მთავარი მსოფლიო ამბავი ორი ამერიკისა

ამბავი ორი ამერიკისა

362
0
გაზიარება

მოვლენები აშშ-ში ნელა-ნელა ჩაწყნარდა და ვითარება ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება _ აფროამერიკელებმა ორთქლი გამოუშვეს, თეთრკანიანმა ულტრალიბერალებმა კიდევ ერთხელ მოიხადეს ბოდიში იმის გამო, რაც მათმა ძალიან, ძალიან შორეულმა წინაპრებმა ჩაიდინეს და ამით, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი დასრულდა. ასე არაერთხელ ყოფილა და, ალბათ, კიდევ ხშირად იქნება.
თუმცა, ამის მიუხედავად, დისკუსიები ამ მოვლენების ირგვლივ არ წყდება და, პირველ რიგში, ანტიამერიკული პროპაგანდა არნახულად გააქტიურდა, მათ შორის, საქართველოში, განსაკუთრებით კი, სოციალურ ქსელებში.
ეს ბუნებრივიცაა _ გასაკვირი ის იქნებოდა, ანტიდასავლურად განწყობილ ადამიანებს ეს შანსი ხელიდან რომ გაეშვათ.
მოვლენები, რომელიც ზოგიერთმა ზედმეტად ემოციურმა დამკვირვებელმა შეაფასა, როგორც „რევოლუცია“, სინამდვილეში, ამერიკული მასშტაბებით, მცირე და უმნიშვნელო იყო _ რომ არა მასმედია, მათ შორის, ამერიკულიც, ფაქტობრივად, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა _ 16 შტატის 25 ქალაქში ჯამურად რამდენიმე ათასმა კაცმა ჩალეწა მაღაზიების ვიტრინები.
სულ ესაა! _ არაფერი უჩვეულო ამერიკისთვის, სადაც დროდადრო აფროამერიკელი ახალგაზრდები ასეთ რამეს აკეთებენ; არც ევროპისთვის, სადაც, მაგალითად, პარიზში 2005 წელს ღარიბ გარეუბნებში ასობით ავტომობილი დაწვეს.
ყველა ეს „ამბოხება“ დასრულდა არაფრით, რადგანაც მის უკან არავითარი გეგმა ან ჩამოყალიბებული იდეოლოგია არ იდგა, ასეთი გამოსვლები კი ყოველთვის წარუმატებლობისთვისაა განწირული.
ანტირასისტული ლოზუნგების ეგიდით მაღაზიების გაძარცვა არასასიამოვნო სანახაობაა, თუმცა, არსებითად, ის უწყინარია _ დიდი რაოდენობით მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული ადამიანი, რომელმაც იცის, რა სურს, ბევრად უფრო პრობლემურია ხელისუფლებებისთვის, ვიდრე დამრბევებისა და მაროდიორების ბრბო.
ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და გაუნათლებელ მასებზე გათვლილი საბჭოთა რევოლუციაც კი შესაძლებელი გახდა მხოლოდ პრინციპული და იდეური ფანატიკოსების დიდი რაოდენობის წყალობით.
არაფერი მსგავსი ამ დღეებში შტატებში არ ყოფილა _ ორთქლი ამოუშვეს, მუხტი ჩაქრა და ამით ყველაფერი დასრულდა.
თუმცა უკვე ჩავლილმა ამბოხებამ ბევრი ძალიან საინტერესო რამ დაგვანახა _ მაგალითად, ის, თუ რამდენად ტყუის ანტიამერიკული პროპაგანდა, როდესაც ამერიკულ საზოგადოებას ერთ ფერში ხატავს.
რას გვიყვებიან ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობლის მომხრეები და მეხოტბეები? პირველ რიგში იმას, რომ ამერიკელები არიან სუსტები, ქალაჩუნები, რომ მათ კაცური თვისებები დაკარგული აქვთ, საკუთარი ღირსების დაცვა არ შეუძლიათ და, საერთოდ, ქვეყანა ჰომოსექსუალისტებმა წალეკეს.
რა დავინახეთ ამ მოვლენების დროს? პირველ რიგში ის, რომ ამერიკა ძალიან მრავალფეროვანია და მისი ერთგვაროვნად წარმოჩენა არის ან უნებლიე შეცდომა, ან მიზანდასახული პროპაგანდა. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ამერიკელების წარმოჩენა მხოლოდ უხერხემლო ლიბერალებად ძალიან შორსაა რეალობისგან.
ამ დღეებში თეთრკანიანი ამერიკა ვიხილეთ, რომელმაც დაიჩოქა და ფეხსაცმელსაც კი კოცნიდა, რაც თავისთავად ამაზრზენია _ რასიზმთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, საჭიროა, თუმცა არა ვინმეს და, პირველ რიგში, საკუთარი ღირსების შელახვის ფასად.
თუმცა, ამავე დროს, ჩვენ სხვა ამერიკაც ვიხილეთ _ სხვადასხვა, ძირითადად, რესპუბლიკურ შტატებში, ასობით თეთრკანიანი ადამიანი გამოვიდა გარეთ იარაღით ხელში _ საკუთარი ქუჩებისა და ქონების დასაცავად.
ეს მეორე ამერიკა ნაკლებად შესამჩნევია გარედან, თუმცა რაოდენობრივად არანაკლებია, ვიდრე ქვეყნის მეორე, ლიბერალური, ძირითადად, დემოკრატიული ნაწილი.
და, აი, ამ ადამიანებზე ანტიდასავლური პროპაგანდა ჯიუტად დუმს _ რადგან ისინი სასურველ სურათში _ უხერხემლო და „გაპიდარასტებული“ ამერიკა _ აშკარად ვერ ჯდებიან.
მათ შესახებ შტატების გარეთ თითქმის არავინ არაფერი იცის. მთელი მსოფლიოსთვის აშშ არის ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, ჩიკაგო და კიდევ რამდენიმე ცნობილი მეგაპოლისი.
თუმცა არის მეორე ამერიკაც _ საშუალო სიდიდის ქალაქები, არაპოლიტკორექტული მოსახლეობით, რომელიც ქუჩებში სამოქალაქო ომის დროინდელი კონფედერაციის დროშით დღემდე დადის, რომელიც დღესაც სამხრეთელების არმიის გენერლებს პატივს სცემს, მკვახე გამონათქვამებს არ ერიდება და გეიპარადები ეზიზღება. მათი არსებობის თაობაზე ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით და ამიტომაც შტატებს აღვიქვამთ მხოლოდ როგორც უკიდეგანო ლიბერალიზმის ქვეყანას, რაც ძალიან მცდარია.
რეალურად კი შტატები ზედმეტად დიდი და მრავალფეროვანია იმისთვის, რომ იყოს ერთგვაროვანი.
შტატები არის ქვეყანა, რომელიც რასიზმს ებრძვის, მაგრამ თუ საშუალო თეთრკანიათა კლასის რაიონში შავკანიანი დასახლდება, ეს იქაურებს შორის დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ამერიკა პოლიტკორექტული ქვეყანაა, თუმცა ამერიკულ ფილმებში ბევრ არაკორექტულ, რასისტულ და ჰომოფობიურ გამონათქვამსაც გაიგონებთ.
შტატებში სექსუალური ორიენტაცია არაა შეზღუდული, თუმცა მოზარდებს შორის თვითმკვლელობების 40% სწორედ გეებზე მოდის.
აშშ გენიალური ტექნოლოგიების ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს დაზღვევაც კი არ გააჩნია.
ბოლოს და ბოლოს, აშშ გახლავთ არა ერთი ქვეყანა, არამედ რამდენიმე განსხვავებული ქვეყნის სინთეზი; ასევე თეთრი საშუალო კლასის რაიონები ერთია, თეთრი ღარიბების კი _ მეორე, შავი გეტოები _ მესამე, ხოლო შეძლებული შავკანიანების რაიონები _ მეოთხე;
სალვადორელების მიერ დასახლებული უბნები ლოს-ანჯელესში _ ეს საერთოდ არაა აშშ, ეს სალვადორია, თავისი ბანდებით, მკვლელობებით და ნარკოკარტელებით.
როდესაც ვამბობთ, რომ „ამერიკა ლიბერალური და პოლიტკორექტული ქვეყანაა“, _ ამ რეალობის იგნორირებას ვახდენთ.
რა თქმა უნდა, შტატები ლიბერალური ქვეყანაა _ უფრო სწორედ, ლიბერალურიც… მაგრამ არა მხოლოდ ლიბერალური!
შტატები _ დემოკრატებისა და რესპუბლიკელების, მემარცხენეებისა და მემარჯვენეების, ლიბერალებისა და კონსერვატორების ნაერთია. ამერიკულ ფილმებში ასეთ დიალოგებს ხშირად მოისმენთ: „ის კარგი ბიჭია, მაგრამ სამწუხაროდ, დემოკრატი“ ან „როგორ დადიხარ ამასთან, ის ხომ რესპუბლიკელია?!“
ჩვენ ამას ხუმრობად მივიჩნევთ, თუმცა ეს ასე არ არის _ რესპუბლიკელები დემოკრატებს მართლაც სუსტებად და უხერხემლოებად, ხოლო დემოკრატები _ რესპუბლიკელებს უხეშ და უზრდელ სექსისტ-რასისტებად მიიჩნევენ.
სიმართლე კი ისაა, რომ ამერიკა ამ ორივე ნაწილის გარეშე წარმოუდგენელია. დემოკრატები _ ეს არის ის, რითიც ამაყობს მთელი ქვეყანა: ტექნოლოგიები, საუნივერსიტეტო პროფესურა, სილიკონის ველი, ჰოლივუდი, შოუ-ბიზნესი, ერთი სიტყვით, ამერიკის ინტელექტი.
რესპუბლიკელები _ ეს არის ჯარი, პოლიცია, ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ქვეყნის დასაცავად ხელში აიღონ იარაღი, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესი, მუშათა კლასი, ფერმერები.
დემოკრატები _ ამერიკელების ტვინია, რესპუბლიკელები _ ხერხემალი. ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია. მხოლოდ ტვინით ცხოვრება შეუძლებელია, ისევე როგორც მხოლოდ ხერხემლით.
ეს ორი ნაწილი დაუნდობლად ლანძღავს ერთმანეთს, თუმცა არ იქნება ერთი _ არ იქნება მეორეც.
და სანამ ისინი, ასე, პერიოდული ურთიერთგინებით, აკეთებენ ერთიან საქმეს, ოღონდ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე _ ამერიკას არაფერი ემუქრება.
და ამას ვერანაირი ხულიგნები ვერ შეცვლიან.

თენგიზ აბლოთია

დატოვეთ კომენტარი