მარიკა არევაძე: „კორონაპანდემიის მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები ხალხს ატერორებს!

ჯერ კიდევ მაშინ, როცა კორონაპანდემია ახალი დაწყებული იყო, ხელისუფლებამ, საბანკო სექტორთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოსახლეობა სამი თვის განმავლობაში, ანუ მარტში, აპრილსა და მაისში საბანკო სესხებს არ გადაიხდიდა, თუმცა ამის გამო საურავები არ დაეწერებოდა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც კორონაპანდემიის გამო სამსახურები დაკარგეს, ბანკის კრედიტებს არც მომავალი სამი თვის განმავლობაში გადაიხდიან. ყველაფერი ეს, ერთი შეხედვით, კარგია და სიღარიბის პირას მისულ ხალხზე ზრუნვის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ადვოკატი, მოძრაობდააპაუზე უფასოდხელმძღვანელი მარიკა არევაძე „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ კრედიტებისა თუ სესხების სამი თვით გადავადება უსასყიდლო არ ყოფილა, ანუ მსესხებლებს კრედიტის ვადა გაეზარდათ. ამასთან, ჩვენი რესპონდენტი იმასაც უსვამს ხაზს, რომ მთავრობისგან გამოცხადებული სამთვიანი ე. წ. საშეღავათო პერიოდი მიკროსაფინანსოებს, ონლაინ და სალომბარდე ორგანიზაციებს არ შეხებიათ. შესაბამისად, მარიკა არევაძის ინფორმაციით, აღნიშნული დაწესებულებების წარმომადგენლები ხალხს უწინდებურად ატერორებენ და აშინებენ.

– მარიკა, ვინაიდან ამ თემას კარგად იცნობ, ის სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც ბანკებს ჰქონდათ, მოსახლეობას რეალურად დაეხმარა თუ არა?

– ის სამთვიანი გადავადება, რომელიც ბანკებმა გააკეთეს, უსასყიდლო არ იყო, – ამ სამი თვის პროცენტი კრედიტებს დაერიცხა. რიგ შემთხვევაში კრედიტების ვადა დროშიც გაიზარდა. აქედან გამომდინარე, კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა მიჭირს, ვინაიდან, ჩემი დაკვირვებით, ზოგიერთისვის ეს რეალური შეღავათი არ იყო. თუმცა ბევრმა გადავადებით მაინც ისარგებლა, რადგან ადამიანები, რომლებიც შემოსავლების გარეშე დარჩნენ, მაინც ვერ მოახერხებდნენ კრედიტის გადახდას და მთელ ამ პერიოდზე ვადაგადაცილების პირგასამტეხლოები თუ ჯარიმები დარიცხულ პროცენტზე  გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა.

ისე, მიმაჩნია, რომ საჭირო იყო კრედიტებისა და სესხების უპროცენტო, უფასო გადავადება, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში მოხდა. ისიც საყურადღებოა, რომ  მხოლოდ ბანკებმა გადაავადეს და ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინ საკრედიტო და სალომბარდე დაწესებულებებს არ შეხებია.

– ზოგადად, ბანკებს კეთილი ნება უნდა გამოეჩინათ და სესხების დაფარვა გადაევადებინათ (რომლითაც პროცენტები კიდევ უფრო გაიზარდა) თუ ხელისუფლებას ფორსმაჟორი ოფიციალურად უნდა გაემოცხადებინა?

– ფორსმაჟორი არის გარემოება, რომელიც, მხარეებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით,  ვალდებულების შესრულებას შეუძლებელს ხდის. ამასთან, ასეთი გარემოება არ უნდა ყოფილიყო განჭვრეტადი ხელშეკრულების გაფორმების დროს. ასეთ დროს მხარეებს შეუძლიათ ვალდებულებების დროებითი გადავადება, ფორსმაჟორული გარემოებების აღმოფხვრამდე. თუ როგორ შეიძლება ფორსმაჟორზე დაყრდნობით ვალდებულების გადავადება, ეს ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი, მაგრამ თუ ხელშეკრულებაში არ არის, მაინც შესაძლებელია ამ გარემოებაზე დაყრდნობით ვალდებულების გადავადება, ოღონდ საჭიროა სწორი სამართლებრივი მოქმედებები.

მოცემულ ვითარებაში, პანდემიით გამოწვეული შეფერხებები და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, ერთობლიობაში, ფორსმაჟორულ ვითარებას ქმნის, თუმცა არა – ყველასთვის: ეს გარემოებები უნდა აფერხებდეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას და უნდა იყოს პირდაპირ კავშირში პირის მხრიდან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობასთან. მაგალითად, სასურსათო დაწესებულებებისთვის და იქ დასაქმებულთათვის, ვისთვისაც ამ ვითარებაშიც არ მომხდარა შემოსავლის შეწყვეტა ან შემცირება, არ არსებობს ფორსმაჟორული გარემოების გამო ვალდებულების გადავადების წინაპირობა. სამაგიეროდ, ამ გარემოებაზე დაყრდნობით შესაძლოა, ისარგებლონ, მაგალითად, რესტორნებმა, სალონებმა და იქ დასაქმებულმა პირებმა, რომლებიც სრულად გაჩერდნენ და შემოსავალი შეუწყდათ.

ვფიქრობ, ბანკებს ერთიანი გადავადება რომ არ გამოეცხადებინათ, მაშინ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც შეუწყდათ ან მკვეთრად შეუმცირდათ შემოსავალი, შესაძლებელი იქნებოდა, ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე მოეთხოვათ, ვალდებულებები ფორსმაჟორზე დაყრდნობით ისე გადავადებულიყო, რომ კრედიტებს პროცენტი არ დარიცხვოდა.

– იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კორონაპანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, ბანკებმა საშეღავათო პერიოდი კიდევ სამი თვით გააგრძელეს. ეს გაჭირვებულ ხალხს დაეხმარება? ან ერთგვარი დისკრიმინაცია ხომ არ იქნება, როცა ზოგიერთმა სამსახური არ დაკარგა, მაგრამ ხელფასი შეუმცირდა?

– გადავადების მეორე ტალღა, რომელიც ახლახან გახდა ცნობილი, არასაკმარისია, ვინაიდან ეს უნდა შეხებოდა ყველას, ვისაც შემოსავალი შეუწყდა ან მკვეთრად შეუმცირდა. ამასთან, ნამდვილად არათანაბარ მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებსაც სესხები აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ონლაინ საკრედიტო და სალომბარდე დაწესებულებებში. ასეთი ძალიან ბევრია და მათ რას პასუხობენ? მათ არ სჭირდებათ ამ ვითარებაში დახმარება თუ  კორონაპანდემია არ შეხებიათ?

– რამდენად სამართლიანია, როცა ანტიკრიზისული გეგმა ძიძებს, რეპეტიტორებსა და სხვა თვითდასაქმებულებს არ ეხებათ?

– კორონაპანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო ყველაზე მეტად ქვეყნის საშუალო ფენა დაზარალდა. ეს ადამიანები თუ მცირე ბიზნესი თვითონაც ირჩენდნენ თავს, სხვებსაც ასაქმებდნენ და გადასახადებსაც იხდიდნენ, ანუ სახელმწიფოსაც არჩენდნენ. ამ გეგმის ფარგლებში კი ასეთი ადამიანები და ბიზნესები ნაკლებად გაითვალისწინეს, ანუ საშუალო ფენა ისევ საკუთარი თავის იმედად დატოვა სახელმწიფომ და ეს მაშინ, როდესაც მათგან აღებული გადასახადებით ივსება ბიუჯეტი. ასევე ეს გეგმა სრულად ვერ ფარავს თვითდასაქმებულებსაც და ბევრი ვერ მიიღებს იმ მიზერულ თანხასაც კი, რომელიც შეუძლებელია, ოჯახს ერთი თვის განმავლობაში ეყოს.

– მარიკა, უკვე ახსენე, რომ შეღავათები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ან იმ ადამიანებს, რომლებსაც ურთიერთობა კერძო მევახშეებთან აქვთ, არ შეხებიათ. ამას რით ხსნი?

– როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ, ამ კატეგორიის გამსესხებლებზე არც თავდაპირველი და არც ამჟამინდელი გადავადება არ გავრცელებულა, რაც ძალიან ცუდია და უარყოფით შედეგებსაც მოიტანს. ამ მძიმე ვითარების დაწყებისთანავე შევქმენი საინიციატივო ჯგუფი და საქმიანობას  ვაგრძელებთ მოძრაობა „დააპაუზე უფასოდ“ სახელით. ადამიანებს  იურიდიულ დახმარებას ვუწევთ უსასყიდლოდ. ამ ჯგუფის ფარგლებში გვიკავშირდება ძალიან ბევრი ადამიანი და მათ უდიდეს უმრავლესობას სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინ საკრედიტო და სალომბარდე დაწესებულებების სესხი აქვს, რომელიც არ გადავადებულა.  მეტიც, ამ ადამიანებს ისევ ურეკავენ, ატერორებენ და გაუგონარ პირგასამტეხლოებს არიცხავენ. შესაბამისად, ეს საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელია, თუმცა ქმედით ნაბიჯს არავინ დგამს. ეს ხალხი არ აინტერესებთ თუ ამგვარი უპასუხისმგებლო დაწესებულებები უფრო მნიშვნელოვანია? 

– ბოლოს, მთელი ამ შეღავათებით მოსახლეობამ უფრო იხეირა თუ ბანკებმა?

– ჯერ არ ვიცი, ამას, ალბათ, დრო აჩვენებს.

გიორგი აბაშიძე