რუსული ფეიკის მხილება _ „ქრონიკა+“ და ირაკლი ღარიბაშვილი ერთ ფრონტზე

რამდენიმე დღის წინ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ლაშა კვესელაძემ მეტად საინტერესო კვლევა გამაცნო, რომელიც თვალნათლივ ადასტურებს, რომ საქართველოში ჰიბრიდული, საინფორმაციო ომი მძვინვარებს. ჩვენ ხშირად საერთოდაც ვერ ვამჩნევთ მის არსებობას. სხვა რომ არაფერი, არც იმის დაჯერება გვინდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს საინფორმაციო ჯარები ჰყავთ, რომლებიც მათთვის საკმაოდ ეფექტიანად ახერხებენ საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მანიპულირებას. იმის გათვალისწინებით, რომ თემა ეხება „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ ჩემს ერთ-ერთ პუბლიკაციას, შევეცდები, ვრცლად მოვყვე საკითხის არსი.

https://www.recordedfuture.com/ აქვეყნებს კვლევას,

CYBER THREAT ANALYSIS |

Intent to Infekt: ‘Operation Pinball’ Tactics Reminiscent of ‘Operation Secondary Infektion’.

კვლევის შესავალშივე აღნიშნულია, რომ Insikt ჯგუფმა გამოავლინა საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც დიდი რწმუნებით ემთხვევა იმას, რასაც ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური ლაბორატორია ( DFRLab ) „მეორად ინფექციას“ უწოდებს: ფარული საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც მიმართულია აშშ-ისა და ევროპის ხელისუფლებების წინააღმდეგ და შექმნილია რუსეთში. კვლევის ავტორებმა აღნიშნულ ოპერაციას უწოდეს „ოპერაცია პინბოლი“ ( Operation Pinball ).
აქვე აღნიშნულია, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, ხდებოდა ესტონეთის ხელისუფლების ურთიერთობის გაფუჭება ევროკავშირთან მიგრანტების კრიზისის პერიოდში. ასევე გამოვლენილია „ამავე კამპანიის მეორე შემთხვევა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სადავო ტერიტორიებისადმი, ასევე საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ( NATO ) მზარდი ურთიერთობების შესარყევად“.
Insikt ჯგუფი აღნიშნავს, რომ ეს საინფორმაციო ოპერაცია მოიცავდა ინტერნეტრესურსების ფართო ქსელს, ერთჯერად ანგარიშებს, Reddit -სა და სხვა სოციალურ ქსელებს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს საინფორმაციო ოპერაცია გათვლილი იყო დასავლეთ ევროპისა და დსთ-ის რუსულენოვანი მკითხველისთვის. მკვლევრები დიდი რწმუნების ხარისხით მიიჩნევენ, რომ, მინიმუმ, ერთი ოპერაცია კვალავ გრძელდება, ხოლო სხვა, სავარაუდოდ, დაგეგმვის სტადიაზეა.
კვლევის ფარგლებში ჩატარებული გამოძიებით დადგენილია სხვადასხვა დოკუმენტის გაყალბება.
ახლა კონკრეტულად, რა წერია კვლევაში საქართველოსა და მის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო ომის ერთ ეპიზოდზე:
2020 წლის 10 იანვარს Reddit -ის ანგარიშმა u / TarielGeFr შექმნა შეტყობინება (პოსტი) ფრანგული subreddit r / France -სთვის სათაურით: Un vrai rêve géorgien , („ნამდვილი ქართული ოცნება“). პოსტში აღნიშნულია, _ იმის მიუხედავად, რომ ავტორი დიდი ხანია დევნილია, ის გულდასმით აკვირდება ქართულ პოლიტიკას. აშშ-ის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ქვეყნის ინტეგრაცია ნატოში სახელმწიფო დონეზე გახდა უსაფრთხოების სტრატეგიული პრიორიტეტი. ავტორი განიხილავს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის საკითხს და აღნიშნავს, რომ თუ სუვერენიტეტის საკითხი ადრე „ხელშეუხებელი“ იყო, ახლა მისი განხილვა მიმდინარეობს. აქ მოყვანილია ბმული „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ ჩემს პუბლიკაციაზე: „განვეშოროთ აფხაზეთს, დავასრულოთ სასარგებლო იდიოტობა _ მათ ძმობა არ სურთ“. თუმცა ავტორი წერს, თითქოს გამოცემა მიიჩნევს, რომ „საქართველომ უნდა „მოიშოროს“ (დედანში, _ განვეშოროთ) აფხაზეთი“. u / TarielGeFr -ი აცხადებს, რომ ეთანხმება გაზეთის მოსაზრებას და ამტკიცებს, _ საქართველოს ხელისუფლება მივიდა აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების გადაწყვეტილებამდე. u / TarielGeFr -ი რწმუნებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „ხმამაღალი განცხადებები“ მოსალოდნელი არ არის და ის მშვიდ ვითარებაში გეგმავს „ექსპერიმენტულ ნაბიჯებს“, რათა დააჩქაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ნატოში შესვლის პარალელურად, რასაც ადასტურებს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნატოს გენმდივან იან სტოლტენბერგისთვის 2019 წლის 29 ნოემბერს გაგზავნილი წერილი. მაგრამ საქმე ის არის, რომ Insikt ჯგუფი დარწმუნებით აცხადებს, _ თავდაცვის მინისტრის წერილი გაყალბებულია და ეს ჩვენი გაზეთის მკითხველსაც შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს. სხვა რომ არაფერი, „ლოუდ სტატემენტს“ ( громкие слова _ translated: loud words ) – ეს რუსული ფრაზაა, რომელიც Insikt ჯგუფის მტკიცებით, რუსულიდან ფრანგულზე პირდაპირი თარგმანია, რაც, სხვა გარემოებებთან ერთად, მკლევარებისთვის გასაგებს ხდის, რომ პოსტის ავტორი u / TarielGeFr რუსულენოვანია. ქართველი მკითხველისთვის კი ბლანკის ნახვაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ წერილი ყალბია.
წერილში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია ენგურჰესის გაყიდვაც, რომელიც წარმოადგენს „დაბრკოლებას“ საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის. ასევე საუბარია, რომ საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან დამატებითი ელექტროენერგიის შესაძენად ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის NATO -ს პოტენციური მტრებისგან. u / TarielGeFr ვარაუდობს, რომ ამან შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაც გამოიწვიოს, რაც სულაც არ არის სასურველი საქართველოსთვის. შემდგომ მოყვანილია ასევე ვარაუდი, რომ ოდესმე შესაძლოა, სადავო ტერიტორიებმა საქართველოში დაბრუნება მოინდომონ და უამრავი კეთილდღეობა მიიღონ.
მადლობის მეტი რა გვეთქმის Insikt ჯგუფისთვის ამ საკითხის ღრმად შესწავლისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ რედაქციისთვის მომართვის შემთხვევაში ჩვენ ბევრად გავუადვილებდით საქმეს მკვლევრებს, რადგან, ჯერ კიდევ, 2019 წლის 14 ივლისს კრემლის ერთ-ერთმა იდეოლოგიურმა რუპორმა „რეგმუმმა“ თითქმის ანალოგიური ინტერპრეტაცია გააკეთა ( https://regnum.ru/news/polit/2647613.html ). თუმცა, მალევე, „რეგნუმს“ გამოეხმაურა რადიო „თავისუფლების“ კავკასიის ბიურო, სადაც ავტორმა ვიტალი შარიამ განმარტებები გააკეთა ჩემს პუბლიკაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ( https://www.ekhokavkaza.com/a/30006852.html?fbclid=IwAR15xPYLv4rqmJBi3BNZGCDv1suF108QlQWcVbr16yLPbu1wP-6sSyKnzTM ).


კიდევ ერთხელ შევხედოთ, რა გააფეიკა ჩემ შემთხვევაში „ავტორმა“. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილის გაყალბებას, ვიმეორებ: თუნდაც ბლანკზე დახედვაც სასაცილოს ხდის მის შინაარსს. მაგრამ სასაცილოდ ქართველისთვის და არა მოსატყუებელი რუსი თუ უცხოელი აუდიტორიისთვის.
მოკლედ, გასული წლის ივნისში „ქრონიკა+“-ში გამოვაქვეყნე პუბლიკაცია „განვეშოროთ აფხაზეთს, დავასრულოთ სასარგებლო იდიოტობა _ მათ ძმობა არ სურთ“ ( /?p=18803 ).
პუბლიკაციის პათოსი საკმაოდ მწვავეა და მოწოდებულია რადიკალური ქმედებების განხორციელებისკენ უმთავრესი დათქმით: „რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, საქართველოსთვის აფხაზეთი აფხაზეთი იქნება! რას ვგულისხმობ, ამასაც არ განვავრცობ, მიხვდებით და ვერც ერთი მთავრობა ვერც ერთ პოლიტიკურ „რასკლადში“ საკუთარ თავზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, მასზე უარი თქვას. ანუ ოფიციალური თბილისი არასოდეს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, საქართველოს დედაქალაქში რუსი „ნამესტნიკიც“ რომ იჯდეს. ეს მაინც, ისე _ დათქმად, კარგად რომ იცოდნენ და ესმოდეთ „იქ _ გაღმა“.
აქვე მოყვანილია ხუთი პუნქტი, რომელიც უნდა გატარდეს, რათა მუდმივად არ ვიყოთ იმ როლში, რომ აფხაზები და მათ ზურგს უკან მდგომი ოკუპანტები გვკარნახოდნენ დღის წესრიგს, არამედ ჩვენ თავად შევქმნათ დღის წესრიგი. კერძოდ:
„1. ჩვენ უნდა მივმართოთ „იქ _ გაღმა ნაპირზე“ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას და ვუთხრათ, _ წამოდით! წამოსულებს კი ყველა პირობა შევუქმნათ აქ ცხოვრებისთვის. სხვაგვარად როგორ გამოდის? ქართულ მოსახლეობას „ოფიციალური სოხუმი“ (ნახეთ, შეგნებულად არ დავწერე ან მარიონეტული, ან სეპარატისტული…) საარჩევნო ხმად იყენებს და მერე ამ ადამიანების მიერ არჩეული ლიდერები საქართველოს ებრძვიან. არ დამიწყოთ ახლა, რომ აქ ისედაც დიდი გაჭირვებაა და ვერ ვუპატრონებთ. ჩვენ მათ უნდა მივცეთ მინიმალური: სახლი და დახმარებები იმაზე ორჯერ მეტი ოდენობით, ვიდრე იქ აქვთ. დანარჩენი მათ უნდა შეძლონ. ეს სახელმწიფოებრივი აზროვნებაა. არა? არ უნდათ ასე? სურთ, რომ იქ იყვნენ, იმათთან, ვინც გვებრძვის? კი ბატონო _ ეს მათი არჩევანი იქნება და პარიზისა თუ სტრასბურგის ქუჩებში „კარვების ქალაქებში“ მყოფი _ საქართველოზე უარის მთქმელი ქართველებივით _ მიხედავენ საკუთარ თავს. მძიმე ვერდიქტია, მაგრამ სამართლიანი _ არ გინდივარ _ შენი ნებაა, ვერ და არ გაიძულებ, ჩემთან იყო;

  1. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ყველა სახის მიმოსვლა გაღმა-გამოღმა (სხვათა შორის, იგივე უნდა გავაკეთოთ შიდა ქართლშიც). გონიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, დროებით ადმინისტრაციული საზღვარი რუსებმა კი არ ააშენონ, არამედ ჩვენ აღვმართოთ. არანაირი ვაჭრობა და ჰუმანიტარული დახმარებები. არანაირი მკურნალობა, არანაირი დახმარება _ „ადამიანი“ დასანახად ვერ გიტანს, ეზიზღები, მზად არის, გაგანადგუროს და რა ჰუმანიზმს თამაშობ? მიბრძანდეს, ბატონო და „სოჩაში“, კრასნოდარში, მოსკოვში იმკურნალოს და აქ გამონაკლისები დასაშვები არ არის! ძალიან არაჰუმანურია. ერთი შეხედვით, _ კი! მაგრამ პოლიტიკურად პრაგმატული და თუ იმავე ჰუმანიზმის პრიზმაში გავხედავთ საკითხს, ჰუმანურიც გახლავთ. შენ შვილისა და მშობლის საფლავზე არ მიმიშვა, ჩემს სახლში გააფხაზებული და მერე გარუსებული ტიპები ჩაასახლო და მე შენი სიცოცხლისთვის ვიბრძოლო? უნდა დასრულდეს ეს უაზრო სტოკჰოლმის სინდრომი და მოჩვენებითი ჰუმანიზმი. მით უფრო, ახლა ცხელი ომი არ მიმდინარეობს, სადაც მტრისადმი პატივისცემისა და მისი ღირსების შენარჩუნების ვალდებულება არსებობს. არც „სტუმარ-მასპინძლის“ მათავარი სათქმელია გასამეორებელი _ მტერი არ არსებობს! (ლ. ბერძენიშვილის საოცარი ახსნა). ამიტომაც ეს მოჩვენებითი ჰუმანიზმი უნდა დავამარცხოთ ჩვენში;
  2. ზემოთაც ვთქვი და ახლა მკვეთრად გავიმეორებ: ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე ჩვენ უნდა ავაშენოთ კედელი _ გნებავთ, სხვა სახის ბარიერი და მკაცრად ვაკონტროლოთ, რომ ჩიტმაც ვერ გადაიფრინოს ჩვენი ნებართვის გარეშე;
  3. ქართულმა სპეცსამსახურებმა უნდა შექმნან მექანიზმი და ამის მიღწევა ადვილია, რომ არსებობდეს „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ თითოეული მოქალაქის სია, მათ შორის იმათი, რომელთაც აქვთ რუსული პასპორტები და საერთაშორისო თანამეგობრობასთან „გაფორმდეს ხელშეკრულება“, რომ ვერც ერთი „აფხაზეთის მოქალაქე“, მათ შორის, რუსულპასპორტიანი, ვერ მოხვდება ევროპაში, აშშ-ში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, იქნებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ამაზე ძნელად გამოგვყვებიან, მაგრამ ამის დაძლევის არაერთი გზა და ხერხი არსებობს _ იმავე საერთაშორისო ზეწოლის, სანქციების გამოყენებით;
  4. აფხაზეთიდან ცივილიზებულ სამყაროში მოხვედრის ერთადერთი გზა უნდა იყოს თბილისი და საქართველოს პასპორტი. ყველა სახის ბენეფიტის, დახმარების, ჰუმანიტარული, სამედიცინო თანადგომის გზა უნდა გადიოდეს საქართველოს სახელმწიფოს პასპორტზე. ეს პასპორტი სადღაც სკივრში შენახული არ უნდა გახლდეთ, რომელსაც ჩვენს გასაბრიყვებლად გამოაცურებენ პერიოდულად, არამედ ინფორმაცია თითოეული პერსონის შესახებ უნდა იყოს საჯარო. მეტიც: ქართულმა სახელმწიფომ ყველა სახის პრივილეგია უნდა შეუქმნას ასეთ ადამიანებს, დაწყებული სწავლა-განათლების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფით და სხვადასხვა სახის დახმარების გაწევით დასრულებული, მათ შორის, ფულადი კომპენსაციებით. არ მოისურვებენ? რა პრობლემაა? _ მათი ნებაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ნება უნდა გვქონდეს და მუდამ მათ ჭკუაზე არ უნდა ვიაროთ და მათ დაკრულზე არ უნდა ვიცეკვოთ“.
    პუბლიკაციის ბოლოს ერთმნიშვნელოვნად და მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღვნიშნავ: „დავასრულოთ ეს სასარგებლო იდიოტების პოლიტიკა; დავასრულოთ _ „აფხაზი ძმები“; დავასრულოთ _ „გვახსოვდეს აფხაზეთი!“ („ლენინ ვსეგდა ბუდეტ ჟიტ“, _ ასე რომ ისმის); დავასრულოთ _ გულწრფელი თუ მოჩვენებითი ჰუმანიზმი! დავასრულოთ ილუზიებში ცხოვრება! ჩვენ ახლა გვჭირდება შესაძლოა, არაპოპულარული, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯები ამ მიმართულებით და ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ. არ გადავდგამთ დღეს, გადადგამენ ხვალ! უბრალოდ, ისევ დავაგვიანებთ დიდი ხნით, ისევ ილუზიებში ცხოვრებას გავაგრძელებთ და ისევ მოვიტყუებთ თავს. ზემოთ მოყვანილ იმ ხუთ პუნქტს უამრავი დეტალი ახლავს. მაგრამ დაუძლეველი წინააღმდეგობა არ არსებობს. სწორად უნდა გავიაზროთ, იმათ _ „იქ _ გაღმა ნაპირზე“ ჩვენ არ ვჭირდებით და ჩვენ ნუ ვეტენებით! არ ვუნდივართ და მაშინ იარონ იმ გზით, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ და არა იმ გზით, რომლითაც სიარულს თავად გვაიძულებენ“.

ეს ფორმულა, ანუ აფხაზეთისა და, ზოგადად, ოკუპირებული ტერიტორიების იზოლირებისა და არა მათთვის სხვადასხვა დახმარების გაწევის, აბსოლუტურად მართებული რომ გახლავთ, მოგვიანებით დადასტურდა, როდესაც თბილისში ვიზიტად მყოფმა ნატოს ექსგენმდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ პერსპექტივაზე ისაუბრა. ამ მოვლენისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში „ NATO შორს და NATO ახლოს“ (2029 წლის ივლისი /?p=19457 ), კიდევ ერთხელ გავიმეორე ზემოთ მოყვანილი პათოსი.
ვრცელი ციტატა პუბლიკაციიდან: „სამი ათეული წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მივხვდით, რომ მტერი არის მტერი და არ ვეშვებით იდიოტურ სახალხო დიპლომატიას. სახალხო დიპლომატია მუშაობს მხოლოდ, ვიმორებ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგესთან ხარ თანაბარ ვითარებაში. ახლა, რუს-აფხაზი და რუს-ოსი არის მტერი და აქ გარდასულ დღეთა მოგონებანი ან ცალკეული ადამიანური სენტიმენტები, ნათელ-მირონობა ვერაფერს ცვლის.
სამხედრო სტრატეგიული და პოლიტიკური პრიზმით დავინახოთ საკითხი. დავუშვათ, ხვალ გავხდით ნატოს წევრები, ასე _ პირდაპირ, ყოველგვარი MAP-ის გარეშე. ავტომატურად ამოქმედდა მე-5 მუხლი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ზეგ რუსეთმა გააგრძელა ბორდერიზაციის პროცესი რომელიმე სოფელში, ანუ კიდევ შემოიწია საქართველოს ტერიტორიაზე. რა უნდა გააკეთოს ნატომ? რა თქმა უნდა, მეხუთე მუხლის საფუძველზე დაიწყოს ომი! მას ამას ალიანსის წესდება ავალდებულებს. დაიწყებს? ანუ მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს საქართველოში? _ არა! რატომ? თუ ომი უნდა დავიწყოთ და ამისთვის გვჭირდება ნატო, ისინი იდიოტები კი არ არიან, მარტივი კითხვა გაუჩნდებათ, _ თქვენ რატომ არ იწყებდით ომს, როდესაც გუშინწინ იგივეს აკეთებდა რუსეთი?
ეს უკვე ცუგცვანგია, ხვდებით? ეს მდგომარეობაა სწორედ შორი გზა ნატომდე. ანუ გზა, როდესაც კარი ღიაა და ვერ შევდივართ. და ვის აწყობს ეს მდგომარეობა ყველაზე უფრო? რა თქმა უნდა, რუსეთს და რა თქმა უნდა, საქართველოს პრორუსულ ძალებს, რომლებიც მუდამ დიალოგს გაიძახიან. კიდევ ეს მდგომარეობა აწყობთ აფხაზ და ოს სეპარატისტებს, რომლებიც რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ თურმე განცხრომით და საქართველოში (სახაროვის ტერმინს თუ გამოვიყენებ), „პატარა იმპერიაში“, მათი უფლებები შელახული ყოფილა. კიდევ ეს მდგომარეობა აწყობს ყველა ხელისუფლებას, რომელიც მტერს ძმას ეძახის და ათას სულელურ პროგრამასა და პროექტს იგონებს „შესარიგებლად“, რეალურად კი მტერს კვებავს საქართველოს მოსახლეობის, გადასახადის გადამხდელის ფულით. ვიმეორებ: არსებული სტატუს-კვო არის შორი გზა NATO -მდე, ანუ გზა არსად. და ამ „გზას არსად“ რომ ვერ ხედავენ, მაგრამ შედეგი სურთ, მხოლოდ ემოციებით განმსჯელ ქართველ მოქალაქეებს მოეჩვენათ აპატურაის განცხადება „ცივ შხაპად“. ამიტომაც არის ამ ადამიანების, მოქალაქეების ფსევდოინტელექტუალიზმი და პატრიოტიზმი საშიში და სახიფათოც კი.


და არსებობს კი ახლო გზა?
დიახ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის პოლიტიკა. შევწყვიტოთ ყოველგვარი ჰუმანიტარული მისიები. „გაღმა“ დარჩენილ ქართველობას ნათლად უნდა განვუმარტოთ, _ დაბრუნდით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვინც დაბრუნდება, იმათ შევუქმნათ საცხოვრებელი პირობები, მივცეთ დახმარებები. სხვა რომ არაფერი, ეს ჩვენი თანამოქალაქეები იმათ არჩევნებში მონაწილეობენ და ირჩევენ იმ ხელისუფლებებს, რომლებიც კლავენ ოთხოზორიას, ტატუნაშვილს… მათ არა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, არამედ ქართული სახელმწიფოს წინაშეც. მესმის, ეს დიდი ტვირთია, მაგრამ უფრო დიდი ტვირთი უზიდავთ ჩვენს წინაპრებს ამ ქვეყნის ჩვენამდე მოსატანად. ვინც უარს იტყვის ამ შეთავაზებაზე, ესეც მათი შეგნებული არჩევანი იქნება და ვერავინ დაძრახავს. უბრალოდ, მათ იმ რეჟიმში მოუწევთ ცხოვრება, რომელშიც იცხოვრებენ იქ დანარჩენი „გაღმა“ მყოფნი.
მერე ადმინსაზღვარზე ჩვენ უნდა ავაშენოთ „კედელი ისე, რომ ჩიტიც ვერ გადმოფრინდეს. მხოლოდ შემდეგ აღგვიქვამს ყველა საერთაშორისო მოთამაშე სახელმწიფოდ და მტერიც _ ანგარიშგასაწევ ძალად. ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას. ეს ნიშნავს მათ იზოლაციას იმ არჩევანით, რაც გააკეთეს. ეს ნიშნავს საქართველოს სწორ განვითარებას. აი, ამ ვითარებაშია შესაძლებელი სწორედ „მეხუთე მუხლის გარეშე“.
პარალელურად ჩვენმა სპეცსამსახურებმა და სახელმწიფომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა სახლმწიფოს, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა მიმართოს კონკრეტული მოთხოვნით: არ დაუშვან საკუთარ ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა, თუნდაც რუსული პასპორტის მფლობელები. ამ სიის გაკეთება ადვილია, თუმცა, პირველ ეტაპზე, საკმაოდ შრომატევადი იქნება. მართალია, ეს უშუალო კავშირში არ არის მე-5 მუხლთან და, გნებავთ, NATO -ში გაწევრიანებასთან, მაგრამ ეს სახელმწიფოს იდენტობისა და მისი ნების გამომხატველი ქმედებაა. მოუნდება ვინმეს უცხოეთში სწავლა, მკურნალობა ან სხვა მიზნით გასვლა? _ მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტით და მხოლოდ საქართველოს გავლით.
იზოლაციის პოლიტიკაზე ერთ-ერთი დისკუსიისას დამისვეს კითხვა, _ რა ვუყოთ ენგურის ჰიდროელექტროსადგურს? გამოსავალი აქაც მარტივი გახლავთ, ჩვენ ის გრძელვადიან მართვაში უნდა გადავცეთ საერთაშორისო ტენდერით, ხოლო ელექტროსადგურის საქმიანობის მონიტორინგი ევროკავშირის შესაბამისმა კომისიამ უნდა განახორციელოს. ესეც რუტინული სამუშაოა რაღაც ეტაპზე, მაგრამ აბსოლუტურად მიღწევადი.
ეს გახლავთ მოკლე გზა NATO -სკენ. ეს გახლავთ სახელმწიფოს იდენტობის მადემონსტრირებელი ქმედებები და არა სულელური დიალოგი, რომელიც არაფერს გვაძლევს მესამე ათეული წელია.
იმ კედლის არსებობის პირობებში მერე ეცოდინება NATO -ს, რა უნდა დაიცვას და ეცოდინება რუსეთსაც, რა მოყვება მის თავხედურ „ინიციატივებს“. ამის მერე ნებისმიერი დემარში იქნება არა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული, არამედ NATO -ს წინააღმდეგ მიმართული და მერე კრემლმა იმკითხაოს, აამოქმედებს თუ არა ბრიუსელი მე-5 მუხლს. ჩვენ ამაზე საფიქრალი არ გვექნება, რადგან ზუსტად გვეცოდინება, რომ დიახ _ აამოქმედებს“.
და ამ ყველაფერში რუსმა „ამოიკითხა“, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. ან მე ვპროპაგანდირებ ამას „ქრონიკა+“-ის მეშვეობით. ამ იმედით აცხოვრებენ აფხაზებს, რომ ერთ დღეს აქ გადავირევით და ხონჩით მივართმევთ აღიარებას. არა, ვერ ეღირსებიან. ვიმეორებ, ვერც ერთი ხელისუფლება ამ საკითხს ვერ შეეხება, ჰიბრიდული ომის ფარგლებში საინფორმაციო საარტილერიო ჯარებიც რომ დაგვასიონ. და თუ რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს ეს, მომავალი ან იმის მომავალი ხელისუფლება, თუ კიდევ იმის მოლოდინში ვიქნებით, რომ აფხაზეთში ლოიალურად განწყობილ პრეზიდენტს აირჩევენ, ამით, უბრალოდ, დროს დავკარგავთ. მაგრამ ჩვენ აუცილებლად „განვეშორებით აფხაზეთს“ _ განვეშორებით ყალბ ძმობას; მტრისთვის მორდუობის შეხსენებას; ოთხოზორიას მკვლელის შთამომავლობისთვის და ახლობლებისთვის იმედის მიცემას, თუ ცუდად გახდებიან, ვუმკურნალებთ; რომ მათ ოჯახებში ქორწილებს ჩვენთან ნაყიდი „პრავეზიით“ გადაიხდიან და სანაცვლოდ საკუთარი მშობლების საფლავებზე არ მიგვიშვებენ; ჩვენ შევძლებთ და ჩავუკეტავთ მათ ყველა გზას ცივილიზებულ სამყაროსთან; ჩვენ ისე მოვექცევით მათ, როგორც ისინი ამას იმსახურებენ. ასე მოქმედებენ თავმოყვარე სახელმწიფოები, არსებობს მსოფლიოში ამის არაერთი აპრობირებული მოდელი _ თუნდაც სამხრეთ კორეაში, თუნდაც ისრაელში. სულ ეს იყო, მორიგი ფეიკ-ამბის თაობაზე. ცუდი კარგის გარეშე არ არსებობს, კარგი ამ ყველაფერში კი ის არის, რომ აფხაზები კიდევ ერთხელ გაიგებენ, რომ მათი დამოუკიდებლობა ბლეფია, ხოლო მათი თავისუფლება რუსი ჯარისკაცის ჩექმის ლანჩის ფასი ღირს.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი