მოსალოდნელი მარცხის ანატომია

მაჟორიტარების რიცხვი 30-მდე მცირდება. ოპოზიციას, რომელსაც ივანიშვილის დამარცხებისა და ერთიანობის პორეტენზია აქვს, წესით, არ უნდა გასჭირვებოდა ქვეყნის მასშტაბით 30 ისეთი კანდიდატის გამონახვა, რომელიც თავ-თავიანთ ოლქებში ბეჭებზე დასცემდნენ „ოცნების“ კანდიდატებს. ამისთვის სულაც არ იყო აუცილებელი, რომ ეს კანდიდატები, მაინცდამაინც, პარტიული ფუნქციონერები ყოფილიყვნენ. წესით, ყველას ერთად უნდა გამოენახა ლიდერები, ავტორიტეტული ფიგურები, რომლებიც გაიმარჯვებდნენ. ყოველ შემთხვევაში, გამოენახათ ისეთი კანდიდატები, რომელთაც მოგების გამოცდილება თუ არა, წაგების (თან ბევრჯერ) მაინც არ აქვთ! არაერთ არჩევნებში არაერთხელ ჩაფლავებული კანდიდატებით ერთობ ძნელი იქნება მოუგო ოლიგარქის კანდიდატს, რომელსაც ზურგს უმაგრებს ფული, ადმინისტრაციული რესურსი, რეპრესიული მანქანა…

გადავხედოთ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებს და ამ კანდიდატების მიერ წინა არჩევნებში მიღებულ ხმებსაც. თავადვე მიხვდებით, ვის რა ეტყობა კოჭებზე _ გამარჯვება თუ დამარცხება?

მთაწმინდა _ შალვა შავგულიძე

ადვოკატი შალვა შავგულიძე პოლიტიკურ პროცესებში 2009 წელს ჩაერთო, როგორც ალასანიას პარტიის _ „თავისუფალი დემოკრატების თანადამფუძნებელი“. პირველი არჩევნები, სადაც მან კენჭი იყარა, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები იყო. როგორც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი იგი სწორედ მთაწმინდაზე იყრიდა კენჭს. მიიღო ხმების 24,8% (6 998 ხმა), მისმა კონკურენტმა მამუკა ახვლედიანმა კი _ 60,83%.
მთაწმინდაზე იგი მეორედ 2019 წელს, შუალედურ არჩევნებში დამარცხდა. ამჯერად ევროპული საქართველოსა და თავდემების კანდიდატი იყო, კონკურენტი არც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დაუყენეს, თუ არ ჩავთვლით „გირჩს“ (რომელმაც გერმანე საბო წარადგინა, მან მხოლოდ 701 ხმა (4,76%) მიიღო) და „თავისუფალ საქართველოს“ (რომლის წარდგენილმა გიორგი ანდრიაძემ სულ 117 ხმა (0,79%) მიიღო). სხვა კონკურენტები დამოუკიდებელი კანდიდატები იყვნენ _ გრიგოლ გეგელია (3,14% _ 462 ხმა), სოფიო ხორგუანი (2,64% _ 388 ხმა), კობა დავითაშვილი (2,91% _ 428 ხმა), ლევან იოსელიანი (6,55% _ 964 ხმა). მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა კონკურენტი არ დაუყენეს და რეალური კონკურენტი არც ჰყოლია, შალვა შაგვულიძემ ლადო კახაძესთან გამაჯვებას მაინც ვერ მიაღწია. პირველ ტურში შაგვულიძემ 36,84% (5 422 ხმა), კახაძემ კი 41,01% (6 036 ხმა) მიიღო. მეორე ტურში შალვა შაგვულიძემ 38,17% (6 635 ხმა) მიიღო, ლადო კახაძემ _ 61,83 % (10 749 ხმა).
ეს მარცხი ტრიუმფად გამოიყურება იმ მარცხთან, რომელიც მან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იწვნია, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატი იყო თბილისის მეექვსე მაჟორიტარულ ოლქში (ეს ოლქი მოიცავდა საბურთალოს ნაწილს _ პეკინის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებს, სპორტის სასახლის მიმდებარე ქუჩებს). ამ საარჩევნო მარათონში შავგულიძემ ისეთი შთამბეჭდავი შედეგები დადო, მაკედონელმა საფლავში ძვლები შეათამაშა. აღნიშნულ ოლქში ლევან გოგიჩაიშვილმა 46,89% მოაგროვა (11 768 ხმა), მეორე ადგილზე სევდია უგრეხელიძე გავიდა _ 17,2% (4316 ხმა), მესამე ადგილზე _ დავით უსუფაშვილი _ 11,7%-ით (2936 ხმა), მეოთხე ადგილზე კი შალვა შავგულიძე _ 7,52%-ით. 2 ათასმა კაცმაც არ მისცა ხმა, სულ _ 1887-მა ადამიანმა მისცა ხმა! მერე რა, რომ მეოთხე ადგილზე გავიდა, სამაგიეროდ, გაუსწრო მამუკა კაციტაძეს (2,24%), მიხეილ ხომერიკს (2,36%), „პატრიოტ“ თამარ ბარაბაძეს (4,57%), ლეიბორისტ თამაზ შიოშვილს (1,37%), ალექსანდრე ბრეგაძეს (3,62%). ეხუმრები ამათთვის მოგებას? ესეც თემაა.
ახლა, ისე არ გაიგოთ, რომ შალვა შავგულიძეს არასოდეს მოეგოს არჩევნები. მოუგია, ნამდვილად მოუგია, _ მაშინ, როდესაც ის ივანიშვილის ფავორიტი იყო, ანუ 2012 წელს. 2012-ის არჩევნებში ის ვაკეში იყრიდა კენჭს და 69,72% (49 141 ხმა) მიიღო. „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი კონკურენტი იყო გიორგი კარბელაშვილი _ 25,42% (17 913 ხმა). იმ არჩევნებში დავით გამყრელიძემ სულ 1,59% მიიღო _ 1124 ხმა! კახა კუკავამ 1,31% _ 925 ხმა. ნინო გურიელმა 1% (706 ხმა), დანარჩენმა კი თითო პროცენტიც ვერ აკრიფა. ლეილა გაფრინდაშვილს 477-მა მისცა ხმა, როინ ლიპარტელიანს სულ 68 კაცმა მისცა ხმა, გენადი კვაჭანტირაძეს _ 76-მა, დავით თორდუას _ 50 კაცმა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შავგულიძე იმ პერსონათა რიგს განეკუთვნება, რომელიც ბიძინას მხარდამხარ აღწევს შთამბეჭდავ წარმატებას და არა მის წინააღმდეგ ბრძოლაში. შავგულიძე გამონაკლისი არაა, იგივე დაემართა მის თანაპარტიელ ვიქტორ დოლიძეს, რომელმაც 2012 წელს ჩუღურეთში ბიძინას შარავანდედით 66,94% მიიღო, 4 წლის შემდეგ კი, 2016 წელს, იგივე ვიქტორ დოლიძემ ვაკეში 15%-იც ვერ მოაგროვა, „ილაოს მსგავსი სენებით“ ჭინთვით აკრიფა 14,43%.
მოკლედ, ვნახოთ, რას იზამს მთაწმინდაზე ორჯერ დამარცხებული შავგულიძე მესამედ.

ვაკე _ ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ქართულ პოლიტიკურ ორომტრიალში 2016 წლიდან ჩაერთო. მაშინ დიდი ზარზეიმით და ტაშტის ბრახუნით მაჟორიტარობის კანდიდატადაც კი წარადგინეს ვაკეში, მაგრამ ხმების ერთი მეოთხედიც ვერ მიიღო _ პირველ ტურში ხმების 22,25% მიიღო (5480 ხმა). მისმა მთავარმა კონკურენტმა ბიძინა გეგიძემ კი _ 48,94% (12 055 ხმა).
ახლა, თუ ჩვენ ელენე ხოშტარიას მიერ მიღებულ ხმებს სხვა კანდიდატების ხმებს შევადარებთ, იგი შეიძლება, გულივერადაც მოგეჩვენოთ ლილიპუტების ქვეყანაში.
კომუნისტებისა და სტალინელების კანდიდატმა ნატაშა ჭელიძემ, მაგალითად, სულ 57 ხმა (0,23%) მიიღო, თოფაძის პარტიის ირინე ჩხენკელმა _ 224 ხმა (0,91%), ზურაბ შარიამ _ 247 ხმა (1%) და ა. შ. ამ ფონზე, ხოშტარიას მიერ მიღებული ხმები მსუყედ გამოიყურება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, ნატაშა ჭელიძის უკანაც რომ ენმ მდგარიყო, არც ნატაშა მიიღებდა 57 ხმას.
მეორე ტურში წესით, ხოშტარიას ხმები საგრძნობლად უნდა მომატებოდა, პირიქით კი მოხდა, სულ 4123 ხმაღა (24,48%) მიიღო. ხუთი ათასმა ვაკელმაც აღარ მისცა ხმა ხოშტარიას მეორე ტურში.
2016 წლიდან, ერთი წლის შემდეგ, ელენე ხოშტარიამ კიდევ იყარა კენჭი. იმჯერად უკვე თბილისის მერობაზე და კინაღამ თბილისის მერი არ გახდა, ვეჟო? ეხუმრები 7,11%-ის აღებას? მთელ თბილისში 28 411-მა კაცმა მისცა ხმა! რა გინდა, ამბიციები კი აქვს და პარლამენტში ისე დადის, როგორც ჰიურემ სულთანი ტოპკაპის სასახლეში. ორჯერ დამარცხდა და ახლა რისი იმედი აქვს? „ოცნების“ დავარდნილი რეიტინგის? და „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ხოშტარიას გაზრდილი რეიტინგისა და იმის, რომ ოპოზიციიდან ხმებს არავინ წაართმევს? არც უამისობაა, მაგრამ ეს ყველაფერი არა მგონია, საკმარისი იყოს უაპელაციოდ გასამარჯვებლად.

საბურთალო _ თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი საარჩევნო ბატალიებში საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო, როგორც გრიგოლ ვაშაძის აქტიური მხარდამჭერი და მას შემდეგ დააფუძნა პარტია. ამჯერად უკვე თავად იყრის კენჭს საბურთალოზე. აქამდე მას კენჭი არ უყრია და ამ მხრივ ვერაფერს ვიტყვით.

ისანი _ გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძემ ერთხელ უკვე წააგო ისანი, ეს 2012 წლის არჩევნებზე მოხდა. მაშინ მისი კონკურენტი ნუკრი ქანთარია იყო. ვაშაძემ 32,92% (20 711 ხმა) მიიღო, ქანთარიამ _ 62,84% (39 534 ხმა). 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ვაშაძემ თბილისის მერობა მოიწადინა და კაი მსუყე შედეგიც დადო, მთელი 1,95% მიიღო! 7800-მა თბილისელმა იგი ისურვა თბილისის ამირად! იმ არჩევნებში, კონკრეტულად ისნის რაიონში, მან 2,74% აიღო, სულ 1072 ხმა!
ამავე არჩევნებში მონაწილეობდა მისი პარტია „გიორგი ვაშაძე _ ერთობა ახალი საქართველო“, რომელმაც თბილისის მასშტაბით, პროპორციულში, 3,44% (13 350 ხმა) მიიღო, ქვეყნის მასშტაბით კი _ 1,23% (18 426 ხმა).

სამგორი _ ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილმა სამგორში პირველად 2014 წელს, ადგილობრივი არჩევნებისას იყარა კენჭი, როგორც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ენმ-იდან. მაშინ, ჯერ კიდევ, 27 წლის პერსპექტიულმა ახალგაზრდამ, არცთუ ცუდი შედეგი დადო _ ხმების 33,66% (3529 ხმა) აიღო, მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“ (ია მაკასარაშვილი) კი 41,75% (4377 ხმა). ამ შედეგის გაანალიზებისას ისიც გასათვალისწინებელია, რომ, ჯერ კიდევ, 2014 წელი იყო და არც „ოცნების“ რეიტინგი გახლდათ „პლინტუსს“ ქვემოთ. იგივე საარჩევნო ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კენჭი იყარა როგორც ბურჭულაძის პარტიის კანდიდატმა და მხოლოდ 7,89% (1643 ხმა) აიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მოსიძემ _ 47,43%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ირაკლი ნადირაძემ _ 24,1%. ეს შედეგი ცალსახად იმ გარემოებითაც აიხსნება, რომ ამომრჩევლისთვის ერთობ მნიშვნელოვანია კანდიდატის წარმდგენი პარტია და ხმის მიცემისას მჭიდრო კავშირი არსებობს პროპორციულ და მაჟორიტარულ ბიულეტენებს შორის.
2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში სამგორში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად უკვე ენმ-იმ წარადგინა ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 18,75% მიიღო (2484 ხმა). ამჯერად იგი თბილისის საკრებულოს წევრი პროპორციული წესით გახდა.

დიდუბე-ჩუღურეთი _ გიორგი მარგველაშვილი

ჯერ კიდევ თვეების წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილიც იქნებოდა, მარგველაშვილის პოლიტიკაში მაჟორიტარ კანდიდატად დაბრუნებას ალეკო ელისაშვილიც ადასტურებდა. რომ გეკითხა, ოლქიც იცოდა, სადაც უნდა წარედგინათ, უბრალოდ, დასახელებისგან თავს იკავებდა, ელისაშვილი ბაღდადურს ცეკვავდა _ „ორი ხელით“ მიესალმებოდა მარგველაშვილის დაბრუნებას და დარწმუნებულიც იყო, რომ პირველსავე ტურში მოიგებდა არჩევნებს.
მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმებოდა სერგო რატიანიც და სერგი კაპანაძეც. ისე მოწიწებით საუბრობდნენ ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად ტომარასავით დადებულ მარგველაშვილზე, გეგონება, მაშინ ის ხმები თავისი შნოთი და მარიფათით მიეღოს.
მარგველაშვილის მაჟორიტარობის ინფორმაცა ამ ბოლო დღეებშიც გახმაურდა, 20 ივნისის აქციაზე მისულმა კი ჟურნალისტებთან თქვა, რომ მაჟორიტარობას არ აპირებს. მოკლედ, მანასესავითაა _ ხან ისე და ხან ასე. თუ თბილისში აპირებენ მის დასახელებას, დიდუბე-ჩუღურეთიღა დარჩა. თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ იგი ოპოზიციამ კი არა, კანდიდატად „ლელომ“ დაასახელოს, ანდა სულაც _ „ზარია ვოსტოკამ“.
თუ მარგველაშვილს ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთში დაასახელებს, ცუდიც იქნება და კარგიც. ცუდი იმიტომ, რომ „ოცნება“ აუცილებლად მიიღებს დამატებით ერთ მანდატს, კარგი კი იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოჩნდება, ბიძინა ივანიშვილის გარეშე რა „მოხელე ნაჩალნიკია“ მარგველაშვილი.

ნაძალადევი _ შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილს გამარჯვებაც ბევრი უნახავს და _ დამარცხებაც, თითქმის 30 წელია, პოლიტიკაშია. 1992 წელს პარლამენტის დეპუტატი გახდა _ დუშეთის მაჟორიტარად აირჩიეს, 1995 წელსაც დუშეთის მაჟორიტარად შევიდა პარლამენტში. მის მიერ დაფუძნებული ლეიბორისტული პარტია 1998 წლის ადგილობრივ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა და თბილისის საკრებულოში 12 მანდატი მოიპოვა. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი ბარიერი ვერ გადალახა, უფრო ობიექტურები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ არ გადაალახინეს _ 6,82% დაუფიქსირეს და ლეიბორისტული პარტია პარლამენტს გარეთ დატოვეს, პარლამენტში მხოლოდ 2 ლეიბორისტი შევიდა მაჟორიტარული სიით.
2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში ნათელაშვილის პარტია პირველ ადგილზე გავიდა და თბილისის საკრებულოში 15 მანდატი მოიპოვა. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ 12,04% (229 900 ხმა) მიიღო და პარლამენტში 20 მანდატი მოიპოვა, მაჟორიტარული სისტემით დამატებით სამი მანდატი, მაგრამ იმ არჩევნებს რევოლუცია მოყვა, 2004 წელს მარტში ჩატარებულ არჩევნებში კი შალვას პარტიამ 5,8%-ღა აიღო და პარლამენტში ვერ მოხვდა.
2006 წლის ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისში 32701 ხმა მიიღო (10,65%) და ერთი მანდატი მოიპოვა თბილისის საკრებულოში, რომელიც შალვა ნათელაშვილს ხვდა წილად. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შალვა ნათელაშვილმა 128 589 ხმა მიიღო _ 6,49%. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი მისმა პარტიამ, მთელ ქვეყანაში, 132 092 ხმა მიიღო (7,44%) და პარლამენტში 6 მანდატი მოიპოვა. ამავე არჩევნებში შალვა ნათელაშვილმა მაჟორიტარული არჩევნები წააგო დუშეთში.
2012 წლის არჩევნებში კი 1,24%-ღა მიიღო (26 621 ხმა). ამავე არჩევნებში შალვა ნათელაშვილმა დუშეთშიც იყარა კენჭი მაჟორიტარად. 5,75% მიიღო, სულ 921-მა კაცმა მისცა ხმა…
2013 წელს ისევ იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ამჯერად მისი გაპრეზიდენტება ამომრჩეველთა 2,88%-მა, ანუ 46 984-მა კაცმა ისურვა. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში თბილისში პროპორციული ხმების 3,43% აიღო ლეიბორისტულმა პარტიამ. მთელ საქართველოში კი _ 3,45%.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში შალვას პარტიამ 3,14% მიიღო, ნათელაშვილმა ისევ დუშეთში იყარა კენჭი და ისევ წააგო, ამჯერად ხმათა 10,28% მიიღო, ანუ 2180-მა კაცმა მოიწადინა იგი მაჟორიტარად. მაგრამ ამომრჩევლის 60,945%-მა მას ზაქარია ქუცნაშვილი ამჯობინა. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში შალვას პარტიამ პროპორციულ ფრონტზე თბილისში 3,9%, მთელ საქართველოში კი _ 3,27% აიღო.
2018 წლის არჩევნებში შალვა ნათელაშვილმა კიდევ ერთხელ სცადა გაპრეზიდენტება, რაც 3,74%-ის აღებით (59 651 ხმა) დასრულდა. კონკრეტულად ნაძალადევის რაიონში ნათელაშვილმა 5,6% (3146 ხმა) მიიღო.

გლდანი _ ნიკა მელია

ნიკა მელია პოლიტიკურ პროცესებში „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ჩაერთო. 2014 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“.
მიუხედავად იმისა, რომ ენმ ჯერაც ახალი დამარცხებული იყო და „ოცნებასაც“ არ ჰქონდა თავი ჯერ კიდევ ასე საშვილიშვილოდ მოჭრილი და გაფარჩაკებული, მელიამ სერიოზული შედეგი დადო _ პირველ ტურში 27,97% აიღო (92 125 ხმა), მისმა კონკურენტმა ნარმანიამ კი _ 46,06% (151 807 ხმა). არადა, მაშინ „ოცნება“ ამ შედეგს არ ელოდა. თუ გახსოვთ, თავზე კოცნითაც კი ულოცავდნენ ნარმანიას გამერებას, მაგრამ მეორე ტური არ ასცდათ. ცხადია, მეორე ტურში გაათმაგებულად ამუშავდა სახელმწიფო მანქანა, მელიამ 27,53% (84 350 ხმა) მიიღო, ნარმანიამ უკვე _ 72,47% (222 066 ხმა).
ბევრი იტყვის, რომ მისი ასეთი შედეგი გამოწვეული იყო მისი ენმ-ის კანდიდატობით. ამ არგუმენტის კონტრარგუმენტი კი ის გახლავთ, რომ 3 წლის შემდეგ, როდესაც „ოცნება“ უკვე კარგად დაფახფახებულიც იყო და „ნაცების“ მიმართაც შენელდა ანტაგონიზმი საზოგადოების ფართო ფენებში, იგივე თბილისის მერის არჩევნებში ენმ-ის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მესამე პოზიციაზე გავიდა და ხმების მხოლოდ 16,59% მოაგროვა (66 259 ხმა).
ჩემი აზრით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სწორედ ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს აქვთ.

რეზო შატაკიშვილი