასუხს ვუბრუნებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრობლემურ პიროვნებებად მიგვიჩნევენ და ამიტომ გვჭირდებოდა ხალხის კეთილგანწყობა. სამწუხაროდ, სახელმწიფოსთან სულ გართულებული ურთიერთობები გვქონდა და ხალხს აჩვენებდნენ, რომ ძალიან ცუდი ბიჭები ვიყავით. ჩვენ კი გვინდოდა, ხალხისთვის დაგვენახვებინა, რომ არ ვართ ცუდი ბიჭები. ამიტომ ჩვენი შეგროვილი ფულით, რომლითაც მანქანა უნდა გვეყიდა, ხალხს დავეხმარეთ.
_ ახლა რა მოლოდინი გაქვთ? თქვენ დღეს უშუალოდ ახსენეთ მაღალი თანამდებობის პირი, თბილისის მერი კახი კალაძე, რომელიც ამ საქმით დაინტერესდა და თავისი რესურსები გამოიყენა აჭარაში, რომ მაღალჩინოსანს მოეგვარებინა ეს საქმე…
_ ამ საქმეში კახი კალაძე ფიგურირებს. მე ვენდობი იმ ადამიანს, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა. მჯერა მისი, მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ პირადად კახი კალაძე არ მებრძვის, არამედ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ენცო ბატუმსკი“, რომელთანაც დაპირისპირება გვქონდა. ამ ადამიანმა სთხოვა კახი კალაძეს დახმარება და იმის თხოვნა გაითვალისწინა თბილისის მერმა. ამ „კანონიერი ქურდის“ გამოგზავნილმა ბიჭებმა დაჭრეს ჩემი ძმა და ელდარ ანთაძე. რადგან ჩვენი ბიჭები დაჭრილები იყვნენ, იმათგან ვითხოვდით პასუხს. სიტუაცია დაძაბული იყო და არ გამოვრიცხავ, ცუდი შედეგები დამდგარიყო, ბიჭები სასიკვდილოდ გაიმეტეს. ჩვენ მათი წინააღმდეგი ვიყავით და მათი მიზანიც ჩვენი განეიტრალება იყო. პირადად არც ვმალავ, რომ ვითხოვდი, ამ ადამიანთან თურქეთში შეხვედრა შემდგარიყო ან ვინც არ უნდა ყოფილიყო, მის წარმომადგენელთან, რაც ამ დაჭრის შემდეგ ვეღარ მოხერხდა. ამის მერე ბათუმის სამმართველოში შეხვედრა გვქონდა, სადაც ჩვენ გვიჭერდნენ მხარს, რადგან მათაც იცოდნენ, რომ ჩვენ მართლები ვიყავით ამ საქმეში. მაგრამ ერთ დღესაც საერთოდ შეიცვალა ვითარება და ბიჭები დააკავეს. რატომ? _ პასუხი ვერ მივიღე. პირველი კონფლიქტის დროს მე-7 განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც კოტე ანანიაშვილი და დავით რიჟვაძე მივიდნენ. კონფლიქტის მონაწილეებმა სიტუაცია დაალაგეს და გამოუშვეს. ამის შემდეგ 2 დღე გავიდა, ჩაერია ეს კონკრეტული პიროვნება, კრიმინალური ავტორიტეტები გამოგზავნა, რომლებმაც ჩემი ძმა და ანთაძე დაჭრეს. ამის შემდეგ მის მიმართაც და მის სამეგობროს მიმართაც სიტუაცია დაიძაბა აქ, ქალაქშიც. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა და ასეც ვაპირებდით. პირდაპირ ვამბობ, ქალაქის სამმართველო არ გვიჭერდა, როგორც კი ზარი განხორციელდა, გადაწყვეტილება მიიღეს და ეს ბიჭები განეიტრალების მიზნით დააკავეს, რომ „ენცო“ მშვიდად ყოფილიყო.
სანამ დააკავებდნენ, პროცესებში უკვე ჩართული იყო კახი კალაძე. მანამდე არც ვახსენებდი მას და დღესაც არ უნდა მეთქვა, მაგრამ უკვე აზრი აღარ აქვს _ ფაქტობრივად, განწირულები ვართ და სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს. რაც არის სიმართლე და რეალობა, იმას ვამბობ. ვიცი, რომ ამით პრობლემები შემექმნება. თავიდან ვიაზრებდი, რომ ცოტა მოზომილი უნდა ვყოფილიყავი, რადგან შესაძლებელი იყო, აქციებით დავხმარებოდით ბიჭებს ზედმეტი განცხადებების გარეშე. ჯერ ერთი, ეს ამბავი აქციებზე გავიგე, რომ დაგვაკავეს. როცა განყოფილებაში გადაგვიყვანეს, იქ ასეთი ამბავი გავიგე, რომ აქაურ პოლიციას არ უნდოდა მათი დაკავება და აქ გადაწყვეტილიც იყო, რომ ეს ბიჭები არ უნდა დაეკავებინათ, მაგრამ თბილისიდან დაირეკა და ამიტომ განხორციელდა დაკავებების სერია. ვიმეორებ: მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება აჭარიდან არ არის, არამედ თბილისიდანაა მაღალი თანამდებობის პირისგანო.
ხაზს ვუსვამ: კალაძეს პირადად ჩვენ მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს, „ენცოს“ კეთილგანწყობის მოპოვება სურს, რადგან ის ყველა არჩევნებზე ეხმარება „ქართულ ოცნებას“.
_ დაბოლოს, „კანონიერ ქურდ“ „ენცოსთან“ როგორ გადაიკვეთთა თქვენი გზები?
_ ორი წლის წინათ, სამწუხაროდ, ციხეში ვიმყოფებოდი. ჩემს ძმასა და იმ ადამიანის ბიჭებს შორის დაპირისპირება მოხდა ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში: ჩხუბი, დაჭრა… ჩემმა ძმამ მისი ბიჭები საავადმყოფოში გალახა. ამაზე ჩემი ძმა დააკავეს. გამოვედით, ცოტა დალაგდა სიტუაცია, მაგრამ იმის შემდეგ ერთი ახლობელი ბიჭი, იმის გამო, რომ ჩვენთან მეგობრობდა, სცემეს. მეორე დაპირისპირება არ გახმაურებულა. ამ ჩხუბის დროს ისინი დაზარალდნენ, ჩვენ მოვერიეთ. ბიზნესმენთან მოგვიხდა კონფლიქტი, რომლის ახლობლებიც მაგათთან არიან დაკავშირებულები. ინფორმაცია მიაწოდეს, რომ რაღაც კონფლიქტი იყო, სადაც ჩვენ ვიყავით ჩართულები და „ენცომ“ გადაწყვეტილება მიიღო, ჩარეულიყო და ჩაერია კიდეც. რა სიკეთესაც ვაკეთებდით, მოგვთხოვა, რომ არ გაგვეკეთებინა. ამაზე ვერ შევთანხმდებოდით.
სულ ვფიქრობ, რომ ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაინც ასეთ სიტუაციაში ვარ და წარმომიდგენია, სუსტი ადამიანები, ვინც პატიოსნად ცხოვრობენ, რა დღეში არიან. ღმერთია მოწმე, რომ არც ერთი გამიშვია უყურადღებოდ და ვცდილობ, ყველას დავეხმარო, რა დროსაც ხელისუფლებასთან ან იმ ადამიანებთან დაპირისპირება გვიწევს, ვინც ამათ ჩაგრავენ. შეიძლება, ისევ დამაკავონ იმის გამო, რომ თითქოს ვიხულიგნე, არადა, არ ვარ ასეთი ადამიანი, უბრალოდ, დაჩაგრულსა და გაჭირვებულს ვეხმარები. ვიცი, რომ მათ არც პოლიცია და არც სხვა ვინმე არ დაეხმარება. გასაჭირში ადამიანს არ მივატოვებ. ამის გამო გვედავებიან, რომ ხულიგანი ვარ! გვაკავებენ, არადა, ვაჟკაცი ადამიანები ვართ! მჩაგვრელთან დაპირისპირება ხულიგნობაა? არც ჩვენ დავიჩაგრებით და არც არავის მივცემთ ამის უფლებას!

ხვიჩა მამულაძე