მალხაზ მაჩალიკაშვილი: „არჩევნების ჩასაშლელად პანკისში „ოცნება“ არეულობის მოწყობას ცდილობს“

პანკისის ხეობაში ვიღაც ცუდად ეთამაშება ცეცხლს. რეგიონში, რომლის არევასაც რუსეთი ათეული წლებია ცდილობს, ნებისმიერი პატარა დაძაბულობაც კი შეიძლება სერიოზული კონფლიქტის საბაბი გახდეს. მატნელებსა და პანკისელებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ადრეც ხშირად მომხდარა. ბევრჯერ უცემიათ ხეობელებს ერთმანეთი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შერიგებით დასრულებულა. ახლაც მალევე შეეცადნენ არეულობის მოგვარებას, თითქოს სიტუაცია დაწყნარდა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, წყენა სადღაც ისევ იფეთქებს.

შეგახსენებთ: მას შემდეგ, რაც სოფელ დუისში მატნელი ახალგაზრდები სცემეს, მატნელებმა გზა გადაკეტეს. მატანს თუ არ გაივლი, ისე ხეობაში ვერ მოხვდები. ინციდენტის დროს ახმეტაში იმყოფებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა. მან ისიც კი არ იცოდა, რა მოხდა ხეობაში. სახლისკენ მომავალ მაჩალიკაშვილს მატანში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ეს ვიღაცამ შეგნებულად გააკეთა, რათა ის წყობილებიდან გამოეყვანათ. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ პანკისელები და მატნელები ძმები არიან და მათ არაფერი აქვთ გასაყოფი. ამის მიუხედავად, ის იმ ადამიანისთვის პასუხის მოთხოვნას აპირებს, ვინც მის ძმას ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ეს განცხადება ხელისუფლების მომხრეებმა მუქარად აღიქვეს და ამტკიცებენ, რომ ხეობაში სიტუაციას მაჩალიკაშვილი ურევს.

იმუქრება თუ არა ვახა მაჩალიკაშვილი? რას უკავშირებს მის ძმაზე განხორციელებულ თავდასხმას შვილმოკლული მამა? რა მოჰყვა „თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის“ გამოუძიებლობას? ვის აწყობს არეულობა პანკისში? რატომ უჭერდა ქისტების 98% მხარს „ქართულ ოცნებას“? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მალხაზ მაჩალიკაშვილი ესაუბრება.

_ ბატონო მალხაზ, მატნელებსა და პანკისელებს შორის ადრეც არაერთხელ მომხდარა ფიზიკური დაპირისპირება, რაც, როგორც წესი, შერიგებით სრულდებოდა. გასული კვირის ინციდენტმა ყველა ძალიან შეაშინა. მართალია, ამ შემთხვევაშიც შერიგდნენ, მაგრამ ამბობენ, რომ მხარეები ბოლომდე არ დაზავებულან. თქვენ რას გვეტყვით?
_ მატანი და პანკისის სოფლები ერთმანეთს ესაზღვრება. მოსაზღვრე სოფლებში ხშირად ხდება ჩხუბი და კამათი. სოფლების დაპირისპირება რატომ გვიკვირს, როცა ყველა ოჯახშია უთანხმოება? ერთმანეთში პანკისის ხეობაში შემავალი სოფლების წარმომადგენლებიც ჩხუბობენ ხოლმე. რაც შეეხება პანკისელებისა და მატნელების დაპირისპირებას, ეს მართლაც არაა პირველი შემთხვევა. ამ ინციდენტს მეც ჩვეულებრივ ამბად ჩავთვლიდი, რომ არა ერთი დეტალი _ მატნელები ჩემს ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინციდენტის დღეს ჩემი ძმა თავის საქმეებზე ახმეტაში იყო ჩასული. იქ რაღაც პერიოდი შეყოვნდა. მან საერთოდ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ დუისში დაპირისპირება მოხდა. არც მატანში გზის გადაკეტვის შესახებ ჰქონია ინფორმაცია. ჩვეულებრივად წამოვიდა სახლში. მატნის ცენტრში ვიღაცებმა გააჩერეს და სრულიად უმიზეზოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
_ რატომ გაუსწორდნენ? ამ კონფლიქტზე თქვა რამე?
_ არაფერი. როგორც გითხარით, მან ისიც კი არ იცოდა, რომ ხეობაში ჩხუბი მოხდა. კაცი თავის საქმეზე იყო წასული და სახლში ბრუნდებოდა.
_ აბა, რატომ სცემეს, თუ არაფერი აკავშირებდა ინციდენტთან?
_ მატანში გააჩერეს და ჰკითხეს, _ ქისტი ხარო? ამან უთხრა, _ ქისტი ვარო და დაესივნენ. მეტი არაფერი ყოფილა. ხეობის ახალგაზრდები იმან ააღელვა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმას დაესხნენ თავს, ამიტომ დაიძაბა სიტუაცია ასე ძალიან. კიდევ კარგი, ყველაფერი ჩაწყნარდა. ყველანი აქტიურად ჩავერიეთ საქმეში და დაძაბულობა განიმუხტა.
_ ამბობთ, სიტუაცია განიმუხტაო, მაგრამ ვრცელდება თქვენი განცხადება, რომ თქვენს ძმაზე თავდასხმას არავის შეარჩენთ. ე. ი. პასუხის მოთხოვნას აპირებთ. თქვენმა ამ განცხადებამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილს სურს ხეობაში არეულობაო.
_ მე არეულობის მოწყობას არ ვაპირებ და საერთოდ არ მაინტერესებს „ქოცების“ აზრი, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ. სოციალურ ქსელშიც დავწერე და „ქრონიკა+“-სთანაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩემს ძმაზე თავდასხმას არავის შევარჩენ! რატომ უნდა შევარჩინო?! ადამიანი არაფერ შუაში იყო და თავს დაესხნენ.
საქართველოში რა უბედურებაც ხდება _ ბოღმა, შური, მკვლელობა _ ყველაფერი ჩემზე რატომ უნდა გადატყდეს?! ძალიან ბევრს ვითმენ ისედაც და ჩემი ძმის ამბავმა ყველაფერი ყელში ამომიყვანა. არეულობის მოწყობას რაც შეეხება, ვახა მაჩალიკაშვილს არეულობა არ აწყობს. ერთადერთი, ვისაც დღეს საქართველოში დესტაბილიზაცია სურს, ეს „ქართული ოცნებაა“. „ქოცებს“ ერთი სული აქვთ, როგორმე აირიოს ქვეყანა. ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათი საქმე წასულია და არეულობით უნდათ თავის გადარჩენა. ვინც კარგად ვერ აღიქვა ჩემი ნათქვამი, მათ გასაგონად ვამბობ, _ არ ვაპირებ ვიღაცისთვის სამაგიეროს გადახდას. არც ჩხუბისა და აყალმაყალის მოწყობა მაქვს განზრახული. უბრალოდ, მივალ იმ პიროვნებასთან, ვინც ჩემს ძმას თავს დაესხა, დაველაპარაკები, ავუხსნი საქმის ვითარებას და ბოდიშს მოვახდევინებ. ეს არის სულ ჩემი „ანგარიშსწორება“.
_ მოიხდის ის პირი ბოდიშს?
_ ისე დაველაპარაკები და ისე ავუხსნი, რომ აუცილებლად მოუხდის ბოდიშს ჩემს ძმას. სად არის აქ არეულობის მცდელობა ან შურისძიება? „ქოცებმა“ ჩემთვის პროვოკაციების მოწყობას თავი დაანებონ და იმ საქმეებს მიხედონ, რის გამოძიებასაც მათგან ხალხი ითხოვს. ამ სისტემამ ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა და იგი აუცილებლად უნდა დაიშალოს.
„ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებულმა სახელმწიფო სისტემამ პირველი ჩემი შვილი მოკლა. მძინარე ბავშვი ლოგინში ჩაცხრილეს. შემეძლო, სხვანაირად გამეცა პასუხი, მაგრამ ამ ქვეყანას ეს არ ვაკადრე. სამართლიანობის აღდგენისთვის დავიწყე ბრძოლა. ერთ-ერთი პირველი განცხადება, რაც შვილის სიკვდილის შემდეგ გავაკეთე, ასეთი იყო: დღეს არის ერთი თემირლანი, თუ ეს საქმე არ გამოიძიეს და დამნაშავეები არ დაისაჯნენ, ხვალ იქნება ათი თემირლანი.
სამწუხაროდ, თემირლანის საქმე არ გამოიძიეს და არც დამნაშავეები დასაჯეს. ყველა ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. ამ სინდრომის გამეფებას სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლამ შეუწყო ხელი. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა და თემირლანის მკვლელობის შემდეგ უამრავი ადამიანი მოკლეს. ბიჭებს ხომ ხოცავდნენ, ახლა პატარა გოგოების მოკვლაც დაიწყეს. 23 წლის თამუნა ბაჩალიაშვილი მოკლეს და მთელ ქვეყანას არწმუნებენ, რომ მან თავი მოიკლა.
ძალიან ხშირად მიწევს შვილმოკლულ მშობლებთან შეხვედრები. როცა რუსთაველზე აქციებს ვატარებდით, უამრავი გამწარებული დედა და მამა მოდიოდა ჩემთან. უკვე ვეღარც კი ვითვლი, რამდენი ახალგაზრდა მოკლეს ამ წლებში. „თემირლანის საქმე“ რომ გამოეძიებინათ და დამნაშავეები დაესაჯათ, დღეს ამდენი უბედურების მომსწრენი აღარ ვიქნებოდით.
_ ძალიან ბევრი ადამიანი გიჭერდათ მხარს და ითხოვდნენ დადგენილიყო სიმართლე პანკისის სპეცოპერაციაზე.
_ ჩემი ტკივილი თითქმის მთელმა საქართველომ მიიტანა გულთან ახლოს. ამ თანადგომისთვის მათ მადლობას ვუხდი და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ქისტებზე არანაკლებად მიყვარს ჩემი ქართველები. დღეს აქციებს უკვე ვეღარ ვმართავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი აღარ მიჭერს მხარს. ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ხალხს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია. ძალა აღმართს ხნავს და ვერ მივაღწიეთ სამართალს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, სიმართლე მაინც გაირკვევა და დამნაშავეებიც დაისჯებიან. დაისჯებიან როგორც ჩემი შვილის, ასევე სხვა ახალგაზრდების მკვლელები.
გარდა იმისა, რომ უსამართლობასთან გვიწევს ბრძოლა, ტროლებიც შემოგვისიეს და ათას სიბინძურეს ავრცელებენ. ჩემს ძმას თავს დაესხნენ. ვთქვი, რომ ამას ასე არ დავტოვებდი, რაზედაც ტროლებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ მაჩალიკაშვილი არეულობით იმუქრებაო. უამრავმა ჟურნალისტმა დამირეკა და მითხა, _ მართლა იმუქრებითო? ჩემს ძმას თავს დაესხნენ და თავდამსხმელს დავემუქრებოდი, აბა, სიმღერას ხომ არ ვუმღერებდი? ვისაც არ ესმის, იმათთვის გავიმეორებ, რაც ზემოთ უკვე გითხარით, _ ჩემს ძმაზე თავდამსხმელს დაველაპარაკები და ბოდიშს მოვახდევინებ. ის ჩემი ძმა რომ არ ყოფილიყო, მას ფიზიკურად არ გაუსწორებდნენ და ჩვეულებრივად გამოატარებდნენ.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ მას მხოლოდ იმიტომ გაუსწორეს ანგარიში, რომ თქვენი ძმა იყო?
_ დიახ, ის იმის გამო დაისაჯა, რომ ჩემი ძმა არის.
_ ამას ვარაუდით ამბობთ, თუ რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია გაქვთ?
_ მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა და მატანში გზა გადაიკეტა, რამდენიმე ქისტმა ჩვეულებრივად გამოიარა მატანში. მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არავის მიუყენებია, უპრობლემოდ გაატარეს, ჩემს ძმას კი ეგრევე ცემა დაუწყეს და ამის შემდეგ როგორ ბედავენ იმის თქმას, რომ მე მინდა არეულობა? არეულობა უნდათ „ქოცებს“. ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა როგორმე არიონ და დარიონ.
_ თქვენს ძმას მატნელებმა მოუწყვეს თავდასხმა თუ „ქოცებმა“?
_ მატანი ძალიან დიდი სოფელია და ისევე როგორც ყველგან, აქაც არიან „ქოცები“. ჩემს ძმას ადგილობრივი „ქოცები“ დაესხნენ თავს.
_ არეულობა უნდოდათ და ამიტომ დაესხნენ ჩემს ძმას თავსო. გგონიათ, რომ თქვენი პროვოკაციაზე წამოგება სურდათ?
_ ეგონათ, მოდი, მის ძმას თავს დავესხმებით და იქნებ, მაჩალიკაშვილს ყელში ამოუვიდეს და ვიღაცას პირდაპირ დაეჯახოსო. იმდენად ლენჩები არიან, რომ ვერ გაიგეს _ პროვოკაციაზე ჩემი წამოგება ასეთი იოლი არ არის. უამრავჯერ სცადეს ჩემი პროვოკაციაზე წამოგება, მაგრამ არ გამოუვიდათ. არ ვიცი, ახლა რისი იმედი ჰქონდათ. მათთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროვოკაციაზე ვერ წამომაგებთ.
_ პროვოკაციაზე შეიძლება ვერ წამოგაგონ, მაგრამ ასეთი გაცხარებული თქვენ არ მინახიხართ. რამდენი ინტერვიუ მაქვს თქვენთან ჩაწერილი, ყოველთვის გაწონასწორებული იყავით. ახლა აშკარად წყობიდან ხართ გამოსული.
_ წყობიდან გამოვიდოდი, აბა, რა იქნებოდა _ ჩემს უფროს ძმას თავს დაესხნენ. თან მე კი არ მგავს, ამხელა კაცია და ერთი პატარა ინციდენტიც კი არავისთან მოსვლია. მე ურო კონფლიქტური ვარ.
_ ჰუსეინ მაჩალიკაშვილის მამაზეა საუბარი, რომელსაც „20 ივნისის საქმეზე“ რამდენიმე თვე გაატარებინეს ციხეში?
_ ხო, ხო ჰუსეინის მამაა. ჩემს გასამწარებლად ჯერ ძმისშვილი გამომიკეტეს რამდენიმე თვით ციხეში და ახლა ძმას დაესხნენ თავს. „ქოცებმა“ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს და ამის ასე დატოვება აღარ შეიძლება. მე პასუხს მოვითხოვ.
_ ეს პასუხის მოთხოვნა მატნელებსა და პანკისელებს შორის ისევ ხომ არ დაძაბავს ვითარებას?
_ პანკისელებსა და მატნელებს შორის რატომ უნდა დაიძაბოს ჩემ გამო ვითარება? მე კონკრეტულ პიროვნებას მოვთხოვ პასუხს. მატნელებთან რა მაქვს გასაყოფი? _ ჩემი ძმები არიან. ვინც ქისტებისა და ქართველების დაპირისპირებას შეეცდება, მისი პირველი მტერი ვიქნები. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ. ამას არც მატანი დაუშვებს და არც _ პანკისი.
მატნელები ჩვენი ძმები არიან, მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მინდა, ერთი საყვედური ვუთხრა, _ როგორ შეიძლება, პატარა ინციდენტის დროსაც კი ეგრევე გზას კეტავთ? ხეობასთან დაკავშირება მხოლოდ მატნის გავლით არის შესაძლებელი. ეს გზის გადაკეტვა იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო მთლიანად ჩამოშლილია.
_ ადრეც ხომ უკეტავდნენ მატნელები პანკისელებს გზას?
_ ჩხუბი სამყაროს დაარსების დღიდან არის. უთანხმოებაც მანამდე იქნება, სანამ ეს სამყარო იარსებებს, მაგრამ მატნელებმა გზის გადაკეტვები ბოლო დროს მოიფიქრეს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ივანიშვილის ბოროტი ძალა მოვიდა, ცუდად მიდის ყველა მიმართულებით საქმე.
ვიღაც ძალიან ცდილობს ქვეყანაში, კონკრეტულად კი პანკისის ხეობაში, სიტუაციის არევას. ასეთი მცდელობები ადრეც არაერთხელ ყოფილა. ყველა დაპირისპირება და პროვოკაცია ამაზეა გათვლილი. საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ დაძაბულობას ანეიტრალებენ.
ჩემს ძმაზე განხორციელებული თავდასხმაც პროვოკაცია იყო _ ჩემი გამწარება უნდოდათ. ქისტები გაბრაზდებოდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ ქისტს სცემეს. საბედნიეროდ, ახლაც ავირიდეთ თავიდან არეულობა. ხეობაში არეულობის მოწყობა განსაკუთრებით აქტუალურია _ საპარლამენტო არჩევნები კარს არის მომდგარი.
მატნელებთან პრობლემების მოგვარებაში პირადად ჩავერთვები, მაგრამ იმ ადამიანს მაინც მოვთხოვ პასუხს, ვინც ჩემს ძმაზე ხელი აღმართა. ეს მუქარა არაა. მაჩალიკაშვილი თუ დაიმუქრება, მუქარას შეასრულებს. ამ ქვეყანას იმხელა პატივს ვცემ, რომ მუქარაზე არ გადავალ. ბევრი რამე დამაბრალეს, მათ შორის, ტერორისტობაც, მაგრამ ქართველმა ხალხმა ეს არ დაიჯერა. ყველა ხედავს, რომ დამნაშავე და უმაქნისს ხელისუფლებას ადამიანების მოკვლისა და გასვრის მეტი არაფერი შეუძლია. ჩემი შვილის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში სამი წელი გავა. ორ წელზე მეტია, ქუჩაში ვარ და საშინელი სიძნელეები გამოვარე. რაც თავს გადამხდა ამის ნახევარიც რომ მოვყვე, ჭკუიდან გადავა ადამიანი. არ გავბოროტებულვარ, მხოლოდ საქმის გამოძიებასა და ჩემი შვილის მკვლელების დასჯას ვითხოვ. იმათ მე მძინარე ბავშვი მომიკლეს. ახლა ჩემს ძმას დაესხნენ თავს. ასეთ ფაქტს ნებისმიერი ადამიანი გააპროტესტებდა და ჩემს რეაქციასაც ნურავინ აღიქვამს მუქარად.
_ ბატონო მალხაზ, ისევ ინციდენტს დავუბრუნდეთ: დაპირისპირება ქათმის გამო დაიწყო. მატნელი ახალგაზრდები ხეობაში იყვნენ საქეიფოდ და უკან რომ ბრუნდებოდნენ, ქათამს დაეჯახნენ. ოფიციალური ვერსიით, ცემა-ტყეპაც ამას მოყვა, რაც ცოტა დაუჯერებელია.
_ რა მნიშვნელობა აქვს, რის გამო დაიწყო დაპირისპირება? ქვეყანაში ისეთი მძიმე ფონია, რომ ადამიანებმა შეიძლება, წვრილმან რამეზეც იჩხუბონ. ახლაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთავარია, ორივე მხარე დროულად ჩავერიეთ და სერიოზული დაპირისპირება თავიდან ავიცილეთ. ასეთი რამე არც ადრე დაგვიშვია და არც ახლა დავუშვებთ. იმის გარანტიას კი ვერ მოგცემთ, რომ კიდევ არ განმეორდება.
_ ქათმის გამო გაგრძელდება?
_ სხვა რამეს მოიგონებენ. რამდენიმე თვეში არჩევნებია, სადაც „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმედ დამარცხდება. წაქვეული „ქოცები“ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ. ვითარება თუ დაიძაბება და არეულობა დაიწყება, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებენ. საგანგებო მდგომარეობის დროს კი არჩევნები არ ჩატარდება. აქეთკენ მიჰყავთ საქმე. ფიქრობენ, რომ არეულობის მოსაწყობად პანკისის ხეობა კარგი ადგილია. ამაში მწარედ ცდებიან _ აქ არეულობის მოწყობას არავინ დაუშვებს.
_ ამბობთ, რომ არეულობა „ქოცებს“ უნდათო. საინტერესოა, რა დამოკიდებულება აქვთ პანკისელებს „ქართული ოცნების“ მიმართ?
_ სანამ ჩემს ოჯახში ტერაქტს მოაწყობდნენ და მძინარე ბავშვს ლოგინში მომიკლავდნენ, ხეობის 98% „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო.
_ პანკისელები რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გახდნენ, ამაში ლაფანყურის სპეცოპერაციას მიუძღვის დიდი წვლილი, რომელიც 2012 წლის აგვისტოში ჩატარდა. ამ სპეცოპერაციის დროს რამდენიმე პანკისელი ახალგაზრდა მოკლეს.
_ ლაფანყურის სპეცოპერაციამ ძალიან გააღიზიანა პანკისელები. ბიძინა ივანიშვილმა ხალხის ასეთი განწყობა კარგად გამოიყენა. მან პირობა დადო, რომ თუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდოდა, ამ საქმეს ძალიან მალე გამოიძიებდა. ჩვენი ხალხის „გაქოცება“ ამასთან უკავშირდება.
სამწუხაროდ, ეს საქმე არ გამოუძიებიათ. მთელი საქართველო გადააგდო ივანიშვილმა და პანკისელების მოტყუებაც მოახერხა. ადამიანებს მართლა სჯეროდათ, რომ ივანიშვილი ამ საქმეს გამოიძიებდა. დღემდე არ იციან ხეობაში, რა მოხდა მაშინ ლაფანყურში.
_ ამის მიუხედავად, „ოცნებას“ მხარდამჭერები მაინც არ დაუკარგავს. თავად მითხარით, რომ სანამ თემირლანს მოკლავდნენ, პანკისელების 98% „ოცნების“ მხარდამჭერი იყოო.
_ ასე იყო. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა „ოცნებას“ უჭერდა მხარს. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ტრაგედია მქონდა გადატანილი, ძალიან ვიაქტიურე, რომ ხალხს სიმართლე დაენახა. ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნების“ კანდიდატს ბევრად ნაკლებმა ადამიანმა მისცა ხმა. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ ხეობაში თანაბარი პოზიციები აქვთ.
_ პანკისელებმა დაივიწყეს ლაფანყურის სეპცოპერაცია, რომელიც „ნაციონალების“ ხელისუფლების სახელს უკავშირდება?
_ არ დაივიწყეს, მაგრამ ისიც ხომ დაინახეს, რომ ეს საქმე არც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიძია. ამ გამოუძიებელ საქმეს თემირლანის მკვლელობაც დაამატა. შუაგულ პანკისში მოგვიწყვეს ტერაქტი. ახლა ვიღაცა მისაყვედურებს, „ნაცებს“ როგორ უჭერ მხარს, მაგათ ხომ ლაფანყურში ჩაატარეს ოპერაციაო? ვინც რაც უნდა, ის თქვას, არ მაინტერესებს. ძალიან ვწუხვარ, რომ მაშინ ახალგაზრდები დაიხოცნენ. ამ ბავშვებზე მათმა მშობლებმა უნდა იხმაურონ. მე ჩემი შვილის საქმის გამოძიებას ლამის სამი წელია, ვითხოვ, ფაქტობრივად, ქუჩაში ვცხოვრობდი. არსად დამიმალავს, რომ „ქოცების“ დარჩენის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მეც მტკივა გული, რომ ხეობაში ყველა არ მიჭერს მხარს, მაგრამ ამის გამო სადმე პროტესტი გამომითქვამს? სხვებიც ასევე მოიქცნენ. მე ამ ხელისუფლებამ უდანაშაულო შვილი მომიკლა.
_ ე. ი. პანკისში „ოცნებასაც“ ჰყავს მხარდამჭერები და „ნაციონალებსაც“. თავად ქისტებში არ მოხდეს დაპირისპირება. ემოციური და ფეთქებადი ხალხი ხართ.
_ პოლიტიკური ნიშნით პანკისელებს შორის დაპირისპირება არ მოხდება, გამორიცხულია, მაგრამ მთლიანობაში რა იქნება, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ სანამ „ოცნება“ ხელისუფლებაშია, არავის არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

შორენა მარსაგიშვილი