ირაკლი ფარჯიანს 70 წელი შეუსრულდებოდა

ცნობილ ქართველ მხატვარს – ირაკლი ფარჯიანს 70 წელი შეუსრულდებოდა. ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდი გეგმავდა არტისტის მასშტაბურ გამოფენას, სოფო ფარჯიანის კურატორობით. პანდემიის გამო, ირაკლი ფარჯიანის ახალი ექსპოზიციის მოწყობა მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში რამდენიმე თვით გადაიდო.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში ირაკლი ფარჯიანის კოლექციას განსაკუთრებული ადგილი აქვს. მხატვარს ეთმობა მთელი დარბაზი, რომელშიც წარმოდგენილია მისი სხვადასხვა პერიოდის 44 ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევარი. გარდა ამისა, მუზეუმის ფონდში დაცულია ფარჯიანის 27 ტილო. მუზეუმის კოლექცია უნიკალურია და ის არის ქართველი მხატვრის ყველაზე მდიდარი ექსპოზიცია მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში.

ირაკლი ფარჯიანი მე-20 საუკუნის ქართულ ხელოვნებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. ის მიეკუთვნება 80-იანელთა თაობას. ევროპული ღირებულებების ქართველი ხელოვანის უნიკალური ხელწერა გასცდა ქვეყნის საზღვრებს. უკვე 80-90-იან წლებში ევროპამ ირაკლი ფარჯიანი დიდ ხელოვანად აღიარა.

ირაკლი ფარჯიანის ყველაზე დიდი კოლექცია დღეს თბილისში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი, მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებშიც.

                                                                  გიორგი საკარული