მთავარი ბლოგი სამყაროს კორონაცია

სამყაროს კორონაცია

582
0
გაზიარება

ყველას გვინახავს, მეტიც, ბავშვობაში ყველას გვიბზრიალებია გლობუსი. გვიბზრიალებია და მერე თითით უცებ დაგვიმუხრუჭებია, _ „წაგვიტორმუზებია“, ასე ვთქვათ. ახლა კი ყველამ ვნახეთ, როგორ ატაკა თითი უხილავმა ხელმა დედამიწას და როგორ დაგვამუხრუჭა და დაგვაპაუზა, როგორ შეგვაყანყალ-შეგვაზანზარა და როგორ დაგვზაფრა…

ამ პანდემიაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამდენიც ყველა ეპიდემიასა და პანდემიაზე არ თქმულა და არ დაწერილა ერთად, რაც კი აქამდე გადაუტანია კაცობრიობას _ დასაბამიდან _ კოვიდობამდე. ასე რომ, ახალს რას დავწერ, რას გაგიზიარებთ, თუ არა, ისევ და ისევ, პირად შეგრძნებებს, რომელიც, როგორც ყველას თქვენ, მეც მძაფრი მქონდა და მაქვს ჯერაც. ჩვენი განცდებისა და შეგრძნებების, შიშების, საერთოდ ყველანაირი ემოციის ნაწილი ჩვენს პოსტებში მანიფესტირდებოდა, სხვების მსგავს განცდებს უერთდებოდა და, საბოლოო ჯამში, ისტერიულ ნაკადად ფორმირდებოდა. მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, პანიკურად გეშინოდა და მოსთქვამდი თუ პანიკურად ესხმოდი თავს მათ, ვისაც ეშინოდა, ისევ და ისევ, იმიტომ, რომ საკუთარი შიშები დაგეძლია. აღარც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, ეს შიში გაცნობიერებული გქონდა თუ არა. ვწერ ახლა და მინდა, გვერდიდან შევხედო, გვერდიდან დავაკვირდე იმდროინდელ და დღევანდელ ჩვენს თავს. ვაკვირდები და ჩვენი თავის შემყურეს, ორი ლეკვი მახსენდება. 4 თუ 5 წლის ვიყავი, მამამ გერმანული ნაგაზის ლეკვი რომ მოგვიყვანა. ბუშტი გავბერე და ოთახში ვეთამაშებოდი. ახლაც მახსოვს, რა ცქვიტად მეთამაშებოდა დრუნჩით ბალიბულს. მერე თავისი პატარა თათი დაჰკრა და ბუშტი გასკდა. ჯერ შეეშინდა, ვერაფრით ვერ გაიგო, რა მოხდა, შემდეგ შიშმა რომ გადაუარა, ბუშტის ძებნა დაიწყო, მთელ ოთახში ეძებდა, გაკვირვებული და შეცბუნებული დარბოდა, უკვირდა, ვერსად რომ ვერ პოულობდა. ბუშტის ნაფლეთი დრუნჩწინ ეგდო, მაგრამ ვერაფრით აკავშირებდა იმ ერთ ბეწო ნაფლეთს იმხელა ფერად ბუშტთან…
მეორე, კავკასიური ნაგაზის ლეკვი, უკვე წლების შემდეგ მოვიყვანეთ. მახსოვს, რა დაემართა, რომ ჩამოთოვა. მთელი დღე უყეფდა თოვლის ფანტელებს, ზაფხულში გაჩენილს ვერ გაეგო, რა მოვლენასთან ჰქონდა საქმე, რა მოქმედება იყო, რა ვითარება. იდგა და უყეფდა. უყეფდა და უყეფდა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვუყეფდით იმას, რასაც თავიდან კორონას ვეძახდით, მერე და მერე კი უფრო „კოვიდს“ ვიტყოდით. ან ეს სახელის შეცვლა რა იყო, რა მოქმედება, რა ვითარება? თუ არა, ისევ და ისევ, ქვეშეცნეული სურვილი ჭირისგან გაქცევის? შეუჩვეველი ჭირისგან, რომელსაც ვერ ვეჩვევით. ვერ შევეჩვიეთ, მოგვბეზრდა და სახელი გადავარქვით… ვერ ვეჩვევით, არადა ახლა სწორედ მაგას გვირჩევენ. ჩვენც ნელ-ნელა, ჩვენთვისვე შეუმჩნევლად, ვეჩვევით და კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ იმას, რაც ჰეგელმა თქვა ჩვენზე, ადამიანებზე: შემგუებელი არსებები ვართ.
ვიხსენებ ჩვენს თავს და ჩვენს პირველ რეაქციებს, კორონის პირველი შემთხვევების დაფიქსირებას რომ მოყვა. პირველად იყო სიმღერა კი არა, სიცილი, ხორხოცი და „შუტკების“ უსასრულო კასკადი, არსად ისე მასხრად არ აუგდიათ კორონა, როგორც აქ, ამ ქვეყანაში. არ ვიცი, რა იყო ეს, _ შეშინებულთა სიმწრის სიცილი, იუმორის ფარად მოშველიება თუ ფუქსავატობა, მაგრამ ფაქტია, ბლომად ვიცინეთ, ბლომად ვიღლიცინ-ვიხალისეთ, რაც ლოგიკურად განივრცო ინფექციურის იმ მედდის ფოიერვერკული ქმედებით, ირანელი ბიჭი რომ ერთი ილეთით შეაბრუნა ადგილზე, დღეს უკვე კლასიკად ქცეული რეპლიკით: „ვერ არის კარგად“. მისი ეს რეპლიკა, მგონი, ყველას გვეხებოდა და ვეჭვობ, დღესაც გვეხება.
კარგად რომ მოვიოხეთ გული ხარხარით, ნელ-ნელა შევშინდით და დავიზაფრეთ. ნაწილი პანიკამ აიტანა, ნაწილი ქარაფშუტულმა ნარატივმა, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია, რომ თურმე კორონა კი არა, პანიკა კლავს და ა. შ., რომ თურმე სამარცხვინოა პროდუქტების მომარაგება და ა. შ. და ა. შ. ამ ნარატივის კულტივირებას თავიდან ექიმებმაც და ხელისუფლებამაც შეუწყვეს ხელი, მათი ჭკუით, პანიკის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მერე თვითონ მათ მოუწიათ ასმაგი გარჯა, როგორმე ხალხს რეალურად რომ გაეაზრებინა საფრთხე. არადა, იმთავითვე ცხადი იყო _ პანიკიორობისა და ქარაფშუტობის გარდა, მოვლენებზე არსებობს სხვა რეაქციაც _ საფრთხის ადეკვატურად აღქმა. ის ადეკვატურობა, რომელიც აკლდა ყველა სახელმწიფოს, სადაც მძვინვარებდა კორონა, სადაც მანამ ვერ მიხვდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე, სანამ კუბოებით არ მოიფინა ქვეყანა.
სამყარო კორონას შეეჯახა! მე დიდ იმედგაცრუებას დღემდე ვერ ვინელებ, ვერ ვიჯერებ იმას, რომ ევროპის მდგრადობა ნიფნიფ-ნუფნუფის ფუჩეჩის ხუხულა აღმოჩნდა, რომელსაც ერთი შეუბერა კორონამ და გააცამტვერა. ევროპული კეთილდღეობა ყოფილა მხოლოდ დიდი ხელფას-პენსიები, მაძღარი მუცელი და უსუსტესი ჯანდაცვა _ ცოტა ექიმები, ცოტა საავადმყოფოები… ესაა კეთილდღეობა _ ავადმყოფის დასაწვენი ადგილი არ გქონდეს, არც ახლის აშენების ან გადაკეთების? მერე არც მკურნალობისა და, ბოლოს და ბოლოს, არც მკვდრის გასვენების და კუბოთი მაინც უზრუნველყოფის? ამ დიდ განხიბვლაში რუსული კვალის ძებნას ნუ დაიწყებთ, გადასარევად ვიცი, რუსეთი რა ჭაობიცაა.
ნურც დემოკრატიას დააბრალებთ მაგ ყველაფერს, ადამიანებისთვის კუბოს შეკვრას თავი ვერ მოაბა, დემოკრატია კი არა, დერმოკრატიაა. ეს ეხება ევროპის დღევანდელობას და არა მის დიად წარსულსა და ღირებულებებს, რომლის ნატამალიც კი აღარ შერჩათ.
გავიხსენოთ, აქ რა ხდებოდა: ნაწილი მარკეტებს მიაწყდა, უმეტესობა კი მათ ქოლავდა და ამუნათებდა. არადა, წესით, რა იყო გაუგებარი? ადამიანებს მოუწოდებ, მოერიდოს თავშეყრის ადგილებს, დარჩეს სახლში და თუ მან გადაწყვიტა, რომ მართლაც ასე მოიქცეს და საკვებს იმარაგებს, რომ ყოველდღე გარეთ არ ირბინოს, რაღას დგახარ და ლანძღავ? ბევრი, ვინც პროდუქტს იმარაგებდა, იქნებ, გამოკეტვას არც აპირებდა, მაგრამ ითვალისწინებდა იმას, რომ ასეთ დროს პროდუქტი ან წყდება, დახლები ცარიელდება, ან _ საშინლად ძვირდება. ითვალისწინებდა ამას და იმარაგებდა, რა იყო გაუგებარი? მეც მოვიმარაგე პროდუქტი, ანუ ირიბად კი არა, პირდაპირ მეც მეხებოდა ეს ქილიკი, ლანძღვა და თათხვა. შემდეგ კი სწორედ ეს ექსპრემიერ ღარიბაშვილივით კისერმოჭიმულ-მოღერებულები იდგნენ და წკმუტუნებდნენ, რომ პროდუქტების რიგში საათობით უწევდათ დგომა და რომ პროდუქტი გაძვირდა და ა. შ.
არადა, მაშინ, ეს ყველაფერი მაინც შიშთან იყო პირდაპირ კავშირში. ბევრს კუკუზნაკი უკანკალებდა, მაგრამ თავს არ უტყდებოდა, რომ ეშინოდა და ასე, ამ ფორმით, სხვებზე შტურმით იმხნევებდა თავს. იმითაც იმხნევებდა თავს, რომ დათბებოდა და ყველაფერი გაივლიდა. როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ დანამდვილებით ამას ვერ იტყოდნენ, არც ამის შეშვება უნდოდათ ყურებში. მაინც ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ როგორც ყველა სხვა გრიპი, ესეც გაივლიდა, როგორც კი გამოზაფხულდებოდა და დაცხებოდა. ზაფხულიც მოვიდა, დაცხა კიდეც, მაგრამ კორონა არსად წასულა…
პანიკას თავიდან სალომემაც შეუტია _ ადგა და გაქანებულ ავტობუსს შეახტა _ ნიღბით და აწეული ხელებით, _ საშიში არაა, აი, ნახეთ, მე არ მეშინიაო, მოდი, გავავრცელოთ დაცულობა და არა შიშიო. მაგრამ მალე შეეპარა შიში და ისე შეიკეტა თავის რეზიდენციაში, ჯონჯოლის მომარაგებაც კი დაავიწყდა. მერე იყო და მადამ კარანტინამ, ამ კარანტინის გადამკიდემ _ სულხან-საბა აღმოაჩინა. კიდევ კარგი, გაუქმდა, თორემ ეგ მალე ცურტაველსაც აღმოაჩენდა…


გაივლის დრო და ამ ეპოქიდან სამახსოვროდ დაგვრჩება სიტყვა კლასტერი, ასე შვილივით რომ ჩაიკრა გულში დედაენამ. აღარვის გვემახსოვრება, სადღაც როგორ ეამა ჩვენს სნობ კოლექტიურ მეს ის ფაქტი, რომ ვირუსმა იტალიიდან შემოგვიტია და არა _ ჩინეთიდან. მერე და რა ზეპური კლასტერები გვქონდა?
რა ამაყად ჟღერდა: „რომანოვების კლასტერი“, „იტალიის კლასტერი“, „ესპანეთის კლასტერი“, „ამერიკის კლასტერი“ და რა უცებ გავიგდეთ წიხლქვეშ „მარნეულის კლასტერი“?
გავიხსენოთ და ახლა მაინც მივხვდეთ, რა გულისამრევი იყო თვითდამშვიდების თქვენი ტაქტიკა! აი, ის, თავს რომ იმშვიდებდით, კორონა თურმე მხოლოდ მოხუცებს ხვდება და მხოლოდ მათ ხოცავსო… ახლა მაინც არ გრცხვენიათ ან არ ფიქრობთ, რას გრძნობდნენ მოხუცები, როდესაც ყველა ამას პედალირებდა?
მთელ იმ შიშებს, რაციონალურსაც და ირაციონალურსაც, იმ ყველაფერს კვებავდა ის, რომ მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, უხილავს და შეუსწავლელს. გახსოვთ, რა ამბავი იყო ატეხილი ხელების ბანაზე? ნომერ პირველ ანტიკორონულ ღონისძიებად რომ გამოაცხადეს? და მერე და მერე მიივიწყეს?
ჩვენ მაშინვე მედიკამენტზე, ვაქცინაზე ვოცნებობდით და ამ დროს მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს, ზედაპირზე რამდენ ხანს რჩება ვირუსი. იცვლებოდა დისტანცია: ჯერ იმას გვიმტკიცებდნენ, რომ ერთი მეტრის იქით არ ვრცელდებოდა, მერე იმას, რომ 2-მეტრიანი დისტანცია იყო აუცილებელი, თან იმასაც გვიმტკიცებდნენ, რომ ცემინებითა და ხველისას ნაფრქვევი წვეთებით ვრცელდება და თან იმას, რომ ცემინება არ იყო კორონავირუსისთვის დამახასიათებელი, _ ხველა, კიდევ, მშრალი ახასიათებს კორონას და არა სველიო. ამ შენასკვნიდან რა უნდა დაასკვნა? რომ კორონა ვისაც აქვს, წვეთებს არ აფრქვევს? ვინც აცემინებს, სველად ახველებს, მას ჩვეულებრივი სურდო აქვს ან, მაქსიმუმ, გრიპი. და ეს უკანასკნელი როგორ ავრცელებდა იმას, რაც მას არ ჰქონდა? პირბადეებზე გაიხსენეთ, ხან გვეუბნებოდნენ, რომ ყველას უნდა გვკეთებოდა, ხან მხოლოდ მას უნდა კეთებოდა, ვისაც სიმპტომები ან ეჭვი ჰქონდა, შემდეგ სერიაში ისევ იმას, რომ ყველას პირტორმუზი უნდა გვეყენოს. ყველა ადგილობრივი შარლატანი, ექიმბაშებიდან დაწყებული, გაგრძელებული ყველა ქვეყნის მეცნიერებითა და მედიკოსებით, ტრამპით დამთავრებული, დიახ ყველა რაღაც მედიკამენტს უწევდა რეკომენდაციას. შიდსის წამლიდან დაწყებული, ტილის წამლით დამთავრებული. ვიღაცა ამ უძლიერეს პრეპარატებს ყიდულობდა კიდეც და ვინ იცის, პროფილაქტიკის მიზნით ყლაპავდა კიდეც. იწერებოდა, ილინკებოდა ათასი სისულელე, ათასი მეთოდი _ იოდი ცხვირში, ძმარი ხახაში, ისევ ტრმპის მიერ „რეკლამირებული“ მათეთრებლის, სადეზინფექციო ხსნარის ყლაპვა… ვისმენდი ამ ყველაფერს და ანა კარენინას შესანდობრის დალევის ხასიათზე ვდგებოდი, რამეთუ ანამ დაგვიტოვა კორონასთან ბრძოლის უტყუარი, 1000%-იანი მეთოდი _ რელსებზე თავის დადება _ დადე თავი რელსზე და მოკვდები ჭეშმარიტად „უკორონო“ (უგვირგვინო) თავით კი არა, საერთოდ უთავოდ… მოკლედ, მედიცინამ ბევრი ვერაფერი შემოგვთავაზა პარაცეტამოლისა და ხელების ბანის გარდა. ამ კორონამ ქირომანტებიც უმუშევარი დატოვა _ ხალხმაც გადაიტყავა ხელები ამდენი ბანით. ამ ისტერიულ ხელთა ბანის შემყურეს, გიჩნდებოდა გონივრული ეჭვი, რომ ლედი მაკბეტსაც კორონასი ეშინოდა, იმიტომ იბანდა ხელებს ისტერიულად და ისიც კორონამ გააგიჟა. მეფე დანკანის მკვლელობა არა ღამურამ ბაჟეში, არამედ კორონამ შეიწირა ლედი მაკბეტი…
მოკლედ, ბევრ რამეს არათუ იმ პირველ დღეებში, ახლაც ვერ ვხვდებით და ვერ ვიგებთ, მაგრამ ერთს კი პირველივე დღეებში მივხვდით, რომ ლუგარის ლაბორატორია კარგი ყოფილა. მივხვდით იმასაც, რომ ქვეყანაში მართლმადიდებლები კი არა, კოვზმადიდებლები გვყოლია ან სხვაგვარად რომ ვთქვათ _ ცალკოვზიანები ან _ ერთკოვზიანები. ყველა ქვეყნის ეკლესიამ დააწესა შეზღუდვები, გაითვალისწინა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. მხოლოდ საქართველოში ხდებოდა ის, რაც ხდებოდა!
ხელისუფლებამ კარგად დაიწყო და შემდეგ ცუდად გააგრძელა. ვერც ექიმებმა გამოავლინეს თანმიმდევრულობა, თუნდაც იგივე ეკლესიასთან მიმართებით.
ვერ ჩამოყალიბდნენ, თეთრი ხალათი ეცვათ თუ _ შავი ანაფორა! ხან მორწმუნეთა სტიგმატიზაციაზე გველაპარაკებოდნენ, ხან იმაზე, პატრიარქი როგორ გადაწყვეტდა და ხანაც ბერგამოთი და კუბოებით! ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, ამ მიმართულებით თანმიმდევრული იყო მხოლოდ ამირან გამყრელიძე.
მხოლოდ ეკლესია იყო თანმიმდევრული და შეუვალი. ოღონდ ეს თანმიმდევრულობა და შეუვალობა იყო სწორედ სამწუხარო და შუასაუკუნოებრივ სიბნელესთან წილნაყარი! აღარც მინდა გახსენება, რა ძრწოლის დღეებიც გამოგვატარეს! ეკლესიამ უარი არ თქვა ერთი კოვზით ზიარების წესის შეცვლაზე, არც შეკრებებს შეელია. შემაძრწუნებელი იყო მთელი იმ პროცესის თვალყურის დევნება. როგორ გწირავს ეკლესია, როგორ გწირავენ შენი თანამემამულეები. დიახ, მე მწირავენ, შენ გწირავენ, ჩვენ გვწირავენ, თორემ მათ არც მარტვილობას უშლის ვინმე, არც უდაბნოში დაყუდებას და არც მტკვარში კისრით ხტომას!
არანაკლებ ამაზრზენი იყო გატრუნული პოლიტიკოსების ხილვა, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების! მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი იღებდა ხმას, მხოლოდ რამდენიმე! დანარჩენი არ შეელია ელექტორატისთვის გავის უშნოდ ქნევას! არ მოუწოდებდნენ პირდაპირ და კატეგორიულად ეკლესიას, ხელი აეღოთ შეკრებებზე! დიახ, შეკრებებზე იყო საუბარი, თორემ მათთვის არავის მოუთხოვია ეკლესიების გამოკეტვა და მსახურების შეჩერება. საუბარი იყო შეკრებების შეზღუდვაზე, მრევლის შეკრებაზე!
და აი, პოლიტიკოსებს, ამ სიბნელეზე რომ კრინტს არ ძრავენ და შემდეგ არჩევნების შედეგი რომ ნათელი უნდათ, რატომღაც, ჭკვიანი ჰგონიათ თავი. ქართულ პოლიტიკურ კლასს მინდა ვუთხრა, _ მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ თქვენმა დუმილით ნათესმა სიბნელემ ნათელი მოგფინოთ!
მაინც სულ სხვაა იმის შეგრძნება, როდესაც ასეთ უმძიმეს დროს ეკლესია სხვას არაფერს გთავაზობს, გარდა იმისა, რომ მიწა აგლისო და შუბლზე წაიგლისო ეზოთქვენის ტალახი. მრევლისთვის ფულად დახმარებას ვინ ჩივის, მუქთა ტალახსაც არ უგლისავს და ეუბნება, _ თქვენ თვითონვე აიგლისეთ და შეიგლისეთო. რა უნდა ქნა, როდესაც დედაეკლესია „ქართველო ხელი კოვზს იკარს“ გიმღერის, ქუჩებს წყლით გიკურთხებს და ტალახით შუბლცქვიტობისკენ მოგიწოდებს. რა უნდა ქნა, როდესაც სასულიერო პატრიარქი ხილვებით გიმასპინძლდება და პანდემიისას თვეობით არგამოჩენილი სამოქალაქო პატრიარქი ივანიშვილი, კიდევ, _ ტიკ-ტოკის ცეკვით? რა უნდა ქნა, როდესაც გაგანია პანდემიაში ივანიშვილი ხეებს მიათრევს, საპატრიარქო, კიდევ, _ ტყეებს? ან როცა ტესტირების ნაცვლად კლიპებს გთავაზობენ? ან მაშინ, როცა შენსავე თანამოქალაქეებს ფეხებზე კიდიათ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა?
კარგად გავიხსენოთ, რამ და როგორ გაავრცელა კორონავირუსი საქართველოში.
რამ და იმან, რომ ვიღაცებმა იაფად ნაყიდი ავიაბილეთები გასაუქმებლად არ გაიმეტეს, წავიდნენ, მოიტლაკუნეს ევროპა. გეგონება, ეგენი რომ არ ჩასულიყვნენ, დარდისგან დაიტბორებოდა ვენეცია. ზოგს ისე აუვარდა თავში პარიზებში წანწალი, გეგონება, ბებიამისიც მონმარტრზე ნებდებოდა შარლ ბოდლერს. ვიღაც წავიდა, ჩამოვიდა და ბანკში, სამსახურში სიცხიანი გამოცხადდა და ხალხს მოემსახურა. ექიმი კაცი იტალიიდან საქართველოში ავსტრიის გამოვლით შემოძვრა, სამსახურშიც მივიდა, არც თათბირი დაიკლო, არც ბორჯომი, მეტიც, პანაშვიდზეც მივიდა, ჩამოდგა და ქვეყანას უგლასუნა კორონიანი ხელი. ვიღაცამ ქელეხი გაჭიმა, ვიღაცამ _ ორმოცი, ვიღაცამ წლისთავის გადახდაზეც არ თქვა უარი. გეგონება, თუ წლისთავს არ გადაუხდიდნენ, მათ მიცვალებულს დეპორტს გაუკეთებდა ვინმე საიქიოდან. კარგი, ჭირისუფალი გლოვაში შევიდა და უკან გზა ვერ გამოიგნო, მაგრამ საოცარი ის იყო, ვინც იმ ას და ორასკაციან ქელეხ-ორმოც-წლისთავებში მირბოდა, რას ფიქრობდა? რა მიარბენინებდა? _ ხაშლამის თანთალი თუ თავში ჭკუის უთანთალობა?
მაგათი ქელეხ-ორმოც-წლისთავებში სირბილმა შილა-ხაშლამის თამაშმა ისეთი ფორმა მიიღო, მონაკოს პრინც ალბერტს რომ კორონა დაუდგინდა, ჩემმა მეზობელმა მკითხა, _ ეგ ვიღას ქელეხში იყოო?
საქართველოს ბნელიტა ლამის საფლავში ჩაჰყვა რომანოვების დინასტიას. თანაც, ჩაგვიყოლებდნენ და ყველას საქელეხედ დაგვამზადებდნენ, მთავრობას რომ დროულად არ აეკრძალა ეს კვტარფართები. დროზე აკრძალეს, თორემ მოჰყვებოდნენ და ხან უინძორებს გადაუხდიდნენ ორმოცებს და ხან _ ბურბონებს წლისთავებს. მარტო ქელეხი და ხაშლამა კი არა, არ მოიშალეს ლისის ტბა და ტრაშუნი. დრო დაგვჭირდა იმის მისახვედრად, რომ მხოლოდ საზოგადოებრივ ადგილებში სიარულისგან თავშეკავება და თვითიზოლაცია, სახლში დარჩენა გადაგვარჩენდა. ბევრს დრო დასჭირდა ამის მისახვედრად, მაგრამ ბევრი დღემდე ვერ მიმხვდარა, რომ კულტურა ან მრეწველობა კი არა, სახლში ჯდომა გადაგვარჩენდა და გადაგვარჩენს.
არადა, დიდი ჭკუა არ უნდოდა იმის მიხვედრას, ვინც ვერ ეტევა ოთხ კედელში, ის დაეტევა ოთხ ფიცარში…


მოკლედ, თაგვის წელიწადია და ამ თაგვმა მართლა თაგვივით კი გამოგვკეტა საკუთარ სოროებში. გამოგვკეტა რა, _ ბევრს არც აუღია ხელი წოწიალისგან. დიახ, ბევრმა ბოლომდე ისიც ვერ შეიგნო, რომ ელემენტარულად წოწიალისგან შეეკავებინა თავი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ და შემდეგ გარკვეული პერიოდით მისმა სრულად გაჩერებამღა შეანელა ეს ისტერიული მოძრაობა.
ცალკე ის ისტერია იყო გულისამრევი, რაც ევროპიდან ჩამოსულებმა ატეხეს კარანტინსა და თვითიზოლაციაზე. ცოტა არ იყოს და ვიღაც გომბიო იმას რომ უკადრისობს, რაც ტომ კრუზს აკადრეს _ კარანტინი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონეებმა თავიდან ამ კარანტინების გაპროტესტებაც რომ დაიწყეს, აქაოდა, უფლებები ილახებაო. თურმე, ნუ იტყვით და ამ ქვეყანაში ყველას ყველაფრის უფლება აქვს: ვიღაცას უფლება აქვს, პანდემიის ეპიცენტრიდან ჩამოტლაკუნდეს, ვირუსი ამკიდოს და იმქვეყნად გამისტუმროს; ვიღაცას უფლება აქვს, თავის ტუჩებში ათასტუჩნალოკი კოვზი იტკუცოს და მე გადმომდოს; ყველას ყველაფრის უფლება აქვს და ჩვენ, მხოლოდ, _ სიკვდილის? სავსე ბოინგით ჩამოეთრეოდნენ ევროპის ქვეყნებიდან და აქ იმას მიპროტესტებდნენ, რომ სასტუმრომდე ედიტ პიაფივით ლიმუზინით მარტო არ მიაბრძანეს და სხვებთან ერთად მიიყვანეს სამარშრუტოთი! თურმე, ნუ იტყვით და სახელმწიფოს საფრთხე შეუქმნია მისი ჯანმრთელობისთვის!
თვითიზოლაციაში იყვნენ და სახლში ღებულობდნენ ძმა-ბიჭებს და „პადრუგებს“, მთელი სოცქსელები აიკლო ერთმა „ქამრიანმა სონამ“: „მეგობრები თვითიზოლაციაში მყოფთან ვატარებთ დროს – ძმაკაცობა „კრუგლოსუტოჩნიაო“.
ეს ყველა-ყველა და ხელისუფლებასთან მიმართებით მახსოვს, რა შეგრძნება მქონდა თავიდან: საშინელი დაუცველობისა და შიში იმის, რა გვეშველებოდა ამ უნიათო მთავრობის ხელში. ეს შეგრძნება, უნდა ვაღიარო, მალევე შეცვალა გაკვირვებამ. დიახ, თუ საწყის ეტაპზე დაბნეულობა იყო, მალე ამ დაბნეულობას ჩაენაცვლა ადეკვატური ღონისძიებები. ბევრი ევროპული ქვეყნის მთავრობისთვის შესაშურად იქცეოდნენ. დროულად მიიღეს გადაწყვეტილებები: შეწყდა სწავლა, დაიხურა თეატრები, მერე და მერე ეს შეზღუდვები შეეხო ბევრ დაწესებულებას. დღეს ბევრს აღიზიანებს ეს შეზღუდვები, მაგრამ სწორედ ამ შეზღუდვებმა აგვარიდა დიდწილად ვირუსის მასობრივი გავრცელება. ამის გარდა, შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ შემოღებამ აშკარად აგვარიდა ის შოკი, რასაც გამოიწვევდა ერთბაშად ყველაფრის შეზღუდვა და ჩაკეტვა.
ეს ამ გადასახედიდანაც დასაფასებელია, რასაც ვერ ვიტყვით კალაძისა და კალაძისებრთა მიერ გამოჩენილ მარიფათზე, ქუჩების რეცხვით რომ აწონებდნენ თავს საზოგადოებას. ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი მაშინ ჭამა კიდეც საზოგადოებამ და მხოლოდ ნაწილს გვიჩნდებოდა კითხვა, _ რა შუაში იყო და რას გვიშველიდა ქუჩების რეცხვა? კი, ახლა უკვე ყველა ხვდება ამას, მაგრამ კარგად გაიხსენეთ, მაშინ რას ფიქრობდით და არც ის დაივიწყოთ, სარეცხი რომ ჩამოხსენით, ბიძინამ ვერტმფრენიდან უნდა დაგვნამოსო.
მთავრობის მიერ გატარებული რიგი ღონისძიებები უდავოდ დროული იყო და უნდა თქვა ეს, უნდა თქვა ესეც და ისიც, რომ შემდეგ იგივე მთავრობა ხიბლში ჩავარდა, უფრო სწორად, პირველმა შოკმა გაუარა და უკვე სიტუაციის სათავისოდ გამოყენებასა და მღვრიე წყალში თევზჭერაზე გადავიდა. ეს შეეხო ყველაფერს: გვანახეს ერთი პირბადე და მერე მოგვაყარეს მარლის ნაფლეთები, ნიკა გვარამიას მიერ „ჩაჯვად“ სახელდებული პირტორმუზები. ამ სამარცხვინო პირბადეებს კიდევ რა უჭირდა, ქოცლიდერების მოღებულმა პირმა გახადა სიტუაცია გაუსაძლისი _ მოაღეს პირი და ტრაბახს, თავმოწონებას და პიარს მიჰყვეს ხელი. ამ პროცესში ჩართეს ის ექიმები, რომელსაც ხალხი ტაშს უკრავდა, ჩართეს და ისე გახადეს საქმე, ლანძღვისა და ლაფის ნიაღვარი წავიდა მათკენ. ამ პროცესში დამნაშავეა ხელისუფლებაც, თავად ექიმებიც და ხალხიც, რომელსაც ჩვევად აქვს _ ცაში, ღრუბლებში აიყვანოს ვინმე, მერე იქიდან ძირს დაანარცხოს და ტალახი ესროლოს. ასე მოხდა ახლაც: ჯერ მათთვის ტაშისკვრით აივნებს გააყრევინეს ძირი, შემდეგ კი თვითონ მაგ ტაშნაკრავებს გააგდებინეს ძირი ლანძღვით.
უხარისხო პირბადეებს უხარისხო სწრაფი ტესტები მოყვა, უფრო სწორედ _ უტესტობა. ტესტირების ნაცვლად სიცხეს გვიზომავდნენ.
რაც მთავარია, მთავრობამ უსინდისო პოლიტიკას მიჰყო ხელი, სახლში გამოკეტილი ხალხის დახმარების ისეთი მოდელი შეიმუშავა, რაც შეიძლება ცოტას რომ შეხვედროდა. ეს არის მთავარი და არა ის, მე რომ მართლა არაფერი მერგო. მარტო მე რომ ვიყო, თავს იმით „ვინუგეშებდი“, ეს ჩემი ბედია, ანჯელინა ჯოლი რომ წვიმდეს, მე თეა წულუკიანი მომხვდება-მეთქი. დიახ, მარტო მე რომ ამცდენოდა ყველა შეღავათი და ყველა დახმარება, ასე ვიფიქრებდი, მაგრამ არაა ასე, იმ დახმარებებით, რასაც ხალხს, უფრო სწორად, ერთ ვიწრო ჯგუფს სთავაზობენ, ეს მთავრობა არის ჯანდამწვარი მთავრობა, ძუნწი და წუწურაქი, რომელმაც ასი ლარით დააფინანსა გაზი, მაშინ როცა საქართველოს უმეტესი სოფელი საერთოდ არაა გაზიფიცირებული და სადაცაა გაზი, იქ ამდენს იშვიათად თუ ვინმე ხარჯავს, როცა ზამთარი არ არის! თვითდასაქმებულებს ისეთი პირობები დაუდგინეს, ისეთი ბარიერები დაუწესეს, ყველაფერი ცნობილ ფორმულირებამდე დავიდა: „გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის“. ერთ წამს ჩადექით გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობაში, რომელაც არ იცის, პური როგორ იყიდოს, შვილს როგორ აჭამოს და, ამ დროს, ყოველდღე ისმენს, რამდენი მილიარდი დახმარება გამოყო დასავლეთმა ქართველი ხალისთვის. რა განცდა დაეუფლება? _ ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო
მოკლედ, მე არაფერი მერგო, თქვენს ვალში არ ვარ, მაგრამ მაინც მადლობელი გახლავართ, „ვინტოვკით“ რომ არ გვხოცავთ და სიკვდილს გვაცდით _ კორონით ან უკორონოდ _ შიმშილით.


ბიძინა ივანიშვილს უყვარს ნიცშესთან კამათი, ორუელის შეწუხება, ახლა, ეტყობა, პოლ ბრეგს გადაეკიდა და მის „შიმშილობის სასწაულს“ ცდის საქართველოს მოსახლეობაზე ან თავის „შიმშილობის სასწაულს“ წერს.
ბიძინამ ეპიდემიით დრო იხელთა და ყველაფერი ქნა _ ტიკ-ტოკიც იცეკვა, ტყესაც სჩუქნის საპატრიარქოს, რომანოვების სასახლე შეღობა, ოქროს მოპოვების ნებართვაც გასცა (თუ მიიღო), ხეებს ხომ თხრის და თხრის, აგერ, ლალის მოთხრასაც აპირებს, ყველაფერს აკეთებს.
სოფელი იწვოდა და სოფლის ტურფა თმას იბანდაო, _ მაგაზეა ნათქვამი!
ტესტებისა და დახმარების ნაცვლად რა შემოგვთავაზეს? _ კლიპები! ერთ დღეს სამი კლიპი გვთხლიშეს! განსაკუთრებით ეფექტური იყო სოფო ბედიას ქმრის ცოლის ინიციატივით გადაღებული კლიპი. დიახ, დიახ, ეფექტური! მე მგონი, სწორედ მაგ კლიპმა დააფრთხო კორონა. მოკლედ, კორონას ვებრძოდით არა აგრესიული ტესტირებით, არამედ აგრესიული კლიპირებით, სიმღერით, ყროყინით, ტაშით და ტუშით. სწორედ იმ კლიპების შემოტევის დღეს ვთქვი, _ ეგებ, ცეკვაც გეცადათ-მეთქი. რეპერტუარზეც კი ვიზრუნე _ რომ გუგულა ძალო ტანგოს იცეკვებდა წითელი პენუარით, ლადო კახაძე _ კინტაურს (თავზე თანთალა ხაშლამით), წულუკიანი _ სემსოროკს, საბჭოთა ექსტაზით, ვოლსკი _ ვალსს (ეულად), სოფო კილაძე _ პოლკას (თვალების „სოჩიკივით“ ბრიალით), გახარია _ მაზურკას, „შავი ლაკი ტუფლებით“, სოზარ სუბარი _ ლოთიან ბაღდადურს (პირში ბაღდადით, თავზე არყის „ბუტილკით“), თალაკვაძე ცერებზე შეხტებოდა, მდინარაძე შეიკუნტრუშებდა, კორონაც შეხტებოდა და შეგვეშვებოდა. ეს ვთქვი და მართლა არ სცადეს? ოღონდ, ამ წვნიკფეხობამ კი არა, თავად ბიძინამ არ სცადა?.. რაის ექვთიმე, ეს ყოფილა ილიკო სუხიშვილიც და ვახტანგ ჭაბუკიანიც! ამბავი რომ ატყდა, „ქართულმა ოცნებამ“ იმისთანები დაწერა ბიძინას ცუნცრუკზე, გრიგოლ რობაქიძემ რომ ვერ გარისკა სუხიშვილებზე.
მთავრობამ ბევრი შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დააწესა, მიუხედავად ამისა, ბევრმა, მათ შორის, ოპოზიციის რიგმა წარმომადგენლებმა ტვინი დააბლენდერეს _ დროზე გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობაო. გამოაცხადეს და მერე ახლა ამაზე დაიწყეს, თუ რატომ იყო საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კომენდანტის საათი, შეზღუდვა და ა. შ.
ცხადია, მართლა ძნელი ასატანია, როდესაც შენ ყველაფერი გეკრძალება და ბოტას-აღა ფარცხალაძე არხეინად დაკუნტრუშობს რუსთაველზე ჯიპით. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ენძელ მკოიანი რომ შუა ქალაქში „ბაევიკს“ იღებს ან იმაზე, პოლიციელები გაგანია კომენდანტის საათის დროს რომ ღრეობენ და სკდებიან და მერე იმათგან ერთი აივანზე რომ გამოეთრევა გათხლეშილი მთვრალი და ისვრის და უდანაშაულო ადამიანს რომ კლავს ზუსტად ისე, როგორც სანდრო ჟორჟოლიანის გმირი _ გოჭს, ფილმ „დაკარგულ სამოთხეში“.
ცხადია, ესეც იყო და ისიც, რომ საჭირო შეზღუდვებთან ერთად არაერთი პარადოქსული შეზღუდვა შემოიღეს, მაგალითად, ყველასთვის გაუგებარი იყო, რატომ არ შეიძლებოდა მანქანაში ქმრის გვერდით ცოლის ჯდომა?
თუმცა ამან საზოგადოებაში ბოლოს ისეთი სახე მიიღო, პროტესტი მხოლოდ ამ წინ ჯდომასა და კომენდანტის საათზე დავიდა, რამაც ცალკე კომიკური ხასიათი მიღო, გეგონება, მხოლოდ ესღა იყო ჩვენი პრობლემა. მოიხსნა ეს შეზღუდვა და რა? ავშენდით? დავსხედით წინ და რა, _ მივედით სადმე მალე? მოკლედ, რამდენად იდიოტურიც იყო ეს შეზღუდვა, იმდენად იდიოტურივე იყო ამაზე უსასრულოდ ყიყინი და პროტესტიც. იგივე ხალხი, ვინც წკმუოდა, „დარჩი სახლში“, „დარჩი სახლშიო“, შემდეგ უკვე იმას კიოდა, 9-ზე სახლში რატომ გვერეკებითო? მე კიდევ ბრაზი მერეოდა და ერთი კითხვა მებადებოდა, _ აკი, სახლებში ეყარენით?
დაბოლოს, ყველა ისეთი ყიჟინით შეხვდა საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმებას, გეგონება, არანაირი საფრთხე არ იყო და ეს ყველაფერი თავს მოგვახვიეს. იყო ფოიერვერკების ბათქა-ბუთქი, შამპანურები, ტაში, ღრიანცელი, მანქანებით გრიალი და ერთმანეთს შესკდომა.
ლეკვებით დავიწყე და იცით, რას მაგონებს ახლა ეს ყველაფერი? ხბორები რომ ჰყავთ ზამთარში ბოსელში დამწყვდეული და გაზაფხულზე გარეთ რომ გამოუშვებენ… ისე ნუ იზამთ, 2-3 კვირაში უკან შემოსაღები გახდეს ყველა შეზღუდვა…
ხან ხელთა ბანა იყო მთავარი, ხან _ სახლში გამოკეტვა, ახლა მხოლოდ _ პირბადე და დისტანცია. კორონასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთო.
კორონასთან ერთად ლეკურის ცეკვას არ მომთხოვდეთ და რაღა მიჭირს…
და ვისმენთ ახალ ნარატივს „კორონა ჩვეულებრივი გრიპიას“ შემქმნელებისგან _ „ეს ვირუსი არ არის სასიკვდილო“. არა, პაპათქვენმა ამოხოცა ამდენი ხალხი მარაბდის ველზე. ოღონდ თავის წოწიალი „გააპრავონ“ და აქეთ-იქით იტრაშუნონ და თუ გინდა, ნახევარი ქვეყანა გაწყვეტილა. დააბრალებენ ასაკს, დაავადებებს, იმ დაავადებებს, პატრონმაც რომ არ იცოდა; წინა ღამით ნანახ სიზმარს, მეზობლის „სტენკას“, მაზლის „ვილკას“, რძლის „მიქსერს“…

რეზო შატაკიშვილი

დატოვეთ კომენტარი