გიორგი ვაშაძე: „20 ივნისს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ღირსება და თავისუფლება ხელშეუვალია“

„ქართულ ოცნებაში“ ზეიმობენ, _ ოპოზიცია მაჟორიტარებზე ვერ თანხმდება და მათი ერთობა მალე დაიშლებაო. ოპოზიციურ ფრონტზე უთანხმოების მიზეზი მხოლოდ მაჟორიტარები არ არიან, გაუგებრობა პრემიერობის შესაძლო კანდიდატურის დასახელებასაც მოყვა. პრემიერობის სავარაუდო კანდიდატად თაკო ჩარკვიანმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაასახელა. ამის გამო ოპოზიციის ნაწილმა ახალგაზრდა ვაშაძე, ლამის, ცოცხლად შეჭამა. მის მთავარ ცოდვად დაასახელეს ის, რომ ვანო ჩხარტიშვილი მისი მეუღლის ნათესავია. არადა, ვაშაძე მაშინაც ჩხარტიშვილის სიძე იყო, როცა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს და მაშინაც, როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი ჩააბარეს.

შეძლებს თუ არა ოპოზიცია ერთობის შენარჩუნებას? უნდა თუ არა პრემიერობა ვაშაძეს? რატომ უთვლიან ახალგაზრდა რეფორმატორს მთავარ ცოდვად, რომ ვანო ჩხარტიშვილი მისი მეუღლის ნათესავია? რატომ არის 20 ივნისს აქციის ჩატარება საჭირო და რაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ რეაქციები? რას მოასწავებს ამერიკელი კონგრესმენების მიერ შედგენილი დოკუმენტი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს გიორგი ვაშაძე ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, როგორც ამბობენ, ოპოზიცია 20 ივნისის აქციაზე დაასახელებს თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს. მათი შერჩევა, როგორც ამბობენ, მძიმედ მიდის და ეს განხეთქილებით ხომ არ დასრულდება?
_ პოლიტიკაში ჩემი მოსვლის დღიდან ერთიანობის, ძალების კონსოლიდირების მომხრე ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, _ ის ენერგია, რასაც ერთმანეთის კინკლაობასა და დაპირისპირებაში ვხარჯავთ, უნდა მივმართოთ აღმშენებლობისკენ, სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება. არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული სირთულით მიმდინარეობს საერთო მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა. ბუნებრივია, არის აზრთა სხვადასხვაობა, რაც დემოკრატიისა და მრავალფეროვნების ნიშანია, მაგრამ თუკი ვინმე შეეცდება პროცესის საკუთარ თავზე მორგებას საერთო ინტერესების ზიანის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ამაზე რეაქცია გვექნება. მე ვიყავი და ვრჩები ძალების ერთიანობისა და კონსოლიდირების მომხრე, რა თქმა უნდა, იმ პირობით და იმ ხალხთან, ვისაც იგივე სურვილი აქვს.
_ დიდი უთანხმოების მიზეზი გახდა პრემიერის კანდიდატურის შერჩევაც. თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ თქვენ უნდა იყოთ პრემიერი. ამაზე რას გვეტყვით, განიხილებოდა თუ არა ეს საკითხი? და რატომ მოყვა ჩარკვიანის ინიციატივას ამხელა ამბავი?
_ არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: მთავარია არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს ან რომელიმე პარტიას, არამედ _ რა სჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს. მე ამ პრინციპიდან გამომდინარე ვიღებ ყოველთვის გადაწყვეტილებას და ეს ვერანაირად გახდება პარტნიორებს შორის უთანხმოების საფუძველი. დიდი მადლობა ქალბატონ თაკო ჩარკვიანსა და სხვა პარტნიორებს ამ ინიციატივისთვის. ეს საკითხი, ამ ეტაპზე, არ დგას დღის წესრიგში და როცა ამის დრო დადგება, შევეცდები, გამარჯვებისა და უკეთესი შედეგის მიღწევის ინტერესებიდან გამომდინარე, დავაყენო პრემიერობის კანდიდატის დასახელების საკითხი.
_ თქვენ წინააღმდეგ მთავარ კომპრომატად გამოიყენეს, რომ ვანო ჩხარტიშვილის სიძე ხართ. აქამდე არ იცოდნენ ეს ამბავი? რა უთიერთობა გაქვთ ჩხარტიშვილთან?
_ მიმაჩნია, რომ არა მარტო პასუხებში მჟღავნდება ადამიანის რაობა, არამედ _ კითხვებშიც. ის ადამიანები, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს და თქვენ ამაში არ გგულისხმობთ, უნებლიეთ ამჟღავნებენ საკუთარ სისუსტეს და არა გიორგი ვაშაძის, რომ მდიდარი ნათესავის გამო მათ შეუძლიათ უარი თქვან პრინციპებზე, სიმართლისთვის ბრძოლასა და, ზოგადად, იმ იდეაზე, რისთვისაც იბრძვი მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში.
პირდაპირ შემიძლია ვთქვა: მსგავსი განცხადებები მეტყველებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასე საუბრობენ, საერთოდ არ იცნობენ გიორგი ვაშაძეს და ჰგონიათ, რომ ცოლის დედის ძმის გამო უარს იტყვის სამართლიან ბრძოლაზე და რაიმე სახის კომპრომისზე წავა ივანიშვილთან ბრძოლაში. მეტიც: ამაყი ვარ, რომ მხოლოდ ამ ოჯახურ ე. წ. კომპრომატს იყენებენ ჩემ წინააღმდეგ, რადგან რეალური სხვა ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ამის ნათელი დადასტურებაა მთელი ჩემი ცხოვრების განვლილი პერიოდი, თუნდაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როცა მე ვიყავი გრიგოლ ვაშაძისა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და უკომპრომისო მებრძოლი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. შესაბამისად, არც მე და არც ჩემი გუნდის წევრებს მსგავსი განცხადებების გაკეთების არანაირი საფუძველი არ მიგვიცია პარტნიორებისთვის და კოლეგებისთვის.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი მე გახლავართ მიხეილ სააკაშვილთან ერთად და მიმაჩნია, რომ 2012 წლის შემდეგ ეს არის ყველაზე წარმატებული ოპოზიციური გაერთიანება და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ერთ-ერთი წარმატებული. სწორედ ჩვენს ერთიანობაშია გამარჯვების ფორმულა და ვინც ჩრდილს აყენებს ამ ერთიანობას ან სასარგებლო იდიოტია და არ ესმის „ძალა ერთობაშიას“ პრინციპი, ან მიზანმიმართულად თესს განხეთქილებასა და არეულობას, რაც, საერთო ჯამში, ყველას გვაზიანებს.
_ დავუბრუნდეთ 20 ივნისს: ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ დღეს აქციის ჩატარებით სახელმწიფოზე აპირებთ გალაშქრებას.
_ ეს „ქართული ოცნების“ ბრძოლის ტაქტიკაა, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გამოაცხადოს დამნაშავეებად, კრიმინალებად, ხოლო გავრილოვის მსგავსი საქართველოს მტრები წარმოაჩინოს მშვიდობისმყოფელ მეგობრებად.
სწორედ ოკუპანტ სახელმწიფოსთან კაპიტულანტურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია 20 ივნისს ჩვენი მოქალაქეების აღშფოთება. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მათი დამნაშავეებად გამოცხადება.
ახლა რაც შეეხება 2020 წლის 20 ივნისს: ეს იქნება ხელისუფლებისთვის იმის შეხსენება, რომ ღირსება და თავისუფლება ხელშეუვალია და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა დასჯადი, მიუტევებელი ქმედებაა.
_ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება, რომელსაც ეს უკანასკნელი არ აღიარებს, ამომრჩეველს ხომ არ დაგაკარგვინებთ? ხელისუფლება ელოდება, რომ თქვენს ფლანგზე დიდი გართობა იქნება.
_ ოპოზიციის ერთიანობამ უკვე გარკვეული შედეგები მოგვცა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე _ საერთაშორისო ასპარეზზე. ხელისუფლებას მოუწია კომპრომისი საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილში, პროპორციულ სისტემასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ბოლომდეა მისაყვანი, ვგულისხმობ გიორგი რურუას განთავისუფლების საკითხს.
სწორედ ჩვენი ერთიანობაა ის მოდელი, რაც აიძულებს ხელისუფლებას კომპრომისებსა და დათმობებზე წასვლას. ბუნებრივია, ივანიშვილის ინტერესია დისონანსი, განხეთქილება ოპოზიციაში და დღეს არსებული რეალობა _ „ყველა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, შეცვალოს რეალობით _ „ყველა ყველას წინააღმდეგ“, რაშიც გაერთიანებული ოპოზიცია და გიორგი ვაშაძე, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მიიღებს. პირიქით, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ არათუ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შენარჩუნდეს, არამედ იგი გამსხვილდეს და გაძლიერდეს.
კონგრესმენების განცხადებაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ცივილიზებულმა, თავისუფალმა სამყარომ ბიძინა ივანიშვილს განაჩენი გამოუტანა,
ხოლო საბოლოო განაჩენი უნდა გამოვიტანოთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს, რომელიც სინამდვილეში იქნება რეფერენდუმი. ვირჩევთ დასავლეთს, თავისუფლებას, განვითარებას თუ რუსეთს, ტოტალიტარიზმსა და ჭაობში ლპობას?!
ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!

შორენა მარსაგიშვილი