კვირის გვერდხედი

ან ხელისუფლებას ან ოპოზიციას, ან ხალხს რომ ოდნავ მაინც აინტერესებდეს, გვერდიდან როგორი საყურებლები არიან, ალბათ, ბევრად უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით, მაგრამ ვის აინტერესებს თავისი გვერდხედი?
ამჯერად მოვეშვათ გინდ ხელისუფლების, გინდ ოპოზიციის მრავალწლიანი „მოღვაწეობის“ განხილვა-შეფასებებს და დავჯერდეთ ბოლო კვირის მოვლენებს თუ ამ ბოლო კვირაში გახმაურებულ ამბებს.

როგორ იქცევა ოპოზიცია? _ სრულიად უტიფრად, კედელთან ჰყავს მიყენებული ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია _ ენმ და ჟარგონზე რომ ვთქვათ, „აკაჩავებს“. ვიღაც ნამუსზე აგდებს, რომ ენმ-მ უნდა დათმოსო, ვიღაც ამას ჯიქურ ითხოვს. და რას ითხოვენ? რას და იმას, რომ მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში კანდიდატურები მათ წარადგინონ. და თუ „ნაციონალები“ ამას არ დათანხმდებიან, აქედანვე ადანაშაულებენ ერთიანობის ჩაშლაში.
ანუ რა გამოვიდა? ერთობა, რომელიც ვითომც და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეიკრა, ბიძინა ივანიშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ს უტევს, გინდა თუ არა, კანდიდატურები _ ჩვენი, ელექტორატი _ თქვენიო.
ელექტორატშია საქმე. იციან, რომ თავად ელექტორატი არ ჰყავთ და ამიტომ მათთვის გადასარევი იქნება, თუკი რომელიმე ოლქში თავად დააყენებენ კანდიდატს, „ნაციონალები“ არა, და „ნაციონალების“ ელექტორატი სწორედ მათ მისცემს ხმას.
ანუ მათ მიშა/ენმ-ის ელექტორატით უნდათ პარლამენტში მოხვედრა და მოკალათება. ამ ქვეყანაში დღემდე თავისი ელექტორატი ჰყავს კაცს, რომელიც 27 წლის წინათ ვერაგულად მოკლეს _ ზვიად გამსახურდიას. ჰოდა, ამ ქვეყანაში, დღეს რომ პოლიტიკაში ხარ და ხტუნაობ, ხვანცალებ და მარტო ცოლ-შვილი გაძლევს ხმას, წესით, ენა უნდა გქონდეს ჩაგდებული და არა წაგდებული! მაგრამ ამ ქვეყანაში სხვის ხარჯზე ცხოვრების აწყობა მოსულა.
ამ ქვეყანაში მიშა/ენმ-ის ისე უყურებენ, როგორც მუქთახორა ქმარ-შვილი საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ ქალს. მისგან გამოგზავნილ ევროებზე ცხოვრობენ, იხეთქენ მუცელს, ყიდულობენ მანქანებს, დაძვრებიან კახპებში, თამაშობენ კაზინოებში, იჩხირავენ, ბოლდებიან… მოკლედ, გრიალებენ და იმ ქალების აქ ჩამოსვლა აღარც ასე აწყობთ, აღარც _ ისე. სწორედ ასე არიან ჩვენი ცალკაციან-ცალამომრჩევლიანი პარტიებიც. „ნაცებისა“ და მიშას ატანა არ აქვთ, მაგრამ მათი ელექტორატის ხმები უნდათ!
2016 წელს ბოკერიამ და კომპანიამ დააჭაშნიკა ეს _ პარლამენტში ენმ-ის მხარდამჭერების ხმებით შევიდნენ და ეგრევე ევროებად გადახურდავდნენ. დღეს იგივე ვეღარ მოხერხდება _ უკან ენმ-ში ვერ შემოვლენ, რომ მერე ისევ გავიდნენ. ან მთელი ოპოზიცია ენმ-ში ხომ არ შევა? ამიტომაც უნდათ ეს ერთობა. და რას მოიგებს ამით ენმ?
ან ვინ მოიგებს საერთოდ? თბილისში 8 ოლქიდან 6 სხვა პარტიებს დაუთმო ენმ-მ. იგივე უნდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ანუ უნდათ, რომ 22-23 მაჟორიტარულ ოლქში ენმ-მ კანდიდატი არ წარადგინოს და მათმა ელექტორატმა მათ მისცეს ხმა.
ჯერ იმას გვიმტკიცებდნენ, რომ საერთოდ მაჟორიტარობანას გაუქმება და მხოლოდ პროპორციული არჩევნები უნდოდათ და ახლა კატასავით იფხაჭნებიან თითო ადგილზე. თუ მაჟორიტარული ოლქები და ადგილები არ გყოფნიდათ, რას ხტუნაობდით? ამ 30 ადგილზე მაჟორიტარულ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, რომ ეს ადგილები წაგლიჯო ხელისუფლებას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კანდიდატი იქნება ძლიერი. არჩევნებში ძლიერია ის კანდიდატი, რომელიც ელექტორალური მხარდაჭერით სარგებლობს, თორემ ის არავის აინტერესებს, ქიმიაში ხარ ძლიერი თუ _ ალგებრაში. სხვა შემთხვევაში, ანუ მარტო ამბიციების დასაოკებლად, სუსტი კანდიდატის წარდგენას რა მოჰყვება? რა და სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება! რიგი პარტიები სწორედ ამ ფორმით ხომ არ ეხმარებიან ბატონ ბიძინას? ფაქტია, რომ ამ ფორმით ისინი სწორედ ივანიშვილის „ოცნებას“ გაუწევენ დიდ სამსახურს და ახლა ეს შეთანხმებით ხდება და ამაში ჯამაგირს ან „გრევს“ მიიღებენ თუ ეს უნებლიეთ ხდება და მუქთად ემსახურებიან, რეზულტატის თვალსაზრისით დიდად არ განსხვავდება ერთი მეორისგან.
აგერ, გიგა ბოკერია ამბობს, დიდი ალბათობით, მაჟორიტარი ვიქნებიო. დასკვნები თავად გამოიტანეთ…
მოკლედ, რა მოხდება და ვინ იხეირებს, თუკი მაჟორიტარული ოლქების უმეტესობას ენმ სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს დაუთმობს? იხეირებს ხელისუფლება. იმიტომ, რომ როდესაც ენმ ოლქს თმობს და თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხმა მისცენ სხვას, პირველ ტურში იქნება ეს თუ მეორეში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მხარდამჭერები ცხვრებივით ადგებიან, დამწკრივდებიან და ხმას მისცემენ იმას, ვისზეც ეტყვიან.
დათმობასაც და ერთობასაც აზრი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ ყველა ერთად დასხდება და ჩემი-შენის თვლას კი არა, იმ კონკრეტულ ოლქში ძლიერი კანდიდატის შერჩევას დაიწყებს.
ახლა, თუ „ოცნების“ მხარდამჭერი ან, მით უფრო, აქტივისტი, ანდა სულაც ლიდერი ხარ და ამ სტრიქონებს სიამოვნებით არაკრაკებ, ძალიან ცდები. „ოცნება“ ყველა ვარიანტში მარცხისთვისაა განწირული და რაც არ უნდა დამარცხდეს ოპოზიცია, „ოცნება“ მაინც დამარცხდება. დიახ, 2020-ის პარადოქსიც ეგაა, „ოცნება“ ყველა ვარიანტში დამარცხებულია, როგორც ძირგავარდნილი ქვევრი! როგორც ვადაგასული და ამძაღებული პროდუქტი. იმაზე არაფერს ვამბობთ, იმთავითვე რომ უხარისხო პროდუქტი შემოგვასაღა რუსეთმა…
შაბათს, ერთ საღამოს, ორ არხზე გავიდა ორი გადაცემა: „მთავარზე“ _ სესიაშვილის, „პირველზე“ _ მელაძის. მარტო ამ ორ გადაცემაში დახვავებული საგანგაშო ფაქტები გაფიქრებინებს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში კი არა, ფეოდალურ სახელმწიფოში ცხოვრობ, უბრალოდ, იმ ფეოდალურ ქვეყანაში, ჯაყელები და ბაღვაშები, ამილახვრები და ორბელიანები კი არა, მკოიანები, მათიკაშვილები, ხაინდრავები და მათნაირები პარპაშობენ.
ძირგავარდნილია და პერსპექტივა არ აქვს ხელისუფლებას, რომელიც პოლ ბრეგისეულ შიმშილობის სასწაულს უწყობს ქვეყანას და, სწორედ ამ დროს, 4 მილიონ ლარს პატიობს გოგა ხაინდრავას! ან ვის კუთვნილ მილიონებს პატიობთ, ან რა დამსახურებით? ყველას გვახსოვს მისი „დამსახურება“! მის მიერ მეტეხთან ჩაცხრილული, ბუნკერიდან გაქცეული ხალხით სავსე ავტობუსი! მოწმე გნებავთ? გინდა, ჯაბა იოსელიანის წიგნი წაიკითხეთ და გინდა, დიდუბეში მიდით და თავი ახალეთ მის საფლავს.
ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იბოგინებს, რომელიც კი მას გააპარპაშებს ამა თუ იმ ეტაპზე! ყველამ იწვნია, ვინც ხაინდრავა აღაზევა! _ ედუარდ შევარდნაძემაც და მიხეილ სააკაშვილმაც!
თქვენც მოგიწევთ!
ან მაგას ვის ფულებს პატიობთ? ან მღებრიშვილს რა დამსახურების გამო უხდით წლიურად 120 ათას ლარს იმ საქმეში, რაშიც არა გაეგება რა? მის დუმილს თუ ყიდულობთ, თქვენი ჯიბიდან ამოიღეთ და არა _ ბიუჯეტიდან!
პერსპექტივა არ აქვს ხელისუფლებას, როდესაც დედაქალაქის მერი ანას ბაღში ისე იქცევა, როგორ ლოთიანად გალეშილი ყარაჩოღელი _ ორთაჭალის ბაღში.
საქმე ლაპარაკის ნაცვლადოკ _ უთქვამთ ძველ შუმერებს კი არა, ძველ „ნაცებს“.
კალაძემ კი, როგორც შეუმდგარმა, უფრო სწორად, უხარისხო „ნაცმა“, ძველ „ნაცურ“ „ტიკში“ ახალი „ქოცური“ „ღვინის“ ჩასხმა მოიწადინა და ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდა. ანუ როგორც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღევანდელმა თავმჯდომარემ, ახალმა „ნაცმა“ ნიკა მელიამ დაწერა: „კალაძე სიტყვების ქნევიდან მუშტების ქნევაზე გადავიდა _ სიტყვიერი ძალადობა-შეურაცხყოფიდან („გადაშენდი/მთაწმინდიდან გამოექანე“) _ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზე“.
ძალიანაც ნუ შეიცხადებთ, ოდეს კალაძეს შეუმდგარ „ნაცად“ ვიხსენიებ. უფრო სწორად, ბოლომდე ვერშემდგრად. ჰო, აი, ასე, თვალებშიც შესციცინებდა მიშას, ეთერიდან ეთერშიც კუნტრუშით დასდევდა საარჩევნო კამპანიის სამშვენისად, ამ ძუნძულის სანაცვლოდ ასჯერ ბევრი სარგებელიც მიიღო სწორედ მიშას ხელისუფლებისგან, მაგრამ „ნაცად“ მაინც ვერ შედგა, მისგან „ნაცი“ ვერ დადგა. სამაგიეროდ, წარმატებით დასრულდა მისი „ქოცად“ ფორმირება და მანაც სრულად ამოჭრა თავისი წარსულიდან „ნაცური“ მონაკვეთი. ამოჭრა და დაივიწყა. მაგრამ დაავიწყდა, ყველას რომ გვახსოვს.
დიახ, დაივიწყა თავისი ნაცაქტივისტობა და იმ ბიჭს, ვისაც ანას ბაღში ებრდღვნა და მაისური შემოახია, მაისური დაუბეჭდა _ მიშასთან და სანდრასთან ერთად გადაღებული ფოტოებით. თავისი ჭკუით, კომპრომატი უპოვა სამოქალაქო აქტივისტ კვეკვესკირს, _ აი, ნახეთ, მიშასთან და სანდრასთან ერთად ფოტოები აქვსო.
ჯერ ერთი, რომ ის კვეკვესკირი არც მალავს თავის პოლიტიკურ კუთვნილებას და რას გვეუბნება ის ფოტოები? რა უნდა კალაძეს ამით რომ თქვას, _ მიშა კიევიდან მართავს კვეკვესკირს? და ამის მტკიცებულება ერთად გადაღებული ფოტოებია?
კარგი, მივიღე მტკიცებულებად მიშასთან ერთად გადაღებული ფოტოები, მაგრამ კალაძის არ იყოს, მეც რომ ორი თვალი მაქვს და ამ ორი თვალით მინახავს მისი არაერთი ფოტო, სწორედ მიშასთან გადაღებული? ანუ რა დავასკვნა? თუ კვეკვესკირისა და სააკაშვილის ერთად გადაღებული ფოტო იმის დასტურია, რომ კვეკვესკირი სააკაშვილისგან იმართება, კალაძისა და სააკაშვილის ფოტოებიც იმის დასტურად უნდა მივიჩნიოთ, რომ კალაძე მიშასგან იმართება.
კი მაგრამ, ეს ამბავი იცის ბატონმა ბიძინამ? ან რა გამოდის, _ მიშასგან ერთი მართული, კალაძე, მაისურს უძაძღავს და უხევს მიშასგან მართულ მეორეს, კვეკვესკირს? ანუ ანას ბაღი არაფერ შუაშია და მიშას ბაღში ვერ იყოფენ ადგილებს?
თუ მე, რიგითი მოქალაქე ან სხვა ჩემებრ რიგითი მოქალაქე, უნდა დავდგეთ და ვარკვიოთ, ვინ როდის ჩაკარტოჩკდა მიშასთან?
რა თქმა უნდა, მიშა აქ არაფერ შუაშია. აქ თავშიც, ბოლოშიც და შუაშიც კალაძის ყოველმხრივ არასწორი დამოკიდებულებებია.
ერთი უბედურებაა, როდესაც დედაქალაქის არჩეული მერი, თავისივე მეუღლის ლექსიკონით რომ ვთქვათ, „ფსიხია“, თავს ვერ აკონტროლებს და „ტუფლებიდან უნასკებოდ ხტება“.
მეორე უბედურებაა, როგორ იქცევა, როდესაც კონტროლს კარგავს. ის არათუ თანამდებობისთვის, ასაკისთვის შეუფერებლადაც იქცევა _ ბღლარძუნობს.
მესამე უბედურებაა, როდესაც კი არ გამოდის და საზოგადოებას ბოდიშს კი არ უხდის, დგას და ვისაც „მაიკა“ შემოახია, იმის ფეისბუკში იქექება, „პოულობს“ საჯაროდ გამოფენილ „კომპრომატს“ _ იმ კაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ვისაც თავად თუალთა ციცინით შეჰხაროდა, ბეჭდავს „მაიკაზე“, გამოდის და უტიფრად ამტკიცებს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. მელამ მოწმედ საკუთარი კუდი მოიყვანაო, კალაძეც კუდს მოიყვანდა, მაგრამ არ აქვს და ორი თვალი მოიყვანა მოწმედ _ მეც ორი თვალი მაქვსო. ანუ ერთ კუდს ორი თვალი არა სჯობიაო? _ ეს გვითხრა, თორემ ცალთვალა რომ არ გვგონია, ამდენი განა არ იცის?
მეოთხე და მთავარი უბედურებაა, რომ საზოგადოების ნაწილი ამას არათუ ჩვეულებრივ იღებს, იწონებს კიდეც. მე თუ მკითხავთ, სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული და კალაძე იქ, ანას ბაღშიც და მერე კამერებთან მაისურით ხელშიც, სწორედ აი, მაგ აგრესიული ელექტორატის წინ პოზირებდა და კეკლუცობდა. იქ, ანას ბაღში, თავისი ჭკუით, ძალა და შემტევობა აჩვენა, მეორე შემთხვევაშიც უტიფრად გაღმა გადადიოდა იერიშზე _ გაღმა იქნევდა მაისურიან ხელს.
ვიღაცამ სწორად ჩააწვეთა _ ამომრჩეველს უყვარს, როდესაც ძალასა და შემართებას ხედავს პოლიტიკოსში, მაგრამ კალაძეს საკუთარი წარსულის „ნაცობრივ“ მონაკვეთთან ერთად, სხვა რამეც ავიწყდება _ ძალის ამ ფორმით დემონსტრირება მხოლოდ ქრონიკული რევანშით დაავადებულებსა და კლავიატურის ფაღარათის მქონეებს ხიბლავთ და არა _ საზოგადოების ფართო ფენებს.
იმ ვიდეოკადრების შემხედვარე ნორმალური და პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალური პირი, სხვა არაფერს იფიქრებს, გარდა იმისა, რომ ზოგს არაფერი შველის, არც დედაქალაქის მერობა, არც მილანში ცხოვრება. დიახ, ასეა, ვისკონტებმა და სფორეცებმა რომ თავისი დინასტიების შთამომავლად გაღიარონ და თბილისი კი არა, მილანი მოგაბარონ სამართავად, როცა ასე ბღლარძუნობ, მაინც იმ ჭყინტ ფეხბურთელ ბიჭად რჩები, გასახდელში რომ იწევს მოწინააღმდეგე გუნდის იმ მოთამაშზე, რომელმაც გოლი გაგიტანა.
დიახ, როდესაც ხელისუფლებას წარმოადგენ, მეტი თავშეკავება გმართებს, როგორც ხალხთან ურთიერთობაში, ისე, საერთოდ, მთელ საქმიანობაში, თორემ ეს ხელისუფლება ისე იქცევა, მალე ხალხი იქით შემოახევს ტანზე ტანსაცმელს…

რეზო შატაკიშვილი