გიორგი გელხაური: „სამწუხაროა, რომ შაქარაშვილის ბიძას კითხვები არ უჩნდება!“

რამდენიმე დღის წინ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, არასრულწლოვან ბრალდებულ ზ.ხ.-ს ჩვენება გახდა ცნობილი. კერძოდ, გამოკითხვის ოქმში ზ.ხ. იმ სამ პირს ასახელებს, რომელიც არაგვის ხიდებთან სწორედ იქით გაიქცა, რა მიმართულებითაც გიორგი შაქარაშვილი მირბოდა.

„…გაკიდებისას ჩემი მეგობარი ბიჭები აღნიშნულ ბიჭებს ეძახდნენ, რათა გაჩერებულიყვნენ, თან აგინებდნენ და ლანძღავდნენ. წინ მივრბოდით მე და ა.ქ. და უკან მოგვყვებოდნენ დანარჩენებიც, მაგრამ ჩვენ ვერ დავეწიეთ მათ. რომ დავწეოდით, ვცემდით კიდეც. სირბილის დროს ოთხივე პიროვნებამ გადაჭრა გზა… ერთი პირი იქვე არსებულ ჯიხურთან, ბუჩქებში გაუჩინარდა, მეორე ოდნავ მის ქვემოთ, ამავე გზის, ამავე მხარეს ბუჩქებში დაიმალა, ხოლო მესამემ კი, რომელსაც მოკლე ტოტებიანი შარვალი „შორტი“ ეცვა, ვიწრო საავტომობილო გზაზე ჩაირბინა. მე და ა.ქ. გავჩერდით მაგისტრალთან არსებულ ვიწრო გზაზე. რამდენიმე წამში ჩვენთან მოირბინა ვახტანგ ჩიქოვანმა, ვასილ მახარაძემ, ნიკუშა რევაზიშვილმა და აჩიკო გაგნიძემ. ვახტანგმა იკითხა, სად წავიდნენ ის პირები, ვისაც მივდევდით, რაზეც მე ვუთხარი, თუ რომელი სად გაიქცა“, _ ნათქვამია მედიის მიერ გასაჯაროებულ ზ.ხ.-ს ჩვენებაში, რომელშიც არასრულწლოვანი ბრალდებული იმასაც ამბობს, რომ ვახტანგ ჩიქოვანმა ვასილ მახარაძეს მიმართა და უთხრა, მანქანა მოიყვანეო. ამავე ჩვენებით, მანქანის მიმართულებით წავიდნენ ვასილ მახარაძე, ზ.ხ. და ნიკუშა რევაზიშვილი. ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და კიდევ ერთი არასრულწლოვანი ა.ქ. კი ადგილზე დარჩნენ.
„მათ ჩაირბინეს მაგისტრალზე არსებული ხიდის ქვეშ, რა მიმართულებითაც გაიქცა ის ერთ-ერთი ბიჭი, რომელსაც ჩვენ მივდევდით“, _ ნათქვამია ზ.ხ.-ს ჩევენებაში.
აქვე, შეგახსენებთ, რომ 17 წლის ზ.ხ. „ტოიოტა ქამრის“ იმ ექვსი მგზავრიდან ერთ-ერთია, რომელიც მცხეთის მაგისტრალზე მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან მყოფ ახალგაზრდებს თავს დაესხა.
ყველაფერ ამის მიუხედავად, ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური, რომელსაც „ქრონიკა+“ ესაუბრა, დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 109-ე მუხლით ბრალს ვერ დაუმძიმებენ, რაც განზრახ ჯგუფურ მკვლელობას გულისხმობს.
ამას გარდა, გიორგი გელხაური გვეუბნება, რომ ზ.ხ.-ს გიორგი შაქარაშვილთან შეხება საერთოდ არ ჰქონია და იგივე ნარეკვავში მომხდარ ჩხუბზეც თბილისში წამოსვლის შემდეგ შეიტყო. სამაგიეროდ, არასრულწლოვნის უფლებადამცველს კითხვები ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან აქვს და, მინიმუმ, ის აინტერესებს, თუ რატომაა ამ საქმეში შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანის ნათესავი დაზარალებული?

გთავაზობთ ინტერვიუს „შაქარაშვილის საქმეზე“ ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატ გიორგი გელხაურთან:

_ გიორგი, 19 წლის ფეხბურთელ „გიორგი შაქარაშვილის საქმეზე“ ძალიან ბევრი ითქვა და, ალბათ, კიდევ ბევრი ითქმება, მაგრამ ფაზლი მეტ-ნაკლებად რომ შევკრათ, კიდევ ერთხელ ვთქვათ, დღევანდელი მოცემულობით, ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ, ამ საქმეზე რა ვიცით?
_ ეს ძალიან ზოგადი კითხვაა, რადგან ამ საქმეზე დღეისთვის უამრავი მასალა და 19 ტომი არსებობს.
_ სხვათა შორის, ვიდრე ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე თითქოს სისხლიანი ქვები იპოვეს…
_ დიახ, საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ვიცით, რომ შაქარაშვილი ასფიქსიით _ წყალში დახრჩობითაა გარდაცვლილი და სხეულზე სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, _ ეს დაზიანებები რა ვითარებაში მიადგა?
_ მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, რა ვითარებაში მიაყენეს გიორგის დაზიანებები, მისი ოჯახი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე, რომელიც გარდაცვლილი ფეხბურთელის შორეული ბიძაა, ითხოვს, რომ „ქამრის“ ექვსივე მგზავრს ბრალდება 109-ე მუხლით წაუყენონ, რაც განზრახ ჯგუფურ მკვლელობას ითვალისწინებს. თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანიც „ქამრიში“ იჯდა. მოკლედ, ნიკოლაძის მოთხოვნა იმ ფონზე, როცა მტკიცებულებები არ არსებობს, რელევანტურია?
_ რა თქმა უნდა, დაუშვებელია, რომ „ქამრიში“ მსხდარ ექვსივე პირს ბრალი განზრახ მკვლელობით წაუყენო.
_ დაუშვებელი რატომაა?
_ ის, რომ ტრაგედია მოხდა და ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მყარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე ექვსი პირისთვის ბრალის 109-ე მუხლით წაყენება, დამერწმუნეთ, არანაკლები ტრაგედია იქნება.
რატომ არ ვუშვებთ, რომ ამ ადამიანებიდან რომელიმეს 109-ე მუხლთან საერთოდ არ ჰქონდეს კავშირი და უდანაშაულო იყოს? ყველაფერი ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ანუ მტკიცებულებები მოიპოვოს და ბრალი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დამძიმდეს.
მეც, თქვენც და, საერთოდ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრი რამაა დასადგენი. მოკლედ, ყველაფერი ისეა გაშიშვლებული, რომ უტყუარი მტკიცებულებებით არაა დადგენილი, შაქარაშვილს დაზიანებები ვინ ან რა ვითარებაში მიაყენა.
_ როგორც აღვნიშნე, ტრაგედიიდან ერთი თვეა გასული და ახლა უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება რთული კი არა, ალბათ, შეუძლებელია. ამის გათვალისწინებით, ბატონი ნიკოლაძე „ქამრის“ ექვსივე მგზავრის მიმართ სისხლის სამართლის აღძვრას მაინც 109-ე მუხლით რატომ ითხოვს?
_ სამწუხაროა, რომ ამას ითხოვს და კიდევ უფრო სამწუხარო იქნება, თუ საგამოძიებო სამსახური ამ მოთხოვნას დაჰყვება და „ქამრის“ მგზავრებს ბრალდებას დაუმძიმებს!
ვთქვი და ისევ ვიმეორებ: არანაკლები ტრაგედია იქნება, თუ მტკიცებულებების გარეშე უდანაშაულო ადამიანს განზრახ მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ!
ხოლო თუ მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებენ, ეს არც ბრალდებულების პრობლემაა და არც _ სხვა ვინმესი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს და ამდენი რესურსი _ საგამოძიებო ორგანოები თუ სხვა _ იმიტომ აქვს, რომ ისეთი მტკიცებულებები მოიპოვოს, რომლებითაც გარდაცვალების ვითარება და ადგილიც უტყუარად დადასტურდება!
_ ისე, გიორგი, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა შეგიძლიათ თქვათ _ გამოძიება მტკიცებულებების ძებნას შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ რომ დაიწყებს, რამეს მიაგნებს?
_ ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი ასეთია: მტკიცებულებები და საქმე იმ საღამოსვე გაფუჭდა, როცა ბრეგვაძემ მასთან მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სიმართლე არ უამბო და უთხრა, რომ არ იცოდა, ვინ ჩხუბობდა. ასევე არ უთხრა, რა მოხდა და განაცხადა, რომ თითქოს დასავლეთიდან ავტოსტოპით მოდიოდა.
ყველაფერი ცხელ კვალზე უნდა გარკვეულიყო, მით უმეტეს, რომ იმ დროს, როცა საპატრულო ეკიპაჟმა ბრეგვაძე თბილისში წამოიყვანა, ახვლედიანი ისევ ხიდის ქვეშ იმყოფებოდა. ასევე ხიდის ქვეშ იყო ის სამი მანქანაც, რომელმაც ახვლედიანს ჩააკითხა.
მოკლედ, საუბარი სწორედ ამაზეა, რომ გამოძიება იმ მომენტშივე ცხელ კვალზე უნდა დაწყებულიყო და დღეს შესაძლოა, სხვა სურათი გვქონოდა!
სხვათა შორის, ეს რატომ არ მოხდა და ამის გამო პასუხს ვინ აგებს, გამოძიების საგანია.
_ გიორგი, თქვენი ვერსიით, სამართალდამცველებმა საქმის გაფუჭება მას შემდეგ დაიწყეს, რაც გაიგეს, რომ ბრეგვაძე შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მამიდაშვილის შვილი იყო?
_ ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. მტკიცებულებების გარეშე ვინმესკენ უაპელაციოდ ვერ გავიშვერ ხელს, მაგრამ შესაძლებელია, რომ გამოძიებამ ყველაფერი ეს დაადგინოს.
_ როგორც ცნობილია, საპატრულო ეკიპაჟმა ფოტოგრაფს მომხდარის დეტალები არ გამოკითხა, სამაგიეროდ, ტაქსის ფუნქცია შეასრულა _ თბილისამდე წამოიყვანა. ეს არაპროფესიონალიზმია?
_ საქმეში პოლიციის იმ თანამშრომელთა გამოკითხვის ოქმები დევს და ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი დეტალურად გამოკითხეს, თუმცა ბრეგვაძემ არ უთხრა. მეორე საკითხია, ბრეგვაძემ სიმართლე უთხრა და პოლიციამ დამალა თუ არა, მაგრამ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები ჩვენებაში წერენ, რომ ბრეგვაძეს ჰკითხეს, ვინ ჩხუბობდა, მაგრამ ამან უპასუხა, არ ვიცნობო. არადა, მან ხომ კარგად იცოდა, რომ კონფლიქტი აგარაკზე დაიწყო, სადაც თვითონაც იმყოფებოდა? ჰოდა, საპატრულო პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა?
სხვათა შორის, ის, რომ პატრულმა „ქებებჰაუსის“ ლოკაცია ვერ აღმოაჩინა და დააგვიანდა, სხვა პრობლემაა.
_ არ ვიცი, ზუსტად ასეა თუ არა, მაგრამ საპატრულო პოლიციას უფლება არ აქვს, რომ მანქანაში უცხო ადამიანი ჩაისვას, მიუხედავად იმისა, ამ ადამიანს დახმარება ესაჭიროება თუ არა…
_ როცა შუაღამისას მოქალაქე ჩხუბთან დაკავშირებით შეტყობინებას აკეთებს, ანუ ამბობს, რომ ჩხუბს შეესწრო, პატრულმა, სუფთა ადამიანურად რომ ვთქვათ, ეს მოქალაქე ქუჩაში უნდა დატოვოს?
_ ყოველ შემთხვევაში, პატრულმა ტაქსის ფუნქცია არ უნდა შეასრულოს და, მინიმუმ, შემთხვევის ადგილი დაათვალიეროს.
_ ამ შემთხვევაში, უკვე კრიმინალური პოლიცია უნდა მისულიყო და ამაში, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ საპატრულო ეკიპაჟზე ვსაუბრობ, რომელიც შემთხვევის ადგილას მივიდა და ბრეგვაძე მანქანაში ჩაისვა. ვინაიდან ბრეგვაძემ პატრულს უთხრა, რომ აღარაფერი ხდებოდა, ქუჩაში არ დატოვეს და თბილისში ჩამოიყვანეს.
_ გიორგი, ყველაფერ იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც ფოტოგრაფის მიმართ არსებობს, თქვენი, როგორც იურისტის აზრი მაინტერესებს, მას დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს?
_ სხვათა შორის, კვირას, როცა გამოკითხვაზე იყო მისული, ბრეგვაძემ იკითხა, _ დაზარალებულის სტატუსი რატომ მაქვსო? გამოძიებამ უპასუხა, _ მორალური ზიანი მოგადგაო… მაგრამ რომელ მორალურ ზიანზეა ლაპარაკი, როცა ეს ადამიანი წავიდა და მთელი ღამე მეგობრებთან ერთად ერთობოდა!
ბრეგვაძეს დაზარალებულის სტატუსთან კავშირი, რა თქმა უნდა, არ აქვს!
_ აბა, ამ საქმეში რა სტატუსი უნდა ჰქოდეს _ მოწმის?
_ დიახ, მინიმუმ, მოწმე უნდა იყოს.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ კონფლიქტს მხოლოდ არაგვის ხიდებთან კი არა, აგარაკზეც შეესწრო, მაგრამ გვახსოვს, მისმა ნათესავმა პირდაპირ ბრძანა, ბრეგვაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს და ბოლომდე ასე დარჩებაო. ესეც ძალიან სამწუხარო გარემოებაა!
_ გიორგი, ორი დღის წინ, ტვ „პირველზე“ განაცხადეთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება რეალობას არ შეესაბამება და მასზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა მოხდაო. ეს თემა განავრცეთ, ანუ ზეწოლა კონკრეტულად რის გამო ხდებოდა?
_ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში 16 საათის განმავლობაში ჰყავდათ, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების ძალიან უხეში დარღვევაა.
გარდა ამისა, მას მხოლოდ ფსიქოლოგიური კი არა, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
_ კერძოდ?
_ პოლიციის განყოფილებაში კეფაში ჩაარტყეს, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს კი, როცა გარეთ გამოიყვანეს _ ზურგში.
_ პოლიციელები არასრულწლოვან ზ.ხ.-ს რატომ სცემდნენ, მისგან რა ჩვენების მიღება უნდოდათ?
_ მას სთხოვდნენ, დაეწერა და ეთქვა, რომ დაინახა, შაქარაშვილი საით გარბოდა. ასევე შაქარაშვილს ბოლომდე ვინ მისდევდა, მაგრამ ყველაფერი ეს რეალობას არ შეესაბამება.
სხვათა შორის, ისიც დააწერინეს, რომ თბილისიდან უკან, მცხეთაში თითქოს შურისძიების მოტივით მიბრუნდნენ.
საერთოდ, ბევრი გარემოებაა, რაც რეალობას არ შეესაბამება.
_ როგორც ცნობილია, დაბადების დღეზე თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ზ.ხ. მცხეთაში ჩიქოვანს გაჰყვა, არა?
_ დიახ.
_ იცოდა, რომ იქ კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო?
_ აგარაკზე იმყოფებოდა.
_ ანუ როგორც ანი გაბეჩავა ყვება, ნარეკვავში წვეულებაზე ჩიქოვანთან ერთად გვიან მივიდა?
_ დიახ, ის სახლში იყო და იმ ვიდეოკადრებში, რომლებიც ამოღებულია და მედიისთვისაც ცნობილია, არ ჩანს, ანუ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. უბრალოდ, აგარაკზე იყო და ალკოჰოლურ სასმელს სვამდა.
რაც შეეხება მობრუნებას, ამასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ მანქანები იყო წამოსაყვანი და პირები ჩაიყვანეს.
_ გიორგი, დამიკონკრეტეთ: არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ კონფლიქტზე, მიუხედავად იმისა, რომ ის სახლიდან არ გამოსულა, იცოდა თუ არა?
_ თბილისში რომ წამოვიდნენ, გაიგო _ ჩიქოვანს თავი ჰქონდა გატეხილი.
_ გზაში შურისძიებაზე არაფერი უთქვამთ თუ არაგვის ხიდებთან შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს შემთხვევით შეხვდნენ?
_ რა თქმა უნდა, შემთხვევით შეხვდნენ.
_ თუ შემთხვევით შეხვდნენ, „ქამრი“ რატომ გააჩერეს?
_ ამ მანქანაში უშუალოდ კონფლიქტის მონაწილე პირები ისხდნენ და მათი ნახვა უნდოდათ, რომლებმაც სცემეს _ თავი გაუტეხეს და ა. შ., თუმცა შაქარაშვილი და ამირხანაშვილი ამ კონფლიქტთან არანაირ კავშირში არ იყვნენ, ანუ არ ჩხუბობდნენ და მათთვის არც ფიზიკური ზიანი მიუყენებიათ. ამიტომაც იყო, რომ ხმა არ ამოიღეს _ ამირხანაშვილს არაფერი უთხრეს, ჩაიყვანეს და თბილისში დატოვეს. ფაქტია, რომ ამირხანაშვილი არ უცემიათ და ეს გამოძიებითაც დგინდება.
_ სამაგიეროდ, შაქარაშვილს არათუ სცემეს, არამედ 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
_ უკაცრავად, ახლა ამირხანაშვილზე ვსაუბრობ. შესაბამისად, შაქარაშვილის მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულებით იქნებოდნენ, რადგან ისინი ნარეკვავში მომხდარ კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ.
_ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ჩვენებაში მართლა ამბობს, რომ „ქამრის“ მგზავრებმა ამირხანაშვილს მისი მეგობრის, ანუ შაქარაშვილის მოძებნა და თბილისში მისი წამოყვანაც შესთავაზეს?
_ დიახ, მანქანაში მყოფმა პირებმა შესთავაზეს, თუ სურვილი გაქვს, მოძებნე და ერთად წაგიყვანთო, მაგრამ ამირხანაშვილმა უარი განაცხადა და თქვა, არა, თბილისში წავიდეთო.
_ ეს დეტალი იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ არაგვის ხიდებთან მომხდარ ტრაგედიაზე ამირხანაშვილმა ძალიან ბევრი რამ იცის?
_ ვერ გეტყვით, ამირხანაშვილმა რა შეიძლება იცოდეს და რა _ არა, მაგრამ გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და არაკეთილსინდისიერ მოწმეებად გვევლინებიან.
_ არაკეთილსინდისიერი მოწმეები რატომ არიან?
_ ჩვენებას არაერთხელ ცვლიან და საკითხავია, ამის შემდეგ ამ ადამიანების რა უნდა დაიჯერო?
_ გიორგი, თქვენი შეფასებით, სახელმწიფოს ამ საქმის მიმართ ინტერესი იმიტომ აქვს, რომ ვიღაცას ხელს აფარებს თუ გამოძიება თავიდანვე ზერელედ დაიწყო და ფაქტებს იმიტომ ჩქმალავს, რომ არ უნდა, საკუთარი არაპროფესიონალიზმი აღიაროს?
_ ამ კითხვაზე პასუხი მას შემდეგ მეცოდინება, გამოძიება რომ დასრულდება და საქმე სასამართლოში გაიგზავნება, თუმცა ახლაც ფაქტია, რომ გამოძიებასთან მიმართებით ძალიან ბევრი კითხვაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შემთხვევის ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, დაიწვა და ეს უკვე ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს!
_ დიახ, მაგრამ შემთხვევით დაწვის ვერსიაზე კითხვის ნიშნები მირიან ნიკოლაძეს არ აქვს.
_ ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძას კითხვები არ უჩნდება.
დავუშვათ, გამოძიება სულ იდეალურად რომ მიმდინარეობდეს და ის პირიც დადგენილი ჰყავდეს, ვინც გარდაცვალების შემსწრეა ან გარდაცვალებასთან კავშირი აქვს, ელემენტარულად კითხვას მასაც დავუსვამთ, _ იქნებ, მასთან ერთად მეორე პირიც იდგა?
პოლიციამ ამირხანაშვილის სამალავის დაცვა მხოლოდ დაწვის შემდეგ დაიწყო, მანამდე კი არ იცავდა და როგორ შეიძლება, ამაზე კითხვა არ გქონდეს?
_ გიორგი შაქარაშვილს, როცა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ არაგვში იპოვეს, ფეხსაცმელი და წინდები არ ეცვა, თუმცა პერანგზე ღილები შეკრული ჰქონდა. ეს დეტალი საეჭვო არაა?
_ ეს უფრო ექსპერტიზამ უნდა გვითხრას, მით უმეტეს, რომ კომპლექსური ექსპერტიზა დანიშნულია. მართალი არ ვიქნები, რომ ვთქვა, წყალი ღილებს გაუხსნიდა თუ არა. ექსპერტები იმიტომ არსებობენ, რომ ყველაფერი ეს დაადგინონ.
_ ისე, გიორგი, რას ელოდებით _ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ამ საქმიდან როგორ გამოვა?
_ მოლოდინი არ მაქვს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით მის მიმართ ბრალი დამძიმებდა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ამას დაადასტურებს _ მას შაქარაშვილთან ფიზიკური სიახლოვეც კი არ ჰქონია!
_ ე. ი. უკვე წაყენებული მუხლით მიუსჯიან თუ სასამართლო საერთოდ გაათავისუფლებს?
_ იმის შესახებაც არაერთხელ გვითქვამს, რომ არც ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ყოფილა _ ამირხანაშვილი თავად ამბობს, რომ საკუთარი ნებით გაჰყვა მათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ზ.ხ. ამ მიმართულებით უნდა გამართლდეს!
საერთოდ, ჯგუფური ძალადობა და მასში მონაწილეობა აბსოლუტურად სხვა კატეგორიის დანაშაულია. წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ, ჯგუფური ძალადობითა და მასში მონაწილეობით, ანუ 245-ე მუხლით, 20 ივნისს დაკავებულებს წაუყენა ბრალი.
_ დიახ, ამის შესახებ ცნობილია…
_ ჰოდა, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენელს წინააღმდეგობას არ ვუწევთ.
_ გიორგი, თქვენი არ ვიცი და პირადად მე კი მგონია, რომ ამ საქმეზე სიმართლეს ვერასოდეს გავიგებთ…
_ იმედი მაქვს, რომ დადგინდება, თუმცა არ ვიცი, რეალურად რა იქნება.

გიორგი აბაშიძე