ანზორ ბიწაძე: „როცა ე. წ. საზღვრის გადმოწევაზე ხმას არ იღებ, პუტინის მოკავშირე კი არა, ქვეყნის მოღალატე ხარ“

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოც ბევრჯერ გააოცა და _ საერთაშორისო თანამეგობრობაც. თუმცა რაც ბოლო დროს მმართველი პარტიის ლიდერებმა იკადრეს, ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კონგრესმენების მიერ შედგენილმა დოკუმენტმა ისე განარისხა ისინი, რომ მასზე ხელის მომწერებს სულ მექრთამეები ეძახეს, რასაც, როგორც ოპოზიცია ვარაუდობს, კონგრესის მხრიდან აუცილებლად მოყვება რეაგირება. „ოცნების“ ლიდერების შეფასებებს პოლიტიკურ სიველურეს უწოდებს „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე. მისი თქმით, ამერიკასთან დღეს ყველაზე დაპირისპირებული ქვეყანა ირანია, მაგრამ მისი პარლამენტის წევრებსაც არ უკადრებიათ ვაშინგტონისთვის ის, რაც მეოცნებეებმა აკადრეს.

როგორ დაგვაბრუნა შუა საუკუნეებში თეა წულუკიანმა? როგორია საოცნებო მშვიდობა? რატომ არაა გამართლებული ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სიის შექმნა? არის თუ არა განხეთქილება ოპოზიციაში? რას ჰპირდებიან ივანიშვილის სატელიტობის მსურველებს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ანზორ ბიწაძე ესაუბრება:

_ ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებული ბოლო დოკუმენტი, სადაც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი, საქართველოში დიდი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. ანზორ, თქვენ რას ფიქრობთ ამ დოკუმენტზე?
_ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს, ჰყავდეს ისეთი მმართველი, რომელზეც კონგრესმენები ღიად დაიწყებენ საუბარს, რომ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა საჭირო. ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია და არც ჩვენს წინა თაობებს ენდომებოდათ, ასეთი რამ ეხილათ საქართველოში.
ასეთი ტიპის მწვავე განცხადებებს ამერიკა უცბად და ღიად არ აკეთებს. როგორც წესი, მესიჯები ჯერ დახურული, დიპლომატიური არხებით იგზავნება. ხშირად საელჩოს მეშვეობითაც აგზავნიან შეტყობინებებს. მას შემდეგ, რაც დაინახავენ, რომ დიპლომატიური და საელჩოს არხებით გამოგზავნილ მესიჯებს, ასევე დახურულ კარს მიღმა გამართულ საუბარს აზრი არ აქვს, მხოლოდ მერე კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები.
სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ზღვარი დიდი ხანია, გადალახა დასავლელი პარტნიორების თვალში და ამიტომაც კეთდება საჯაროდ ასეთი მწვავე შეფასებები. წარმოუდგენელია ის განცხადებებიც, რომელსაც მმართველი პარტია აკეთებს კონგრესმენებთან მიმართებით. დედამიწაზე არ მეგულება რომელიმე ქვეყნის პარლამენტი, მისი წევრები უცხოელ კოლეგებზე ღიად აცხადებდნენ, რომ მათ ქრთამი აიღეს. რასაც დღეს „ქართული ოცნების“ პარლამენტარები სჩადიან, პოლიტიკური ველურობაა. ეს არც მათი გამოუცდელობით აიხსნება და არც მათი უპასუხისმგებლობით. ეს, უბრალოდ, რაღაც სასწაული ამბავია, რომლის მომსწრენიც გავხდით.
_ ფულით თუ წერდნენ კონგრესმენები ასეთ განცხადებებს, ბიძინა ივანიშვილზე დიდი ფული საქართველოში არავის აქვს და რატომ მან არ შეუკვეთა არაფერი?
_ აქ იმაზე არ გახლავთ საუბარი, ვის უფრო მეტი ფული აქვს. აქ მთავარი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ 13 კონგრესმენს ღიად სდებს ბრალს, თითქოს მათ ფული აიღეს და ამის სანაცვლოდ რაღაც განცხადება გააკეთეს. ეს არის სიგიჟე და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი მავნებლობა.
_ ამ მავნებლობაზე ამერიკელებს, ალბათ, ექნებათ რეაქცია.
_ რა თქმა უნდა, ამას ასე არავინ დატოვებს. მოგეხსენებათ, ამერიკასთან ყველაზე დაპირისპირებული ქვეყანა არის ირანი. ამის მიუხედავად, ირანის საკანონმდებლო ორგანოს არც ერთ წევრს თავში აზრადაც კი არ მოუვა იმის თქმა, რომ ამერიკელი კონგრესმენები ფულს იღებენ. ასეთ განცხადებებს პარლამენტის წევრები უცხოელი კოლეგების მისამართით ღიად არასდროს აკეთებენ. ვისაც პოლიტიკასთან ახლოს მაინც ჩაუვლია, ყველა ამას გეტყვით. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ასეთ უგუნურ განცხადებებს ამერიკელი კოლეგების მიმართ არა „ოცნების“ რიგით წევრები, არამედ მისი ლიდერები აკეთებენ. ამ ადამიანებს საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ მაღალი თანამდებობები უკავიათ.
_ რიგითი წევრებიც არ ჩამოუვარდებიან ლიდერებს. კონგრესმენებთან დაკავშირებით ისინიც სასწაულებს ამბობენ.
_ ამ 30 წლის მანძილზე, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, მრავალი უბედურება გამოვიარეთ, მათ შორის, ომები. ამდენი იმიტომ არ გადაგვიტანია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის იუსტიციის მინისტრს ეთქვა, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტი არის ერთი კონკრეტული ადამიანიო. ამ შემთხვევაში სახელსა და გვარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როცა დამოუკიდებელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი ასე ფიქრობს და ასეთ რამეს ამბობს, ე. ი. ჩვენ შუა საუკუნეებში ვყოფილვართ ჩარჩენილები. როცა ასეთი აზროვნების მთავრობა გვყავს, როგორ შეიძლება, იქ რამე კარგის იმედი გქონდეს. მე არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანას ასეთი მომავალი ჰქონდეს. სულ რომ ნინო ბურჯანაძეზე თქვან, დამოუკიდებლობის გარანტიაო, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება. ასეთი შეფასება ყველა ნორმალურ ადამიანს აღაშფოთებს. ერთი კაცი ვერანაირად იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტი.
_ ნინო ბურჯანაძე ახსენეთ და კონგრესმენების მიერ შედგენილ დოკუმენტზე მის გაკეთებულ შეფასებას დიდი აღშფოთება და განრისხება მოყვა „ქართულ ოცნებაში“. ისიც აპროტესტებს იმ პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით ატარებს. თქვენ რას ფიქრობთ?
_ არა მგონია, „ქართული ოცნება“ ისეთ მორალურ მდგომარეობაში იყოს, რომ ვინმეზე განრისხდეს. ბიძინა ივანიშვილი თუ მართლაც პუტინის მოკავშირეა, მაშინ იმდენი მაინც უნდა მოახერხოს, რომ ყოველ ორ-სამ კვირაში რუსები ახალ-ახალ ადგილებს არ ღობავდნენ მავთულხლართებით. რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდა, თვე არ გავა, რუსებმა სადმე ე. წ. საზღვარი არ გადმოწიონ. რაც ყველაზე მძიმე და ტრაგიკულია, ამ ამბავს ტელევიზიებით ვიგებთ ხოლმე. ოპოზიციური და სოციალური მედია რომ არა, შეიძლება, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს საერთოდ ვერ გაგვეგო, რომ რუსებმა ამა და ამ ადგილზე მავთულხლართები გააბეს. ამ დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს საპროტესტო ნოტასაც კი არ უგზავნის. ელემენტარულ განცხადებასაც კი არ აკეთებს. არც დასავლელ პარტნიორებს მიმართავს რეაგირებისთვის. ეს მოკავშირეობა კი არა, ქვეყნის ღალატია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.
_ ერთ დროს „ქართული ოცნების“ რჩეულმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, გვითხრა, მოვა დრო და ამ მავთულხლართებს ჯართში ჩავაბარებთო. ეტყობა, ამ დროს ელოდებიან და ამიტომ არიან ჩუმად.
_ ქეთევან ციხელაშვილი გახლავთ ამ მთავრობის წევრი, რომელსაც კონფლიქტური რეგიონები ებარა. გასულ კვირას ამ ქალბატონმა გამოაცხადა, რომ მართალია, რუსები ჩვენთან მავთულხლართებს აბამენ, სამაგიეროდ მშვიდობა გვაქვსო. მე არ მესმის, ადამიანს, მით უმეტეს, მთავრობის წევრს, თავში აზრად როგორ უნდა მოგივიდეს ასეთი რაღაცის თქმა.
_ ეს როგორი მშვიდობაა? როგორ შეიძლება, ტერიტორიებს კარგავდე და ამას მშვიდობა უწოდო?
_ ესენი მშვიდობას თავისებურად უყურებენ. მათთვის მშვიდობა სხვა რამეა _ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს არ უნდა დაემუქროს საფრთხე. „ქართული ოცნება“ ამ კაპიტალიდან გასამრჯელოს იღებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის 99%-ს ასეთი მშვიდობა არაფერში აწყობს.
_ როგორ უნდა აწყობდეს, როცა ასეთი მშვიდობიანობის ჟამს კვირა ისე არ გავა, ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადამიანები არ გაიტაცონ. თვალი არ ეცეს და ბოლო რამდენიმე კვირაა, გამტაცებლები აღარ გამოჩენილან.
_ ჩვენს მოქალაქეებს ჩვენივე კონტროლირებადი ტერიტორიებიდან იტაცებენ; ე. წ. საზღვარი ყოველდღე იწევს; საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო საპროტესტო ნოტებს არ გზავნის; დიპლომატიური კორპუსი არ მუშაობს; ტელეფონის აქეთა მხარეს კაციშვილი არ ზის, რომ მოსკოვში დარეკოს და ელემენტარული პროტესტი მაინც გამოთქვას იმ უკანონობის გამო, რასაც რუსები სჩადიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, პუტინთან მოკავშირეობა კი არა, ქვეყნის ღალატია.
არა მგონია, ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ვერ ხედავდეს. ამომრჩევლისთვის არც მშვიდობაზე „ოცნებისეული“ განმარტებაა მისაღები. „ქართული ოცნების“ მშვიდობა ასე გამოიყურება _ ისხდნენ თბილისში მშვიდად და „ქართუდან“ გამოყოფილი თანხებით წინ და უკან იარონ. ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები გაცილებით ფართოა.
_ „ოცნება“ „ოცნებად“, მაგრამ არც ოპოზიციაშია კარგად საქმე. მართალია, ჯერ ისევ ინარჩუნებთ ერთობას, თუმცა მაჟორიტარების შერჩევის თემამ რაღაც ბზარები გააჩინა.
_ გასული წლის 14 ნოემბრიდან მოყოლებული ვინარჩუნებთ ერთობასა და კოორდინაციას. არადა, „ქართულ ოცნებას“ ბევრჯერ ჰქონდა მცდელობა, დაეშალა ჩვენი ერთიანობა.
_ რა მცდელობებზე საუბრობთ?
_ ეს იყო პიარშეტევები, პროპაგანდა. ასევე შეეცადნენ, სხვადასხვა პარტიასთან გაემართათ ფარული მოლაპარაკება.
_ რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, თქვენს პარტიაშიც გამოაგზავნეს კაცი თხოვნით, _ გაემიჯნეთ ოპოზიციასო.
_ დიახ, მაგრამ ჩვენგან ამ შეთავაზებაზე ძალიან მტკიცე და ცივი უარი მიიღეს. კიდევ ბევრი მცდელობა იყო, რომ დავეშალეთ, მიუხედავად ამისა, ერთობის შენარჩუნება შევძელით. წინ კიდევ იქნება ბევრი სირთულე, თუმცა გავუძლებთ, რადგან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ. ამას მხოლოდ ერთად მოვახერხებთ.
_ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ ოპოზიციამ ერთიანი საარჩევნო სია შექმნას და ასე დაუპირისპირდეს ივანიშვილს. ამას მომხრეებიც გამოუჩნდნენ და მოწინააღმდეგენიც. თქვენი პარტია ერთიანი საარჩევნო სიის წინააღმდეგია.
_ ერთიანი საარჩევნო სიის შექმნა არარეალისტური და არარეალიზებადია. ჩვენ მოგვწონს-არმოგვწონს ერთმანეთი, ეს სხვა თემაა. პირველ რიგში, ოპოზიციამ ამომრჩევლის ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ. ოპოზიციური ელექტორატი ბევრად აღემატება იმ ელექტორატს, რომელსაც სურს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ დარჩეს ქვეყნის ხელისუფლებაში. ამასთან, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის პოლიტიკური გემოვნება ძალიან ეკლექტიკური და განსხვავებულია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ბიულეტენიც მრავალფეროვანი უნდა იყოს, რათა ყველა ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა იქ მონახოს პარტია, რომელიც მის პოლიტიკურ გემოვნებას აკმაყოფილებს და რომლის ხილვაც სურს პარლამენტში. ოპოზიციური ელექტორატის პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია.
_ მხოლოდ ამიტომ არ უნდა შედგეს ერთიანი საარჩევნო სია?
_ საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიალოგი დაწყებულიყო და პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეულიყო. აშკარაა, რომ მათ არ სურთ საქართველოში ორპოლუსიანობის შენარჩუნება, რაც პროცესების რადიკალიზაციას გამოიწვევს. ოპოზიციამ ამასაც უნდა გაუწიოს ანგარიში. აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ. ჩვენგან ამას ელოდებიან საერთაშორისო პარტნიორებიც.
ერთიანი საარჩევნო სია ასეულობით ათას ადამიანს წაართმევს არჩევანის გაკეთების საშუალებას. ასეთი სია თუ შედგა, მაღალი ალბათობით, ძალიან ბევრი ადამიანი არ მოვა არჩევნებზე. ერთიანი სია ორპოლუსიანობას გამოიწვევს, რასაც პროცესების გამწვავება მოყვება, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა ბევრი სამუშაო გაწიეს. საერთაშორისო პარტნიორების რჩევებსა და შენიშვნებს მხოლოდ ხელისუფლება არ უნდა მოეკიდოს ყურადღებით, ამის ვალდებულება ოპოზიციასაც აქვს.
_ ერთიანი მაჟორიტარების შერჩევის ფრონტზე რა ხდება? ამ პროცესში საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია.
_ სიმართლე გითხრათ, ოპოზიციაში სერიოზული დაპირისპირება არ არსებობს, მათ შორის, არც მაჟორიტარების შერჩევის თემაზე. ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ახლა ის არის, რომ ერთმანეთში კოორდინაცია შევინარჩუნოთ, რათა გაყალბებით, მოსყიდვებით და სხვადასხვა მანიპულაციით ბიძინა ივანიშვილმა ვეღარ მოახერხოს ისეთი შემაჯამებელი ოქმის გამოცხობა, რომელიც მის ინტერესებშია და „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დატოვებს.
მაჟორიტარებს რაც შეეხება, ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რომ ისეთ პიროვნებებზე უნდა შევთანხმდეთ, რომლებსაც მეტი შანსი ექნებათ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ოლქები დაათმობინონ. ამ შემთხვევაში პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს.
_ ყველა ოლქში შეძლებთ ერთიანი მაჟორიტარის წარდგენას?
_ შესაძლოა, ყველა ოლქში ვერ მოხერხდეს ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა, მაგრამ არც ეს არის ტრაგიკული და ოპოზიციის მომხრეების შეშფოთება არ უნდა გამოიწვიოს. არის მთელი რიგი ოლქები, სადაც ელექტორალური თვალსაზრისით უფრო გამართლებულია, რომ ოპოზიციას რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს წარდგენილი. ეს ოპოზიციისთვის უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ერთი საერთო კანდიდატი.
მთავარია, რომ მიზნის გარშემო ოპოზიცია კონსოლიდირებულია. ტაქტიკურ მოსაზრებებზე დავა ყოველთვის იქნება და ეს მხოლოდ მისასალმებელია.
_ რატომ არის მისასალმებელი?
_ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მთელი ოპოზიცია ერთ აზრზე იყოს. ამ ერთობის ძალიან დიდი პლუსია მრავალფეროვნება, რაც უნდა შევინარჩუნოთ. ამასთან, დავრჩეთ კოორდინაციაში იმ 5-მილიარდიანი მონსტრის წინააღმდეგ, რომელსაც სურს, რომ საქართველო ჯიბეში ჩაიდოს.
ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ მთელი ქვეყანა თავის ჭკუაზე ატაროს. მისი მიზანია, პარლამენტში ისეთი ადამიანები შეიყვანოს, რომლებიც „ოცნების“ ლიდერის ნებისმიერ დავალებას უსიტყვოდ და დაუფიქრებლად შეასრულებენ. ივანიშვილი თუ მოისურვებს, სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მექრთამეებს დაუძახებენ.
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე ოპოზიციაში საგანგაშო არაფერია, არადა, დედაქალაქის მერი და შეთავსებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე, გართობასა და კინოს ელოდა ოპოზიციისგან.
_ კახა კალაძეს ვურჩევდი, რომ გართობასა და კინოზე ლაპარაკს თავი დაანებოს და ჭავჭავაძის გამზირს მიხედოს, რომელიც ერთი წელია, გადათხრილია. ისეთი მდგომარეობაა, მანქანა კი არა, ადამიანი ვეღარ გაივლის.
ასევე კარგი იქნება, თუ კახა კალაძე თბილისის მერიაში გაბატონებული კორუფციული ფაქტების შესწავლით დაკავდება. მას აშკარად არ ჰყოფნის გამოცდილება და პოლიტიკურად უგუნურ განცხადებებს აკეთებს. ასეთი შეცდომები რომ აღარ მოუვიდეს, მთლინად ქალაქზე გადაერთოს და მისი მეურნეობის მოწესრიგებაზე დახარჯოს თავისი ენერგია. გართობასა და კინოს ჩვენგან სულ ტყუილად ელოდება.
ის ძალები, ვინც ახლა ოპოზიციურ ერთობაში ვართ, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას _ 30 წელია, რაც საქართველოში არსებობს ოპოზიციის ოპოზიცია. ეს უნდა დასრულდეს. უნდა ასებობდეს ხელისუფლება და მისი ოპოზიცია. თუ ვინმეს ცდუნება ექნება, რომ მილიარდერის სატელიტი პარტია გახდეს, ამის ლუსტრაციას აუცილებლად მოვახდენთ.
_ ამ ერთობიდან შეიძლება, არავინ გახდეს ივანიშვილის სატელიტი, მაგრამ კიდევ არიან სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თქვენთან არ თანამშრომლობენ. დიდი ალბათობით, მათ სატელიტების როლში ვიხილავთ.
_ არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენს რიგებში არიან თუ არა. მათ ლუსტრირებას მოვახდენთ და საზოგადოებას დავანახვებთ, ვის სურს ხელისუფლების სატელიტობა და ვის _ მისი შეცვლა.

შორენა მარსაგიშვილი