საქართველოს პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკას მინდია გორაძის _ ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით მიმართა

ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა.
მინდია ლავასოღლი თურქეთში 2018 წელს დააკავეს. ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდიას ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე განცხადებით, ლავასოღლი თურქეთის ციხეში მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ახლობლები აცხადებენ, ძალიან დამძიმდა.

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად ბათუმის იუსტიციის სახლთან კარვები აქვთ გაშლილი და 17 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, ორი ქალია, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
პირველი აქცია ბათუმის საკონსულოსთან გაიმართა, შემდეგ კი პროკურატურასთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს.
რამდენიმე დღის წინ კი ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს ახალსოფელთან.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს. დაპირისპირების მიზეზი ცენტალური გზის ჩაკეტვა გახდა.
აქციის მონაწილეები ასფალტზე ისხდნენ, პოლიციამ მათ მსვლელობის გაგრძელება ან გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა მოსთხოვა, რამაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია.
ე. წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, 9 პირი დააკავა. 6 ივნისს ბათუმის სასამართლომ 9 დაკავებული აქციის მონაწილეებიდან 8 პირს 1000-1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და პროტესტს ისევ აგრძელებენ. როგორც მათ „ქრონიკა+“-ს განუცხადეს, შეხვედრა ორშაბათს შედგება გენერალურ პროკურატურაში:
„ჯერ ცნობილი არ არის, რას გვეტყვიან პროკურატურაში ან არის თუ არა რამე გადაწყვეტილი. საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება, სანამ ლავასოღლის საქართველოს არ გადმოსცემენ. 17 ადამიანი შიმშილობს, ოთხს ისევ პირი აქვს ამოკერილი. იმედია, პროკურატურაში მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის არ შედგება“, _ განცხადა ლექსო კობაიძემ.
„ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკას ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით უკვე მიმართა.
ვინ არის მინდია გორაძე, რომელსაც საზოგადოება ლავასოღლის სახელით იცნობს? 2013 წელს იგი „კანონიერ ქურდად“ აკურთხეს. მისი სახელი საქართველოში, უკრაინასა და განსაკუთრებით კი ბათუმშია ცნობილი.
ლავასოღლისა და სამართალდამცველების გზები პირველად 2006 წელს გადაიკვეთა, როდესაც ის ბანდიტიზმის მუხლით გაასამართლეს.
მინდია გორაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა და ოდესაში გადაინაცვლა. არსებული ინფორმაციით, ბათუმელი „კანონიერი ქურდი“ ოდესაში ბინის ქურდებს აკონტროლებდა,
მისი ძარცვის მეთოდი კი საკმაოდ დახვეწილი იყო _ ისინი სახლებში შეღწევას ალპინისტების აღჭურვილობით ახერხებდნენ, თუმცა ლავასოღლის უკრაინული ზეობის პერიოდი მალევე დასრულდა.
ლავასოღლი უკრაინელმა სამართალდამცველებმა პირველად 2013 წელს დააკავეს, მეორედ კი _ 2014 წელს. ლავასოღლიმ სამართალდამცველებს ღიად განუცხადა, რომ ის „კანონიერი ქურდია“.
2016 წელს მინდია გორაძეს საქართველოს პროკურატურამ „კანონიერ ქურდობაში“ დასდო ბრალი და იგი დააკავა.
„2013 წლიდან დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები“, – განაცხადა მაშინ საქართველოს შს სამინისტრომ. ამ ბრალდებიდან რამდენიმე თვეში მინდია გორაძემ საპატიმრო დაწესებულება ისე დატოვა, რომ მისთვის ბრალი არ დაუმტკიცებიათ და საქართველოს საზღვარი თურქეთის გავლით დატოვა. თუმცა ამ საქმეზე სასამართლო გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.
გასულ წელს მინდია ლავასოღლი თურქეთში დააკავეს, თუმცა იგი ამ დრომდე საქართველოსთვის ექსტრადაციის წესის შესაბამისად არ გადმოუციათ. მინდია ლავასოღლის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა თურქეთში 2020 წლის 28 თებერვალს ამოეწურა, მაგრამ 29 თებერვალს მას ხელახლა შეუფარდეს საექსტრადიციო პატიმრობა.

ხვიჩა მამულაძე