ნესტან კირთაძე: „კრემლი საინტერესო მანევრებს ჩაატარებს, რათა ოპოზიცია ერთმანეთს გადაამტეროს და პოლიტიკურ სივრცეზე კარტბლანში მოიპოვოს!“

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოვიდა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, ყველა ჯგუფი ერთიან საარჩევნო სიაში გაწევრიანდეს.

ექსპრეზიდენტის ამ იდეას ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა. უფრო ზუსტად, ერთიანი სიის იდეა, გიორგი ვაშაძის გარდა, ლეიბორისტებმაც დაიწუნეს, ბოკერიას გუნდმაც და სხვებმაც.
ისტორიკოსი და პოლიტიკოსი ნესტან კირთაძე კი „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ წლევანდელ არჩევნებში „ოცნების“ დამარცხება, თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს არ გაითვალისწინებს, რთული იქნება.

მოკლედ, რატომ იქნება არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი ურთულესი და როგორ უნდა დამარცხდეს ოლიგარქატი? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ნესტან კირთაძესთან?

_ ქალბატონო ნესტან, როგორ ხართ, კორონობა გადაიტანეთ?
_ ამ პროცესს სრულიად რეალურად შევხედეთ და რეგულაციებსაც დავექვემდებარეთ, თუმცა ჩვენი განწყობა იყო, რომ ყველაფერი ეს ცოტა უფრო ტელეპროექტს ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეშია!
_ ტელეპროექტის ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს, რომ კორონობის მოსალოდნელი მეორე ტალღა შემოდგომას, ანუ არჩევნებს ემთხვევა. შესაბამისად, ხომ არ ფიქრობთ, რომ კორონა „ოცნების“ ხელში ოპოზიციასთან საბრძოლველად ერთგვარ პოლიტიკურ იარაღად იქცა?
_ ამ კუთხით ორიგინალური არ ვიქნები, მით უმეტეს, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, რომელთა კისერზეც კორონობის ყველა სირთულემ გადაიარა, პირველი დასკვნები უკვე გააკეთეს. დიახ, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური იარაღია და კორონობა, როგორც აქტუალური თემა, 2020 წლის ნოემბრის არჩევნების მერე, ანუ მას შემდეგ დასრულდება, რაც ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გახდება.
_ ე. ი., იმ ვერსიისკენ იხრებით, რომ კორონაპანიკა ე. წ. ნეოლიბერალების ტრამპზე შეტევაა?
_ აღნიშნულ საკითხზე არა მხოლოდ პოლიტიკოსების, ნუმეროლოგებისა და უფოლოგების კვლევები მეტყველებს, არამედ ამაზე უკვე ცნობილი ექიმებიც საუბრობენ. სხვათა შორის, ამ თემაზე საუბარი პირველად შვედმა ექიმებმა დაიწყეს, რომელთაც პარალელური კვლევები ჩაატარეს. ასევე ძალიან საინტერესოა გერმანული და ამერიკული კვლევებიც, მათ შორის, ჯანმოს საქმიანობაზე. ჩინეთთან დაკავშრებით კი დამოუკიდებელი გამოძიება მიმდინარეობს. ეს რეალობის კიდევ ერთი მხარეა, რომელმაც მთელ ამ პროცესს კრიტიკულად შეხედა და საზოგადოებას ნამდვილი დასკვნის გამოტანის საშუალება მისცა.
_ დავუშვათ, კორონავირუსის საფრთხე გადაჭარბებულია, მაგრამ საინტერესოა, ტრამპი ამ ავანტიურას რატომ წამოეგო?
_ ეს რთული თემაა, თუმცა კორონა, სხვა პროცესებთან ერთად, ტრამპის ოპონენტებმა გამოიყენეს. ამიტომ ტრამპს ლოკალურ კორონაომებთან გამკლავება უწევს. ყველაფერ ამას გამოძიებები ახლავს და არჩევნების შემდეგ ძალიან თამამი დასკვნები გაკეთდება!
_ ის, რაც ფლოიდის მკვლელობას აშშ-ში მოჰყვა, კორონაომის გაგრძელებაა, ქალბატონო ნესტან?
_ მე, როგორც ანალიტიკოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი ნეოლიბერალიზმზე, რომლის დაისიც უკვე დაწყებულია, არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ ფაქტორს მიაქციეთ ყურადღება: გამოსვლები და დემონსტრანტებთან მიმართებით პოლიციელთა ქმედებები აშშ-სა და ევროპაში თითქმის ერთნაირია, ანუ ამ მკვლელობას ზუსტად ისეთივე გამოხმაურება დიდ ბრიტანეთშიც მოჰყვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ პროცესები იმ ერთნაირი სცენარით განვითარდება, რომელიც 2021 წლიდან მთლიანი მსოფლიოს შეცვლას შეუწყობს ხელს. ყველაფერი ეს კი, რასაკვირველია, საქართველოსაც შეეხება.
_ ჩვენ რა კუთხით შეგვეხება? ისე, ცოტა უცნაურია, რომ ზუსტად მაშინ, როცა აშშ-ში რთული ვითარებაა, 13 კონგრესმენი საქართველოსთვის იცლის და ივანიშვილს საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებლად აცხადებს.
_ ამასთან დაკავშირებით ერთ პასაჟს გეტყვით და იმ ადამიანებს არ დავემსგავსები, რომლებიც ამ 13 კონგრესმენის საკითხზე ერთნაირად საუბრობენ. ეს ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც შეიძლება, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო მანიფესტაციად განვიხილოთ, ანუ ეს ანგარიში ჩვენთვის საინტერესო უკრაინელ პრორუს ოლიგარქებთან ერთად მხოლოდ ივანიშვილის ხსენების გამო კი არა, იმიტომაცაა, მმართველი კონსერვატიული პარტია, გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით, საქართველოს ისე მოიხსენიებს, როგორც მისთვის საინტერესო სახელმწიფოს და მოკავშირეს, ანუ ამით აშშ მიანიშნებს, რომ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს თვალყურს ადევნებს. ქართული დემოკრატიული ოპოზიციისა და მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი სწორედ ესაა.
_ შეიძლება, მაგრამ „ოცნება“ უფრო ტრამპის მიმდევარია. ამიტომ გაუგებარია, აშშ-ის მმართველი პარტია ჩვენს ხელისუფლებას რატომ „არტყამს“ ან „ოცნების“ სპიკერები ამერიკელ კონგრესმენებს „ნაციონალებსა“ და ლობისტებისგან მოსყიდულებს რატომ ეძახიან?
_ „ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკაში სრული უცოდინარობა, არაპროფესიონალიზმი გამოამჟღავნა და ნულზე ქვემოთ ჩავიდა. დავით ზალკალიანი, რომელიც პროფესიონალი დიპლომატია, ძალიან მენანება, რადგან გროტესკულ ვითარებაში აღმოჩნდა.
რაც შეეხება „ოცნების“ სპიკერებს, ისინი პოლიტიკურად უგუნური ადამიანები არიან და, ძალიან გთხოვთ, მათ განცხადებებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ! მე, როგორც პროფესორი, მომავალ დიპლომატებს, მაგისტრანტებსა და ასპირანტებს სწორედ ამას ვასწავლი, თუ კაზუსი შესაძლოა, მოხდეს დიპლომატიაში, ეს კაზუსი, სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა!
_ გასაგებია, რომ „ოცნების“ სპიკერების განცხადებების შეფასება არ გინდათ, მაგრამ ფაქტია: ოპოზიციაშიც მოვლენები უცნაურად ვითარდება. აი, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც რამდენიმე თვე ციხეში გაატარა, მაჟორიტარობის კანდიდატობაზე უარი განაცხადა. თაკო ჩარკვიანი კი გიგა ბოკერიას პირდაპირ „შუშის სასახლის“ გაგრძელება „შიშის სასახლეს“ უწოდებს. ე. ი., ოპოზიცია დაქსაქსულია?
_ ჩემი ანალიზი მინდა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ჩავსვა და არა _ ამა თუ იმ გვართან დაკავშირებით.
_ ანუ?
_ რასაც ახლა გეტყვით, ექსკლუზივია: ზუსტად 100 წლის წინათ საქართველოს ჰქონდა შანსი.
_ რისი?
_ აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, უილსონმა თავისი მეგობარი და გავლენიანი გენერალი ჯეიმს ჰარბორდი საქართველოში გამოგზავნა. მაშინ იმაზე არ იყო ლაპარაკი, რომ ვერსალის ხელშეკრულებაზე საქართველოს მანდატი აშშ-ს აეღო _ ის უფრო სომხეთის მანდატისკენ იხრებოდა, მაგრამ სოციალისტმა ნოე ჟორდანიამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, თავს უფლება არ მისცა _ თავი მოიავადმყოფა, რომ ამერიკელ გენერალს არ შეხვედროდა და მას ე. წ. ცერემონიული საზოგადოება, მათ შორის, მინისტრებიც შეხვდნენ. ეს აშშ-მ, ცხადია, შენიშნა და ამ არშეხვედრის გამო საკმაოდ ცინიკური წერილი დაუბრუნეს.
მოკლედ, ახლაც ზუსტად ასეთი ვითარებაა _ აშშ მოკავშირე სახელმწიფოა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა. ბოლოს და ბოლოს, როცა პური არ გვქონდა, ხორბალი მოგვცა და გადაგვარჩინა. ლაპარაკი ინსტიტუციების მშენებლობებსა და ქართული სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობაზეა. ყველაფერ ამას დღეს ვიგინდარები იმით პასუხობენ, რომ ვიღაცას ტონს უწუნებენ, მვიღაცას კი მოსყიდულს ეძახიან! ეს მთავრობა ამერიკელებისადმი ასეთი გზავნილების გამო რა ფასსაც გადაიხდის, ამას ძალიან მალე ნახავს! ჩვენთვის კი ისაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართული სახელმწიფო ამისთვის პოლიტიკურ ფასს კი არ გადაიხდის, არამედ დემოკრატიული სამყაროსკენ სვლას დინჯად გააგრძელებს და 1921 წლის განმეორებას აიცდენს!
_ კეთილი, მაგრამ, ქალბატონო ნესტან, სხვა რამ გკითხეთ, ამიტომ ჩავაზუსტებ: ხელისუფლება ამერიკელ კონგრესმენებს მოსყიდულებს ეძახის, გუბაზ სანიკიძემ კი აშშ-ის საელჩო ივანიშვილის სატელეფონო საუბრების მოსმენაში დაადანაშაულა. მართალია, ამის გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს, პრაქტიკულად, შპიონაჟის ბრალდებაა!
_ ყველა ეს პოლიტიკური ლიდერი თქვენთან ინტერვიუებში გამოიზარდა და დაიხვეწა. შესაბამისად, ისიც კარგად იცით, რომ გადაცემის ბოლოს ან მაშინ, როცა დრო ცოტაა, რაღაც სწორად შესაძლოა, კარგმა ორატორმაც ვერ ჩამოაყალიბოს. ამიტომ ეს პოლიტიკური კრიტიკის საკითხი არ უნდა გამხდარიყო _ გუბაზი ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ნათელი ორატორი და შეიძლება, სხვებზე მეტად პროამერიკელიცაა. მოკლედ, ეს ტექნიკური შეცდომა იყო, რასაც გაგებით ვეკიდები.
_ ოპოზიციაში არსებულ განხეთქილების ნიშნებსაც „გაგებით ეკიდებით“, ქალბატონო ნესტან?
_ ვერ გეტყვით, რომ ამ თემებით ვცხოვრობ, მაგრამ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შეიმჩნევა. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აქტივობებისა და პოლიტიკური წონის ამარადაა დარჩენილი. ამიტომ ძალიან ვწუხვარ, რომ ოპოზიციას 2020 წლის მნიშვნელობა გააზრებული არ აქვს.
_ მიხეილ სააკაშვილი რა შუაშია?
_ თუ ხელისუფლების შეცვლაზე ვსაუბრობთ, მაშინ აქ ბიძინას, კობახიძისა და მდინარაძის გიტარაზე დაკრული სიმღერების მოპაექრეები არ უნდა ვიყოთ.
_ ანუ?
_ ახლა არის დრო, როცა ქართული სახელმწიფო დემოკრატიული სამყაროს თანასწორუფლებიანი წევრი იქნება ან თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია. თუ ამას ქართულ ოპოზიციაში ვინმე აცნობიერებს, მაშინ ძალების, რესურსების, კონცეფციებისა და თუნდაც ჩრდილოვანი კაბინეტის სტრატეგიული გაანალიზება სჭირდება! თუ ასე არ მოხდება, მაშინ ოპოზიცია წააგებს და ისიც უნდა იცოდეს, რომ ის ქართული სახელმწიფოს სიმბოლო არაა და ქართული სახელმწიფო გზას უკვე ახალი ლიდერებით გააგრძელებს!
_ ქალბატონო ნესტან, კონკრეტულად მიპასუხეთ: სამართლიანად გეჩვენებათ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატობაზე უარი განაცხადა და ეს მაშინ, როცა იგივე ბოკერიას არათუ მაჟორიტარობის პრეტენზია აქვს, არამედ იგი იმის თქმასაც არ ერიდება, რომ მომავალი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი „ევროპული საქართველოდან“ იყოს?
_ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიული სტრუქტურა არ ვარ.
_ ეს ვიცი, მაგრამ ისე გეკითხებით, როგორც დამკვირვებელსა და ანალიტიკოსს.
_ ის, ვინც ამ ვითარებაში სისუსტეს გამოიჩენს, რასაკვირველია, საკუთარ თავს დაიზიანებს!
_ ძალიან ზოგადი ნათქვამია. უფრო კონკრეტულად?
_ ირაკლი ოქრუაშვილი უდავოდ ნიჭიერი კაცია და ვისურვებდი, რომ მისი გამოცდილება ქვეყანას მოხმარდეს, მაგრამ თუ ამ გზით ივლის, მკაფიოდ გამოჩნდება, რომ მარტო დარჩება!
_ რას ჰქვია, „მარტო დარჩება“? იმაზე ხომ არ აკეთებთ მინიშნებას, რომ ოპოზიციაში „მთავარი ვიოლინო“ ბოკერიაა და „ანტიოცნებელებს“ თამაშის წესებს კარნახობს?
_ ეს ბოკერიას უნდა ჰკითხოთ. საერთოდ, ბოკერიას ბევრ მოსაზრებას, კონცეპტუალურ დონეზე, რასაკვირველია, არ ვიზიარებ, მაგრამ კარგი ორატორია და თუ პროცესს ბოკერია ხელმძღვანელობს, ეს ოპოზიციასთანაა დასაზუსტებელი. ყოველ შემთხვევაში, ამას პირადად მე, ჯერჯერობით, ვერ გამოვკვეთ, თუმცა ჩემი საყვარელი თაკო ჩარკვიანის გულწრფელ ემოციას, რომელიც ქალური კი არა, ნამდვილად პოლიტიკურია, ყოველთვის დავაფასებ!
_ ისე, ქალბატონო ნესტან, არჩევნები ხვალ რომ ჩატარდეს, თქვენი შეფასებით, ოპოზიცია მოიგებს თუ ხელისუფლება?
_ ძნელი სათქმელია.
_ რატომ?
_ გააჩნია, არჩევნებამდე როგორ მივალთ. თუ ჩემს პოლიტიკურ ინტუიციასა და ლოგიკას გაითვალისწინებთ, ძალიან ბევრი, ვინც იმპერატიულად ამბობს, ეს ასე და ასე იქნებაო, ჩაიძირება, ასევე ბევრი სხვა ამოტივტივდება.
მოკლედ, ივნისი, ივლისი და აგვისტო ბუნებრივი და ხელოვნური სელექციების პერიოდი იქნება.
ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ოფისი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების, ასე ვთქვათ, დოკუმენტაციების გამოფენას ამზადებს.
_ ანუ დაპირისპირება ოპოზიციის შიგნით მზადდება?
_ არა.
_ აბა?
_ ასე ვთქვათ, ნეიტრალური დამკვირვებლები, ჩემი ინფორმაციით, ერთმანეთზე ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს გამოაქვეყნებენ, მათ შორის, კორუფციის მიმართულებით.
მოკლედ, ეს პერიოდი უაღრესად რთული იმ თვალსაზრისით იქნება, რომ, მაგალითად, კრემლი, რომელიც ამ არჩევნებს „ოცნების“ მიმართულებით ჩაატარებს, საკმაოდ საინტერესო მანევრებს გააკეთებს, რათა ოპოზიცია დაქსაქსოს, ერთმანეთს გადაამტეროს, ერთმანეთი ჩააძირინოს და შემდეგ მთელ პოლიტიკურ სივრცეზე კარტბლანში მოიპოვოს!
ბოკერიასაც და სხვებსაც, რომლებიც პოლიტიკურ ოპოზიციაში არიან, ვეტყვი: მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გარეშე საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ვერ და არ მოხდება! სააკაშვილის ფაქტორის გარეშე არჩევნები, რომელმაც ვინმეს გამარჯვება კი არა, ქართულ სახელმწიფოში ცვლილებები უნდა მოიტანოს და საქართველო რუსულ ორბიტას მნიშვნელოვნად უნდა დააცილოს, არ უნდა ჩატარდეს!
_ სააკაშვილის ფაქტორს ხაზს რატომ უსვამთ?
_ აქ პიროვნება მიხეილ სააკაშვილზე კი არა, პოლიტიკოსსა და ლიდერ სააკაშვილზეა ლაპარაკი, რომელმაც ზუსტად იცის წამალი, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს საქართველო გამართულ სახელმწიფოებრიობას! ეს წამალი კი ანტიკორუფციული პოლიტიკის დაბრუნება და გაძლიერებაა. დიახ, ესაა მომაკვდავი და კორუფციაში ჩაძირული პოლიტიკური სისტემის ერთადერთი წამალი!
თუ ეს არ მოხდება, მაშინ 2020 წლის არჩევნების შემდეგ მივიღებთ 150-კაციან პარლამენტს, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ კორუფციულ სისტემაზე იქნება მიჯაჭვული! ეს საქართველოსთვის კიდევ ახალი კატასტროფა იქნება. ამიტომ არჩევნების შემდგომი საქართველო სწორედ ამ პარამეტრებში უნდა იყოს გააზრებული და არა ისე, ბოკერიაა „ვიოლინო“ თუ მდინარაძე _ „ჩონგური“!
_ სხვათა შორის, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ 13 კონგრესმენის ყბადაღებული ანგარიში ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების ვიზავია. თქვენც ასე ფიქრობთ, ქალბატონო ნესტან?
_ საერთოდ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ დოკუმენტებს თავისებური წაკითხვა სჭირდება.
_ ანუ?
_ აი, მაგალითად, როცა აშშ-ის წინა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე მკაფიო განცხადება გააკეთა, „ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე მაშინდელი ოპოზიცია სხვადასხვა თარგმანზე აკეთებდა აქცენტს.
ხალხო, ზუსტად იცოდეთ, რომ მკაფიოდაა ნათქვამი: როგორც კი აშშ-ის ხელისუფლების სათავეში სრულიად ახალი მსოფლმხედველობის დონალდ ტრამპი მოვიდა, აბსოლუტურად სხვა კონცეპტუალური პრინციპები გამოაცხადა და მის საგარეო პოლიტიკაში შავი ზღვით დაინტერესების დეტალებიც გაჩნდა. საქართველოც სწორედ ამ ინტერესში გამოჩნდა. ამით რუსეთს პირველი დარტყმა მიადგა და ეს ინტერესი ივანიშვილს მხოლოდ ინგლისურენოვანმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა კი არა, კრემლის სპეცწარმომადგენლებმაც, რომლებიც მასთან მუშაობენ, განსაკუთრებულად კარგად უთარგმნეს.
ყველაფერ ამის პირველი პასუხი ანაკლიის წინააღმდეგ ბრძოლა გალხდათ. მერე კი საქართველოში გავრილოვი ჩამოიყვანეს და საქართველოს პარლამენტის დარბაზში რუსეთის ფედერაციის დროშა აღმართეს!
მოკლედ, ტყუილად ნუ ფიქრობთ, რომ გზავნილები, რომლებიც აშშ-დან მოდის, წინასაარჩევნოა! ყველაფერი უკვე ფინალისკენაა და ისევე, როგორც ვითომ პროდასავლურ ლიდერ პლახატნიუკს აშშ-მ სანქციები დაუწესა, ოლიგარქატი, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოშიც, ამასვე უნდა ელოდოს მსგავსს!
_ ვნახოთ, რა მოხდება _ არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი და ყველაფერი მალე გამოჩნდება…
_ დიახ, მაგრამ ეს უმძიმესი პროცესი იქნება, რომელიც არჩევნების შემდეგ არ დასრულდება!
_ მაშ, როდის დასრულდება?
_ საქართველოში ოლიგარქატი საბოლოოდ უნდა დასრულდეს! ამას, ჩემი აზრით, ეს დაქსაქსული, სავარძლებსა და მანდატებზე გადაგებული ოპოზიცია კი არა, ახალი ლიდერები გააკეთებენ! დიახ, ეს საქართველოს მომავლისთვის მებრძოლი ოპოზიცია არ არის!
_ სამწუხაროდ, ამ ნიშნებს მეც ვხედავ…

გიორგი აბაშიძე