უნდა გახდეს თუ არა ევრო ჩვენი ვალუტა?

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი გაჩერდა, რაც ვაკანსიების რაოდენობის შემცირებაზე პირდაპირპროპორციულად აისახა.

ყველაზე ხშირად განცხადებები შემდეგ ვაკანსიებზე დაიდო:
გამყიდველი, მოლარე, დამლაგებელი, მრეცხავი, მზარეული, მცხობელი, ძიძა, მომვლელი, დამხმარე, საოფისე საქმე, მდივანი.
რაც შეეხება მოთხოვნად პროფესიებს, პანდემიის პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები აღმოჩნდა: გამყიდველი, მოლარე, დამლაგებელი, მრეცხავი, დაცვა, კურიერი, მზარეული, მცხობელი, მძღოლი, რემონტი, მშენებლობა, საოფისე საქმე, მდივანი , ძიძა, მომვლელი, დამხმარე.
პანდემიის პერიოდში ძირითადი მოთხოვნა დედაქალაქში იყო. დაახლოებით ვაკანსიების 95% თბილისში იდებოდა, თუმცა მაისის ბოლოდან ვაკანსიების გამოქვეყნება ყველა რეგიონში დაიწყო. პანდემიის დასრულებამ გააჩინა მნიშვნელოვანი კითხვები, _ რა ხდება ქვეყანაში? დაიწყო ინფლაცია? პროდუქტი გაძვირდა? გვშველის კი ეს ანტიკრიზისული გეგმა?
მაგალითისთვის მოვიყვან კახეთის მცირე მარნებს, რომელთაც, პრაქტიკულად, არსებობა შეწყვიტეს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მცირე და საშუალო ბიზნესს მხარდაჭერა აღუთქვა, კახეთში არსებული მცირე ტიპის ღვინის მარნები შემოსავლის გარშე დარჩნენ. არადა, მარნების მეპატრონეებს, ძირითადად, საკუთარ კარმიდმოში აშენებული ქვევრის სახლები ბანკიდან გამოტანილი სესხით აქვთ აგებული. პანდემიის პირობებში ერთადერთი მნიშვნელოვანი შეღავათი, რაც სახელმწიფოსა და ბანკისგან მიიღეს, სესხების გადავადებაა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კახეთში მცირე ტიპის მარნების მეპატრონეები შემდეგ ორ-სამ წელიწადს ნიჰილისტურად უყურებენ და ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე მარნის მოვლა და შენახვა გაუმართლებელი და არაეკონომიური ნაბიჯია. ჯერ კიდევ ისევ ისეა გაჩერებული ასიათასობით ჩამოსხმული ბოთლის ღვინო, რომელიც, რომ არა პანდემია, უკვე ექსპორტზე უნდა იყოს გასული და მოგებაც მიღებული უნდა ჰქონდეთ.

როგორ ცხოვრობდნენ პანდემიამდე მცირე მარნის მეპატრონეები?

ძირითადად ყველას, მარანთან ერთად, საკუთარ ეზოში მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროები ჰქონდა, ტურისტთა რაოდენობა კი ძალიან დიდი იყო. ტურისტები ერთი ოჯახიდან სამ სერვისს იღებდნენ: სასტუმროს მომსახურებას, სარესტორნოს და ქართული ღვინით სიამოვნებას მიეცემოდნენ. შესაბამისად, არც ერთ მარანს არ უჭირდა არც სესხის აღება და არც მისი გასტუმრება. ამიტომ კახეთში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ასობით მცირე საოჯახო ტიპის სასტუმრო აშენდა, გაკეთდა მარნები, ძალიან სწრაფად დაიწყო განვითარება გასტრონომიულმა ტურიზმმაც. მაგრამ პანდემიამ დრო უკან დაატრიალა და დღეს ამ მარნის დამფუძნებლები ასე გაჩერებულ დედამიწაზე გაურკვევლობაში არიან.
„საერთოდ გავაჩერე მუშაობა. მარტში უკვე ყველა წინასწარი ჯავშანი გამიუქმეს. ახლა სესხიც დასაფარია. მართალია, რამდენიმე თვეში მომიწევს სესხის დაფარვა, მაგრამ მაშინ მაინც რით უნდა დავფარო, წარმოდგენაც არ მაქვს. არ ვიცი, ტურისტი მეყოლება წელს? ან საერთოდ შემდეგი წლების მანძილზე ტურიზმის ბედი რა იქნება? ამ დროს, ალბათ, ხელისუფლების თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მცირე ტიპის მარნები უყურადღებოდ აღმოვჩნდით. ახლა ყველა საერთო პრობლემით ვართ შეპყრობილი, მცირე მარნები სახადივით გვაქვს, თითქოს საერთო ავადობაა“, _ დანანებით ჰყვება „ქრონიკა+“-სთან თავის პრობლემებზე ვანო ჯოხაძე.
უახლოესი თვეები უფრო კარგად დაგვანახებს, სად არის დღეს ჩვენი ეკონომიკა გაჩერებული.

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სურათზე, სტატისტიკაზე, გამოსავლის გზებსა და ახალგაზრდა ეკონომისტთა ხედვებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ეკონომიკის დოქტორ ირაკლი მურცხვალაძეს:

_ რა მდგომარეობაშია ლარი? რა მნიშვნელობა აქვს მას მოქალაქეებისა თუ ბიზნესისთვის?
_ ლარის კურსი ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადამწყვეტად ზემოქმედებს. ძალიან დიდი რაოდენობა იმ პროდუქტისა, რომელსაც მოვიხმართ, იმპორტულია, ანუ უცხოეთიდან შემოდის. ბუნებრივია, უცხოელი მწარმოებლები საკუთარ პროდუქტს ქართულ ლარზე არ გაყიდიან. იტალიური მაკარონი თუ რუმინული ავეჯი ევროზე ან დოლარზე იყიდება. შემდეგ იმპორტიორს ეს საქართველოში შემოაქვს და ყიდის ლარად. შემდეგ ეს ლარი დოლარად უნდა გადარიცხოს უკან, ამის გამო ლარის კურსის ვარდნა ავტომატურ რეჟიმში იწვევს ამ პროდუქციაზე ფასების ზრდას. ანუ, გარკვეულწილად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლარის კურსის ვარდნა, ამავდროულად, იწვევს ინფლაციის ზრდას, ანუ ფასების ზრდას ჩვენს ქვეყანაში. ეს ერთი ფაქტორი.
მეორე: თუკი ვისაუბრებთ იმ პროდუქციაზე, რომელიც საქართველოში იწარმოება, ამ შემთხვევაშიც ლარის გაუფასურება მაინც იწვევს ადგილობრივ პროდუქციაზეც ფასების ზრდას: ამ საწარმოებში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც სჭირდებათ იმ პროდუქციის შეძენა, რომელიც ევროთი ან დოლარით იყიდეს უცხოეთში, მათ უძვირდებათ ცხოვრება. ამიტომ მიდიან და თავის უფროსს ხელფასის მომატებას სთხოვენ. კომპანიის ხელმძღვანელებსაც უნდათ ძვირფასი ნივთების ყიდვა, ავტომობილის შეძენა და ა. შ. და ისიც უცხოური ვალუტით უნდა განახორციელონ. დასკვნა: ლარის კურსის ვარდნა ავტომატურ რეჟიმში იწვევს ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას.
_ სინამდვილეში, ვისი პასუხისმგებლობაა გაცვლითი კურსი? ვინ უნდა აკონტროლოს და რა მექანიზმით შეაჩეროს ეს სურათი?
_ როდესაც ეროვნული ბანკი ამბობს, რომ გაცვლითი კურსი არ არის ჩემი პასუხისმგებლობა, ჩემი პასუხისმგებლობა არის ინფლაციის თარგეტირება, ანუ ინფლაციაზე ვარ პასუხისმგებელიო, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ გაცვლითი კურსის დაცემა ავტომატურად ნიშნავს ინფლაციასაც. ამიტომ იზრუნოს ამ გაცვლითი კურსის სტაბილიზაციაზე. ახლა მეორე მხარეს შევხედოთ, ჩვეულებრივ ადამიანებს როგორ გვეხება ლარის გაცვლითი კურსი:
მეორე მხარეს არის ბიზნესები. ზოგიერთი ამ ბიზნესიდან არის ექსპორტიორი, ზოგი კი _ იმპორტიორი. იმპორტიორ კომპანიებს აწყობთ, რომ ლარის კურსი მაღალი იყოს, ხოლო უცხოური ვალუტის კურსი _ შედარებით მცირე. ექსპორტიორებს კი პირიქით აწყობთ, რომ ლარი იყოს გაუფასურებული, რადგან უცხოეთში რომ გაყიდის, პირობითად, ას დოლარად ნებისმიერ ქართულ პროდუქციას, იმ ასი დოლარს ნაცვლად 304 ლარი კი არ მიიღოს, არამედ _ 350. სხვადასხვა ინტერესია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლარი ძალიან ხშირად მერყეობს და რყევები საკმაოდ დიდია.
მაგალითად, ევროკავშირიც ვაჭრობს ამერიკასთან, რადგან ერთ მხარეს ევრო სჭირდება, მეორე მხარეს _ დოლარი და ერთმანეთში ცვლიან. აი, ასეთი სასწაული რყევები, როგორიცაა 10%-იანი რყევა ერთი დღის განმავლობაში, არც ევროპაში და არც ამერიკაში მსგავსი არავის უნახავს. ეს არის ანომალია, რაც ავტომატურად იწვევს გაზრდილ სავალუტო რისკებს.
ე. ი. ჩვენს ქვეყანაში ადამიანმა შეიძლება მხოლოდ იმიტომ იზარალოს ბიზნესში, რომ კურსი შეიცვალა, მან თავისი საქმე პატიოსნად გააკეთა, საკუთარი პროდუქცია ხარისხიანად შექმნა, გაყიდა მშვენივრად, მაგრამ კურსი შეიცვალა და იზარალა.
_ ასეთ სავალუტო პირობებში ბიზნესის განვითარებას როგორ ხედავთ?
_ გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთი არასტაბილური ეროვნული ვალუტით, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება ურთულესია.
ყველაზე მეტად მოსახლეობამ იზარალა, თუმცა აქვე უნდა გავმიჯნოთ, რას ვგულისხმობთ, როცა ვსაუბრობთ ბიზნესზე. არის მსხვილი ბიზნესი, რომელიც მსხვილ ნიშნულზე გადის და ეს საერთოდ სხვა თემაა, მაგრამ ახლა ვსაუბრობ მცირე ბიზნესზე: ვიღაცას პატარა მაღაზია აქვს ან _ სამკერვალო, რაღაც საცხობი აქვს. აი, ეს წვრილი ბიზნესი იჩაგრება ამ დროს. არადა, ეს ადამიანები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ ლუკმა-პურისთვის რაღაც პატარა ბიზნესი აამუშაონ, რომ ოჯახი გადაარჩინონ და რამდენიმე ადამიანს თუ დაასაქმებენ, ეს ხომ საერთოდ დიდი მიღწევაა მათთვის.
_ რა ხდება სხვა ქვეყნებში?
_ დავიწყოთ იქიდან, თუ რა ქმნის სხვა ქვეყნებში გაცვლით კურსს? ე. ი. პროდუქტის ფასი ვლინდება მასზე მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით.
_ მაგალითად?
_ მაგალითად, თუ პომიდორი ბევრია ბაზარში და მყიდველი ცოტაა, იგი გაიაფდება, რადგან გაფუჭდება. ან პირიქით: თუ ბევრი მყიდველია და პომიდორი ცოტაა, მაშინ მის ფასს აწევენ. ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის, ის იყიდის. იგივე ხდება ვალუტაზეც: მაგალითად, ერთ მხარეს ევრო და დოლარია, მეორე მხარეს _ ლარი. თუ ხალხს სჭირდება ლარი, მისი კურსი ზემოთ ადის. მოკლედ, გაცვლით კურსს მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.
ახლა ბოლო დროს უფრო აქტიურად დაიწყეს ინტერვენციები, რაც, ჩემი აზრით, მისასალმებელია, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ეს პრობლემას ვერ გადაჭრის. მაგალითისთვის: უცხოელ ინვესტორს ეუბნები, რომ საქართველოში ჩადოს ფული. ამ დროს შენი ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად ზემოთ-ქვემოთ დარბის. ვერ გათვლის ის კაცი გრძელვადიანად, ძალიან დიდი რისკი ექნება, რაც ძირითადი ხელის შემშლელი პირობაა. დღეს ჩვეულებრივი ადამიანები ვეღარ პროგნოზირებენ, საკუთარი ხელფასით, ერთი თვის შემდეგ, შეძლებენ თუ არა თავის შენახვას.
_ სად არის გამოსავალი?
_ გამოსავალი არის ერთი _ ჩვენ უნდა წავიდეთ ევროზონისკენ! როგორ შედიხარ ევროკავშირში, თუ ევროზონაში არ ხარ? ევროზონაში შეიძლება ისე შეხვიდე, რომ არ იყო ევროკავშირის წევრიც. ანუ ჩვენ უნდა შემოვიღოთ ვალუტად ევრო. ამისთვის არის რაღაც მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს, ეს არ გახლავთ იოლი, მაგრამ ამას ბევრი მუშაობა სჭირდება. ამიტომ დროა, უკვე დავიწყოთ მუშაობა ევროზონაში შესასვლელად და გადახდისთვის გვქონდეს მყარი ვალუტა, რომელიც ყოველდღიურად არ უფასურდება და ეს ვალუტა არის ევრო!
როცა ადამიანმა იცის, რომ წელს აქვს ასი ევრო შემოსავალი, იმ 100 ევროს რაოდენობის ხორცს რასაც ახლა იყიდის, იგივეს გაიმეორებს ერთი წლის მერეც. ლარის შემთხვევაში კი ასე არაა, რადგან შევდივართ მაღაზიაში და ვხედავთ, ხორცი გაძვირდა, განსხვავებით სტატისტიკის დეპარტამენტისგან, რომელიც გვარწმუნებს, რომ საქართველოში მხოლოდ 4%-ია ინფლაციაო. არადა, ვხედავთ, რომ ფასები უკვე არათანაბარია…
_ უფრო კონკრეტულად?
_ ამიტომ ვიმეორებ: არსებობს მარტივი გამოსავალი _ ჩვენ უნდა შევიდეთ ევროზონაში. ეს არ არის იოლი, მაგრამ უკვე უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა.
დღეს მსოფლიო, ყველა ქვეყანა ცდილობს საკუთარი ეკონომიკის გადარჩენას. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს,
რადგან ბევრმა ბიზნესმა დაინახა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსზე ვერ შეძლეს კონტროლი მთავრობებმა, იქ ბიზნესს პრობლემა შეექმნა. თუ თანამშრომლები გიინფიცირდებიან, სამსახური გიჩერდება და შენც ჩერდები. აი, საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა კორონავირუსს. იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემას უმოკლეს დროში გადავაგორებთ და უფრო მეტად ვიქნებით მოსაწონი და მიმზიდველი უცხოური კომპანიებისთვის, მაგრამ ეს თავისით არ მოხდება, ჩვენმა ქვეყანამაც უნდა იაქტიუროს. როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორმა უნისონში, ერთმანეთის დახმარებით უნდა იმუშაონ იმაზე, რომ მსხვილ უცხოურ კორპორაციებს საქართველოში არსებული პერსპექტივები შესთავაზონ, რომ მათი ბიზნესები აქ გადმოიტანონ.
დაბოლოს, მინდა ვთქვა: სახელმწიფო ჩვეულებრივად თაღლითობს, როცა წლების მანძილზე ამბობს, რომ საქართველოში უმუშევრობა არ არის, ხან 11%-ს ასახელებენ, ხან _ 12%-ს და ციფრებს იმით ასაბუთებენ, რომ საქართველოში 840 000 თვითდასაქმებული აღირიცხება.
აღმოჩნდა, რომ როცა დახმარებების გასაცემად საბუთი მოითხოვეს, დაახლოებით, 110 000 ადამიანი იყო ბოლო მონაცემით, ვისაც დაეხმარნენ. ე. ი. უხეში გათვლით, 700 000-ზე მეტი ადამიანი არ არის თვითდასაქმებული, მთავრობა აყალბებს მონაცემებს და უამრავი უმუშევარი გვყავს საქართველოში, რაც რეალურად მართლაც ასეა!

მაკა მოსიაშვილი