მანანა ჯებაშვილი: „ბიძინას უძლეველობა მითია!“

კორონავირუსმა თითქოს აქტუალობა დაკარგა. ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო გამოშვებები „მკვლელი ვირუსის“ ნიუსებით აღარ იწყება. ამასობაში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ პანიკურ განცხადებას აკეთებს, ანუ ჯანმოში აცხადებენ, რომ კორონავირუსმა მუტაცია განიცადა.

„მეცნიერები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან კორონავირუსის გენომის ჯაჭვებს, რომელთა რაოდენობა 50 ათასზე მეტია. ვირუსის მუტაცია, ჯერ კიდევ, თებერვალში დადგინდა და არ გამოვრიცხავთ, რომ მუტაციის შედეგად ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელდეს“, _ გვაუწყა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერკოვემ და იქვე დასძინა, კორონავირუსის მეორე ტალღის ლოდინის ნაცვლად, ვირუსთან ბრძოლა უფრო საჭიროაო.
ერთი სიტყვით, მსოფლიო კორონასთან თანაცხოვრებას ნელ-ნელა სწავლობს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მეტიც: ცივილიზებული მსოფლიო კორონასთან ბრძოლის ქართულ მეთოდებს აღიარებს, რასაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონის განცხადებაც მოწმობს:
„ჩვენ ვხედავთ პოზიტიური გამოცდილების ძალიან კარგ შედეგებს ახლა, როცა საქართველო შევიდა ე. წ. მწვანე ქვეყნების რიგში, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ეკონომიკურ უპირატესობასაც მიიღებს, როგორც ფრენების, ისე ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით. …საქართველოს მაგალითი სრულიად სანიმუშოა მთელი მსოფლიოსთვის, ამას ყველა აღიარებს!“
რა გახდა კორონასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზი _ ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი, ხელისუფლების კარგი კრიზისგეგმა თუ, უბრალოდ, უფლის წყალობამ გვიშველა? _ ეს კითხვა „ქრონიკა+“-მა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ექიმ მანანა ჯებაშვილს დაუსვა.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს მანანა ჯებაშვილთან, რომელიც ლეიბორისტების ოფისში გამართული მოლაპარაკებების აქტიური მონაწილეა:

_ ქალბატონო მანანა, როგორ ხართ, კორონობა როგორ გადაიტანეთ?
_ კორონობა მთელ მსოფლიოს დიდ უბედურებად დაატყდა თავს, თუმცა საქართველოში COVID-19 ისე ფართოდ არ გავრცელდა, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში.
ამის მიუხედავად, არ დაგიმალავთ და, პირადად მე, ძალიან ვღელავდი.
_ რატომ?
_ ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ვირუსის მკვეთრად გავრცელებას ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებდა. სხვათა შორის, ეს ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემაც კარგად იცოდნენ, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს წარმოადგენენ. ამიტომაც ყველაფერი გააკეთეს, რომ დაავადების გავრცელება მინიმალური ყოფილიყო.
_ იმაზე არავინ კამათობს, რომ მედპერსონალმა, მართლაც, შეუძლებელი შეძლო და „უხილავ მტერთან“ ბრძოლაში ვინმე არც გამყრელიძე-იმნაძის როლს აკნინებს, მაგრამ, ქალბატონო მანანა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სფეროს ზედმიწევნით კარგად იცნობთ, პირდაპირ მითხარით, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ პანდემიურ შოკებს გაუძლო თუ ვერა?
_ ამ პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები, ცხადია, იყო, მაგრამ მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, ტრაგიკული შედეგები არ მოჰყოლია.
_ ცხადია, თოთოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, მაგრამ აშშ-სა თუ ევროპის ან, თუნდაც, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ფონზე, სადაც ასობით და ათასობით ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიიდან, როგორც იტყვიან, კარგად გამოვძვერით. იმას, რომ „მკვლელმა ვირუსმა“ საქართველოს მაინცდამაინც დიდი ზარალი ვერ მიაყენა, რას მიაწერეთ _ ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმს, მმართველი პარტიის კარგ ანტიკრიზისულ მენეჯმენტს თუ, უბრალოდ, ღვთისმშობლის წილხვედრობამ გვიშველა?
_ ზოგადად, ყველა სიკეთე უფლისგანაა და საქართველო დიდ უბედურებას სწორედ მისი მადლით გადაურჩა.
_ შეიძლება, თუმცა ის, რომ საქართველო ე. წ. მწვანე ქვეყნების სიაშია, არ მგონია, მხოლოდ უფლის დამსახურება იყოს.
_ დიახ, უფალმა ისიც თქვა, თუ გინდა, რომ გადარჩე, ხელი გაანძრიეო.
მოკლედ, მიმაჩნია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კარგად იმუშავა.
_ უფრო კონკრეტულად?
_ იმ გადაწყვეტილებების უმრავლესობა, რომელსაც ამ სტრუქტურის ხელმძღვანელები იღებდნენ, სწორი იყო.
სხვათა შორის, გარკვეული შენიშვნები და ინიციატივებიც გვქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმ ღვაწლს ვერ დავუკარგავთ, რაც პანდემის პერიოდში გასწიეს.
სამაგიეროდ, კრიტიკას იმსახურებს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დაპაუზებულ პერიოდში დაუცველი, ყოველგვარ დახმარების გარეშე დატოვა.
ყველას გვახსოვს პანდემიამდე არსებული საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და გაღატაკებული ქართველი ხალხის სიდუხჭირე. ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში 77 ათასი ბავშვი შიმშილობდა.
_ უკაცრავად, ეს პანდემიის კრიზისმენეჯმენტთან რა კავშირშია?
_ როცა ასეთ პირობებში მყოფ შენს მოსახლეობას რამდენიმე თვე დახმარების გარეშე დატოვებ, რა სახელმწიფო ხარ?! სახელმწიფოს რომ საავადმყოფოების ვალი ჰქონდა, ეს ახალი არაა, მაგრამ ცხელების ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც ამ სახიფათო ზონაში თავდადებით იმუშავეს და მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, კუთვნილ, მინიმალურ ხელფასს ოთხი თვე რომ არ მისცემ და გაფიცვას აიძულებ, სახელმწიფო აღარ გქვია!
_ ძნელია, არ დაგეთანხმოთ…
ისე, ქალბატონო მანანა, სხვებთან ერთად, თუ არ მეშლება, თქვენც მასობრივი ტესტირების მომხრე იყავით. მასობრივი ტესტირება თავიდანვე რომ დაწყებულიყო, როგორ ფიქრობთ, დღეს სხვა სურათი გვექნებოდა?
_ დიახ, მასობრივ ტესტირებას ვითხოვდი და ახლაც ვითხოვ, რომ ყველა პაციენტს, სიმპტომატიკის მიუხედავად, COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდეს.
_ მასობრივი ტესტირება ახლა აუცილებელი რატომღაა?
_ აუცილებელი იმიტომაა, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა.
საერთოდ, განყენებულად მხოლოდ ერთ ქვეყანაში, მით უფრო მანამდე, სანამ ვაქცინა არ არსებობს, ვერც დასრულდება.
_ ისე, თუ საქართველო მწვანე ზონაა, მაშინ საინტერესოა, ხელისუფლება საზღვრებს რატომ არ ხსნის? ხომ არ ფიქრობთ, რომ კორონა, ერთგვარად, „ოცნების“ მოკავშირე“ გახდა და ეპიდემიას ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს?
_ ვერ გეტყვით, ჩვენი ხელისუფლება ამას არ იკადრებს-მეთქი, მაგრამ ბოლო დროს ყველა COVID-19-ის შემთხვევა უცხოეთიდანაა შემოტანილი.
_ ანუ?
_ ამ ვირუსით დაავადებულები, ძირითადად, უცხოეთიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლები და ჩვეულებრივი მგზავრები არიან.
თუ საზღვრებს ფართოდ გავხსნით, ბუნებრივია, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, რასაც ვირუსის გავრცელება მოჰყვება. ამის შემდეგ კი ხელისუფლებას ნამდვილად მიეცემა მანიპულირების საშუალება.
ზოგადად, ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება რთულია და საზღვრები დიდი სიფრთხილით, ყველა რეკომენდაციისა და რეგულაციის დაცვით, ასევე მკაცრი კონტროლით უნდა გაიხსნას.
აქვე ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ თუ ვირუსი ფართოდ გავრცელდა, ჩვენი ჯანდაცვა, რომელიც ისედაც არაა ძლიერი, ამ გამოწვევას ვერ გაუძლებს და პროცესი შესაძლოა, ბუნებრივი გადარჩევის პრინციპით წარიმართოს. ამიტომ კატეგორიული მოთხოვნა, რომ ძველებურ ცხოვრებას მანამ დავუბრუნდეთ, სანამ პანდემია დასრულებული არაა, გონივრულად არ მიმაჩნია!
_ ქალბატონო მანანა, თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ კორონას პარალელურად სხვა დაავადებებიც არსებობს, ანუ იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც კორონაზე იყო გადართული, ამით სხვა პაციენტებს, მინიმუმ, ყურადღება ხომ არ მოაკლდათ?
_ კლინიკებში ზედმეტად სიარულსა და ექიმებთან ვიზიტებს თავად პაციენტებიც ერიდებოდნენ, ასევე გადადებული იყო გეგმური ოპერაციები, თუმცა ურგენტული შემთხვევების დროს სრული სამედიცინო მომსახურება ტარდებოდა.
მთლიანობაში, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ასეთი ვითარება კომფორტული არაა და, გარკვეულწილად, სამედიცინო კონტროლის დეფიციტს იწვევს.
_ სხვათა შორის, ახლახან პარლამენტმა კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებების დაჯარიმების მექანიზმი შეიცვალა. ეს, თქვენი აზრით, რას ემსახურება?
_ ინიცირებული ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების შესაძლებლობას ზღუდავს, რეგულირების სააგენტოს კი სასამართლო დავების გარეშე სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმების უფლებას ანიჭებს.
ასევე ზემოხსენებული ცვლილებები საჯარიმო სანქციების გაზრდასა და ლიცენზირების პირობების შეცვლასაც გულისხმობს.
ვფიქრობ, ეს კანონი პოლიტიკური ზეგავლენის, კორუფციისა და სადამსჯელო მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების გამოყენების რისკებს შეიცავს, რაც დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს არღვევს და საბჭოთა პერიოდში გვაბრუნებს!
ამ ეტაპზე პარლამენტში აღნიშნული კანონის მოსმენა გადაიდო.
_ რაც შეეხება პოლიტიკას, ქალბატონო მანანა, რა ხდება, ოპოზიციაში უთანხმოება მართლა არსებობს, ანუ მოარული ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ თითქოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი ოპოზიციის სტატუსის ჩამორთმევას ცდილობს და ამის გამო „ოცნებას“ გაურიგდა. ამაზე რამე გსმენიათ?
_ რაც უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ოპოზიციის სტატუსს ვერავინ ჩამოართმევს!
ამ პარტიის ლიდერ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, რაც ბუნებრივია.
_ ბუნებრივი რატომაა?
_ სააკაშვილზე უფრო მაღალი კლასისა და ნდობის მქონე ლიდერი პოლიტიკურ ასპარეზზე, ჯერჯერობით, არ ჩანს.
თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცებს თვითონ არ დათმობს და გამარჯვებისთვის მყარად, თავდადებით იბრძოლებს, „გარიგებულები“ ვერაფერს დააკლებენ!
_ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროექტებში აქტიურად მონაწილეობთ, ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც ხართ. ჰოდა, მითხარით, თქვენმა პარტიამ და, საერთოდ, „ძალა ერთობაშიამ“ გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატურას რატომ არ დაუჭირა მხარი?
_ დიახ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროექტებში ვმონაწილეობ, ვინაიდან ვხედავ, რომ ამით დიდი საქმე კეთდება.
ამ გუნდს აქვს იდეები, კონცეფციები, თითქმის ყველა დარგის რეფორმირების პროგრამა, რაც მომავალი საქართველოს წინსვლისა და განვითარების საფუძველია.
ეს მიხეილ სააკაშვილის გზის გაგრძელებაა!
ეს ჩვენი მოსახლეობის სიდუხჭირიდან გამოყვანა, ჩვენი ახალგაზრდობის ნათელი მომავალი, ჩვენი პენსიონერებისთვის კი მშვიდი და ღირსეული ცხოვრებაა!
ამასთან, ეს ჩვენი პაციენტების თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობის უზრუნველყოფაცაა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, რომელიც მრავალი ქართველი და უცხოელი ექსპერტისგან შედგება, ორიენტირებულია, რომ ერთდროულად მოახდინოს ყველა დარგის რეფორმირება, შექმნას დახვეწილი სისტემები, მოქნილი რეგულაციები, დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, გამოიყენოს საქართველოში არსებული უდიდესი რესურსი ქვეყნის საკეთილდღეოდ და საქართველოს მოსახლეობას განვითარების პერსპექტივა დაუბრუნოს.
პრემიერად გიორგი ვაშაძე, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი და სულის ჩამდგმელია, ქალბატონმა თამარ ჩარკვიანმა ისურვა.
ისე, მეც მაქვს სურვილი, რომ საქართველოს პრემიერი მიხეილ სააკაშვილი იყოს. ალბათ, სხვებსაც ექნებათ სურვილები და პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატებიც ეყოლებათ, მაგრამ გაერთიანებულ ოპოზიციაში ამ საკითხის ოფიციალური განხილვა არ შემდგარა.
ხალხისგან ხშირად მსმენია, ჯერ გავიმარჯვოთ და პრემიერ-მინისტრი შემდეგ ავირჩიოთო.
_ რაღა დაგიმალოთ და მეც ასე ვფიქრობ, ანუ პრემიერობის კანდიდატის დასახელებამ ანდაზა გამახსენა, ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო…
_ მესმის, მაგრამ პირადად მე, მირჩევნია, წინასწარ ვიცოდე იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც ქვეყანა უნდა ვანდო.
ჩემი სარეანიმაციო სამშობლოს ბედი სწორედ პრემიერ-მინისტრის უნარებზე, მის პატრიოტიზმსა და პატიოსნებაზეა დამოკიდებული!
_ ისე, ქალბატონო მანანა, სამართლიანად მიგაჩნიათ, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან მაჟორიტარობის კანდიდატი მხოლოდ ორში რომ დაასახელა?
_ ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ორი მაჟორიტარი ცოტაა.
_ თქვენსავით, როგორც ვიცი, სხვებიც ფიქრობენ…
საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. შესაბამისად, ე. წ. ლეიბორისტულმა მაგიდამ, რომლის მუშაობაშიც აქტიურად იყავით ჩართული, მისია ამოწურა თუ არა?
_ დიდი გაერთიანება, რომელიც პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ლეიბორისტების ოფისში იკრიბებოდა, დასრულდა. შემდეგ იყო თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმება.
რამდენად შეთანხმდებიან რეგიონებში საერთო კანდიდატებზე, ჯერ ცნობილი არაა, ამ გაერთიანების ფარგლებში კი ერთიანი საარჩევნო სია გამორიცხულია.
_ თქვენ, როგორც მკვეთრად გამოხატულ პროდასავლური შეხედულებების ადამიანს, მინიმუმ, უხერხულობა არ გექმნებათ, რომ ამ მაგიდასთან პრორუსულ ვექტორთან ერთად იჯექით, ანუ იგივე ენმ-მ რატომ არ მიბაძა თაკო ჩარკვიანს და როცა მოლაპარაკებები პროპორციულ სისტემას გასცდა, ეს მაგიდა რატომ არ დატოვა?
_ უმჯობესი იქნებოდა, ლეიბორისტების ოფისში მაგიდასთან მხოლოდ პროდასავლური პარტიები მსხდარიყვნენ!
_ გასაგებია, რომ დასავლეთის ინტერესი დიდია, მაგრამ იმ დროს, როცა ევროპელებიც არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი საქართველოში არჩევნებზე საკუთარი ინტერესების გატარებას შეეცდება, ოპოზიციას არჩევნების არგაყალბების რა ბერკეტები აქვს?
_ ოპოზიცია, როგორც არასდროს, ისე უნდა მობილიზდეს და გაყალბების ყველა სქემა აღკვეთოს.
ბიძინას უძლეველობა მითია! მასზე ბევრად ძლიერი და გონიერი შევარდნაძე, რომელიც დასავლეთში აღიარებული იყო და აშშ-ევროპის ლიდერებთან მეგობრობდა, დავამარცხეთ!
_ სხვათა შორის, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არაა, ანუ გიორგი რურუა ისევ ციხეშია. ამ კუთხით რამე, ასე ვთქვათ, გარღვევას ელოდებით?
_ მართალია, 8 მარტის შეთანხმებაში სხვა პოლიტპატიმრები ვერ მოხვდნენ, მაგრამ კარგა ხანია, ბაჩო ახალაია, რომა შამათავა, ფირცხალავა, ცააძე და სხვები ბიძინას პირადი პატიმრები არიან.
ოქტომბერში ოპოზიციის გამარჯვება პოლიტპატიმრების არსებობას წერტილს დაუსვამს.
_ დაბოლოს, ქალბატონო მანანა, ოპოზიციამ შეცდომა ხომ არ დაუშვა, როცა 8 მარტის შეთანხმებით მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა არ მოითხოვა?
_ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ჭაობში მყოფი ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია, სამშობლოდან დევნილია და ვფიქრობ, იგი ჩვენგან უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს!

გიორგი აბაშიძე