ნინო გოგუაძე: „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“

2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება _ პარლამენტმა 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებებს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ცვლილების მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

აქამდე მოქმედი სისტემით საქართველოს პარლამენტი 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატისგან კომპლექტდებოდა. 2020 წლის არჩევნებზე მოსახლეობა 30 მაჟორიტარს აირჩევს, რაც არჩევნებს მეტად პროპორციულად აქცევს.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი იქნება. ასევე გათვალისწინებულია „ჩამკეტი“, რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ან ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ _ ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად მთავარი არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლებას ასახელებდნენ. რურუა მიმდინარე სასამართლო პროცესზე პატიმრობაში დატოვეს.
„ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ცვლილებებს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა. პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ ამ გზით ხელისუფლებას რეფორმის მორიგ ჯერზე ჩაგდების შესაძლებლობას არ მისცემდნენ და 8 მარტის შეთანხმებას სრულად შესრულების პერსპექტივას შეუნარჩუნებდნენ. შემდგომ კენჭისყრებში პარტიას მონაწილეობა აღარ მიუღია.

„ევროპული საქართველოს“ ნაბიჯი იყო თუ არა პრინციპის წინააღმდეგი? რა როლი აქვს ქვეყნისთვის 120/30-ზე საარჩევნო სისტემას? შეფასებული აქვთ თუ არა ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებული რისკები და რა ფორმით ჩაერთვებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატები“?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურ მდივან ნინო გოგუაძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ნინო, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელისუფლება საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს, თქვენ როგორ აღიქვამთ ამ პროცესს?
_ პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენი წელია, პოლიტიკური პარტიები ამ ცვლილებებს ითხოვენ, ბოლოს უკვე საზოგადოებაც შეუერთდა ამ მოთხოვნას, რადგან ერთი პარტიის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება ეს არის ავტორიტარიზმი. პროპორციული არჩევნების შემოღებით ჩნდება შანსი, რომ კოალიციურ მთავრობაში ძალაუფლება გადანაწილებული იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცვლილებები, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების დამსახურებაა. ყველას გვახსოვს, როგორი შეუპოვარი წინააღმდეგობა გაწია ქართულმა, ახალმა სამოქალაქო მოძრაობამ, მათ შორის, ახალგაზრდებმა 20 ივნისის შემდეგ, ხანგრძლივი აქციები ტარდებოდა პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. ასევე ეს არის ოპოზიციური პარტიების დამსახურება, რადგან ეს მოთხოვნა სწორედ ოპოზიციური პარტიების მრგვალ მაგიდასთან გაჩნდა. ჯერ კიდევ იანვარში, 20 ივნისამდე დიდი ხნით ადრე, შეიქმნა ეს მაგიდა და საკონსტიტუციო წინადადება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ამ პარტიებმა პარლამენტში შეიტანეს. გარდა ამისა, ყველას გვახსოვს თუ როგორ გამოვიდა წინადადებით, 20 ივნისის აქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პროპორციული არჩევნების პირობა დადო, რითაც შეეცადა განემუხტა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები. მის ამ წინადადებას ყველა დადებითად შეხვდა, ამის შემდეგ კი ვნახეთ სრულიად წარმოუდგენელი სიტყვის გატეხვა, როდესაც მოაწყო „მაჟორიტარების ბუნტი“ და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. მე დიდი ხნის განმავლობაში ვხსნიდი, თუ როგორ მართავდა ქვეყანას და საკუთარ პარტიას ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ერთსა და იმავე პარტიის წარმომადგენლებს სხვადასხვა დავალებას აძლევდა, შემდეგ ერთმანეთში წარმოიქმნებოდა კონფლიქტი და ამ კონფლიქტის მეშვეობით მართავდა სიტუაციას. მაჟორიტარების აჯანყების შემდეგ კი ყველასთვის ცხადი გახდა, თუ რას ნიშნავს მართვადი ქაოსი. სწორედ ამ აჯანყებულ მაჟორიტარებს ზურგს უმაგრებდა ბიძინა ივანიშვილის სურვილი. ივანიშვილს არ სურდა პროპორციული არჩევნები, სწორედ იმიტომ, რომ მან საქვეყნოდ დადებული სიტყვა გატეხა და მიიღო უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი. შესაბამისად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან წამოვიდა დემოკრატიული შტურმი, როდესაც მას ყოველგვარი დიპლომატიური ენის გარეშე სთხოვდნენ დადებული პირობის შესრულებას და კონსენსუსის მოძებნას ოპოზიციასთან. სწორედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების მეშვეობით მოხერხდა ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთ მაგიდასთან დასხდომა და 8 მარტის შეთანხმების დადება. რაც შეეხება იმას, თუ ვისი დამსახურებაა საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს არის ოპოზიციის ბრძოლის დამსახურება. პირველ მოსმენამდე, ჩვენ, ჯერ კიდევ, არ ვიცოდით, რას აპირებდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არ იცოდა, ალბათ, უმრავლესობის არც ერთმა წევრმა, რადგან ისინი უსიტყვოდ ემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას. რადგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ამდენწლიანი ბრძოლის მონაპოვარი, „ევროპული საქართველო“ პირველ მოსმენაზე შევიდა და ეს პროექტი ჩაგდებისგან დააზღვია. მათ წინა დღეს გამოაცხადეს, რომ პირველი მოსმენით მხარს დაუჭერდნენ ამ პროექტს, რადგან თუ პირველი მოსმენით ჩავარდებოდა, მაშინ ამ არჩევნებზე საერთოდ უნდა დაგვევიწყებინა პროპორციული არჩევნები, რადგან ასეთ შემთხვევაში მთელი პროცედურის თავიდან დაწყება გახდებოდა საჭირო და ამ სესიაზე ვეღარ შემოიტანდნენ თავიდან პროექტს. სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა იმ შემთხვევაში, თუ მეორე ან მესამე მოსმენით ჩავარდებოდა, მეორე დღესვე შეძლებდნენ კანონპროექტის თავიდან შემოტანას. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა პირველი მოსმენით კენჭისყრაში, რადგან ბიძინა ივანიშვილს ისღა დარჩენოდა, მთელი ხმების მობილიზაცია მოეხდინა, რომ შემდეგ ეთქვა, „ევროპული საქართველოს“ გარეშეც გავიტანდითო. რაც შეეხება მეორე და მესამე მოსმენას, იმიტომ არ დაუჭირეს მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომ სიტყვას ფასი აქვს და შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს. როდესაც შეთანხმების ერთი ნაწილი გიორგი რურუასთან დაკავშირებით არ არის შესრულებული, ვერანირად ჩაითვლებოდა შეთანხმება სრულად შესრულებულად. ასე რომ, მთავარია პროპორციული სისტემა მიიღო ქვეყანამ, ეს სჭირდება როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე საზოგადოებას, რომელიც უნდა მიეჩვიოს კონსენსუსებით ამ ქვეყნის მართვას, რადგან ეს ქვეყანა არც ერთი ჯგუფის არ არის, გაცილებით უფრო მრავალფეროვანი სპექტრისაა. ამ სპექტრის ამსახველი უნდა იყოს პარლამენტი.
_ „ევროპული საქართველო“ კენჭისყრამდე მუდმივად ამტკიცებდა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას და მხოლოდ წინა დღით შეცვალა გადაწყვეტილება, რაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პრინციპის წინააღმდეგ წასვლად აღიქვა. წავიდა „ევროპული საქართველო“ პრინციპების წინააღმდეგ?
_ „ევროპული საქართველოს“ მხრიდან ეს არ ყოფილა პრინციპის წინააღმდეგ წასვლა. პრინციპის წინააღმდეგ წავიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მიიღო ის საარჩევნო სისტემა და რომლის მიღებაც მას არ უნდოდა. „ევროპულმა საქართველომ“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ბოლომდე იბრძოლა რურუას გამოსაშვებად. ყველას გვახსოვს, რომ თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთი პოზიცია გვქონდა რურუასთან დაკავშირებით, მაგრამ პირველ მოსმენაზე რომ ჩავარდნილიყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რურუას საქმეც მთავრდებოდა და პროპორციულიც. ჩვენ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს არ ყოფილა პრინციპის წინააღმდეგ წასვლა, სწორედ იმიტომ, რომ მეორე და მესამე მოსმენაზე მხარი არ დაუჭერია „ევროპულ საქართველოს“, ანუ კონსენსუსი არ გაუფურმეს „ქართულ ოცნებას“, ხოლო ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემის დაზღვევაში მონაწილეობა მიიღეს. რომ არა „ევროპული საქართველოს“ პირველ მოსმენაში მონაწილეობა, ჩვენ არ ვიცით, დღეს რომელი საარჩევნო სისტემის წინაშე ვიქნებოდით, სავარაუდოდ, დარჩებოდა არსებული საარჩევნო სისტემა 77/73-ზე. ასე რომ, ვფიქრობ, ეს პრინციპთან შეუთავსებლობა კი არა, ძალიან გონიერი და ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური ნაბიჯი იყო.
_ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა ერთობამ საერთო კანდიდატები წარადგინეთ თბილისის ოლქებში. ეს ხომ არ ითამაშებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რადგან ისინი ყველას „ნაციონალებს“ დაგიძახებენ და კვლავ ამაზე ააგებენ საარჩევნო კამპანიას, ეს რისკები გათვლილი გაქვთ ოპოზიციას?
_ „ქართული ოცნების“ სტრატეგია ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება. მათ ექნებათ მცდელობა, მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება დაყონ „ნაციონალურ მოძრაობად“ და „ქართულ ოცნებად“, რომელიც არის „ნაციონალების“ შემაკავებელი ერთ-ერთი „გარანტია“. მაშინ, როცა ყველა მანკიერი თვისება, რაც ახასიათებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ადამიანებითვე გადმოიბარა და ზუსტად იგივეს აკეთებს, რისთვისაც მე და ჩემი პარტია ვებრძოდით „ნაციონალურ მოძრაობას“. „ქართული ოცნების“ ერთადერთი იდეოლოგიური საყრდენი არის ის, რომ თუ თვითონ არ იქნებიან, მოვლენ „ნაციონალები“. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, შედგება თუ არა საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, „ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება მთავარი წინასაარჩევნო სტრატეგია. რაც შეეხება საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებას, პროპორციული არჩევნები სწორედ იმას გულისხმობს, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მრავალფეროვანი სპექტრი იყოს წარმოდგენილი. საერთო მაჟორიტარი კანდიდატები უნდა ასახავდნენ ასე თუ ისე განსხვავებულ სპექტრს, რომელსაც მთელი ოპოზიცია დაუჭერს მხარს, მიუხედავად იმისა, მათი წარმომადგენელია თუ არა. ანუ პროპორციულობის ნაწილიც შემოვიდა ამ შეთანხმებაში. ოღონდ ეს შეთანხმება შედგა იმ პარტიებთან, რომლებიც თავიდანვე აცხადებდნენ, რომ კოალიციას არ შექმნიან ბიძინა ივანიშვილთან. ეს არის მთავარი ხაზი. ამ შეთანხმებაში მონაწილე პარტიები ერთმანეთისგან განვსხვავდებით, მათ შორის, წარსულის შეფასებასა და რეფლექსიასთან, მომავლის ხედვასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ კოალიცია შეიქმნა, თავისთავად კოალიცია ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოსაზრებების მქონე პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ადამიანებმა შეძლონ კონსენსუსის გამონახვა. ეს შეთანხმებაც, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ ერთი პარტიის წარმომადგენელი კი არ ყოფილიყო, არამედ რაც შეიძლება მრავალფეროვანი სპექტრი შექმნილიყო, რომელსაც მთლიანად ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა ექნებოდა. ასე რომ, მე საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებას ვუყურებ, როგორც დადებით მოვლენას. შეიძლებოდა უფრო ფართო შეთანხმებაც ყოფილიყო, მაგრამ ზოგს თავისი სტრატეგია აქვს არჩეული და, რასაკვირველია, მათი სტრატეგია არის მათი ნება, მაგრამ, მგონი, საკმაოდ ღირსეული კანდიდატები დასახელდა თბილისში, თან ისეთი კანდიდატები, რომლებიც არიან მისაღები როგორც შუაშისტებისთვის, ასევე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს არ შეიძლება ჰქონდეს მათ მიმართ მიუღებლობა, თუ ეს ამომრჩევლები არ არიან თავიდან ბოლომდე ზომბირებულები ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდის მიერ.
_ თავადვე აღნიშნეთ, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც საერთო კანდიდატები გყავთ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გაქვთ, ეს ხომ არ შექმნის ამომრჩეველში გარკვეული ტიპის უნდობლობას ან დაბნეულობას?
_ ამომრჩევლებს პოლიტიკური პარტიები უნდა ველაპარაკოთ, მათ შორის, იმაზე, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და ვერავინ ვერავის ვერ გააქრობს. საქართველო ძალიან მრავალფეროვანია სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის თვალსაზრისით. თუნდაც რომელიმე პრეზიდენტის გულმხურვალე მომხრეებით და მისი შეუპოვარი მოწინააღმდეგეებით. ასეთია ჩვენი ქვეყანა და ვერავინ შეძლებს ვინმეს გაქრობას. ამიტომ ამ მოცემულობაში უნდა ვისწავლოთ ის, რაც ჯერ არ ვიცით. სამწუხაროდ, არ გვქონია ასეთი პოლიტიკური გამოცდილება, რომ ერთმანეთის აღიარება, ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენა და კონსენსუსის მოძებნა შევძლოთ, რაც, რა თქმა უნდა, გამოწვევაა. თუმცა ჩვენმა საზოგადოებამაც უნდა გაიგოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს „კომუნისტური პარტია“, რომელიც არსობრივად იყო ერთი პარტია და ყველაფერს განსაზღვრავდა. არსებობდა მხოლოდ ერთი აზრი, ერთი ადამიანი, რომლის მიხედვითაც უნდა გემოქმედა. არ არსებობდა დამოუკიდებელი აზროვნება და როდესაც ხელისუფლება 30 წელია, ერთი პარტიის ან, კიდევ უფრო მძიმე შემთხვევაში, ერთი პირის ხელშია, ეს არ არის ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ძალაუფლებას სჭირდება დაბალანსება. ნორმალურ სახელმწიფოებში ძალაუფლებას აბალანსებს ინსტიტუტები. მაგალითად, მთავრობის ზედამხედველობის ფუნქცია აქვს პარლამენტს. პარლამენტი იმით კი არ უნდა იყოს დაკავებული, რითაც დღევანდელი ან წინა ხელისუფლების ან, თუნდაც, იმის წინა ხელისუფლების დროს იყვნენ, თავიანთ მთავრობას რომ გადაეფარებოდნენ და ამბობდნენ: „ესენი ამის გამკეთებლები არიან, ჩვენ ყველაფერში მართლები ვართო“, არამედ მას ინსტიტუციურად ევალება, რომ ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობას და ხარვეზები აღმოფხვრას. ჩვენ პარლამენტის ინსტიტუტი არ გაგვაჩნია. ჩვენი პარლამენტი დღეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი, _ რა დაკვეთაც არის „ზევიდან“, იმ დაკვეთას ასრულებს პარლამენტი.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი, ფუნდამენტური ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო, რომელიც ხელისუფლების დაბალანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. დღეს რა დღეშიც გვაქვს სასამართლო, ყველანი ვხედავთ და სააკაშვილის სასამართლო უვადოდ რომ დავაკანონეთ, ამაზე აღარაფერს ვამბობ. როდესაც ხელისუფლებას ინსტიტუტები არ აბალანსებს, სწორედ პროპორციული არჩევნები და მრავალფეროვანი კოალიცია შეიძლება აღმოჩნდეს (იმედი მაქვს, აღმოჩნდება!) მართვის დამბალანსებელი. ჩვენ გვჭირდება ძალაუფლების ბალანსი, რომლის გამოცდილებაც არ გაგვაჩნია. რასაკვირველია, ამ ბალანსით უნდა განვითარდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რადგან ინსტიტუტების გარეშე არანაირი დამოუკიდებელი და სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს.
_ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, დასავლეთიდან კვლავ ისმის კრიტიკული განცხადებები. გავიხსენოთ 13 კონგრესმენის წერილი, კონგრესმენ მარკუენ მალინის სტატია, რასაც ხელისუფლება ცალკეული პირების განცხადებად აღიქვამს. თქვენი შეფასებით, რაზე მეტყველებს დასავლეთის გზავნილები?
_ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საქვეყნოდ დადებული სიტყვა გატეხა, ჩამოამსხვრია ნდობა პარტნიორებს შორის, რადგან ასეთი რამ პოლიტიკაში არ ხდება. პოლიტიკაში სიტყვას აქვს ფასი. პარტნიორობა ნდობაზეა დამყარებული. როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ ჩემს სიტყვას ფასი არ აქვსო, ასეთ შემთხვევაში ნდობა ინგრევა და პარტნიორობას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება. სწორედ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სიტყვის გატეხის შემდეგ წამოვიდა დასავლეთიდან დემოკრატიული შტურმი. კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებები იმის მაგალითია, თუ როგორ არ უნდა ესაუბრებოდე შენს პარტნიორებს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები რუსები კი არ არიან, მათსავით ტანკს კი არ შემოიყვანენ და კი არ დაგიპყრობენ, არამედ შენ თვითონ, როდესაც ქვეყანას არჩევანი გაქვს გაკეთებული და შენი გაცხადებული მიზანია, რომ გახდე თავისუფალი სამყაროს წევრი, თავისუფალ სამყაროს კი თავისი სტანდარტები, წესები აქვს, რომელთა დაცვასაც გთხოვენ. ამ წესების დაცვა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს დემოკრატიას სჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიზანი და ინტერესია, რომ ამ რეგიონში საქართველო იყოს წარმატებული, დემოკრატიული ქვეყანა. ასე რომ, ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. როდესაც დასავლეთიდან წამოსულ გზავნილებს არათუ კრიტიკად აღიქვამს ხელისუფლება, არამედ ამბობს, რომ ცალკეული კონგრესმენები და „ნაციონალების“ მეგობრები არიანო, – ეს არაადეკვატური შეფასებაა. როდესაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელ თავმჯდომარე ჯიმ რიშს, ასევე სენატორ ჯიმ შაჰინს „ნაციონალად“ გამოაცხადებ, ე. ი. წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ მუშაობს ამერიკის პოლიტიკა და როგორი გავლენა აქვთ სენატორებსა თუ კონგრესმენებს ამერიკის პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. რაც შეეხება 13 კონგრესმენის წერილს, სადაც ღიად არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი, როგორც „პუტინის კაცი“, ეს მმართველი რესპუბლიკური პარტიის, ყველაზე დიდი, 150-წევრიანი კონსერვატიული ფრაქციის სტრატეგიული დოკუმენტია, რომლის შექმნის პროცესშიც უამრავი სხვადასხვა წყაროდან ინფორმაცია მიიღეს. ამ დოკუმენტზე მუშაობდა ათასობით სტაფერი. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამას უმნიშვნელოს უწოდებენ, არაადეკვატურები არიან და თუ ეს დოკუმენტი ასეთი უმნიშვნელო იყო, ამის საპასუხოდ რაღა საჭირო იყო ბიძინა ივანიშვილზე ლობისტების მიერ პანეგირიკის გამოქვეყნება? ამ პანეგირიკში ხსნიდნენ, თუ როგორი ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი. მეორე: რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, ფილანტროპია თუ ხეების მოყვარულია ან ამას რა კავშირი აქვს იმ ასპექტთან, სადაც ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის დადანაშაულებული რუსეთთან კავშირში? „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმება დღემდე შესრულებული რომ არ აქვს, ამაზე საუბარი გრძელდება, მათ შორის, რურუას გამოშვებაზე ბოლო განცხადება ჯიმ რიშმა გააკეთა; ასევე ძალიან საყურადღებო იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს განცხადება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ არის დასავლეთის მხრიდან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ასეთი აქტუალურია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის, აშშ-ისთვის.

– დაბოლოს, როგორია „თავისუფალი დემოკრატების“ ამოცანა 2020 წლის არჩევნების კონტექსტში და თუ გაქვთ კონკრეტული გეგმები?
_ აუცილებლად ვიქნებით აქტიურები. ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუ რა ფორმით ვიქნებით წარმოდგენილი, თუმცა ყველამ იცით, რომ ჩვენი პარტნიორია „ევროპული საქართველო“. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვისაუბრებთ, თუ რა ფორმით მივიღებთ მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მთელი ჩვენი ფილოსოფია დამყარებულია იმაზე, რომ ძალაუფლება დაბალანსებული იყოს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთი პარტიის ხელში არ მოხვდეს კონცენტრირებული ძალაუფლება. „ქართულ ოცნებას“ სურს, ორპოლუსიანად დახატოს გარემო, ჩვენ არც ერთ ამ პოლუსთან არ ვიქნებით, ეს ზუსტად ვიცი, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ პოლარიზაციისგან, სიძულვილისგან, გაბოროტებისგან გავათავისუფლოთ ქართული პოლიტიკა და ეს შესაძლებელი გახდება დაბალანსებული ძალაუფლების პირობებში. „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილს სწორედ აქ ვხედავ.

ნენე ინჯგია