ზვიად კუპრავა: „ჩვენი სახელმწიფო ახლა მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით იქცევა _ ვერავის ეუბნება უარს“

რამდენიმე წელია, რაც საქართველო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სათარეშო პოლიგონად იქცა. ყველაზე კარგად აქ რუსეთის წარმომადგენლები გრძნობენ თავს. ან როგორ შეიძლება, არ იგრძნონ, როცა მმართველი პარტია მათ ხმამაღლა გაკრიტიკებასაც ვერ ბედავს. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პირველმა პირებმა ვერც ჩეჩნეთის ლიდერზე, საქვეყნოდ აღიარებულ მკვლელ რამზან კადიროვზე გაბედეს აუგის თქმა. არადა, მისი დაკვეთით თბილისში ჟურნალისტი გიორგი გაბუნია უნდა მოეკლათ.

რატომ თარეშობენ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები? როგორ გამოუშვეს ციხიდან რუსეთის აგენტები, მათ ნაცვლად კი ოკუპანტებთან მებრძოლები ჩასვეს? როგორ აქციეს ცნობილი ნარკობარიგები პოლიტპატიმრებად? რა არის „ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა ესაუბრება:

_ 2012 წლის შემდეგ საქართველოში არაერთი შეკვეთილი მკვლელობა მოხდა. გასულ კვირას გავიგეთ, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა. როგორც ირკვევა, ამ შეკვეთის უკან ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი იდგა, რომლის სახელის ხსენებასაც საქართველოს ხელისუფლება გაურბის. ასე ძალიან აშინებთ ჩეჩნეთის ლიდერი?
_ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ბევრი გახმაურებული მკვლელობა მოხდა. მინდა გავიხსენო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ზვიად ლაგვილავას ამბავი: ის საუკეთესო ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ. ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობდა. ეს ბიჭი ბუნდოვან სიტუაციაში გარდაიცვალა _ ის საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს. მოგვიანებით, მისი მეუღლე და დედა ყვებოდნენ, რომ ზვიად ლაგვილავა მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობდა. შს მინისტრი მაშინ ვახტანგ გომელაური იყო. მან მეორე დღესვე მოინახულა შემთხვევის ადგილი და მისი ბრძანებით იქაურობა მოასუფთავეს _ გაანადგურეს მტკიცებულებები. ასეთი რამე გამოძიებაში, როგორც წესი, არ ხდება. ეს საქმე დღემდე ბურუსით მოცულია.
ავიღოთ, თუნდაც, ზელიმხან ხანგოშვილის ამბავი: ის რამზან კადიროვისა და რუსეთის მიმართ კრიტიკულად გახლდათ განწყობილი. მისი მკვლელობაც შეკვეთილი იყო. პირველად საქართველოში შეეცადნენ მის ლიკვიდაციას, ეს 2015 წელს მოხდა. ზელიმხანი მაშინ საკუთარმა მოხერხებულობამ გადაარჩინა, სახეზე აიფარა ხელი და სწორედ ხელზე მოხვდა მკვლელის ნასროლი ტყვიები. ამაზე სათანადო რეაგირება არ ყოფილა. ხანგოშვილი აქ თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობდა და გერმანიაში წავიდა საცხოვრებლად. მკვლელებმა იქაც მიაგნეს და მაინც მოკლეს. სამწუხაროდ, ამაზე საქართველოს ხელისუფლებას რეაგირება საერთოდ არ ჰქონია, სამაგიეროდ, გერმანიას ჰქონდა მწვავე რეაქცია.
გასულ კვირას გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა. გერმანიის პროკურატურა შოთაძის კანტორა არ არის, დასკვნა ჰაერზე რომ დაედო. მათ საქართველოდან გამოითხოვეს 2015 წელს ხანგოშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე. შეისწავლეს, თუ რა გააკეთა თბილისმა, რა არ გააკეთა. ამის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება. ამ შემთხვევაში მისი პრორუსულობა კრემლის ინტერესების გატარებით გამოიხატება. მოსკოვს სურდა, რომ თბილისს ხანგოშვილის საქმე არ გამოეძიებინა და არც გამოიძიეს. რუსეთის ინტერესში არც იმ ადამიანების დაკავება შედიოდა, რომლებიც ზელიმხან ხანგოშვილს თბილისში დაესხნენ თავს, მკვლელები არ დაუჭერიათ.
მოგეხსენებათ, არჩილ ტატუნაშვილი როგორი წამებით მოგვიკლეს ოკუპანტებმა. ამ საქმის დიდი გამოხმაურების მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა მკვლელობის გამოსაძიებლად.
არც გიგა ოთხოზორიას საქმეზე გადაუდგამს რაღაც ქმედითი ნაბიჯები ჩვენს სახელმწიფოს. შესაბამისად, არ მიკვირს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებულ საქმეზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსებსა და კადიროვს რომ არ ახსენებენ.
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ გიორგი გაბუნიას შემთხვევაში მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა. აქ მოხერხდა დანაშაულის აღკვეთა. ამისთვის ჩვენი სპეცსამსახურები მადლობას იმსახურებენ, მაგრამ აქ აუცილებელია ერთი დეტალის აღნიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ გაბუნია რეალური საფრთხის ქვეშ იყო, სუსმა ის საქმის კურსში არ ჩააყენა.
_ წესით, ხომ უნდა ჩაეყენებინა?
_ რა თქმა უნდა. საქართველოში არის სპეციალური პროგრამა, რომელიც წააგავს მოწმეთა დაცვის პროგრამას. როდესაც ადამიანს საფრთხე ემუქრება, სახელმწიფო ვალდებულია, მას დაცვა დაუნიშნოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბედუკაძეს დაუნიშნეს, ბოლოს და ბოლოს, დაცვა.
_ ბედუკაძესთან ესენი ვალში არიან, გაბუნიამ კიდევ პუტინს აგინა.
_ აქ მნიშვნელობა არ აქვს, რას წარმოადგენს ბედუკაძე ან ვინ აგინა პუტინს, მთავარი ისაა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მისი ყველა მოქალაქე დაიცვას საფრთხისგან. ამისთვის ნებისმიერი რესურსი უნდა გამოიყენოს. გიორგი გაბუნიას ისიც კი არ უთხრეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
უკრაინული სპეცსამსახურები რომ არა, შესაძლოა, ყველაფერი ცუდად დასრულებულიყო. უკრაინულ სპეცსამსახურებს, თავის მხრივ, ინფორმაცია ამერიკელი კოლეგებისგან ჰქონდათ. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა უკრაინაში რომ მაგრად იმუშავეს, ეს თავად კიევმაც აღიარა. სამწუხაროდ, უკრაინული სპეცსამსახურები ახლა იმ დონეზე არ არიან, რომ მსგავსი სპეცოპერაციები ჩაატარონ. მათ დამოუკიდებლად არ ძალუძთ ქვეყანაში რუსეთის დაზვერვის საქმიანობის სრულად გაშიფვრა, ამაში ვაშინგტონი ეხმარება.
სწორედ ამერიკელების დამსახურებაა ბიკოვის გაშიფვრა საქართველოში; ამერიკელებმა გაშიფრეს ასევე თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის ყოფნის ამბავი. მათ მოსთხოვეს ქართველ კოლეგებს, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ტერორისტის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაეტარებინათ. მართალია, ქართულმა სპეცსამსახურმა ბიკოვი დააკავა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ამერიკელები და უკრაინელები რომ არა, თავიდან თუ ავიცილებდით იმას, რისი გაკეთებაც რუსეთსა და კადიროვს ჰქონდათ დაგეგმილი.
ბოლო წლებში გახმაურებულ საქმეებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ საქართველოს მის ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა საკუთარი ინიციატივით არ გამოუაშკარავებია. გავიხსენებ 2006 წლის შემოდგომას, მაშინ ქართულმა სპეცსამსახურებმა საკუთარი ინიციატივით გამოავლინეს საქართველოში რუსული აგენტურული ქსელი. დღეს მსგავსს ინიციატივებს ვეღარ იხილავთ. ეს ძალიან ცუდია, ასე ღირსეულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.
_ გარდა იმისა, რომ ხელისუფლება რუსეთის გაკრიტიკებას ვერ ბედავს, ისინი ოპოზიციისკენ იშვერენ ხელს და ამტკიცებენ, რომ გაბუნიას მკვლელობა მათ დესტაბილიზაციის მოსაწყობად სურდათ.
_ ეს არის მავნებლური პოლიტიკა. ეს იმ განცხადების გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინათ ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა, _ მართალია, რუსები ჩვენს ტერიტორიებს ღობავენ, სამაგიეროდ, მშვიდობა გვაქვსო.
_ ტერიტორიების დაკარგვას მშვიდობა როგორ შეიძლება, ერქვას?
_ აშკარაა, რომ ამ ქალს წარმოდგენაც არ აქვს, თუ რას ნიშნავს მშვიდობა. მას ომი მხოლოდ ატომური ბომბის ჩამოგდება ჰგონია. ამ სიტუაციაში მთავარი ამბავი ისაა, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები მიაქვს. მათ ეს მიწები არც სამართლებრივად ეკუთვნით და არც _ ისტორიულად. ასეთ ვითარებაში მშვიდობაზე ლაპარაკი არ შეიძლება.
_ მათთვის მშვიდობა, ალბათ, მხოლოდ ისაა, რომ თავად და ბიძინა ივანიშვილი იყვნენ მშვიდად და კარგად.
_ რახან რუსეთი ჭორვილას არ ეპოტინება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ყველაფერი კარგად არის და მშვიდობა გვაქვს.
_ ისე, ჭორვილაზე წაპოტინება ძალიან მარტივად შეუძლია რუსეთს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან შეიძლება ივანიშვილის სოფელში გადმოსვლა.
_ საჩხერე ესაზღვრება ცხინვალის რეგიონს. აგვისტოს ომის შემდეგ საჩხერის ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის, სოფელი პერევი, რუსებმა წაიღეს. ამ თემასთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგრამ მინდა, ერთი ამბავი გავიხსენო: დავით აღმაშენებლი სანამ მეფე გახდებოდა, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად საცოლის მოსანახულებლად წავიდა. იქ დავითს ხმალი მოჰპარეს და ამის გამო მომავალი მეფე ძალიან შეურაცხყოფილი იყო. როცა უკან ბრუნდებოდნენ, ძალიან დაღვრემილი იყო. გზაში ჭყონდიდელს ჰკითხა, _ საიდან დავიწყო ხმლის დაბრუნებაო? ჭყონდიდელმა უპასუხა, _ ჩვენ უნდა დავიწყოთ ღირსების აღდგენით, როცა ღირსებას დავიბრუნებთ, მაშინ ხმალსაც დავიბრუნებთ და დაკარგულ ტერიტორიებსაცო. ყველაფრის ჯაჭვი ღირსებაზე გადის. ისრაელი ჩვენზე დიდი არაა, მაგრამ ძალიან ძლიერია, რადგან ღირსეული ქვეყანაა. მას ვერავინ გაუბედავს ერთი გოჯი მიწის წართმევას. ჩვენი ქვეყანა კი, როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, „პრახადნოი დვორად“ გადაიქცა.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს როცა უნდათ, მაშინ შემოდიან და გადიან. რა სპეცოპერაციაც უნდათ, იმას ატარებენ ჩვენს ტერიტორიაზე. გავიხსენოთ, თუნდაც, აფგან მუხთარლის საქმე. ადამიანმა ჩვენთან შეაფარა თავი და ერთ დღეს აქედან მოიტაცეს. ის ალიევმა უკვე გაათავისუფლა ციხიდან, მაგრამ ჩვენ დღემდე არ ვიცით, თუ როგორ გაიტაცეს იგი საქართველოდან. ისიც არ ვიცით, ეს ადამიანი ჩვენმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს თბილისიდან და გადასცეს აზერბაიჯანელ კოლეგებს, თუ აზერბაიჯანელებმა ჩაატარეს თბილისში მისი გატაცების ოპერაცია? მხოლოდ ის ვიცით, რასაც მუხთარლი ყვება. ის ამბობს, რომ ქართველმა ძალოვნებმა გაიტაცეს. მათგან ამასთან დაკავშირებით არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია, რომ ჟურნალისტი ტყუის. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ არ ვენდოთ აფგან მუხთარლის.
ქვეყანა ძალიან ცუდ სპირალშია შესული. ჩვენი სახელმწიფო ახლა მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით იქცევა _ ვერავის ეუბნება უარს. მსგავსი შედარების მოყვანა არ მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი სურათი გვაქვს. ვისაც არ ეზარება, ჩვენს ტერიტორიაზე საქმიანობს. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვქონდეს, ასეთი რამ არ უნდა დავუშვათ. წინა ხელისუფლებასთან საზოგადოებას ძალიან ბევრი პრეტენზია ჰქონდა, მაგრამ იმას ვერ დავაბრალებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები თარეშობდნენ.
_ მაშინ ასეთი თარეში მართლა არ ყოფილა. ქართული სპეცსამსახურები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ატარებდნენ სპეცოპერაციებს. ცხინვალის რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს ქართველების სერიული მკვლელი, მარეკ დუდაევი, რომელიც შემდეგ საოცნებო ხელისუფლებამ გამოუშვა.
_ დუდაევის დაკავება მხოლოდ ერთი ამბავია. ოკუპირებულ აფხაზეთში უამრავი სპეცოპერაცია ჩაატარეს საქართველოს სპეცსამსახურებმა. აფხაზეთში თუ რომელიმე ეთნიკურ ქართველს ოკუპანტი შეაწუხებდა, მათ აუცილებლად გაეცემოდათ პასუხი. მაშინ იქ ჩვენი მოქალაქეების უფლება და ღირსება დაცული იყო. ოკუპანტებმაც იცოდნენ და აფხაზებმაც, რომ არავის შერჩებოდა ქართველებისთვის ზედმეტი სიტყვის თქმა. ამის გაკეთებას ვერც ვერავინ ბედავდა. ვინც გაბედა, მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა. ტერორისტები გადმოჰყავდათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად ასამართლებდნენ მათ.
_ ახლა ის ხალხი ციხეშია, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეცოპერაციებს ატარებდა და ტერორისტებს აკავებდა. ეს ადამიანები გისოსებს მიღმა საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა.
_ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეცოპერაციების ჩატარების მიმართულებით ნომერ პირველ იყო რომა შამათავა. ის სხვა ბიჭებთან ერთად ზის ციხეში. მათ მხოლოდ იმიტომ სჯიან, რომ რუსეთს აამონ. სხვა ახსნას მათ დაკავებას, უბრალოდ, ვერ ვუძებნი. სამაგიეროდ, სხვადასხვა ქვეყნის ჯაშუშები „ოცნებამ“ პოლიტპატიმრებად შერაცხა და ციხიდან გამოუშვა.
_ ასეთი სტატუსი ბევრმა აგენტმა მიიღო: შკრილნიკოვმა, ჩახალიანმა…
_ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ძალიან ბევრი ჯაშუში გაათავისუფლეს. არათანმიმდევრული პოლიტიკა გატარდა წლების განმავლობაში და დღეს სწორედ ამ პოლიტიკის შედეგებს ვიმკით. ჯაშუშების პოლიტპატიმრებად შერაცხვის ერთ-ერთი მთავარი მედროშე ცდილობს, უკვე ოპოზიციის ფლანგიდან აქტიურობას და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს.
_ ეკა ბესელიაზე საუბრობთ?
_ ეკა ბესელიაზე მოგახსენებთ.
_ მართლა შეურაცხმყოფელია, როცა ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ უსამართლობაზე საუბრობს.
_ რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია. საბედნიეროდ, საზოგადოებას აქვს მეხსიერება და ყველას ყყველაფერი კარგად ახსოვს. არავის არაფერი დაგვვიწყებია. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? ეკა ბესელიამ ის მაინც გააკეთოს, რომ ბოდიში მოგვიხადოს იმისთვის, რაც დააშავა.
_ თავის დანაშაულს ვერაფერში ხედავს.
_ რას ჰქვია, ვერ ხედავს?! ეკა ბესელიამ ჯაშუშები პოლიტპატიმრებად გამოაცხადა. ამით ერთ ან ორ ადამიანს კი არ გაუკეთა ცუდი, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნა პრობლემები. მან სახელმწიფოს მიმართ გამოიჩინა მტრული დამოკიდებულება.
_ იმდენად საეჭვო ხალხი შეიწყალა „ბესელიამ და კომპანიამ“, რომ ეს ამბავი მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც კი გააპროტესტა.
_ ღარიბაშვილიც კი მიხვდა, რა დონის პრობლემები ექმნებოდა სახელმწიფოს, მაგრამ ეს იყო „ოცნების“ პოლიტიკა. ამაზე ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მწვანე ანთებული. ეკა ბესელია ასეთ რამეს საკუთარი ინიციატივით ვერ გააკეთებდა და არც გააკეთებინებდნენ. ბიძინამ იცოდა, რომ ამ დავალების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ეს ქალი იქნებოდა. მანაც პირნათლად შეასრულა დავალება. გავიმეორებ, რომ ზუსტად ამის შედეგია, რაც დღეს ხდება ქვეყანაში.
ჩვენმა ორგანიზაციამ სერიოზულად იმუშავა „ოცნების“ პოლიტპატიმრების თემაზე. ყველა მათგანის საქმე შევისწავლეთ. დეტალურად გავიარეთ, ვინ რისთვის იხდიდა სასჯელს, რამდენად სწორად დააკავეს ისინი და ა. შ. ამ მუშაობის პროცესში ისეთი ფაქტები ამოვარდა, გაგიკვირდებათ, _ იმაზე უფრო სენსაციური, ვიდრე ჩახალიანის განთავისუფლება იყო. სამუდამო ჰქონდა ადამიანს მისჯილი და ამათ გაათავისუფლეს. „ოცნებამ“ ციხიდან გაუშვა ის ადამიანი, ვისაც კილოგრამობით ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს. საქმეში მტკიცებულების სახით იდო მანქანიდან ამოღებული ნარკოტიკები. მოტორის ერთ-ერთი ნაწილიდან ამოიღეს რამდენიმე კილოგრამი ჰეროინი. ყველაფერი ვიდეოფირზეა გადაღებული. ეს ვიდეომტკიცებულებები საქმეს თან ერთვის, რომლის თანახმად, ჩხრეკას ესწრება პატრონი. როდესაც მისი მანქანიდან ნარკოტიკი ამოიღეს, მას არანაირი პრეტენზია არ გამოუხატავს. ჩემი მანქანიდან რომ ამოიღონ ჩადებული ნარკოტიკები, ხომ ვიტყვი, რომ ჩემი არაა?! ის ადამიანი კი არაფერს ამბობს. არ უარყოფს, რომ ეს საქონელი მისია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ოცნებამ“ იმის მტკიცება დაიწყო, რომ მას ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
_ ეს ადამიანი პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს.
_ დიახ, პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭეს. მაღალი თანამდებობის პირების არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ამ პოლიტიკის წყალობით საფრთხის ქვეშ მხოლოდ გიორგი გაბუნია კი არა, საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე დგას.
_ მათ შორის, ხელისუფლების წევრებიც.
_ ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება შეექმნას საფრთხე, თუ მის მიმართ ვინმეს პრეტენზია გაუჩნდება. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, უცხო ქვეყნის წარმომადგენელმაც გაუსწოროს ანგარიში. მაგალითად, კადიროვს გაუჩნდა პრეტენზია გაბუნიას მიმართ და დღეს მისი ლიკვიდაციის რეალური საფრთხეა.
_ საქართველოში არჩევნების წინ ყოველთვის იძაბება სიტუაცია. ახლა რა გველოდება? როგორც თქვით, დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე საფრთხის წინაშე დგას.
_ გიორგი გაბუნიას შესახებ, პირველ რიგში, ისაა დასადგენი, მისი მკვლელობის შეკვეთა არის თუ არა მის გამონათქვამებთან კავშირში? უფრო ცუდი ზრახვები ხომ არ ჰქონდა რუსეთს? _ წინასაარჩევნო დესტაბილიზაციას ვგულისხმობ. ამ კითხვას მხოლოდ სპეცსამსახურები უპასუხებენ და იმედია, მათგან განმარტებებს მოვისმენთ. სახელმწიფო ვალდებულია, არა მარტო აიცილოს მისი მოქალაქის მკვლელობა, არამედ ჩაჰყვეს ამ საქმეს ბოლომდე და გაარკვიოს დანაშაულის ნამდვილი მოტივი. მინდა მჯეროდეს, რომ დაიდება დასკვნა, რა მიზნით აფათურებდა ხელებს რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში.
ჩვენ არაერთი დესტაბილიზაციის მომსწრენი ვართ. ყველა მათგანი რუსეთიდან მოდიოდა. ყველა ეს დესტაბილიზაცია შემდეგ კრემლმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენა. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა მოტივის დადგენას. შემთხვევითი არაა, რომ ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნების წინ ხდება. არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი.
გაბუნიაზე თავდასხმა რომ განხორციელებულიყო, ეს საზოგადოებაში სერიოზულ რყევებს გამოიწვევდა. მართლა ძალიან კარგია, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა შეძლეს ამ დანაშაულის აღკვეთა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის ხელისუფლების სათავეში. ჩემთვის მთავარია, საქართველოში იყოს სტაბილური გარემო.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გაბუნიაზე თავდასხმა და შემდგომი დესტაბილიზაცია ოპოზიციას აწყობდა. იმედი მაქვს, საქართველოში მის სიტყვებს სერიოზულად არავინ აღიქვამს. ოპოზიციას არაფერში აწყობს დესტაბილიზაცია. მე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, გეუბნებით, რომ დღეს ჩვენთვის მთავარი არის სტაბილური გარემო. ყველანაირი დესტაბილიზაცია მიუღებელია, მით უმეტეს, თუ ეს მტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან მოდის. ის, რომ საპროტესტო აქცია იმართება, ამას არასტაბილურ გარემოდ ვერ მივიჩნევთ. საქართველოში აქციები ტარდებოდა, ტარდება და მომავალშიც ჩატარდება. ასეთი აქციები მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში იმართება. ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოხატვა დემოკრატიის გამოვლინებაა.

შორენა მარსაგიშვილი