გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნება“ მზადაა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეშმაკს შეეკრას“

21 ივლისს მმართველმა გუნდმა 30 მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატები დაასახელა. ამ თემაზე მსჯელობა უკვე მეორე კვირაა, არ ცხრება. ფაქტობრივად, მმართველი გუნდის ლიდერებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება დააანონსეს.
მაჟორიტართა სიის მიმართ კრიტიკული შეფასებები გაისმა როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან.
ამის პარალელურად კი კვლავ კითხვის ნიშნებია „შაქარაშვილის საქმეში“.

აღმოჩნდება თუ არა ეს საქმე ხელისუფლებისთვის საბედისწერო? როგორ ახასიათებს მმართველ გუნდს კონკრეტული კანდიდატების დასახელება? ვის აქვს უპირატესობა დღევანდელი მოცემულობით 2020 წლის არჩევნებზე?
ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

_ ბატონო გია, ბოლო პერიოდში არაერთი ტრაგედია დატრიალდა საქართველოს მოსახლეობის თავს, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება. თქვენ თუ ხედავთ სისტემური დანაშულის ნიშნებს და რა რეალობის წინაშე ვდგავართ?
_ რაღაც ტიპის სისტემური პრობლემა რომ არსებობს, ეს სრულიად ცხადია. ეს არის, მინიმუმ, სამართალდამცველი სისტემის არაკომპეტენტურობა, რაც გამოიხატება არა მხოლოდ პასუხგაუცემელ კითხვებში, არამედ უხარისხო კომუნიკაციაში საზოგადოებასთან. მაქსიმუმ _ შეიძლება, ბევრად უფრო მძიმე პრობლემებთან გვქონდეს საქმე, როდესაც არა მთლიანად ხელისუფლება, არამედ სისტემა ქვედა დონეებზე ხელს აფარებს კონკრეტულ დანაშაულს და ცდილობს, იგი დაფაროს. რა დონის პრობლემასთან გვაქვს საქმე _ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ პრობლემა აშკარაა.
_ ამბობენ, წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს ამ საქმეების გამოუძიებლობა და თუ პროცესი ჩიხში შევიდა, რა შედეგს მიიღებს ხელისუფლება?
_ ხელისუფლებას არასდროს აწყობს ასეთი ტიპის პრობლემები, მაგრამ სისტემა თავისი კანონებით ცხოვრობს. ერთია, რა აწყობს ხელისუფლებას პოლიტიკურად და მეორეა, როგორ მოქმედებს სისტემა. სისტემა ყოველთვის იცავს თავს და ხშირად წინააღმდეგობაში შედის პოლიტიკურ ინტერესთან. წარმოვიდგინოთ ვითარება, როდესაც შესაძლოა, პირველ ეტაპზე, სისტემამ ქვედა დონეებზე ჩაიდინა რაღაც გადაცდომა დანაშაულის დაფარვის მიზნით, იმდენად ღრმად შეტოპა, როცა საქმემ რეზონანსული ხასიათი მიიღო, თავდაცვის რეჟიმში გადავიდა და ტლაპოდან ტლაპოში დაიწყო გადახტომა. ასეთი სცენარი ყველაზე რეალისტურად მიმაჩნია „შაქარაშვილის საქმესთან“ მიმართებით. არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას ამ დანაშაულის დაფარვის ინტერესი აქვს, არამედ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც, პირველ ეტაპზე, ეგონათ, რომ რბილად გამოძვრებოდნენ პრობლემიდან, გარკვეული მოქმედებები ჩაატარეს და ახლა საკუთარ თავს იცავენ. მათ კი სისტემა იცავს. ასეთი ტიპის მანკიერი კონსტრუქციები დომინოს პრინციპით არის აგებული. საკმაოდ დიდ კონსტრუქციას თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ერთი ქვა რომ გამოაცალო, მთლიანად დაგემხობა თავზე. ამიტომ ამ ტიპის მანკიერ კონსტრუქციებში თუნდაც პაიკის გაწირვა ძალიან პრობლემურია, რადგან როგორც კი ხელს გამოკრავ, ზედა ეშელონებს შეარყევს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზემოთ არანაირი ინტერესი არ იყოს. ამას ჰქვია სისტემური მანკიერება, როდესაც თითქოს უმნიშვნელო შეწირვის გაკეთებაც კი აღარ შეგიძლია.
_ ჩვენ ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში მსგავსი ტიპის დანაშაულებების გარკვეული გამოცდილება გვაქვს, აქედან გამომდინარე, დადგება ამ საქმეზე სამართალი?
_ ხელისუფლება ეცდება, მაქსიმალურად გაწელოს დრო, რომ ეს თემა საარჩევნო დღის წესრიგიდან მოაშოროს და შუალედური გადაწყვეტილებები მიიღოს: არც მწვადი დაწვას და არც _ შამფური. ამის მაგალითები გვინახავს, როდესაც შეთანხმებით ვიღაცას რაღაცას უსჯიან, მაგრამ ჰპირდებიან, რომ ეს პრობლემა გადავაგოროთ და მერე ამნისტია შეგეხებათ ან რამეს ვიზამთ და ნელ-ნელა ყველას გამოგიშვებთო. ეს ყველაზე სავარაუდო სცენარია. ამის საშუალება, რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ. ამ საქმეს „გირგვლიანის საქმეს“ არ ვადარებ: „გირგვლიანის საქმე“ ორი ნაწილისგან შედგებოდა, _ პირველი ნაწილი იყო, როდესაც სისტემამ ჩაიდინა დანაშაული, მეორე, როდესაც სისტემა საკუთარ თავს იცავდა. შაქარაშვილის შემთხვევაში სისტემას არ ჩაუდენია დანაშაული, მაგრამ შესაძლოა, რაღაც გარემოებების გამო ის თავს იცავს, რადგან სადღაც რაღაც შეცდომები დაუშვა პროცესში.
ზემოთ „გირგვლიანის საქმე“ და შეპირებული ამნისტია ვახსენე _ რამდენად ტრაგიკომიკურია, როდესაც ის მოსამართლე, რომელმაც ამაში პირდაპირი მონაწილეობა მიიღო, დღეს უვადო მოსამართლეა და ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა, ის ძალიან კარგად წარმოაჩენს დღევანდელი სასამართლოს მდგომარეობას, მურუსიძეს ვგულისხმობ. თუ ხელისუფლება იგივე სცენარით წავიდა, როგორც წინა ხელისუფლება „გირგვლიანის საქმის“ შემთხვევაში, ვფიქრობ, საბოლოოდ, ხელისუფლებისთვის ძალიან დრამატულად დასრულდება მოვლენები, რადგან საზოგადოება ასეთ თემებს არ ივიწყებს. იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ შაქარაშვილის ტრაგედია გადაავიწყდება საზოგადოებას და ახალი ძალით არ იფეთქებს ერთი ან თუნდაც 2 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გირგვლიანის ტრაგედია 2006 წელს განვითარდა, ეს დროშა 2012 წლამდე გაგვყვა და, ფაქტობრივად, სანდრო გირგვლიანი და ირინა ენუქიძე იყო ჩვენს დროშაზე, როდესაც საზოგადოებამ დავსაჯეთ ამ დანაშაულისთვის წინა ხელისუფლება.
_ ხელისუფლებას აქვს თუ არა ფანჯარა, რომ „შაქარაშვილის საქმეზე“ ადეკვატურად იმოქმედოს და წინა ხელისუფლების გზით არ წავიდეს?
_ ხელისუფლებას ჯერ გზები არ ჩაუკეტავს. შეიძლება, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ფანჯარა ყოველთვის არსებობს. ყველას აქვს შესაბამისი დილემა. „გირგვლიანის საქმეზეც“ როცა ვსაუბრობთ, მაშინ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ აეღო საკუთარ თავზე და გადამდგარიყო, ფიგურანტები რომ ადეკვატურად დაესაჯათ და არა ისე მოეწყოთ, რომ ლამის რესტორანი ჰქონდათ ციხეში გახსნილი, შეიძლებოდა ეს საქმე მაშინ დასრულებულიყო და არ გაპრობლემებულიყო. როდესაც სისტემის დანგრევაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამას ვგულისხმობ. დღეს ხელისუფლება ისეთ მდგომარეობაშია, რომ ან თვითონ შეცვლის სისტემას, ან უნდა აღიაროს, რომ ის არის სისტემის მძევალი და აღარაფრის გაკეთება შეუძლია. რა თქმა უნდა, „შაქარაშვილის საქმე“ სისტემური დანაშაულია, თუმცა მხოლოდ ეს პრობლემა არ არის, ამ შემთხვევაში გვაქვს მენტალური პრობლემაც: ვიღაცამ ამ დანაშაულის ორგანიზება ხომ შეძლო? ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას, რაზედაც მაინცდამაინც არ მსჯელობენ, _ ვიღაცამ უბანში ძალიან სწრაფად, ორგანიზებულად შეკრიბა გარკვეული რაოდენობის ადამიანები, ჩასვა ისინი მანქანებში და წაიყვანა ანგარიშსწორებისთვის. ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რაც ჩვენი ცხოვრებიდან უკვე დიდი ხანია, გასული იყო. 90-იანი წლების ეს უბედურება ჩვენს ცხოვრებაში იმდენად აღარ იგრძნობოდა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან ცუდისა და შემაშფოთებლის რეანიმირება ხდება ჩვენს ქვეყანაში და ამ ტენდენციებს სხვა ინდიკაციებითაც ვამჩნევ, როდესაც შავმა სამყარომ ისევ თავი წამოყო; როდესაც გარიგება ხდება, მათ შორის, საარჩევნო მიზნითაც კი „შავებსა“ და პოლიტიკოსებს შორის, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთი ტენდენციები შეიძლება ძალიან ხმამაღლა არა, მაგრამ ლაიტმოტივად გასდევს ჩვენს ცხოვრებას. ეს ავთვისებიანი დაავადება მეტასტაზებივით გვედება. ამათმა თუ თავი წამოყვეს, მათი უკან ჩაბრუნება ძალიან ძნელი იქნება და, ამავე დროს, მტკივნეულიც.
_ მმართველი გუნდი ოპოზიციის მისამართით ხშირად ამბობს, რომ ის ტრაგედიის პოლიტიზებას ცდილობს. გაქვთ ასეთი განცდა და საერთოდ, რას გვაძლევს ამ ტიპის საქმეების პოლიტიზება?
_ რა თქმა უნდა, მრჩება ეს შთაბეჭდილება და არც მიკვირს. როგორც ხელისუფლება ცდილობს „კოვიდ-19“-ის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას, ასევე შეეცდება ოპოზიცია ნებისმიერი სახელისუფლებო პრობლემის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას.
_ ე. ი. პოლიტტექნოლოგიურად ეს გამართლებულია მორალური თვალსაზრისით?
_ მორალური თვალსაზრისით რამდენად სწორია, ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რაღაც მოსწონს თუ _ არა. რომც მივიჩნიოთ ოპოზიციის ქმედებები სპეკულაციებად, რომ ისინი ტყუილს ამბობენ და ასე თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იქცევიან, უნდა გვესმოდეს, რომ ეს, საბოლოო ჯამში, მაინც პოზიტიურია, როდესაც თუნდაც სპეკულაციების, პოლიტიკური ანგაჟირებისა და შეთქმულების თეორიები ვითარდება ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს საქმის გახსნას ეხმარება, _ სისტემას არ აძლევს მოდუნებისა და დანაშაულის დაფარვის საშუალებას. რაც არ უნდა სისულელეს ლაპარაკობდეს დღეს ოპოზიცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, კარგია, _ რაც უფრო მეტი ხმაური და რეზონანსია, ბუნებრივია, მით უფრო უჭირს სისტემას თავის სასარგებლოდ მოქმედება. ამ თემის შესახებ ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, სულელურითაც კი, საჯაროობა არის მთავარი გარანტი, რომ საქმეს ვერ შეკერავენ და ვერ დაფარავენ. ასე რომ, ამას ძალიან მშვიდად ვუყურებ.
_ საარჩევნო თემაზე რომ გადავიდეთ, 21 ივლისს მმართველმა გუნდმა 30 მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატები დაასახელა. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარულმა სიამ?
_ ხელისუფლება იმ ნარკომანივით იქცევა, რომელიც ყოველდღე დებს პირობას, რომ აღარ მოიხმარს ნარკოტიკს, მაგრამ მეორე დღეს დოზას ზრდის. მათი ყოველი მომდევნო სია უფრო ოდიოზურია, ვიდრე წინა იყო. მაგალითად, მე მთაწმინდელი ვარ, „ქართული ოცნებიდან“ მთაწმინდაზე კენჭს იყრის ადამიანი, რომელმაც 2012 წელს, როდესაც ჩვენ ქუჩაში ვიდექით, რეჟიმს ვუპირისპირდებოდით და საარჩევნო კამპანიაში ვიყავით, ამ დროს რამდენიმე ათეული ათასი ლარი შესწირა „ნაციონალურ მოძრაობას“. წელს ის „ქართული ოცნების“ სახელით იყრის კენჭს და უნდა ამიხსნას მე, როგორც ამომრჩეველს, „სისხლიანი 9 წლის რეჟიმის“ ბოროტება, _ ეს ცინიზმიც აღარ არის, ძალიან კომიკურია, ამაზე მხოლოდ გაცინება თუ შეიძლება, რადგან უკვე ამაზე გაბრაზებაც კი ძნელია. „ქართული ოცნება“ მუდმივად საუბრობს განახლებაზე, ახალ სახეებზე, მომავლის პერსპექტივაზე, მუდმივად ეძებს და ხან ირაკლი ღარიბაშვილს პოულობს, ხან _ ბექა ოდიშარიას, ხან _ ანზორ ბოლქვაძეს, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს იყო დეპუტატი და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ის არის ასე. ესაა „ქართული ოცნების“ სახე, მმართველი გუნდი საერთოდ არ ფიქრობს განვითარებაზე, მომავალზე, სახელმწიფოზე. „ქართული ოცნება“ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს, მის პოლიტიკურ დღის წესრიგში არის ერთადერთი პუნქტი, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი მეთოდით. ამ მიზნით ნებისმიერ ნაძირალასთან კონტარაქტზე ხელის მოსაწერად მზად არიან, ისინი მზად არიან, ეშმაკს შეეკრან, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტრაგედია, როდესაც ის იძულებულია, ისეთი ნაბიჯები გადადგას, როგორიც არ უნდოდა, მას უნდოდა, პოლიტიკაშიც დენდროპარკი გაეშენებინა, მაგრამ ჭაობი გამოუვიდა. რეალური დენდროპარკი ნამდვილად კარგად გააშენა და მადლობის მეტი რა გვეთქმის, ეს ნამდვილად დიდი მემკვიდრეობაა, მაგრამ პოლიტიკაში ცოცხალი არსებები არიან, თავისი პლუსებითა და ცოდვებით და არა მცენარეები. ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს უდგება, როგორც მცენარეებს, მერე აღმოჩნდება, რომ ასე არ არის და ყველაფერი ჭაობდება. ასე რომ, მისი კეთილი სურვილები აბსოლუტური ჭაობით მთავრდება. ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს, მას სახელმწიფოს განვითარებისთვის ხელშეწყობის ენერგია არ აქვს, არც ცუდის გაკეთების ენერგია შერჩა. ამბობენ ხოლმე, რომ ივანიშვილის ამოცანა ქვეყნის დანგრევაა. (იცინის) მისი ამოცანა, რა თქმა უნდა, ქვეყნის დანგრევა არ არის, ის არ არის ისეთი ცუდი ადამიანი და ნამეტან დემონიზაციას ნუ მოახდენენ. გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილს პრობლემები აქვს კეთილდღეობის შენარჩუნების, თუნდაც უსაფრთხოების, ის სხვა კარს ვერ ხედავს, ის ვერ ხედავს ამ ყველაფრის შენარჩუნების მექანიზმს, გარდა იმისა, რომ ძალაუფლება აკონტროლოს მთლიანად. ის მხოლოდ ამაში ხედავს ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიებს და ამიტომ ეპოტინება ხელისუფლებას ნებისმიერი მეთოდებით, მათ შორის, ბოლქვაძით და სხვა მსგავსი ფიგურებით. კიდევ კარგი, ჭკუა ეყოთ და ენზელ მკოიანი არ დაასახელეს მაჟორიტარულ კანდიდატად, მაგრამ აბაზოვზე დაიწყეს საუბარი, რაც აგრეთვე ცინიზმი და წარმოუდგენელია. დღეს ისინი არ ფიქრობენ არც მორალზე, არც ადამიანების რეალურ პორტრეტზე, ისინი მხოლოდ ერთზე _ ძალაუფლებაზე ფიქრობენ. მათ, ვინც ამ ძალაუფლებას მისცემს, ნებისმიერთან ყველაფერზე ხელისმომწერები არიან. ზუსტად აქ შემოდის შავი სამყაროს სერიოზული პრობლემა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ შავი სამყარო ამ კუთხით თავის სერვისებს სთავაზობს ხელისუფლებას და იმის განცდაც მაქვს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება, ამაზე ხელი მოუწეროს, რისიც არაერთი პრეცედენტი გვინახავს. ვინ არიან ეს მოჭიდავეები? _ ეს არის ხალხი, რომელიც 2012 წლამდე ჩვენ გვირტყამდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ურტყამენ „ქართული ოცნების“ სახელით. ერთი და იგივე ხალხია, ეს ხალხი არ შეცვლილა. თუნდაც ის ქალები, რომლებიც საარჩევნო უბნებთან დგანან, ისინიც იგივე ქალები არიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ზუსტად იგივე საქმეს აკეთებდნენ. „ქართული ოცნების“ მთავარი დამრტყმელი ძალა ეს არის აპოლიტიკური, მორალისგან დაცლილი ადამიანების მასა, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ლუკმის გამო ნებისმიერს გადაუარონ.
_ „ქართული ოცნების“ მდგომარეობა აბსოლუტურად გასაგებია. ამ ფონზე რა მოცემულობაშია ოპოზიცია და მათი კანდიდატებიდან ვის აქვს უპირატესობა, მაგალითად, თბილისში?
_ ჯერჯერობით, საქმე, როგორც მიდის, აქედან გამომდინარე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას გარკვეული უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში. აქ შემოდის ზუსტად ის თემა, რომ ოპოზიციაც საკმაოდ პრობლემურია. ჩვენი პოლიტიკური ელიტა ხომ მთლიანად კომპრომეტირებულია, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ზოგი წარსული ცოდვებით, ზოგი _ მიმდინარე და ა. შ. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფერში ვერ პოულობს სწორ ტონს. ისიც ცდილობს, რომ ნეგატიური კამპანია აწარმოოს მაშინ, როდესაც ადამიანებს სრულიად კონკრეტული, მომავლის პრობლემა აქვთ. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციაც შიშზე აგებს ყველაფერს. მაგალითად, ხელისუფლება ეუბნება საზოგადოებას: თუ მე არ ვიქნები სათავეში, ჩემზე დიდი ბოროტება მოვა და რაღაც მოხდება, ისინი პანდემიასაც ვერ მართავენ და, შესაბამისად, მოკვდებითო. ოპოზიცია ამბობს: ამ ხელისუფლებას არ შეუძლია მოსახლეობის ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა და შესაბამისად, შიმშილით მოკვდებითო. ანუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მოსახლეობას სიკვდილით აშინებს, იმის ნაცვლად, რომ მათ მომავლის იმედი და რწმენა გაუჩინონ. რეალურად, ამომრჩეველი ცივილიზებულ და ჯანსაღ გარემოში არც წარსულსა და არც აწმყოს, არამედ მომავალს ირჩევს. პოლიტიკური ელიტა კი ჩვენს ამომრჩეველს სთავაზობს ან წარსულს, ან აწმყოს და მომავლის არჩევანს არ აძლევს. აქედან გამომდინარე, ასეთ ნეგატიურ ციკლში უპირატესობა აქვს იმას, ვინც მეტ რესურსს ფლობს, რადგან ამომრჩეველი, რომელსაც მომავლის არჩევანი არ გააჩნია, ფიქრობს: არც აწმყო მომწონს და არც წარსულის დაბრუნება მინდა. გამომდინარე იქიდან, რომ მომავლის არჩევანი არ ჩანს, მზად ვარ, ერთჯერადად გავიყიდო და მივეყიდები იმას, ვინც მეტს გადაიხდის. ბუნებრივია, ხელისუფლება მეტის გადამხდელია, რადგან მას რესურსები მთლიანად მონოპოლიზებული აქვს. არ ვსაუბრობ მხოლოდ თანხაზე, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ისეთ თემებს, როგორიცაა: გაზის შეყვანა, გზის დაგება და ა. შ., ანუ ის რესურსი, რაც ხელისუფლების ხელშია. აქედან გამომდინარე, ოპოზიციამ თავისი საარჩევნო ხაზი და ტაქტიკა უნდა შეცვალოს და პოზიტიური დღის წესრიგის დოზა გაზარდოს, უკეთესი მომავლის სისტემური ხედვა შეიმუშავოს. სხვანაირად, სერიოზული პრობლემა ექნებათ.
_ დღეის მოცემულობით რაზეა დამოკიდებული არჩევნების შედეგები?
_ მიუხედავად ხელისუფლების უპირატესობისა, არჩევნების შედეგები, ჯერჯერობით, მაინც არ არის პროგნოზირებადი, რადგან მე ორ შიშზე გესაუბრეთ _ ეს არის სიკვდილისა და შიმშილის შიში. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის განვითარების დინამიკა ბუნდოვანია, სამყაროში არც არავინ იცის, რა იქნება სექტემბრისთვის ამ კუთხით, ამიტომ ჩვენ არ ვიცით, რომელი შიში იქნება დომინანტური _ სიკვდილის თუ შიმშილის? ეს გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, შესაბამისად, თუ სიკვდილის შიში იქნა დომინანტური, ამ შემთხვევაში ხელისუფლების შანსები გაიზრდება, რადგან მათ პოლიტიკურად თავის სასარგებლოდ ვითარების მართვის გარკვეული ინსტრუმენტები აქვთ; თუ შიმშილის შიში იქნება დომინანტური, მაშინ შესაძლოა, ხელისუფლებას სერიოზული პრობლემა შეექმნას.

ნენე ინჯგია