რომან გოცირიძე: „ოპოზიციის მიზანი ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟია“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 დათმო. პარტიას მაჟორიტარი კანდიდატები მხოლოდ ორ რაიონში _ გლდანსა და სამგორში ეყოლება.
რჩება 6 ოლქი, 31 პარტია და სულ უფრო ცოტა დრო ოპოზიციურ სპექტრში შეთანხმების მისაღწევად. ოპოზიციაში არსებული გაურკვევლობის პარალელურად, პროცესებში ჩნდება მესამე პრეზიდენტი მისთვის დამახასიათებელი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით და მთავარი თემაც იშლება, _ თუ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე კვირის წინ გვიმტკიცებდა, ქართული პოლიტიკისთვის არ მცალიაო, მან გასულ კვირას განაცხადა, რომ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. სააკაშვილს ყოფილმა თანაგუნდელებმა შეახსენეს, რომ მხოლოდ ვირტუალური აქტივობა არ ნიშნავს ბრძოლის წინა ხაზზე დგომას.

რისთვის იბრძვის ოპოზიციური სპექტრი? რა სირთულეებია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილ ოპოზიციურ ერთობაში? აზიანებს თუ არა მესამე პრეზიდენტი თავისი განცხადებებით საკუთარ პოლიტიკურ გუნდს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს:

_ რა ეტაპზეა ოპოზიციურ სპექტრში თბილისში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე მოლაპარაკების პროცესი? რომელი პარტიები უნდა იყოს ამ შეთანხმების შემადგენელი ნაწილი, რომ შეთანხმებას აზრი ჰქონდეს?
_ „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის ემზადება, ამ მხრივ სერიოზულად ვმუშაობთ. ველოდებით ჩვენი უპრეცედენტო ინიციატივის რეალიზაციას, რომლის მიხედვითაც თბილისში უნდა გვყავდეს 8 შეთანხმებული ოპოზიციური კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ თუკი თბილისში შედგა ერთობა, ფაქტობრივად, ეს უკვე არის მომავალი კოალიციური ხელისუფლების კონტურები. ვინაიდან თანამშრომლობა შედგა ყველაზე მთავარ საარჩევნო ოლქებში, ანუ ქვეყნის დედაქალაქში, რაც ნიშნავს სამომავალო თანამშრომლობას კოალიციური ხელისუფლების ფორმირების პროცესში. ეს ზრდის გამარჯვების შანსებს. წმინდა პროპორციულ არჩევნებში რომ ხელისუფლება დამარცხდებოდა, ამას ყველანაირი კვლევები ადასტურებს, რადგან მათი მაქსიმალური ჭერი თავიანთი სატელიტებიან-გაყალბებიან-მოსყიდვებიანად, შეიძლება იყოს 40%. აქეთ რჩება ოპოზიციური პარტიები, რომელთა გაერთიანების შემთხვევაში ხელისუფლება შეიცვლება. დიდ ოლქებში თანამშრომლობას იმიტომაც აქვს დატვირთვა, _ ეს არის, ამავე დროს, იმის წინაპირობა, რომ ვთქვათ: არასოდეს არც ერთი ოპოზიციური პარტია უმრავლესობას არ შეუქმნის ივანიშვილს. ჩვენ ახლა ველოდებით ამ პროცესის ბოლომდე მისვლას. თუ გულახდილად ვიტყვით, სამწუხაროდ, გვიანდება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს 20 ივნისამდე დამთავრდებოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, არ გვაქვს დასასტურებული სურათი იმისა, რომ ეს მოხდება, რაც შეიძლება, მალე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ რეგიონში საარჩევნო კამპანიის გაჩაღების შესახებ. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების დროში გაწელვა გვიშლის ხელს და გვაზიანებს, რადგან ერთია, როცა შეთანხმება შედგება და თბილისში ჩვენი მხოლოდ ორი ლიდერი იქნება და ექვსი რეგიონში წავა, მეორეა, როდესაც იძულებული ხდები, 8 ოლქში დააყენო 8 ლიდერი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში რეგიონებს აკლდება მაჟორიტარული რესურსი. ასე რომ, რაც უფრო სწრაფად შევთანხმდებით ოპოზიციურ სპექტრში, მით უკეთესი. თანაც, არავინ დაობდა იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, თბილისის მაჟორიტარულ ოლქში, სულ მცირე, სამი ადგილი მაინც უნდა ჰქონოდა, _ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველ ტურში ყველა დიდი ქალაქი მოიგო. თბილისის 8 ოლქიდან 4-ში რომ მოეთხოვა „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი კანდიდატების დაყენება, ეს სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ოთხის ნაცვლად სამი მოვითხოვეთ და ეს დადებითად მიიღეს, შემდეგ უპრეცედენტო შეთავაზება გავაკეთეთ ერთადერთი მიზნით, რომ ამ გაერთიანებას, მაშინ აქვს აზრი, თუ მასში ყველა ის ოპოზიციური ძალა მოიყრის თავს, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს და რომელთა გაერთიანების შემთხვევაშიც პირველივე ტურში შესაძლებელია თბილისის მოგება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა მოიაზრებოდეს ამ შეთანხმებაში, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის, „ლელოც“ და ალეკო ელისაშვილი, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილი აიღო, მას თბილისში მაღალი რეიტინგი აქვს. ამასთანავე, სხვა პარტიებიც, როგორებიც არიან: ლეიბორისტული პარტია, „ევროპული საქართველო“ და ა. შ. ასევე ის პარტიები, რომლებიც თბილისში არ აყენებენ საკუთარ კანდიდატს, ესეც თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმაა: როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ის არ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას, ეს ნიშნავს, რომ ის თბილისში წამოწყებული დიდი კოალიციური ბრძოლის მონაწილე ხდება.
_ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ საერთო კანდიდატებზე მოლაპრაკების პროცესი დროში იწელება. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს მოლაპარაკება ვერ შედგეს? გასათვალისწინებელია, რომ თბილისში, 8 ოლქიდან 2-ში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება, რჩება 6 ოლქი და 31 პარტია.
_ ძალიან ბევრმა პარტიამ განაცხადა, რომ თბილისში არ დააყენებს კანდიდატს, მაგალითად: „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „გირჩმა“ თქვა, რომ ვაკეში არ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას, ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარი თავი არ წამოაყენა, ასევე შეიძლება, ლეიბორისტულ პარტიას უფრო მეტი კანდიდატის დაყენების სურვილი ჰქონოდა, მაგრამ თქვეს, რომ ერთ კანდიდატს დააყენებენ. ასე რომ, ბევრმა პარტიამ მიმართა თვითშეზღუდვის მეთოდს. ეს არის თანამშრომლობის ფორმა. თბილისში მთავარი ელექტორალური წონა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „ლელოს“ და ელისაშვილის პარტიას. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ძირითად პარტიებზე, პირველ რიგში, „ლელოსა“ და ელისაშვილზე. ისინი თუ ცალკე წავიდნენ, ძნელი იქნება შეთანხმების მიღწევა.
_ ასეთ შემთხვევაში ისინი ივანიშვილის თამაშს ითამაშებენ?
_ ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან დაასუსტებს ოპოზიციურ პარტიებს და აუცილებლად იქნება მეორე ტური რვავე ოლქში, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის დიდი გაერთიანება ვერ შედგა. როდესაც პროპორციულ არჩევნებში ოპოზიციის ჯამური ხმები მეტია და, ამავე დროს, ოპოზიციას რამდენიმე მაჟორიტარული ოლქი მოგებული აქვს, ფაქტობრივად, მეორე ტურში უკვე მთავრობის პორტრეტი ჩანს გამარჯვებული. მეორე ტური აუცილებლად ოპოზიციური კოალიციის სასარგებლოდ წარიმართება. თუ ოპოზიციის შეთანხმება ვერ შედგა თბილისში ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე, ბუნებრივია, უფრო რთულდება პროცესი, ვინაიდან ერთმანეთის კონკურენტები ვხდებით. „ლელო“ ამბობს, რომ გარკვეულ გამონაკლისებს დაუშვებენ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით. თუ ისინი ამ გამონაკლისში გულისხმობენ, რომ თბილისის 8 ოლქიდან მხოლოდ ორში დააყენებენ კანდიდატურას და იქ არავინ გაუწევს მათ რეკომენდაციას, ეს, ფაქტობრივად, გაერთიანების პირველი მონახაზია. ანუ ჩვენ ვართ თბილისში პარტნიორები, რეგიონებში კონკურენტები და მთავრობაში კოალიციური უმრავლესობის წევრები.
_ „ჩვენ ვართ თბილისში პარტნიორები, რეგიონებში კონკურენტები და მთავრობაში კოალიციური უმრავლესობის წევრები“, _ ეს ხომ არ დააბნევს ამომრჩეველს? როგორ აპირებთ, მათ ეს აუხსნათ?
_ რა თქმა უნდა, რთულია. ჯერ თბილისის 8 უბანში შეთანხმება არ არის მიღწეული. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება დარჩენილ 22 უბანში, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესია და ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ჩვენ ჩვენს პროპორციულ სიაზე ვფიქრობთ. როდესაც არ გყავს საკუთარი მაჟორიტარი ოლქებში, ეს პროპორციულ სიას ძალიან აზიანებს, ამიტომ ორივე მხარე უნდა განვიხილოთ, დადებითიც და უარყოფითიც. ჩვენ ახლა უნდა გადავდოთ ყველა საკითხი, რომელიც ერთმანეთს გვაშორებს და უნდა დავიდეთ მხოლოდ იმ საკითხებამდე, რომელიც ერთმანეთს გვაახლოვებს, თორემ ოპოზიციურ პარტიებს ძალიან ბევრი რამ გვაშორებს ერთმანეთან: იდეოლოგიური მიმართულება, პოლიტიკური წარსული, პერსონალიების ურთიერთობა, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ნიუანსები და ა. შ. ამიტომ რაშიც განსხვავები გვაქვს, გვერდით უნდა გადავდოთ და რაც გვაერთიანებს, იმის ირგვლივ უნდა ვკონცენტრირდეთ. დღეს ჩვენ გვაერთიანებს ამ ხელისუფლების შეცვლის გულწრფელი სურვილი. ქვეყანა 8 წელი სტაგნაციაში იყო და ვერ გაუძლებს კიდევ ოთხ წელიწადს ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, მათ შორის, სასიცოცხლო პრობლემები შეექმნება ადამიანებსაც. ივანიშვილი რომ დარჩეს ხელისუფლებაში, კვლავ დაიწყება პოლიტიკური დევნა ხაზარაძე-ჯააფარაძის, წერეთლის, ასევე გაგრძელდება დევნა ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ხელისუფლებაში მობრუნებული და ოთხ წელიწად გარანტირებული ივანიშვილი რამდენ სისულელეს ჩაიდენს, არავინ იცის. ასე რომ, ოპოზიციურ სპექტრში ბევრი განსხვავებაა, მაგრამ არის ინტერესთა თანხვედრაც, მთავარი თანხვედრა კი ის არის, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ილუზია, რომ 51%-ს აიღებს და თვითონ დააკომპლექტებს მთავრობას. არც ერთ პარტიას არ აქვს იმის ილუზია, რომ მარტო მოვა ხელისუფლებაში. ძალიან მნიშვნელოვანია პატარა პარტიების როლი, რადგან ბევრი პარტიაა, რომელსაც ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. ალბათ, 12-მდე პარტია იქნება პარლამენტში და ბუნებრივია, რომ პატარა პარტიები შედარებით მცირედ იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ რამდენიმე დეპუტატმა შეიძლება გადაწყვიტოს მომავალი ხელისუფლების ბედი. ამიტომ პატარა პარტიების ყოფნა ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის ირგვლივ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ისინიც ღირებულ ნაწილს წარმოადგენენ. ანუ ოპოზიციის მიზანი ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟია, ამიტომ ყველა უნდა წავიდეს დათმობაზე. მას შემდეგ, რა ნაბიჯიც უკვე გადავდგით, ჩვენი ქმედებების გულწრფელობაში არც ერთ პარტიას არ ეპარება ეჭვი.
_ როგორც ვატყობ, თბილისში ერთიან კანდიდატებზე ოპოზიციურ შეთანხმებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად ხართ განწყობილი?
_ დრო იწელება, _ ეს არის ცუდი. დროში საკითხის გაწელვა ნიშნავს სკეპტიკური ნოტების შეტანას. ამიტომ პოლიტიკური პარტიები ამ ექვს ადგილზე რაც უფრო სწრაფად ჩამოყალიბდებიან, მით უკეთესი იქნება პროცესისთვის. ვინაიდან „ქართული ოცნება“, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან, გაქანებულ საარჩევნო კამპანიაშია, ჩვენც უნდა გამოვაცოცხლოთ საარჩევნო კამპანია და პირველ რიგში გავიდეთ რეგიონებში. ვიმედოვნებ, 6 კანდიდატზე, რაც შეიძლება, სწრაფად ჩამოვყალიბდებით.
_ სანამ ოპოზიცია თბილისის კანდიდატებზე შეთანხმებას ცდილობს, გიორგი რურუა ისევ ციხეშია და საკონსტიტუციო ცვლილებებში ოპოზიცია არ მონაწილეობს. ხედავთ თუ არა იმის რისკს, რომ ეს ცვლილებები მმართველმა გუნდმა მეორედ ჩააგდოს და ოპოზიციას შეგაწმინდოთ ხელი?
_ ივანიშვილი საერთაშორისო ზეწოლას ვერ გაუძლებს, განსაკუთრებით, ბოლოს გაკეთებული 13 კონგრესმენის განცხადების შემდეგ. ივანიშვილმა მეორეჯერაც რომ მოატყუოს საერთაშორისო პარტნიორები და საკუთარი ამომრჩეველი, მაშინ მას ყველაფერი ჩამოეშლება. მას ვერ ექნება არგუმენტი, რომ ოპოზიციამ არ მივიღეთ მონაწილეობა და ამიტომ ჩავარდა ცვლილებები, რადგან მას ჰყოფნის ხმები, თუკი „ქართული ოცნება“ მთლიანად მისცემს ხმას. ასევე ვიცით, რომ „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ. ამიტომ ხმის პრობლემა არ არის, თუ თავად არ გაითამაშა რაღაც ტრიუკი, როგორც ამბობს ხოლმე. ცვლილებების ჩავარდნას მოყვება სერიოზული პრობლემები, მათ შორის, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყება პერსონალური სანქციები, როგორც საერთაშორისო პარტნიორების მეორეჯერ მომტყუებლის მიმართ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ამერიკის მთავრობა არ არის, არიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც 8 მარტის შეთანხმებაში მონაწილეობდნენ. მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის ელჩის მონაწილეობა ევროკავშირის ყველა ქვეყნის პირით საუბარს ნიშნავს. ამ შეთანხმებაში მონაწილეობდა მთელი დასავლური სამყარო, რომელიც გვეხმარება. მხოლოდ ამერიკამ 3 მილიარდ-ნახევარი ჩადო საქართველოს დემოკრატიაში და ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში; ევროკავშირიდან დახმარების სახით 5 მილიარდი ლარი წელს შემოვიდა. იმიტომ კი არ გვეხმარებიან, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი იყოს და პუტინის მეგობარი მართავდეს ქვეყანას. ივანიშვილის მსგავს ოლიგარქებს რა მოსდით, ეს ვნახეთ მოლდოვაში. ივანიშვილი დათვლის ყველაფერს. ალბათ, მას საწოლის თავზე პლახატნიუკის სურათი უკიდია და ყოველ ღამე ესიზმრება იგი. არ მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდოს.
_ ამის პარალელურად, მესამე პრეზიდენტისგან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ: 2 კვირის წინ მან თქვა, რომ ქართული პოლიტიკისთვის არ ეცლებოდა, გასულ კვირას კი გვამცნო, რომ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ეს ხომ არ აზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“?
_ მიხეილ სააკაშვილის განცხადება „ქართულმა ოცნებამ“, ლამის, შეურაცხყოფად მიიღო და სულელური ჟრიამული ატეხა. თავდაპირველად, ელჩიც კი გამოითხოვეს, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი პირველად ინიშნებოდეს პოლიტიკურ თანამდებობაზე. ის ოდესის გუბერნატორი იყო, ყველას გვახსოვს. მაგრამ, ამჯერად, საქართველოს ხელისუფლებამ შანსი არ გაუშვა, პუტინისთვის არ ეჩვენებინა, რომ მას ცუდი დამოკიდებულება აქვს უკრაინასთან. როდესაც მიხეილ სააკაშვილი არ იყო უკრაინის ხელისუფლებაში და ის პოროშენკოს მიერ უსამართლოდ იდევნებოდა, მოქალაქეობაც ჩამორთმეული ჰქონდა, იმ პერიოდშიც კი არაფერი გაკეთებულა უკრაინულ-ქართული ურთიერთობის დასათბობად. ფაქტობრივად, არავის მოეწონებოდა, რომ უკრაინის ელჩი დაიბარეს და მან თავსლაფი დაასხა საქართველოს ხელისუფლებას, თქვა, რომ სააკაშვილი არის ქართველი, სადაც არ უნდა იყოს ის _ უკრაინასა თუ ამერიკაში, სააკაშვილი თავისი ცხოვრებითა და მსოფლმხედველობით მუდამ დარჩება ქართველად. უბრალოდ ელჩს არ ჰქონდა იმის პოლიტიკური უფლება, რომ ეთქვა: სააკაშვილი მუდამ იქნება საქართველოში პოლიტიკური ფაქტორიო. ეს არ უთქვამს, მაგრამ მისი ყველა გამონათქვამი იმას ნიშნავდა, რომ შეეშვით ამ ხტუნაობას, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არის და მუდამ დარჩება ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ფაქტორად. როდესაც სააკაშვილმა თქვა, რომ ქართული პოლიტიკისთვის არ ეცლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას დაუღალავი შრომა აქვს გასაწევი უკრაინაში.
_ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა ვირტუალურ სივრცეში თვეში ორჯერ განცხადების გაკეთებით შემოიფარგლება?
_ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ საპატიო თავმჯდომარე. მას ჰყავს პერსონალური მხარდამჭერები, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ შემქმნელს და ასევე როგორც პირადად მიხეილ სააკაშვილს. მსოფლიო პოლიტიკური თამაშის წესები ასეთია, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს უფლება, შეაფასოს სხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. როდესაც ევროპარლამენტის წევრები აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას, როდესაც ამერიკის კონგრესის წევრები ივანიშვილს უწოდებენ რუსეთის მოკავშირეს და დესტაბილიზაციის ფაქტორს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ იგივეს თქმის უფლება უკრაინელ პოლიტიკოსებს?
_ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ ბრძოლის წინა ხაზზე დისტანციურად ვერ იქნება სააკაშვილი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე ახლა ის ადამიანები არიან, რომლებიც დააკავეს, რომლებიც საქართველოში აქტიურობენ. რას უპასუხებთ მათ?
_ ბრძოლის წინა ხაზი ყოველთვის ნიშნავს იმას, თუ რამდენად გიჭირავს შენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პულსზე ხელი და შენი სიტყვა რამდენად წონადია ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების შესაცვლელად. სააკაშვილი ვერ ჩამოვა და რუსთაველის გამზირზე ვერ დადგება, ამიტომ ბრძოლის წინა ხაზი არ უნდა განვიხილოთ ფიზიკური მდგომარეობით. თბილისში ვინც არიან, თურმე ისინი ყოფილან ბრძოლის წინა ხაზზე, ვინაიდან კანცელარიასთან და შუშის სასახლესთან ახლოს დგანან, სააკაშვილი კი, რომელიც 2000 კმ.-ის მოშორებითაა, თურმე არ ყოფილა ბრძოლის წინა ხაზი. მიხეილ სააკაშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში ყოველთვის იყო წინა ხაზზე, ყოველი არჩევების წინ, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებზე და ახლაც, ცნობილია მისი ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის სურვილი, მისი გავლენები, განცხადებები, რომელსაც მხოლოდ საქართველოში არ უსმენენ, მას უსმენენ ევროპაში, ამერიკაში, ის რეგიონული მასშტაბის პოლიტიკური ფიგურაა. სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი დესტაბილიზაციის წყაროა, რომ მან მიიტაცა ხელისუფლება, რომ ივანიშვილი პუტინის კაცია, იმავეს ამბობს ამერიკის 170-ზე მეტი კონგრესმენის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელიც 13-მა კაცმა შექმნა, თუმცა იზიარებს 170. რასაც სააკაშვილი ამბობს, იმისგან რაიმე განსხვავებულს ამბობს ამერიკის მმართველი პარტიის საპარლამენტო ნაწილი?! ამიტომ სააკაშვილის პოზიცია ბრძოლის წინა ხაზზე დგომაა. ბრძოლა მხოლოდ მიტინგზე დგომა არაა.
_ არც მხოლოდ ფეისბუქზე ლაივების ჩართვაა…
_ დეპუტატები ვიბრძვით პარლამენტშიც და ბრძოლის ერთ-ერთი ნაირსახეობაა პარლამენტში ხელისუფლების მხილება, მათი გარკვეული მოქმედებების დაბლოკვა, ასევე ბრძოლის ნაირსახეობაა ისიც, რომ გამოვედით და ვთქვით: სოციალური გადასახადები ძალიან მძიმეა. როდესაც ხალხი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოკეტილია, ამ ზეწოლამ გაჭრა. ახლა კი ჯარიმები შემოიღეს პირბადეების ტარებაზე და ბუნებრივია, ვემხრობით _ 20 ლარის ოდენობით ჯარიმა ოპტიმალურია, ოღონდ ჯერ თავად ხელისუფლებამ ისე უნდა მოაწყოს, რომ ტრანსპორტში დისტანცირების წესები იყოს დაცული. დავაკვირდეთ უცხოეთს: მატარებელში ერთი ადგილი გაუქმებულია, მეორეზე _ სხედან. გარდა ამისა, ხელისუფლებას მოვუწოდეთ, რომ სანამ ვინმეს დააჯარიმებს, გაითვალისწინოს, რომ ერთი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი, მრავალჯერადი გამოყენების კი _ 10 პურის ფასი. ამიტომ კეთილი ინებონ და გაჭირვებულ ადამიანებს უყიდონ, მაშინ, როცა 5 მილიარდი საგარეო ვალი აქვთ აღებული, 1 მილიონი ამაზე დახარჯონ, _ ამ ნაწილშიც იძულებულები გახდნენ, ანგარიში გაეწიათ. ეს არის ბრძოლა. ბრძოლის წინა ხაზზე დგომაა ჩემი ინტერვიუ თქვენთან, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი წაიკითხავს, როგორც ნაბეჭდი ფორმით, ასევე _ ინტერნეტში. ასე რომ, სიმბოლური გამოთქმაა ბრძოლის წინა ხაზზე დგომა და დიახ, სააკაშვილი იყო და დარჩება ბრძოლის წინა ხაზზე და ის იქნება პოზიტიური ფაქტორი არჩევნების პროცესში.

ნენე ინჯგია