ასმათ დიასამიძე: „ქართული ოცნება“ რომ სიბრმავისკენ წავიდა, ეს არ ნიშნავს, სხვაც ბრმაა“

როგორ აფასებს ოპოზიცია აჭარის მთავრობის მუშაობას პანდემიასთან ბრძოლაში და რა გეგმები და მოლოდინი აქვს მას საარჩევნოდ აჭარაში?
ერევა თუ არა ლევან ვარშალომიძე პარტიის გადაწყვეტილებების მიღებაში?

აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ აჭარის რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ასმათ დიასამიძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ასმათ, როგორ შეაფასებთ აჭარის მთავრობის მუშაობას პანდემიასთან ბრძოლის დროს?
_ პანდემიამ სულზე მოუსწრო „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რადგან მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალი იყო. ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, ჩვენი პატივსაცემი ექიმების რესურსის უკან გამაგრებულიყო, _ აი, ამ თეთრ ხალათებს ამოფარებულები ცდილობდნენ თავიანთი „შესაძლებლობების“ წარმოჩენას.
არადა, პანდემია არ არის მხოლოდ ხალათებისა და სამედიცინო ბრძოლა. რა თქმა უნდა, მათ გადამწყვეტი როლი აკისრიათ, მაგრამ მეორე ფრონტი ხელისუფლებას უნდა გაეხსნა ეკონომიური ხაზით. მაგრამ რა მივიღეთ?! _ უამრავი შეზღუდვა გამოცხადდა ისედაც უმუშევრობით განთქმულ ქვეყანაში. საქართველოში და კერძოდ აჭარის რეგიონში ვერ დამისახელებთ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს, რომელიც გათვლილი იყო მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჩვენს ხვალინდელ დღეზე, ადამიანების გრძელვადიან დასაქმებაზე. კერძო პირის მიერ წამოწყებული მშენებლობები სათვალავში მოსატანი არ არის, რადგან ის მხოლოდ საკუთარ გარემოცვასა და ახლობელ-ნათესავებს ასაქმებს. თანაც, ასეთი ობიექტები სწრაფად შენდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ 30-40% უნებართვოა _ დაშენება-მიშენება ტენდეციად იქცა ჩვენს ქვეყანაში: იციან, რომ ძველ ბათუმში შეზღუდვაა და 5-სართულიან შენობაზე მეტის აშენება არ შეიძლება. მერიაში აიღებენ ამ უფლებას, ყველა პროცედურას გაივლიან, 4 სართულს ააშენებენ და ზუსტად 4 სართულზე რომ ავლენ, მერე შედის პროექტი დაშენებაზე. ეს ნიშნავს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას! არ უშინდებიან საზოგადოების პროტესტს, გულის ტკივილს, ამომრჩევლებთან ვაჭრობენ, ეს ძალიან გულდასაწყვეტია.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ დაწყებული პროექტები, რომელიც დასამთავრებელი იყო, არაფერი მიიყვანა ბოლომდე, რითაც სოციალური პრობლემები მოგვარდებოდა. პირველი ეტაპი დასრულებული იყო და ამას გაგრძელება სჭირდებოდა. ფაქტობრივად, არაფერი გაკეთდა 8 წელიწადში გარდა იმისა, რომ ვიღაცა ძვირიანი საათების კოლექციას აგროვებს და ვიღაცა აგარაკებს აშენებს, ვიღაცა აუზში წყალს ასხამს ან ვერ ასწრებს და მეზობლები უსხამენ _ ბევრი სასაცილო და სამარცხვინო რამ ხდება.
ამ ხელისუფლებას ერთადერთი მისია ჰქონდა, რომ „ნაციონალების“ ზედნაშენზე საქმე მიემატებინა, მაგრამ ყველა მოსწრებაზეა და საკუთარი ბიზნესის მოწყობას ცდილობს. ამ კარანტინის პერიოდში აღმოჩნდა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სასტუმროები მუშაობდა საკარანტინე სივრცეებად, რადგან სახელმწიფო ამაში ფულს იხდიდა. ადამიანები ამას ყველაფერს ხედავენ და რაც მთავარია, მათი ნათესავი ან ახლობელი უნდა იყო, რომ დაგასაქმონ. ბოლო 2 წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ პრაგმატულად მოაზროვნე, ძლიერი, ჭკვიანი ადამიანების ბირთვი განერიდა. ისინი ხომალდის ჩაძირვას ადრე გრძნობენ ხოლმე. პანდემიაც ერთგვარი ტესტი იყო. მაგრამ ამას ვერ ამოეფარება „ქართული ოცნება“ _ ხალხის კანონმორჩილებით და ექიმთა პროფესიონალიზმით მიღებულ შედეგებს საკუთარ მიღწევად ნუ ასაღებს ხელისუფლება!
_ პანდემიის პერიოდში რას აკეთებდა აჭარაში „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა? როგორ ეხმარებოდით ჩვენს თანამოქალაქეებს?
_ ჩვენი სამომხმარებლო კალათა მოკრძალებული იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა. ამისთვის ჩვენი ხელფასები გავიღეთ, არა 30%, როგორც „ქართულმა ოცნებამ“, არამედ 70% და 2 ათასამდე ოჯახს დავეხმარეთ.
_ როგორია „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის გეგმები საარჩევნოდ აჭარაში?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ რეიტინგულია. ამის დასტურია ის, რომ ჩვენ ბოლო არჩევნებში 800 ათასამდე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა, ამიტომ ანგარიშს გვიწევენ ოპოზიციურ გაერთიანებაში. „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაქრა რადარებიდან, როგორც ამას ამბობდა ყოფილი პრემიერი. ადამიანებს მოკლე მეხსიერება არ აქვთ, ვგულისხმობ ამომრჩევლებს. ისინი ადარებენ, როგორ დროს მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და რა გააკეთა. ჩვენ ვაღიარებთ შეცდომებს, ვსწავლობთ შეცდომებზე, რაც მთავარია, ვაანალიზებთ, ყველა არჩევნების შემდეგ დეტალურად გავდივართ, სად რა შეგვეშალა, სად უფრო აქტიურები უნდა ვყოფილიყავით, სად ვერ გავაკეთეთ ის, რისი რესურსიც გვქონდა და, შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წლის არჩევნები ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვების წელი იქნება.
_ გეყოლებათ თუ არა აჭარის რეგიონში ახალი სახეები?
_ წესიერი, პრინციპების ერთგული ადამიანები საკმაოდ გვყავს პარტიაში. აქვე იხილავთ ახალ სახეებს, ამაზე ვმსჯელობთ, შესაბამისად, საკმაოდ წონიანი ფონდით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე და მოვიპოვებთ ნდობას.
_ როგორ აპირებთ ხმების დაცვას? ჩვენ გვინახავს წინა არჩევნებზე უამრავი შემთხვევა, სადაც არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ და ბევრ საარჩევნო უბანთან კანონდარღვევაც იყო…
_ უპრეცედენტო დამსწრე ეყოლება ამ არჩევნებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სახით. ხმების დაცვა იქნება ვალდებულება. ღრმად ვარ დარწმუნებული, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, ყველა მაქინაციით შეეცდება, სადაც გაუვა, როგორმე მოიპოვოს ხმა.
მაგრამ ეს დიდი ბრძოლა ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება!
_ ერევა თუ არა ლევან ვარშალომიძე პარტიის გადაწყვეტილებების მიღებაში?
_ ვერ ვიტყვი, რომ ერევა, ერთმნიშვნელოვნად _ არა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეგობრობა. მით უმეტს, ამ ეტაპზე საერთოდ არ ერევა. ამბავს კითხულობს, თუ რა სიტუაციაა. იგი პარტიის ლიდერი იყო და ეს აუცილებელიც არის, მაგრამ ვიღაცებს რომ ჰგონიათ, ყოველდღე ტელეფონზეა, ასე არ არის. თუმცა მისი ავტორიტეტი ძალიან დიდია პარტიაში. მას ბევრი დამსახურება აქვს. ძალიან გული მწყდება, რომ საკუთარ ქვეყანაში იდევნებიან პატრიოტი ადამიანები, როცა სხვა ქვეყანა მათზე დიდ იმედებს ამყარებს და სახელმწიფოს განვითარებას ანდობს მათ. „ქართული ოცნება“ რომ სიბრმავისკენ წავიდა, ეს არ ნიშნავს, სხვაც ბრმაა.

ხვიჩა მამულაძე