აშშ _ გამოწვევები და დონალდ ტრამპის ისტორიული სიტყვა

მოგეხსენებათ, 4 ივლისს აშშ-მა მორიგჯერ იზეიმა დამოუკიდებლობის დღე. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც ზეიმობენ. ზეიმობენ მილოცვებით, აივნებზე დროშების გადმოფენით, ზეიმობენ ათასგვარი სხვადასხვა ღონისძიებით.

პრეზიდენტ ტრამპის პირობებში უმუშევრობის მნიშვნელოვანმა კლებამ, აშშ-ის ეკონომიკის ზრდამ არნახულ ნიშნულებს მიაღწია. მაგრამ წელს აშშ-ს მძიმე დღეები უდგას. კორონავირუსით მიყენებული ზიანის ფონზე ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ანტირასისტული მოძრაობის იდეაშია შეფუთული და, რეალურად, სინთეზირებულ მარქსისტულ-ფაშისტურ კონტექსტს ატარებს. ის, რაც აშშ-ში ხდება, არ არის იდეოლოგიების ჭიდილი, ეს არის ძალადობის დემონსტრირება, ეს არის სხვა რამ, რომელიც გონიერებითა და ლოგიკით ვერ იხსნება. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ „არეულობების“ პირველ დღეებში პრეზიდენტმა ობამამ სხვა ვერანაირი მოთხოვნა ვერ წამოაყენა, გარდა პოლიციის მიერ შავკანიანი მოსახლეობისადმი უფრო მეტი ლოიალობის გამოჩენისა. პარალელურად კი უფლებებისთვის „მებრძოლი“ აქტივისტები ანგრევენ ძეგლებს _ მათი გააზრებით მონათმფლლობელების ძეგლებს. მხოლოდ რამდენიმე ფაქტი:

  • სან-ფრანცისკო, რასიზმთან და მონობის წინააღმდეგ „მებრძოლებმა“ წითლად (სისხლისფრად) შეღებეს არც მეტი, არც ნაკლები, სერვანტესის ძეგლი. რა უნდა მოსთხოვო ბრბოს ან მათ წინამძღოლებს, რომლებმაც არ იციან და არც სმენიათ, რომ სერვანტესი აფრიკაში თავად გახლდათ 5 წელი მონა და 4-ჯერ გამოიქცა. ან იციან ამათ, რომ ალაჟირში „მალიარების“ წინაპრები ათასობით „თეთრკანიანი“(!) მონით ვაჭრობდნენ? არა, არ იციან!
  • ნიუ-იორკში ბრბომ აბოლიციონისტური მოძრაობის ლიდერის, შავკანიანი ფრედერიკ დაგლასის ძეგლი დაამხო _ გაანადგურა. მიზეზი: მონათმფლობელი იყოო, განა თეთრკანიან, არამედ შავკანიან მონებს ფლობდა, აწამებდა, ყიდდა, შიმშილით კლავდაო. ამ ბრბოს უამრავ წევრს დაგლასის ფოტოც არ უნახავს, თორემ კანის ფერსაც გაარკვევდა მისას და ცხადია, მასზე არც არაფერი გაუგია, თორემ ეცოდინებოდა, რომ იგი მთელი ცხოვრება მონობას ებრძოდა;
  • ასევე ბრბომ გაანადგურა ორეგონის შტატში სასამართლოს შენობები. ბევრგან დაწვეს სხვადასხვა დაწესებულება. ეს ბრბო განსაკუთრებულ „მოკრძალებას“ გამოხატავს „ნაიკის“ მიმართ, თუ სადმე ნახავენ მაღაზიას, ეგრევე ლეწავენ და გააქვთ ნადავლი.
    უამრავი სხვა მაგალითი თავადაც იცით არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
    ამ ფონზე კიდევ უფრო დიდ გამოთაყვანებულობად ჩანს სენტიმენტები ჩაგრულთა მიმართ. მაგალითად, იდეოლოგიური დატვირთვის მატარებელი, ანუ პოლიციის თემას რომ ვერ გასცდნენ: სიეტლში ქალაქის საბჭომ მიიღო დადგენილება პოლიციის დაფინანსებას 50%-ით შემცრების შესახებ. შემოიღო პროგრამა „წარმოვიდგინოთ ცხოვრება პოლიციის გარეშე“. ეს ის სიეტლია, არეულობების პიკში სახალხო რესპუბლიკა რომ შეიქმნა და პროლეტარიატის ბელადის, ლენინის ძეგლს ცივ ნიავს არ აკარებდნენ. ყველამ ნახეთ კადრები, როგორ უკოცნიან ფეხებს წინაპართა ცოდვების გამოსასყიდად შავკანიანებს თეთრკანიანები? ისიც გაიგეთ ხომ, ერთ-ერთ ტაძარში ფრესკა რომ გადაღებეს სასწრაფოდ და მაცხოვარი უცებ შავკანიანი რომ გახდა?
    ყველაზე მეტად განსაცვიფრებელი მაინც ის იყო, რაც პორტლენდში მოხდა _ რასიზმთან ბრძოლის ეგიდით გულანთებულმა ბრბომ, არც მეტი არც ნაკლები, ლოსის ქანდაკება დაარბია. ლოსის, ხალხნო! გადავქექე ყველაფრფერი ინტერნეტში, ვის არ ვკითხე, რა ცოდვა მიუძღოდა ამ ცხოველს შავკანიანების წინააღმდეგ, მაგრამ ვერავინ ვერაფერი მითხრა. დიახ, ამ დრომდე ვერ გავარკვიე, რომელ რასისტულ ქმედებებშია ეს ცხოველი შემჩნეული.
    რას ვიზამთ? _ ადამიანების უგუნურება უსაზღვროა. ცალკე საკითხია ამ ყველაფერში, ანუ იმაში, რაც აშშ-სა და გადარეულ მსოფლიოში ხდება, რა არის ჰიბრიდული ომის ნაწილი (თუ მთელი არა), მაგრამ უფრო მეტად დასაფიქრებელია, როგორია ამ ყველაფერში „სწავლული“ ამერიკელების წილი? მაგალითისთვის, როგორც ჩვენთან იტყვიან, გაგანია არეულობისას, პოლიტიკური ოპონენტი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მომავალში პრეზიდენტობის მსურველი ჯო ბაიდენის განცხადება: „აშშ-ში კორონავირუსით 120 მილიონი ადამიანი დაიღუპა. რა გინდა, რომ გააკეთო? აი, მეტყვით, რა კავშირიშია? OK, არანაირში, რა აზრი აქვს განმარტებებს“.

და… 2020 წლის 3 ივლისს რაშმორის მთის (სადაც ოთხი პრეზიდენტის სახეა გამოკვეთილი) ძირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. ეს არის 21-ე საუკუნის მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკურ-რიტორიკული ხელოვნების შედევრი. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, უინსტონ ჩერჩილის შედევრების შემდეგ, ასეთი არ წამიკითხავს.
ეს სიტყვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, საკუთარი ქვეყნისადმი, მისი ისტორიისა და ტრადიციებისადმი დამოკიდებულების განსასაზღვრად. ეს სიტყვა ასევე უმნიშვნელოვანესია, თუნდაც აშშ-ის იდეის, ფენომენის, მისი ისტორიის გასააზრებლად. და ეს სიტყვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი პოლიტიკოსებისთვისაც, რომლებსაც ასევე აქვთ ვალდებულება ერის _ სახელმწიფოს წინაშე.

მაშ, ასე! იმ უდიდესი გამოწვევების ფონზე, რაც დღეს აშშ-ს უდგას, ვნახოთ, რას ფიქრობს და აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (არაოფიციალური თარგმანი). გაითვალისწინეთ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მოსწონს პრეზიდენტი და ვის _ არა. ვინ ეთანხმება მის პოლიტიკას და ვინ _ არა. ამ სიტყვაში მნიშვნელოვანია დამოკიდებულება საკუთარი სახელმწიფოს, მოქალაქეების, ისტორიის მიმართ:

„დიდი მადლობა. გუბერნატორო ნოემ, მდივანო ბერნჰარდტ, ჩვენ არ გვესწავლება ამ ყოველივეს დაფასება. კონგრესის წევრებო, პატივცემულო სტუმრებო და განსაკუთრებით სალამი შენ, სამხრეთ დაკოტა. ამ შაბათ-კვირის დაწყებისას, 4 ივლისს, პირველი ლედი და მე ყოველ თქვენგანს ვუსურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს. მადლობა თქვენ.
ნება მოგვეცით, ჩვენი აღიარება გამოვხატოთ არმიის, სამხრეთ დაკოტის ეროვნული გვარდიის საჰაერო დანაყოფის, ასევე ჩვენი საჰაერო ძალების მიმართ, რომლებმაც ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების დიდებული დემონსტრირებით დიდი შთაგონებით აგვავსეს და რასაკვირველია, როგორც ყოველთვის ჩვენი მადლიერება ეკუთვნით ლეგენდარულ და ნიჭიერ Blue Angels -ებს. ჩვენი დიდი მადლობა თქვენ. ასევე დიდი მადლობა ჩვენს ჩინებულ ვეტერანებს, სამართალდამცველებს, მაშველთა კორპუსსა და ექიმებს, მედდებსა და მეცნიერებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ ვირუსის მოკვდინებისთვის. ისინი თავგადადებულად შრომობენ. მინდა, გულითადი მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ასევე მადლობელნი ვართ თქვენი შტატის კონგრესის დელეგაციისა. სენატორო ჯონ თიუნ, გმადლობთ. სენატორო მაიკ რაუნდს, გმადლობთ, მაიკ. ასევე თქვენც, კონგრესმენო დასტინ ჯონსონ, სალამი დასტი, გმადლობ. და ყველა სხვას, რომლებიც დღეს საღამოს კონგრესიდან აქ, ჩვენთან არიან, გმადლობთ მოსვლისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას.
არ არსებობს ამაზე კარგი ადგილი ამერიკის დამოუკიდებლობის საზეიმოდ აღნიშვნისთვის, ვიდრე ამ ზვიადი, გასაოცრად დიდებული მთისა და იმავდროულად ყველა დროის ყველაზე დიდი ამერიკელების ძეგლის ძირას. დღეს პატივს მივაგებთ ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, აბრაჰამ ლინკოლნისა და ტედი რუზველტის ანდერძებს. მე აქ ვარ, როგორც პრეზიდენტი, რათა ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე განვაცხადო: ეს ძეგლი არასდროს იქნება შებილწული, ეს გმირები არასდროს იქნებიან შეურაცხყოფილნი, მათი ანდერძი არასდროს იქნება განადგურებული, მათი მიღწევები არასდროს მიეცემა დავიწყებას და რაშმორის მთა მუდამ იდგება, როგორც მარადიული ხარკი ჩვენი წინაპრებისადმი და ჩვენი თავისუფლებისადმი. დღეს საღამოს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერი-სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი დღე, 1776 წლის 4 ივლისი, აღვნიშნოთ. ამ სიტყვებზე ყველა ამერიკელის გული სიამაყემ უნდა აავსოს, ყოველმა ამერიკულმა ოჯახმა ეს დღე სიხარულით უნდა იზეიმოს და ყოველ ამერიკელ პატრიოტს სიხარული უნდა მოიცავდეს, რამდენადაც ისინი ცხოვრობენ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარჩინებულ ქვეყანაში, და მალე ის უფრო დიდი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ჩვენმა დამფუძნებლებმა დაიწყეს არა მარტო რევოლუცია სამთავრობო დონეზე, არამედ რევოლუცია სამართლიანობის, თანასწორობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის მიმართულებით. არც ერთ ერი-სახელმწიფოს არ გაუკეთებია იმაზე მეტი კაცობრიობის წინსვლისთვის, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს, და არც ერთ ხალხს არ გაუკეთებია კაცობრიობის წინსვლისთვის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი დიდი ერი-სახელმწიფოს მოქალაქეებს. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა იმ 56 პატრიოტის სიმამაცით, რომელიც 244 წლის წინათ შეიკრიბა ფილადელფიაში და ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. მათ მარადიული გახადეს ღვთიური ჭეშმარიტება, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა მსოფლიო, როდესაც განაცხადეს: „ყველა ადამიანი ერთმანეთის თანასწორად შეიქმნა“. ეს უკვდავი სიტყვები სათავეს მისცემს თავისუფლების შეუჩერებელ სვლას. ჩვენი დამფუძნებლები მამაცურად აცხადებდნენ, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირი ღვთაებრივი უფლებებით ვართ აღჭურვილნი, რომელიც ჩვენ ზეციურმა დამბადებელმა მოგვანიჭა, და ჩვენ იმას, რაც ღმერთმა გვიბოძა, წასართმევად არავის დავანებებთ.
1776 წელი იყო მწვერვალი დასავლური ცივილიზაციის ათასწლეულებისა და ტრიუმფი არა მარტო სულის, არამედ სიბრძნის, ფილოსოფიისა და გონების. და მაინც ჩვენი დღევანდელი შეხვედრისას იზრდება საფრთხე, რომელიც ემუქრება ყოველგვარ სიქველეს, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები მედგრად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ, რათა ის დაეცვათ. ჩვენი ერი-სახელმწიფო მოწმეა დაუნდობელი კამპანიისა, რომლის მიზანია ჩვენი ისტორიის წაშლა, ჩვენი გმირების დაკნინება ცილისწამებით, ჩვენი ფასეულობების მოსპობა და ჩვენი შვილების ინდოქტრინაცია. მძვინვარე ბრბოები ცდილობენ ძეგლების გადმოგდებას კვარცხლბეკებიდან, ჩვენი ყველაზე წმინდა ძეგლების დაზიანებასა და ჩვენს ქალაქებში ძალადობრივი დანაშაულობების ტალღის აგორებას. ამ ადამიანთაგან ბევრმა არც კი იცის, რატომ სჩადის ამას, თუმცა ზოგიერთმა იცის. ისინი ფიქრობენ, რომ ამერიკელი ხალხი სუსტია, უნიათო და იოლად დაქვემდებარებადია; მაგრამ არა, ამერიკელი ხალხი ძლიერი და ამაყია, იგი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ქვეყანა მისი ფასეულობებით, ისტორიითა და კულტურით მას წაართვან.
მათი ერთი-ერთი პოლიტიკური იარაღია კულტურის ამოძირკვა, ადამიანების განდევნა მათი სამუშაო ადგილებიდან, სხვაგვარად მოაზროვნეების დაშინება და ყველას დამორჩილება, ვისაც განსხვავებული შეხედულებანი აქვს. ეს არის ზუსტად ტოტალიტარიზმის განმარტება და ეს არის ჩვენი კულტურისთვის და ფასეულობებისთვის სრულიად უცხო, მისი ადგილი საერთოდ არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ეს შეტევაა ჩვენს თავისუფლებაზე, მათ სურთ ჩვენი შესანიშნავი თავისუფლების შეჩერება, მაგრამ ისინი თავად იქნებიან ძალიან მალე შეჩერებულები. ჩვენ ამ საშიშ მოძრაობას ვამხელთ, ჩვენი ერის შვილებს დავიცავთ ამ რადიკალური თავდასხმებისგან და დავიცავთ ჩვენს საყვარელ ამერიკულ ცხოვრების წესს. ჩვენს სკოლებში, ჩვენი გაზეთების რედაქციებსა და თვით ჩვენი საწარმოების გამგეობების დონეზე არსებობს ახალი, მემარცხენე ფაშიზმი, რომელიც ოპონენტისგან აბსოლუტურ ლოიალურობას მოითხოვს. თუკი თქვენ მის ენაზე არ საუბრობთ, მის რიტუალებს არ ასრულებთ, მის მანტრებს არ იმეორებთ და მის ცნებებს არ მიჰყვებით თქვენ მოყვებით ცენზურაში, განიდევნებით, აღმოჩნდებით შავ სიაში, დაიწყება თქვენი დევნა და დაისჯებით. ეს ჩვენთან არ მოხდება.
თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს მემარცხენე კულტურული რევოლუცია მიზნად ისახავს ამერიკული რევოლუციის დამხობას. ამით ისინი დაამხობენ იმ ცივილიზაციას, რომელმაც მილიარდობით ადამიანი გადაარჩინა სიღარიბისგან, ავადმყოფობისგან, ძალადობისგან და შიმშილისგან და კაცობრიობა აიყვანა მიღწევების, აღმოჩენებისა და პროგრესის ახალ ეტაპზე. ეს რომ შეძლონ, ისინი მზად არიან ყოველი ძეგლის, ყოველი სიმბოლოსა და ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის მოგონებების აღმოსაფხვრელად.
ეს ჭეშმარიტად ასეა. ამიტომაც მე საქმეში ჩავრთე ფედერალური სამართალდამცველი უწყება ჩვენი ძეგლების დასაცავად. მარბიელებსა და დამნაშავეებს კანონის მთელი სიმკაცრით დავაკავებთ.
მე მათ მადლობას ვუხდი. მიხარია ცნობა იმის შესახებ, რომ ფედერალური პოლიციის აგენტებმა გუშინ დააკავეს დიდი ენდრიუ ჯეკსონის ძეგლზე თავდასხმის წინამძღოლი ვაშინგტონ DC-ში და მასთან ერთად ასობით დამნაშავე. თანახმად ახალი რეგულაციებისა, რომლებსაც სხვა კანონებთან ერთად წინა კვირას მოვაწერე ხელი, ფედერალური ან სხვა რიგის ძეგლების დამზიანებლებს, სულ ცოტა, 10-წლიანი პატიმრობა მოელით და ამაში შედის, ბუნებრივია, ჩვენი შესანიშნავი რაშმორის მთა.
ჩვენს ხალხს კარგი მეხსიერება აქვს. იგი ჯორჯ ვაშინგტონის, აბრაჰამ ლინკოლნის, ულის გრანტისა და სხვების ძეგლების დამსხვრევას არასოდეს დაივიწყებს. ძალადობრივი ქაოსი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ქალაქებსა და ქუჩებში, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მართულია ლიბერალ-დემოკრატების მიერ, არის პროგნოზირებადი შედეგი მრავალწლიანი ექსტრემალური ინდოქტრინაციისა და მიკერძოებულობისა განათლებაში, ჟურნალისტიკის სფეროსა და სხვა კულტურულ დაწესებულებებში. საზოგადოებისა და ბუნების ყველა კანონთან მიმართებით ჩვენს ბავშვებს ასწავლიან სძულდეთ საკუთარი ქვეყანა და სწამდეთ, რომ გმირები, რომელთაც ის ააგეს, თაღლითები და დამნაშავეები იყვნენ. ამერიკული ისტორიის რადიკალური თვალსაზრისი არის სიცრუეების ბადე, სადაც ყველა პერსპექტივა დაშორებულია, ყველა სიქველე შეფარულია, ყველა მოტივი უკუღმაა შეტრიალებული, ყოველი ფაქტი დამახინჯებულია, ყოველი ნაკლი უტრირებულია, ვიდრე ისტორია არ იქნება სრულიად გაწმენდილი და ფაქტები ისე დამახინჯებული, რომ ვეღარავინ იცნოს. ეს მოძრაობა ხშირად თავს ესხმის რაშმორის მთის ისტორიულ პირთა მემკვიდრეობას. იგი ტალახს ესვრის ხსოვნას ვაშინგტონზე, ჯეფერსონზე, ლინკოლნსა და რუზველტზე. დღეს ჩვენს ისტორიასა და მის დასკვნით შეჯამებას თავის მართებულ ადგილს მივუჩენთ.
ვიდრე ეს ფიგურები ქვაში გამარადიულდებოდნენ, ისინი იყვნენ ამერიკელი გოლიათები სისხლითა და ხორცით, გალანტური მამაკაცები, რომელთა უშიშარმა საქმეებმა საკაცობრიო პროგრესი სამყაროსთვის უმაგალითოდ დიდი ნახტომით წინ წასწიეს. დღეს საღამოს თქვენ და, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებს მოგიყვებით ამ დიდკაცების ნამდვილ ისტორიას.
ჯორჯ ვაშინგტონი თავიდან ფეხებამდე ამერიკელი ხალხის სიძლიერეს, მომხიბვლელობასა და ღირსებას წარმოადგენდა. მოხალისე მოქალაქეთა და გლეხთა მცირე რაზმისგან მან შექმნა კონტინენტური არმია და შემოიკრიბა ისინი თავის გარშემო, რათა დაპირისპირებოდა მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ძალას. რვა წლის განმალობაში, უელი ფორჯის სასტიკ ზამთარში, საპასუხო დარტყმებთან ერთად, გაუძღვა ამ პატრიოტებს საბოლოო ტრიუმფისკენ. როდესაც არმია 1776 წლისთვის ათას კაცამდე შემცირდა, როდესაც დამარცხება სრულიად გარდაუვალი ჩანდა, მისი ჯარის ნარჩენმა გაბედა და დელავარის მდინარე გადალახა. მათ გაიარეს 9 მილი ყინვაში და სიბნელეში, ბევრი ჩექმის გარეშეც იყო დარჩენილი და სისხლის ნაკვალევს ტოვებდა თოვლზე. დილით მათ გამარჯვება მოიპოვეს ტრენტონში, მას შემდეგ რაც იორკთაუნში მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს კაპიტულაცია აიძულეს. გენერალი ვაშინგტონი პრეტენზიას ძალაუფლებაზე კი არ აცხადებდა, არამედ, როგორც კერძო პირი, დაუბრუნდა მაუნთ ვერნონს.
როდესაც მას ხელმეორედ მოუხმეს, იგი საკონსტიტუციო კონვენტს უძღვებოდა ფილადელფიაში და ერთხმად აირჩიეს პირველ პრეზიდენტად. როდესაც იგი ორი სახელისუფლებო ვადის შემდეგ გადადგა, თავისი ყოფილი მოწინააღმდეგე, მეფე ჯორჯი, თავისი დროის ყველაზე დიდ ადამიანად დაასახელა. იგი დღემდე პირველია ჩვენს გულებში, რადგან იქამდე, ვიდრე ამერიკელებს თავიანთი ქვეყანა უყვართ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მამას, ჯორჯ ვაშინგტონს, პატივს მივაგებთ და დავაფასებთ. იგი არასდროს იქნება განკვეთილი, გაუქმებული და რაც ყველაზე მთავარია, დავიწყებული.
თომას ჯეფერსონი _ დიდი თომას ჯეფერსონი 33 წლისა იყო, როდესაც ჩრდილოეთიდან პენსილვანიაში გაემგზავრა. ბრეივორის სახით შექმნა საკაცობრიო ისტორიის უდიდესი საუნჯე, დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მანვე შექმნა ვირჯინიის კონსტიტუციის მონახაზი და ასევე ვირჯინიის წესდება რელიგიური თავისუფლებისთვის, ჩვენი პირველი კონსტიტუციის დამატების ერთგვარი მოდელი. მას შემდეგ, რაც მან იმსახურა, როგორც პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და შემდეგ ვიცეპრეზიდენტმა, იგი პრეზიდენტად აირჩიეს. მან უბრძანა ამერიკელ მეომრებს ბარბერის მეკობრეთა განადგურება. ლუიზიანის შესყიდვის შემდეგ მან ჩვენი ერი-სახელმწიფოს ფართობი გააორმაგა, მან ცნობილი აღმომჩენები ლუისი და კლარკი გააგზავნა დასავლეთით გაბედულ ექსპედიციაში წყნარი ოკეანისკენ. იგი იყო არქიტექტორი, გამომგონებელი, დიპლომატი, სწავლული, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტის დამაარსებელი და თავისუფლების მგზნებარე დამცველი. ამერიკელები ყოველთვის აღტაცებით მოიხსენიებენ ამერიკული თავისუფლების შემოქმედს, თომას ჯეფერსონს და მას არც ჩვენ დავივიწყებთ ოდესმე.
აბრაჰამ ლინკოლნი _ ჩვენი ერის მხსნელი, იყო თვითნასწავლი იურისტი, რომელიც ამერიკის საზღვართან ახლოს, ქოხში გაიზარდა. როგორც პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, იგი მანამდე შეუმჩნეველი საფეხურიდან მაღალ თანამდებობებზე აღზევდა, რადგან მონობის წინააღმდეგ მიმართული მისი შეხედულებები უძლიერესი და ცხადი იყო… მან ხელი მოაწერა ტრანსკონტინენტული რკინიგზის მშენებლობის კანონს. მან ხელი მოაწერა ჰოუმსტედის კანონს, რაც ზოგიერთ განსაკუთრებულ სწავლულს მიეცა, განსაზღვრა რა ჩვეულებრივ, რომ რიგითმა მოქალაქემ თავისუფალი მიწები მიიღოს ამერიკის დასავლეთში ყველგან დასასახლებლად. და იგი წინ უძღოდა ქვეყანას თავისი ისტორიის უბნელეს პერიოდში, სადაც ყველას თითო მისხალს აძლევდა თავისი ძალისას, იმაში დასარწმუნებლად, რომ ხალხის ხელისუფლება _ ხალხის მხარდაჭერით და ხალხისავე მხარდამჭერი _ თავადაც არ დამთავრებულიყო. იგი იყო მთავარსარდალი ამერიკული არმიისა სისხლიანი სამოქალაქო ომის დროს, რომელმაც იხსნა ჩვენი კავშირი და მონობის უბედურება მოსპო. 600 000 ადამიანი დაიღუპა ამ ომში, 20.000-ზე მეტი მოკვდა და დაიჭრა მხოლოდ ერთ დღეს ანტიეტამში, გეთისბურგში. 157 წლის წინ კავშირმა მხნედ მოიგერია 15 000 კაცის შემოტევა და პიკეტი.
ლინკოლნმა მოიგო სამოქალაქო ომი. მან გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაციის განაცხადი, მან განიხილა მე-13 დამატებითი დებულება, რითაც მონობა სამუდამოდ მოსპო და საბოლოოდ მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა ეს გადამჭრელი ქმედებები, ჩვენი ერი-სახელმწიფოსა და კავშირის შესანარჩუნებლად განხორციელებული. ვიდრე ცოცხლები ვართ, ჩვენ, ამერიკელები, დავიწყებას არ მივცემთ პრეზიდენტ აბრაჰამ ლინკოლნის ხსოვნასა და პატივს მივაგებთ მას.
თეოდორ რუზველტმა გაათვალსაჩინოვა დაუოკებელი ნდობა ჩვენი ეროვნული კულტურისა და იდენტობის მიმართ. იგი ხედავდა ამერიკული მისიის განსაკუთრებულ სიდიადეს მსოფლიოში და იყო მისი მიმდევარი მთელი თავისი ენერგიითა და მგზნებარებით. როგორც უფროსი ლეიტენანტი ამერიკა-ესპანეთის ომში, იგი მეთაურობდა ცნობილ რაფ რაიდერებს, მტერი რომ დაემარცხებინა სან-ხუანის ბორცვზე. როგორც ნიუ-იორკ-სიტის პოლიციის უფროსმა, მან ამოძირკვა კორუფცია, შემდეგ მსახურობდა ნიუ-იორკის გუბერნატორის თანამდებობაზე, ამის შემდეგ გახდა ვიცეპრეზიდენტი და ბოლოს, 42 წლის ასაკში, იგი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი.
მან ჩვენი ყველაზე დიდი ახალი სამხედრო-საზღვაო ფლოტი მთელ დედამიწაზე გაუშვა, რათა ეუწყებინა ამერიკის, როგორც მსოფლიო ზესახელმწიფოს გამოჩენა ასპარეზზე. მან ჩვენ ბევრი ახალი ეროვნული პარკი გვაჩუქა, მათ შორის, გრანდ ქენიონი. მან დასაბამი დაუდო გასაოცარი პანამის არხის მშენებლობას და ის ერთადერთი პიროვნებაა, ვინც მიიღო როგორც ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ისე _ კონგრესის საპატიო მედალი. ის სრულყოფილი განსხეულება იყო ამერიკული თავისუფლებისა. ამერიკელი ხალხი არასდროს შეელევა თეოდორ რუზველტის მამაც, მშვენიერ და დაუოკებელ სულს.
არც ერთ მოძრაობას, რომელიც ეცდება, ეს ღირებული ამერიკული მემკვიდრეობა გააუქმოს, გულში არ ექნება სიყვარული ამერიკისადმი. ეს შეუძლებელია! ვერც ერთი ადამიანი, ვინც დუმს ამ ბრწყინვალე მემკვიდრეობის განადგურებისას, ვერ გაგვიძღვება უკეთესი მომავლისაკენ. რადიკალური იდეოლოგია, რომელიც უტევს ჩვენს ქვეყანას, სოციალური სამართლიანობის დროშის ქვეშ მოიწევს, სინამდვილეში კი იგი სიამოვნებით დაანგრევდა როგორც სამართლიანობას, ისე _ საზოგადოებას. იგი სამართლიანობას აქცევდა დაყოფისა და შურისძიების იარაღად და ჩვენს თავისუფალ და ინტეგრირებულ საზოგადოებას ჩაგვრისა და გამიჯვნის ადგილად გადააქცევდა. მათ სურთ, რომ დაგვადუმონ, მაგრამ ჩვენ არ დავდუმდებით.
მე მადლობას გიხდით, დიდ მადლობას!
ჩვენ სიმართლეს ბოდიშის მოხდის გარეშე სრული მოცულობით წარმოვადგენთ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე სამართლიანი და განსაკუთრებული ერი-სახელმწიფოა აქამდე დედამიწაზე არსებულთა შორის. ჩვენ ამაყნი ვართ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა იუდეურ-ქრისტიანულ პრინციპებზეა დაფუძნებული და ჩვენ გვესმის, რომ ამ ფასეულობებმა მშვიდობისა და სამართლიანობის საქმე მთელ მსოფლიოში დრამატულად წინ წასწიეს. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკული ოჯახი ამერიკული ცხოვრების ფუნდამენტია. ჩვენ ვაღიარებთ ყველა ერი-სახელმწიფოს უფლებასა და ზნეობრივ მოვალოებას, დაიცვან საკუთარი საზღვრები და ჩვენ ვაგებთ კედელს. ჩვენ ვიხსენებთ იმას, რომ მთავრობები მუშაობენ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ბედნიერების დასაცავად. ერი-სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ მოქალაქეებზე უნდა ზრუნავდეს. ეს დროულია. ჩვენ გვწამს შანსების თანაბრობა, თანასწორობა და ერთნაირად მოპყრობა ყველა რასის, წარმომავლობის, რელიგიისა და სარწმუნოების მოქალაქების მიმართ. ყველა ბავშვი, რა ფერისაც არ უნდა იყოს ის, დაბადებული თუ დაუბადებელი, არის ღვთის წმინდა ხატად შექმნილი.
ჩვენ გვსურს თავისუფალი და ღია დებატი, არ გვსურს ენობრივი კოდი და ასევე რაიმე უარყოფა კულტურის მიმართ. ჩვენ ვაღიარებთ ტოლერანტობას, არა განსჯით წანამძღვრებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამბედავ მამაკაცებსა და ქალებს სამართალდამცველ სტრუქტურაში. ჩვენ არასოდეს გავაუქმებთ ჩვენს პოლიციას და არც ჩვენი კონსტიტუციის დიდ მეორე დებულებას, რაც უფლებას გვაძლევს, ვიქონიოთ იარაღი და ვატაროთ ის. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენს ბავშვებს უნდა ვასწავლოთ თავიანთი სამშობლის სიყვარული, თავიანთი ისტორიის დაფასება და ჩვენი დიდი ამერიკული დროშის პატივისცემა. ჩვენ ვდგავართ მედგრად, ამაყად და მუხლს მოვიყრით ყოვლადძლიერი ღმერთის წინაშე. ესაა, რაც ჩვენ ვართ. ესაა, რისიც გვწამს და ესაა ის ფასეულობები, რომლებიც წინ გაგვიძღვებიან უკეთესი და უფრო დიადი მომავლისაკენ. ისინი, რომლებიც ცდილობენ ამოძირკვონ ჩვენი მემკვიდრეობა, სურთ რომ ჩვენ, ამერიკელებმა, დავივიწყოთ ჩვენი სიამაყე და ღირსება ისე, რომ ვეღარ შევძლოთ ამერიკის ბედში გარკვევა. ამხობენ რა 1776 წლის გმირებს, ისინი ცდილობენ სიყვარულისა და ერთგულების კავშირების მოსპობას, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან გვაკავშირებს და ჩვენც _ ერთმანეთთან. მათი მიზანი არ არის უკეთესი ამერიკა, მათი მიზანია ამერიკის დასრულება.
მის ადგილას მათ სურთ ძალაუფლება საკუთარი თავისთვის, მაგრამ ისე, როგორც პატრიოტები გასულ საუკუნეში ამას მოიმოქმედებდნენ, ამერიკელი ხალხი მათ გადაუდგება აქეთკენ მიმავალ გზაზე და ჩვენ სწრაფად და ღირსეულად გავიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ ამერიკის გმირები მათ ჩვენი კვარცხლბეკებიდან ან ჩვენი გულებიდან დაამხონ, ამოაგდონ. ამხობენ რა ვაშინგტონს ან ჯეფერსონს, ამ რადიკალებს სურთ იმ მემკვიდრეობის დამხობა, რასაც ხსენებულმა ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე შესწირეს, რათა გაემარჯვებინათ სამოქალაქო ომში, ისინი წაშლიდნენ მოგონებას, რამაც ის ჯარისკაცები შთააგონა სიკვდილზე წასულიყვნენ, როდესაც ისინი რესპუბლიკის საბრძოლო ჰიმნს მღეროდნენ: „როგორც ის მოკვდა, რომ წმინდა-ეყო ვაჟკაცები, ასევე დაგვაცალეთ მოვკვდეთ, რათა ადამიანები გავათავისუფლოთ, მაშინ როდესაც უფალი თავის სვლას განაგრძობს“. ისინი მოსპობდნენ პრინციპებს, რამაც დაასრულა მონობა და მთელ მსოფლიოში ეს ბოროტი ინტიტუტი გააუქმა, რაც ტანჯავდა კაცობრიობას არაერთი საუკუნე თუ ათასწლეული. ჩვენი მოწინააღმდეგეები დახევდნენ იმ დოკუმენტებს, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ოცნება გამოხატა, რაც საფუძლად დაედო სამართლიანი სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლ მოძრაობას. ისინი მოსპობდნენ შეხედულებებს, კულტურასა და იდენტობას, რომელმაც ამერიკა აქცია დედამიწის ისტორიაში ყველაზე ცოცხალ და ტოლერანტულ საზოგადოებად. ჩემო ამერიკელო თანამოქალაქენო, დროა, ვისაუბროთ ხმამაღლა და მტკიცედ, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა!
დროა, ჩვენმა პოლიტიკოსებმა მოუხმონ ჩვენს ამერიკელ წინამორბედთა სიმამაცეს და სიმტკიცეს! დროა! დროა, გავშალოთ ჩვენი დროშები და დავიცვათ ამ დიდებული ქვეყნის ყველა რასის, ყველა ქალაქის, ყველა ნაწილის მოქალაქეები! ჩვენი ღირსების სახელით, ჩვენი ბავშვების სახელით, ჩვენი ერთიანობის სახელით უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორია, ჩვენი მემკვიდრეობა და ჩვენი დიდი გმირები. დღეს საღამოს აქ, ჩვენს წინამორბედთა თვალწინ, ამერიკელები ხელახლა აცხადებენ, როგორც ეს 244 წლის წინათ მოიმოქმედეს, რომ ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ტირანული მეთოდებით მოგვეპყროს, დაგვამციროს და არ მივცემთ ბოროტ ადამიანებს ჩვენი დაშინების საშუალებას. ეს არ მოხდება!
ჩვენ განვაცხადებთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის იდეალებს და არასოდეს დავთმობთ სულს, სიმამაცეს და 1776 წლის 4 ივლისის საქმეს. ამ საფუძველზე მყარად და შეუდრეკელად ვიდგებით. იმ სიცრუეების პირისპირ, რომლებიც გვხლეჩენ და გვამცირებენ, ჩვენ ყველას დავანახვებთ, რომ ამერიკის ისტორია გვაერთიანებს,
ინსპირაციით აღგვავსებს, ყველას მოგვიცავს და გვათავისუფლებს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ ჩვენს შვილებს ისევე ასწავლიდნენ ამერიკის დანახვას, როგორც ამას აკეთებდა პრესვიტერი მარტინ ლუთერ კინგი, როდესაც ამბობდა, რომ დაფუძნებლებმა ვალის თამასუქზე ყოველი მომავალი თაობისთვის მოაწერეს ხელი. დოქტორი კინგი ხედავდა, რომ მისია ჩვენგან სამართლიანობას მოითხოვდა, რომ ჩვენ დაფუძნების იდეალები ბოლომდე უნდა გავითავისოთ. ეს იდეალები ჩვენთვის არის დაფუძნების მნიშვნელოვანი იდეალები.
იგი საკუთარ თანამოქალაქეებს მოუწოდებდა, არ მოესპოთ თავიანთი მემკვიდრეობა, არამედ ღირსნი ყოფილიყვნენ ამ მემკვიდრეობის. ყოველი თემის ბავშვებს, უწინარეს ყოვლისა, ის უნდა ვასწავლოთ, რომ ამერიკელობა ნიშნავს თავგადასავლის მოყვარული და თვითცნობიერი ადამიანის სულის ტარებას. ამერიკელები არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი მანიფესტის ბედს ოკეანის მიღმა, გამოუკვლევ ტყე-ღრეში, უმაღლეს მთებს იქით, შემდეგ ცასა და ვარსკვლავებისკენ მიჰყვებოდნენ.
ჩვენ ვართ ენდრიუ ჯეკსონის, ულისეს გრანტისა და ფრედერიკ დაგლასის ქვეყანა. ჩვენ ვართ უაილდ ბილ ჰიკოკისა და ბაფალო ბილ კოდის ქვეყანა. ჩვენ ვართ ერი-სახელმწიფო, ვინც წარმოიშვა ძმები რაიტები, მფრინავები ტაკიგი, ჰარიეტ ტაბმანი, კლარა ბარტონი, ჯესი ოუენსი, ჯორჯ პეტონი, გენერალი ჯორჯ პეტონი, დიდი ლუის არმსტრონგი, ალან შეფერდი, ელვის პრესლი და მუჰამედ ალი და მხოლოდ ამერიკას შეეძლო მათი წარმოშობა. სხვაგან ეს შეუძლებელი იყო.
ჩვენ ვართ კულტურა, სადაც ჰუვერის კაშხალი აღმართეს, დააგეს ჩქაროსნული გზები და მანჰეტენის იერსახე ჩამოაყალიბეს. ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომლებიც ოცნებას ფრთებს ასხამდნენ და ამას დაერქვა ლას-ვეგასი ნევადის უდაბნოში, მაიამი ამოსული ფლორიდის ჭაობებიდან და ჩვენი გმირები გამოკვეთილნი რაშმორის მთაზე. ამერიკელებმა გამოიყენეს ელექტროობა, გახლიჩეს ატომი და მსოფლიოს მისცეს ტელეფონი და ინტერნეტი. ჩვენ ველური დასავლეთი დავასახლეთ, მოვიგეთ ორი მსოფლიო ომი, მთვარეზე გავუშვით ამერიკელი ასტრონავტები.
და ერთ დღესაც, ძალიან მალე, ჩვენს დროშას მარსზე დავკიდებთ. ჩვენ გვაქვს ნაჩუქარი უოლტ უიტმანის პოეზიის სამყარო, მარკ ტვენის ისტორიების, ირვინგ ბერლინის სიმღერების, ელა ფიცჯერალდის ხმა, ფრენკ სინატრას სტილი, ბობ ჰოუპის კომედია, სატურნ V-რაკეტის ძალა, ფორდი F150-ის გამძლეობა და ამერიკული ავიამზიდის არნახული სიძლიერე.
ამერიკელებმა ეს ჩინებული ისტორია არასოდეს არ უნდა დაკარგონ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, იგი დავივიწყოთ. არავის ისე არაფერი გაუკეთებია ოდესმე, როგორც ჩვენ. ამის გამო მთელი ჩემი ავტორიტეტით, რომელიც მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, გადმომეცა, ვაცხადებ ახალი ძეგლის აღმართვის შესახებ ჩვენი წარსულის გიგანტებისთვის. მე ხელს ვაწერ ამერიკელი გმირების ეროვნული გვარდიის ძეგლის აღმართვაზე და ეს იქნება უზარმაზარი პარკი ქალაქგარეთ, რომელშიც ყველაზე დიდი ამერიკელების ქანდაკებები დაიდგმება, ვისაც კი ამქვეყნად უცხოვრია.
ამ ღამიდან მოყოლებული, ამ დიდებული ადგილიდან გვსურს, გაერთიანებულებს ჩვენს განზრახვაში, წინ ვიაროთ და საკუთარ თავს ახლიდან მივანიჭოთ ეს მზაობა. ჩვენ ამერიკელი პატრიოტების ახალ თაობას აღვზრდით. ჩვენ დავწერთ ამერიკული თავგადასავლის ახალ საინტერესო თავს. ჩვენ ვასწავლით ჩვენს შვილებს იმის ცოდნას, რომ ისინი ლეგენდების ქვეყანაში ცხოვრობენ, რომ არაფერს და არავის შეუძლია მათი შეჩერება. მათ ეცოდინებათ, რომ ამერიკაში ყველაფრის გაკეთება შეიძლება და რომ ჩვენ ერთად ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია.
რაშმორის მთის ტიტანებისგან აღმართულნი ჩვენ ვიპოვით ერთიანობას, რასაც არავინ მოელოდა. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც არავისთვის ყოფილა შესაძლებელი. ეს ქვეყანა გახდება ისეთი, როგორსაც ჩვენი მოქალაქეები ამდენ ხანს იმედოვნებდნენ და რისიც ეშინიათ ჩვენს მტრებს, რადგან ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, რომ ამერიკული თავისუფლება ამერიკული სიდიადისთვის არსებობს. და ეს არის ის, რაც გვაქვს _ ამერიკული სიდიადე. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ანდერძი ის ქალაქები იქნებიან, რომლებიც ჩვენ ავაგეთ, ის ჩემპიონები, რომლებიც გამოვჭედეთ, სიკეთეები, რომლებიც აღვასრულეთ და ძეგლები, რომლებიც შევქმენით ჩვენ გარშემო ყველას ინსპირირებისთვის. ჩემო საყვარელო თანამოქალაქეებო, ამერიკის ბედი ჩვენ წინაშეა. ამერიკის გმირები ჩვენს გულებში არიან მყარად, ამერიკის მომავალი ჩვენს ხელთაა. ბატონებო და ქალბატონებო, საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა. თქვენთან ერთად ყოფნა დიდი პატივი იყო პირველი ლედისთვის და ჩემთვის. მე მიყვარს თქვენი სახელმწიფო. მე მიყვარს ეს ქვეყანა. მე მსურს, ყველას ვუსურვო ძალიან ბედნიერი 4 ივლისი. ღმერთმა დალოცოს ის. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამხედროები და ღმერთმა დალოცოს ამერიკა. გმადლობთ თქვენ, გმადლობთ“. (სიტყვის დასასრული)

ამ ყველაფრის ფონზე ნამდვილად რჩება განცდა და ემოცია, რომ აშშ წარმატებით გაივლის ყველა წინააღმდეგობას და ის კვლავ იქნება მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, პოლიტიკური ამინდისა და ღირებულებითი არჩევანის განმსაზღვრელი და ნებისმიერი ინდივიდის, მოქალაქის უფლებებისთვის ბრძოლის მოტივატორი.
ღმერთმა დალოცოს აშშ!

გოჩა მირცხულავა