ქურდული გზა გადაგვარებისკენ

„შაქარაშვილის საქმემ“ მთელი საქართველო კიდევ ერთხელ შეძრა…
ზოგადად, მკვლელებისა და მოძალადეების ქმედებების სრული უაზრობა და ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზების წარმოუდგენელი უმნიშვნელობა ქართული სოციუმის დამახასიათებელ თვისებად უკვე ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა.

საქართველოში ახალგაზრდებს ისეთი მიზეზების გამო კლავენ, რისთვისაც ფსიქიკურად დალაგებულ ქვეყნებში, მაქსიმუმ, 5 წუთით იკამათებდნენ და მერე მშვიდად დაიშლებოდნენ.
თუმცა „შაქარაშვილის საქმეში“ ქართველებმა ამ კუთხით ყველანაირი რეკორდი მოხსნეს _ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ჩხუბში არ მონაწილეობდა, არც მოჩხუბრების მეგობარი იყო და საერთოდ ყველანაირად გაერიდა სიტუაციას, სადამსჯელო რაზმი თითქმის ნახევარი საათი მისდევდა, ბოლოს კი ის ჩაქოლეს და მდინარეში გადააგდეს.
და ეს მოხდა პირდაპირი გაგებით _ სრულიად არაფრის გამო.
ამის ყურება მშვიდად შეუძლებელია _ ყველას გვყავს შვილები! ვისაც დღეს არ ჰყავს _ ხვალ ეყოლება! ყველა ხვდება, რომ საზოგადოება, სადაც 19 წლის ბიჭი შეიძლება, არაფრის გამო ჩაქოლონ, მძიმედ დაავადებულია და შვილების გაზრდა აქ ყოველდღიურ რისკს წარმოადგენს.
როგორც ჩანს, ეს თავისებური კარმაა _ ასეთი ამაზრზენი მკვლელობები რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება. სხვა ტიპის მკვლელობებზე საზოგადოება უკვე აღარ რეაგირებს _ ქმარმა მოკლა ცოლი, ბიძაშვილმა _ ბიძაშვილი, მეზობელმა _ მეზობელი _ ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომელიც არავის უკვირს.
თუმცა ახალგაზრდების დაუნდობელ გამეტებას ასე ადვილად ვერ შეეგუები…
ერთი შეხედვით, საქართველოში მკვლელობების რაოდენობა დიდი არის _ საშუალოდ, 2,5-2,8 მკვლელობა 100 000 მოსახლეზე წელიწადში _ ეს მეტია, ვიდრე ევროპაში, სადაც საშუალო მაჩვენებელია 1-1,5, თუმცა არა კატასტროფულად.
საქართველოში სიტუაციას ამძიმებს მკვლელობების 99%-ის სრული უაზრობა და, შესაბამისად, მათი არაპროგნოზირებადობა. ნებისმიერი ვიზიტი რესტორანში ან კლუბში, ნებისმიერი დაბადების დღე, გასვლა ქალაქგარეთ მოსალხენად, ნებისმიერი წვეულება, მეტიც: უბნის მაღაზიაში პურის საყიდლად ჩასვლა _ შესაძლოა, თქვენი ოჯახის წევრისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
ეს არაა დაკავშირებული არც ბანდებთან, არც ნარკოკარტელებთან და არც მაფიასთან, როგორც სხვა ქვეყნების დიდ უმრავლესობაში. როგორც წესი, საქართველოში მკვლელები არც კრიმინალები და არც ქურდული სამყაროს წევრები არიან, არამედ ისინი კლავენ ან აფექტში, ან სიმთვრალეში, ან შინაგანი რწმენით, რომ არავის არაფერი არ უნდა აპატიო.
დღეს საქართველო, დანარჩენი მსოფლიოსთვის, წარმოუდგენლად პარადოქსული ქვეყანაა კრიმინალის თვალსაზრისით _ იგი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში და ეს პროპაგანდა სულაც არ გახლავთ. პარალელურად, კრიმინალის თვალსაზრისით, სამაგალითოდ უსაფრთხო ქვეყანაში მშობლებს ეშინიათ შვილების გვიანობამდე გარეთ ყოფნის, სწორედ იმიტომ, რომ მათ სიცოცხლეს მუდმივი რისკი ემუქრება.
ასეთი შემთხვევების კვალობაზე ხშირად ისმის განწირული კითხვა, _ რა უნდა ვუყოთ ამას?! საიდან მოდის ეს დაავადება, რომელიც ყველანაირ ცვლილებას უძლებს, როგორც ტარაკანი _ რადიაციას?!
საიდან მოვიდა _ მარტივია. ამის მიზეზია _ ქურდული გაგება.
ამ მახინჯი ინსტიტუტის გასამართლებლად ხშირად ასეთი არგუმენტი მოჰყავთ: „შავები“ ახალგაზრდებს აკონტროლებენ და „ბესპრიდელის“ ზრდას აფერხებენ“.
„თავისებურად“ „იდეალური“ არგუმენტია _ ალბათ დაახლოებით ასეა კმაყოფილი ცხვარი, რომელსაც ფერმაში კარგად აჭმევენ _ დაკვლის წინ.
საქმე ის არის, რომ „ქურდული გაგება“ იმას აკონტროლებს, რასაც თავად ქმნის _ „ქურდული კოდექსი“ ახალგაზრდებში აგრესიულობას ზრდის, რადგანაც ასწავლის, _ არავის არაფერი უნდა შეარჩინო და ყველას ყველაფერზე პასუხი უნდა მოსთხოვო.
ვიღაცამ ცუდად შემოგხედა _ გაუყარე მუცელში დანა! ვიღაცა დადის გოგოსთან, რომელიც შენ მოგწონს? _ ჩაუსაფრდი და „ჩააპადიეზდე“!
აგრესია იწვევს საპასუხო აგრესიას, ამას მოყვება „საქმის გარჩევა“ და იქ უკვე ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ ვის დაასწრებს.
ეს ერთგვარი მოჯადოებული წრეა _ ქურდული გაგება ზრდის აგრესიულობას, აგრესიულობას მოყვება გარჩევები; შემდეგ „შავები“ საქმეს აგვარებენ, მათი ავტორიტეტი იზრდება, შესაბამისად, ახალგაზრდებში აგრესიული ფონი მატულობს და ა. შ.
საქართველოში ძალიან გავრცელებულია, ასე ვთქვათ, „ლატენტური ქურდული გაგება“ _ როდესაც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე, რომელსაც არავითარ კრიმინალთან შეხება არ აქვს, ამავე დროს, ქვეცნობიერად, „შავი გაგების“ მატარებელია ისე, რომ ამას თვითონაც ვერ აცნობიერებს… უსიმპტომო კორონავირუსივით.
ამ მოჯადოებული წრიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს _ ქურდული სუბკულტურის ყველანაირი, თუნდაც, უწყინარი გამოვლინების, დაუნდობელი, ნებისმიერი ხერხის გამოყენებით, სრული და უპირობო განადგურება!
მასთან შეგუება ან შეთანხმება დაუშვებელია _ როგორც კი თქვენ შავ სამყაროსთან რაღაც ტიპის შეთანხმებაზე მიდიხართ იმ იმედით, რომ კონტროლი ხელიდან არ გაგექცევათ _ ჩათვალეთ, რომ უკვე წააგეთ… ქურდულ სამყაროსთან ყოველგვარი კომპრომისი ბოლოს ქურდული სამყაროს სასარგებლოდ სრულდება…
არავითარი დანდობა, თვალის ჩაპაჭუნება, შეთანხმება _ ეს ინსტიტუტი ბოლომდე უნდა მოისპოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ქვეყანას, ადრე თუ გვიან, გაანადგურებს.
სწორედ ქურდული გაგების აღზევებამ მოიტანა ის, რაც დღეს მოსვენების საშუალებას არ აძლევს ქვეყანას _ არა მხოლოდ მკვლელობები, არამედ ზოგადი აგრესიული ფონი, ახალგაზრდებს შორის უსაქმურებისა და „ბირჟავიკების“ კრიტიკული რაოდენობა, ჯანსაღი ცხოვრებისადმი დაბალი ინტერესი, ნარკოტიკები.
შავი გაგება არის ქართული „ტრადიციული“ მენტალიტეტის ორგანული ნაწილი, რაც ზოგადადამიანური, ადეკვატური და საღი აზროვნების დეგრადაციისა და გადაგვარების ნათელი ნიშანია ჩვენს ერში.
ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სწრაფი შედეგები არ იქნება _ კრიმინალური ფსიქოლოგია იმდენად შეზრდილია ტრადიციულ თვითშეგნებასთან, რომ მის საბოლოო ამოშლას ათწლეულები დასჭირდება.
ყველას გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს რამდენად დაუნდობელი იყო ბრძოლა შავ სამყაროსთან, თუმცა მაშინაც, ყოფით ნიადაგზე „შელაპარაკების“ გამო, ადამიანებს ჩვეულებრივად კლავდნენ.
9 წელი ამ დაავადების სამკურნალოდ არ აღმოჩნდა საკმარისი. შემდეგ „ქოცები“ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებმაც კრიმინალები მოკავშირეებად დაიყენეს და ყველაფერი, მათ შორის, მოზარდების გონების მოწამვლა, თავიდან დაიწყო.
საბოლოოდ, ამ ქვეყანას სხვა შანსი არ აქვს _ ეს არ არის უბრალოდ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც მთელ მსოფლიოში ხდება, ას არის ომი მომავალი თაობების ტვინების, საბოლოო ჯამში კი, ქვეყნის გადასარჩენად.
არჩევანი მარტივია _ ან ქვეყანა მოსპობს კრიმინალურ სუბკულტურას, ან კრიმინალური სუბკულტურა ქვეყანას საბოლოოდ შთანთქავს.

თენგიზ აბლოთია