მთავარი საზოგადოება ლაშა ჩხარტიშვილი: „ნათელაშვილის ეზოს კლასტერი ივანიშვილის ყველაზე დიდ კოშმარად იქცა“

ლაშა ჩხარტიშვილი: „ნათელაშვილის ეზოს კლასტერი ივანიშვილის ყველაზე დიდ კოშმარად იქცა“

908
0
გაზიარება

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული თავყრილობები ხელისუფლებას აშკარა დისკომფორტს უქმნის. ეს გია ვოლსკის ნაამბობიდანაც კარგად გამოჩნდა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის მოლაპარაკებებს ნათელაშვილის ეზოს კლასტერი უწოდა.

რატომ აღიზიანებს ხელისუფლებას ოპოზიციის დიალოგი? რა არის ივანიშვილის ყველაზე დიდი კოშმარი? რატომ არის საჭირო 20 ივნისს აქციის გამართვა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება:

_ გია ვოლსკიმ ოპოზიციის მოლაპარაკებებს „ნათელაშვილის ეზოს კლასტერი“ უწოდა. რას იტყვით პირველი ვიცე-სპიკერის ოხუნჯობაზე?

_ ლეიბორისტული პარტიის ეზო და იქ მიმდინარე მოლაპარაკებები გულზე ლახვარივით ესობა მთელ „ქართულ ოცნებას“. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ოპოზიციური ერთობა ივანიშვილისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენთვის და ქვეყნისთვის ეს დიალოგი ძალიან კარგია. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაინც მოვახერხეთ რამდენიმე საკითხზე შეთანხმება. თავიდან ეს იყო პროპორციული საარჩევო სისტემა. ახლა ჩვენ ერთნი ვართ იმ საკითხში, რომ პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ.

იქ, სადაც ადამიანებს პოლიტიკური მოტივაციით, საარჩევნო წელს გამოგონილი ბრალდებით აკავებენ, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ვინმეს თუ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, „ოცნებას“ ის აქამდე უნდა გაესამართლებინა და იმას არ უნდა დალოდებოდა, რა დამოკიდებულება ექნებოდა მას ბიძინას მიმართ ან რამდენად იქნებოდა პოლიტიკურად აქტიური.

ჩვენ ძალიან ცუდ რეალობაში ვცხოვრობთ, ისეთი სასამართლო გვყავს, რომელმაც ივანიშვილიც კი არ უნდა გაასამართლოს. მე მაქვს ასეთი პოზიცია _ ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველამ პასუხი უნდა აგოს, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე. მურუსიძის გასასამართლებელი ბიძინაც კი არაა.

_ რატომ არ შეიძლება, რომ მურუსიძემ ივანიშვილი გაასამართლოს?

_ იმიტომ არ შეიძლება, რომ მურუსიძე ჩვეულებრივი მონაა. მას თუ დაკვეთა ექნა, „ოცნების“ ლიდერს კი არა, საკუთარი ოჯახის წევრს გაასამართლებს სკამის გულისთვის. ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მრავალპარტიული მმართველობა გვქონდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო. მარაზმსა და უსამართლობაში რომ არ დავრჩეთ, ამიტომ იკრიბება ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ეზოში. ჩვენი ეზოს კლასტერი ივანიშვილის ყველაზე დიდ კოშმარად იქცა. არც „ოცნების“ სხვა ლიდერების საქმეა კარგად. მათ უკბილო ხუმრობის გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ.

უკანდახევას არ ვაპირებთ და  ხელისუფლებას ვაიძულებთ,  შეთანხმება ბოლომდე შეასრულოს. პოლიტპატიმრების განთავისუფლების ამბავში შეთანხმება ნაწილობრივ შესრულებულია. ვეცდებით, არც ერთი პოლიტპატიმარი არ დარჩეს ციხეში. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ერთია ის, რომ ადამიანი უკანონოდ არ უნდა იჯდეს ციხეში და მეორეა, თუ ეს გაუვიდა ხელისუფლებას, ხვალ ნებისმიერ ჩვენგანს დააკავებს. თუ მას ეს შერჩა, ნებისმიერი ოპოზიციონერი შეიძლება დაიჭიროს. ამით პირდაპირ იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე.

მართალია, ვოლსკი თავისი ჭკუით ხუმრობს, მაგრამ სახუმაროდ ნამდვილად არ აქვთ საქმე. ივანიშვილს ამერიკელები უკვე ღიად სდებენ ბრალს არა მარტო რუსეთთან, არამედ ირანთან კავშირშიც. მას უკვე უყურებენ, როგორც შუა აზიურ დიქტატორს.

_ ამიტომ ხომ არ გაანათა კალაძემ თბილისის ანძა თურქმენეთის დროშის ფერებით?

_ ეს მართლა დამთხვევა იყო, მაგრამ თურქმენეთს აშკარად დიდ პატივს სცემს ივანიშვილი. მისი დიდი ოცნებაა, რომ კავკასიური თურქმენეთი შექმნას, მაგრამ არ გამოუვა.

_ ისე, კარგი იქნებოდა ასეთი ქვეყანა _ ერთი კვირაა, თურქმენეთი პრეზიდენტის დაწერილი წიგნის გამოცემას ზეიმობს.

_ თურქმენეთის რატომ გიკვირთ, გადახედეთ ტვ „იმედის“ გამოკითხვებს და უარეს სურათს ნახავთ. ლაშა ნაცვლიშვილის მონოლოგი კი საერთოდ საოცრება იყო. ამას კაცი რომ მოუსმენს, თურქმენეთი კი არა, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეა სანატრელი გაუხდეს. ალბათ სიმბოლურია, რომ კორონაპანდემიის დროს ბუნკერში სულ ორი ლიდერი დაიმალა _ ბიძინა ივანიშვილი და ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი. ორივენი ერთხელ გამოჩნდნენ მხოლოდ. კიმ ჩენ ინმა რაღაც საწარმო მაინც გახსნა, ბიძინამ კი ტიკტოკისთვის წაიცეკვა.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ლეიბორისტული პარტია ბიძინას დიდი კოშმარია. მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისში დაიწყო მოლაპარაკებები, ეს კოშმარი უფრო მძიმე გახდა. აქამდე ცდილობდნენ, ლეიბორისტები არც შევემჩნიეთ, ახლა გვერდს ვეღარ გვივლიან, ისეთი გამწარებულები არიან. წამოძახებით ვერაფერს წამოგვაძახებენ და გვლანძღავენ.

მიხარია, რომ ოპოზიციის შეხვედრებს ჩვენ ვუწევთ კოორდინაციას. ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ დამოუკიდებლად ვერავინ მოიგებს არჩევნებს. ძალიან კარგია, რომ ერთი პარტია ვეღარ შეძლებს გამარჯვებას. საქართველოში ბოლშევიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

_ ლაშა, ოპოზიცია აპირებდა, 20 ივნისს აქციის გამართვაზე ემსჯელა.  როგორ გადაწყდა ეს საკითხი, იქნება 20 ივნისის აქცია?

_ რა თქმა უნდა. 20 ივნისი არ უნდა დავივიწყოთ. ეს იყო დიდი გამოღვიძების დღე. ხალხმა არ გაატარა გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა. ეს იყო ქვეყნის შეურაცხყოფა. ამაზე საკადრისი პასუხი გავეცით. ეს აქცია ივანიშვილმა სასტიკად დაარბევინა. ამით მან აჩვენა თავისი ნამდვილი, სისხლიანი სახე. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ „ოცნება“ ვეღარ იტყვის, რომ მათ აქცია არ დაურბევიათ და სისხლი არ დაუღვრიათ. 20 ივნისს აუცილებლად ჩატარდება აქცია. ხელისუფლებამ არც კი გაბედოს, რომ აქცია ჩაშალოს. სოციალური დისტანცია დაცული იქნება. როგორც 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევებს არ ვივიწყებთ, არც „გავრილოვის სისხლიანი“ ღამე უნდა დავივიწყოთ.

შორენა მარსაგიშვილი

დატოვეთ კომენტარი