პეტრე მამრაძე: „ივანიშვილი „ოცნებას“ ვეღარ აკონტროლებს“

ამერიკის კონგრესის მიერ მომზადებულმა დოკუმენტმა ოპოზიცია ძალიან გაახარა. ისინი ფიქრობენ, რომ შორს არაა დღე, როცა ვაშინგტონი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს. ოპოზიციის სიხარული ნაადრევად ეჩვენება „მართვის სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელ პეტრე მამრაძეს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერს ამერიკიდან არანაირი სანქციები არ ელოდება. მამრაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს არ აინტერესებს პოლიტიკა, არ ერევა პოლიტიკაში და პრობლემები შეიძლება, ამის გამო შეექმნას.

ვინ უბედავს „ოცნების“ ლიდერს ურჩობას? რა შეცდომას უშვებს ივანიშვილი? რატომ არ ემუქრება მას ვაშინგტონიდან საფრთხე? რა შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს პეტრე მამრაძე ესაუბრება:

_ ბატონო პეტრე, აშშ-ის კონგრესის მიერ მომზადებული დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი, „ოცნების“ ლიდერი არსად გამოჩენილა. ის დიდი ხანია, ისედაც არ ჩანს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მისი საქმე ძალიან ცუდადაა. თქვენ რას იტყვით?
_ ჩემი აზრით, ივანიშვილს შეშფოთებისთვის არანაირი საფუძველი არ აქვს. ამერიკის კონგრესის მიერ მომზადებული დოკუმენტი მას პრობლემას არ შეუქმნის. რაც შეეხება საქართველოში არსებულ კატასტროფულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ეს ნამდვილად უნდა იყოს მისთვის შეშფოთების მიზეზი. რომელი კონგრესმენი რას იტყვის ივანიშვილზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
_ სანქციების დაწესებაზე რას გვეტყვით? _ ერთია, რას ფიქრობენ მასზე კონგრესმენები და მეორეა, დაუწესებენ თუ არა მას სანქციებს.
_ ამერიკის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას არ ველოდები. რატომ უნდა დაუწესონ მას სანქციები, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ჩვენზე ბევრად უარესი მდგომარეობაა, მაგრამ მათ სანქციებს არ უწესებენ? არც პუტინთან მეკავშირეობის გამო დაუწესებიათ ვინმესთვის სანქცია.
_ ევროკავშირის რომელ ქვეყანაშია საქართველოზე უარესი მდგომარეობა და ვინ მიიჩნევა იქ პუტინის მოკავშირედ?
_ მაგალითისთვის უნგრეთსა და პოლონეთს მოვიყვან: უნგრეთის პრემიერი ღიად აცხადებს, რომ მისთვის სამაგალითოა პრეზიდენტი პუტინი. ამის გამო მას სანქციებს არავინ უწესებს. პოლონეთში კაჩინსკის პარტია იღებს კანონებს, რომელიც პრესის თავისუფლებას ზღუდავს. ისინი ევროკავშირმა გააფრთხილა, მაგრამ ყურად არ იღეს და მშვიდად აგრძელებენ აღებულ კურსს. ამის გამო ვარშავას ევროკავშირიდან გარიცხვით არავინ ემუქრება. დღეს მსოფლიოში სულ სხვა ვითარებაა და ამიტომ ივანიშვილს არ აქვს მიზეზი, შეშფოთდეს კონგრესის მიერ მომზადებული დოკუმენტის გამო. საქართველოში არსებული დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ნამდვილად იმსახურებს შეშფოთებას.
_ მძიმე სოციალური მდგომარეობა აიძულებს ივანიშვილს, რომ რაღაც შეცვალოს? 2018 წელს კვირიკაშვილი პრემიერობიდან იმის გამო გაუშვეს, რომ „იუნისეფის“ დასკვნით, საქართველოში ბავშვები შიმშილობენ. ამ დასკვნის გარეშე ხელისუფლებამ არ იცოდა, აქ რა მძიმე სურათი იყო? ან ივანიშვილისთვის უცნობი იყო, რომ საქართველოში ადამიანები სიღატაკეში ცხოვრობენ?
_ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას ყოველთვის ვცდილობ, რომ მას, როგორც საქართველოს ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედს, მადლობა გადავუხადო. ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო ის, რომ ეს ადამიანი შემოვიდა პოლიტიკაში, რომელიც მას ასე ძალიან ეზიზღებოდა და ახლაც ეზიზღება. არა მარტო შემოვიდა, არამედ რეალური რისკის ქვეშ დააყენა მთელი მისი ოჯახი, მას ყოველთვის მადლობას ვეტყვი! მაგრამ ვერც იმას ავუვლი გვერდს, რომ პოლიტიკაში იგი სრულიად არაადეკვატურად იქცევა. არაადკვატური იყო კვირიკაშვილის გაშვება პრემიერობიდან. „ოცნების“ დახურულ სხდომაზე რომელიღაცამ წაიკითხა „იუნისეფის“ დასკვნა, სადაც ეწერა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ. მაშინ შეშფოთდა ივანიშვილი და თქვა, _ ორმა ბანკმა გადაჭამა საქართველოო და გაუშვა კვირიკაშვილი. ადამიანი რაღაც ინფორმაციას რომ გაიგებს, გაფიცხდება და მაგიდაზე მუშტს დაარტყამს, ეს არ არის ქვეყნის მართვა. ასეთ დროს შეიძლება, ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კითხვის ნიშნებს გააჩენს.
_ თქვენ კვირიკაშვილის შეცვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაგიჩნდათ? არ უნდა გაეშვა ის ივანიშვილს?
_ სხვათა შორის, მაქვს კითხვები. ასევე მაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაუშვეს ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გიორგი ქობულია? ის ადამიანი გაუშვეს მთავრობიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ეკონომიკა მონოპოლისტური გარიგებებით არ უნდა იმართებოდესო.
წლების წინათ ივანიშვილმა ძალიან მაგარი რამე თქვა, _ საქართველოში არ არსებობს საშუალო ფენა, რომელსაც შეუძლია საკუთარი მთავრობის გაკონტროლება. ამის გაკეთება მე მიწევს შეძლებისდაგვარადო. თქვენ რა გგონიათ, მან ჩააწყო, რომ შარშან ნოემბერში უმრავლესობას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ჩაეგდო? არა და არა.
_ იმის თქმა გინდათ, რომ დაჩი ბერაიამ და დიმიტრი ხუნდაძემ ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა გაბედეს?
_ ამათაც გაუბედეს და სხვებმაც. იგივე კახა ოქრიაშვილმა გაბედა მისი ნების წინააღმდეგ წასვლა.
_ ოქრიაშვილმა რომ ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა გაბედა, ამას დავიჯერებ, მაგრამ დაჩი ბერაიაზე და დიმიტრი ხუნდაძეზე არ მჯერა. კახა ოქრიაშვილი ყოველთვის ღიად ამბობდა, რომ მისთვის პროპორციული სისტემა მიუღებელი იყო და მას არასდროს დაუჭერდა მხარს.
_ დამიჯერეთ, რომ ბერაიამ, ხუნდაძემ და სხვებმა გაბედეს „ქართული ოცნების“ ლიდერის ნების წინააღმდეგ წასვლა. ეს ამბავი კარგად ვიცი და ამიტომ ვსაუბრობ ასეთი დაზუსტებით. ივანიშვილმა მათთან შეუთანხმებლად გააკეთა ერთი წლის წინათ განცხადება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.
_ ეს განცხადება მან „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, 24 ივნისს, გააკეთა.
_ ივანიშვილი რომ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას აპირებდა, ამის შესახებ მაჟორიტარებმა ტელევიზიით გაიგეს, მათი უმეტესობა მილიონერი და მულტიმილიონერია. „ოცნების“ ლიდერის ინიციატივამ ისინი ძალიან შეაშფოთა. თუ არ გჯერათ, რომ გუნდში მას წინააღმდეგობის გაწევას უბედავენ, კიდევ ერთ ამბავს გაგახსენებთ: რამდენიმე წლის წინ ის ოფიციალურად დაბრუნდა პოლიტიკაში. მაშინ ჟურნალისტებთან ასეთი რამე თქვა, _ ჩემი დაბრუნების ამბავი რომ გაიგეს, გუნდში ამის წინააღმდეგ ძალიან ბევრი წავიდაო. ვციტირებ ივანიშვილს: „მაგრამ მათ რესურსი არ ეყოთ და მე შევძელი დაბრუნება“. ამას, მგონი, არანაირი კომენტარი აღარ სჭირდება.
_ გინდათ თქვათ, რომ „ოცნების“ წევრებმა ივანიშვილი ნელ-ნელა ჩამოაცილეს მართვის სადავეებს?
_ ასე გამოდის. თქვენ რა გგონიათ, მას უნდოდა გიორგი ქობულიას მოხსნა? შიგნიდან მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ამის გაკეთება არ სურდა.
_ აბა, რატომ მოსთხოვა მაშინდელ პრემიერ მამუკა ბახტაძეს ქობულიას გაშვება?
_ ივანიშვილმა იმ ადამიანებს ვერ გაუწია წინააღმდეგობა, რომელთაც ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა უნდოდათ.
_ ეს ვანო ჩხარტიშვილის სურვილი იყო და ივანიშვილი ჩხარტიშვილის მითითებებს ასრულებს?
_ როდესაც საბუთი ხელთ არ მიჭირავს, გვარების დასახელებას ვერიდები. მაგრამ დარწმუნებით გეტყვით, რომ ქუბულია ივანიშვილს იმ ხალხმა გააშვებინა, ვისაც ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თურნავა აწყობდა.
_ თურნავას მოხსნა პრემიერმა გიორგი გახარიამ სცადა, მაგრამ მას ივანიშვილმა ამის უფლება არ მისცა.
_ ამის შესახებ მეც გამიგია. შეუძლებელია, ივანიშვილი ეომოს და მოუგოს იმ ადამიანებს, რომლებსაც კაზინოებიდან და ტოტალიზატორებიდან წელიწადში 14 მილიარდი შემოსავალი აქვთ.
_ ამ ადამიანებს, ჯამურად, ივანიშვილზე მეტი ფული გამოსდით. მათთან ბრძოლა ადვილი არ იქნება.
_ მარტო ფული ხომ არაა მთავარი, გავლენაც მეტი აქვთ. მათ თავიანთი გუნდები ჰყავთ. ამ ხალხმა ქონება ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფულით დააგროვა, მაგრამ ქველმოქმედებას ერთი თეთრიც კი არ მოახმარა. ხალხი მათგან არაფერს ითხოვს იმიტომ, რომ მიჩვეულები არიან მათ ასეთ საქციელს.
_ ვერც მოსთხოვენ, ხალხმა იცის, რომ ისინი შემდეგ ხელისუფლებასთანაც იოლად გამონახავენ საერთო ენას.
_ რა თქმა უნდა, გამონახავენ. მათი ნაწილი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის. მათთვის სულერთია, ვინ მოვა ხელისუფლებაში _ გავლენას ინარჩუნებენ და მათი ქონება იზრდება. საქართველო არის ტიპური ქვეყანა, სადაც ექსკლუზიური სისტემაა. ეს ისეთი სისტემაა, სადაც ბიზნესი დამყარებულია ხალხისგან ფულის ამოღებაზე. ავიღოთ წამლები, _ კატასტროფულად ძვირი ღირს აქ მედიკამენტები, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. როცა კახა ოქრიაშვილს ამაზე კომენტარი სთხოვეს, მან თქვა, _ სულ არ მაინტერესებს, მე ჩამომაქვს და ამ ფასად ვყიდიო.
_ ოქრიაშვილი იმდენად გავიდა თავს, რომ როგორც ამბობენ, მას „ოცნება“ გაემიჯნა და რამე თუ არ შეიცვალა, დმანისში მაჟორიტარად აღარ დააყენებენ.
_ რისთვის სჭირდება „ქართული ოცნების“ წარდგენა? ადგება და დამოუკიდებლად იყრის კენჭს.
_ და, დიდი ალბათობით, მოიგებს კიდეც. მთელი დმანისი თავის სააფთიაქო ქსელში ჰყავს დასაქმებული.
_ სწორედ ეს არის უბედურების სათავე. ასე მოქმედებდა სიცილიის მაფია. ისინი არასდროს აყალბებდნენ არჩევნებს. სიციალიაში არჩევნები ყოველთვის ღიად და სამართლიანად ტარდებოდა. უბრალოდ, ვიღაცა ჩამოიტანდა ამბავს, დონმა ასე თქვა, ესა და ეს ბიჭები მჭირდება ხელისუფლებაშიო და ამით მთავრდებოდა ყველაფერი. სიცილიელები მიდიოდნენ და დონის ბიჭებს აძლევდნენ ხმას.
„ნაცების“ უდიდესი შედევრი და „ქოცების“ უდიდესი ჩავარდნაა, რომ ჟორიკა რურუა იმ დონის პოლიტპატიმრად გახადეს, მის განთავისუფლებას დონალდ ტუსკი ითხოვს. გიგი უგულავას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს „ოცნებაში“ და მის დაჭერას არავინ აპირებდა, პირველ დაკავებას ვგულისხმობ. გიგი და „ოცნება“ ერთად მშვენივრად იყოფდნენ ფულებს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს უგულავა თბილისის მერის რანგში შევარდა მთავრობის სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილი უძღვებოდა. თბილისის მერმა მაშინდელ პრემიერს კითხვები დაუსვა. ამ თავხედობამ „ქართული ოცნების“ ლიდერი ძალიან გააბრაზა და რამდენიმე დღეში გიგი უგულავა დაიჭირეს კიდეც.
„ნაცების“ წასვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა ირაკლი ოქრუაშვილმაც ბევრი მიქარა, მათ შორის, გორში მოაწყო სროლა, მაგრამ ხელი არავინ ახლო. საკმარისი იყო, პოლიტიკაში შემოსულიყო, რომ დააკავეს. იგივე მოხდა ჟორიკა რურუას შემთხვევაშიც. ახლა მასზე ისე გვიყვებიან, როგორც დიდ დამნაშავეზე. თუ იცოდნენ, რომ რურუას ასეთი დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი, აქამდე სად იყვნენ? მერვე წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და გამოეძიებინათ.
ჟორიკა რურუასგან დაზარალებულები ბევრს ყვიროდნენ, მაგრამ „ოცნებას“ ყურადღებაც კი არ მიუქცევია მათთვის. საკმარისი იყო, ის „მთავარი“ არხის მეწილე გამხდარიყო, რომ მაშინვე დაიჭირეს. არ გამოვრიცხავ, რურუა მართალი იყოს, როცა ამბობს, რომ მას იარაღი ჩაუდეს.
_ რა თქმა უნდა, ჩაუდეს. ადამიანს იმდენი რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა და გაუფორმებელი იარაღით რატომ გამოვიდოდა ქუჩაში?
_ გიორგი რურუას რანგის ადამიანები იარაღს ჯიბით არასდროს ატარებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის აქციებზე დადიოდა, იქ იარაღით არავითარ შემთხვევაში არ მივიდოდა. იარაღი ექნებოდა მისი დაცვის წევრს, რომელიც მის სიახლოვეს იტრიალებდა. როცა საქმის კეთება არავის უნდა და მხოლოდ „ხაზეინისთვის“ თავის მოწონებაზე არიან გადასულები, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ და მომავალშიც დაუშვებენ.
_ გინდათ თქვათ, რომ „ოცნება“ მხოლოდ „ხაზეინისთვის“ თავის მოწონებითაა დაკავებული და ამავე დროს „ხაზეინს“ ბევრი აღარ ემორჩილება?
_ ბოლომდე არც ადრე ემორჩილებოდნენ და ვერც ის აკონტროლებდა გუნდს. თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი ივანიშვილის პოლიტიკური გურუები იყვნენ. ვინც ამ ადამიანებს იცნობდა, გაიძახოდნენ, ისინი თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ, რა გვეშველებაო. ბიძინამ ქმარი პარლამენტის თავმჯდომარედ დასვა, ცოლი, კიდევ, _ თავდაცვის მინისტრად. მანამდე საპარლამენტო კომიტეტი ჩააბარა. ახლა ისინი ყველაზე მეტად ლანძღავენ ივანიშვილს.
გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაშიც ასე იყო, როცა ის განათლების მინისტრად დანიშნა ივანიშვილმა, მთელი „ოცნება“ იმას ამბობდა, _ „მარგველა“ მინისტრად დასვა, საქართველოს დედა აღარ ჰყავსო. ამას ერთმანეთში ამბობდნენ, ბიძინას კი არჩევანს უწონებდნენ. მას მოუწონეს ისიც, რომ მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა. ივანიშვილი გენიოსად მიიჩნევდა გიორგი კვირიკაშვილსაც, მერე აღმოაჩინა, რომ სულაც არ ყოფილა გენიოსი.
_ საინტერესოა, გახარიაზეც ასე ხომ არ დაემართება?
_ ვნახოთ, ვნახოთ. ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობაც ძალიან მოსწონდა, როცა ის პრემიერი იყო. ირაკლიზე ამბობდა, ისე მუშაობს, ასე არავის უმუშავიაო. მერე ისიც არ აღმოჩნდა კარგი. გახარია ცოტა სხვა დონეა. საკუთარი გუნდიც კი არ ჰყავს, მაგრამ რაღაცის გაკეთებას მაინც ახერხებს. კიდევ მეტს გააკეთებდა, მაგრამ „ოცნების“ ლიდერი რამდენიმე მინისტრის მოხსნის უფლებას არ აძლევს.
_ არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაშია. მის გარეშე გამოვა „ოცნება“ არჩევნებზე?
_ თამაშგარე შეგნებულად არის. ის კი მართავს პარტიას, მაგრამ „ოცნებაში“ არსებულ ვითარებას ბოლომდე ვერ ფლობს. რამდენიმე წლის წინათ ამერიკელებმა მას შესთავაზეს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულიყო და პრემიერის პოსტი დაეკავებინა. დაჰპირდნენ, რომ ყველანაირად ხელს შეუწყობდნენ, მაგრამ ივანიშვილმა არ ისურვა ოფიციალურად დაბრუნება. ამერიკელებმა დაანებეს თავი და ამის შემდეგ მათ შორის ნორმალური კონტაქტი აღარ ყოფილა.
ძალიან ამაზრზენად გამოიყურება „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები, რასაც ისინი ამერიკელი კოლეგების მიმართ აკეთებენ. თავისი ჭკუით, „ხაზეინს“ უნდა ასიამოვნონ და ვერ ხვდებიან, რომ ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ. გახსოვთ, რა მოხდა, როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, მაშინვე ევროპის სახალხო პარტიას დაეტაკნენ და მათ სახელზე საპროტესტო წერილები წერეს.
_ მათ შორის დავით უსუფაშვილმაც დაწერა, რომელიც ახლა „გაოგნებულია“ მეოცნებეთა ზღვარგადასული განცხადებით, რაც კონგრესის მისამართით კეთდება.
_ უსუფაშვილმაც გააშანშალა წერილი, „ხაზეინს“ მოეწონებაო და არ დაწერდა? მაშინ ევროპარლამენტარებმა მითხრეს, რომ ასეთი ქმედებით „ოცნება“ საბედისწერო შეცდომას უშვებს. მმართველი პარტია იმ წერილმა გააღიზიანა, რომელსაც ევროპის სახალხო პარტიის მხოლოდ 17 წევრი აწერდა ხელს. არადა, ამ პარტიაში 400-ზე მეტი ადამიანია. „ოცნებამ“ კი მთელ სახალხო პარტიას მიაყენა შეურაცხყოფა, რაც ასე არ დარჩებოდა.
_ 13 კონგრესმენის ლანძღვის გამო რამეს ხომ არ გამოვტყუებთ კონგრესს?
_ ისეთი არაფერი მოხდება. განსაკუთრებულს არაფერს ველი. სანქციები არ იქნება. საქართველოს წინააღმდეგ, მით უმეტეს, არავინ დააწესებს, ამის დაშვება „ნაცებსაც“ კი არ უნდათ. ისინი ამას გამორიცხავენ და ასეთი განცხადებებით იმის წარმოჩენა სურთ, რომ საქართველოს მტრები არ არიან და ქვეყნის გადასარჩენად ებრძვიან ივანიშვილს. ყველაფერს არჩევნებზე გაეცემა პასუხი. საქართველოში არჩევნები რჩება იმ მოვლენად, რომლის ბედიც შეიძლება, ბოლო ორ კვირაში გადაწყდეს.
_ ეს ვნახეთ 2012 წელს, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ციხის კადრები გავიდა ტელეეთერით.
_ მარტო 2012 წელს არ ყოფილა ასეთი რამ, იგივე მოხდა 2003 წელსაც. მაშინ არანაირი საფუძველი არ არსებობდა რევოლუციის მოსაწყობად. შევარდნაძის გარემოცვამ ისე იმოქმედა, რომ საკუთარი ხელით მოიწყო გადატრიალება. თავად შევარდნაძე უკვე კარგავდა ძალაუფლებას და ვერაფრის შეცვლა ვეღარ შეძლო.
_ როგორ ფიქრობთ, „ოცნებაც“ დაუშვებს ასეთ შეცდომებს?
_ „გავრილოვის ღამეს“ თუ არ გამოაცხობენ, რომელიმე კლუბში ავტომატებით და ტყვიამფრქვევებით თუ არ შევარდებიან, კანაფის დათესავას თუ არ მოინდომებენ და მსგავსს სისულელეებს არ ჩაიდენენ, „ოცნებამ“ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს. „ნაცებს“ არ ჰყავთ გაზრდილი ელექტორატი. ვინც არის, ისინი ისედაც მიშას უჭერენ მხარს, „ევრონაცებს“ საერთოდ არავინ უჭერს მხარს. ისევ ივანიშვილს შეიძლება შეეცოდოს და რაღაც პროცენტები გადაუგდოს, რომ პარლამენტში შევიდნენ. რაც მთავარია, ოპოზიციაში დიდი ფული არ არის. გამონაკლისია მამუკა ხაზარაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გარიყა, თორემ საკუთარი ნებით ოპოზიციაში არავითარ შემთხვევაში არ გადავიდოდა. ივანიშვილმა მას პროკურატურაში აღუძრა საქმე და ესეც იძულებული გახდა, პოლიტიკაში წასულიყო. ამით საკუთარ თავსა და ბიზნესს იცავს, თორემ პოლიტიკა ისე აინტერესებს, როგორც _ ჩინური. დანარჩენ ფულიანებს ისევ „ქოცები“ ურჩევნიათ „ნაციონალებს“.
_ „ქოცები“ რატომ ურჩევნიათ?
_ „ნაცებს“ სადისტური მმართველობა ჰქონდათ და ყველას პარსავდნენ. ივანიშვილს რომ შეხვდნენ, პირველად ხაზარაძემ ასეთი რამე თქვა, _ საქართველოს ბიზნესში იწყება ოქროს ხანაო.
_ ახლა ეს ხანა მოოქროვილად სულაც აღარ ეჩვენება.
_ საქმე ის არის, რომ ეს ოქროს ხანა ისე გაუტკბა, „ოცნების“ ლიდერისგან საყვედური მიიღო. ივანიშვილმა თქვა, რომ მთელი ქვეყანა ორმა ბანკმა გადაჭამაო. ერთი ბანკის მეპატრონე იმჟამად მამუკა ხაზარაძე იყო, დანარჩენი ფულიანები, როგორც გითხარით, „ქოცებს“ ამჯობინებენ. ოქრიაშვილი რომ ოქრიაშვილია, ისიც კი არ გადავა „ნაცებთან“.
_ გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ისევ „ნაცები“ დაბრუნდნენ, ისე კარგად გადავა, როგორც „ნაცებიდან“ გადმოვიდა „ოცნებაში“.
_ მაშინ მარტო ოქრიაშვილი კი არა, პულტოკრატების მთელი შემადგენლობა იქ გადავა. პულტოკრატები მდიდარ ადამიანებს ჰქვიათ, რომლებსაც პოლიტიკური გავლენები აქვთ.

შორენა მარსაგიშვილი