ჯელალ ქიქავა: „ქართული ოცნება“ და კადიროვის ხალხი ერთად ეწევიან კონტრაბანდულ საქმიანობას“

საქართველოს ხელისუფლებას ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის აშკარად ვალი აქვს. სხვანაირად ვერ აიხსნება ის დუმილის უფლება, რასაც „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ტერორისტის მიმართ იყენებს. არადა, ამ კაცმა საქართველოს მოქალაქის, ჟურნალისტის მკვლელობა დაუკვეთა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები კადიროვის გამოხტომაზე თვალებს ხუჭავენ.

ჩეჩნეთის შეშლილი მმართველი არაერთხელ დაემუქრა საქართველოს. იმის ნაცვლად, რომ მისთვის საკადრისი პასუხი გაეცათ, თუნდაც მხოლოდ სიტყვიერად, მის „ბოევიკებს“ ფართოდ გაუღეს კარი, დიდი ზარზეიმით შემოუშვეს ქვეყანაში გროზნოს მერი მუსლიმ ხურჩიევი. ეს უკანასკნელი ხშირად სტუმრობს ოკუპირებულ ცხინვალს. ქართული კანონმდებლობით მას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ეკრძალება, მაგრამ ის მაინც შემოვიდა და ბათუმში თავისი საქმეები მოაგვარა.
კადიროვის ხალხი ბათუმით განსაკუთრებით არის დაინტერესებული. ძალოვანი უწყებების ყოფილმა თანამშრომელმა, ვანო ნადირაძემ, გასულ კვირას გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც ასახულია სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჩეჩენი მამაკაცი. ფოტოდან ჩანს, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდება იქ, სადაც სამთავრობო შენობები, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს.

რა ინტერესები აქვთ ჩეჩნებს ბათუმში? რატომ შემოესივნენ ზღვისპირა ქალაქს რუსეთის მოქალაქეები? რას ფიქრობენ აჭარაში დღევანდელ რეალობაზე? რატომ არის „ქართული ოცნება“ დამთავრებული? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯელალ ქიქავა ესაუბრება:

_ გასულ კვირას ძალოვანი სტრუქტურების ყოფილმა თანამშრომელმა, ვანო ნადირაძემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც ასახულია ჩეჩენი მებრძოლი. ფოტოდან ჩანს, რომ ის ბათუმში იმყოფება. ბოლო ხანებში კადიროველებმა ძალიან მოუხშირეს აჭარის დედაქალაქში სიარულს. 2018 წლის იანვარში გროზნოს მერი იყო რაღაც საბაბით ჩამოსული. თქვენი აზრით, რა ხდება?
_ გროზნოს მერზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის, თურმე, აქ ტურისტის რანგში შემოვიდა, რაშიც მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. ჩეჩნები მრავლად ჩამოდიან დასასვენებლად ბათუმში და მათთან არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს. კადიროვის ხალხი სულ სხვა თემაა, ისინი აქ გასარუჯად არ ჩამოდიან. მათ რაღაც კონკრეტული დავალება აქვთ შესასრულებელი და ამიტომ სტუმრობენ საქართველოს ასე ხშირად.
_ რა დავალებაზე საუბრობთ?
_ სხვადასხვა დავალება ეძლევათ. როგორც კი კადიროველები საქართველოში გამოჩნდებიან, ვიცი, რომ ვიღაცის ექსტრადირება უნდა მოხდეს. ამ მისიას ეს ჯალათები ასრულებენ.
_ ვისი ექსტრადირება?
_ საქართველოს არაერთმა ჩეჩენმა შეაფარა თავი, _ ისინი რუსეთისა და კადიროვის სისხლიან დიქტატურას გამოექცნენ. იმის ნაცვლად, რომ დაეცვათ, ჩვენმა სამართალდამცველებმა დევნილები დააკავეს და კადიროვის ხელისუფლებას გადასცეს. ჩეჩნების წასაყვანად ჩამოდიან ხოლმე აქ კადიროველები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან არის შეკრული. აქ თავშეფარებულებს ჩუქნიან კადიროვს! ამას არანაირი გამართლება არ აქვს! „ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სულ მცირე, 10 ეთნიკური ჩეჩენი გადასცა რუსეთს. იქ ამ ადამიანებს წამება და სიკვდილი ელოდებათ. შესაძლოა, ცოცხლები აღარც კი არიან.
_ იმ ცნობილ ფოტოზე რას გვეტყვით, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში? ვინ იყო სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პერსონა, რომელსაც მკლავზე ჩეჩნეთის დროშა ჰქონდა გამოსახული?
_ ავტომანქანის ნომრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ახალგაზრდა კიროვის ოლქიდან უნდა იყოს. ფორმის მიხედვით ძალიან გამიჭირდება იმის მტკიცება, რომ ის ჩეჩენი იყო. გავიკითხე და გავარკვიე, რომ ასეთი ფორმა რუსეთში ყველგან იყიდება. დღეს პუტინის რეჟიმი რუსეთის მოსახლეობას ჩეჩნებით აშინებს.
_ რას ნიშნავს, აშინებს და რა კავშირშია ამასთან ის სპეციალური ფორმა?
_ როგორც რუსეთში მცხოვრებმა ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ჩეჩნეთის დროშიან ფორმას აცმევენ ვიღაც ტიპებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან. რუსებმა იციან, რომ კადიროვის ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი და მათი გამოჩენა შიშს თესს.
მოკლედ რომ გითხრათ, დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში არიან გარეწრები და გამყიდველები. ისინი სახელმწიფო ინტერესებით თამაშობენ. დღეს ბათუმი სავსეა რუსეთის მოქალაქეებით, მათ შორის არიან ჩეჩნებიც. ქალაქში რომ გახვიდეთ, ლამის, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ რუსული სანომრე ნიშნებიანი ავტომანქანები. რამდენადაც ვიცით, კორონავირუსის გამო საქართველოს რუსეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს, გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და სწორედ ამ დროს შემოვიდა უამრავი რუსი საქართველოში, ბათუმში ისინი განსაკუთრებულად მომრავლდნენ.
სრული პასუხისმგებლობიით გეუბნებით, რომ დღეს ბათუმი, ისევევ როგორც მთელი საქართველო, ჯაშუშებით არის სავსე. ეს ჯაშუშები ისე გათავხედდნენ, რომ ბათუმში უკვე ოჯახებით და საყვარლებით ცხოვრობენ. გაგიკვირდებათ და ისინი აქ სამსახურის მონახვასაც ახერხებენ. ეს იმ დროს, როცა საქართველოს უამრავი მოქალაქე უმუშევარია.
_ თქვენი საუბრიდან თუ ვიმსჯელებთ, საფუძვლიანად ჩაგსახლებიათ რუსები ბათუმში.
_ ძალიან საფუძვლიანად და სულ არ ერიდებათ, რომ ჯაშუშები არიან. ღიად ახორციელებენ თავიანთ ჯაშუშურ საქმიანობას. არავისი ეშინიათ. რასაც უნდა, იმას აკეთებენ.
_ სად არიან ჩვენი სპეცსამსახურები?
_ თავისთვის იქნებიან სადღაც. მაგათი შემოშვებულები არიან ეს ჯაშუშები და რანაირად დაუწყებენ დევნას? თავის ნებაზე მიშვებულები ჰყავთ და ისინიც მშვიდად ასრულებენ მიცემულ დავალებას.
_ ზემოთ მითხარით, რომ ჩეჩნურ ფორმებს სპეციალურად აცმევენ ადამიანებს, რომ რუსეთის მოსახლეობა დააშინონო. ჩვენთანაც ამ მიზნით გამოჩნდნენ ასეთი ფორმიანი ტიპები? რაღაც არა მგონია, ასეთი იოლი იყოს ქართველების დაშინება.
_ ქართველების დაშინება იოლი რომ ყოფილიყო, ეს ქვეყანა აქამდე კი არ მოვიდოდა. ის ტიპი, რომლის ფოტოც გამოქვეყნდა, აქ რაღაც მიზნით შემოვიდა. შემთხვევითი არაა, თუ სად იმყოფება ფორმიანი ახალგაზრდა. მაგ ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოა, სამთავრობო დაცვა და იქვე ზის ის ლაწირაკი.
_ ვინ ლაწირაკი, თორნიკე რიჟვაძეზე ამბობთ?
_ მაგ უტვინოზე ვამბობ და არ მინდა, მაგის გვარის ხსენებაც კი. კადიროვის ხალხი ძალიან ხშირად დადის საქართველოში და ჩვენი ქისტები რომ არა, რაღაც უბედურებას ჩაიდენდნენ.
_ რაში შეუშალეს ქისტებმა ხელი კადიროველებს?
_ ბევრი ცუდი საქმის გაკეთებაში. ძალიან ბევრი გააკეთეს პანკისელებმა საქართველოს სახელმწიფოსთვის. ხელისუფლებაში ოდესმე თუ მომიწია მოსვლა, აუცილებლად გამოვალ წინადადებით, რომ იქ ჰესების მშენებლობაზე 50-წლიანი მორატორიუმი გამოაცხადონ. ეს ადამიანები ამის წინააღმდეგი არიან და მათ ანგარიში უნდა გავუწიოთ. გავიმეორებ: ისინი ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოს სადარაჯოზე იდგნენ.
აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ რუსებმა ჩრდილოკავკასიელების დაჯგუფება მოამზადეს. ისინი სხვადასხვა გადმოსასვლელით შემოვიდნენ საქართველოში. პანკისი ჩეჩნეთს ესაზღვრება. ქისტებმა ჩეჩნები გააფრთხილეს, რომ პანკისის მიმართულებით არავის გაებედა გადმოსვლა. იქაურობა გაამაგრეს და ამ გზით არც ერთი მებრძოლი არ შემოსულა საქართველოში.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს რამდენიმე ასეული ქისტი ახალგაზრდა ითხოვდა, _ გაგვიშვით ცხინვალში, ჩვენი შეიარაღებით დავიცავთ საქართველოს მთლიანობასო, მაგრამ არ მიუშვეს. ეს ხალხი იმის ღირსია, რომ დავაფასოთ. სამწუხაროდ, ჩვენ კადიროვის ხალხს უფრო მეტ პატივს ვცემთ.
_ ეს ცოტა უცნაურია, კადიროვის ხალხი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში და კადიროვის მიერ შექმნილმა ბატალიონმა „ვოსტოკმა“ აიღო გორი. ეს ადამიანები როგორ ან რატომ უნდა დაგვეფასებინა?
_ კი ბატონო, 2008 წლის 16 აგვისტოს ხაშურში ვიყავი. ჩემი მანქანით ხალხის რაღაც კატეგორია წავიყვანე. ხაშურს გავცდით, აგარაში ჩეჩნებმა გაგვაჩერეს. ისინი, სხვათა შორის, არ იყვნენ ქართველების მიმართ აგრესიულად განწყობილი. ჩვეულებრივი სამხედროები იყვნენ. აი, კადიროველებს კი ძალიან ეჯავრებათ საქართველო. მათი დამოკიდებულება არ მიკვირს, საქართველო უამრავ ქართველს ეჯავრება და რაღა ჩეჩნებს მოვთხოვო ამაზე პასუხი? სამწუხარო ისაა, რომ „ქართული ოცნება“ კადიროვის კრიმინალებს საქართველოში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
_ კადიროვი და მისი ხალხი ჩეჩნებსაც სძულს და „ოცნებას“ რამ შეაყვარა ასე ძალიან?
_ საერთო ინტერესებმა. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება თავად ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. იქ ადამიანები სახლიდან გარეთ ვერ გამოდიან.
_ რატომ ვერ გამოდიან?
_ მკვლელების ხელშია რესპუბლიკა. ასლან აბაშიძის დრო მახსენდება. გროზნოში გაცილებით მძიმე ვითარებაა, ვიდრე ეს ასლანის დროს იყო ბათუმში. ჩვენი ქისტების დამსახურებაზე ვსაუბრობდი და კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: როცა კადიროვის ხალხი რუსეთის დროშებით გამოჩნდა პანკისის ხეობაში, ადგილობრივებმა მათ ცხვირ-პირი დაუნაყეს.
_ 2018 წლის ინციდენტს გულისხმობთ, კადიროველებმა რუსეთის დროშები და რამზანის მამის, რუსების მიერ აფეთქებული ახმად კადიროვის სურათი რომ აგვიფრიალეს?
_ ააფრიალეს და მიუნაყეს კიდეც ცხვირ-პირი. კიდევ იცით, რა მომწონს ჩვენი ქისტების? _ ყველა ოჯახი რომ ქართულად საუბრობს. ჩვენ ვნახეთ, ახალქალაქში სომხურად ტარდება საკრებულოს სხდომები. იქ მცხოვრები ეთნიკური სომხებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ ერთი სიტყვა არ იციან ქართული, ქისტები კი ბრწყინვალედ ფლობენ ქართულ ენას.
_ პანკისის ხეობაში ქართულ ენაზე ასწავლიან სკოლებში და როგორ არ ეცოდინებათ ქართული?
_ ქართული ენის სწავლა ახალქალაქშიც შეიძლება, მაგრამ იქ არ სწავლობენ, ქისტები კი ქართულად საუბრობენ. ეს სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა. პანკისში ყოფნა ხშირად მიწევს და დიდი სიყვარული მაქვს მათ მიმართ. მე ზელიმხან ხანგოშვილის დაკრძალვაზეც ჩავედი. ის საქართველოზე შეყვარებული კაცი იყო. სამწუხაროდ, ზელიმხანი საქართველოს ხელისუფლებამ სიკვდილისთვის გაწირა. თამამად ვიტყვი, რომ ზელიმხანმა საქართველოს შესწირა თავი. ამ ქვეყნის პატრიოტი იყო და ამიტომ გააგდეს „ოცნების“ ლაჩრებმა ქვეყნიდან. მან გერმანიას შეაფარა თავი და იქ მოკლეს. ამაზე „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა აგოს პასუხი.
_ „ქართულმა ოცნებამ“ რატომ? ეს ახალგაზრდა ხომ რუსებმა მოკლეს?
_ მერე, ვინ აქცია რუსების სამიზნედ? ჯერ აქ სცადეს მისი მოკვლა რუსებმა. ნაცვლად იმისა, დაეცვათ, საქართველოდან გააგდეს. ამის გამო გერმანიის პროკურატურაც კი აღშფოთდა. არადა, ეს უწყება ძალიან თავშეკავებულია განცხადებებში. თავისი პოზიცია ამ საქმეზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც გამოხატა.
ზელიმხანის გაგდება არ იკმარეს და საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძმაც გააგდო ქვეყნიდან. რა უნდა ველაპარაკო ამათ, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. შექმნილ ვითარებას რომ ვუყურებ, გული სისხლით მევსება.
_ სადამდე უნდა იპარპაშონ აქ კადიროველებმა, სანამ „ოცნების“ რომელიმე წევრს არ დამართებენ რამეს? მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
_ ჩვეულებრივი მკვლელები არიან, ნებისმიერს მოკლავენ დაუფიქრებლად. ცოტა უნდა იფრთხილოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ მკვლელებს არავის დანდობა არ აქვთ. ახლა რაღაც საერთო ინტერესები გაუჩნდათ და შეკრულები არიან, მაგრამ საკმარისია, რამე პატარა უთანხმოება მოხდეს, რომ მაშინვე სისხლისღვრაზე გადავლენ.
_ რა საერთო ინტერესები აქვთ?
_ ნავთობი.
_ უფრო კონკრეტულად?
_ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ნავთობი მოიპოვება. წლების განმავლობაში ბათუმიდან გადიოდა ჩეჩნური ნავთობი საზღვარგარეთ.
_ ეს როდის ხდებოდა, ასლან აბაშიძის დროს?
_ ასლან აბაშიძის დროს დაიწყო, მაგრამ არხები ხომ დარჩა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდა.
_ მიშას დროს ეს მიმართულება ვერ იმუშავებდა, 2006 წლის ზაფხულიდან რუსებმა საზღვარი ჩაგვიკეტეს.
_ მაგის გარეშეც ჩაიჭრა ეს სქემა. კადიროვი თავიდანვე ვერ იტანდა მიშას. სააკაშვილთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ახლა გაილაღა. ნავთობი აღარ გადის, მაგრამ სხვა საქმეებში იქნებიან ერთად. მოიფიქრებდნენ რამე კონტრაბანდულ სქემას. ამაზე უფრო ჯაშუშების ამბავი მადარდებს. ამდენი წელია, ხელისუფლებაში არიან და ერთი ჯაშუში არ დაუჭერიათ! რისი ჯაშუშის დამჭერები არიან, უცხო ქვეყანა ქართველი ჟურნალისტის მოკვლას აპირებდა და ამაზე ვერ გაბედეს ხმის ამოღება.
ძალიან ცუდ დღეშია საქართველო და ძალიან მიკვირს იმ ახალგაზრდების, რომლებიც რუსებს იცავენ და ქოცებს ხმას აძლევენ. არ ვიცი, მაგათ ტვინში რა დევს, რომ ასე უმუშავებთ თავი.
_ ახალგაზრდები რატომ უნდა იცავდნენ რუსეთს, განსაკუთრებით ისინი, რომლები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიბადნენ?
_ ამ შემთხვევაში ოჯახია დამნაშავე. მამისგან და ბაბუისგან ესმით, რომ რუსეთი კარგია. მართალია, განათლებული ერი ვართ, მაგრამ ბევრი გვყავს გაუნათლებელი. ჩასძახიან ამ ბავშვებს, 37 მანეთად დავფრინავდით რუსეთში „საგულაოდო“ და ისინიც მისტირიან ამ 37-მანეთიან „გულავს“.
_ რუსეთს რატომ უნდა მისტიროდე, როცა ძალიან იაფად შეიძლება ევროპაში გაფრენა?
_ ამათთვის რუსეთი საუკეთესოა, ამ ქვეყანაში 25 წელი ვიცხოვრე და ვიცი, რასაც წარმოადგენს იქაურობა და ამიტომ არ მინდა, რუსეთთან რამე მაკავშირებდეს. რაც ჩემმა თაობამ გაიარა, არ მინდა, რომ იგივე გაიარონ ახალგაზრდებმა. ამათ წარმოდგენაც არ აქვთ, რა საშინელება იყო საბჭოთა კავშირი. ყველას ერთნაირად ეცვა, ერთნაირად აზროვნებდა, ერთნაირი კორპუსები შენდებოდა.
_ ევრაზიული კავშირის წევრები თუ გავხდებით? ახლა ამაზე ვეღარ საუბრობენ რუსები, მაგრამ წლების წინათ ივანიშვილი გვიმტკიცებდა, ცუდი არ იქნება ეს მიმართულებაო.
_ რა ევრაზიული კავშირი?! არ გამოვა აქედან არაფერი. სადაცაა, ჩამოიქცევა ეს რუსეთი. რისი ახალი კავშირის შემქმნელები არიან?! არ მესმის, როგორ შეიძლება გავცვალოთ რუსეთზე ევროპა და ამერიკა. ამერიკა ყველანაირად გვეხმარება, რომ ნორმალური ქვეყანა ავაშენოთ, რუსეთი რისი გამკეთებელია?! ძალიან რომ მოინდომოს, რაში უნდა დაგვეხმაროს?! სად აქვს ამდენი რესურსი? იხრჩობიან სანქციებით. ისევ ამერიკას უნდა სთხოვონ დოლარი, რომ დაგვეხმარონ. ისედაც არაფერს მოგცემს, აქედან მიაქვს ფული და ტერიტორია. ყველა დიდი ბიზნესი ხელში აქვთ ჩაგდებული. მთელი ფული, რაც აქ ტრიალებს, რუსეთში მიდის. მაგიტომ არაა საქართველოში ფული. ბათუმსაც ეგენი აკონტროლებენ.
_ აბა, თურქები აკონტროლებენო?
_ რა თურქები? რუსები არიან ყველაფერზე მომჯდარი. ბათუმი რომ თურქებისაა, ეგ რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია. ამით ცდილობენ, თავიანთი ზრახვები დაფარონ. გაიძახიან, აჭარა გათურქებულიაო. რაღაც ობიექტებს რომ ფლობდნენ თურქი ბიზნესმენები, რატომ უნდა გაუკვირდეს ვიღაცას? მეზობელი ქვეყანაა და გინდა თუ არა, მაინც შემოვა აქ თურქული ინვესტიცია. ისინი, ძირითადად, მომსახურების სფეროში არიან. ეს სფერო ყველაზე მაღალ დონეზე თურქებს აქვთ განვითარებული. თუ არ გინდა ის შემოვიდეს, მაშინ შენ უნდა ისწავლო. მეეჭვება, ჩვენმა ხალხმა ოდესმე მომსახურება ისწავლოს.
_ რატომ გეეჭვებათ?
_ ისეთი სახეებით გემსახურებიან, გადაირევი: არც ზრდილობა აქვთ, არც _ კულტურა, თითქოს გამადლიან, რომ იქ მუშაობენ. ისე იქცევიან, სურვილიც არ გიჩნდება, პატივი სცე და „ჩაი“ დუტოვო. ბოლო დროს რუსეთუმეებმა საინტერესო თემა შემოაგდეს, _ თითქოს თურქები ჩვენს ქალებს შეურაცხყოფას აყენებენ. ეს არის ტყუილი! დამიჯერეთ, უბატონოდ ხმას არავის სცემენ. ახლა ვინმე თუ ატეხილია და რაღაც ისეთ საქმიანობას მისდევს და მასთან თურქი მამაკაცი მივა, არც ესაა საქვეყნო პრობლემა.
_ საქვეყნო პრობლემად ვინ მიიჩნევს ამას?
_ რა ვიცი, ერთი ამბავია ატეხილი, არიქა, თუ თურქი ქართველ ქალთან გაივლის, თურქეთის ნაწილი გავხდებითო. მასე იტალიელმა ან ფრანგმა რომ გაიაროს ჩვენს ქალებთან, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება თუ რა? არ ვიცი, რა სიკვდილი ჭირს ზოგიერთის აზროვნებას.
ასეთი იაფფასიანი ტყუილებით „ქართული ოცნება“ ვეღარ დამალავს იმას, რომ საქართველო და, კონკრეტულად, აჭარა რუსი ჯაშუშებითაა სავსე. ხალხს ყელში ამოუვიდა ამათი პარპაში. ჩათვალეთ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე დასრულებულია. ეს რამდენიმე თვეში გაფორმდება. ხალხთან მაქვს ყოველდღე შეხვედრები და კარგად ვიცი მათი განწყობა, ერთი სული აქვთ, როდის დადგება არჩევნების დღე, რომ „ოცნება“ მოიშორონ თავიდან.

შორენა მარსაგიშვილი