პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას“

ოპოზიციაში სერიოზული გადაჯგუფება მოხდა. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ „ახალმა საქართველომ“ დატოვა. კოლეგებთან შეთანხმებით ისინი არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. როგორც „ქრონიკა+“-სთან პარტიის გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, ისინი არჩევნებში „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით მიიღებენ მონაწილეობას, სადაც შედის „ახალი საქართველო“, თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართალი“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ექსპერტთა გუნდი.
მანჯგალაძის განმარტებით, მათი გამოსვლა ოპოზიციური ერთობიდან არ ნიშნავს, რომ „ძალა ერთობაშია“ დაიშალა. მიაჩნია, რომ ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება, თუ ისინი ცალკე მიიღებენ მონაწილეობას.

როგორ იქცა „ქართული ოცნება“ დამსხვრეულ ოცნებად? დაიშალა თუ არა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“? რაზე შეთანხმდნენ იქიდან წამოსვლისას კოლეგებთან? რატომ არის გიორგი ვაშაძე უკონკურენტო? რას ელოდებიან ბიძინა ივანიშვილისგან? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ესაუბრება:

_ პაატა, გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მაჟორიტარები წარადგინა. რას იტყვით მათზე? ახალი სახეები იქნებიანო და…
_ „ქართული ოცნება“ არის დამსხვრეული ოცნებების პარტია. მათ არ შეუსრულებიათ არც ერთი დაპირება, რომელიც ამ ხნის მანძილზე გასცეს, შესაბამისად, დღეს ვინც აპირებს „ქართული ოცნების“ სახელით კენჭისყრას, ჩემთვის ყველას ერთი და იგივე სახელი აქვს. შესაბამისად, ჩვენ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს არა „ოცნების“ ცალკეულ სახეებს შორის, არამედ დამსხვრეული ოცნებების პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ კანდიდატებს შორის.
_ მმართველ პარტიას კახა კახიშვილის სახით ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული კანდიდატი ჰყავს ისანში, სადაც თქვენი პარტიის ლიდერი იყრის კენჭს. მასაც მაღალი რეიტინგი აქვს. ურეიტინგობას არც დავით ჭიჭინაძე უჩივის. რა შანსები აქვს ვაშაძეს?
_ გიორგი ვაშაძე ახალი თაობის ეროვნული მასშტაბის გამორჩეული ლიდერია და ვერანაირ რეალურ კონკურენციას ჭიჭინაძე და კახიშვილი მას ვერ გაუწევენ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ილუზიაში, რომ ხელისუფლება სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს. ის ყველა საშუალებას გამოიყენებს. ჩვენთვის ცნობილია მათი ტექნოლოგიები, გათვლილი გვაქვს ყველა რისკი, მაგრამ გარწმუნებთ, არჩევნებამდე იმდენად აშკარა იქნება ჩვენი უპირატესობა, ვერანაირი მანიპულაციით მაგას ვერ დააკომპენსირებენ. ხოლო რაც შეეხება ჭიჭინაძეს, ჩვენ განვაცხადეთ და ამ შემთხვევაშიც ვიცავთ პირობას, რომ იმ კანდიდატებს, რომლებიც ოპოზიციად მოიაზრებენ თავს, ჩვენ არ ვაკრიტიკებთ. ჩვენთვის სამიზნე არის დამსხვრეული ოცნების პარტია და მისი წარმომადგენლები.
_ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში სიტუაცია ძალიან დაიძაბა. არჩევნების მოახლოება კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას. ახალი საქართველო რა ტაქტიკას აირჩევს? აგრესიულობაზე თქვენც ხომ არ გადახვალთ?
_ არსებობს შანსი, რომ „ოცნებამ“ ეს არჩევნებიც ნეგატიური ემოციის მაქსიმალური ტირაჟირებით ჩაატაროს: გამოიყენოს მოსყიდვა, დაშინება, ქუჩის ავტორიტეტები, მაგრამ გარწმუნებთ, ეს მათ ნამდვილად ვერ უშველის. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ივანიშვილი არ გამოხატავს ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესებს. მათ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს რაც შეიძლება ბევრი იშოვონ, მოიპარონ. ახლაც კი, როცა აქ ვსაუბრობთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იპარავენ. ეს რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ.
_ ქვეყანაში როგორც კი სიტუაცია იძაბება, კორონაინფიცირებულთა მაჩვენებელი მაშინვე მატულობს. არის მოსაზრება, რომ ექიმების დახმარებით „ოცნება“ არჩევნების გადავადებას შეეცდება. თქვენ ელოდებით ამას?
_ ბიძინა ივანიშვილისგან არაფერია გასაკვირი. არაფერს გამოვრიცხავთ. მათ კარგად იციან, რომ იმ ფონზე, როცა არც ერთი დაპირება არ შეუსრულებიათ და მათი 8-წლიანი მოღვაწეობა მხოლოდ ნეგატივთან, დანგრეულ ეკონომიკასთან, დაკარგულ სამუშაო ადგილებთან და ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან გასულ ათასობით ადამიანთან ასოცირდება, ბუნებრივია, რეალურ სამართლიან, კონკურენტუნარიან არჩევნებში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ.
_ როგორია თქვენი გუნდის გეგმები მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით?
_ ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი და კარგად გააზრებული ამბიციური გეგმა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბესა და შიმშილს ებრძვის და ათეულ ათასობით შრომისუნარიანმა მოქალაქემ სამუშაოს არარსებობის გამო ქვეყანა დატოვა, ხოლო აქ დარჩენილი ახალგაზრდები მომავალსა და პერსპექტივას ვერ ხედავენ თავიანთ სამშობლოში, პენსიონერებს კი, ისედაც დაბალი პენსიის პირობებში, ძვირი წამლის შესაძენად უსამართლოდ მაღალი პროცენტით სესხის აღება უწევთ. უფლება არ გვაქვს, მშვიდად ვუყუროთ და შევეგუოთ იმას, როგორ ანადგურებს დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც დაპირებების შესრულების ნაცვლად, კოშმარად იქცა!
სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, საპარლამენტო არჩევნებში გამოვიდეთ ახალი, მძლავრი საარჩევნო პლატფორმით „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით, რომელშიც შედის „ახალი საქართველო“, ქალბატონი თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართალი“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ექსპერტთა გუნდი, სადაც გაერთიანება შეუძლიათ არა მხოლოდ პარტიებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს თუ პირთა ჯგუფს, თუ ეთანხმება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ძირითად მიზნებსა და პრინციპებს.
_ „ძალა ერთობაშია“ დაიშალა?
_ „ძალა ერთობაშია“ არ დაშლილა, პირიქით, ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენი სტრატეგია გავაცანით და გადაწყვეტილება მივიღეთ: საერთო ოპოზიციური უკეთესი შედეგისა და გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ ცალკე სიით, საერთო ოპოზიციური შეთანხმების ყველა პირობის დაცვით.
პირდაპირ გეტყვით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ პირადად გიორგი ვაშაძისა და ჩვენი გუნდის მიერ და გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმით, რომ ჩვენ გავაკეთეთ 2012 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნების დეტალური ანალიზი და გამარჯვების ფორმულა დევს არა ძალების პოლარიზებაში, არამედ მრავალფეროვნების ერთიანობაში. იმისთვის, რომ არ დაიკარგოს არც ერთი საპროტესტო და ოპოზიციურად განწყობილი ხმა, აუცილებელია, რაც შეიძლება ფართო და მრავალფეროვანი არჩევანის არსებობა ოპოზიციურ სპექტრში.
ოქტომბერში მოქალაქეებს მოუწევთ მარტივი არჩევანის გაკეთება _ ან დამსხვრეული ოცნებების პარტია, ან ქვეყნის განვითარება და აღმშენებლობა, რასაც ყველაზე მეტად ახალი ენერგიით და ახალი გუნდით „სტრატეგია აღმაშენებელი“ და გიორგი ვაშაძე შეძლებს.

შორენა მარსაგიშვილი