გიგლა ბარამიძე: „ოცნებაში“ არსებული კლანები არჩევნებისთვის გამოყოფილ ფულს ვერ იყოფენ“

სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსულ ხელისუფლებას ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე დაუგროვდა გამოსაძიებლად. ის ვეღარც იმით იწონებს თავს, რომ მისი მმართველობის დროს ახალგაზრდებს ქუჩაში აღარ ხოცავენ.

რატომ არ დგინდება საზღვრები? რა ხდება მმართველი პარტიის კულუარებში? რას და რატომ ვერ იყოფენ „ოცნებაში“ არსებული კლანები? სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ხელისუფლება თავად რატომ გახდა უსამართლობის შემოქმედი? რატომ დატანტალებს პრეზიდენტი ფეხშიშველი? რა საფრთხეებს უქმნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტი საქართველოს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი, გიგლა ბარამიძე ესაუბრება:

_ ბატონო გიგლა, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა ყველას ეგონა, რომ ახალგაზრდებს აღარ დახოცავდნენ. თავადაც ხშირად უსვამდნენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ჩვენს დროს ქუჩაში არავის კლავენო. დღეს ეს სურათი რადიკალურად შეცვლილია. რატომ მივიდა საქმე აქამდე?
_ დღეს ახალგაზრდებს არა მარტო ქუჩაში, არამედ საკუთარ სახლებშიც და საძინებელშიც კლავენ. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. ამ საზარელ შემთხვევას ასე შევაფასებდი _ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ჯიგრულ პონტში. ქართულ ჯიგრულ პონტზე თვალპაჭუნა პრემიერი გვესაუბრა. მის განცხადებაში კარგად იკვეთებოდა ხელისუფლების ხედვები ყველა მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის ასეთი გამეტებაც სწორედ ჯიგრული პონტის კონტექსტში ჯდება.
საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ გვჯერა იმ ვერსიების, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია _ მედია რომ არა, არაფერი გვეცოდინებოდა ამ საქმეზე. ერთსაც დავამატებ: ამ ახალგაზრდის გადარჩენა შეიძლებოდა, ყველა რომ თავის ადგილზე ყოფილიყო. ამ ტრაგედიამ დღევანდელი სისტემის მთელი თვალთმაქცობა და ფარისევლობა გამოავლინა, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალგაზრდა გადაერჩინა. გვამუნათებენ და წინა ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს. მედიას, ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ბრალს სდებენ, _ შაქარაშვილის მკვლელობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთო. არც კი ვიცი, როგორ განვასხვავო ძველი და მოქმედი ხელისუფლებები ერთმანეთისგან, ისეთი მსგავსებაა მათ შორის. ბევრ რამეში „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალებს“ გადაასწრო.
მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს: თქვე ფარისევლებო, ვისზე ამბობთ, რომ მკვლელობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ?! თქვენ არ იყავით 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების წინა ღამეს, 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა პოლიტიკური მიზნებისთვის რომ გამოიყენეთ? მთელი პარტია ხაფი ხმით გაჰკიოდოთ ამაზე. ამბავი გურჯაანში მოხდა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნახევარ საათში რანაირად გაჩნდა იქ, რომელიც ყველა გათვლებით ზუგდიდში უნდა ყოფილიყო? ესენი სხვას რა ნამუსით ეუბნებიან, რომ მკვლელობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთო?
ასევე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ ფაქტს, თუ როგორ ამბრაზურასავით არის გადაფარებული მთელი სისტემა შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს. გვასმენინებენ რაღაც ტყუილებს 112-ში ვითომ განხორციელებულ ზართან დაკავშირებით. შს მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ ბრიფინგი ჩაატარა მხოლოდ იმისთვის, რომ პრესსამსახურის უფროსი გამოეძვრინა. როცა ჟურნალისტებმა საქმეზე კითხვები დაუსვეს, ბრიფინგიდან გავარდა, _ ამ საქმეში ჩახედული არა ვარო. შს მინისტრის მოადგილემ ნინო გიორგობიანის გასათეთრებლად პატრულს დაამხო ყველაფერი თავზე.
_ რას გულისხმობთ? რაში გამოიხატა, რომ პატრულს თავზე დაამხო ყველაფერი?
_ მისი განცხადებით პატრულს არაფერი შეუძლია, არც ოპერატიული საქმიანობის ჩატარება, არც რაღაც ობიექტის მოძებნა… ფეხებზე კიდიათ ყველა ინსტიტუტი, ოღონდ კონკრეტული ჩინოვნიკი გამოაძვრინონ. ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე რომ გადავიდე, პატრულის 5 ეკიპაჟი მომადგება და ჯარიმას გამომიწერს. იმ ღამეს მცხეთაში, ცენტრალურ გზაზე, მანქანების შლიგინი იყო, რკინის ჯოხებით დარბოდნენ ახალგაზრდები. ვკითხულობ: სად იყო ამ დროს მცხეთის პოლიცია?! სად იყო პატრული?! სისტემა ყარს და აბსოლუტურად გათახსირებულია. ყველამ ვიცით, ჯიგრულ პონტში რა გაკეთდებოდა _ დარეკავდა გიორგობიანი, ჩემს ნათესავს უჭირს და გამოარიდეთო. გამორიდებულ ნათესავს სხვა ღონისძიებაზე გაუშვებდა, ხალხს რამე ეჭვი რომ არ აეღო. იქ ამ ნათესავმა ბევრი ფოტო გადაიღო და არ ვიცით, რა სახის ფოტოებია გადაღებული. სამაგიეროდ ვიცით, რომ მან გამოძიება მოატყუა _ ცრუ ჩვენება მისცა.
ჩვენი სამართალდამცველები არაფერს აკეთებენ საქმის გამოსაძიებლად. სიუჟეტებსა და სცენარებს წერენ იმის მიხედვით, თუ რა პოლიტიკური სიტუაცია იქნება. მედიისგან რა მიმართულებას დაინახავენ, იმ მიმართულებით იწყებენ მუშაობას, მათი მოპასუხე ხდებიან. ამან „ხორავას ქუჩის საქმე“ გამახსენა. 16 წლის ბიჭი აჩეხეს. სკოლის დირექტორი გამოვიდა და ბავშვზე კი არ იტირა, თავის მართლებაზე გადავიდა, _ მკვლელობა სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარაო. ასეთ ცნობიერება დაკარგულ ჩინოვნიკებს რომ ჩაუგდეს საძარცვავად ქვეყანა, მაგიტომ გვაქვს საქმე კარგად. ამიტომ ვამბობ, ჯიგრულ პონტში ხდება ყველაფერი.
_ ქართულ ჯიგრულ პონტში ქვეყანაში ყველაზე მეტად კორუფცია აყვავდა.
_ ჯიგრულ პონტში არაა, რომ პრეზიდენტად მატრონა დაგვინიშნეს? ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ახლა ამ ქალმა ფეხშიშველმა დაიწყო სიარული. რომელი წმინდა ნინო ეგ მყავს ან თამარ მეფე? ფეხშიშველ სიარულს ურჩევნია, თავისი გაფუჭებული საქმე გამოასწოროს.
_ რა საქმე?
_ დავითგარეჯაში მისი განცხდებების გამო შეიქმნა პრობლემა. ჩვენმა სახელმწიფომ ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამ საქმის ასე დატოვება არ შეიძლება.
_ პრეზიდენტზე ვსაუბრობთ და მის განცხადებაზე რას იტყვით, ვაჟკაცობა რომ ერთი ერთზე ჩხუბი ჰგონია? ესეც ქართული ჯიგრული პონტის გამოვლინებაა?
_ პროვინციელები და გოიმები პარიზის გარეუბანშიც იბადებიან და _ საქართველოშიც. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ როგორ დაგვისვეს ეს ქალი პრეზიდენტად. ჩვენ გვყავს მთავარსარდალი, რომლის ყოველ განცხადებას მომთარგმნელი სჭირდება. რაც ჩხუბზე თქვა, უზნეობაა! რას ნიშნავს, ერთი ერთზე ჩხუბი ვაჟკაცობაა?! ერთი ადამიანი მეორეს ჩხუბის დროს თუ მოკლავს, ეს გამართლებულია? ადელფოს სამისნოში იყვნენ მიდიები, რომლებიც ბუნდოვნად ლაპარაკობდნენ, მაგრამ განმმარტებლები ჰყავდათ. ახლა ეტყობა, ეგეთი შტატი უნდა დავუშვათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჩვენი ჯიბიდან უნდა ვუხადოთ ხელფასი განმმარტებელს, რათა მან გვითარგმნოს, თუ რისი თქმა სურდა მისან სალომეას. დადის იქით-აქეთ, თავისი ჭკუით, საქართველოს სიძველეებს გვასწავლის. ასე თუ გიყვარს, წადი და გელათში რაც ხდება, ის გააპროტესტე. მისმა დამნიშნავმა ხელისუფლებამ თავისი სისულელით და სიტუტუცით მრავალსაუკუნოვანი ფრესკები გამდინარ წყალს ჩამოარეცხინა. მივმართავ პრეზიდენტს: გელათის ფრესკების ჩამორეცხვა გააპროტესტეთ და და ჭკუას ნუ გვასწავლით.
_ გელათის მრავალსაუკუნოვანი ფრესკები რომ ჩამოირეცხა, ცუდია, მაგრამ ამის საპასუხოდ ნებისმიერი „ქოცი“ იტყვის, რომ სამაგიეროდ ბიძინამ დენდროლოგიური პარკი მოგვიწყოო.
_ ამათ დიდი ხანია, ტვინში აქვთ დენდროლოგიური პარკი. მართლა რა შეგვჭამეს ამ პარკით? გაიხსნა და გაიხსნა! ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ, ერთის გაკეთებით მეორე არ უნდა გაფუჭდეს. ესენი არიან ასეთი კატეგორიის ხალხი, _ უნახავმა რა ნახაო. მდაბიოების კლასტერი, რომელიც აიღეს და დადეს ხელისუფლებაში. ახლა ყველაფერს აკეთებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რამე თუ ხდება, წინა ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს. ყველაფერს გვამადლიან, რაც, პირველ რიგში, ჩვენი ბრალია.
_ ჩვენი ბრალი რატომ არის?
_ იმიტომ, რომ საზოგადოება მათ მიმართ ძალიან ლოიალურია. მხოლოდ პარტიებს არ ვგულისხმობ, საზოგადოებაც ლოიალურია „ქართული ოცნების“ მიმართ და შედეგიც სახეზეა.
_ საზოგადოება ასეთი ლოიალური რომ არ ყოფილიყო, ივანიშვილი „ოცნების“ საარჩევნო შტაბს აგერესიით გამორჩეულ კობახიძეს არ ჩააბარებდა.
_ „ქართული ოცნების“ არშემდგარი ვუნდერკინდი გვეუბნებოდა ოპოზოციას, თავებს დაგითვლითო. ბიძინას ადგილზე მაგას საერთოდ არ გამოვაჩენდი. მისი ფსიქოტიპი აბსოლუტურად დაზიანებულია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ასეთ ადამიანებს არ შეიძლება ჰქონდეთ მდგომარეობა. საქართველოში მსგავსი პერსონები ადრეც გვყოლია მაღალ პოსტებზე და კარგად ვიცით, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ _ როგორც კი ძალაუფლებას მისცემ, საშინელებებს დაატრიალებენ. კობახიძე იქნებოდა დავალების კარგი შემსრულებელი _ წადი-მოდი, იყავი წყნარად და აიღე ხელფასი. ასეთ აგრესიულს, ცუდი ემოციისას რომ ჩააბარებ არჩევნებს, ეს ერთი რამის მანიშნებელია _ მმართველ პარტიას საერთოდ არ ადარდებს საზოგადოებრივი აზრი. ოპოზიციის აზრზე აღარაფერს ვამბობ.
_ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციისა და საზოგადოების აზრი რომ არ აინტერესებს ვიცით, მაგრამ დასავლეთში რას იტყვიან? კობახიძე ევროპარლამენტარებსა და ამერიკელ პოლიტიკოსებსაც ლანძღავს.
_ დასავლეთის აზრი შეიძლება აინტერესებს, მაგრამ ირაკლი კობახიძეზე უკეთესი ვინ ჰყავს გუნდში? ვინ არიან მის გარშემო? _ კოლექტიური ასინეთები. უკეთესი ვერ იპოვა და ამას ჩააბარა საარჩევნო შტაბი.
_ გახარიასთვის რომ ჩაებარებინა, არ სჯობდა? ისიც კი ისვრის „მარგალიტებს“, მაგრამ კობახიძისა და სხვების ფონზე ბევრად სოლიდურად გამოიყურება.
_ ირაკლი კობახიძეს გიორგი გახარია როგორ არ სჯობდა, ეს უკანასკნელი „ოცნების“ სხვა ჩინოსნებთან შედარებით ბევრად ქმედუნარიანია, მაგრამ მისთვის საარჩევნო შტაბის ჩაბარება არ გამოვიდოდა.
_ რატომ?
_ ეს უთანხმოებებს გამოიწვევდა. იქით კალაძის კლასტერია, გახარიაც ცალკეა. ეს ორი ერთმანეთს დაეტაკა. ივანიშვილს არც ერთის განაწყენება არ სურდა. ამიტომ ჩააბარა საარჩევნო შტაბი კობახიძეს, რომელიც სულ ცალკეა. „ქართულ ოცნებაში“ სერიოზული დაძაბულობაა. პარტიული სიის შედგენაზე დიდი ამბები იყო და არის. კლანების წარმომადგენლები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხალხი შეყარონ გამსვლელ ადგილებზე. ასევე დიდი ინტერესი აქვთ, რომ ხელში ჩაიგდონ არჩევნებისთვის გამოყოფილი ფული. აქ მარტო ოფიციალურ თანხებზე არაა საუბარი. არის არაოფიციალური თანხებიც, ის დეკლარირებული არ იქნება, მაგრამ ეს ფული არსებობს. ასეთი ფულით ამუშავებენ თავიანთ ტროლებისა და ბოტების ქარხნებს. წამდაუწუმ რომ იქმნება ბრიგადები, იმათაც ხომ სჭირდებათ ფული? სპორტსმენები და ე. წ. ძველი ბიჭები ისე ხომ არ ირბენენ? იმ ძველი ბიჭების რა ვთქვი, ხუთ ორგანოსთან რომ თანამშრომლობენ და მერე ქუჩაში „ბლატაობენ“. ერთ ჯიბეში ერთი უწყების ქსივა უდევთ, მეორეში _ მეორის, მესამეში _ მესამის და ა. შ. ასეთი ხალხი მრავლად, ჰყავს „ოცნებას“ და მათ ჭამა სმა და რაღაც სახსრები ხომ სჭირდებათ?! კონკრეტული ფაქტები არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არაოფიციალური თანხები მათთვის არის გამოყოფილი. სწორედ ამ ფულის გაკონტროლებაზე ხოცავენ „ოცნებაში“ არსებული კლანები ერთმანეთს. ამ ვითარებაში კალაძის ან გახარიას საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნა ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებდა. პრობლემები რომ არ შექმნილიყო, საარჩევნო შტაბის უფროსად მაგიტომ დასვეს ეს გენიოსა კობახიძე.
_ საარჩევნო შტაბის უფროსად კობახიძის დანიშვნას საზოგადოებაში აგრესია მოჰყვა. ოპოზიცია გამოიყენებს ამას თავის სასარგებლოდ?
_ ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას ამომრჩეველზე. ოპოზიციამ ერთ მნიშვნელოვან შედეგს უკვე მიაღწია: ასეთი განსხვავების მიუხედავად, ერთად დავდექით და „ქართუულ ოცნებას“ დიდი აფერის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები მივაღებინეთ. ჩვენი პარტია დამოუკიდებლად იყრის კეჭს, ყოველგვარი ბლოკების გარეშე. ცვლილება, რომელიც ოპოზიციამ ერთიანი ძალებით მიაღებინა, ხელისუფლების ინტერესში არაა. პროპორციულთან მიახლოებულ არჩევნებში ისინი ვეღარ შეძლებენ უმრავლესობის მოპოვებას. ამის მიუხედავად მაინც ამბობენ, რომ ისევ უმრავლესობით მოვლენ ხელისუფლებაში. ვაფრთხილებ მათ, რომ ეს ამბავი არ გამოუვათ და ნუ დაძაბავენ ისედაც ზამბარასავით დაჭიმულ სიტუაციას. ჩაატარონ არჩევნები ნორმალურად, თორემ მის შედეგებს არც პარტიები და არც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებენ. „ქართული ოცნების“ უმრავლესობით მოსვლა, უბრალოდ, გამორიცხულია
_ რატომ არის გამორიცხული?
_ ხალხი აღარ უჭერს მხარს და საიდან უნდა მოიტანონ ეს პროცენტები? გააყალბებენ? მიიღებენ საკადრისს პასუხს. არავინ სცნობს ამ არჩევნების შედეგებს. ამას კარგი ამბები არ მოჰყვება და თუ რამე მოხდება, ეს მხოლოდ ხელისუფლების ბრალი იქნება. არ აქვთ მათ 40-50% და დაანებონ ზღაპრებს თავი.
_ რა 40-50%? მამუკა მდინარაძემ თქვა, საერთოდ, 55%-იანი მხარდაჭერა გვაქვსო.
_ სასაცილოა. რა 55%, საიდან მოიტანეს? ამხელა მხარდაჭერა ვერ ექნებათ.
_ კორონავირუსმა ხელისუფლებას მნიშვნელოვნად გაუზარდა რეიტინგი. ამას ოპოზიციაც ხომ აღიარებთ?
_ პანდემია რომ დაიწყო, თავიდან მართლა აიწია „ოცნების“ რეიტინგმა, მაგრამ მერე ვითარება შეიცვალა. ხალხი სახლებში გამოკეტეს, სამსახურები დააკარგვინეს და არც კომპენსაცია მისცეს. ვინ იქნება კმაყოფილი? მათი პროცენტი 26-ის ზევითაც არ ადის.
_ ბოლო კვლევების მიხედვით, კარგი მაჩვენებელი არც თქვენს პარტიას აქვს. ამაზე რას გვეტყვით?
_ ჩვენ არ განვიცდით იმ დაბალ პროცენტებს, რომელიც ბოლო კვლევამ დაგვიწერა. ასეთი კვლევები ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი იარაღია. ასე ჩვენც ჩავატარებთ კვლევებს და ყველაზე მაღალი პროცენტი ჩვენ გვექნება. ამიტომ არ ღირს ამაზე სერიოზული საუბარი. ვიცით, რომ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს. არც იმაში გვეპარება ეჭვი, რომ პარლამენტში მოვხვდებით.
_ მაჟორიტარობის კანდიდატების დაყენებას არ აპირებთ?
_ არა. ჩვენ პარტიულ სიაზე ვმუშაობთ. თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით მაჟორიტარობის.
_ ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებს თუ დაეხმარებით?
_ სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რა თქმა უნდა, გვექნება კოორდინაცია, თუნდაც იმიტომ, რომ არ გაგვიყალბონ არჩევნები. მთავარი ისაა, ხალხის წინაშე ვიყოთ პირნათელი. სრულად პროპორციულ არჩევნებს ვითხოვდით და არ ვაყენებთ მაჟორიტარებს. ხალხის მოთხოვნაც სრულად პროპორციული იყო. სრულად პროპორციული სისტემა ვერ მივიღეთ, მაგრამ ცვლილებები ამომრჩეველს საშუალებას აძლევს, რომ არც „ნაცი“ აირჩიოს და არც _ „ქოცი“. ძალიან დიდია არჩევანი. ახლა მათზეა დამოკიდებული, ვის მისცემენ ხმას. რა საზოგადოებაც გვყავს, ისეთივეა პოლიტიკური პარტიებიც. ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, არც ერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს. საზოგადოება, რომელიც ირჩევს უღირსს ხელისუფლებას, ის მისი მსხვერპლი კი არ ხდება, არამედ მისი უღირსი საქმეების თანამონაწილეა. 30 წელია, ასეთი სურათია საქართველოში და ერთხელაც ხომ უნდა დამთავრდეს ეს? კეთილი ინებოს ამომრჩეველმა და გააკეთოს არჩევანი.
_ თქვენ საქართველოს ელჩი იყავით სომხეთში: რას ფიქრობთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე? რამე პრობლემები ხომ არ შეგვექმნება ამის გამო?
_ არა მგონია, რომ საქართველო ამ კონფლიქტმა დააზარალოს; რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ატომური ელექტროსადგური დაბომბოს. არც სომხეთი დაბომბავს მინგეჩაურის წყალსაცავს. ორივე ჩვენი მეზობელია და ვალდებული ვართ, დიპლომატია ავამოქმედოთ, მაგრამ სად გვყავს დიპლომატები? ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს ვეძახი: „მიშველეთ, ცუდად ვარ“. ასეთი გამომეტყველება აქვს დავით ზალკალიანს. მაგის გაკეთებული სამშვიდობო პოლიტიკა არ გაიშვა. მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა იაქტიურებს. ბაქოსა და ერევანს სერიოზულ მითითებებს მისცემენ და მოითხოვენ, რომ ცეცხლი შეწყვიტონ.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველო შუამავლის ფუნქციას ვერ იკისრებს, დიპლომატია არ გვაქვს, მაგრამ საზღვრების დადგენაზე მაინც ხომ უნდა ვიფიქროთ? თუმცა მეეჭვება, ამათ დემილიტაცია-დემარკაციის საკითხები მოაგვარონ. ელემენტარულად, ეს თემა არ აინტერესებთ. მხოლოდ იმას გაიძახიან, რუსეთი საზღვარს წევსო. ესეც იმის ბრალია, რომ სახელმწიფო საზღვარი დადგენილი არ არის. რუსეთთან გასაგები ვითარების გამო ვერ ვადგენთ საზღვრებს, მაგრამ სხვა მეზობელ სახელმწიფოებთანაც რომ პრობლემა გვაქვს, არავისთან არაა საზღვარი დადგენილი. ყველგან ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო ვითარებაა.
_ ერთადერთი თურქეთთან არის დადგენილი საზღვარი, ისიც საბჭოთა კავშირმა დაადგინა და დარჩა.
_ რა ხეირი? ამ დადგენილი საზღვრებიდანაც ათეულობით შეიარაღებული პირი შემოდის საქართველოში. ისინი თვეების მანძილზე ცხოვრობენ თბილისსა და ბათუმში. შემოდიან ტერორისტებიც და, ლამის, სამხედრო ბაზებს აწყობენ. ახმედ ჩატაევს თბილისში მთელი არსენალი ჰქონდა იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა. მისი შემოსვლა ხელისუფლებამ ვითომ ვერ გაიგო? როგორ გაიგებდნენ, კორუფციაში არიან ჩაფლულები. პოლიტიკური ნება რომ იყოს, ერთ თვეში შეიძლება ხალხისა და სახელმწიფოსთვის წაგლეჯილი 2.5 მილიარდის უძრავ-მოძრავი ქონების დაბრუნება. ამისთვის საჭიროა ანტიკორუფციული სამსახურის არსებობა. ამათ ანტიკორუფციულისთვის სად სცალიათ?! _ ქალთა კვოტირებაზე გველაპარაკებიან. თამარ მეფის ქვეყანაში ამ თემაზე საუბარი უხერხულია. რა უფლებით მისაზღვრავს ვიღაც, სიაში ვინ ჩავწერო?! საქართველოში ქალთა უფლებები ყოველთვის დაცული იყო, ეს კვოტირება კი, პირველ რიგში, ქალებს შეურაცხყოფს _ ე. ი. ისინი სიაში მხოლოდ იმიტომ ხვდებიან, რომ კვოტირება მოითხოვს ამას და არა იმის გამო, რომ საქმის პროფესიონალები არიან. ამ იდეის ავტორებს ქალები საერთოდ არ აინტერესებთ. აქ სხვა რამეა ჩადებული. რამდენიმე წელიწდში მოგვთხოვენ, რომ სიაში ყოველი მესამე ლგბტ თემის წარმომადგენელი ჩავსვათ.

შორენა მარსაგიშვილი