მთავარი საზოგადოება „ოქროს მოწმის“ პირველი ჩვენება

„ოქროს მოწმის“ პირველი ჩვენება

442
0
გაზიარება

თვეზე მეტი გავიდა გიორგი შაქარაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. თვეზე მეტია, გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ ისევ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, _ ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი? არ ვიცით მკვლელობის მოტივი, არ ვიცით, გვამი მიიტანეს თუ გიორგი შემთხვევის ადგილზე დაიხრჩო და მთავარი, _ თვეზე მეტია, მედია არკვევს, ვინ მფარველობს მკვლელებს?!
„ქრონიკა+“ აგრძელებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის მასალების გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ ბრალდების მხარის მოწმის _ გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას.

გურამ ამირხანაშვილი

გამოკითხული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია:
ამჟამად ვარ სტუდენტი, დაახლოებით ერთი კვირის უკან მე და ჩემი მეგობარი გიორგი შაქარაშვილი ჩვენმა საერთო ნაცნობმა ლიზი ნადირაძემ დაგვპატიჟა თავისი მეგობრის, ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე. ანა გაბეჩავას დაბადების დღე არის 19 ივნისს. მიუხედავად ამისა, როგორც ლიზიმ 2020 წლის 18 ივნისს სოციალური ქსელის ფეისბუქის მეშვეობით მომწერა და მითხრა, ანი გაბეჩავას დაბადების დღის წვეულება დაბადების დღის წინა დღეს, 18 ივნისს იწყებოდა და საღამოს 19:00 საათზე უნდა მივსულიყავით ქ. მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში მდებარე სადღესასწაულო ცენტრში. მე და ჩემი მეგობარი გიორგი შაქარაშვილი წავედით ქ. მცხეთაში, შპს „ლიდერფუდის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სადღესასწაულო ცენტრში. იქნებოდა დაახლოებით 21:00 საათი, როდესაც მე და გიორგი შაქარაშვილი მივედით ანა გაბეჩავას წვეულებაზე. როდესაც შევედით შენობაში, წვეულებაზე შეკრებილი იყო დაახლოებით 30 ადამიანი, რომელთაგან ნაწილი იყო ბიჭები, ხოლო ნაწილი _ გოგონები. მე სტუმრებიდან მხოლოდ ვიცნობდი ლიზი ნადირაძეს, ანა გაბეჩავას, მარიამ ხატისკაცს და ირაკლი წაქაძეს. აქვე განვმარტავ, რომ მე ანა გაბეჩავა გავიცანი ლიზი ნადირაძის მხრიდან, მარიამ ხატისკაცი არის ჩემი მეზობელი, ხოლო ირაკლი წაქაძე არის ჩემი ყოფილი გუნდელი. ჩვენ ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს. როდესაც მივედით, ანი გაბეჩავას სტუმრებს უკვე დაწყებული ჰქონდათ ქეიფი და უმეტესობა უკვე საკმაოდ ნასვამი იყო. ამასთან, სტუმარი ბიჭების ნაწილი იქცეოდა აგრესიულად. მე და გიორგი შაქარაშვილს ლიზი ნადირაძემ გვითხრა, რომ ყურადღება არ მიგვექცია იმ ბიჭებისთვის, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ და მათ არ ავყოლოდით. ჩვენი მისვლიდან დაახლოებით ერთ საათში, როდესაც მე და გიორგი შაქარაშვილი ვიმყოფებოდით შენობაში, ეზოდან მოგვესმა ჩხუბის ხმა. ჩვენ მივხვდით, რომ სტუმრები ერთმანეთში ჩხუბობდნენ და სიტუაციის გასარკვევად გარეთ გავედით. როდესაც შენობის ეზოში გავედით, არავინ იყო და ეზოს გარედან ისმოდა ჩხუბის ხმა. მე და გიორგი შაქარაშვილი გავედით შენობის ეზოდან, რკინის ჭიშკრის გავლით და დავინახეთ, რომ ეზოს ჭიშკრის მიმდებარედ, სუპერმარკეტ „ლიდერფუდის“ გვერდით არსებულ კიბეებთან, დაახლოებით ათი კაცი ერთმანეთში ჩხუბობდა და იყო ჩოჩქოლი და ყვირილი. მე მათგან ვერც ერთი ვერ ვიცანი, თუმცა მიუხედავად ამისა, მე და გიორგი შაქარაშვილი მივედით და ვცდილობდით მათ გაშველებას. დაახლოებით ორი წუთის შემდგომ აღნიშნულმა პიროვნებებმა შეწყვიტეს ჩხუბი, რის შემდგომაც მოჩხუბარი ჩემთვის უცნობი ექვსი ბიჭი ჩასხდა ჩემთვის უცნობი მარკის, ფერისა და სახ. ნომრის მქონე ავტომანქანაში, რომელთაგან ერთ-ერთს სახეზე ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო და წავიდნენ. მე არ დამინახავს, თუ რა მიმართულებით წავიდნენ. აქვე განვმარტავ, რომ რამდენადაც შევამჩნიე, მოჩხუბარი ბიჭებიდან დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში ერთ-ერთს, კერძოდ, სახეზე აღენიშნებოდა სისხლის მსგავსი ლაქები. ამის შემდგომ მე და გიორგი შაქარაშვილი კვლავ შევბრუნდით წვეულებაზე. მალევე სტუმრების ნაწილმა გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით სოფელ ლისში ჩვენი მეგობრის, ირაკლი წაქაძის სახლში. მე, გიორგი შაქარაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, წვეულების დიჯეი კონსტანტინე იგივე კოკო, რომლის გვარიც არ ვიცი, ფოტოგრაფი სახელად იაკობი და ვინმე გვარად ქათამაძე წამოვედით ფეხით ავტობანის გვერდით თბილისის მიმართულებით, რათა ტაქსი გაგვეჩერებინა და წავსულიყავით ლისზე. ამ დროს დაგვეწია ორი ბიჭი, რომლებიც იყვნენ ნახსენები ექვსი მოჩხუბარი ბიჭის მეგობრები, ქათამაძეს სთხოვეს ტელეფონის ნომერი და უთხრეს, რომ მომდევნო დღეებში შეეხმიანებოდნენ. ამის შემდგომ გავაგრძელეთ გზა და გადავკვეთეთ არაგვის ხიდი და მივემართებოდით ქ. თბილისის მიმართულებით. როდესაც გავცდით ხიდს, ჩვენ წამოგვეწია ჩემთვის უცნობი ავტომანქანა, სავარაუდოდ, ვერცხლისფერი, რომელმაც გაგვიჩერა წინ. ამ მანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით ექვსი პიროვნება და ჩვენთან ერთად მყოფ ქათამაძეს დაუწყო ჩხუბი და ცემა. ამის გამო მე და გიორგი შაქარაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი და დიჯეი კოკო გავიქეცით უკან, ხიდის მიმართულებით და მოშორებით გავჩერდით. ჩვენ ვხედავდით, როგორ ურტყამდნენ მანქანიდან გადმოსული პირები ქათამაძეს, რომელიც წაიქცა მიწაზე. როდესაც ქათამაძე ძირს წაიქცა, დაანებეს თავი, ჩასხდნენ ამ მანქანაში და წავიდნენ თბილისის მიმართულებით. როდესაც ქათამაძეს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ერთ-ერთი სრული აღნაგობის, სხვებზე ფიზიკურად დიდი პიროვნება დამამახსოვრდა, რომელიც მძღოლის გვერდითა სავარძლიდან გადმოვიდა. ხსენებული ავტომანქანით მოსული ექვსი აგრესიული მამაკაცი როდესაც წავიდა, ჩვენ მივუახლოვდით ქათამაძეს. იგი ისევ ძირს ეგდო, ქათამაძეს სახიდან მოსდიოდა სისხლი, ჩვენ იგი წამოვაყენეთ ფეხზე. ამ დროს კვლავ მოვიდა რაღაც მანქანა და ჩვენთან გაჩერდა. მე არ დამინახავს, თუ რომელი მხრიდან მოვიდა ავტომაქანა, ასევე არ მახსოვს, რა მარკის ავტომანქანა იყო. ამ მანქანის დანახვისთანავე მე, გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი გავიქეცით მდინარე არაგვზე გამავალი ხიდის მიმართულებით. უკან ამ დროს დავინახე, რომ ამ მანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და გამოგვეკიდა. მე, გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი გავიქეცით უკან, გადავირბინეთ თითქმის დიაგონალზე ხიდი, გიორგი შაქარაშვილი მირბოდა წინ, შემდეგ მიყვებოდა ახვლედიანი და უკან მივდევდი მე. გადავირბინეთ დასავლეთის მიმართულებით არსებული ავტობანიც, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილმა და ვახტანგ ახვლედიანმა ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს, ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე, ხოლო მე პირდაპირ გავიქეცი, რა დროსაც გზის გვერდითა მარჯვენა მხარეს დავინახე ძველი ფერადი შენობა და გავიქეცი შენობის მიმართულებით, გავედი შენობის უკან და გადავხტი ბუჩქებში. ვინაიდან ბუჩქები იყო ეკლიანი, ნაკაწრების სახით მივიღე დაზიანებები მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებზე, ასევე მარცხენა ფეხის მუხლზე და ასევე მუცელზე. როდესაც ბუჩქებში ვიყავი ჩავარდნილი, მომიახლოვდა ნახსენები მეორე მანქანიდან გადმოსული და ჩვენკენ გამოქცეული სამი ბიჭი, რომელთაც ავუხსენი და ვუთხარი, რომ არაფერ შუაში ვიყავი და მათ მხოლოდ ვაშველებდი კიბეებთან მომხდარი ჩხუბის დროს. აღნიშნულზე ერთ-ერთმა დაადასტურა ჩემი ნეიტრალური მოქმედება ჩხუბის დროს და მითხრეს, რომ ჩავმჯდარიყავი მათ მანქანაში. მე დავთანხმდი მათ მოთხოვნას და ჩავჯექი ამ მანქანის უკანა სალონში. სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, როდესაც ბუჩქებიდან ამოვედი, სამ ნახსენებ ბიჭს კიდევ სამი დაემატა, რომელი პიროვნებებიც ჩასხდნენ ამ მანქანაში. სულ, საერთო ჯამში, იყვნენ ექვსნი და მეშვიდე ვიყავი მე. და წამოვედით თბილისის მიმართულებით. მე მათ ვთხოვე, რომ არაგვზე გამავალი ხიდის მიმდებარედ გაეჩერებინათ, რათა ჩამოვსულიყავი, რადგან მსურდა, რომ მომეძებნა ჩემი ბავშვობის მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. მე მათ მკითხეს, თუ რატომ უნდა ჩამოვსულიყავი აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა მე მათ დავუმალე მიზეზი, რადგან თუკი გაიგებდნენ რეალურ მიზეზს, ისინიც გაჩერდებოდნენ. აღნიშნულმა პიროვნებებმა მე არ გამიჩერეს ავტომანქანა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წამომიყვანეს ქ. თბილისის მიმართულებით და ჩამომსვეს ქ. თბილისში, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ, „ლიდერბეთსა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარედ. ვინაიდან გიორგი შაქარაშვილს არ ჰქონდა მობილური, მე მას ვერ დავურეკე. ამის შემდგომ მე გავაჩერე ტაქსი და მძღოლს ვთხოვე, რომ მესარგებლა მისი ტელეფონით, რადგან ტელეფონი არც მე მქონდა. ჩემი ტელეფონი ჩხუბამდე ვათხოვე კოკოს და ტაქსის მძღოლმა მომცა თავისი ტელეფონი, რითაც მაშინვე დავურეკე ირაკლი წაქაძეს, მოვუყევი მომხდარი ფაქტის შესახებ და ვთხოვე, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო უკან და მოეძებნა გიორგი შაქარაშვილი. აღნიშნულზე ირაკლი წაქაძე დამთანხმდა. დილას მითხრა, რომ სამი ავტომანქანით წავიდნენ ირაკლი და თავისი მეგობრები გიორგი შაქარაშვილის მოსაძებნად, თუმცა უშედეგოდ. როდესაც ვაზისუბანში სახლში მივედი, ველოდებოდი, როდის დამიკავშირდებოდა გიორგი შაქარაშვილი. გიორგი შაქარაშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე ჩემთვის უცნობია. აქვე განგიმარტავთ, რომ შემიძლია გიჩვენოთ ის ადგილები, სადაც მოხდა ზემოთ აღნიშნული ინციდენტი და ასევე თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე სხვა რაიმე დასამატებელი არ მაქვს.
კითხვა: თქვენთან და გიორგი შაქარაშვილთან ერთად კიდევ ვინ აშველებდა ჩხუბის მონაწილეებს?
პასუხი: ვინაიდან იყო ღამე და ამასთან იყო ჩოჩქოლი და აურზაური, მე არ დამინახავს, ჩვენთან ერთად კიდევ ვინ აშველებდა ჩხუბის მონაწილეებს.
კითხვა: ჩხუბის შედეგად მიიღეთ თუ არა დაზიანებები სხეულზე? დადებით შემთხვევაში რა დაზიანებებია?
პასუხი: ჩხუბის შედეგად მე დაზიანებები არ მიმიღია, ვინაიდან ჩემთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მოუყენებია.
კითხვა: ჩხუბის დროს ხომ არ დაგინახავთ, კონკრეტულად ვინ ვის აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას?
პასუხი: თავდაპირველად დაწყებულ ჩხუბში, რომელიც მოხდა იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ვქეიფობდით, იყო ცუდი განათება, ჩოჩქოლი და აურზაური. მე არ დამინახავს, ვინ ვის ურტყამდა.
კითხვა: რა ეცვა გიორგი შაქარაშვილს 2020 წლის 18 ივნისს წვეულებაზე?
პასუხი: გიორგი შაქარაშვილს 2020 წლის 18 ივნისს ეცვა შავი ფერის ნაჭრის შორტი, და ლურჯი ფერის პერანგი _ „საროჩკა“, ხოლო ფეხზე ეცვა შავი ფერის თეთრძირიანი კლასიკური სტილის ფეხსაცმელი. აქვე განვმარტავ, რომ გიორგი შაქარაშვილს წელზე ეკეთა მცირე ზომის შავი ფერის ნაჭრის ჩანთა, რომელ ჩანთაშიც მას მოთავსებული ჰქონდა სავარცხელი და თმის ჟელე, რომელ ჩანთაზეც ვუთხარი, სანამ წვეულებაზე მივიდოდით, რად უნდოდა, რაზეც გამცა პასუხი, რომ თმის ჟელე და სავარცხელი მაქვს მოთავსებულიო.
კითხვა: რა გეცვათ 2020 წლის 18 ივნისს ანა გაბეჩავას წვეულების დროს?
პასუხი: ტანთ მეცვა შავი ფერის ჯინსის შარვალი, ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური და ლურჯი კუბიკებიანი პერანგი. აღნიშნული ტანსაცმელი მე მაქვს სახლში და შემიძლია წარმოგიდგინოთ.
კითხვა: ხომ არ გაგირეცხავთ ტანსაცმელი, რომელიც თქვენ 2020 წლის 18 ივნისს ანა გაბეჩავას წვეულებაზე გეცვათ?
პასუხი: ტანსაცმელი, რომელიც მე 2020 წლის 18 ივნისს ანი გაბეჩავას წვეულებაზე მეცვა, არ ვიცი, გარეცხა თუ არა დედაჩემმა.
კითხვა: როდის მიიღეთ დაზიანებები სხეულზე და საჭიროებთ თუ არა, გსურთ თუ არა, რომ ჩაგიტარდეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა?
პასუხი: ზემოაღნიშნული დაზიანებები მივიღე იმ დროს, როდესაც ვცდილობდი ბუჩქებში დამალვას.
კითხვა: გაქვს თუ არა ინფორმაცია, თავდაპირველად ვის შორის მოხდა ჩხუბი?
პასუხი: ჩემთვის უცნობია, თუ ვის შორის მოხდა თავდაპირველად ჩხუბი.
კითხვა: ჰქონდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს მობილური ტელეფონი?
პასუხი: გიორგი შაქარაშვილს მობილური ტელეფონი არ ჰქონდა.
კითხვა: წვეულების მახლობლად თავდაპირველი ჩხუბის დამთავრებისას ნახსენები ექვსი პიროვნება როდესაც ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, შეძლებთ თუ არა მათ ამოცნობას? დადებით შემთხვევაში რა ნიშან-თვისებით?
პასუხი: მანქანის საჭესთან რომ დაჯდა, იყო დაახლოებით 20 წლამდე ასაკის საშუალოზე მაღალი, სუსტი აღნაგობის, მუქი ფერის თმით, თეთრი კანის ფერით, სუსტი პირისსახის. ნახვის შემთხვევაში ამოვიცნობ. მძღოლის გვერდით ვინ დაჯდა, არ მახსოვს, ხოლო უკან ჩამჯადარი ოთხი პიროვნებიდან მახსოვს ორი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთს ეცვა თეთრი ფერის პერანგი, გრძელსახელოიანი, ჰქონდა ღია ფერის საკმაოდ დიდი თმა ჩამოშლილ მდგომარეობაში, სუსტი აღნაგობის საშუალოზე დაბალი სიმაღლის, დაახლოებით 172 სმ. სიმაღლის თხელი ღია ფერის წვერით, სუსტი სახის, თეთრი ფერის კანით, ხოლო მეორე პიროვნება იყო დაბალი სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, მუქი ფერის მოკლედ შეჭრილი თმებით და სუსტი პირისსახის მოყვანილობით.
კითხვა: როდესაც ფეხით მიდიოდით თბილისის მიმართულებით ავტობანზე, თავდაპირველად როდესაც დაგეწიათ მსუბუქი ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პიროვნებები და ქათამაძეს დაუწყეს ცემა, შეგიძლიათ თუ არა ამოიცნოთ?
პასუხი: როდესაც ავტომანქანა გააჩერეს, გადმოვიდნენ და ქათამაძეს დაუწყეს ცემა, ვიყავი მოშორებით, თუმცა დავინახე, რომ მძღოლის გვერდით სავარძლიდან გადმოსული პიროვნება იყო შედარებით სრული, ასაკით დაახლოებით 28-29 წლის სრული აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით, მრგვალი პირისსახის, რომელსაც ხელზე მაჯის ზემოთ ჰქონდა ტატუირება საშუალო ზომის, თუმცა რომელ ხელზე, ვერ ვიხსენებ.
კითხვა: მეორე მანქანა როდესაც მოვიდა, რატომ გაიქეცით?
პასუხი: მიუხედავად იმისა, მე, გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი არ შევთანხმებულვართ ერთობლივად გაქცევაზე, მე პირადად მივხვდი, რომ ჩვენც დაგვიწყებდნენ ცემას, რადგან გადმოსვლისთანავე გარკვეული მანძილი ჩვენკენ გამოიქცა აგრესიულად, რის გამოც სახეზე ვერ დავიმახსოვრე, რადგან უკან მოგვდევდნენ.
კითხვა: როდესაც ბუჩქებში ჩავარდი, საიდან მიხვდი, რომ დადევნებული პირები დაგეძებდნენ?
პასუხი: ბუჩქებში ჩავარდნის დროს ვიყავი ჩუმად და მესმოდა ხმები, _ სად წავიდნენო? და ძებნის დროს დამადგა თავზე სამი პიროვნება, რომლებსაც ავუხსენი, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი, რა დროსაც მოვიდა იგივე მანქანა და იქიდან გადმოვიდა სამი პიროვნება, რის შემდეგაც წამიყვანეს თბილისში, როგორც უკვე ავხსენი.
როდესაც ბუჩქებიდან სამმა პიროვნებამ ამომიყვანა და შემდეგ მანქანით მოვიდა კიდევ სამი პიროვნება, მათი ამოცნობა შემიძლია ნახვის შემთხვევაში, თუმცა გვარობითი ნიშნების დასახელებაზე არ უნდა ავჩქარდე, რათა შეცდომაში არ მინდა შევიდე, რის გამოც მჭირდება კარგად დაფიქრება და შემდგომში დამატებით დაზუსტებულად მოგაწვდით აღნიშნულ ინფორმაციას. საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია. რაიმე გარემოებების გახსნების შემთხვევაში გაცნობებთ დამატებით.

ელისო კილაძე

დატოვეთ კომენტარი