მთავარი რელიგია ვის და რატომ სურს მეუფე პეტრეს განკვეთა?

ვის და რატომ სურს მეუფე პეტრეს განკვეთა?

1218
0
გაზიარება

ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს პუბლიკაცია და მაინც გადავწყვიტე, რომ _ დიახ, აუცილებელია, რიგი გარემოებების გათვალისწინებით და, პირველ რიგში, საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად ვამბობ: მეუფე პეტრეს განკვეთა წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მყოფი ორი ძალის _ რეაქციულისა და რბილის _ ინტერესს, რათა რაც შეიძლება სწრაფად ჩამოაცილონ მისი უწმინდესობა _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტს და მის პერსონას სამუდამო ჩრდილი მიაყენონ ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე.

მკითხველი, რომელიც ჩემს პუბლიკაციებს ეცნობა, დამეთანხმება, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მოვიხმობ ხოლმე პერსონებს. ამას ვაკეთებ შეგნებულად, რამეთუ არავინ ვართ უშეცდომო და ვითარების ანალიზისას კონკრეტულ ადამიანებს ქმედებებში საკუთარი თავის დანახვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ და იმის შანსიც, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. თუმცა ამ პუბლიკაციაში რამდენიმე სახელის მოყვანა მომიწევს და აქვე ხაზს გავუსვამ, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს მათი პოზიცია და ქმედებები, არანაირად არ ვაპირებ შევეხო მათ პიროვნულ ღირსებებსა თუ ნაკლოვანებებს.
მე არ გახლავართ მაღალ სასულიერო იერარქებთან დაახლოებული პირი. მხოლოდ ზოგიერთ მათგანს ვიცნობ _ მათ მიმართ მოწიწება და პატივისცემა მაქვს. ერთ-ერთი მათგანია მეუფე პეტრეც. ჩემს პიროვნულ სენტიმენტებს მის მიმართ მრავალი ფაქტორი განაპირობებს. თუმცა ობიექტურობისთვის ამ დამოკიდებულებას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, რომ აბსოლუტურად(!) არ ვეთანხმებოდე მის ქმედებას 2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე და შემდგომ განვითარებულ პერიპეტიებს.
გვერდით გადავდოთ მომხდარის მორალური მხარე და მხოლოდ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას: რა შედეგი დადგა 31 ოქტომბრის შემდეგ? _ სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დეკანოზ მამალაძის შესაწყალებლად პრეზიდენტისთვის თხოვნით მიმართვის თაობაზე სალომე ზურაბიშვილმა არ დააკმაყოფილა, რადგან, როგორც ირკვევა, დეკანოზი ერთ-ერთია იმ პერსონებს შორის, რომელიც მეუფის მიერ გახმოვანებულ „ბრალდებაში“ შესაძლოა, მოწმეც აღმოჩნდეს. შესაბამისად, მოარული ხმები იმასთან შესახებ, რომ ეკლესიამ მორალური უპირატესობა მიიღო დეკანოზის შეწყალებით და, ამავდროულად, პრეზიდენტი აიძულა, დეკანოზი არ შეეწყალებინა, სრულიად ლოგიკურია; საპატრიარქოსა და მთლიანად ეკლესიაში გაძლიერდა რეაქციული ძალა. მან პირდაპირ დაიწყო იმ პირების შანტაჟი, რომელთა წინააღმდეგაც არსებობს ცალკეული ფაქტები საეკლესიო ცხოვრების წესების დარღვევის შესახებ და აქ არ იგულისხმება, მხოლოდ და მხოლოდ, მეუფის მიერ გაჟღერებულ „ცოდვაში“ მყოფი პირები. საუბარია სხვა სახის გადაცდომებზე, რაც თავისი ხარისხით ბევრად აღემატება დასახელებულ ბრალდებას; დიახ, რეალურად გაძლიერდა ის რეაქციული ძალა, რომელიც მსოფლმხედველობრივად მიბმულია რუსულ ეკლესიაზე, რუსულ სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიაში პოზიციონირებს, როგორც ზნეობისა და ქრისტეს სწავლების სადარაჯოზე მყოფი ძალა; გაურკვეველი დროით გადაიდო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე მსჯელობა; შენარჩუნდა და გაძლიერდა კორუფციული გარიგებები ეკლესიის წიაღში; უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა ეკლესიის მოქცევის (ვგულისხმობ ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ სწავლებასა და ცხოვრების წესზე დაბრუნებას) მსურველთა დევნამ; დაიწყო იმ ეპისკოპოსებისა და ღვთისმსახურების წინააღმდეგ „ძირგამომთხრელი საქმიანობა“ (ზუსტი საბჭოთა ტერმინია), რომლებიც ცდილობენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვექტორი ისტორიულ მიმართულებას დაუბრუნონ გიორგი მერჩულის მიერ გაჟღერებული გრიგოლ ხანძთელისეული ფორმულით. რა თქმა უნდა, თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით; კიდევ უფრო გაძლიერდა საპატრიარქოს, როგორც ეკლესიის მმართველი ადმინისტრაციის კარჩაკეტილობა; საპატრიარქო უფრო დიდი ძალისხმევით განაგრძობს ხელისუფლების შანტაჟს და რეალურად იბრძვის უფრო მეტი ძალაუფლებისთვის ან უფრო სწორი იქნება _ ძალაუფლების კოტროლისთვის; და ა. შ.
რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ 31 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გარეშე ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ დაბეჯითებით ვამბობ, რომ ყველაფერი არ იქნებოდა ასე რადიკალურად. ისევე როგორც დარწმუნებული ვარ _ „მორალურ-ზნეობრივი“ თემატიკა არ განსაზღვრავს მთავარ პრობლემას, რაც ეკლესიაში არსებობს. და თუნდაც ამ საკითხის მოვლა უფრო სხვაგვარად შეიძლებოდა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების პარალელურად და სრულიად უხმაუროდ. რატომ? _ ბოლო 30 წლის განმავლობაში ეკლესიაში მიმდინარე პროცესები სცდება კონკრეტული ინსტიტუციის არსებობის წესებს, სწავლებასა და რეალურად პოლიტიკურ პროცესს წარმოადგენს. ამიტომ შეუძლებელია რამე სახის წარმატების მიღწევა ამ ინსტიტუციაში პოლიტიკური გათვლების გარეშე, მხოლოდ კანონიკის წესების მიხედვით. და კიდევ ერთი საკითხი, ბარემ _ „მორალურ-ზნეობრივ“ კონტექსტში რუის-ურბნისის კრების ხშირი მოხმობის პრიზმაში. კრების მოწვევის მიზეზი და მიზანი ის იყო, რომ ეკლესიას დაეუფლნენ „ქუაბ ავაზაკნი“, რომლებიც გვარიშვილობით დაეპატრონნენ თანამდებობებს (ეპიკოპოსობა) და საკუთარი მდგომარეობით მხარს უჭერდნენ ურჩ ერისთავებს მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძირს უთხრიდნენ ერთიანი საქართველოს სახელმწიფო იდეას. მეფის განზრახვა იყო (და ამის ამოკითხვა შეიძლება უამრავ ისტორიულ წყაროში), რომ გაეძლიერებინა სამეფო ტახტი, დაემორჩილებინა მთავრები და ერისთავები, სახელმწიფო ეკლესიაზე მაღლა დაეყენებინა, ე. ი. ეკლესია სახელმწიფოსთვის დაემორჩილებინა. ამ კონტექსტში „რუის-ურბნისის ძეგლისწერაში“ პირველ რიგში უამრავ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ საკითხთან ერთად საუბარია სხვადასხვა ცოდვაზე, რომელიც არის ეკლესიაში და ერთ-ერთია სოდომური ცოდვა. მაგრამ არსად, არც ერთ დოკუმენტში არ არსებობს პერსონიფიკაცია _ კონკრეტული სახელი და გვარი. რატომ? მსტოვრები არ ჰყავდა მეფეს და არ იცოდა, ვინ რას სჩადიოდა? _ არა, რადგან იდეა და მიზანი იყო სხვა. შეუძლებელია, ერთმა ან ასმა მანკიერმა ქმედებამ, თუნდაც მრავალი ინდივიდის მიერ განსაზღვროს ინსტიტუციის ბედი ან შექმნას მისი სახე. ხომ ცხადია, მანკიერებები იყო, ანუ ყოფილა დავითის დროსაც და ამ მანკიერების მოსპობა დღემდე ვერ მოხერხდა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ _ ვერსად. ამიტომ ხდება ეს პოლიტიკა და არა მხოლოდ დადგენილი წესებისა და ნორმების საკითხი. მესმის, რომ ძნელი იქნება იმათი ჩემს აზრზე მოქცევა, რომლებიც ფიქრობენ და სჯერათ, რომ მორალურ-ზნეობრივი საკითხია ყველა უბედურების სათავე. მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გააზრების შემთხვევაში რა სარგებელი ან ზიანი მოიტანა ამ თემის წინ წამოწევამ, ცხადად ჩანს. ვიღაც მკითხავს, _ რა იყო ან არის ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც დაამშვიდებს თავად ეკლესიას და სახელმწიფოს? „საქართველოს ეკლესიის განვითარების პოლიტიკური დოქტრინა“, რაც გულისხმობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იდენტობის, მისი თვითმყოფადობის, განვითარების, როლისა და სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებზე საერთო ეროვნულ შეთანხმებას. სხვა სახის ნებისმიერი საკითხი (რაოდენ მძიმე კონტექსტის მატარებელიც არ უნდა იყოს ის), თუ არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი, გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრეროგატივა. და აქვე, არ დავიღლები და მერამდენედ გაგახსენებთ, ანუ, პირველ რიგში, გავახსენებ ეკლესიის მესვეურებს, რომ „ღვთისმოსაობის მცველი არის ეკლესია, ანუ ღვთისმოსაობის მცველი არის ხალხი“ (იერუსალიმის პატრიარქების 1848 წლის ენციკლიკა). ხალხი და არა რომელიმე მღვდელმთავარი და ღვთისმსახური, რაოდენ დიდი ავტორიტეტიც არ უნდა ჰქონდეს მას.
მოკლედ, იმის მიუხედავად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიმაჩნია: მეუფე პეტრეს მიერ სინოდის სხდომაზე წამოწეული საკითხი იყო შეცდომა! სინოდმაც უნდა აღიაროს, რომ მათაც დაუშვეს შეცდომა, როდესაც მეუფეს მრავალჯერადი მსჯავრი დააკისრეს! მათი ქმედება სულიერი ძმის მიმართ შურისძიებას დაემსგავსა. ვინმემ სინოდიდან იმ ბოლო სხდომის შემდეგ სცადა მეუფესთან კომუნიკაცია თუ არა, ჩემთვის უცნობია, თუმცა, ვგონებ, ეს აუცილებელიც კი იყო, რიგი გარემოებების გათვალისწინებით. სხვა თუ არაფერი, ჩემთვის მეუფეების (განსაკუთრებით იმათი, ვისთანაც ჭყონდიდელს კარგი ადამიანური ურთიერთობა ჰქონდა) გაუცხოების კონტექსტად შანტაჟი და შიში აღიქმევა.
და ერთი მეტად მნიშვნელოვანი მინიშნება თავად მეუფისა და მისი პოზიციის მომხრეებს: როდესაც „მორალურ-ზნეობრივ“ პრობლემებზე აპელირებენ, თავად ეკლესიის წიაღში შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც მორალურ-ზნეობრივი საკითხების სადარაჯოზე დგას, ვინ არის? ანუ ვის წისქვილზე ასხამს წყალს პირდაპირ ეს თემა, ამაზეც ხომ ღირს დაფიქრება?


ამით დავასრულებ მეუფე პეტრეზე საუბარს და ახლა მეუფე იაკობზე უნდა შევჩერდე.
არაერთი კრიტიკული აზრი გამომითქვამს მისი ქმედებებისა თუ ქცევის წინააღმდეგ და დღესაც ხელს მოვაწერ თითოეულ სიტყვას. თუმცა შევეცდები, ამჯერად უშუალოდ მას მივმართო:

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
მეუფე იაკობ,

ბოლო წლების განმავლობაში, თუ თავადვე სწორად გააანალიზებთ სხვადასხვა პროცესში თქვენს ჩართულობას, საკუთარ თავთან მოგიწევთ იმის აღიარება, რომ არაერთხელ ძალიან ცუდად, პირველ რიგში, ეკლესიისთვის დამაზიანებლად, გამოიყენეს თქვენი პერსონა. რატომ აღმოჩნდით 2013 წლის 17 მაისის მთავარი სახე ეკლესიის მხრიდან? რატომ გაეხვიეთ ციანიდის სკანდალში? რატომ მიხვედით იმაზე ახლოს ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვიდრე ეს ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესებს სჭირდებოდა? რატომ და რა უფლებით ერევით საერო ხელისუფლების საქმიანობაში და უწყობთ მას ობსტრუქციას? რა როლი გაქვთ ეკლესიის ქონების მართლზომიერი განკარგვის საქმეში? კითხვები საკმაოდ ბევრი შეიძლება დაისვას, მაგრამ ამაზე პასუხი, ალბათ, პირველ რიგში, თქვენ უნდა გასცეთ, არა ჩემთვის ან სხვისთვის, არა რომელიმე ავტორიტეტის სასარგებლოდ ან საზიანოდ, არამედ საკუთარი თავისთვის და ქრისტესთვის.
ახლაც, თქვენ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს საეკლესიო პირისთვის, თქვენი ხარისხის მქონე ღვთისმსახურისთვის, სრულიად მიუღებელი ფორმით გამოხატავთ აზრს კონკრეტული მეუფის მიმართ, რომლის წინაშეც, როგორც თქვენი მაკურთხებლის მიმართ, განსაკუთრებული მოწიწება გმართებთ. გმართებთ იმის მიუხედავად, მოგწონთ მისი ქცევა, სიტყვა, აზრი თუ _ არა.
ახლა მორიგჯერ გითრევენ თამაშში, სადაც „პატრიარქის შეურაცხმყოფელი“ მეუფის განკვეთაში თქვენი როლი გახლავთ პირველი ვიოლინოს პარტიის შესრულება. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეტყობა, ამჯერადაც ბოლომდე ვერ ხერხდება იმის გააზრება, რომ ისევ გიყენებენ და თქვენს სულსა და გონებას შხამით ავსებენ.
მეუფეო, ძალიან დელიკატურად მიგანიშნებთ: სინოდის რამდენ წევრს აქვს უფლება _ აი, თქვენ რომ იცით _ კაცური უფლება ან მორალური უფლება ან ზნეობრივი უფლება (აქ ადამიანები ურევენ და მაინცდამაინც ჰომოსექსუალიზმზე იწყებენ ფიქრს, თუმცა ამ კატეგორიას განეკუთვნება თუნდაც სიძვა, მრუშობა _ თუ, თქვენი გაგებით, ეს კაცური პონტია და მერე რა, ეპისკოპოსებს საყვარელები თუ ჰყავთ?) მეუფის განკვეთას დაუჭიროს მხარი? რამდენს აქვს უფლება, მეუფე პეტრე ეკლესიიდან გააძევოს და თქვენ, ბოლო წლების საეკლესიო სკანდალების მთავარი ფიგურანტი, ეკლესიის წიაღში დაგტოვონ იმის გამო, რომ „თქვენი ეშინიათ“ და კომპრომატებს ფლობთ საკუთარ საძმოზე? თქვენ რამდენად გაქვთ მორალური უფლება, თავად დააყენოთ ეს საკითხი, როდესაც თქვენი ლექსიკა და გამოხატვა სიძულვილის, ძველბიჭობის გარდა არც არაფერს შეიცავს? მაგრამ ეს ბოლო რიტორიკული კითხვა, ვიცი, არ გაღელვებთ დიდად.
ახლა რაც გაღელვებთ, იმაზე მიგანიშნებთ. იცით, მეუფის შესაძლო განკვეთით რას გააკეთებთ? _ მტკიცებულებების გარეშე დაადასტურებთ მის ბრალდებას და ამით უდიდეს ჩრდილს მიაყენებთ კათოლიკოს-პატრიარქს. ამაზე გიფიქრიათ? გიფიქრიათ იმაზე, როცა საჯაროდ დააშანტაჟეთ უკვე თქვენი „საძმო“, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პატრიარქისთვის შუბლში საკონტროლო ტყვიის დახლის ტოლფასი რომ არის? არა, ვერ იფიქრებდით, რადგან გგონიათ, გსურთ (თუნდაც, გულწრფელად და უანგაროდ), ისე გამოჩნდეს, რომ პატრიარქს იცავთ. არადა, სულ საპირისპიროს აკეთებთ. ყოველი თქვენი ნაბიჯით ასუსტებთ ეკლესიას და ჩრდილს აყენებთ მას. თქვენ არ ხართ 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის პროცესების პროვოკატორი? როგორც ირკვევა, მეუფე პეტრემ თქვენთან კონკრეტულ თემაზე ისაუბრა. და რა გააკეთეთ იმის ნაცვლად, რომ მოვლენები სხვა კონტექსტში გადაგეყვანათ? _ პატარა ბავშვივით აჯავრებდით მას, გამოგყავდათ მწყობრიდან და პროვოცირებდით სხვადასხვა ცილისწამებით! რატომ? ვისი თამაში ითამაშეთ? პეტრემ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ამით პატრიარქს თუ _ თქვენ? სინოდზე რისთვის მოიხადეთ ბოდიში? ეს რომელი „გაგებაა“ (თუნდაც თქვენეული) _ საჯაროდ დასდოთ ბრალი ხელისუფლებას, მისი დისკრედიტება მოახდინოთ და მერე კურდღელივით (თქვენი გაგების ტერმინია) აღსარებები აბაროთ? რატომ არ მიხვედით პროკურატურაში, თუ რამე მტკიცებულებები გქონდათ? და თუ არ მიხვედით, ერთი ჩვეულებრივი ცილისმწამებელი ხართ და აქ აღსარება არაფერ შუაშია. განცხადება საერო სივრცეში იყო გაკეთებული და თქვენი მონანიება რა, ინდულგენციაა? ვინ მოგცათ უფლება, სახელმწიფოს ინტერესებს დაუპირისპირდეთ, ხელისუფლების (მნიშვნელობა არ აქვს, ვინაა ხელისუფლებაში) შერყევაში მიიღოთ მონაწილეობა, ისაუბროთ შანტაჟის ენით, განსაზღვროთ, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერი და ვინ _ არა? ჰო, ამას სამომავლოდაც აპირებთ, ხართ შემჩნეული პოლიტიკური ძალებისთვის საჯარო მესიჯების გაგზავნაში, ჩვენც შეგვიძლია ქვეტექსტების ამოკითხვა თქვენს ქადაგებებში. ვინ მოგცათ ობსტრუქციის მოწყობის უფლება სახელმწიფოსთვის? დაბოლოს, ვინ მოგცათ უფლება, თქვენი გაუაზრებელი, ურაპატრიოტული და ქრისტეს სწავლებას აცდენილი ქმედებებით დააზიანოთ ეკლესია?
ზემოთ აღვნიშნე, რომ გიყენებენ, არ გჯერათ? მაშინ, აბა, თავად დაფიქრდით ეკლესიის „პროდასავლური“ ღირებულებების მებაირახტრე მეუფევ, თითოეულ თქვენს ქმედებას ეკლესიის წიაღში რომელი ძალების გაძლიერება მოყვა. დაფიქრდით, როგორ გამოგიყენეს ისე, რომ საბოლოოდ ქორეპისკოპოსობა დაკარგეთ (ამას გარიგების სუნიც უდის), ხოლო ეკლესიას, რეალურად, რომელი ძალაც მართავს, თავადაც იცით. დაფიქრდით იმაზე, რომ პეტრეს განკვეთის წინადადების დაყენებით რა ზიანს აყენებთ მის უწმინდესობას და მეტიც, ვის უხსნით გზას საპატრიარქო ტახტისკენ. იცით, აღარ მომერიდება, რადგან დაწერილი მაქვს და ისევ გავიმეორებ: თქვენც და მეუფე შიოც (დიახ, მოსაყდრეზე ვსაუბრობ), ერთი ჯოხის ორი ბოლო ხართ. უბრალოდ, ის თქვენზე ჭკვიანია და საკმაოდ ეფექტიანად გიყენებთ. არა, ადრეც დავწერე, რომ ნამდვილად არ მიმაჩნია, თითქოს თქვენ რუსული ინტერესების პირდაპირი რეალიზატორი იყოთ ეკლესიაში ან სახელმწიფოში. უბრალოდ, თქვენ საკმაოდ შედეგის მომტანი ინსტრუმენტი ხართ იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც ეს ინტერესები აქვთ და ვერ ფიქრობთ ამაზე. ვერ ხვდებით, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და რაოდენ დიდი (თუმცა ამაზე დიდი არც მგონია, რამე იყოს) უბედურებაც უნდა გახლდეთ ეს პროცესები თავად თქვენი პერსონისთვის. უბედურებაა, გინდოდეს კარგი და მუდმივად ცუდს აკეთებდე, ცუდს ძერწავდე. უბედურებაა, ადამიანის გულწრფელობა იმის წინააღმდეგ იყოს მიმართული, რისი სიკეთეც სურს. არადა, მჯერა, რომ არც ეკლესიის შეგნებული დაზიანება გინდათ, არც პატრიარქისთვის ჩრდილის მიყენება, მაგრამ მუდამ ასე გამოგდით! ჰო, მესმის და ვიცი, რომ არ დამეთანხმებით, ისიც ვიცი, რომ გაბრაზდებით. მაგრამ გაბრაზება და გულზვიადობა არც კარგი მსაჯულია და არც _ კარგი მოკარნახე. დაფიქრდით, მეუფეო, საკმარისია ის ზიანი, რაც მიაყენეთ მის უწმინდესობას, თუნდაც მეუფე პეტრეს პროვოცირებით და ეკლესიას _ ყველა იმ საკითხით, რომელშიც თქვენ რომ გეგონათ, კარგს საქმეს უკეთებდით _ ცუდი აღმოჩნდა. დაფიქრდით, მეუფეო, ამ წუთს ვინ გიყენებთ და ვინ ავსებს თქვენს გონებას ბოღმით, შურისძიებით? დაფიქრდით, მეუფეო, და სული დაიმშვიდეთ.
უფალი გფარავდეთ.


ბოლო დროს რამდენიმე მოსაზრება მოვისმინე იმის გამო, რომ ეპისკოპოსების ნაწილი დუმს. მძიმე მოსასმენია ის სინანული, რასაც მათ მიმართ გამოთქვამენ. თუმცა მათიც კარგად მესმის _ თქმისა და უთქმელობის საჭიროების კონტექსტში. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს საკმაოდ ბევრი გონიერი და გულანთებული მღვდელმთავარი. მომისმენია მათი დუმილის არგუმენტები. არსებობს რაღაც შინაგანი პრინციპები, რომელსაც ადამიანი ვერ გადააბიჯებ. არსებობს თემები, სადაც მხილების მხარედ ყოფნა საზიანოა პროცესისთვის. როგორ ფიქრობთ, თემა ეკლესიის განახლებას, მისი თვითგადარჩენის, თვითგანწმენდის ინსტინქტების წარმოჩენას რომ ეხებოდეს, ყველა პირშიწყალჩაგუბებული იქნება? _ არა! ყოველ შემთხვევაში, ისინი იმათ დარად არ გაჩერდებოდნენ, რომლებსაც „ზნეობის“ სადარაჯოზე მყოფი რეაქციული ჯგუფი და, თუნდაც, მეუფე იაკობი ემუქრება.
და მაინც, მეუფე იაკობი კრავად გამოიყურება იმ მღვდელმთავრებს შორის, რომლებსაც კონკრეტულ თემაზე ჰქონდათ საუბარი მეუფე პეტრესთან და, მინიმუმ, ამ თემის კულტივირება მოახდინეს. მეუფე იაკობს თუ დავესესხები: „ქალებივით ჭორაობდნენ“. და ამ მეუფეებს აქვთ უფლება, მეუფე პეტრეს განკვეთას მისცენ ხმა? ანუ რა გამოდის, თქვენ იმ რეაქციული ძალების წარმომადგენლები ხართ, რომლებიც საქართველოს ეკლესიაში „რუსულ ზნეობას“ იცავენ? ანუ თქვენი მოლოდინიც ის იყო, რომ მეუფე პეტრე ყველაფერს იტყოდა, პატრიარქი გადადგებოდა და საპატრიარქო ტახტზე ან თქვენ აღმოჩნდებოდით, ან _ თქვენი ფავორიტი? და ახლაც, თუ მეუფე პეტრეს განკვეთას დაუჭერთ მხარს, რაც, პირველ რიგში, უდიდესი დარტყმა იქნება პატრიარქისთვის და ეკლესიისთვის, რას ელოდებით, რომ სტრესი იმსხვერპლებს პატრიარქს და საკუთარ ფავორიტს გააპატრიარქებთ? ინტერპრეტირებისა და ხმების გავრცელების ინსტიტუტი თქვენი მოგონილია და რას აპირებთ, ეგეც ხომ ყველამ იცის…
აქვე, იმათაც გაქვთ პასუხისმგებლობა, ბოდბეში, ნინოობას, მეუფე პეტრეს თემის კულტივირება ვინც შეუკვეთეთ მედიას და შემდეგ შეხმატკბილებულები იძლეოდით კომენტარებს. ჰო, ისე, ზოგიერთი თქვენგანი ხომ არ არის ის მღვდელმთავარი, რომელიც მეუფე იაკობის ემოციებით მანიპულირებს? თქვენ ხომ არ ხართ ის ჯგუფი, რომელსაც საკუთარი ფავორიტი ჰყავს საეკლესიო ტახტზე და თქვენს ინტერესებშიც ხომ არ შედის თქვენთვის საყვარელი პატრიარქის საბოლოო დისკრედიტაცია და ტახტიდან მისი ჩამოშორება? არა, არც თქვენ გაქვთ პეტრეს განკვეთის მორალური უფლება, რადგან თვალები ჩამოგიღამდათ უკვე და გაჭაღარავდით პატრიარქობაზე ოცნებაში. გვარ-სახელებით და ტიტულებითაც კი ჩამოგთვლიდით, მაგრამ ღირსადაც არ მიმაჩნიხართ.
და მაინც, რა მოხდება სინოდის სხდომაზე, სადაც, შესაძლოა, მეუფე პეტრეს განკვეთის საკითხი დააყენონ? მეუფე შიო და მისი რეაქციული მოკავშირეები საკითხს მხარს დაუჭერენ, ამ საკითხს მხარს დაუჭერს მეუფე ანდრია გვაზავას დაჯგუფებაც და საკითხი გავა. ცხადია, რომ ორივე ფრთა შეეცდება დაარწმუნოს მისი უწმინდესობა ამ გადაწყვეტილების სისწორეში. რა თქმა უნდა, პირველი ვიოლინო, ღიად თუ ფარულად, იქნება მეუფე იაკობი, რომლითაც ყველა ჯგუფი საკმაოდ ეფექტიანად მანიპულირებს. ეს იმის მუხედავად, რომ მეუფე თავად დარწმუნებულია _ წაუგებელ თამაშს თამაშობს. აი, ასეთ შემთხვევაში არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც თავად მასაც მოუწევს არათუ ხარისხის, ეკლესიის წიაღის დატოვებაც. ეს კანონზომიერებაა _ იგი თავისი ნატურით ფუშე არ არის და არც მისი საჭიროება იქნება დროთა განმავლობაში. რაც შეეხება იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც სწორად ხედავენ და ჭვრეტენ ამ გადაწყვეტილების შედეგებს და ზიანს, მათ ამჯერადაც უმცირესობაში მოუწევთ ყოფნა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ კონკრეტული ეფექტიანი ნაბიჯის მოძებნა მათაც შეუძლიათ.
ვიმეორებ: მეუფე პეტრეს საკითხი არ არის პერსონალური, ეს საეკლესიო პოლიტიკის, ინტრიგების საკითხია და მისი განკვეთა საბოლოოდ დააზიანებს კათოლიკოს-პატრიარქს და უდიდეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მიზანი აქაც მარტივია _ საპატრიარქო ტახტი!
ამ პროცესს რომ დამაზიანებელი შედეგი ექნება სახელმწიფოსთვის, ამას ნებისმიერი გონიერი ადამიანი მიხვდება.

გოჩა მირცხულავა

დატოვეთ კომენტარი